კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზები განაპირობებს გულის უკმარისობის განვითარებას და როგორ უნდა მოიქცეს დაავადებული ადამიანი


სეზონურად მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელთა ძირითადი გართულება გულის უკმარისობაა. გულის უკმარისობა არ არის რაიმე კონკრეტული დაავადება, ის სიმპტომების ერთობლიობაა, რომლებიც გამოწვეულია გულის ფუნქციის დარღვევით. პათოლოგია ძალზე ხშირია ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. გულის უკმარისობისგან განკურნება ვერ ხერხდება. ექიმების მიზანია პათოლოგიური პროცესების შეფერხება, რისთვისაც დროული მკურნალობაა საჭირო. შესაბამისად, უნდა შეგვეძლოს ამ დაავადების ამოცნობა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინდრომის შესახებ გვესაუბრება აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ლია რიგვავა.


– რას გულისხმობს ტერმინი გულის უკმარისობა?

– გულის უკმარისობა არის გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითება, რის შედეგადაც ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი. გულის უკმარისობა არ არის დამოუკიდებელი დაავადება. როგორც წესი, იგი რომელიმე დაავადების გართულებაა. შეიძლება ითქვას, რომ გულის უკმარისობა არის გულ-სისხლძარღვთა ყველა დაავადების გამოსავალი. ანუ, თუ ავადმყოფი კარგად მკურნალობს თავის დაავადებას, ის იღუპება არა ამ დაავადებით, არამედ გულის უკმარისობის სინდრომის განვითარების გამო.

– ხშირია გულის უკმარისობის შემთხვევები?

– მედიცინის მიღწევების პარალელურად, იმატებს გულის უკმარისობის შემთხვევებიც. სხვადასხვა დაავადებით დასნებოვნებული ადამიანების გამოჯანმრთელება გაიოლებულია, გულის უკმარისობის განვითარება კი გარდაუვალია. ჩვენს ქვეყანაში, სტატისტიკა დაავადების გავრცელების შესახებ არ მოიპოვება, მაგრამ მაგალითისთვის გამოდგება ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც დაახლოებით ორ-ნახევარ მილიონ ადამიანს აღენიშნება ეს პათოლოგია. ასაკთან ერთად მისი სიხშირე იმატებს, 65 წელს ზემოთ ადამიანების 3-5 პროცენტს აღენიშნებათ ეს პათოლოგია, 70 წლის და უფროსი ადამიანებიდან ყოველ მეათეს უვითარდება. გულის უკმარისობა უფრო ხშირია ქალებში. არსებობს ორი სახის უკმარისობა – მწვავე და ქრონიკული. მწვავე აღინიშნება იმ შემთხვევაში, თუ გულის უკმარისობა პროგრესირებს მცირე დროის განმავლობაში. ამ დროს უნდა მოხდეს ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზება და საავადმყოფოს პირობებში მდგომარეობიდან გამოყვანა.

– როგორ ამოვიცნოთ ამ სინდრომის განვითარება?

– გულის ქრონიკული უკმარისობის ძირითადი ნიშანია შეშუპება, რომელიც აღინიშნება კიდურებში, კერძოდ, მის პერიფერიებზე. დაავადების პროგრესირებისას შეშუპება თანდათან გადაინაცვლებს ბარძაყების მიმართულებით. დაავადების ადრეული გამოვლინება არის ადვილად დაღლა და ქოშინი. პათოლოგიის სირთულის მიხედვით, ქოშინი ვითარდება სხვადასხვა ინტენსივობის დატვირთვის დროს, ცალკეულ შემთხვევაში მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი. სუნთქვის გაძნელება, ისევე როგორც კიდურების შეშუპება, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ორგანიზმში სითხის შეკავებასა და მის პლევრის ღრუში ჩადგომასთან, რაც საკმაოდ ხშირად აღინიშნება. გულის უკმარისობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ხშირი ხველა, რომლის დროსაც, როგორც წესი, სასუნთქი სისტემის პათოლოგიაზე მიაქვთ ეჭვი. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, ადინამია, შარდის გამოყოფის შემცირება, ტაქიკარდია, მოხრჩობის შეგრძნება, დისპეფსიური მოვლენები და სხვა. რაც უფრო შორს არის წასული გულის უკმარისობის გამოვლინება, მით უფრო ინტენსიურია ეს სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით, გარკვეული თავისებურებები აღინიშნება გულის ცალკეული ნაწილის უკმარისობის მიხედვით. დიფერენციალური დაიგნოზის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ფილტვის პათოლოგიის გამორიცხვა. მაგალითად, ფილტვების სისხლძარღვების თრომბოემბოლია ხშირად ვლინდება გულის უკმარისობის მსგავსი სიმპტომებით. ამ დროს ხშირია სისხლიანი ხველა და ტკივილი გულმკერდის მიდამოში.

– როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

– თანამედროვე მედიცინა საგრძნობლად აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულ ადამიანების ცხოვრების ხარისხს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. გულის უკმარისობისგან ადამიანის განკურნება შეუძლებელია, ექიმის ამოცანაა, მდგომარეობის მაქსიმალურად გაუმჯობესება და ავადმყოფობის სტადიის კონტროლი. მკურნალობაში ძირითადი როლი ენიჭება მედიკამენტებს, რომელთა ადეკვატური გამოყენების გარეშე, სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ასეთ ადამიანს წამლის მიღება უწევს მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. პრეპარატების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესის შეცვლას. მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია სიმშვიდე და დასვენება. დასვენება არ გულისხმობს იმას, რომ პაციენტი უნდა იყოს ადინამიური. ზომიერი დატვირთვა მისაღები და სასურველია. უბრალოდ, ის არ უნდა იწვევდეს დაღლას და უსიამოვნო შეგრძნებებს. თუ დატვირთვისადმი ამტანობა დაქვეითებულია, უმჯობესია, პაციენტი მოსვენებისას იჯდეს და არ დაწვეს. მჯდომარე პოზა უკეთესია მისი მდგომარეობისთვის და იმავდროულად, შეგრძნების თვალსაზრისითაც, ნაკლებად უსიამოვნო. სასურველია და სასარგებლო შედეგი მოაქვს სეირნობას. მოყვარულის დონეზე და მცირე დატვირთვით სპორტიც რეკომენდირებულია, მაგრამ, ამან არ უნდა მიიღოს შეჯიბრის ხასიათი. თუ პაციენტი შეამჩნევს რომ არ სიამოვნებს დატვირთვა, მაშინვე უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა და დაისვენოს.

– რა ცვლილებები უნდა შეიტანოს დაავადებულმა კვების რაციონში და ცხოვრების წესში?

– ძილის დროს კარგია დიდი ბალიშის გამოყენება, ქვედა კიდურების შეშუპებისას კი უმჯობესია, ფეხების ბალიშზე შემოდება. მიზანშეწონილია, ძილის ხანგრძლივობა იყოს 8-9 საათი. დღის განმავლობაში კი, უმჯობესია, თუ პაციენტი წამოწვება ან დაიძინებს 45-60 წუთით. საკვებ რაციონში მნიშვნელოვანია მარილის შემცირება, რომლის სიჭარბეც ხელს უწყობს შეშუპების განვითარებას. ჭარბი წონის მქონე გულის უკმარისობიან პაციენტებში, გულზე დამატებითი დატვირთვა მოდის, ამიტომ, წონის კორექციაც სასურველია. იმისათვის რომ პაციენტმა აკონტროლოს თავისი წონა და ასევე სითხის შეკავების ხარისხი, სასურველია, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს აიწონოს. თუ აღმოაჩენს, რამდენიმე დღის განმავლობაში წონის 1-2 კილოგრამით მატებას, მაშინ ეს ფაქტი ორგანიზმში სითხის შეკავებაზე მიუთითებს. ამ დროს უნდა მივმართოთ ექიმს და მოვახდინოთ მედიკამენტოზური კორექცია. პაციენტი უნდა იკვებოს ზომიერად. უმჯობესია, საკვებ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის სიჭარბე. აუცილებელია შოკოლადის, ყავისა და ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვა. სასარგებლოა ნიგოზი და ქიშმიში, რომლებიც არეგულირებს გულის კუნთის მუშაობას და ნერვულ სისტემას ტონუსს ჰმატებს. თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე ფუნქციური ცვლილება კუჭ-ნაწლავის სისტემაში, დილით სასარგებლოა შავი პურისა და წვრილად დაჭრილი ნივრის მიღება. შარდმდენი ეფექტის გამო ძალზე სასარგებლოა საზამთრო. გაზაფხულზე საზამთრო შეიძლება შეიცვალოს კიტრით, რომელიც ასევე შარდმდენი ეფექტით ხასიათდება. სასარგებლო თვისებების მქონე ყვავილის თაფლი არ უნდა მივირთვათ ჩაისთან ერთად, რადგან ამ დროს იზრდება გულის დატვირთვა. 2-3 კოვზი თაფლის მიღება უმჯობესია ხაჭოსთან, ქიშმიშთან ან ასკილის ნახარშთან შერევისას. გულის უკმარისობის დროს, ძალზე კარგია განტვირთვის ჩატარება ვაშლით და ხაჭოთი, იგულისხმება დღის განმავლობაში 600-800 გრამი ვაშლისა და 300-400 გრამი ხაჭოს ნარევის მირთმევა. გამოხატული შეშუპების დროს, მიზანშეწონილია ამ პროცედურის ჩატარება კვირაში რამდენჯერმე. სტატისტიკური კვლევების მიხედვით, თუ გულის უკმარისობის გამოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს მკურნალობა, სასურველ შედეგს ვიღებთ მამაკაცთა 57 პროცენტში და ქალბატონთა 62 პროცენტში. თუ გამოვლენიდან გასულია 5 წელი, გადარჩენის პროცენტი მკვეთრად ქვეითდება. კერძოდ, მამაკაცებში 24 პროცენტამდე, ხოლო ქალებში 36 პროცენტამდე. ანუ, დაავადებული ოთხი მამაკაციდან გადარჩება მხოლოდ ერთი და ყოველი მესამე ქალი. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პირველადი სიმპტომების გამოვლენიდან, რაც უფრო ადრე მივმართავთ ექიმს და შევუდგებით შესაბამის მკურნალობას, შევცვლით ცხოვრების წესს და საკვებ რაციონს, მით უფრო გავიხანგრძლივებთ სიცოცხლეს და მის ხარისხს.


скачать dle 11.3