კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ისვენებდნენ ია კიწმარიშვილი და მისი მეუღლე ცალ-ცალკე და რის კეთება შეწყვიტა მან ქმრისთვის

სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი, რომელიც აქტიურად მუშაობდა მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბავშვობაში საკმაოდ დამოუკიდებელი ყოფილა, რაც მას შემდეგში ბევრი საქმის წარმატებით დამთავრებაში დაეხმარა.

ია კიწმარიშვილი: „ელიტის“ შემდეგ ვიყავი ნიუ-იორკში, იქიდან გავემგზავრე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ლიკა ორჯონიკიძეს ვგულშემატკივრობდი, რომელიც კონკურსში „მის სამყარო“ იღებდა მონაწილეობას. აღფრთოვანებული ჩამოვედი: რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასეთი ლამაზი ზღვა და სანაპირო არსად მინახავს. ზურმუხტისფერი წყალი და სანაპირო იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ.

– ვისთან ერთად იყავით?

– ჩემს ქალიშვილებთან ერთად, რომლებმაც ძალიან კარგად დაისვენეს. წყლიდან არ ამოსულან, კარგად გაერთნენ დაწყებული „პარასეილინგით“ და დამთავრებული „ბანანებით“.

– თავად თუ გიყვართ ზღვაზე აქტიური და ექსტრემალური დასვენება?

– სასიამოვნო და მშვიდ გარემოში მიყვარს დასვენება. სულ დაძაბულ რეჟიმში მიწევს მუშაობა და ამიტომ, მირჩევნია, ჩემი დასვენება იყოს ჰარმონიული, მშვიდი, ლამაზი და მქონდეს სასიამოვნო გარემო რელაქსაციისთვის. ანუ, ისეთი დასვენება მიყვარს, სადაც შეგიძლია, თან დაისვენო და თან – გაერთო. მთა ზოგადად მიყვარს, მაგრამ ზღვაზე მირჩევნია დასვენება. ზღვისა და მზის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია დასვენება – გვიანობამდე ძილი და არანაირი დილის საუზმე. თუ ზღვაზე ვისვენებ, არ შემოვიფარგლები მხოლოდ აუზით და აუცილებლად ზღვის სანაპიროზე გავდივარ. თურქეთში ზღვისგან იმდენად დიდი სიამოვნება არ მიმიღია, როგორც ბაჰამებზე – წყლიდან საერთოდ არ ამოვსულვარ. დღის განმავლობაში მიყვარს ჯანსაღი და ბევრი კარგი საკვების მიღება, მასაჟი, ვარჯიში. ანუ ჩემთვის თავის მოვლაც ასევე კარგი დასვენება და გართობაა.

– ალპინისტ მეუღლესთან ერთად მთაში არ ისვენებთ ხოლმე?

– არა. ის ზუსტად იმ პერიოდში ალპინისტებთან ერთად იმყოფებოდა მთაში, მე კი შვილებთან ერთად ვიყავი ზღვაზე. ძალიან ხშრიად სწორედ ასე გვიწევს დასვენება, რადგან მას მთა და სიცივე, ზამთარი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სიცხე, მე კი უფრო ზაფხულის ადამიანი ვარ. ეროსის არასდროს სცივა, სიგრილე უფრო უყვარს, მე კი სულ მცივა. თუმცა, ერთად ხშირად ვყოფილვართ მთაში. ზამთარში სულ ერთად დავდივართ სასრიალოდ, მაგრამ ზაფხულში ასე დასვენება მირჩევნია.

– ნიუ-იორკშიც მოახერხეთ დასვენება?

– ნიუ-იორკში ჩემი და და მისი ოჯახი მოვინახულე, ასევე ჩემი ვაჟი, რომელიც იქ სწავლობს, ცხოვრობს. პარალელურად დავისვენე და გავერთე კიდეც. ჩვენ საერთოდ მობილური ოჯახი ვართ, მივდივართ-მოვდივართ და, რაც მთავარია, ძალიან დამოუკიდებელი შვილები მყავს.

– როგორია ია კიწმარიშვილის ცხოვრების წესი, მისი ყოველდღიური რეჟიმი?

– გააჩნია, რისი კეთების პროცესში ვარ. თუ პროექტს ვაკეთებ, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბული და დატვირთული რეჟიმი მაქვს. მაგრამ, შედარებით მშვიდ პერიოდში, უფრო მეტი დრო მრჩება თავის მოსავლელად, მოგზაურობისთვის, გართობისთვის. მოგზაურობა მიყვარს საქმესთან დაკავშირებით. უფრო სწორად, რადგან ხშირად მიწევს საქმის გამო უცხოეთში წასვლა, ვცდილობ, ამა თუ იმ კონურსზე ყოფნისას, თან დავისვენო. ბოლო ოცი წლის განმავლობაში არასდროს დამიგეგმავს, სად მივდივარ დასასვენებლად. როგორც წესი, ეს სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებაა და ყოველთვის რაღაცაზე ან ვიღაცაზე – ოჯახზე, პირად გეგმებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ამინდზე ვარ დამოკიდებული. ისეთ ექსტრემალურ პირობებში მიწევს მუშაობა, რომ გამომიმუშავდა მიდგომა: არაფერზე ვიციკლები, არსებული მონაცემების დახმარებით, ყოველთვის გამოვდივარ მდგომარეობიდან და, თუ რამე დაბრკოლება, წინააღმდეგობა შემხვდება, ნაკლებს ვნერვიულობ და ვცდილობ, მოვძებნო გამოსავალი. ეს თვისება ძალიან გამომადგა, განსაკუთრებით წელს, რადგან ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა.

– ეს მეუღლის საქმიანობასთან, მის გადაწყვეტილებებთან ხომ არ არის კავშირში?

– არა, მეუღლის საქმიანობა არაფერ კავშირშია. უბრალოდ, ის სფერო, რომელშიც ვმოღვაწეობ, იმდენად განუვითარებელია, რომ აქ დიდი შედეგების მიღწევა ძალიან ძნელია, თანაც ამას დაერთო მსოფლიო კრიზისი და ასე შემდეგ. თუმცა, ჩემი შედეგებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ და მინდა, კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. მაქსიმალისტი ვარ ბუნებით, უფრო მეტი მინდა და არსებული შედეგები არ მაკმაყოფილებს.

– ოჯახში როგორი ხართ? მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობთ, ალბათ, მაინც ახერხებთ, მეუღლეს შეუქმნათ კარგი და ჰარმონიული გარემო?

– ჩვენ წლების განმავლობაში ოჯახში ისეთი გარემო ჩამოგვიყალიბდა, რომ, როდესაც სახლში ვბრუნდებით, თითქმის არ ვლაპარაკობთ სამსახურზე, საქმეებზე. მე უფრო შეიძლება ვისაუბრო ეროსისთან ჩემი საქმეების შესახებ, მის გეგმებზე არასდროს ვსაუბრობთ. ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა არის ოჯახი, შვილები. მთელი დღე გასულები ვართ, გვიან ვბრუნდებით სახლში და არ გვრჩება იმის დრო, სამსახურის პრობლემებზეც ვისაუბროთ. შესაბამისად, ძალიან მშვიდი გარემო გვაქვს, ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ბავშვებს მოვუსმინოთ და, პრინციპში მეტი არაფრისთვის აღარ გვრჩება დრო. თანაც ორი კატა გვყავს მოსავლელი, სპორტით ვართ დაკავებული.

– ერთი ძველი ანდაზა გამახსენდა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტევაო.

– ცულის ტარზე დატევაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ, იყო პერიოდი, როდესაც ოთხსულიანი ოჯახი გვქონდა და ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ძალიან ტკბილად და ბედნიერად მახსენდება ის პერიოდი. ამ დროს ბავშვებზე ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებდით და იმით ვიკვებებოდით ჩვენც და ბავშვებიც. ელემენტარულად, კარადა არ გვქონდა, სადაც ტანსაცმელს დავკიდებდით. მაგრამ დღეს, როდესაც საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, ნეტავ სად ვინახავდით სამოსს-მეთქი, არ მახსენდება ეს პრობლემა, იმიტომ, რომ დამოკიდებულება მქონდა ჯანსაღი: არ მქონდა კარადა და ნუ მქონდა! ალბათ სწორედ ის არის სიყვარული, როდესაც ადამიანები ერთმანეთს გვერდში უდგანან და გაჭირვებაშიც და ლხინშიც კმაყოფილები და ბედნიერები არიან.

– ხშირად ამბობენ, როგორი მეუღლეც ჰყავს ქალს, ისე გამოიყურებაო და, პირიქით, მამაკაცსაც ემჩნევა, გვერდით როგორი ცოლი ჰყავსო.

– მთავარია, ადამიანი, უვლიდეს თავს და ყოველთვის იყოს ფორმაში. როდესაც ამას ბავშვობაში გასწავლიან, ეჩვევი და მერე უკვე, როდესაც იზდები და ოჯახს ქმნი, ეს უკვე ჩვევაში გაქვს. პირადად მე ეს უკვე მაქვს ჩვევაში. მიმაჩნია, რომ მოვლილი ქალი მამაკაცისთვის არის სტიმული, მოვლილი კაცი კი – ქალისთვის.

– მეუღლეს გარდერობს თავად ურჩევთ?

– არ ვერევი ამ საკითხში. ადრე, როცა რაღაც ვუყიდე, დავინახე, რომ გააჩუქა, იმიტომ, რომ, რა სტილიც მე მიყვარს, მას ნაკლებად მოსწონს. ეროსის უყვარს საქმიანი ჩაცმულობა და მე მისთვის ასეთ სტილს ვერ შევარჩევ. ეს ისეთი რაღაცაა, რაც ადამიანმა თავად უნდა მოირგოს. მე მამაკაცზე სპორტული, თანამედროვე, ახალგაზრდული სტილის სამოსი უფრო მომწონს. შესაბამისად, რაღაც მომენტიდან შევწყვიტე მისთვის ტანსაცმლის ყიდვა, თუმცა მაღაზიებში ხანდახან ერთად მივდივართ და რაღაცეებს ვარჩევთ. მიყვარს ფერადი სამოსი და ვცდილობ, მის გარდერობში ფერები შევიტანო, ანუ ამ მიმართულებით „ვთანამშრომლობთ“. თავადაც უყვარს საჩუქრების გაკეთება, საკმაოდ ყურადღებიანია, თუმცა სამოსს ჩემთვის მე ვირჩევ.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3