კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი პირის ტექნიკა „აგიჟებს“ გუგა ჭყონიას და რატომ არ ასრულებს ის როკს პირით


ბიდ-ბოქსინგის შესახებ საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდნენ, სანამ რამდენიმე ცნობილი მომღერლის კონცერტზე, მელოდიის შექმნის ეს სტილი კონცერტის გასაფორმებლად არ გამოიყენეს. რამდენიმეწუთიან იმპროვიზაციულ შესრულებას ყოველთვის მოჰყვება მაყურებლის აღფრთოვანება და ოვაციები. იოლი საქმე ხომ არ არის პირით, ბგერებით გააკეთო ის, რასაც ამა თუ იმ მელოდიის დროს, ერთი ან ხშირად, რამდენიმე ინსტრუმენტი აკეთებს. გუგა ჭყონია ქართველი ბიდ-ბოქსერია. როგორ აღმოაჩინა საკუთარ თავში ასეთი განსაკუთრებული ნიჭი, ამაზე თავად გვიამბობს.


გუგა ჭყონია: ბიდ-ბოქსით არც ისე დიდი ხნის წინ დავინტერესდი. სადღაც, ნიუ-იორკის გარეუბანში რომ დავბადებულიყავი, ამის შესახებ დიდი ხნის წინ მეცოდინებოდა და შესაძლოა უფრო წინ ვყოფილიყავი, მაგრამ საქართველოში ამ მიმართულების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დაახლოებით, ერთი წლის წინ, ტელევიზორში შემთხვევით ვნახე ერთი უცხოელი ბიდ-ბოქსერი, რომელიც მაშინ ჩემთვის არაჩვეულებრივ და წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებდა. თუმცა, მაინც ვეცადე, რაღაცეები გამეკეთებინა. თავიდან ჩემი მცდელობები, რა თქმა უნდა, სასაცილო იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ძალიან დიდი შრომის შედეგად შევძელი, რაღაც გამეკეთებინა. მივხვდი, რომ შემიძლია და სულ უფრო და უფრო წინ წავედი. თავიდან, იმ უცხოელის „კოპირებას“ ვაკეთებდი ზუსტად, მაგრამ, მერე ნელ-ნელა დავიხვეწე და ჩემი კომპოზიციების შექმნაც დავიწყე.

– მომეწონა და მეც გავაკეთე. ეს ძალიან იოლი ნათქვამია. როგორც არ უნდა მომეწონოს, ამას ალბათ, ვერასდროს შევძლებ. ანუ, ნიჭიც აღმოგაჩნდა?

– თავიდან, რა თქმა უნდა, არაფერი გამომდიოდა და არც მიფიქრია, რომ ნიჭი მქონდა. ვიჯექი და საათობით ვაკვირდებოდი იმ უცხოელის პირის მოძრაობას – რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა. ძალიან რთულად მეჩვენებოდა ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე – ერთი წლის შემდეგ, სირთულეები ნაკლებია. ჩემი „ნიჭიერში“ მონაწილეობა სწორედ ამას ემსახურება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სტილზე, გაიცნონ ბიდ-ბოქსერები, დაინტერესდნენ ამით და მისი პოპულარიზაცია მოხდეს. როცა დავიწყე, არასერიოზულად მიყურებდნენ, ეცინებოდათ ჩემს მცდელობებზე. მას შემდეგ რაც ცოტა რაღაცეები მოვახერხე, წამოვიდა დაინტერესება, მეგობრები სულ მთხოვდნენ, ბიდ-ბოქსი გამეკეთებინა, ქუჩაში იქნებოდა ეს თუ სკოლაში.

– სხვა რითი ხარ დაკავებული?

– ვცხოვრობ თბილისში. ვსწავლობ, სკოლაში – მეათე კლასში. ბავშვობიდან, ექვსი წლიდან, ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, სოლისტიც კი გახლდით, მაგრამ მერე რატომღაც თავი დავანებე და რადიკალურად სხვა გზით წავედი. თორმეტი წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე შევედი. საკმაოდ დიდი წარმატებები მქონდა. კარგ გუნდში ვიყავი და ძალიან დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ერთი ტრავმის გამო ყველაფერი დამთავრდა. არ ვიცი, შესაძლოა, თამაში ისევ გავაგრძელო, მაგრამ ერთი წელია, უკვე ვისვენებ და დატვირთვის დროს ტკივილი ისევ მაქვს.

– რა მოხდა?

– წელზე, მალებს შორის მქონდა რაღაც პრობლემა. ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება. შენ ტრავმა გაქვს, ცოტა ხნით უნდა დაისვენო, სახლში წახვიდე – ძალიან რთულია. მით უმეტეს, როცა საათობით ვარჯიშობ, ერთი მიზანი გაქვს, რაღაცის კეთება უზომოდ გსიამოვნებს და თან სხვებსაც მოსწონთ ეს. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ არ ვკარგავ იმედს, რომ საფუძვლიანად ვიმკურნალებ და შემდეგ თამაშის გაგრძელებას შევძლებ. სკოლის გარდა, ძალიან მიყვარს კომპიუტერთან ურთიერთობა და მასთან დიდ დროს ვატარებ. მომწონს სერიოზული რაღაცეები – საიტების ანუ ვებგვერდების შექმნა და სხვა.

– ამ საქმით ხალხი ფულს შოულობს.

– გეთანხმებით. (იცინის) თუმცა, მე ჯერ მაინც მოყვარულის დონეზე ვარ.

– სახლში, შენი მშობლები თუ აღიქვამდნენ ბიდ-ბოქსს სერიოზულად?

– რა თქმა უნდა, არა. რა შეიძლებოდა, აქედან გამოსულიყო, ალბათ ვერ წარმოედგინათ, თუმცა სახლში ვარჯიშს არასდროს მიშლიდნენ. არასდროს უთქვამთ ეგ „მუსიკა გამორთეო“. (იცინის) ისე, მსგავსი შემთხვევები კი ყოფილა, როდესაც რაღაც მელოდიას ვაკეთებდი ახლობლები ვერ მხედავდნენ, ძალიან ბევრჯერ უფიქრიათ, მუსიკის ხმა საიდან მოდისო. რაც „ნიჭიერში“ მოვხვდი, მას შემდეგ მშობლებიც სერიოზულად ჩაერთვნენ ამ საქმეში და რჩევებსაც მაძლევდნენ. განსაკუთრებით ფინალში მოხვედრის შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ნახევარფინალში მოხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ ფინალში ორმოცდაათი-ორმოცდაათზე ვიყავი – ვნერვიულობდი გადავიდოდი თუ არა.

– რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება?

– იცი, თავიდან „ნიჭიერის“ ბრიტანულ ვერსიას ვუყურებდი, სადაც ბიდ-ბოქსერები მონაწილეობას იღებდნენ და ვიფიქრე, მეც შევძლებდი. მერე როდესაც „ნიჭიერის“ შესახებ კონკურსი გამოცხადდა, ჩემი სურვილითა და სხვების რჩევითაც ქასთინგში მონაწილეობა მივიღე. შემდეგ ტურში გადამიყვანეს. თან, მაშინ მხოლოდ სამი თვე იყო გასული რაც ბიდ-ბოქსით ვიყავი დაინტერესებული. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

– რა შეიძლება, რომ ამ ნიჭით საბოლოოდ გამოვიდეს. მესმის კარგად აკეთებ მელოდიას, მაგრამ უცხოეთში კონცერტებზე გამოდიან, რეპერებთან ერთად ხშირად დგანან სცენაზე, მთელი სისტემაა. აქ კი კონცერტებიც კი იშვიათად ტარდება, ბიდ-ბოქსს რომ თავი დავანებოთ.

– ბიდ-ბოქსის მთელი სანახაობა და სილამაზე ისაა, რომ შოუს მარტო აკეთებ. გამოდიხარ სცენაზე და შენი პირის აპარატი, სმენა, მელოდიის შეგრძნება გეხმარება, ძალიან მაგარი რაღაცეები აკეთო და აღფრთოვანება დაიმსახურო. საერთოდ, ნაკლებად ემოციური ტიპი ვარ, მაგრამ მართლა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ვხედავ ამდენ ხალხს როგორ იყოლიებს და აოცებს ის, რასაც ვაკეთებ. მაშინ ვხვდები, რომ მართლა ღირდა და ღირს ვარჯიშში გატარებული საათები, რომელიც ძალიან დამღლელად მეჩვენებოდა. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ჯგუფური შოუ აქვთ – ზოგი მღერის, ზოგი უკრავს და იქ ბიდ-ბოქსიცაა, მაგრამ მირჩევნია მარტო გამოვიდე და კლასიკური ბიდ-ბოქსი ვაჩვენო. ეს მიმართულება ძალიან დიდ არჩევანს გაძლევს. მართალია, როკი მიყვარს, მაგრამ დრამერის და ბასგიტარის მხოლოდ პირით გადმოცემა ურთულესია. ზუსტად ვიცი, რომ ის უფრო რეპის სტილის მუსიკას უხდება. თუმცა, კონცერტზე „სულიკო“ „დავუკარი“ და ისიც ძალიან ლამაზად ჟღერდა. ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, ბიდ-ბოქსი სრულ თავისუფლებას გაძლევს.

– გოგონებს მოსწონთ შენი ნიჭი?

– საკმაოდ და „ნიჭიერის“ შემდეგ ამას უფრო მეტად გამოხატავენ. (იცინის) შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც განსაკუთრებულად მგულშემატკივრობს. ყველაზე მეტად ვწუხდები, როდესაც გამუდმებით, სადაც არ უნდა შევიკრიბოთ, მთხოვენ – აუ, გააკეთე, გააკეთე... მაგრამ, ძალიან იშვიათად, რომ რამე მელოდია შევასრულო.

– პოპულარული გახდი?

– საკმაოდ. განსაკუთრებული გააქტიურებაა ინტერნეტში. ძალიან ბევრი მწერს სკაიპში და „ადნაკლასნიკებში“, ყველას ვპასუხობ, არ მიყვარს უყურადღებობა. მათ ძალიან მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ. სითბოს და სიმპათიას გამოხატავენ. ამიტომ, არ შეიძლება, უყურადღებოდ დავტოვო. ისე, ძალიან მომწონს პოპულარობა, გადასარევი ამბავია.

– ვთქვათ მოიგე, რა შეიძლება, რომ მომავალში გააკეთო, როგორ ხედავ ამ მიმართულებით შენს განვითარებას?

– ასე კონკრეტულად, არ ვიცი. ახლა თითქოს დინებას მივყვები. პოპულარობა და საყოველთაო აღიარებაო, რეკლამაში ამბობენ და ალბათ, მეც ამას ველოდები, მაგრამ, მერე რას ვიზამ, არ ვიცი. ისე, ამ სტილს ბიდ-ბოქსი იმიტომ ჰქვია, რომ სერიოზული შეჯიბრებები, ჩემპიონატები და დუელები იმართება. ყველაზე ხშირად ჩემპიონატი საფრანგეთში ტარდება. ჩემს კერპს – ბირდი მენს, საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული: 2006 წელსა და 2007 წელს. ისეთი დახვეწილი ტექნიკა აქვს, ვგიჟდები. შეიძლება ეს ცოტა შორეული ოცნება და ფიქრებია, მაგრამ ძალიან მინდა, ოდესმე ასეთ ჩემპიონატში მივიღო მონაწილეობა და ვიყო პირველი ქართველი, ვინც სრულიად ახალ სტილს აჩვენებს მსოფლიო ბიდ-ბოქსერებს.


скачать dle 11.3