კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-14(484)

ნუთუ ცხოვრება იმაზე რთული და მოულოდნელობით სავსეა, ვიდრე ჩვენ გვგონია... ფაქტია, რომ ბედისწერა ხშირად ერთობა ჩვენით. შეიძლება, ადამიანებმაც მისგან ვისწავლეთ ერთმანეთის გრძნობებზე თამაში... ყოველ შემთხვევაში, ბუმერანგის ეფექტი აშკარად სახეზეა... ყველაფერი, რასაც კი გასცემ სიძულვილი იქნება ეს თუ სიყვარული, უკან აუცილებლად ბრუნდება, დღეს თუ არა, ხვალ მაინც, სრულად მიიღებ იმას, რაც გაეცი... ამ მარტივი მიზეზის გამო, აღარ უნდა ჰკითხო საკუთარ თავს, რა ხდება და რისთვისო. თუ კარგად დაფიქრდები (პრინციპში, ზოგჯერ კარგად დაფიქრებაც არ არის აუცილებელი), მიხვდები, რისთვისაც...

***

ელენემ ოდნავ შეარხია ქუთუთოები. მის სასთუმალთან ჩამომჯდარი ნიკუშა, რომელიც თვალს არ აშორებდა დედის გაფითრებულ სახეს, შეკრთა და ქალს ჩააშტერდა. ფანჯარასთან მდგარი სავარძლიდან ჟანიც წამოდგა.

– ხომ არ გაიღვიძა?

– არ ვიცი. მგონი, იღვიძებს. ექიმს ხომ არ დავურეკოთ?

ჟანმა თავი გააქნია:

– ჯერ დაველოდოთ. ექთანი ხომ არის, თუ ტკივილები დაეწყება, გამაყუჩებელს გაუკეთებს. ექიმი ისედაც მოვა. დამპირდა, შემოვივლიო.

ჟანი და ნიკუშა ისევ მძინარე ქალს მიაშტერდნენ. ელენეს თითქოს ისევ ეძინა.

– არ დაიღალეთ? მთელი დღეა, აქ ხარ. იქნებ, ქვემოთ ჩასულიყავით და გეჭამათ, – უთხრა ნიკუშამ მამინაცვალს.

– შენც ზუსტად ჩემსავით ხარ. არც შენ არ გიჭამია არაფერი.

– ორივე ერთად ვერ ჩავალთ, მორიგეობით თუ მოვახერხებთ ელენეს დატოვებას. არ მინდა, თვალს რომ გაახელს, მასთან არც ერთი არ ვიყოთ.

– მარტო არ იქნება. არ მინდა ჭამა, გავუძლებ.

ნიკუშამ მამინაცვლის დაღლილ, განაწამებ სახეს შეხედა და შეეცოდა.

– ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ მომხდარზე აღარ უნდა ვიფიქროთ. ელენეზეც ცუდად იმოქმედებს. რომ გაიღვიძებს და დაგინახავს, მაშინვე მიხვდება, რასაც განიცდი. სინდისი რომ გაწუხებს, სახეზე გაწერია. სულ რომ არ გინდოდეს, მაინც შეამჩნევ.

– ვხვდები და მესმის, რატომაც მეუბნები ამას, მაგრამ, რა ვქნა, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ჩემი შინაგანი ხმა ყოველ წუთში მახსენებს, რომ ელენე მე მივიყვანე თვითმკვლელობამდე.

– მე არ მჯერა, რომ ელენეს თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. უბრალოდ, ბედი გამოსცადა, ეს კი ერთი და იგივე არ არის.

– ჰო, ჩავთვალოთ, რომ „რუსული რულეტკა“ ითამაშა, მაგრამ, რისთვის, უფრო სწორად – ვისთვის? ჩემთვის უნდოდა დაენახვებინა, რომ მასთან ურთიერთობაში შეცდომა დავუშვი.

ნიკუშა დაფიქრდა. მისი მზერა ისევ საწოლში გაუნძრევლად მწოლიარე ქალისკენ იყო მიმართული და ისევ მოეჩვენა, რომ ელენემ თვალის გახელა სცადა.

– იქნებ, საკუთარი თავისთვის უნდოდა, რამე დაემტკიცებინა... – ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის.

– რა? რას ამბობ? საკუთარი თავისთვის უნდოდა, რომ რამე დაემტკიცებინა? – ჟანმა ეჭვით შეხედა გერს.

– არ მინდა, იმაზე ვიფიქრო, რომ ელენემ თავი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმიტომ დააყენა, რომ საკუთარ თავთან ჭიდილი მოსწყინდა. ამას მირჩევნია, ისევ მე ვიყო მომხდარში დამნაშავე.

– ამ კითხვაზე პასუხს მარტო ელენე გაგვცემს. ჩვენც სხვა გზა აღარ გვრჩება, უნდა დაველოდოთ. იმედი მაქვს, ძალიან დიდხანს არ მოგვიწევს ცდა.

ჟანმა ამოიოხრა:

– იცი, არ მინდა, რომ ის ნახატი გამოჩნდეს. რაც მისი ავტორთან იდენტურობის ამბავი გაირკვა, მას მერე უსიამოვნებებმაც იმატა. მაგ ნახატს რაღაც ბედისწერა სდევს თან. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ, ფაქტია, ელენე უცნაურად იყო მიჯაჭვული ნახატზე. გამომძიებელმა რომ მკითხა, მარტო მაშინ დავფიქრდი, რომ მართლაც არაფერი, საერთოდ არაფერი წამოუღია ელენეს თავისი ნივთებიდან, როცა მე გამომყვა, მხოლოდ ნახატი და შენი სურათი. მაშინ მეტისმეტად ვიყავი შეყვარებული, რომ ასეთი „წვრილმანებისთვის“ რამე მნიშვნელობა მიმენიჭებინა, მაგრამ ახლა...

– მე არ მჯერა, რომ ნივთებს თავისი ენერგეტიკა აქვს და, რომ შესაძლებელია, მათ ადამიანების ბედი შეცვალონ. საერთოდ, არც მახსოვს, როგორ აღმოჩნდა ეგ ნახატი ჩვენს ოჯახში. მე მგონი, სულ იყო, – მხრები აიწურა ნიკუშამ და აშკარად რაღაცაზე ჩაფიქრდა.

– გაგაღიზიანე ჩემი უადგილო შეკითხვით და უსიამოვნო მოგონებები გაგიღვიძე?

– არა, უბრალოდ, ვცდილობ, გავიხსენო, რა ვიცი მაგ ნახატის შესახებ, მაგრამ, ბევრი არაფერი მაგონდება. ზუსტად მახსოვს და, ახლაც კი თითქმის ვხედავ, სად ეკიდა. ის ადგილი მერე ისეთი ცარიელი იყო, რომ ძალიან დიდხანს ვერაფრით ვეგუებოდი, მაგრამ, საიდან გაჩნდა ჩვენს ოჯახში, მართლა არ ვიცი. ეტყობა, არასდროს დავინტერესებულვარ. არც მამაჩემი ყოფილა გატაცებული ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით და, რამდენადაც ვიცი, არც ელენე.

– ელენეს რაც შეეხება, მე არასდროს შემინიშნავს, რომელიმე ძვირად ღირებული ნახატის შეძენით დაინტერესებულიყოს. აუქციონებზე მარტო იმიტომ დავდიოდით, რომ, იმ საზოგადოებაში, რომელსაც მე ვეკუთვნი, ასეა მიღებული. ზოგჯერ ვალდებულიც კი ხარ, ასეთ თავყრილობებზე მიხვიდე.

– ესე იგი, ნახატს დედაჩემისთვის სხვა ღირებულება ჰქონდა და არა მატერიალური, – ნიკუშამ შუბლი მოისრისა.

– ვფიქრობ, რომ ასეა. თუმცა, ეს ჩვენს სიტუაციას ოდნავაც ვერ შველის. არ უნდა მეცადა, ელენესგან იმაზე მეტი გამეგო, რისი გამხელაც მას თავად უნდოდა. კარგი, ჩავალ ქვემოთ და მაგარ ყავას დავლევ.

ნიკუშა მარტო დარჩა. უნებლიედ, ნახატზე ფიქრი აეკვიატა. მართლა არასდროს დაინტერესებულა, როდის ან როგორ აღმოჩნდა ის კედელზე. ახსოვს, რომ განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი არც მამამისისთვის ყოფილა.

„თუ მამაჩემმა აჩუქა და ამიტომაც იყო მისთვის ძვირფასი... იქნებ, მამაჩემმა კი არა, იმან... არა, ამაზე ფიქრი არ მინდა. არ ღირს... მაშინ, ვეღარ შევძლებ მარტო ელენეს ფეხზე დადგომით ვიყო დაინტერესებული. ყველაფერი დანარჩენი წვრილმანია ამასთან შედარებით. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე...“

ელენემ თვალები გაახილა. ნიკუშამ ძლივს შეიკავა თავი, რომ სიხარულისგან არ ეყვირა. დედის ხელი ხელისგულში მოიქცია და ნელა მიიტანა ტუჩებთან. ელენემ გაიღიმა და ჩაიჩურჩულა:

– ნიკუშა, საყვარელო... უკვე მოხვედი სკოლიდან? რატომ დაიგვიანე?.. ხომ არ იჩხუბე, დედიკო!.. ასეთი ოფლიანი რატომ ხარ... ისევ ირბინე? გინდა, მამაშენს ვუთხრა? დამპირდი, რომ ასე აღარ მოიქცევი, დედიკო... ახლავე ავდგები და გასადილებ. კატლეტები მოგიმზადე, შენ რომ გიყვარს...

ნიკუშამ გაჭირვებით გადაყლაპა ყელში გაჩრილი ცრემლი და უდიდესი ძალისხმევის ფასად სცადა, შეენარჩუნებინა სიმშვიდე. დედამისის სიტყვები შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი იყო, მაგრამ, მაინც სცადა, ყველაფერი დროებითი აუცილებლობისთვის მიეწერა, რაც დაცემისას მიღებული ტრავმით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. თუმცა ამან მაინც ძალიან მძიმედ იმოქმედა. გრძნობდა, როგორ უცემდა გული, ესმოდა კიდეც მისი გამალებული ბაგაბუგი...

– ნიკუშა... ავდგები, კარგი? ცოტას დავისვენებ და მოგხედავ...

– არა, დე, იწექი... დაისვენე. მე თვითონ ვისადილებ.

– ჰო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. ჩემი დიდი და ჭკვიანი ბიჭი... შენი იმედი მაქვს...

ელენემ თვალები ისევ დახუჭა და თითქმის მაშინვე ჩაეძინა. ნიკუშამ სახეზე აიფარა ხელები და ჩუმად აქვითინდა.

***

თინიკო ნერვიულად ათამაშებდა ჩანთის ელვა-შესაკრავს, ტუჩებს იკვნეტდა და დედის ნათქვამზე ფიქრობდა.

– არა. მან ეს არ უნდა იფიქროს. მე ხომ არაფერს ვთხოვ, აბსოლუტურად არაფერს.

– მართალია, შენ არ სთხოვ, მაგრამ, შესაძლოა, იმან სხვანაირად იფიქროს. თანაც, იქ რომ ჩადიხარ, ფაქტები ძალიან ცუდად ემთხვევა ყველაფერს.

– შეიძლება, ემთხვევა, მაგრამ, ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის, დედა, შემთხვევით მოხდა!

– ყველას არ სჯერა ასეთი შემთხვევების, მით უმეტეს, როცა საქმე ამხელა ფულს ეხება, – მწუხარებით ჩაილაპარაკა დიანამ.

– დედაშენი სიმართლეს ამბობს, – ოთახში ლევანი ისე მოულოდნელად გამოჩნდა, რომ თინიკომ გაბრაზებაც ვერ მოასწრო. ისიც კი გაიფიქრა, ნეტავი, სულ აქ ხომ არ იყო და ჩუმად ხომ არ გვისმენდაო.

– მე შენი აზრი უკვე მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და აღარ მაინტერესებს, – დაუფარავი აგრესიით მიმართა ქმარს და ისევ დიანას მიუბრუნდა, – რა ვქნა, დედა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე და აღარ შევცვლი. მოხდეს, რაც მოსახდენია, ყოველ შემთხვევაში, ჩემსას მაინც ვეცდები.

– ხედავთ? – შეწუხებული სახით მიმართა ლევანმა სიდედრს, – ისე იქცევა, თითქოს მისი მტერი ვიყო. რამდენიმე დღეა, უფრო სწორად, იმის მერე, რაც ეს ამბავი გაიგო, ნორმალურად აღარც კი მელაპარაკება.

– დამნაშავე მე ვარ. გულახდილობისთვის ძალიან ცუდი დრო შევარჩიე, – თქვა დიანამ.

– თავს ნუ იდანაშაულებ, დედა, – ხმა გაიმკაცრა თიკამ, – ლევანს და მე დიდი ხანია, პრობლემები გვაქვს. უბრალოდ, ამაზე არ ვლაპარაკობდით.

ლევანმა ნაძალადევად გაიცინა.

– აბა, რას ამბობ, საყვარელო? დედაშენს ეგონება, რომ ჩვენ შორის რაღაც უთანხმოებაა და ყოველდღე ვჩხუბობთ.

თიკამ დაუფარავი ირონიით შეხედა ქმარს და ჩაიცინა. ლევანი გაწითლდა და უხერხულად შეიშმუშნა. დიანა შეწუხდა.

– ბავშვებო, არ მინდა, ჩემ გამო უსიამოვნებები გქონდეთ. ნეტავი, საერთოდ არაფერი მეთქვა, კიდევ შემენახა ჩემი საიდუმლო, ისე, როგორც აქამდე ვინახავდი, მაგრამ, ვიფიქრე, რომ...

– ძალიან არასწორად იფიქრეთ და, სხვათა შორის, საერთოდ არ გაითვალისწინეთ, ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა ამაზე, – ვეღარ მოითმინა ლევანმა.

– დედაჩემს წესიერად ელაპარაკე! – გაბრაზდა თიკა, – ძალიან კარგი ქნა, რომ ყველაფერი გაგვიმხილა.

– ჰო, რა თქმა უნდა. თვითონ მოიხსნა გულიდან ლოდი და ჩვენ აგვკიდა... კარგია, რატომაც არა?! ასე გაცილებით მარტივიც არის და შეგიძლიათ, მომხდარზე ხელებიც დაიბანოთ. იმაზე მაინც თუ გიფიქრიათ, თუ წარმოგიდგენიათ მაინც, თქვენს მეუღლეს რა რეაქცია ექნება, ამას რომ გაიგებს?

– მამაჩემს გულისხმობ? – გაოცებით იკითხა თიკამ.

– დიახ. ეგრეთ წოდებულ მამაშენს. რას მიყურებ? იქნებ უკვე აღარ არის მამაშენი? ან, იქნებ, მიგაჩნია, რომ ეს კაცი უკვე აღარ არის სათვალავში ჩასაგდები?

– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ და, საერთოდ, ხომ შევთანხმდით, რომ ჩემი ოჯახის საქმეებზე არ ვილაპარაკებდით?

– არაფერზე არ შევთანხმებულვართ და ნუ დაგავიწყდება, რომ მე შენი ქმარი ვარ. არსადაც არ გაგიშვებ. უფრო სწორად, მარტოს არსად გაგიშვებ, მეც წამოვალ!

თინიკომ ჩანთის შესაკრავს თავი ანება და ლევანს ბრაზით შეხედა:

– გეყოფა! მე დღეს გამთენიისას მივემგზავრები, უფრო სწორად, ხვალ გამთენიისას. ბილეთის აღებასაც ვერ მოასწრებ.

– ჩემთვის ეგ პრობლემა არ არის. უკვე დავრეკე აეროპორტში და ბილეთს იქვე დამახვედრებენ. ასე რომ, ჩემთვისაც მოგიწევს ჩანთის ჩალაგება.

დიანამ შვებით ამოისუნთქა:

– რა კარგია. გმადლობ, შვილო. ახლა იმედიანად ვიქნები. ძალიან ვნერვიულობდი, მარტო რომ მიდიოდა.

– არ მინდა, რომ წამოვიდეს, – თქვა მოულოდნელად თიკამ. ნირწამხდარმა ლევანმა სიდედრს შეხედა და ხელები გაშალა.

– აჰა, ისევ... უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო. თინიკო, დედაშენს მაინც უთხარი, რა გინდა, რას მოითხოვ ჩემგან? ყველა საქმე გადავდე, ფაქტობრივად, გამოვიპარე და, არ ვიცი, ეს საქციელი რად დამიჯდება. შენ კი მაინც უკმაყოფილო ხარ.

– მე მსხვერპლი არ მჭირდება. მით უმეტეს, შენგან. როგორმე გზასაც გავიგნებ და საქმესაც გავაკეთებ!

– ესე იგი, არ გინდა, რომ წამოვიდე?

– არა!

– რატომ, თინი, რატომ არ გინდა?

– იმიტომ, რომ, ვიცი, ამას რაც მოჰყვება: გაჩნდებიან ჟურნალისტები, წამოვა უაზრო შეკითხვების კორიანტელი და ნერვები ორივეს მოგვეშლება. გაცილებით ჯობია, მარტო გავემგზავრო.

ლევანმა სიდედრს გადახედა:

– არა, შეხედეთ ერთი! ვერ ვიგებ, რისთვის მეჯიუტება ასე.

დიანა ადგა.

– აჯობებს, მე სახლში წავიდე, უჩემოდ უფრო მშვიდად დაილაპარაკებთ და გადაწყვეტილებასაც უჩემოდ მიიღებთ. არ მინდა, თქვენს საქმეში ჩავერიო.

ლევანს უნდოდა ეთქვა, თქვენ უკვე ჩაერიეთ, თანაც, საკმაოდ ცუდადო, მაგრამ ცოლთან სიტუაციის გამწვავებას მოერიდა. თუმცა, დიანაზე ძალიან იყო გაბრაზებული.

– დედა, არ წახვიდე! ზუკა შენ უნდა დაგიტოვო. ბავშვი მარტო ვერ იქნება. მალე მოვა, გაკვეთილზეა ესპანურის მასწავლებელთან და ტაქსით გაგიშვებთ ორივეს.

– მე თვითონ წავიყვან. ისე, ხომ არ გირჩევნიათ, აქ იყოთ ბავშვთან ერთად?

– არა, ზურაბს არ უყვარს, როცა სხვაგან ვრჩები.

ლევანმა ჩაიღიმა. „არ უყვარს, როცა სხვაგან რჩება, – გაიმეორა გუნებაში და ლამის ხმამაღლა გადაიხარხარა, რა მაგარია, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მკაცრი ქმარი, რომელსაც მთელი ოჯახი მუჭში ჰყავს მოქცეული. სინამდვილეში კი...“

– სამზარეულოში ვიქნები. რამეს მოგიმზადებთ. ხომ ივახშმებთ?

დიანა ოთახიდან ისე გავიდა, პასუხს არ დალოდებია. ლევანმა ცოტა მოიცადა და რომ დარწმუნდა, სიდედრი მის ნათქვამს ვერ გაიგონებდა, თიკას ჰკითხა:

– შენ, რა, მართლა არ გინდა, რომ წამოვიდე?

თინიკომ არ უპასუხა. ჩანთას დაეჯაჯგურა, რომ საწოლიდან იატაკზე დაედო, კაცმა სწრაფად შეაშველა ხელი.

– აბა, რას აკეთებ, თინიკო? შენ გეუბნები, რატომ იქცევი ასე? შენ გამო ყველა საქმე გადავდე და მოგყვები, მართლა.

– მერე, რატომ? მე გთხოვე? რამდენადაც მახსოვს, არ მითხოვია...

– თინი, ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება უშენოდ და შემეშინდა.

თინიკომ გაიცინა:

– გეყოფა, სულერთია, გულს ვერ მომილბობ.

– ეგ არაფერში მჭირდება. ის გითხარი, რაც გავიფიქრე და რასაც ვგრძნობ. შენი უფლებაა, არ დამიჯერო.

– დაგიჯერებდი, შენ რომ ჩემი ცოტათი მაინც გესმოდეს.

– მესმის და მაგას „დედისერთების სინდრომი“ ჰქვია. მართალია, ყველა დედისერთას არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მარტოა, მაგრამ შენნაირებიც გამოერევიან ხოლმე. ამიტომ არ მიკვირს, დედაშენის „აღიარებითმა ჩვენებამ“ ასე რომ გაგახარა, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ძალიან მინდა, იმ მეორე მხარესაც დახედო. თინი, გთხოვ...

თინიკო ჩუმად უსმენდა ქმარს. მის თითოეულ სიტყვას წონიდა და ნელ-ნელა ყოყმანი დაეტყო. ლევანს იმედი მიეცა, რომ ცოლის დარწმუნებას შეძლებდა და იმავე პათოსით განაგრძო.

– ერთი წუთით დაფიქრდი და შეეცადე, შენ ადგილას სხვა ადამიანი წარმოიდგინო, ნებისმიერი სხვა და შენ უცხო თვალით განსაჯე. რას იტყოდი? მითხარი, ოღონდ გულახდილად, ძალიან გთხოვ.

– ალბათ, არ მომეწონებოდა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა თინამ.

– რა არ მოგეწონებოდა? – ჩააცივდა ლევანი.

– არ მომეწონებოდა „ახალგამოჩეკილი“ ნათესავების სიახლოვე, მაგრამ, ლევან...

– მოიცა, შენ უკვე თქვი მთავარი. ახლა, ისე მოიქეცი, როგორც შენი გული გიკარნახებს. ოღონდ, მარტო ვერ გაგიშვებ შევთანხმდეთ ამაზე. თან, მინდა, მოგამზადო იმისთვის, რომ, შესაძლებელია, ნიკუშამ იმედი გაგიცრუოს.

– ნიკუშა ყველაფერს სწორად გაიგებს, – უფრო საკუთარი თავის დასარწმუნებლად თქვა თინიკომ.

– იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შენ კი ახლა ყველაზე მეტად შვილზე უნდა იფიქრო, ჩვენს შვილზე.

– ჰო. მართალი ხარ. ჯანდაბა... იმ ნახატზე საერთოდ არ მიფიქრია, არც ფულზე. შენ ხომ მაინც იცი, რომ ფული არაფერში მჭირდება, ჩემიც საკმარისზე მეტი მაქვს.

– ვიცი, მაგრამ, შენ ერთი, პატარა და თითქოს უმნიშვნელო დეტალი გავიწყდება.

თინიკომ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ქმარს. ლევანმა თავი მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია. თინიკო შეწუხდა.

– მითხარი, რას გულისხმობ, რა დეტალი დამავიწყდა?

– მამაშენის ფაქტორი...

– მამაჩემის ფაქტორი?

– ჰო. ბატონი ზურაბი. მართალია, დაბერდა და ბრჭყალებიც ისე აღარ უჭრის, როგორც უწინ, მაგრამ, იმდენს მაინც შეძლებს, შენ და დედაშენი მშრალზე დაგტოვოთ, ჩემთვის სრულიად გასაგები და ბუნებრივი მიზეზების გამო.

– ზურაბს უფლება არ აქვს, ურთიერთობა დამიშალოს ან ამიკრძალოს ჩემს ყველაზე ახლობელ ადამიანთან.

– აჯობებს, ზურაბმა დიდხანს არ გაიგოს სიმართლე, თორემ, რისი უფლებაც აქვს, დაგანახვებს.

– ეს უსამართლობაა! – აღშფოთდა თინიკო

– გეთანხმები, მაგრამ, თვითონ ცხოვრებაა უსამართლო. ამიტომ, დედაშენი გააფრთხილე, მეტისმეტი გულახდილობა ნუ მოუნდება, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ქუჩაში, ღია ცისქვეშ აღმოჩნდეს.

– არც ისეა საქმე, როგორც შენ ამბობ. დედაჩემი მისი კანონიერი ცოლია. ასე ვერ მოიქცევა.

– შენ მაინც გააფრთხილე, ისე, ყოველი შემთხვევისთვის. შენთვისაც ასე აჯობებს და იმ ადამიანისთვისაც, ამ თქვენი ახალი ამბით მალე შოკში რომ ჩააგდებთ.

– მე ფული არ მაინტერესებს, – გაიმეორა თინიკომ.

– ეს ნიკუშას აუხსენი. მე ვიცი, იმიტომ, რომ გიცნობ, იმან კი მხოლოდ ახლა უნდა გაგიცნოს.

– ნიკუშას გაუხარდება ეს ამბავი... დარწმუნებული ვარ, – თავი ჯიუტად დააქნია თინიკომ.

– სხვა რა გზა გაქვს. შენ მაინც დარწმუნებული უნდა იყო, თორემ, როგორ გინდა, მიხვიდე კაცთან და უთხრა, – გამარჯობა, მე შენი და ვარ! ჩემთან რომ ასე მოვიდეს ვინმე...

– რას იზამ? ჰო, რას იზამ? გარეთ გააგდებ?!

– ძალიან რბილად, რომ ვთქვა, სწორედ ასე მოვიქცევი. თუმცა, ზუსტად არ ვიცი, იმ მომენტში რა ჭკუაზე დავდგები. არ გამოვრიცხავ, რომ კიბეზეც დავაგორო. ამას ისიც დაუმატე, რა ურთიერთობა ჰქონდა მამიკო ზურაბს დედამისთან და...

თინიკომ მოიწყინა.

– მშობლების შეცდომებზე შვილებმა პასუხი არ უნდა აგონ, ასე არ შეიძლება.

– ჰო, არ შეიძლება. მაგრამ, რეალურად, სწორედ შვილები აგებენ ხოლმე პასუხს. ასე რომ, შეეგუე იმ აზრს, რომ, შესაძლებელია, ნიკუშამ ზურგი შეგაქციოს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ და ვიცი, საკმაოდ ჩვილი გული აქვს, მაგრამ, შენს სიტუაციას ძალიან ამძიმებს ნახატის ამბავი.

– ჯანდაბა! ეგ ნახატი ჩვენი ბედისწერასავით არის. ხომ დაიკარგა?!

– ჰო, და, უამრავი ეჭვიც გააჩინა, მაგრამ რადგან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, გავემგზავროთ, მოხდეს, რაც მოსახდენია. ბოლოს და ბოლოს, თუკი არ მიგვიღებს, ის მაინც ჩემი ცოლის ძმაა და ამ ფაქტს ვერც მე გავექცევი, ვერც ნიკუშა. ოჰ, დიანა, დიანა, მაგარი სიურპრიზი მოგვიწყვე!..

– გეხვეწები, დედაჩემზე ცუდი არაფერი თქვა, ისედაც მკვდარია ქალი...

– ო, აბა?! მე კი მეგონა, სულაც არ აწუხებს სინდისი მომხდარის გამო.

– ლევან! – ცრემლნარევი ტონით შესძახა თინიკომ.

– ჰო, კარგი, ჩუმად ვარ. რა უფლება მაქს, სხვა ადამიანის მორალსა და ზნეობაზე ვიმსჯელო! იცი, ახლა რა ვქნათ? – ლევანმა ცოლს მხარზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა, სამზარეულოში გავიდეთ და ვნახოთ, დედიკომ რა მოგვიმზადა. ჩემი პატარა, საწყალი გოგო... როგორ დამეჩაგრა...

– ლევან, არ გინდა, თორემ ავბღავლდები... წარმოიდგინე, ამდენი წელი ძმა მყავდა და არ ვიცოდი. თანაც, რაც შენი ცოლი ვარ, სულ ჩემ ცხვირწინ ტრიალებს.

– აბა, მეც მაგაზე ვფიქრობ, რაც ეს ამბავი გავიგე, ჩემს თავს ვეკითხები, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. უკვე მეშინია, კიდევ რამე ისეთი არ გაირკვეს, რაც საერთოდ გულს გამიხეთქავს...

თინიკო ლოყით მხარზე მიეხუტა ქმარს, მერე ორივე ხელი წელზე შემოხვია და სახე მის მკერდში ჩამალა. ლევანს შიგნით რაღაც გაულღვა, ცოლს თვითონაც მაგრად მოჰხვია ხელი და საკუთარი თავის შერცხვა იმ გულგრილობის გამო, რითაც არაერთხელ აუტირებია თინიკო... „მასზე ძალიან, ალბათ, არასოდეს არავის ვეყვარები. ბავშვივით მენდობა და სჯერა ჩემი. თუ ამ ერთგულებასა და მორჩილებას ვერ დავინახავ, ბრმა და სულელზე სულელი ვიქნები. ბრმა გულით მაინც ხედავს და, შეიძლება, ამიტომაც, ბრმები არასდროს ცდებიან ადამიანებში. ამ ქალს ვუყვარვარ და ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ეს დიდი გრძნობა ქარს არ გავატანო. მარტო დარჩენის შიში კარგი მრჩეველი ყოფილა. თინიკო და ჩემი შვილი ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებიან. ამ ორ არსებას არაფრით არ დავთმობ. თუნდაც ყველაზე დიდი და წარმოუდგენელი ტყუილის თქმა დამჭირდეს“...

– რაზე ფიქრობ? – წასჩურჩულა თინიკომ და ტუჩები ყურზე მიადო. ლევანს შეაჟრჟოლა.

– იმაზე, რომ მერჩივნა, დედაშენი სამზარეულოში კი არა, სადმე უფრო შორს ყოფილიყო, ძალიან შორს, მაშინ ისე მოგეფერებოდი, როგორც არასოდეს მოგფერებივარ.

თინიკომ ბედნიერებისგან გაიცინა.

– არ ვიცი, რა არის ამ ცვლილების მიზეზი, მაგრამ, ფაქტია, რომ მე ის ძალიან, ძალიან მომწონს... – ქალმა მეტი ვერაფრის თქმა მოასწრო. ლევანის ტუჩებმა არ მისცა ამის საშუალება, მისი ტუჩები მოძებნა და სიტყვები კოცნით ჩაახშო...

***

ზურაბი გრძნობდა, რომ მის მიერ აგურ-აგურ ნაშენებ იმპერიას საძირკველი შეერყა და მალე თავზე დაემხობოდა. სიტუაციის მართვის სადავეებიც ხელიდან ეცლებოდა. მის სახლში რაღაც უცნაური ხდებოდა და ის ამას ახსნას ვერ უძებნიდა. ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში იყო. ყოველთვის იცოდა, რას აკეთებდა, რით სუნთქავდა მისი ცოლ-შვილი. მოსწონდა, თვალშისაცემი პატივისცემითა და რიდით რომ ეპყრობოდნენ. თავს ყველაფრის ბატონ-პატრონად გრძნობდა და ეს თავდაჯერებულობას ჰმატებდა. დარწმუნებული იყო, რომ ვერც ცოლი და ვერც შვილი მის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამდნენ. როცა თინიკო პირველად გათხოვდა, ზურაბმა ერთი შეხედვით შეაფასა სიძე და საშინლად არ მოეწონა. იმაში, რომ თიკა თავის პირველ მეუღლეს დაშორდა, ლომის წილი ზურაბს მიუძღვოდა. „მაგას მარტო ჩემი ფული აინტერესებს!“ – ბობოქრობდა ცოლთან, – „დარწმუნებულია, რომ არხეინად წამოგორებული, თავის დამპალ ვენებში გაუშვებს ჩემს ტანჯვით ნაშოვნ ქონებას და ამაში ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ, ვერ მივართვი! დავანახვებ, რომ ანგარიშში მოტყუვდა. დავაჭერინებ და ციხეში, ნარზე ამოვალპობ. იდიოტი! ერთი თიკამ იმშობიაროს! არ მინდა, ბავშვი ზედმეტად ვანერვიულო, მერე მე ვიც!..“ მალე თინიკოს ქმარი ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის დაიჭირეს და სასჯელი კანონის მთელი სიმკაცრით მიუსაჯეს, ყოვლისშემძლე სიმამრის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა. „უსამართლოდ“ დაპატიმრებულმა და დასჯილმა, ცოლისა და ახალდაბადებული შვილის ნახვა არ მოინდომა. ნაწყენი იყო, საყვარელმა ქალმა ასე როგორ გამიმეტაო და, ამ წყენის დავიწყებას, ისევ ოჯახის დავიწყება არჩია. თინიკომ ცოტა ინერვიულა (ბევრი რომ არ ენერვიულა, ზურაბმა ყველაფერი გააკეთა ამისთვის), მერე ევროპა მოიარა, დარწმუნდა, რომ ცუდი ქმრის ყოლას ისევ უქმრობა და ზურაბისნაირი მამის ფრთის ქვეშ უდარდელად ცხოვრება ჯობდა და, გადაწყვიტა, ყველაფერი თავიდან დაეწყო... ლევანითაც არ აღფრთოვანებულა ბატონი ზურაბი. როცა შვილის ახალი რჩეული ნახა, თავისი აღშფოთება ცოლს დაატეხა თავზე რისხვად:

– „გამაგებინე, ერთი, სად პოულობს შენი შვილი ასეთ მათხოვრებს? ის უსაქმური ძლივს მოვიშორე თავიდან და ახლა ეს მომითრია! მადლობა ღმერთს, რომ ეს ნარკომანი მაინც არ არის, ესეც შეღავათია. თუ „წვრთნას“ დაემორჩილა, კაცად ვაქცევ. ჯანდაბა, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგორ უნდა იყოს? ისე, ალღო ჰქონია, რას ერჩი“!..

ზურაბი მალე მიხვდა, რომ ახალ სიძეს იმაზე მეტი ალღო ჰქონდა, ვიდრე წარმოიდგენდა. მალე სიძე-სიმამრი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უკან დახევას არც ერთი არ აპირებდა, თუმცა, ზურაბი გარემოებამ აიძულა, ჩრდილში გადასულიყო. მაგრამ, იმის გაფიქრება, რომ მხოლოდ სიძის დამსახურებით შერჩა და ეპატია რაღაც-რაღაცეები, აცოფებდა. “ლაწირაკი. მაგისი ბრალია, რომ აღარც ცოლი მემორჩილება და აღარც შვილი, ორივე ჩემს წინააღმდეგ აამხედრა! დიანა მაინც როგორ ბედავს, ჩემგან დამალული ჰქონდეს რამე და ის აკეთოს, რაც მოუნდება?! ახლაც ისე წავიდა, არაფერი უთქვამს და სად დაწანწალებს, არც ვიცი. მობილურიც არ წაუღია, რომ ზედმეტი შეკითხვებით არ შევაწუხო. დარწმუნებული ვარ, საყვარელ სიძე-ქალიშვილს ესტუმრა“, გაღიზიანებული ზურაბი ბოლთას სცემდა ოთახში და გალიაში გამომწყვდეული ლომივით ბდღვინავდა. მერე სავარძელში ჩაჯდა და, ის იყო, თავის საყვარელ სიგარას მოუკიდა, რომ დიანამაც შემოაღო კარი.

– არ მოწიო, შენთვის არ შეიძლება, – თქვა მშვიდად, როცა ქმრის ხელში სიგარა დაინახა და ჩანთა იქვე, კომოდზე დადო.

ზურაბი უარესად გააგიჟა მისმა სიმშვიდემ.

– სად ბრძანდებოდი, ქალბატონო? გაიღებ მოწყალებას და მეტყვი, თუ ჩემით უნდა მივხვდე?

– შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? დავუშვათ, თიკასთან ვიყავი.

ზურაბს ნერვებმა უმტყუნა და იყვირა.

– დავუშვათ კი არა, სად იყავი-მეთქი! თუ შეგნებულად ცდილობ, ჭკუიდან გადამიყვანო?

– ნუ ღრიალებ, ზუკა მოდის და არ შეაშინო ბავშვი.

შვილიშვილის ხსენებაზე ზურაბი დაცხრა. სეხნია შვილიშვილი ერთადერთი ნათელი სხივი იყო მის ცხოვრებაში და ერთადერთი არსება, ვინც მართლა უყვარდა.

– ოჰო, მოწყალება გაიღეს და გამოგატანეს? – ირონიით სცადა ამ ამბით გამოწვეული სიხარულის დაფარვა, – რა მოხდა, ჩემი უსინდისო ქალიშვილი სინდისმა შეაწუხა?

– მასზე ასე ნუ ლაპარაკობ! თინიკო უსინდისო არ არის.

– აბა, რა არის? ამდენი ამაგი წყალში გადამიყარა! ქმარი ურჩევნია მშობელ მამას! იმისი სჯერა და ჩემი არა. ვინ გაამართლებს? მხოლოდ შენ, დედამისი.

– თიკა ორსულად არის, ხმადაბლა ჩაილაპარაკა დიანამ. ზურაბს არც სიხარული გამოუხატავს, არც რაიმე მსგავსი ემოცია.

– ნუთუ შენთვის სულერთია? შენს შვილიშვილზე გელაპარაკები.

– მე უკვე მყავს შვილიშვილი, რომელიც ჩემს გვარს ატარებს და ჩემი გენის გამგრძელებელი იქნება. იქნებ ამ ბავშვმა მაინც გამიმართლოს, თორემ, გარს მარტო უმადურები მახვევია. წარმომიდგენია, ლევანი ჩემ მიმართ როგორი სიძულვილით გაზრდის თავის ლაწირაკს! რა გასაკვირია, რომ არ მაინტერესებს მისი ნაბიჭვარი.

– ნამდვილი ურჩხული ხარ! – აღმოხდა ქალს. – ფრთხილად იყავი, საკუთარ შხამში არ დაიხრჩო.

ზურაბმა გაიცინა და ოთახში შემოსული შვილიშვილის შესახვედრად გაშალა ხელები.

– მოდი, ბაბუ, მოდი, გენაცვალე! როგორ მომენატრე, ბაბუ. ხვალ სანადიროდ წავიდეთ. ხომ დარჩები?

– დავრჩები. სახლში მაინც არავინ არის. დედაჩემს არც კი უთქვამს, როდის აპირებენ ის და ლევანი საფრანგეთიდან დაბრუნებას. ისევ მომატყუეს და არ წამიყვანეს. მე მაღლა ავალ, კარგი?

ზურაბს სახე მოექცა. შვილიშვილის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და ცოლს ბოროტად შეხედა:

– ლევანი და თინიკო საფრანგეთში გაემგზავრნენ და ეს არ მითხარი?

– ჰო, მიდიან. ლევანს რაღაც საქმე აქვს და თინიკოც მიჰყავს.

– ცრუობ! ძალიან კარგად იცი, რისთვისაც მიდიან. ხომ ვამბობდი, იმ ნახატის გაქრობაში მაგ ნაბიჭვრის ხელი ურევია-მეთქი! ჩვენი გველის წიწილიც ყველანაირად ეხმარება. მაგრამ შენ, შენ რა ინტერესი გაქვს?

– ტყუილად ბობოქრობ. შენი უბედურება ის არის, რომ ყველაფერს შენი გადმოსახედიდან აფასებ. თიკასა და ლევანის გამგზავრებას ნახატთან კავშირი არა აქვს, შეგიძლია, დამიჯერო.

– შენ დაგიჯერო? დავუჯერო ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება მუთაქასავით უსარგებლო ტვირთად მკიდია ზურგზე და ნერვებს მიჭამს, ფულზე რომ აღარაფერი ვთქვათ? ერთი რამე გევალებოდა, ერთადერთი – შვილი გაგეზარდა ნორმალურად და ესეც ვერ შეძელი. მამის სიყვარულიც კი ვერ ასწავლე, სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჯერ იმ ნარკომანს გადაეკიდა, ლევანზე ხომ ლაპარაკიც არ მინდა... მოღალატე!..

– ლევანი ძალიან კარგი ბიჭია. შენ რა უფლება გაქვს, ადამიანის დადებითზე, ან უარყოფითზე ილაპარაკო?

ზურაბი ცოლს აღარ უსმენდა, წამოხტა და გადარეულივით სცემდა ოთახში ბოლთას.

– დავუშვათ, მართლა ლევანმა მოაპარვინა ის ნახატი, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? – ჰკითხა დიანამ.

– ბატის ტვინი რომ არ გედოს მაგ თავში და სულ ცოტათი მაინც რომ აზროვნებდე, მიხვდებოდი, რომ მე ჩემს შვილიშვილზე ვზრუნავ. ჩვენს შვილიშვილზე, რომელსაც საყვარელი მამინაცვალი მშრალზე დასვამს, ერთ ლარსაც კი არ მისცემს. მით უმეტეს, ახლა, როცა საკუთარი შვილი გაუჩნდება. ზუკას ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს, რასაც ლევანი ვერასოდეს შეეგუება.

დიანა ქმარს მიაშტერდა და მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:

– ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები სისხლის თაობაზე, საყვარელო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3