კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი თვე გრძელდება ადელინა გოგუაძის „თაფლობის თვე“ და რის გამო არ უნდოდა „თავი ცოცხალი“ გიგი დედალამაზიშვილს


გიგი დედალამაზიშვილისა და ადელინა გოგუაძის ცხოვრება აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად განვითარდა მას შემდეგ, რაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, ჯერ კიდევ „ბიჭების და გოგოების“ ქასთინგზე, გიგი ანა სანაიას გულშემატკივრობდა, ხოლო ადელინას შეყვარებულის სტატუსით ის ბიჭი ახლდა, რომელიც ახლა მისი ქმარია. მათი ინტერვიუც ძალიან საინტერესო გამოვიდა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ადელინა გოგუაძე

– როგორი ბავშვი იყავი, დამჯერი თუ ცელქი?

– აშკარად, დამჯერი ბავშვი უფრო მერქვა, ვიდრე მავნე და ცელქი, თუ ჩემსა და ჩემს დას შორის პარალელს გაავლებ. რა თქმა უნდა, ჩემი ახირებები მქონდა და თუ რამე მაშინ არ დავუჯერე ჩემებს, ახლა ძალიან ვნანობ. მაგალითად, იმას, რომ მუსიკალურში დავყავდი ჩემებს, მაგრამ კატეგორიულად არ მინდოდა, მეცადინეობა. დედაჩემი, ბაბუაჩემი დირიჟორები არიან. სულ სიმღერა და ტაშ-ფანდური იყო ჩვენთან. მაგრამ, ყოველთვის ყრუ ბავშვი ვიყავი. სიმღერა ექვსი წლის ასაკში დავიწყე, ძალიან გვიან. რადგან ვერ მღერის, ფორტეპიანოზე იაროსო, – ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ მე – ვერ ვიტანდი. ავიღებდი თერმომეტრს, ორთქლზე ავწევდი ტემპერატურას და ვითომ სიცხე მქონდა. ბოლოს, მეექვსე კლასიდან გამომიყვანეს, ტანჯვა იყო ჩემი იქ სიარული. ახლა კი ძალიან ვნანობ, რადგან ნოტებიც კი არ მახსოვს, თავიდან ვსწავლობ ყველაფერს. რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე – ეს ყველაფერი დამჭირდებოდა.

– დაგჭირდა? საქმეც ესაა. მგონი, ამის გარეშეც არაჩვეულებრივ სიმღერებს წერ.

– კი, მაგრამ, ახლა რომ სწავლობ – სოლ სანოტო რვეულის მეორე ხაზზე იწერება, რაც მუსიკალურის მეორე კლასში გადასარევად ვიცოდი, ცოტა უხერხული მომენტია (იცინიან).

– სკოლაში რა ხდებოდა?

– თავიდან პირველ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ბაბუაჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, მერე სკოლა გამოვიცვალე და ბიცოლაჩემი გახლდათ ჩემი დამრიგებელი. მოკლედ, ოჯახურ ატმოსფეროში ვიყავი სკოლაშიც, მაგრამ, გადასარევად ვსწავლობდი-მეთქი – არა, უფრო ნორმალურად.

– მეამბოხე იყავი? შატალოები და მსგავსი რაღაცეები თუ გიყვარდა? მაგრამ, პრინციპში, თუ ბიცოლა იყო დამრიგებელი, რას იზამდი?

– არა, მაინც ვახერხებდი. პირველ სკოლაში უფრო მიტაცებდა ასეთი იდეები. შეიძლება, არ მეთქვა, წამოდი შატალოზე წავიდეთ-მეთქი, მაგრამ მსგავს იდეას მაშინვე, ავიტაცებდი, ხოლმე. ძალიან მწყინდა, ზოგიერთი ბავშვი თუ დარჩებოდა. მერე იყო წერილების წერა – მასწავლებელო, პირველი თოვლი მოვიდა, გვაპატიე, რომ გავიპარეთ... მაგრამ აბა, პირველი თოვლი მოვიდა და რა გვექნა?! (იცინიან).

– რა გიტაცებდა მაშინ? მუსიკა, რომ არა, ამას მივხვდი.

– საერთოდ, რა მინდოდა ცხოვრებაში მეკეთებინა, ამას ძალიან გვიან, ცხრამეტი წლის ასაკში მივხვდი. მანამდე, ყველაფერს მივედ-მოვედე. როგორც ყველა ბიჭს, მეც სპორტის ძალიან ბევრ სახეობაზე მატარებდნენ. მაგრამ, იმასაც მიხვდნენ, რომ ჩემგან სპორტსმენი არ გამოვიდოდა, აბსოლუტურად, არასპორტული ტიპი ვარ. რაზე აღარ მატარებდნენ: ფეხბურთი, ცურვა... ცურვაზე ვიხრჩობოდი და ამიტომ თავი დავანებე. გიხანავთ ან გაგიგიათ, ბავშვი ცურვიდან რომ გამოსულიყო?! (იცინიან) ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. თან, ცურვაზე რომ დავდიოდი იმ დროს, ოთხმოცდაცამეტ წელს, „ბასეინი“ კი არა, ხალხს წყალი არ ჰქონდა სახლში. გაკვეთილების ნახევარი ისე მიტარდებოდა – ჰაერში, ქუთაისურად, მაგრამ, კვირაში ერთხელ აუზში წყალსაც გვისხამდნენ (იცინიან). ცურვიდან რატომ გამოვედი, იცი?! ასეთი ვარჯიში იყო, აუზის კედლისთვის ფეხი უნდა მიგერტყა და გაგეცურა. ამ მირტყმაზე სულ დიდი რიგი იდგა. ერთხელ გავცურე – ჩავიძირე, მეორედ – ჩავიძირე... ბოლოს უკვე როგორ ვიყავი იცი?! ყველას რიგს ვუთმობდი, მოდით, ძმებო, არაა პრობლემა, ხომ იცით, როგორ მიყვარხართ, თქვენთვის რას არ გავაკეთებ-მეთქი. (იცინიან). ბოლოს დავიღალე ამ რიგში დგომით და მივხვდი, რომ ცურვისთვის თავი დამენებებინა.

– ახლა ცურვა არ იცი?

– კი, ძაღლური. საშინელი ცურვა. წყალში ჩასვლა რომ გიტყდება, ისეთი. კალათბურთზეც დავდიოდი, ფეხბურთზე – ორჯერ. თავიდან მე ვიჩემებდი ხოლმე, მივიდოდი სახლში და მიმიყვანეთ, რაღად მინდა თავი ცოცხალი თუ ფეხბურთზე, კალათბურთზე, ცეკვაზე არ ვიარე-მეთქი (იცინიან). მერე ისევ მე ვხვდებოდი, რომ არაფერი გამოდიოდა. ფეხბურთზე იყო ძალიან მაგარი ისტორია. მიშა მესხის თასის ფინალზე, ჩემი გუნდი ანუ „ავაზა“ „დინამოს“ ხვდება. სახლში მივედი, მამა თამაში მაქვს-მეთქი და რა თქმა უნდა, მამაჩემი, ბიძაჩემი და მთელი მისი საძმაკაცო შეიკრიბა. სტადიონზე მოვიდნენ და მერე მთელ თამაშს ერთად ვუყურეთ (იცინიან). თან წარმოიდგინე, მეხუთე კლასელების ფეხბურთი რა ცუდი საყურებელია. საშინელი სახეებით ისხდნენ. ბოლოს სათადარიგოშიც აღარ ვიჯექი, ამოვედი და მათთან ერთად ვუყურებდი თამაშს. ჩადი, მწვრთნელთან მიდი, იქნებ შეგიყვანოსო, მეუბნებოდა მამაჩემი. ვინ რას შეგიყვანს, ამ ცხოვრებაში არაფერს აზრი არ აქვს-მეთქი. იმის შემდეგ ფეხბურთზე აღარ მივლია. მამაჩემი ჭადრაკსაც მასწავლიდა, ვერაფრით მაგებინებდა ორი ტურით როგორ უნდა „გააკეთო მატი“. სახლში დაყოფილი იყო – დედაჩემი, ბაბუაჩემი ხალხურ სიმღერებს გვამღერებდნენ, გვასწავლიდნენ მუსიკას, მამაჩემი კი ჭადრაკს, ნარდს, ასეთ კაცურ რაღაცეებს მასწავლიდა.

– პირველი სიყვარული როდის გაჩნდა, ბაღში, სკოლაში? როდის აღიქვი გოგო. იყო თმის ქაჩვა და ჩანთის წამოღება?

– ცეკვაზე დავდიოდი... უი, აი ცეკვაზეც მივლია (იცინიან). ძალიან სერიოზულად ვცეკვავდი, ოსურში სოლოებიც მქონდა. უბრალოდ, თეატრალურში რომ ჩავაბარე, შენ ოღონდ არ იცეკვო, ისე დაგიწერთ ნიშანსო. მოკლედ, ცეკვაზე ერთი გოგო დადიოდა, ნაწნავებს რომ ამაგრებენ ხოლმე, ისეთი იყო. გადარეული ვიყავი. თუ არ ვცდები, ქეთი ერქვა. მერე ეს გოგო სად დაიკარგა, ან მე სად დავიკარგე, არ ვიცი. ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი იყო და მაშინ ეს ძალიან ბევრი ჩანდა. ჩემთან ცეკვავდა ერთი ბიჭი, რომელთანაც ვმეგობრობდი და ასევე მოსწონდა ის გოგო. ამიტომ, ვერასდროს ვამბობდი და ვამხელდი ჩემს გრძნობებს. ჩემი სიყვარული ვერ გავამხილე. თუ სადმე არის ახლა ქეთი, რომელიც ცეკვავდა, გამომეხმაუროს (იცინიან).

– ჩაბარებაზეც მომიყევი.

– თავიდანვე თეატრალურში არ ჩამიბარებია. სკოლა რომ დავამთავრე, სახლში ვთქვი, არაფერი არ მინდა-მეთქი. გადმოიღეს დიდი, ფაკულტეტების წიგნი და დაიწყეს, იურიდიული გინდა? რა ვიცი, აბა, სადაც ჩამაბარებინებთ. ასე მოვხვდი „გეპეიში“, ეკონომიკურზე. ბანკშიც ვიწყებდი მუშაობას და ამ დროს დავუკავშირდი მანანა ბერიკაშვილს, რომელმაც შემხედა და მოვხვდი თეატრალურში. ახლა სერიოზული დეპრესია მაქვს, რაც თეატრალური დავამთავრე, ძალიან მენატრება იქაურობა. არა, ხუმრობის გარეშე, ყველაზე მაგარი პირველი კურსი იყო, სადაც ჩემი ასაკის ხალხი უკვე ამთავრებდა სწავლას. თავიდან, საერთოდ, ვერაფერს ვაკეთებდი. ძალიან სასაცილო იყო, პირველად სახლში არწივს რომ „ვაკეთებდი“ და მამაჩემმა შემომისწრო. გაგიჟდა კაცი (იცინიან). ოცი წლის ვარ და არწივს ვერ ვაკეთებ. ბანკში კი ვიწყებდი მუშაობას.

– რამდენს დავდიოდით ზოოპარკში, ცირკში და ცხოველებს ვაკვირდებოდით. თან უბრალოდ კი არ უნდა დამსგავსებოდი მათ, მთელი ისტორია უნდა მოგეყოლა. სიმღერაზე მინდა, გკითხო, რა გაძლევს ინსპირაციას, შთაგონებას?

– არ ვიცი, მართლა. ზოგჯერ არის ხოლმე, ისეთ ხასიათზე ვარ, მინდა, რაღაც სიმღერა დავწერო, მაგრამ ვერ ვახერხებ, ვერ ვყალიბდები. პირველი სიმღერა გიგის ლექსზე დავწერე. მერე უკვე ანა დამეხმარა ძალიან, საოცარ ლექსებს წერდა. ის არ იყო უბრალოდ სიმღერის ტექსტი. ცალკე, როგორც ლექსი, ძალიან მაგარი იყო, საოცარი ფრაზებით. „ახალგაზრდობაგახსენებულ მოხუცის თვალებს ჰგავხარ“, – ეს ხომ უკვე ისეთი ფრაზაა, რომელმაც არ შეიძლება, გავლენა არ იქონიოს სიმღერაზე. მიმაჩნია, რომ ერთმანეთს დავეხმარეთ. მერე გავიზარდეთ, ინსტრუმენტები დავიმატეთ. გიგი გეგელაშვილი დამეხმარა ძალიან, რადგან როდესაც სიმღერას დაწერ, ის შეიძლება, ძალიან ბევრნაირად გაკეთდეს. გიგიმ სწორი გზით წაგვიყვანა.

– ახლა თუ ხარ შეყვარებული? ოღონდ არ მითხრა ისეთი ფრაზა – სულ შეყვარებული ვარ და...

– არა, არ ვიტყვი. ნამდვილად შეყვარებული ვარ. როგორ უნდა ვთქვა არა-მეთქი. რომ წაიკითხავს ეწყინება.

– და რა ეტაპზე ხართ ახლა?

– ახლა ძალიან კარგ ეტაპზე ვართ...

– შეყვარებულობის დროს ყველა ეტაპი კარგია.

– მართალი ხარ, მაგრამ იცი როგორი მომენტია, არ მინდა, დამემართოს ის, რაც ხშირად ჩვეულებრივ ადამიანურ მომენტად იქცევა ხოლმე – თავიდან ბობოქრობ, ძალიან გიხარია, აღფრთოვანებული ხარ და მერე გრძნობები ჯდება. აი, ეს არ მინდა, მოხდეს.

– გააჩნია, როგორ დამთავრდება, თორემ დამჯდარიც ძალიან ღრმა და გემრიელია.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიგი დედალამაზიშვილი

– მოდი, უპირველესად მითხარი, რატომ გქვია ასეთი უცნაური სახელი – ადელინა?

– ადელინა ბებიაჩემის სახელია, რომლის ოჯახსაც ფრანგულის გავლენა ჰქონდა და ამიტომ დაარქვეს მას თავისი დიდი ბებიის ფრანგული სახელი – ადელ ანუ ადელა. მერე, როდესაც მე დავიბადე, დაბადების მოწმობაში მხოლოდ ადელა არ ჩაწერეს, მშობლებს დაასრულებინეს და ჩამიწერეს – ადელინა. ასე გადავა თაობებზე ეს სახელი და იმედია, ჩემს შვილიშვილსაც, ადელინას დაარქმევენ.

– ძალიან მომწონს თქვენი სერიალი და პირადად შენი გმირი...

– ერთ ამბავს მოგიყვებით. მეგობართან ვარ და მასთან ახლობელი ქალი მოვიდა. კი, კარგი სერიალია, მაგრამ ამდენი სიყვარული, შური, ინტრიგა, ასეთი ფულისმოყვარეობა რა უბედურებააო. მივხვდი, ჩემ გმირზე იყო საუბარი. რა ვქნა, ქალბატონო, ასეთი სცენარია-მეთქი.

– კარგი რა არის იცი, რომ ამაზე გაცილებით უარესები ხდება რეალურად ცხოვრებაში.

– აბსოლუტურად გეთანხმები. თან ერთი ხაზით არ მივდივარ, ყოველდღე სიურპრიზად მხვდება ჩემი პერსონაჟი. ხან საშინლად ინტრიგანი ვარ, ხან გაბრაზებული, ხან საოცრად გაკეთილშობილებული, რაც ძალიან მსიამოვნებს. ახლა ძალიან გააქტიურებული ვარ, ყველანაირად ვცდილობ, დოლჩეს ცოლად მოვაყვანინო თავი, ჩემი მუცლიანად. საერთოდ, გათხოვების პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას.

– მსახიობობა როდის გადაწყვიტე?

– როგორც ასეთი, გადაწყვეტილების მიღება არ ყოფილა. სულ ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ბაღში, სკოლაში სულ წამყვანი ვიყავი – ვმღეროდი, ვცეკვავდი. გურიაში ჩავდიოდი და რაღაც კონცერტებს ვაწყობდი, მერე ბილეთებს ვაკეთებდით ფურცლებისგან და ოჯახის წევრებსა და მეზობლებს შორის ვყიდდით. (იცინიან). სერიალებს ვდგამდით, ვთამაშობდით, ხელგაშვერილი ლექსებს ვამბობდით. ანუ, ისე არ ყოფილა, ფილმში მანანა „გამოდის“ და აუ, მეც მსახიობობა მომინდა. სხვა ადამიანის თამაში ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, სხვადასხვა ხასიათში ჩაწვდომა და გადმოცემა.

– როლი ტოვებს კვალს შენ ხასიათზე?

– იცი რა, თიკუნას როლი ისეა დროში გაწელილი, რომ შეიძლება, ხასიათი არ შემიცვალოს, მაგრამ მიმიკები, ფრაზები ამეკვიატება ხოლმე. ხანდახან მეგობრებთან ერთად, ვზივართ, რაღაცეებზე ვჭორაობთ და უცებ მეტყვიან, ვაიმე, ადელინა, ახლა ზუსტად თიკუნა იყავიო. ამას არ განვიცდი, ძალიან ნორმალურია. გააჩნია როლსაც.

– ბუნებრივი რომ იყოს როლი, გარკვეულწილად, შენს თავს მაინც თამაშობ?

– შეუძლებელია, შენი რაღაცეები არ დაუმატო. გამორიცხულია. იცი რითი ვარ ძალიან ბედნიერი? ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს. ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – რაც წარმომედგინა ჩემს ცხოვრებაში და რის გამოც ავირჩიე ეს პროფესია, ზუსტად იმას ვაკეთებ. გამიმართლა კიდეც, რადგან დღეს ჩემი პროფესიით სამუშაო მაქვს. შეიძლება ბევრი, ჩემზე ნიჭიერი, ლამაზი გოგო დღეს აბსოლუტურად სხვა პროფილით მუშაობს, იმიტომ, რომ ვიღაცამ ვერ დაინახა. სახლში ჯდომას ურჩევნიათ, ვთქვათ, ბანკში იმუშაონ, რაც ძალიან ცუდია. ოთხი წელია, რაც თეატრალური დავამთავრე და სულ ვმუშაობ.

– გამართლება ამ პროფესიაში ოთხმოცი პროცენტია. სხვათა შორის, ალან რიკმანი რომ იყო თბილისში ჩამოსული, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად შევხვდი. ჩვენ ვკითხეთ, თუ ყოფილხართ როლის გარეშეო და რა თქმა უნდა, მთელი წელიც კი გასულა ისე, რომ არაფერი მითამაშიაო. ამას ამბობს მსახიობი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია დღეს.

– უმოქმედობამ საშინელი დეპრესია იცის. თან, სულ სხვაგან მიდის ამ დროს შენი ფიქრები – ალბათ, არ ვარ საინტერესო, ნიჭიერი, რეჟისორებს არ აინტერესებთ ჩემთან მუშაობა. არადა, უბრალოდ, შეიძლება იმ კონკრეტულ როლზე ვერ დაგინახონ. ითრგუნები და საკუთარ თავში იკეტები.

– სიყვარულზე რას გვეტყვი?

– დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მგონია, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარულის გვერდით ვარ. ორი თვეა, რაც გავთხოვდი და ჯერ კიდევ თაფლობის თვე მაქვს.

– იმ ბიჭს გაჰყევი, ვინც მგონია?

– კი. ვხვდები, რასაც გულისხმობ. ზუსტად, დღეს ვეუბნებოდი გიოს, რომ გიგი ის ბიჭია, „ბიჭების და გოგოების“ ქასთინგზე რომ შეხვდით-მეთქი.

– ჩვენ ერთმანეთი ხუთი წლის წინ გავიცანით.

– გარეთ შეყვარებულები გველოდებოდნენ.

– ძალიან მაგარი ისტორიაა. „მზეში“ ვართ ქასთინგზე. ანა შესულია შიგნით და გარეთ ველოდები. უცებ მოვიდა ვიღაც ბიჭი...

– ისეთი, „თბილისური“ ტონით მოსვლა რომ იციან, ალბათ ეგრე მოვიდოდა...

– ზუსტად. ჩემი ძმა, ადელინას იცნობო? და არა-მეთქი. ქასთინგზეა შესულიო და მეც – ჩემი შეყვარებულიც ქასთინგზეა-მეთქი. (იცინიან) დაველოდოთ, „ბაზარი არაა“. მიდიოდა მერე იქ „ჭორაობა“ – ხომ გადამიყოლა, სერიალში უნდა თამაში, მოვიყვანე რაა... (იცინიან). ხომ ხვდები, იქ რა ლაპარაკი იქნებოდა.

– ეს ქასთინგი არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ძალიან სერიოზულად განვიცდიდით. ქობულეთიდან ვიყავი ახალი ჩამოსული, სადაც „საპონში“ გადაღებული პატარა სცენა გავიდა. მე ვმონაწილეობ. მეორე დღეს, ეკა მჟავანაძე მირეკავს ქასთინგზე მოდიო. გიომ მართლა ძალით წამიყვანა, არ მინდოდა. მოკლედ, მივედი და იქ კილომეტრიანი რიგი დამხვდა. მე და ანა შესულები ვიყავით და გარეთ ჩვენი ბიჭები გველოდებოდნენ. სხვათა შორის, მერე ერთი კვირის განმავლობაში, არ დამირეკეს. შევჭამე გიო, რას მიგყავდი, აი, როგორ დავმცირდი, შევიკალი ხელში. არადა, თურმე გამოვედი თუ არა იმწუთში გადაუწყვეტიათ, რომ თათა თუთაშხიას როლზე აღარავინ გავსინჯოთ, ეს გოგო გვინდაო.

– ანუ, სერიოზულად გიწყობს ხელს?

– კი, ძალიან და ამის გარეშე, არ არსებობს რამე გამოგივიდეს. ძალიან ხშირად „ბიჭების და გოგოების“ დროს, დილამდე მიმდინარეობდა გადაღებები. გემახსოვრება ეს ამბავი შენც. გიო მანქანაში მელოდებოდა, ხან ეძინა, თან ჰამბურგერები ჰქონდა თბილად შენახული, რომ სანამ სახლში მიმიყვანდა, მეჭამა. ღამეებს ათენებდა, რომ სახლამდე მივეყვანე. დღესაც საოცრად ხელს მიწყობს. თუ სადმე წასვლაა, რაღაც ხდება და მეზარება, არ არსებობს, არ მითხრას – ნუ გეზარება, წადი, გააკეთე შენი საქმეო. ჩემი ყველაზე დიდი სტიმულია და ძალიან მინდა, ახლა მასთან ერთად ვიყო სახლში.

– ამიტომ, დავამთავროთ ინტერვიუ.

– დავამთავროთ (იცინიან).


скачать dle 11.3