კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ცოლად მოყვანა უნდოდა ანრი ჯოხაძეს და რატომ იქნება მისი ცოლი უბედური

ანრი ჯოხაძის შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი წვლილი დედას, კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძეს მიუძღვის. ქალბატონმა რუსუდანმა შვილის წარმატებისათვის რა არ გააკეთა, მაშინ, როცა ქმარი გვერდით არ ედგა და დღემდე ღირსეულად უძღვება ოჯახს. საოჯახო ალბომი სწორედ მან გადაგვიშალა და ყველაფერზე გულახდილად გვესაუბრა.

– ყველას გვაინტერესებს, ანრი ჯოხაძის დედა და მამა როდის შეუღლდნენ, თქვენი შვილების დაბადება...

– 25 წლის ვიყავი, ომარ ჯოხაძეს რომ გავყევი. ოჯახი უსიყვარულოდ ნამდვილად არ შეგვიქმნია. გაგვიჩნდა სამი შვილი – მაგდა, ანრი და ომარი. ომარმა კონსერვატორია, მაგისტრატურა დაამთავრა და ახლა იტალიაშია. ოზიმოს აკადემიაში სწავლობს, ოპერის მომღერალია. ჩვენი ოჯახი მთლიანად მუსიკალურ სამყაროს ეკუთვნოდა. მე საბავშვო ანსამბლი მყავდა. ჩემს ქმარსაც უყვარდა სიმღერა, მაგრამ რა სიმღერასაც დაიწყებდა, ვეღარ ამთავრებდა. ნახეთ, როგორ წარიმართა ცხოვრება, რომ ანრი თავისზე ერთი წლით უმცროს ძმას იტალიაში აფინანსებს. სამწუხაროდ, არ არის ისე მოწყობილი ახალგაზრდა მომღერლის ცხოვრება, რომ თან ისწავლოს, თან სადმე იმუშაოს. ძმამ ძმისთვის გადადო თავი. პირთან ლუკმა არ მიაქვს, ოღონდ კი მას არაფერი მოაკლდეს. მანქანა უყიდა იტალიაში. ერთი ბიზნესმენი მითხარით საქართველოში, ვინც ნორმალური მომღერალი დააფინანსა და უპატრონა. ძმას ბინაც უქირავა, აჭამა და ასვა. ანრისთვის კარიერა რომ გამეკეთებინა, პროცენტიანმა ვალებმა ჩვენი ოჯახი, რომ იტყვიან, დაგლიჯა. იმიტომ, რომ ანრი მხოლოდ საქართველოში ხომ არ მღეროდა. ამდენი გამარჯვება, გრან-პრი... სანამ საქართველოში არ აჩვენებ საზოგადოებას თავს, იმხელა წინააღმდეგობას გიქმნიან, თითქოს თბილისში დაბადებული კი არა, არსაიდან მოსული ადამიანი ხარ.

ერთი თვის წინ ომარი იყო ჩამოსული ათი დღით და მობილურში იქ, რეპეტიციის დროს ჩაწერილი ერთ-ერთი თავისი საოპერო არია გადმომიწერა. იმ დღეს ანრი გვიან, დაღლილი მოვიდა სახლში და მთხოვა – ხვალ, დილის 11 საათისთვის საქმეზე ვარ წასასვლელი და ჩემით თუ ვერ გავიღვიძე, შენ გამაღვიძეო. დილით ვაღვიძებ, მაგრამ ვერ გავაღვიძე. რა არ გავაკეთე, ვაჯანჯღარე, მაინც არ ადგა. მერე გამახსენდა, რომ ტელეფონში ომარის სიმღერა მქონდა, ჩავრთე და ყურთან მივუტანე. გიჟივით წამოხტა. აი, რა არის ძმის სიყვარული. სიგიჟემდე უყვარს.

– ამ სურათზე პატარა ანრი რა ელეგანტურად გამოიყურება გოგონების გვერდით.

– ახლა რომ მუსკომედიის თეატრია, იქ ბავშვთა საოპერო თეატრი იყო. ორკესტრი უკრავდა, სპექტაკლები იდგმებოდა. ანრი სულ მთავარ პარტიებს მღეროდა. ეს გოგონა, ხელმარჯვნივ რომ უდგას, ძალიან მოსწონდა. ათი წლის ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ მას მოიყვანდა ცოლად. მამამისის დაბადების დღეზე დაპატიჟა და თაიგულით ეწვია სახლში. აი, ეს ფოტოც – ანრი, მამამისი და ის გოგონა. ყოველთვის დამყოლი დედა ვიყავი. ანრი ოთხი წლიდან სცენაზე იყო, მაგრამ არ ვამბობდი, გინდა თუ არა ჩემი შვილები მომღერლები უნდა გაიზარდონ-მეთქი. სხვა ბავშვები გამყავდა სცენაზე და მათ თუ ვუკეთებ, საკუთარ შვილებს არ გავუკეთებდი? როგორ შეიძლება, სამივე მშვილი მომღერალი გახადო, თუ თვითონ არ მოგყვნენ. ღამე რომ ეძინათ, სულ მათი ღრუტუნი ისმოდა ოთახიდან. გეგონებოდათ, ამ ქალს გოჭები დაუბიაო. ვიღაც რომ შემოვიდოდა, მეტყოდა, ბავშვები გეხრჩობაო. ახლა, როცა წლები გავიდა, ვხვდები, რომ ვინც ბავშვობაში გოჭივით ღრუტუნებს, ესე იგი მას არაჩვეულებრივი ხმის დიაპაზონი ექნება. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ანრის ძალიან უყვარდა ეთერ კაკულიასთან სახლში ყოფნა. ოღონდ კი მასთან ყოფილიყო და სხვა არაფერი უნდოდა. ეთერი მხიარული ქალია და ყველას ახალისებდა. დონარა კინწურაშვილს დედა კარგა ხნის გარდაცვლილი ჰყავდა და მე ყვავილებით ხელში გამაქცია. არა, რა, სასწაული ბავშვი იყო. მეც კარგად ვაფრენდი, სულ მის ჭკუაზე დავდიოდი.

– ესე იგი, ყველაფრით გამორჩეული ბავშვი იყო.

– ექვსი თვის იყო, აივანზე გაჩერებული „კალიასკა“ დაძრა და კიბეებზე ჩააგორა. ბავშვს ვეძებდი და არსად ჩანდა. სადღაც ჩაგორებულიყო. ცხვირი სულ დაჭეჭყილი ჰქონდა. ძგიდე გაუმრუდდა და 17 წლის რომ გახდა, გავუსწორე. ძალიან ხიფათიანი იყო. უკრაინაში სასწაულად გადარჩა. ბეჭის ძვალი გაუტყდა, მაგრამ მაგას ვჩიოდი. მძღოლის უკან იჯდა, ჩაძინებოდა. თბილისიდან მეგობარმა დაურეკა, როგორ ხარო და რომ გამოფხიზლდა, მაშინ ასკდებოდნენ რაღაცას. ქვემოთ ჩაიწია და ასე გადარჩა. ბავშვობიდან უყვარდა თეატრი. რეებს ჩავდიოდი, არ იცით, ამათ გამო. ხალხი ამბობდა, ეს ქალი გაგიჟდაო. შეიძლება, ქალმა ნაჭრის თოკები უყიდო შვილებს ფარდებისთვის და სახლში თეატრი გაუკეთო თავისი განათებებით? ანრი რეჟისორი იყო. სხვათა შორის, თვითონ წერდა პიესებს, სცენარებს. ათი წლიდან დაიწყო წერა. რომელიღაც საბავშვო ჟურნალის კონკურსისთვის და დაწერა პოლიტიკური მოთხრობა „ფანქრების ქვეყანა“, რაღაც სასწაული იყო. მას ახლაც ვინახავ. თეატრისთვის კოსტიუმების ესკიზებს ხატავდა, მერე ჭრიდა და კერავდა. მთელი ესტრადა მქონდა სახლში – მიკროფონები, კლავიშებიანი, დასარტყამი ინსტრუმენტი, გიტარა... მოკლედ, ბავშვობიდან ბენდისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდათ.

– როგორც ვიცი, ანრი ძალიან დიდი დაბადებულა. ალბათ, თქვენმა გენმა იმძლავრა?

– ანრის მამა გამხდარი და მაღალი კაცი იყო. „ცეხები“ ჰქონდა და ფულიც. ძალიან ხელგაშლილიც იყო. ანრი რომ დაიბადა, ბავშვთა ბლოკში შეიყვანეს და უთხრეს – ახლა გვითხარი, რომელია შენი შვილიო. მივიდა და ყველაზე გამხდარი და პატარა რომელიც იყო, მასთან გაჩერდა. წამოდიო, – უთხრა ექიმმა. მიიყვანეს და აჩვენეს ექვსკილოიანი ანრი. თავიდანვე „კოლმეურნეობის თავმჯდომარე“ ერქვა. აგერ, ბატონო, ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ, სიხარულით რომ გაგიჟდნენ, ბიჭია, ბიჭიაო, აქეთ ანრი გადმოხტა, ბიჭიაო, კინაღამ კედელს შეასკდა და თავი გაიტეხა, დამიგდეს კილო და ორასი ბავშვი. თავი ვიმტვრიე მის გაზრდაზე. ვიძახდი – ღმერთო, მაპატიე, მაგრამ რა დავაშავე ასეთი, ეს ყბამონგრეული და მაკარონის ფეხებიანი ბავშვი რომ მოგვეცი, ნეტავ ვის ჰგავს-მეთქი. წრუწუნასავით კნაოდა. ჩემს ქალიშვილს იქეთ ეძინა, სიძეს – აქეთ. ახლა თოთხმეტი წლის არის, ისეთი ვაჟკაცია, კარში არ ეტევა. ჯიში, გენაცვალე, ჯიში... მართლა მასე კი არ არის. ჩემი შვილი ორსულობისას საჭმელს არ ჭამდა და ამიტომაც გააჩინა ასეთი მოწრუპული. მე კიდევ, ანრიზე რომ ვიყავი ორსულად, იმდენი კარალიოკი ვჭამე, დღეს ანრის დასანახად ეჯავრება. ეზოში კარალიოკები იდგა და იმის შიშით არავინ ჭამოს-მეთქი, მივადექი და მივადექი.

– სკოლაში როგორი იყო? გიწევდათ მის გამო ხშირად მისვლა?

– ამოჩემება ჰქონდა. ძალიან უყვარდა კარგი გარეგნობის და კარგად ჩაცმული მასწავლებლები. ასეთი იყო მაია ჯოხაძე. არ იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამოძერწილი ტან-ფეხი ჰქონდა და გემოვნებითაც ეცვა. სიგიჟემდე უყვარდა, მისი სიტყვა კანონი იყო: ანრისთვის ქალის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მასთან დამოკიდებულებაში. თუ მასწავლებელი მოეწონებოდა, მის საგნებს კარგად სწავლობდა. ერთხელ, მუსიკალურ სასწავლებელში მასწავლებელი დამიწუნა, ოთხკუთხედი პირი აქვსო. დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს ოთხკუთხედი პირი. რაღაც სასწაულებს მოიგონებდნენ ძმები. ქუჩაში გასვლა და ინტერვიუების ჩაწერა უყვარდათ. რვა, ცხრა წლისები იყვნენ, ბაზარში რომ ვაგზავნიდი. თავისუფლად გაზრდილი ბავშვები არიან და თქვენ რა გგონიათ, ასეთი გაზრდილი ბავშვები ცუდები გამოდიან? პატრონი რომ მიაძახებს, შტერო, სულელო, აბა, ეს შეიძლება? მივცემდი წითელ ათმანეთიანებს და რას არ იყიდდნენ, ვაჭრობა არ ეშლებოდათ. მერე ტაქსით მოვიდოდნენ. ერთხელ, გავიხედე, მოვიდნენ ტაქსით, გადმოზიდეს პროდუქტები და ფულს უხდიან მძღოლს. მძღოლს უკითხავს, – თქვენ, ბიძიკო, პატრონი არ გყავთ? გამოგგზავნათ და გიყურებდათ ჩემს ტაქსიში როგორ ჩაჯექითო, ჰო?! არა, ჩვენ დედამ გამოგვიშვაო. არ მინდა თქვენი ფული, დედათქვენი გამომიყვანეთო. ბავშვები მეძახიან – ტაქსის მძღოლი გეძახისო. ვიფიქრე, რამე თუ გაუფუჭეს მანქანაში-მეთქი, მივედი და ეს კაცი მეუბნება, – წავიდე ახლა სახლში, რა დღე ვაყარო ჩემს ცოლს. ოცდაერთი წლის ბიჭი მყავს და პურზე ვერ გაუგზავნიაო.

ბავშვებს შტაბი ჰქონდათ ახლომახლო. თვითონ აღმოაჩინეს რაღაც გამოქვაბულივით. პლედი ჰქონდათ წაღებული, კიდევ რაღაცეები და გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ერთხელ, რუსულის მასწავლებელი დაღლილი მოდიოდა გზაზე და ჩვენს ჭიშკართან შეჩერდა. დაინახა, ბავშვები თამაშობენ. ანრის უთხრა: ერთი, შენ გახარებას, წყალი დამალევინეო. გაიქცა და კანალიზაციის მილიდან მიუტანა წყალი. ფუ, წყალიც გააფუჭესო, – თქვა იმ ქალმა. კინაღამ გაგიჟდა.

– არ გეშინოდათ, ასე თავისუფლად რომ უშვებდით ბავშვებს?

– ჩემი შიში უნდა ჰქონოდათ იმ გარეწრებს, ვინც ამ უბანში იყვნენ. ვინ დამისვამდა შვილს „წამალზე“, ოჯახიანად არ გადავწვავდი?! ვინმე გაბედავდა და მიეკარებოდა ჩემს შვილებს. თავისზე გიჟი უნდა ეგონო ყველას. როგორ, შვილი არ ვიცოდი სად იყო? ყოველ წუთს ვაკონტროლებდი. ქალთან არის, კარგი ბატონო, იყოს, მაგრამ ეგება, ქალს სხვა თაყვანისმცემელი ჰყავს, სად მიჩერჩეტდა, არ უნდა იცოდე? ყოველთვის ყველაფერი ვიცი. ჩემს შვილებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ მე მომწონს.

– ოჯახში მთელი დატვირთვა ქალზე მოდის. როგორ ახერხებდით მის გაძღოლას?

– მე საჭმელებს შეფ-მზარეულის დონეზე კი არ ვაკეთებ, რომ ვინმე მოვხიბლო. ანრის მჭადი უყვარს და სულ მთხოვს, თან ბლომად ზეთი უნდა დაასხა. მე დედად ვარგივარ, თორემ არც დამლაგებელი ვარ – ესეც პროფესიაა, არც მრეცხავი – ესეც პროფესიაა და არც მზარეული – ესეც პროფესიაა. მჭირდება და ვაკეთებ. ძალიან შეძლებული ქალი ვიყავი, სანამ შევარდნაძე ქმარს დამიჭერდა და თხუთმეტ წელს მიუსჯიდა, მაგრამ დრო შეიცვალა. ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე... სახელის გამომჟღავნება არ უნდოდა, თორემ ანსამბლებს აფინანსებდა. ყველას სთხოვდა – არ თქვათ, ფული მე რომ მოგეცითო. ის ისეთი კაცი იყო, რომლის გვერდით გაჭირვებული არ იარსებებდა. ანრი 16 წლის იყო, მამამისი რომ გარდაიცვალა. ოჯახში მხეცი ვიყავი. ახლა რომ გადავავლებ თვალს, ვფიქრობ, ნუთუ ეს ყველაფერი მე გავაკეთე. ჩემთვის ავეჯი, სხვა ნივთები არასდროს ყოფილა ღირებული, ოღონდ შვილები კარგად მყოლოდა. ახალი წელი იყო, სახლში რომ შემოცვივდნენ და ჩემი ქმარი დააპატიმრეს. ამ დროს ახალდაბადებულ ბავშვს, ომარიკოს ფილტვი ჰქონდა მოჭრილი, ახალი ნაოპერაციები იყო. მაპატიეთ, ქალბატონო, ახალი წელია და თქვენი ქმარი რომ მიგვყავსო. არ მინდოდა, თავი გამეგიჟებინა. კარგად მახსოვს, ვუთხარი: იმათ რა თქვან მიწაში რომ უწევთ, არავინ ტრაგედიად არაფერი მიიჩნიოს, თუ საყვარელი ადამიანი ცოცხალი ჰყავს-მეთქი. ტრაგედია ახლაა. ასეთი მამა ბავშვებს საფლავში რომ უწევთ. რას ამბობთ, თუგინდ ერთ ადგილზე დამჯდარი ყოფილიყო. არაფრისგან ისეთი ბიზნესი გავაკეთე, ის რომ ციხეში იყო, ვერ წარმოიდგენთ... ჩემს შვილებს არაფერი ენატრებოდათ. კარგს ჭამდნენ, სვამდნენ და კარგადაც ეცვათ. ამ სახლში საბანკეტო დარბაზი მქონდა. მაშინ ნებადართული არ იყო. მუსიკოსებიც მყავდა და ვიდეოგადამღები ჯგუფიც. აქ ისეთი მომსახურე პერსონალი იყო, ვერ წარმოიდგენთ. ოთხას კვადრატულ სახლში მე და ჩემს შვილებს ერთი ოთახიც გვყოფნიდა. გამოვნახე რაღაც საშუალება, რომ ოჯახს არაფერი მოკლებოდა. აქეთ, პატიმარი როგორი შესანახი იყო?! ასე ვიწვალე.

– ბებია-ბაბუები რამდენად იყვნენ ჩართული მათ აღზრდაში?

– ანრის ბაბუა ტერენტი ჯოხაძე ონის რაიონის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ბებია – ქრისტინა ჯოხაძე მთის კალთიდან ნათხოვარი ქალბატონი გახლდათ. არაჩვეულებრივი დედამთილი მყავდა, ზღაპრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემი ქმარი ყოველთვის ხომ არ იყო სახლში ციხიდან რომ გამოვიდა. ჩვენთან რომ მოვიდოდა და მერე უნდა წასულიყო, ტაქსიში არ ჯდებოდა. ვეკითხებოდი – რატომ, ქრისტინა, გენაცვალე, ტაქსით გაგიშვებ სახლში-მეთქი. რა ვიცი, სად გაუხვევს ტაქსი, მერე ჩემს შვილს გამოსასყიდს მოსთხოვსო. ამას ფიქრობდა, არ იყო ჭკვიანი? უკვე ასაკოვანი დედამთილი მყავდა, მამამთილი გარდაცვლილი და ისინი ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში. ჩემი შვილები ოზურგეთთან ურთიერთობაში გაიზარდნენ. იქ მყავდნენ მშობლები, ძმა. ერთ შვილს საგუნდო-სადირიჟორო დაამთავრებინეს, მე – საკომპოზიტორო, მესამეს – იურიდიული.

– ქალი ხართ და ბევრი რამ გჭირდებათ. ბავშვების გამო, ალბათ, რაღაცეებზე უარის თქმა გიწევდათ.

– დედა ვარ და ჩემს თავს არ ვაძლევ ბევრის უფლებას. ერთი ფეხსაცმელი სამ წელიწადს მყოფნიდა. ქმარი ციხეში მყავდა და აბა, არ მიწევდა უარის თქმა? მაგრამ სახლში ხელი არაფერზე დამიდია და არ გამიყიდია. ყველაფერი ხელუხლებელი დავახვედრე ქმარს.

– თქვენ თქვით, რომ ჩემი შვილების შესახებ ყველაფერი ვიცოდიო. ანრის გატაცებებზე იცოდით რამე?

– 17 წლის ბიჭს რომ შეუყვარდება და დაწერს, „უფლება არ მაქვს, შენთან მოვიდე...“ ვერ უნდა მიხვდე დედამ, რომ შეყვარებულია? არაფერს ვეკითხები. არ არსებობს, ანრიმ ცუდი გოგო მოიყვანოს და რა ეშველება მის ცოლს, თუ ის ვაჟკაცური შემართება არ ექნება, რაც მე გამოვიჩინე ოჯახის მიმართ. სულ მოვლენების ცენტრში ვიყავი.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3