კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზს უმზადებს ლექსენს ფეხმძიმე ცოლი და რატომ შეეცვალა მას აზრი ქართველ მამაკაცებზე


რამდენიმე თვეა, რაც ლექსენმა ცხოვრება მომხიბვლელი გოგონას, ტატიანა ბურიაის დაუკავშირა. ქართველების უკრაინელი რძალი თბილისურ ცხოვრებას შეეჩვია და აღარც იმის სჯერა, რომ ქართველი მამაკაცები სახლში რთულად ასატანები არიან. ფეხმძიმე ტატიანას მთელი დღის განმავლობაში რეპერი ქმრის მოლოდინში უწევს ყოფნა, მაგრამ, საღამოს სახლში დაბრუნებულ ქმარს ოჯახურ იდილიას მაინც ახვედრებს. ცოლის კარგ განწყობაზე ლექსენიც ზრუნავს, ის ფეხმძიმე ტატიანას კაპრიზებს გმირულად უძლებს და მამობისთვის ემზადება.


– ტატიანა შეეჩვიე თბილისს და გათხოვილი ქალის ცხოვრებას?

– ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე შევეჩვიე აქაურობას, თუმცა, თბილისი მომწონს. პატარა ქალაქია და ნელ-ნელა ვსწავლობ გზებს, ცენტრში უკვე მარტოსაც კი შემიძლია მისვლა, მაგრამ სხვა უბნებში რუკა მჭირდება, მით უმეტეს, ჩვენს ახალ სახლში რომ მივიდე (იცინის). რაც ფეხმძიმედ ვარ, მარტო აღარსად გავდივარ, ლექსო დღისით დაკავებულია და მე მთელი დღე სახლში ყოფნა მიწევს. ეს ძალიან ცუდია. როცა კიევში ვცხოვრობდი, სახლში არ ვჩერდებოდი, ახლა მთელი დღე ლექსოს ლოდინი მიწევს, საღამოს კი ისე დაღლილი მოდის, არსად აღარ უნდა წასვლა. მეც მომბეზრდა უსაქმოდ ყოფნა, ცენტრში მინდა გავლა, პარკში სეირნობაც შეიძლება, მაგრამ, არ გამოდის, სულ სახლში ვარ... ამიტომ, ცოტა მოვიწყინე. გასართობი ბევრი არაფერია, კიდევ კარგი, დიდი ეზო გვაქვს და ეზოში დავდივარ, მაგრამ, მე ქალაქში წასვლა და მაღაზიებში სიარული მინდება – ეს ხომ ქალების ყველაზე კარგი გასართობია. თუმცა, ლექსოსთან ერთად მაღაზიებში ვერც წახვალ – სწრაფად, ხუთ წუთში უნდა ყველაფრის ყიდვა, მე კი მომწონს, როცა მაღაზიაში შევდივარ, მშვიდად ვათვალიერებ ყველაფერს. კაცები მაღაზიებისთვის არ არიან შექმნილნი (იცინის). ჩვენი სახლის ეზოდან მთელი ქალაქი მოჩანს და მთელი დღე ამ პეიზაჟს ვუყურებ. სახლის სახურავები ძველია და, სულ ვოცნებობ, რომ ვინმე მოვა და ამ ძველ სახლებს შეღებავს, მერე უფრო ლამაზი პეიზაჟები გვექნება... (იცინის).

– კიევი გენატრება?

– დიახ, ძალიან მენატრება. რაც მე და ლექსო დავოჯახდით, უკრაინაში არ ვყოფილვარ. სიამოვნებით წავიდოდი ზაფხულში იქით. აქ არც მეგობრები მყავს, არც მშობლები, არც ბებია. როცა ახლობლებისგან შორს ხარ, იოლი არაა, მაგრამ სიყვარულის გამო ყველაფრის გადატანა შეიძლება.

– შეცვალა ლექსო დაოჯახებამ თუ ისევ ისეთია, როგორიც შეყვარებულობის დროს იყო?

– ცოტათი შეიცვალა – ეტყობა, რომ პასუხისმგებლობა მოემატა: მუდმივად იმას ფიქრობს და განიცდის, რომ უფრო მეტი რამ გვჭირდება და ცდილობს, რამე გააკეთოს. ადრე ლექსო უდარდელი იყო, თავისუფლებით ტკბებოდა, ახლა საზრუნავი მოემატა, მე ავაფორიაქე მისი მშვიდი ცხოვრება. მით უფრო, რაც გაიგო, რომ ბავშვს ველოდებით, ლექსო უფრო მეტს ფიქრობს. ოჯახი ხომ დიდი ვალდებულებაა როგორც მამაკაცისთვის, ასევე, ქალისთვის. როცა მარტო ხარ, მარტო საკუთარი თავი გაბარია და საკუთარ თავს უვლი, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

– ლექსო ყურადღებიანი მეუღლეა?

– დიახ, კარგი მეუღლეა. სიგარეტს არ ეწევა, არ სვამს – ეს ხომ უკვე კარგია? ყველაფერში თანამიგრძნობს, მეხუმრება: მომეცი ერთი დღით შენი მუცელი და ბოლომდე გავიზიარებ შენს მდგომარეობასო (იცინის). ლექსო ექიმთანაც მუდმივად მომყვება, ძალიან კმაყოფილია, როცა ექოსკოპიაზე ბავშვს ხედავს. თავიდან სულ რაღაც მტკიოდა და ლექსო ამას ძალიან განიცდიდა, მისთვის მთავარია, მე არაფერი მტკიოდეს. ღამღამობით ვერ ვიძინებდი და მასაც ვათენებინებდი ხოლმე ღამეებს. ფეხმძიმე ქალს ხომ მუდმივად ეცვლება ხასიათი, მეც ასე დამემართა. ლექსო ჩემს კაპრიზებს გმირულად უძლებს. მას ყველა იცნობს, როგორც მუსიკოსს, მაგრამ არ იციან მისი შინაგანი სამყარო. ლექსო ძალიან საინტერესო ბიჭია, კარგი იუმორი აქვს. სულ ცდილობს, რომ გამაცინოს და კარგ ხასიათზე დამაყენოს – ჩამირთავს ხოლმე მუსიკას და მეცეკვება, მეც დავუმეგობრდი რეპს – ადრე მხოლოდ რამდენიმე ცნობილი რეპერის სახელი მქონდა გაგონილი, ახლა უკვე ბევრი რამ ვიცი ამ მიმდინარეობის შესახებ. ლექსოს აქ, სახლში აქვს სტუდია. თუ სახლშია, მუშაობს და მუდმივად მუსიკა აქვს ჩართული, ძალაუნებურად მეც სულ მის სიმღერებს ვუსმენ და უფრო და უფრო მომწონს. აღმოვაჩინე, რომ კარგი სიმღერები აქვს და ფეხმძიმობასაც უხდება...

– როგორი ფეხმძიმობა გაქვს?

– ძალიან ცუდი – სულ ვჭამ, საათში ერთხელ საჭმელი მინდება, რაც ძალიან არ მომწონს, მგონია, რომ გავსუქდი. ექიმმა ღამით ჭამა ამიკრძალა, მაგრამ ღამითაც მშივდება. ლექსო ამას აპროტესტებს და, ხანდახან მისგან მალულად ვჭამ, რომ არ დამინახოს (იცინის). როცა თბილისში ჩამოვედი, ძალიან გამაოცა იმან, რომ ქართველები ხშირად ჭამდით ხორცს, ახლა კი მეც ხორცის მოყვარული გავხდი, დილიდან საღამომდე „ხორცი მინდას” გავიძახი, სულ ქართული მწვადი მინდება. თან, ლექსო შამფურებზე ისეთ გემრიელ მწვადს წვავს, რომ, გამორიცხულია, ჭამა არ მოგინდეს. სხვათა შორის, მწვადის შეწვის დროს, ახლოს არავის უშვებს. ამ მწვადს ყველსა და ჯონჯოლსაც თუ დააყოლებ, არაფერი ჯობია.

– როგორც ჩანს, ფეხმძიმე ცოლი ლექსოს ღამღამობით სუპერმარკეტებში არბენინებს.

– მას ისე უყვარს ძილი, არა მგონია, ღამით სადმე გაიქცეს. ამიტომ, როცა სახლში ბრუნდება, მაშინ მოაქვს ყველაფერი. ამბობენ, ქართველ მამაკაცებს სახლში მძიმე ხასიათი აქვთო, მაგრამ, მგონი, ეს ტყუილია. ხანდახან გამოხატავს ხოლმე ლექსო ქართულ სიფიცხეს, მაგრამ მაშინვე ავიწყდება გაბრაზება, მით უმეტეს, თუ შია – ხუთ წუთში ოქროს ბიჭი ხდება.

– საოჯახო საქმეს აკეთებ?

– ცოტ-ცოტას, ლექსოს დედა მეხმარება სახლის საქმეებში. მერე, როცა ახალ სახლში გადავალთ, ყველაფრის გაკეთება მომიწევს. ახლა ჩვენს სახლში რემონტია და ლექსო მთლიანად იმ რემონტზეა გადართული, ბავშვის ოთახიც ძალიან ლამაზი გამოდის. ლექსო მთელ ფულს ამ რემონტში ხარჯავს, ძუნწი ბიჭი არაა, მაგრამ იმდენი ფული არ აქვს, რომ ძალიან ხელგაშლილი იყოს. ქალების საქმე ხომ იცით, თუ ფული ჩაგვივარდა ხელში, მაშინვე ვხარჯავთ, მაგრამ ახლა ჩვენ საამისო ფული არ გვაქვს, რემონტის გამო ეკონომიას ვაკეთებთ. თუკი რამე მომინდება, თვითონ ლექსო ყიდულობს, ოღონდ, ტანსაცმელს არ ვავალებ. თბილისში რომ ჩამოვედი, ზაფხულის ძალიან ბევრი ტანსაცმელი ჩამოვიტანე, ახლა გავსუქდი და ვერაფერში ვეღარ ვეტევი. ისე, ლექსო ყოჩაღი ბიჭია, ოჯახის მოვლა იცის, სახლის საქმეშიც ძალიან მეხმარება, საჭმელსაც აკეთებს და უკვე ჭურჭელსაც მშვენივრად რეცხავს (იცინის).

– ლექსენი თბილისში პოპულარული რეპერია, მისი თაყვანისმცემლები ხომ არ გაეჭვიანებენ?

– არა, ადრე ცოტა უფრო ხშირად ვკამათობდით ხოლმე, ახლა კი აღარ ვკამათობთ. ეჭვიანი არ ვარ, არც ლექსო მაძლევს ეჭვიანობის საბაბს, იცის, მისთვის ჯობია, რომ ცუდად არ მოიქცეს. ისე, მგონი, თვითონ უფრო ეჭვიანია. თავიდან, როცა ჩვენი ურთიერთობა დაიწყო, ხშირად ვატყობდი, რომ ეჭვიანობდა, ახლა რა, იცის, რომ სახლში ვარ, არსად დავდივარ, ვინ წაართმევს ჩემს თავს?! (იცინის).

– ბიჭს ელოდებით თუ გოგოს?

– ბიჭს. ლექსოს ძალიან უყვარს ბავშვები და ორივეს გვინდოდა, რომ შვილი მალე გვყოლოდა. როცა გავიგეთ, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ლექსო სიხარულისგან შოკში ჩავარდა. მით უფრო გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ბიჭი უნდა გვეყოლოს, ისე იყო, თითქოს დაფრინავდა. თურმე, ქართველ მამაკაცებს უნდათ, რომ პირველი შვილი ბიჭი ჰყავდეთ. მე გამიმართლა. გოგო რომ გვყოლოდა, მეორე შვილის გაჩენას მალე მომთხოვდა. კარგია, ახლა რამდენიმე წელი შვილის გაჩენას აღარ მომთხოვს, თუმცა, მე, როგორც ქალს, მერჩივნა, გოგო გვყოლოდა (იცინის), მაგრამ არა უშავს, ბიჭი უფრო გაგვახალისებს.

– ბავშვის სახელზე შეთანხმდით?

– ჯერჯერობით არა, ლექსო ბევრ ლამაზ სახელს ამბობს. მას მოსწონს ქართული სახელები – დავითი, ილია, მაგრამ, ჯერ არ ვიცით, ბავშვს რას დავარქმევთ. ორივე ვემზადებით იმისთვის, რომ მშობლები გავხდეთ, ლექსო მორალურად ემზადება, მე ფიზიკურად. კარგია, რომ ქართველებს და უკრაინელებს თითქმის ერთნაირი ტრადიციები გვაქვს – ახალდაბადებულ ბავშვს მოვნათლავთ და მის გაზრდაში ყველა მივიღებთ მონაწილეობას. რაც არ ვიცი ქართული ტრადიციებიდან, ლექსო იმასაც თანდათან მასწავლის. როგორც გავიგე, თქვენთან, სანამ ბავშვი არ გაჩნდება, მისთვის არაფერს ყიდულობენ. ჩვენც ჯერ არაფერი გვიყიდია ბავშვისთვის. როცა გავაჩენ, ლექსო სამ დღეში შეძლებს ყველაფრის ყიდვას – ამაზე ის იზრუნებს, მთავარია, ყველაფერი კარგად იყოს. სულ ცოტაღა დარჩა – ბავშვს ივლისში გავაჩენ. ძალიან მინდა, რომ ეს ლექსოს დაბადების დღეს დაემთხვას, ამით ყველაზე კარგ საჩუქარს გავუკეთებ ლექსოს: დაბადების დღეზე შვილი და, თანაც ბიჭი არაჩვეულებრივი სიურპრიზი იქნება..


скачать dle 11.3