კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დადის ახლად გარდაცვლილი ადამიანის სული და რამდენ ხანს იმყოფება ის ჯოჯოხეთის წამების ადგილებში


ყველაფერს აქვს თავისი დრო და ჟამი – მხოლოდ სიკვდილს არ აქვს არც დრო, არც ჟამი და ის არავის ინდობს. ყველა ადამიანი უძლურია მის წინაშე და თვით რელიგიაც ვერ იხსნის ადამიანს სიკვდილისგან. როგორ შემოვიდა სიკვდილი, რა კავშირი არსებობს გარდაცვლილ სულებს შორის, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– სიკვდილი არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო სრულყოფილი და უცოდველი ღმერთის მიერ შექმნილ ქვეყანაზე. საღმრთო გამოცხადება გვასწავლის, რომ „სიკვდილი არ ღმერთს შეუქმნია“ (სიბრძნე სოლომონისა; 1;13), არამედ „ადამიანი უხრწნელი შეიქმნა“ (2;23) და რომ „ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა“ (2;24). სიკვდილი არის ხარკი არა ბუნებისა, არამედ ცოდვისადმი. ის შემოიჭრა ადამიანურ ბუნებაში სიცოცხლის წყაროს – ღმრთისგან ჩვენი განშორების საშუალებით – მისი ცხოველსმყოფელი მცნებების დარღვევის გამო. ეკლესიური სწავლების თანახმად ადამიანის სული, სხეულისგან გაშორების შემდეგ მიიყვანება ღმერთთან სამსჯავროზე, რომელსაც განსხვავებით უკანასკნელი სამსჯავროსგან, ეწოდება კერძო, რადგან აღესრულება არა მთელი ქვეყნიერების შესახებ. მაცხოვრის იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სიკვდილს მოჰყვება გარკვეული გადაწყვეტილება სულის მომავალ ხვედრზე, რომელიც გარდაცვლილის საქმეთა მიხედვით იქნება მიღებული.

– რა ელოდება ადამიანს კერძო სამსჯავროზე წარდგენის წინ?

– სულებს ღმერთის კერძო სამსჯავროს წინ უძღვის სულთა გამოცდა ეგრეთ წოდებულ საზვერეებზე, რომელთა გავლითაც, ისინი ანგელოზთა თანხლებით ხვდებიან ჰეართა სფეროში, ბოროტი სულები აკავებენ მათ და ამხელენ სიცოცხლეში ჩადენილ ყველა ცოდვაში, ანგელოზები კი მიუთითებენ სულის კეთილ საქმეებზე და ზრუნავენ მის გამართლებაზე. კეთილი სულები, რომლებიც მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი განუყრელი ხელმძღვანელები არიან ყოველგვარ კეთილ საქმეებში, განსაკუთრებით მფარველი ანგელოზი, ყოველი ნათლისღებულისთვის ღმრთისგან გამოგზავნილი, არ გვტოვებენ ჩვენ სიკვდილის მძიმე წუთებშიც. მფარველი ანგელოზები ადამიანს ბოლომდე მფარველობენ, არ ტოვებენ სიკვდილის მძიმე წუთებში, ისინი ამხნევებენ სულს და ხელმძღვანელობენ იმ საშინელი, მისთვის სრულიად უცნობი – გადასვლისას ამქვეყნიური ცხოვრებიდან მარადისობაში. მეორე მხრივ წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ბოროტი სულების მთელი მოქმედება მიმართულია ჩვენი დაღუპვისკენ, როგორც ამის შესახებ მოციქული პეტრე წერს: „ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქას“ (1 პეტრე, 5;8). ისინი შემთხვევას არ უშვებენ, რათა გააკეთონ ჩვენი სულისთვის დამღუპველი რამ, სხეულთან მისი გაყრის შემდეგაც.

წმიდა მაკარი ეგვიპტელი უდაბნოში მის თანმხლებ ანგელოზს ეკითხებოდა: „გთხოვ, ამიხსნა, რატომაა წმიდა მამათა მიერ გარდამოცემული, გარდაცვალებულთათვის მსხვერპლშეწირვის აღსრულება ეკლესიაში, მესამე, მეცხრე, მეორმოცე დღეს და რა სარგებელი აქვს ამისგან განსვენებულის სულს?“ ანგელოზი პასუხობდა: „ღმერთმა თავის ეკლესიაში არ დაუშვა არაფერი უსარგებლო და გამოუყენებელი, რამეთუ, როცა მესამე დღეს ეკლესიაში ხდება მსხვერპლშეწირვა, მაშინ გარდაცვლილის სული, მისი მცველი ანგელოზისგან იღებს წუხილის შემსუბუქებას, რომელსაც ის სხეულიდან განშორების შემდეგ გრძნობს. იღებს, რადგან მისთვის აღვლენილია დიდებისმეტყველება და მსხვერპლშეწირვა ღმრთის ეკლესიაში, რადგან მასში იბადება კეთილი იმედი. ორი დღის განმავლობაში სულს ეძლევა ნება, მასთან მყოფ ანგელოზებთან ერთად, იაროს მიწაზე, სადაც მოესურვება. ამიტომ, სული სხეულის მოყვარული დაეხეტება ხან სახლის ახლოს, სადაც განეშორა სხეულს, ხან კუბოსთან ახლოს, სადაც ასვენია მისი სხეული. კეთილისმყოფელის სული კი დადის იმ ადგილებში, სადაც სიმართლის კეთების ჩვეულება ჰქონდა. მესამე დღეს კი, ის ვინც მკვდრეთით აღდგა, უბრძანებს – მიმსგავსებულად მისი აღდგომისა – ყოველი ქრისტიანის სულს, ამაღლდეს ცაში ყოველთა ღმრთის თაყვანისსაცემად“.

– ამის შემდეგ რა ემართება ადამიანის სულს?

– ღმერთის თაყვანისცემის შემდეგ, მისგან ანგელოზებს ებრძანება აჩვენონ სულს სხვადასხვა წმიდანთა საამო სავანეები და სამოთხის მშვენიერება. ყოველივე ამას სული ნახულობს ექვსი დღის განმავლობაში, ჭვრეტს რა ყოველივე ამას, ის იცვლება და ივიწყებს წუხილს, რომელიც სხეულში ყოფნის დროს ჰქონდა. მაგრამ თუ ის ცოდვილია, წმიდანთა ტკბობის ხილვისას იწყებს წუხილს და საკუთარ თავს საყვედურობს. ექვსი დღის მართალთა მთელი სიხარულის ხილვის შემდეგ, სული კვლავ აღიყვანება ანგელოზთა მიერ ღმერთის თაყვანსაცემად. ამის შემდეგ კი სული ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში და აჩვენებენ მას სხვადასხვა ადგილებს, ადამიანების ტანჯვას, წამებას, რომლის დროსაც სულები განუწყვეტლივ გოდებენ. სული წამების ამ ადგილებში სულ დაიარება 30 დღის განმავლობაში, ძრწის, რათა თვითონაც არ მიესაჯოს მათში ჩაკეტვა. მეორმოცე დღეს ის კვლავ აღიყვანება ღმრთის თაყვანსაცემად და ამჯერად უკვე მსაჯული განსაზღვრავს მის ადგილსამყოფელს. ასეთია ანგელოზური განცხადება მაკარი ეგვიპტელისა, მიცვალებულთა სულების მდგომარეობის შესახებ.

იმ მდგომარეობას, რომელშიც გადის სული და რომელშიც არსებობს სხეულთან განშორების მომენტიდან საშინელ სამსჯავრომდე, ღმერთშემოსილმა მამებმა გაურკვეველი მდგომარეობა უწოდეს. იმიტომ, რომ სული არ იღებს სრულ მისაგებელს არც ბოროტებისთვის და არც სიკეთისთვის. ამიტომ, საშინელ სამსჯავრომდე კიდევ შესაძლებელია ცვლილებები სულთა მდგომარეობაში. მაგალითად, ეკლესიის ლოცვებით, ზოგიერთი ცოდვილი შესაძლოა, გათავისუფლდეს ტანჯვისგან ან უკიდურეს შემთხვევაში, მიიღოს ტანჯვის შემსუბუქება. ამ დროებით მდგომარეობაში სული განიცდის მომავალ ცხოვრებაში თავისი ნეტარების ან ტანჯვის წინათგრძნობას.

– მამაო, არსებობს თუ არა სულთა შორის კავშირი?

– სულის მთავარი ძალები – სიყვარული და თანაგრძნობა – არ ტოვებენ მას საიქიო ცხოვრებაშიც, სხვაგვარად ის სული აღარ იქნებოდა. შესაბამისად, მიცვალებულები განაგრძობენ ცოცხალთა სიყვარულს და თანაუგრძნობენ მათ. მოციქული პავლე ამოწმებს, რომ სიყვარული უკვდავია „არასდროს გარდახდების“. შესაბამისად, გარდაცვლილთა მდგომარეობა, მათი სიმშვიდე თუ შფოთი ცოცხალთა ცხოვრებასთან უწყვეტ კავშირშია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთის წინაშე ყველა ცოცხალია. ამიტომ, საიქიო ცხოვრება, ისევე როგორც მიწიერი, არის სულიერ თვისებათა და განწყობილებათა უწყვეტი ცვლა, რომელიც ისე ვითარდება, როგორც ნაყოფი – ჩვენს მიერ მიწიერ ცხოვრებაში დათესილი მარცვლიდან. სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანები იხილავენ და იცნობენ ერთმანეთს საიქიოში, თითქმის ყოველთვის იყო საყოველთაო რწმენის საგანი. დედამიწის ყველა ხალხს სჯეროდა ამ სწავლების. შესაქმის წიგნში ნათქვამია, რომ „აბრაამი მოკვდა და მიემთხვია ერსა თვისსა“. ესე იგი მისი უკვდავი სული შეერთო მის ხალხს. ისააკის შესახებაც ვკითხულობთ: „და განუტევა სული ისააკ, და მოკვდა და მიემთხვია ერსა თვისსა და დაფლეს იგი ესევ და იაკობ და ძეთა მისთა“. ანუ როგორც კი მოხუცი მართლის სულმა დატოვა სხეული, ის ხორცისგან გათავისუფლებული, ჯერ კიდევ დაკრძალვამდე შევიდა ურთიერთობაში თავის კეთილმსახურ წინაპრებთან, რომლებიც მასზე ადრე გადავიდნენ იმსოფლად. მაგრამ არა მხოლოდ მართალთა სულები ხვდებიან ერთმანეთს სიკვდილის შემდეგ, ასევე ცოდვილთა სულებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან. ანუ, იმსოფლად მყოფნი ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს ცნობენ და მათსა და ჩვენს შორისაც არსებობს კავშირი, ისევე როგორც ჩვენსა და ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების სულებს შორის. ისინი მუდამ საჭიროებენ ჩვენი მხრიდან გულმხურვალე ლოცვას.


скачать dle 11.3