კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აქვს თავში ქარი და გულში ბზარი ნინო ღავთაძეს

„ვარსკვლავების აკადემიის“ სტუდენტი, ნინო ღავთაძე ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, ხოლო აკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნია. ჩვენი ინტერვიუ სიყვარულს უკავშირდება, რაც მისთვის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ჩვენს რესპონდენტს გულახდილი საუბრისთვის არც ამჯერად უღალატია, შესაბამისად, ინტერვიუც საინტერესოდ წარიმართა.

– რა ადგილი უკავია სიყვარულს შენს ცხოვრებაში?

– ჩემს ცხოვრებაში სიყვარულს უზარმაზარი ადგილი უკავია. მართალია ასაკის მატებასთან ერთად, რომანტიზმიც იკლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ რომანტიკოსი ვარ. აქედან გამომდინარე სიყვარულიც ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა ჩემთვის. სიყვარული შინაგანი შეგრძნებაა, რომლითაც ადამიანი არსებობს. ამ გრძნობამ დამაწყებინა სიმღერების წერა, მღერა და ასე შემდეგ.

– ხშირად ხარ შეყვარებული?

– ვცდილობ შეყვარებული ყოველთვის ვიყო. შეიძლება, გამოგონილი ობიექტიც იყოს და სულაც არ გქონდეს მასთან ურთიერთობა. საკმაოდ ძნელად ვიყვარებ და თუ შემიყვარდა მერე მისი დავიწყება ძალიან მიჭირს.

– რა იცვლება შენში, როცა შეყვარებული ხარ?

– დღესდღეობით შეყვარებული არ ვარ, ამიტომ ამ ეტაპზე უფრო ობიექტურად შემიძლია, ამ ყველაფრის შეფასება. როცა შეყვარებული ვარ, ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე ვხდები. პიროვნება, რომელიც მიყვარდება იმდენად არის ჩემს არსებაში, რომ ვიციკლები და საკუთარ თავში ვიკეტები. იმ დროს, ალბათ, საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო ვხდები. ამ მხრივ მე სიყვარული არ მაწყობს (იცინის). სიყვარულს თავის პლუსებიც აქვს. იმ დროს ბევრად უფრო ლამაზი ვარ, თვალებში სხვანაირი სხივი მაქვს.

– „ვარსკვლავების აკადემიის“ შემდეგ ხალხის ყურადღება შენ მიმართ გაორმაგდა. უცნობი ადამიანებისგან ბევრ კომპლიმენტს და თბილ სიტყვას ისმენ. რომელს გაიხსენებ?

– მართალია, ადრეც მცნობდნენ, მაგრამ „ვარსკვლავების აკადემიის“ შემდეგ ბუმივით იყო. კომპლექსი მქონდა ფინალისტი რომ ვერ გავხდი და პროექტიდან გამოვვარდი. ცოტა სკანდალური იმიჯიც მქონდა და არ ვიცოდი გარეთ ხალხი როგორ შემხვდებოდა. ხალხისგან ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამას წინათ ერთი კურიოზი შემემთხვა. ინგოროყვას ქუჩაზე, კანცელარიის წინ ვცხოვრობ. ამიტომ პოლიტიკური სიტუაციების დაძაბვასთან ერთად, ჩემი ცხოვრებაც დაიძაბა, საკნების ალყაში მოვყევი. ერთ მშვენიერ დღეს სახლიდან მანქანით გავედი და საკნები დამხვდა. ვერანაირად მოვახერხე მანქანით გადაადგილება. ცოტა ფეთქებადი ვარ, ბოლომდე თავის შეკავება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე. ამიტომ, როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე მოულოდნელი არასასიამოვნო სიახლეა, ვფეთქდები. პატარა „ფოიერვერკი“ საკანთანაც მოვაწყვე და ცოტა გავუბრაზდი იქ მყოფ ადამიანებს. ამ დროს ერთი მომიბრუნდა და მითხრა, აი სულ ტყუილად გიგზავნიდი ესემესებსო.

– შენი რეაქცია როგორი იყო?

– სულ მთლად მოვლბი ამის გაგონებაზე, მოკლედ „შემაბა“ და იმ ჩხუბის შემდეგ უფრო უკეთეს ფაზაში გადავიდა ჩემი და ოპოზიციის ურთიერთობა.

– როგორი უნდა იყოს ნინო ღავთაძის სასურველი მამაკაცი?

– ბოლო დროს ჩემს პიროვნებაში გაორება აღინიშნება, რომანტიკოსი ნინო ნელ-ნელა იძინებს და პრაგმატიკოსი იღვიძებს. ამიტომ ამ გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, მამაკაცი ჩემს გვერდით, ჩემზე ნაკლები არაფრით არ უნდა იყოს. არ არის აუცილებელი უკეთესი იყოს, მაგრამ ნაკლები არავითარ შემთხვევაში. არ უნდა ჩამომივარდებოდეს დაწყებული აზროვნებით, სულიერად, ფიზიკურად და მატერიალურად. მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ჩემ გვერდით თავი მამაკაცად იგრძნოს და არა ჩემს ფარად.

– საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობაშიც ფეთქებადი ხასიათი გაქვს?

– ბოლო დროს საერთოდ არ ვფეთქდები, რადგან საყვარელი მამაკაცი არ მყავს. ყველაფერს თავის პლუს-მინუსი აქვს, იქნებ ასეც ჯობია. დღესდღეობით ჩემთვის საკმაოდ მშვიდად ვარ, მაგრამ მარტო ყოფნაც რთულია.

„რა არის ქალი, თუ არ ჰყავს ქმარი,

თავში აქვს ქარი, გულში აქვს ბზარი,

მაგრამ იმედი არის...”

– შენ რისი იმედი გაქვს?

– რა გინდა მითხრა, რომ არ მყავს ქმარი და თავში მაქვს ქარი?!

– როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ხდება, მასზე თუ წერ სიმღერებს?

– სიმღერის ტექსტი ჩემთვის სიტუაციის ზუსტად გამოხატვის საშუალებაა. შეიძლება, იმ პიროვნებას ვერაფერი ვერ, ან არ ვუთხრა, მაგრამ სიმღერაში გამოვხატო.

– ძალიან ბევრი სიმღერა გაქვს დაწერილი, გამომდინარე აქედან, შეიძლება, ითქვას, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება?

– საკმაოდ ბევრი რამ ხდება. იმდენად საინტერესო ცხოვრება მაქვს, რომ ხანდახან საკუთარ თავს, როგორც ფილმის გმირს, ისე ვუყურებ. ჩემში ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. ბაქოში სულ სხვა ვარ, თბილისში – სულ სხვა. როდის შეერთდება ბაქო-თბილისის გზები და ერთიანი როდის გავხდები, ჩემთვის უცნობია.

– კონკრეტულად, ერთი პიროვნებისთვის თუ დაგიწერია სიმღერა და ამ სიმღერის შესრულების დროს თუ გახსენდება ის ადამიანი?

– თითქმის ყველა სიმღერა კონკრეტული ადამიანისთვის მიმიძღვნია, მაგრამ შესრულების დროს ის ადამიანი შეიძლება, აღარც მახსოვდეს. ამიტომ ჩემთვის შეყვარებულობის მდგომარეობა ხანდახან საჭიროც არის, მუზები რომ მესტუმრონ. დღეს შეყვარებული არ ვარ, მაგრამ მუზები მაინც ჩემთან არიან.

– პირველი სიყვარული როდის გეწვია?

– პირველი სიყვარული 19 წლის ასაკში მეწვია, რაც ცოტა დაგვიანებულია. მანამდე დედიკოს ხუთოსანი გოგო ვიყავი. პირველ სიყვარულს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელმაც შეიძლება, საერთოდ სხვა მიმართულება მოგცეს ცხოვრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, ძალიან დიდი ნახტომი გაგაკეთებინონ ცხოვრებაში წინ, ან უკან. სიყვარული საკმაოდ მოულოდნელად მოვიდა. გავიცანი პიროვნება, რომელიც მომეწონა, მასაც მოვეწონე, გავეპრანჭეთ ერთმანეთს, მაგრამ ორივემ თავი დავიფასეთ. ყველაფერი ბედის ამბავია, ჩვენი გზები გაიყო... ვინ აღარ შემხვდა ცხოვრებაში, მაგრამ ის ადამიანი მას შემდეგ შემთხვევითაც კი არსად შემხვედრია.

– სიყვარულის გამო რას დათმობ და რა დაგითმია?

– სიმართლე გითხრა, დიდი დამთმობი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვი რას დავთმობ. დამითმია ის, რომ ჩემი პოზიცია არ დამიფიქსირებია, რაღაც არ მომწონებია, მაგრამ გავჩუმებულვარ. ჩემი მხრიდან ეს ძალიან დიდი დათმობაა, რადგან ყოველთვის უსამართლობას ვებრძვი. როცა ნამდვილი სიყვარულია, რაღაცის დათმობა ორივე მხრიდან საჭიროა. სადაც გაგება და დათმობა არ არის, იქ დიდხანს ვერ ივლი. ადამიანებს ერთმანეთის მოსმენის უნარი უნდა ჰქონდეთ. მოსმენის კულტურა ყველასთვის აუცილებელია.

– რისი პატიება შეგიძლია საყვარელი ადამიანისთვის და რისი არა?

– არავინ იცის კონკრეტულ შემთხვევაში რას გააკეთებს. იმ პიროვნებასაც გააჩნია, ვისაც უნდა აპატიო. შეიძლება, ისე მოგექცეს, რომ აპატიო კიდეც. ამასაც დიდი ცოდნა უნდა. პატიების მხრივ ცოტა სხვანაირი ხასიათი მაქვს. შეიძლება, უცხო ადამიანს ელემენტარული რამ ვერ ვაპატიო და მასთან კონტაქტი გავწყვიტო, მაგრამ, ვინც მიყვარს, მას შეიძლება, ძალიან ბევრი რამ ვაპატიო. შეიძლება, ვაპატიო, მაგრამ ეს არასდროს მავიწყდება. ყულაბასავით არის, გროვდება და გროვდება.

– ამჟამად რა ხდება შენს ყულაბაში?

– სრული სიცარიელეა.

– დაბოლოს...

– ყველას ერთი რამ უნდა ახსოვდეს, განსაკუთრებით ქალბატონებს:

„მარტო ჩვენ არ დავრჩებით,

ვინმეს ხელში გავთბებით,

თუ არ მოხდა ასე

ერთად გავთბეთ მზეზე.“



მარიკა ხიდურელი


скачать dle 11.3