კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი აზიელი დიქტატორის ცოლია სამაგალითო პირველი ლედი და რატომ ჩამოართვა ალექსანდრ ლუკაშენკომ მეუღლეს ძროხა


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

მსოფლიოში განთქმულ დიქტატორთა ნაკლებად ცნობილი მეორე ნახევრების ცხოვრება მეუღლეების ჩრდილს შეფარებული მდორედ მიედინება. მათი ქმრების სახელი მთელ მსოფლიოში ქუხს. მათ ბრალდებათ ტერორისტების მხარდაჭერა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ადანაშაულებენ კორუფციაში, ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებების შელახვაში. ამ მრისხანე ბატონთა მეორე ნახევრების შესახებ კი თითქმის არაფერია ცნობილი – არც ასაკი, არც ჰობი და არც მათი განათლების შესახებ იცის ვინმემ რამე. რთულია მათ „პირველი ლედი“ უწოდო, რადგან ყველაზე ნაკლებად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მაქსიმუმი რის გაკეთებაც შეუძლიათ, ეს მეუღლეების პოლიტიკური კურსის მხარდაჭერაა. დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ 5 საკმაოდ კარგად ცნობილი დიქტატორის 5 უცნობ „მეორე ნახევარს“.

1. ლიბიის პირველი ლედი – საფია ყადაფი

რომელიც 1969 წლიდან, ლიბიის ერთპიროვნული მმართველის, პოლკოვნიკ მუამარ ყადაფის მეუღლეა. საფია ყადაფის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ისინი 1969 წელს დაქორწინდნენ. ჰყავთ შვიდი შვილი. საფია მედდად მუშაობდა და ავარიაში მოხვედრილ მუამარს მკურნალობდა. სწორედ საავადმყოფოში გაიცნეს მათ ერთმანეთი. არსებობს ვერსია, რომ მუამარმა მას შემდეგ გადაწყვიტა საფიაზე დაქორწინება, როცა გაიგო, რომ ქალმა უარი განაცხადა მის მოწამვლაზე და მონაწილეობა არ მიიღო პოლკოვნიკის სიცოცხლის ხელყოფის ოპერაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ლიბია მუსლიმანური სახელმწიფოა, ყადაფი ქალების დისკრიმინაციის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ მამაკაცს ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს. მუამარის თქმით, ყველაზე მეტად ცოლში იგი მას აფასებს, რომ ეს უკანასკნელი საერთოდ არ ინტერესდება პოლიტიკით. საფია არც საგარეო ვიზიტების დროს ახლავს მეუღლეს, რომელსაც პირად დაცვაში სპეციალურად გაწვრთნილი ქალი სპეცრაზმელები ჰყავს. მხოლოდ ერთხელ, 1986 წელს, ჰქონდა საფია ყადაფის მწვავე პოლიტიკური გამოსვლა. იგი ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა, და ამისთვის სერიოზული საბაბიც ჰქონდა. ამერიკელების მიერ პრეზიდენტის სასახლის დაბომბვის დროს დაიღუპა ყადაფების 15 თვის აყვანილი ქალიშვილი და დაიჭრა მათი ორი ვაჟი. ბრიტანული პრესის ცნობით, საფიას შოპინგზე ლონდონში სიარული უყვარს. ძირითადად ის ხუთვარსკვლავიან „დორჩესტერ ჰოტელში“ ჩერდება, სადაც ერთი დღე-ღამის გატარება 1 500 ფუნტი ჯდება, ხოლო საყიდლებისთვის ის ლონდონის „ჰეროდს“ ესტუმრება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ საფია მუამარის მეორე ცოლია. მიზეზი თუ რატომ გაეყარა პოლკოვნიკი პირველ მეუღლეს – ფატიმას, უცნობია.

2. ზიმბაბვეს პირველი ლედი – გრეის მუგაბე

ზიმბაბვეს ეკონომიკა საშინელ დღეშია, ქვეყანა ჰიპერინფლაციას განიცდის, მოსახლეობის 95 პროცენტი შიმშილობს და ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ქოლერა მძვინვარებს, მაგრამ, ეს ყველაფერი 86 წლის დიქტატორ რობერტ მუგაბეს და მის 45 წლის მეუღლეს – გრეის მუგაბეს სულაც არ ანაღვლებთ. მუგაბეს ყოფილი მდივანი და საყვარელი, რომელიც 1996 წელს, თავისი წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ, ოფიციალურად გახდა პირველი ლედი, მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ევროპულ ბრენდებს („გუჩი“, „ჰერმესი“) ენდობა. ხელის ათივე თითზე კი უზარმაზარი ბრილიანტებით შემკული ბეჭდები აუსხამს. როგორც ამბობენ, ზიმბაბვეს პირველი ლედი სამშობლოს გაყიდის ფეხსაცმელების გამო. იმ დროს როდესაც მოსახლეობის უმეტესობა შიმშილისგან იხოცება, გრეის მუგაბე ათასებს ხარჯავს „ფერაგამოს“ ფეხსაცმელებში, რომლებიც სპეციალური შეკვეთით იკერება. 2002 წლიდან ევროკავშირის მიერ გაცემულია სანქცია, რომ გრეის მუგაბე ევროპაში არ შეუშვან. ამჟამად ზიმბაბვეს პირველი ლედი შოპინგზე ჩინეთში დადის. სწორედ ჰონკონგში, 2009 წელს მოხდა გახმაურებული სკანადლი, როდესაც ქალბატონი მუგაბე თავს დაესხა „სანდეი თაიმზის“ ფოტოგრაფს. მან გრეისის გადაღება მოახერხა „კავალის“ სათვალითა და „ჯიმი ჩოს“ ჩანთით. გრეისის პირადმა დაცვამ კორესპონდენტს ფოტოაპარატი წაართვა და გააკავა. გრეისი კი დაუზოგავად ურტყამდა სახეში თავის ბეჭდებიან ხელს საბრალო ჟურნალისტს. ჩინური კანონების მიხედვით, გრეის მუგაბეს დასჯა არ მოხერხდა. იგი დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა.

3. ირანის პირველი ლედი – აზამ ალ-სადატ ფარაჰი

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ყადაფის მსგავსად, ერთ ცოლთან ცხოვრობს. ირანის პირველი ლედის – აზამ ალ-სადატ ფარაჰის შესახებ ირანული პრესაც კი ცოტას წერს. მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ მაჰმუდი და აზამი 1980 წელს დაქორწინდნენ. იმ დროისთვის აზამი 24 წლის იყო და თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით აზამი ლექციებს კითხულობდა მშობლიურ უნივერსიტეტში, მაგრამ მეუღლის გაპრეზიდენტების შემდეგ სამსახური მიატოვა. მსოფლიო საზოგადოებამ პირველად ირანის პირველი ლედი 2006 წელს იხილა, როდესაც ის მალაიზიაში ვიზიტის დროს ახლდა მეუღლეს. აზამი შავ მუსლიმანურ სამოსში, ჰიჯაბში იყო გამოწყობილი და მხოლოდ ცხვირი უჩანდა. მეორედ საზოგადოების წინაშე იგი რომში, გაეროს ეგიდით გამართულ სამიტზე, წარდგა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი ლედები გამოდიოდნენ სიტყვით. ჰიჯაბში გახვეულმა აზამიმ გაკიცხა ისრაელის პოლიტიკა და მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელ დედებს. „სამყარომ უნდა შეისმინოს პალესტინელი დედის პრობლემა“ – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა აზამ ალ-სადატ ფარაჰიმ რომის სამიტზე.

4. ბელარუსის პირველი ლედი – გალინა ლუკაშენკო

„ბელარუსის პირველი ლედი გალინა ლუკაშენკო ქალაქელი გახდება“ – დაწერა ერთ-ერთმა ბელარუსულმა გაზეთმა. ყველასთვის ცნობილია, რომ ლუკაშენკოს ცოლი, მეუღლის გაპრეზიდენტების შემდეგაც არ დათანხმდა ქალაქში ცხოვრებას და სოფელში დარჩა. საგაზეთო პუბლიკაცია კი, იმ ფაქტს ეხებოდა, რომ ბელარუსული მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელი რიჟკოვიჩი ქალაქ შკლოვის საზღვრებში მოაქციეს. სწორედ შკლოვში გაიცნეს ერთმანეთი გალინამ და ალექსანდრმა. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. გალინას არც ერთხელ არ მიუღია მონაწილეობა ოფიციალურ მიღებებსა ან მეუღლის საგარეო ვიზიტებში. მან მდიდრულ ცხოვრებას სოფელში, ძროხებთან ერთად ყოფნა, ამჯობინა. ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში ფოტოც კი დაიბეჭდა, თუ როგორ წველიდა გალინა ძროხას. ამ ფაქტის შემდეგ, ლუკაშენკოს განკარგულებით, პირველ ლედის პირუტყვი ჩამოართვეს, ხოლო სოფლის სახლს უზარმაზარი ღობე გაუკეთეს. გალინა და ალექსანდრი დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა მსოფლიომ იცის, ალექსანდრს საყვარელი ჰყავს, რომელმაც მას ვაჟიშვილი, კოლია გაუჩინა. მასთან ერთადაც ბელარუსის პრეზიდენტი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში.

5. სირიის პირველი ლედი – ასმა ასადი

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მსოფლიო დიქტატორებს შორის ალბათ, ყველაზე ლიბერალური და დემოკრატიულია, თუმცა მაინც დიქტატორად მიიჩნევა. იყო დრო, როდესაც მას სადამ ჰუსეინის მხარდაჭერას და ჰამასის და ჰეზბოლას მებრძოლების დაფინანსებას აბრალებდნენ. თუმცა, მაინც მოახერხა საერთო ენის გამონახვა დასავლეთის ქვეყნებთან და უპირველეს ყოვლისა, ეს მისი მეუღლის, მშვენიერი ასმას დამსახურება იყო. ბრიტანეთში გაზრდილმა ასმამ სირიაში ჩასვლისთანავე უარი განაცხადა ტრადიციული მუსლიმანური სამოსელის ტარებაზე. იგი მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან იკერავს ტანსაცმელს, თავისუფალ დროს ჯინსებითა და მაისურით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, და მას ვერავინ ამჩნევს. ასმა გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევა და ჟურნალმა „ელმა“ იგი დაასახელა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და მოდური პირველი ლედი. ამბობენ, იგი დიდ გავლენას ახდენს თავის მეუღლეზეო და სწორედ დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი ყველა დიქტატორის მეუღლე ისევე მოიქცევა, როგორც – ასმა, მაშინ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.


скачать dle 11.3