კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ ფიოდორ შალიაპინის მშობლები და დასტურდება თუ არა ვერსია მისი ქართული წარმოშობის შესახებ


ფიოდორ შალიაპინი და დიმიტრი უსატოვი პირველად თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრა ორივე მათგანისთვის ნაყოფიერი და წარმატების მომტანი აღმოჩნდა. უსატოვმა სახელი გაითქვა, როგორც საოპერო ხელოვნებაში ცნობილმა ვოკალის პედაგოგმა, მისმა მოსწავლემ, ფიოდორ შალიაპინმა კი – მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში ცნობილმა ბანმა. არსებობს ვერსია შალიაპინის ქართული წარმოშობის შესახებ. ამ ვერსიის მიხედვით, ის თბილისში, არსენას ქუჩაზე მცხოვრებ ღვინის ვაჭარ ბახუტაშვილს შესძენია, საკუთარ მოახლესთან, რომელიც გვარად მელნიკოვა იყო. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს რესპონდენტთან, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კონსულტანტთან საოპერო ხელოვნების საკითხებში, გიორგი ნიჟარაძესთან.


გიორგი ნიჟარაძე: დიმიტრი უსატოვი ცნობილი პიროვნება იყო რუსეთის მუსიკალურ წრეში მეცხრამეტე საუკუნის 70-80-ინ წლებში. მან პირველმა შეასრულა ლენსკის პარტია, ჩაიკოვსკის ოპერაში „ევგენი ონეგინი“. მას მოვლილი ჰქონდა რუსეთის საიმპერატორო თეატრები. მოგვიანებით უსატოვი თბილისში აღმოჩნდა, სადაც სამუსიკო სასწავლებელში დაიწყო მოღვაწეობა.

– მართალია, რომ უსატოვი და ცნობილი საოპერო მომღერალი ფიოდორ შალიაპინი, თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს?

– უსატოვი ცნობილი იყო, როგორც ვოკალის საუკეთესო პედაგოგი და შალიაპინიც სწორედ ამიტომ დაუკავშირდა მას თბილისში. ამ დროისთვის ეს უკანასკნელი უკვე ყაზანში აპირებდა წასვლას, რადგან მოწვევა ჰქონდა იქაური საოპერო თეატრიდან, მაგრამ უსატოვთან შეხვედრამ მისი გეგმები აშკარად შეცვალა.

ცნობილია, რომ ამ პერიოდში შალიაპინი რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა, მაგრამ უსატოვთან შეხვედრისას უკვე სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. დიმიტრი უსატოვმა რომ მოუსმინა, უთხრა, შენი ჩემთან მეცადინეობა აუცილებელიაო. ეცადა, სამსახურის დაბრუნებაშიც დახმარებოდა, მაგრამ, ვინაიდან შალიაპინის ვაკანსია რკინიგზის სამმართველოში უკვე დაკავებული იყო, პედაგოგმა ის აფთიაქში მოაწყო. აფთიაქარი შალიაპინს 10 მანეთს მარტო იმისთვის აძლევდა, რომ მას სიმღერა ესწავლა.

– ანუ, მხოლოდ საბუთებით მუშაობდა აფთიაქში, სინამდვილეში კი ვოკალში მეცადინეობდა და ამაში იღებდა ხელფასს?

– საბუთებითაც არ იყო გაფორმებული, აფთიაქის მფლობელი თავისი კეთილი ნებით, საკუთარი ჯიბიდან აძლევდა ხელფასს.

– რატომ იქცეოდა ასე?

– შალიაპინი თვითონაც გაკვირვებული იყო, ასეთ რამეს პირველად ვხედავ ცხოვრებაშიო. ამ კაცის ვინაობა არ შემორჩა ისტორიას, ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი ქართველი იყო და უსატოვთან მეგობრობდა.

ბედნიერი აღმოჩნდა უსატოვისა და შალიაპინის შეხვედრა. ამ შეხვედრის წყალობით, უსატოვმა თავისი სახელი უკვდავყო, როგორც შალიაპინის პედაგოგმა. მასთან მეცადინეობის შემდეგ შეასრულა შალიაპინმა ტონიოს პარტია ლეონ კავალოს „ჯამბაზებში“ და შემდეგ მეორე დღესვე იმღერა მეფისტოფელი „ფაუსტში“.

ახალგაზრდა შალიაპინს მიაჩნდა, რომ მას ბარიტონი ჰქონდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მას მაღალი ბანი ჰქონდა, რომელსაც „მღერალ ბანს“, უწოდებენ – „ბანი კანტანტე“.

მოგვიანებით ფიოდორ შალიაპინს უმღერია თბილისის ოპერაში, რომელიც იმხანად დღევანდელი ეკონომიკის სამინისტროს უკან მდებარეობდა. ახალი შენობა მოგვიანებით აშენდა. სადაც შალიაპინი მღეროდა, ის ნაგებობა არ გამოირჩეოდა არქიტექტურული ღირებულებით. სამაგიეროდ, ცნობილი იყო მანამდე არსებული, მავრიტანულ სტილში აგებული ქარვასლის შენობა, რომელიც დღევანდელ თავისუფლების მოედანსა და პუშკინის სახელობის სკვერს შორის იდგა. მის კედლებში იყო განთავსებული არაჩვეულებრივი ოპერის დარბაზიც. სხვათა შორის, იქ მოხვედრის პატივი, თავისი მოგზაურობისას, წილად ხვდა შვილ დიუმასაც, რომელსაც ძალიან მოსწონებია იქაურობა. ამის შესახებ მან პარიზის პრესაშიც კი აღნიშნა.

– შალიაპინი როგორ მოხვდა საქართველოში?

– სულ შემთხვევით. ის დახეტიალობდა მთელ რუსეთში და, ვოლგის ჩამოყოლებით, ჯერ ასტრახანში შეჩერდა, შემდეგ – ბაქოში, ბაქოდან კი, დაჯდა მატარებელზე და 30 კაპიკად ჩამოიყვანა ვიღაც კონდუქტორმა თბილისამდე. მან თბილისში დაიწყო სამსახურის ძებნა, მაგრამ ვერ შოულობდა, რადგან არანაირი სპეციალობა არ ჰქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, პლეხანოვზე, ერთ-ერთ ბაღში, ღია ცის ქვეშ, პატარა სცენაზე დაიწყო სიმღერა საღამოობით, რაშიც მას თვეში 2 მანეთს უხდიდნენ.

საინტერესოა ფიოდორ შალიაპინის წარმოშობასთან დაკავშირებული ვერსია. ალბათ, ჭორი უნდა დავარქვათ, რადგან დამამტკიცებელი საბუთები არ მოიპოვება ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც ეს ვერსია არ დამკვიდრდა შალიაპინის ბიოგრაფიაში. ამავე ვერსიის მიხედვით, იგი თბილისში დაბადებული ქართველი იყო.

– გვამბეთ ეს ვერსია.

– ამ ვერსიის თანახმად, თბილისში ცხოვრობდა რუსი ქალი, გვარად მელნიკოვა, სასულიერო პირის შვილი, რომელიც სტავროპოლიდან იყო. ის თბილისში ჩამოვიდა და მოსამსახურედ მუშაობდა ბახუტაშვილების ოჯახში. ბახუტაშვილებს არსენას ქუჩაზე ჰქონდათ სახლი. თვითონ ბახუტაშვილი ღვინით მოვაჭრე კაცი გახლდათ. მას მელნიკოვა შეუცდენია და გაჩნდა ბავშვი (ამ ვერსიის მიხედვით – ფიოდორ შალიაპინი), რომელიც შემდეგ იშვილა არსენას ქუჩაზე მომუშავე პოლიცმეისტერმა. მოგვიანებით ეს უკანასკნელი გადავიდა ყაზანში და, ბუნებრივია, ბავშვიც თან წაიყვანა.

ამის შემდეგ როგორ წარიმართა შალიაპინის ცხოვრება, მეტ-ნაკლებად უკვე ვიცით. საინტერესოა, რომ, როდესაც შალიაპინი, უკვე ცნობილი ბანი იყო, თბილისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, იგი მოინახულა მელნიკოვამ. შალიაპინი ამ დროს სასტუმრო „ლონდონში“ ცხოვრობდა. მელნიკოვამ უთხრა მომღერალს, მე დედაშენი ვარო. ის ბავშვთან ერთად იყო მისული. შალიაპინს ამ ბავშვისთვის, ანუ, ფაქტობრივად თავის ნახევარძმისთვის 100 მანეთიც კი უჩუქებია, მელნიკოვასთვის კი უთქვამს: მე გავიკითხავ ჩემს ნათესავებში ამ ამბავს და საბოლოო პასუხსაც შეგატყობინებო, მაგრამ არაფერიც არ შეატყობინა, გარდა იმისა, რომ ერთ იტალიელ მეგობარს, რომელიც თბილისში მოდიოდა, 1 000 მანეთი გამოატანა მელნიკოვასთან. 1 000 მანეთი მაშინ დიდი ფული იყო. ფიოდორ შალიაპინს დიდი ხელგაშლილობით არ იცნობდნენ და ყველაფერი ეს, შეიძლება, იმაზე მეტყველებდეს, რომ შალიაპინმა სიმართლე გაიგო და მელნიკოვას მონათხრობიც ირწმუნა, თუმცა, აღარ მოინდომა ასეთი სიმართლის გახმაურება.

მოგვიანებით მელნიკოვას ქალი მუშაობდა მირიანაშვილების, ანუ ოპერა „აბესალომ და ეთერის“ ავტორის ოჯახში. თურმე, სანდრო მირიანაშვილი ხშირად ეუბნებოდა სტუმრებს, არსენას ქუჩაზე რომ ბახუტაშვილების სახლია, იქ დაფა უნდა გავაკრა, წარწერით რომ ფიოდორ შალიაპინი ამ სახლში დაიბადაო.

– ანუ, იმდროინდელ თბილისში ბევრი საუბრობდა ამ ვერსიაზე?

– არა მარტო თბილისში. გარდა ამისა, იყვნენ მუშები, რომელნიც მოწმე იყვნენ ამ ფაქტისა და ახსოვდათ, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ წაიყვანეს ბავშვი თბილისიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი დღეს ცოცხლები აღარ არიან, სხვა მოწმეები და ფაქტები არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მან პირველად თბილისში დაიწყო სიმღერა და აქ ჩამოყალიბდა მომღერლად; რომ უყვარდა საქართველო და თბილისი და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა თბილისური საზოგადოების აზრს, რადგან, თბილისი ძალიან მუსიკალური ქალაქი იყო.

– საბოლოოდ როგორ დასრულდა მოსწავლისა და მასწავლებლის ცხოვრება?

– უსატოვი დაახლოებით ოცი წელი ცხოვრობდა თბილისში, შემდეგ კი პეტერბურგში გადავიდა და კონსერვატორიის პროფესორი იყო. მას ყველა პატივს სცემდა და ყველა ეპყრობოდა, როგორც ლეგენდარულ პედაგოგს. შალიაპინზე დიდი მომღერალი რუსეთში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. კარუზო – ტენორებში, ტიტარუფო – ბარიტონებში და შალიაპინი – ბანებში – ესენი არიან მეფეები ოპერისა. მათი ტოლი მომავალში, ალბათ, მარია კალასი გამოდგა ქალებში. რაც შეეხება შალიაპინს, ის დაახლოებით სამი-ოთხი წელი ცხოვრობდა აქ, მაგრამ, როგორც გითხარით, მერეც ძალიან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და უყვარდა აქაურობა. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა თბილისში, ერთ-ერთი მათგანი იყო ვალერიან გუნია. სხვათა შორის, ვალერიან გუნიამ აჩუქა მას პირველად ფეხსაცმელები, მაშინ შალიაპინი ჯერ არც მომღერალი იყო და არც უსატოვთან იყო შეხვედრილი.

რაც შეეხება უსატოვს, ის ლენინგრადში აღესრულა, უკვე საბჭოთა პერიოდში. შალიაპინმა კი 1922 წელს დატოვა საბჭოთა საზღვრები – ევროპული გასტროლებიდან აღარ დაბრუნდა და სიკვდილამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.


скачать dle 11.3