კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდებით შეეძლოთ რუსულ სპეცსამსახურებს პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოგდება უკვალოდ


მართალია, ჯერჯერობით საბოლოოდ არ თქმულა, რა მიზეზით ჩამოვარდა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა ვალერია ნოვოდვორსკაიამ უკვე გაიშვირა ხელი რფ-ს ხელმძღვანელობისკენ და პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის დაღუპვაში დაადანაშაულა. ნაკლებ სარწმუნოა, რუსულ სპეცსამსახურებს კვალი დაეტოვებინათ ან ევროკავშირმა შეაკლას თავი ამ ტრაგედიის ობიექტურ გამოძიებას, ამიტომაც უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ვისაუბრებთ თემაზე, ასეთი მაღალი დონისა და მასშტაბური ოპერაციის უკვალოდ ჩატარების რა საშუალებები აქვთ თანამედროვე სპეცსამსახურებს.


ბესო ალადაშვილი: დავიწყოთ იმით, რომ ამ ტრაგედიის ყველა ტექნიკური დეტალი არ ვიცით. ამიტომ ვიმსჯელოთ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ხელთაა. პოლონეთში, რეალურად, პოლიტიკური ელიტა ორად იყო გაყოფილი. კაჩინსკების გუნდი უფრო გამოკვეთილად პროდასავლური იყო. თავად ლეხ კაჩინსკი საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანია. როდესაც პრეზიდენტი გახდა, მან 2005 წელს გააკეთა პირველი მკვეთრი განცხადება, მოხარული ვიქნები, თუ პუტინი აქ ჩამოვაო. ადრე ყოველთვის პირიქით ხდებოდა, ყველა ხელმძღვანელი მოსკოვში ჩადიოდა, ამდენად, ამ განცხადებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ნაკლებად მკაცრი გადაწყვეტილებების მომხრე იყო. აქედან გამომდინარე, კაჩინსკის და ტუსკის თავ-თავიანთი გუნდები ჰყავდათ. შესაბამისად, ტუსკის გუნდი რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა რუსეთში და პუტინს შეხვდნენ. შაბათს კი კაჩინსკი ჩადიოდა თავის თანამოაზრეებთან ერთად. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოს: პოლონეთის უშიშროების სამსახურის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დავუშვათ, არავის მოუწყვია დივერსია, მაგრამ, თავისთავად, ეს ტრაგედია საჩუქარი იყო რუსეთისთვის. იმ თვითმფრინავში ისხდნენ ადამიანები, რომლებსაც კაჩინსკის პოლიტიკური გზა უნდა გაეგრძელებინათ. თანაც, მოგეხსენებათ, ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა ერთ დღეში არ ყალიბდება.

– ეს კადრების მხრივაც დიდი დანაკლისია პოლონეთისთვის. ეს ჩვენთანაა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი დღეს თავდაცვის, ხვალ კი ჯანდაცვის მინისტრია.

– პროფესიონალიზმი სწორედ ის არის, რომ რიგითი ჯარისკაციდან გაქვს დაწყებული კარიერა. ერთი სიტყვით, დაიღუპნენ პროფესიონალები და განადგურდა ნეოიმპერიალიზმთან, იმ მართვად ქაოსთან, რასაც დღეს რუსეთი ქმნის, მებრძოლი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ბირთვი. ეს, მართალია, ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ზეციური საჩუქარი იყო პუტინისთვის.

– ალბათ, უფრო საჩუქარი ქვესკნელიდან.

– დიახ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ამ ტრაგედიის მოწყობა. „დისქავერიზე“ და „ნეიშენელ გეოგრაფიქზე“ ხშირად აჩვენებენ გადაცემებს, რომლებშიც განხილულია საავიაციო კატასტროფები. მალე, ალბათ, ამ კონკრეტულ შემთხვევასაც განიხილავენ. ხშირად ერთ პატარა დეტალსაც კი გამოუწვევია თვითმფრინავის კატასტროფა. ჩვენ, როგორც გითხარით, სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მკითხაობა კი ამ საქმეში არასერიოზულია, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ბევრი ვერსია შეიძლება, არსებობდეს. მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, მოგეხსენებათ, თვითმფრინავისთვის ყველაზე სახიფათოა აფრენისა და დაშვების მომენტი; არ არის გამორიცხული ცუდი ამინდისა და ცუდი ხილვადობის გამო მფრინავის შეცდომაც; არ არის გამორიცხული ტერაქტიც, დღეს არსებობს საკმარისი ტექნიკური საშუალებები საიმისოდ, რომ 80 და 8 მეტრიდან კი არა, კილომეტრიდან ჩამოაგდო თვითმფრინავი; არ არის გამორიცხული დივერსია თვითონ თვითმფრინავში, საათის მოქმედების ნაღმის შეტანა და იმის გათვლა, თუ სად შეიძლებოდა, აფეთქებულიყო; არ არის გამორიცხული ტელეპათიური ზემოქმედებაც, თუმცა ეს ძალიან ეგზოტიკური ვერსიაა. სხვათა შორის, არავის გაუვლია ერთი სამწუხარო პარალელი, რომელიც, ასევე, უკავშირდება პოლონეთსა და კატინს. 1943 წლის ივლისის დასაწყისში თვითმფრინავის კატასტროფით დაიღუპა გენერალი სიკორსკი, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელი ლონდონში, რომლის ლეგიტიმურობაც აღიარეს სტალინმა და საბჭოთა კავშირმა. გენერალ სიკორსკის თვითმფრინავი ჰიბრალტარის აეროდრომიდან ლონდონში მიფრინავდა და ოკეანეში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ გენერალ სიკორსკის ქალიშვილიც და პოლონეთის მაშინდელი პოლიტიკური ელიტა. დღემდე ეს ტრაგედია ბურუსით მოცულად მიიჩნევა.

– ის ტრაგედია ვისთვის იყო „საჩუქარი ქვესკნელიდან“?

– კატინის ტრაგედია 1940 წელს მოხდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირს, როგორც რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეს, თუ ვინმეს მტრობის ეშინოდა შუა საუკუნეებიდან, ესენი იყვნენ ლიტვის სამთავრო, რომელიც შიშის ზარს სცემდა რუსეთის ქალაქ-სამთავროებს და პოლონელები. პოლონელებს ძალიან ბევრჯერ დაუმარცხებიათ რუსეთის ჯარი. საბჭოთა კავშირმა დაატყვევა 20 000-მდე პოლონელი ოფიცერი და 1940 წელს დახვრიტეს ყოველგვარი ბრალდების გარეშე. საბჭოთა კავშირი შეეცადა კვალის დამალვას და ეს გერმანელებს დააბრალა. გერმანელები ლოგიკურად ამტკიცებდნენ, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ. 1943 წლის მაისში გენერალმა სიკორსკიმ გააკეთა განცხადება, რომ მას არ სჯეროდა კატინის ამბებში გერმანიის მონაწილეობა. ამას მოჰყვა სტალინის უმწვავესი რეაქცია. მან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა სიკორსკის მთავრობასთან და ჩერჩილთან საიდუმლო მიმოწერაში საკმაოდ ცუდადაც მოიხსენიებდა სიკორსკის. ანუ ისტორიულ ანტიპათიას დაემატა ისიც, რომ სიკორსკიმ დაიჯერა გერმანული ვერსია და კატინის ტრაგედიაში ხელი დაადო საბჭოთა კავშირს. ისმის კითხვა: რატომ არის მიჩნეული, რომ ეს ავიაკატასტროფა არ იყო უბედური შემთხვევა? ასაფრენ ზოლზე დარჩა რამდენიმე ნივთი, მათ შორის, საფოსტო ბარგი და არის ვერსია, რომ ეს ნივთები ვიღაცამ დატოვა იმ ასაფეთქებლების სანაცვლოდ, რაც თვითმფრინავზე აიტანეს. მოკლედ, დივერსიაზეა მინიშნება.

– გენერალი სიკორსკი და მისი გარემოცვა მხოლოდ იმიტომ მოიშორა სტალინმა, რომ საბჭოთა კავშირს დაადეს ხელი კატინის ტრაგედიაში?

– გერმანიის დამარცხების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებაში სიკორსკი მოვიდოდა და ვეღარ შეძლებდნენ პოლონეთის გასოციალისტურებას, ანუ პერსპექტივა გაითვალა. ჯერ ერთი, სიკორსკი დიდ ბრიტანეთში იყო და აქედანაც ჩანდა, რომ რუსეთის გავლენას ნაკლებად დაემორჩილებოდა; მეორე, მას ემორჩილებოდა არმია და, ფაქტობრივად, ის იქნებოდა ძალა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა ევროპის გაწითლების გეგმისთვის.

– რაში უშლიდა ხელს ლეხ კაჩინსკი პუტინს?

– კაჩინსკი თავისი არსებობით უშლიდა ხელს.

– ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირსა თუ ნატოში, მიუხედავად ფორმალური თანასწორობისა, გადაწყვეტილებას იღებენ მძიმეწონიანი სახელმწიფოები და, რამდენი ვეტოც უნდა დაედო კაჩინსკის, მაგალითად, ანგელა მერკელი მაინც თავისას გაიტანდა...

– ჩვენ ისევ თურმეობითში გადავდივართ. როგორც წესი, ასეთი ტრაგედიები ყოველთვის გამოუძიებელი რჩება. მაგრამ, თუ ეს სპეცსამსახურების გაკეთებულია, ისინი ისე ალაგებენ სიტუაციას, რომ ასი წლის შემდეგაც არ დარჩეს კვალი. არ იქნება ამის არანაირი დოკუმენტი, მხოლოდ სიტყვიერი ბრძანებები და, ბოლოს, შემსრულებლებსაც მოიცილებენ. ისტორიაში უამრავი ასეთი რამაა მომხდარი. ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლება აკეთებს ვითომ თავის საწინააღმდეგო, მაგრამ აშკარად თავხედურ სვლებს. თუნდაც, საქართველოსთან დაკავშირებით, 2001 წლიდან დაწყებული მოქმედებს ასეთი პრინციპით: მე მინდა და ვაკეთებო და მე ეს მაშინებს. საერთოდ, ძალაუფლებას სჩვევია გადახრები. არ მინდა პარალელების გავლება, მაგრამ ისტორიაში ყოფილან მსოფლიო ბატონობის მანიით შეპყრობილი ადამიანები. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი პოლიტიკური მიზნის გამო ხდებოდეს პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია.

– ჩვეულებისამებრ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას ინახავს შავი ყუთი? და არის თუ არა შესაძლებელი ამ ინფორმაციის საფუძველზე იმის გარკვევა, იყო თუ არა დივერსია?

– იქ არის მონაცემები თვითმფრინავის შესახებ: სიმაღლე, სიჩქარე, არის თუ არა ტექნიკური დაზიანება; იწერება ყველა საუბარი პილოტის კაბინაში, რა ბრძანებები გაიცა და ასე შემდეგ, თუ მიკროფონები არ არის დაზიანებული. რუსებმა უკვე სქემებიც შექმნეს: ოთხჯერ უთხრა დისპეტჩერმა პილოტს, რომ დაჯდომა არ ღირდა. საერთოდ, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომი მოუწყობელია და ჯერ კიდევ პრეზიდენტი კვასნევსკი ამბობდა, რამდენჯერმე კინაღამ ავფეთქდიო. ერთი სიტყვით, ბევრი საკითხია გასარკვევი. მე, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიცრუვდა იმედი, რადგან პოლონელებმა ვერ შეძლეს შავი ყუთების წაღება, რომ თვითონ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. ამასთან, კონსტრუქციის დაშლისა და ნაწილების განფენის მიხედვით, შესაძლებელია იმის დადგენა, რის შედეგად დაიშალა თვითმფრინავი.

– თუ დივერსიაა, კვალი წაშლილი იქნებაო. იმდენად, რომ თვით სპეცსამსახურებიც ვერ აღმოაჩენენ?

– მეტიც, შეიძლება, იმ ქვეყნის მარჯვენამ არ იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა, როდესაც საიდუმლო ოპერაცია ტარდება. არსებობს დაუწერელი კანონი: ერთმა სპეცსამსახურმა არ უნდა მოახდინოს მეორე სპეცსამსახურის თანამშრომლის ლიკვიდაცია, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს საპასუხო რეაქციას.

– სისხლის აღებასავით ყოფილა.

– რა თქმა უნდა და მით უფრო, არ უნდა მოუწყონ ტერაქტი სახელმწიფო მოღვაწეებს, თუმცა, რომ გითხრათ, არ აკეთებენ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. იმაში, რაც ყირგიზეთში მოხდა, რუსეთის ყურები შორიდანვე ჩანს, მაგრამ რამდენი ასეთი გადატრიალება მოუწყვია ამერიკას?! – ჩილე, გრენადა, პანამა. რეიგანმა გრენადაში პირდაპირ შეიყვანა ჯარი. პანამის პრეზიდენტი რომ არ დაემორჩილა, მაშინვე იქაც შეიყვანა ჯარი და ახლაც ციხეში ჰყავთ პანამის პრეზიდენტი. ანუ ასეთი გადაწყვეტილებები დიდ სახელმწიფოებს სჩვევიათ. იმ ამბებმაც ამოყვინთა, რამდენჯერ უნდოდათ, თურმე, ფიდელ კასტროს მოკვლა. თავი დავანებოთ, ვინ ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა და ვინ – პარტნიორი, ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუღებელი და უზნეო საქციელია, მაგრამ მაინც ხდება. ხშირად გვსმენია ინფორმაციები, რომ რომელიღაც დიპლომატს მანქანა დაეჯახა, ინფარქტით გარდაიცვალა, თავს დაესხნენ ქუჩაში გაძარცვის მიზნით და ასე შემდეგ, მაგრამ შემთხვევით ასეთი რაღაცეები, როგორც წესი, არ ხდება. საერთოდ, როდესაც ასეთი ტერაქტი ან ლიკვიდაცია იგეგმება, ყველაფერი ხდება ზეპირად. ხშირად მომწყობმა და ქილერმა არც კი იციან, ვის აფეთქებენ და შემდეგ ეს შემსრულებლებიც უბედური შემთხვევების გამო იღუპებიან.

– გასაგებია, რომ ბრძანებები ზეპირია, მაგრამ ოპერაციის ტექნიკურ უზრუნველყოფას ზეპირად როგორ აკეთებენ?

– ბრძანება მოდის ვერტიკალიდან. გასაგებია, ვინ შეიძლება, იყოს ასეთი ადამიანი: ქვეყნის რეალური უმაღლესი ხელისუფალი. შემდეგ ეს ბრძანება მიდის სპეცსამსახურის ხელმძღვანელთან, შემდეგ – დანაყოფის ხელმძღვანელთან და, ბოლოს, კონკრეტულ დავალებას აძლევენ შემსრულებლებს.

– დისტანციური ზემოქმედება როგორ შეიძლება, მოხდეს? ვთქვათ, დისპეტჩერი, როდესაც ეუბნებოდა პილოტს, ცუდი ხილვადობაა სმოლენსკშიო, გადასცემდა იმპულსებს, რადიოტალღებს, რომ მფრინავს სწორედ სმოლენსკში დაესვა თვითმფრინავი. ეს მხოლოდ ფანტაზიაა?

– ეს დაუჯერებელია, თუმცა, ზოგადად, ტარდება ასეთი სამუშაოები. ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ საბჭოთა „კაგებეში“, ამ საკითხზე მუშაობდნენ ამერიკელებიც. შემდეგ გაჟონა ინფორმაციამ, რომ იქ უფრო ხდებოდა პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა, მისი სისუსტეების გათვლა და ამის გამოყენება ზომბირებისთვის.

– ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელშიც ამა და ამ სისუსტეების მქონე ესა და ეს ადამიანი ასე და ასე მოიქცევა?

– ელცინის გარემოცვა წერს თავის მემუარებში, რომ, როდესაც 1992 წელს უკვე დაიშალა საბჭოთა კავშირი და ელცინი დემოკრატიის მამად მოინათლა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, კურილიის კუნძულები გადაეცა იაპონიისთვის და ეს გადაწყვეტილება იაპონელებმა ელცინს შთაგონებით მიაღებინესო, მაგრამ ელცინის გარემოცვა წერს, რომ ჩვენ იმავე მეთოდით გადავარწმუნეთ ელცინიო. ანუ ელცინის გონებაზე ორივე მხრიდან იყო ზემოქმედება. ძნელი სათქმელია, აქ სად არის სიმართლე და სად – ტრაბახი. მეორე მხრივ, ჰიპნოზი არსებობს და დიდი ფულიც იხარჯება ამ კვლევებში. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, რა სიღრმეზე ჩავიდნენ სპეციალისტები. ამდენად, დისტანციური ზემოქმედების ვერსია კურიოზულია, მაგრამ მას აქვს არსებობის უფლება.

– ფარმაკოლოგიური ზემოქმედების ვერსიას?

– მაშინ უკვე შიგნით უნდა ყოფილიყო ვიღაც, ან გათვლილი უნდა ყოფილიყო ამ საშუალების ზემოქმედება რაღაც პერიოდზე. კიდევ ერთი რამ: იმ თვითმფრინავით მგზავრობდა პოლონეთის საჰაერო-სამხედრო ძალების სარდალი. შესაძლოა, თავის გამოჩენის მიზნით, მას ეთქვა პილოტისთვის, ვცადოთ დაჯდომა, რომ არ შევრცხვეთო.

– ეს ვერსია მეც მაქვს და ესეც შეიძლება, განვიხილოთ, როგორც დისტანციური ზემოქმედების საშუალება.

– საბჭოთა კავშირში ასე იყო მიღებული: როდესაც გენერალური მდივანი მიფრინავდა, მასთან ერთად იყვნენ იმ თვითმფრინავის მთავარი კონსტრუქტორი და როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ავიაციის მინისტრები. მე მათ დავარქვი საჰაერო მძევლები. კიდევ ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: სტალინის ბრძანებით, არ შეიძლებოდა, რომ ერთი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ერთად ჩასულიყო მოსკოვში ერთი თვითმფრინავით. თეირანის კონფერენციაზე სტალინი ასე გაემგზავრა: მატარებლით ჩავიდა ბაქოში და იქ მას დაახვედრეს სამი თვითმფრინავი – ერთი თვითმფრინავის პილოტი, რომელშიც სტალინი უნდა ჩამჯდარიყო, ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი იყო, დანარჩენებისა კი – კაპიტნები. სტალინს ასეთი რამ უთქვამს: იმ გენერალს არ ჩავუჯდები, მაგას ფრენა დავიწყებული ექნება, ჩავჯდები კაპიტანთან, რომელსაც უფრო ხშირად უწევს ფრენაო და ამაში არის ლოგიკა. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: ობიექტური სურათის მისაღებად, ობიექტურად უნდა გაიშიფროს შავი ყუთები; მიცვალებულთა გვამებს ჩაუტარდეს ობიექტური ექსპერტიზა – სხვადასხვა სიმაღლეზე აფეთქება სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს სხეულზე და დადგინდეს, როგორ იყო განფენილი კატასტროფის შემდეგ თვითმფრინავის ნაწილები. თუ მართლაც ხესაა წამოდებული, სხვაგვარად დაეცემოდა და ასე შემდეგ. ანუ ვერსია კი არ უნდა მოვარგოთ ფაქტს, არამედ პირიქით, ფაქტით გავხსნათ ვერსია.

– პოლონეთის პოლიტელიტის რადიკალურად განწყობილი ფრთა დაიღუპა, დარჩენილი ლოიალურები იზრუნებენ ობიექტური სურათის გამოძიებაზე? თან უკვე იციან, რომ შესაძლოა ხეს წამოდებული შემდეგი თვითმფრინავი მათი იყოს...

– პოლიტიკა არ არის სუფთა საქმე და ხანდახან ადამიანები მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტრაგედიამ, ზოგადად, გავლენა მოახდინოს პოლონეთის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. არჩევნები დაინიშნება და, ალბათ, ამის შემდეგ ეს უფრო ნათლად გამოჩნდება. საფრთხე იმისა, რომ ობიექტურობა დაიკარგოს, თუ რომელიმე მხარემ შეძლო ფაქტების შეცვლა, არსებობს.

– ის, რომ შავი ყუთები წაიღეს მოსკოვში; რომ ცხედრები, თავდაპირველად, მოსკოვში გადაიტანეს ექსპერტიზაზე, რომ „ეფესბემ“ არ მიუშვა შემთხვევის ადგილას არავინ, საკმარისი ქმედებებია საიმისოდ, რომ დივერსიის კვალი უკვე წაშლილი იყოს?

– რა თქმა უნდა, როდესაც ოპერაცია იგეგმება, ითვლება მეორე, მესამე და მეოთხე ნაბიჯებიც. იმიტომ ვამბობ, შესაძლოა, ეს შემთხვევითობაა და სხვა არაფერი, მაგრამ ყოველთვის დარჩება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე. დაიღუპა რუსეთის ოპონენტი პოლიტიკოსი და ამის შემდეგ ყველა მასალა პირდაპირ მოსკოვში წავიდა. ადამიანის ბუნება კი ისეთია, რომ ხშირად არარეალურს იჯერებს.


скачать dle 11.3