კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახადა გია ჭანტურიამ ნატო ნიჟარაძე „მუნჯი ცოლი“ და რით ემუქრება ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალ შეფს

რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის ყველაზე აქტიური და ხალისიანი ტელესახე, ნატო ნიჟარაძე, სამუშაოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადავიდა და „სამოთხის ვაშლი“ გახდა. ახალ სატელევიზიო სეზონს  ნატო აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში ხვდება, რთული სათქმელია, როგორ დაიტევს სტუდიის  კედლები მის დიდ ენერგიას, მაგრამ ექსპერიმენტების მოყვარულ ტელესახეს საკუთარ თავზე მორიგი გამოცდის მოწყობა არ უჭირს. როგორც ნატო ამბობს, მის ცხოვრებაში  მოულოდნელი სიურპრიზები იშვიათობა არ არის, ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც იღბალი მრავალ ფლანგზე სწყალობს და ვინც ბედის ნებიერა ადრეული ასაკიდან ხდება. 

ნატო ნიჟარაძე: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. მადლიერების გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებული მაქვს, ხშირად ვუხდი მადლობას უფალს და იღბალს იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და აქამდე მქონია. ადამიანი, როგორც წესი, ბედნიერებას მაშინ აღიქვამს, როცა მას კარგავს. მე ასე არ ვარ – ბედნიერებას აღვიქვამ მაშინაც კი, როცა მაქვს და თითოეული წუთით ვტკბები. იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ ყოველთვის გვერდში მედგა ჩემი ოჯახი, თუმცა ყველაფერს მე თვითონ, ყველას დახმარების გარეშე მივაღწიე. საკმაოდ უცნაურად ავირჩიე პროფესია, ძალიან მინდოდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება, მაგრამ მამამ მითხრა, თუ თეატრალურში ჩააბარებ, ამ ჭაღზე თოკს ჩამოვკიდებ, შენც ჩამოგახრჩობ და თავსაც ჩამოვიხრჩობო. მაშინ მეეზოვე გამოვალ-მეთქი. ოღონდ იქ არ ჩააბარო და მეეზოვეობა მირჩევნია, თუ ფოსტალიონობასაც შეითავსებ, ფანტასტიკური იქნება. ამ ფოსტალიონის ხელში ფოსტა მუდმივად იგვიანებსო (იცინის). ასე დავრჩი იმედგაცრუებული და ნირწამხდარი. ზუსტად იმ დროს მეგობარმა მითხრა, ჩემი და გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, იქ არაჩვეულებრივად ატარებენ დროს, პრაქტიკაზე ხან სად დადიან, ხან – სად, წამოდი, ჩვენც იქ ჩავაბაროთო. კარგი-მეთქი, ვუთხარი და წავედით. მე ჩავაბარე, ჩემი მეგობარი კი ჩაიჭრა. ამაზე მეტი იღბალი რა გინდა?! ჩემგან დიდი გეოლოგი არ დადგა, თუმცა ასპირანტურაშიც ჩავაბარე, იმ დროს მეცნიერება არავის აღარ სჭირდებოდა. სამაგიეროდ, იქვე იყო უნივერსიტეტის თეატრი, სადაც ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ჩემი თეატრალური ჟინიც მოვიკალი. მახსოვს, ჩემი პირველი სპექტაკლი იყო „მუნჯი ცოლი“. როცა გია ჭანტურიამ მახარა, მთავარ როლზე დაგამტკიცესო, გადავირიე: მე და – მუნჯი-მეთქი?! გიამ დამამშვიდა: პირველ მოქმედებაში ხარ მუნჯი, თორემ მერე რომ ალაპარაკდები, ის იქნები, ვინც სინამდვილეში ხარო...

– გეოლოგი და გეოგრაფი ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდი?

– არასდროს არავის გაუწევია ჩემთვის პროტექცია, ყველგან ჩემი ინიციატივითა და სურვილით მივდიოდი, რომ ბედი მეცადა, გავდიოდი უამრავ კონკურსზე, როცა გავიგე, რომ „საქართველოს ხმაში“ იღებდნენ წამყვანებსა და ჟურნალისტებს, მაშინვე გავიქეცი. სახლში არავის ვუთხარი, რომ არ ენერვიულათ. არ მიყვარს, როცა ჩემ გამო ახლობლები ნერვიულობენ. ასჯერ შემიძლია, ვცადო ყველაფრის თავიდან დაწყება, ბევრს ვშრომობ და, როცა ადამიანი ასე იხარჯები, ამის სანაცვლოდ აუცილებლად იღებ წარმატებებს ცხოვრებისგან. არ მეცოდებოდა საკუთარი თავი და არც ვზოგავდი... არასდროს ვიხევ უკან მაშინ, როცა მაქვს შანსი, რომ რაღაც ვისწავლო და „გავიზარდო“, ძალიან მიზანდასახულიც ვარ. გამიმართლა იმაშიც, რომ ცხოვრებაში არ შემხვედრია ცუდი ადამიანი, არავის გაუკეთებია ჩემთვის ბოროტება, არავინ მქცევია მტრად. არაერთხელ მოვხვდი საჭირო ადგილზე საჭირო დროს, ან იქ აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ჩემთან დაკავშირებით ჩემთვის საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. „იბერიაში“ ვმუშაობდი, როცა პარლამენტის კიბეზე შევხვდი ეროსი კიწმარიშვილს. ერთმანეთი მოვიკითხეთ და ეროსიმ მკითხა, ჩვენთან არ გინდა მუშაობის დაწყებაო? მაშინვე დავთანხმდი: რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ახალ სამსახურში აღმოვჩნდი სხვა ადამიანის დახმარებით. ყველა დანარჩენ სამსახურში – „აუდიენციაში“, „ფორტუნაში“ – მე თვითონ მივედი და ქასთინგის წყალობით მოვხვდი.

– ახლა რატომ დატოვე „რუსთავი 2“ და რატომ გადაწყვიტე, „სამოთხის ვაშლი“ გამხდარიყავი? ასე იოლად შეელიე „რუსთავი 2-ს?“

– იოლად ვერ შეველიე, ძალიან გამიჭირდა, ახლაც მგონია, რომ ისევ იქ ვარ. თითქმის ათი წელია, რაც „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობ პატარ-პატარა შესვენებებით. ძალიან მიყვარდა ის საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ძნელია, შვიდი წელი ერთი და იგივე ნიშა რომ გაქვს. მე მქონდა იდეები რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე მათი განხორციელება შეუძლებელი იყო. სწორედ ამ პერიოდში დამირეკეს „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ და ქასთინგში მონაწილეობა შემომთავაზეს, ასე რომ, უქასთინგოდ არც ამ სამსახურში მოვხვედრილვარ.

– როგორც ჩანს, გია ჭანტურიას ფაქტორიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შენთვის. ძველმა მეგობარმა გადაგიბირა?

– ეს მართლაც ასეა, თუმცა მე კონკურსი გიას დანიშვნამდე გავიარე. გია ჩემი უნივერსიტეტის დროინდელი მეგობარია. მისთვის ახლობელი ადამიანი ვარ და მიცნობს ყველა განზომილებაში (იცინის). ვიცი, რომ აუცილებლად უნდა დავიცვა სუბორდინაცია, რაც ძალიან გამიჭირდება. დღეს გიას ჰქონდა თათბირი, ძალიან მომინდა, შევვარდნილიყავი თათბირზე და შვილის დაბადება მიმელოცა მისთვის, ბევრი ვიბრძოლე ჩემს თავთან, რომ ეს არ გამეკეთებინა და ეს სურვილი როგორც იქნა, გადავლახე (იცინის). რა თქმა უნდა, ახლობელ ადამიანთან მუშაობა უკეთესია, ამას გარდა, უფრო კარგი ხელფასი მექნება, თანაც, მოვხვდი არაჩვეულებრივ პირობებში. იმ რთული რეჟიმის შემდეგ, რაც წლების განმავლობაში მქონდა, ახლა ისეთ მშვიდ გარემოში და სასათბურე პირობებში ვიქნები, რომ... დილაობით მომივლიან, დამვარცხნიან (იცინის).

– ეს „რუსთავი 2-შიც“ არ გაკლდა, ხან „სპაცენტრში“ გხედავდით დილაობით, ხანაც – სილამაზის სალონში.

– ის იყო სარეკლამო სიუჟეტები, მე არ მიყვარს მასაჟი, მაგრამ უარს არ ვამბობდი იმაზე, რაც მიყვარს. ყოველთვის ვგიჟდებოდი სამზარეულოში ჯდომაზე, ახლა ვიჯდები ყოველ დილით ლამაზ სტუდიაში და „ვიჭორავებ“ საინტერესო თემებზე. შევეცდები, რომ ფორმატის ფარგლებში სიახლეები შევიტანო გადაცემაში, ეს საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს, ამას გარდა, ახლა ცოტა მეტი დრო მექნება ჩემი შვილებისთვის, რაც მუდმივად მაკლდა.

– როგორ ფიქრობ, საქმეში უფრო იღბლიანი ხარ თუ პირად ცხოვრებაში?

– რა თქმა უნდა, პირად ცხოვრებაში. როცა გყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, „საკვალელი“ მეუღლე, როგორ შეიძლება, თქვა, რომ არ ხარ იღბლიანი?! მყავს ფანტასტიკური მეგობრები, კარგი ოჯახი; ზღაპრულ გარემოში, ბებია-ბაბუასთან მაქვს გატარებული ბავშვობა, რაც ადამიანს სხვანაირ სითბოს ჰმატებს. ისეთ სიყვარულში გავიზარდე, რომ ყველაზე მთავარი – სიყვარულის გაცემა ვისწავლე. ამიტომაც ცხოვრებამ მაჩუქა ბევრი ერთგული და ძვირფასი ადამიანი და ასე იყო ბავშვობიდან... მართალია, მყავდა ორი ისეთი დეიდაშვილი, რომლებიც სისხლს მიშრობდნენ, აკონტროლებდნენ ჩემს თითოეულ ნაბიჯს, მიფრთხობდნენ თაყვანისმცემლებს, მაგრამ მათთან ერთად გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მომცა, მათი წყალობით ისე კარგად ვიცნობ მამაკაცთა მოდგმას, შარვლებს ვაუთოვებ ისე, რომ ვერ შემედრება ვერავინ.

– მომავლ მეუღლესთან შენი შეხვედრაც იღბლის და ბედნიერი შემთხვევის წყალობა ხომ არ იყო?

– მე თითქმის არ მჯერა შემთხვევითობების და მგონია, რომ ყველაფერი კანონზომიერად ხდება. ჩემი მეუღლე გავიცანი ქობულეთში, პლაჟზე. ერთი შეხედვით ეს თითქოს შემთხვევითობა იყო, მაგრამ ესეც ემყარებოდა კანონზომიერებას. იმ პერიოდში ნაჩხუბარი ვიყავი ჩემს ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან, რომელიც საკმაოდ ღირსეული ადამიანი იყო. ქობულეთში დასასვენებლად წასვლამდე ნიკა ტაბატაძემ ძალიან ბევრი მამუშავა, რის გამოც ჩემი მეგობრები ჩემზე ადრე ჩავიდნენ, მე კი ერთი კვირა დავაგვიანე. როცა ისინი წამოვიდნენ, იქ დარჩა მხოლოდ ერთი ჩემი მეგობარი. სწორედ ის იცნობდა ლევანს, რომელსაც ჩემსავით არევია გეგმები და ერთი კვირა დაუგვიანია, ასე დაემთხვა ჩვენი იქ ყოფნა ერთმანეთს. იმ ერთ კვირაში იყო ბევრი რომანტიკა, ზღვა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ბუნგალოში გატარებული ღამეები, სპონტანურად დადგმული ცეკვები... ერთ თვეში დავქორწინდით და ახლა გვაქვს ოჯახი, გვყავს საყვარელი შვილები. მე და ჩემს მეუღლესაც გვქონია რთული პერიოდები, ამის გარეშე არც ერთი ოჯახი არ არსებობს. ლევანი უფრო მშვიდია და ჩემს „აფეთქებებს“ იტანს, ხან მე მიწევს მისი მკაცრი ხასიათის ატანა. ასე გავურბივართ კონფლიქტებს. არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა უსიამოვნო საუბრები მოისმინონ, ჩვენ ორივე ვცხოვრობთ ბავშვებისთვის. განვაგრძობთ იმ ტრადიციას, რაც გვქონდა ოჯახებში – ჩვენთვის მთავარია შვილები და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ისინი კარგად იყვნენ.

– რა იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც იღბლისგან მიიღე?

– მეორე შვილის დაბადება. იმ პერიოდში მე მოვყევი ავარიაში და არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სასწაულებრივად გადავრჩი – საქარე მინა თავით გავიტანე, მაგრამ დიდი დაზიანებები არ მიმიღია. ექიმებმა ორი კვირით „მომისაჯეს“ წოლა, რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ განსხვავებული შეგრძნებები მქონდა. მერე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და გავეცი პასუხი კითხვას: როგორ გადავრჩი ასეთი მძიმე ავარიიდან ასე უვნებელი? აღმოჩნდა, რომ დემეტრე უნდა გაჩენილიყო და ეს იმიტომ მოხდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობა. ისიც იღბალია, რომ დემეტრემ ათი დღე „მოიცადა“ და ზუსტად ჩემს დაბადების დღეს გაჩნდა.

– როცა საქმე ეხება ფულს, მოგებას, გიმართლებს იღბალი?

– არა, ეს აუთვისებელი სფეროა (იცინის) ძალიან აზარტული ვარ, ამიტომ, არასდროს ვთამაშობ ფულზე, რომ ამ აზარტმა არ ჩამითრიოს. კაზინოში ვყოფილვარ გადაღებებზე, მაგრამ არასდროს მითამაშია. რაც თავი მახსოვს, ვმუშაობ, ფულს ძნელად ვშოულობ, ამიტომ, ასე იოლად ვერ გავრისკავ და ქარს ვერ გავატან ჩემს ნაშრომს. ამას მირჩევნია, რამე შევიძინო ოჯახისთვის, თუმცა გააზრებულად ფულის ხარჯვა ძალიან მიყვარს. მხოლოდ ერთხელ მოვიგე ფული, როდესაც ტუალეტის ქაღალდში „შევახვიე“ ოთარ ქირია და დამსახურებულად მივიღე პრიზი – 100 ლარი. ეს ფული მე და ოთარიკომ შუაზე გავიყავით, რადგან ისიც ძალიან დამეხმარა. ბევრი იბზრიალა იმისთვის, რომ ქაღალდში უფრო იოლად შემეხვია (იცინის).



თამუნა ნიჟარაძე


скачать dle 11.3