კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ძვირფასი ქვებითაა საქართველო მდიდარი და სად მოიპოვეს ყველაზე დიდი ალმასი მსოფლიოში


რადიაციული ბიოფიზიკის სპეციალისტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – ნინო წულაძე ქვების კოლექციის შეგროვებამ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გაიტაცა. დღეისთვის მის კოლექციაში რამდენიმე ათეული ნიმუშია. მათ შესახებ უამრავი ინფორმაცია დაუგროვებია ჩვენს რესპონდენტს. რომელი ქვებითაა მდიდარი საქართველო და სად აღმოაჩინეს ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი, ამის შესახებ ქალბატონი ნინო ინტერვიუში გვესაუბრება.

– ქალბატონო ნინო, როდის დაიწყეთ ამ კოლექციის შეგროვება?

– სკოლის ასაკიდან. მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემმა სკოლელმა გოგონამ ძოწის და პირიტის ერთად შერეული პატარა ნიმუში მაჩვენა. ისე მომეწონა, რომ მან გაიმეტა და პატარა ნაწილი ჩამოატეხა ჩემთვის. ეს იყო დაახლოებით, ნეკის ფრჩხილისოდენა ნიმუში. აი, ამ პატარა ნიმუშიდან დაიწყო ჩემი ქვისადმი სიყვარული. მთელი ლიტერატურა გადავქექე ქვების შესახებ. ყველაფერს ვკითხულობდი ძოწსა და პირიტზე. თავიდან ეს ორი ქვა ვიცოდი. შემდეგ ნელ-ნელა ჩემს კოლექციაში გაჩნდა: აქატი, ფირუზი, მალაქიტი და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ყველა ქვის შესახებ ვეცნობოდი ინფორმაციას. არის ძალიან კარგი – ფერსმანის საბავშვო ლიტერატურა მინერალოგიის შესასწავლად. მოკლედ, ამ ყველაფერმა ცოტა ხანში ისე გამიტაცა, სადაც მივდიოდი ყველგან ქვას ვეძებდი, თავი მქონდა სულ ჩარგული და მიწას ჩავჩერებოდი. მაგრამ, ისეც არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ქვებზე ვარ კონცენტრირებული და სხვას ვერაფერს ვამჩნევ. მე სექტემბერში ვარ დაბადებული, ანუ ზოდიაქოს მიხედვით – ქალწული. ჩვენ კი ასე გვახასიათებენ – სექტემბრის ადამიანები იბადებიან სხვისთვის.

– ანუ?

– თავს და სიყვარულს ქალწულები უძღვნიან სხვას, სხვებისთვის იბადებიან. ზოდიაქოს 12 ნიშანი ხომ არსებობს. აქედან ქალწულები იბადებიან დანარჩენი თერთმეტისათვის, დანარჩენები კი, – ყველა თავისთვისაა. სხვათა შორის, სხვა ქალწულებსაც რომ ვუკვირდები, ზუსტად ასეა ყველა. გარდა ამისა, ქალწულები ბუნებასთან კონტაქტში ძალიან დიდ შვებას პოულობენ და ამის გარეშე არ შეუძლიათ არსებობა. ყველა ქალწულს თავისებური დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან. მე ქვები მიყვარს. სოფელთან მქონდა ბავშვობაში კონტაქტი. როდესაც ძალიან მომენატრება დასვენება, მახსენდება ჩემს ბავშვობაში მოსმენილი ხმები – ჯეჯილის შრიალი, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ტურების კივილი, ბალახის სურნელი და რა ვიცი... ადრე, დავდიოდი ტრენინგებზე, ნორბეკოვის გამაჯანსაღებელ კურსებზე. იქ იყო ასეთი ვარჯიში – მოეშვა და ისეთ რამეზე იფიქრო, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს. მე ამ დროს ყოველთვის მახსენდება ბუნება. ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც სიზმარში ვნახავ ქვებს (იცინის). ასეთ დროს ფრთებშესხმული ვიღვიძებ ხოლმე.

სიყვარულთან ერთად ამ ქვებში ძალიან დიდი შრომაც მაქვს ჩადებული. წარმოიდგინეთ, მეცხრე კლასიდან მოყოლებული, უკვე 65 წლის ვარ და სულ ვკითხულობ ქვების შესახებ. ეს არის ალბათ, ჩემი მეორე პროფესია.

– რომელია თქვენი ძირითად პროფესია?

– ბირთვული ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ ასპირანტურა – რადიაციულ ბიოფიზიკაში. ძალიან რთული საქმისთვის მეკიდა ხელი. ობნინსკში, რენტგენ-რადიოლოგიის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტში ვმუშაობდი. ეს დახურული ქალაქია, სადაც პირველი ატომური ბომბი გაკეთდა. ობნინსკი ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. ის მოსკოვიდან 105 კილომეტრში მდებარეობს. ლენინგრადის რენტგენ-რადიოლოგიის ინსტიტუტში დისერტაცია დავიცავი. ამ ცოდნისა და გამოცდილების პარალელურად, ერთი იმდენი და მეტი ჩადებული მაქვს ქვების შესწავლასა და მოპოვებაში.

– როგორი იყო ცხოვრება დახურულ ქალაქში?

– ინტელექტუალი ხალხი ცხოვრობდა – თითქმის ყველა მეცნიერი, ასპირანტი და ასე შემდეგ. მათი სიამოვნება და გართობა იყო სხვადასხვა ჰობი. ვიღაცა ციგურებით იყო გატაცებული, ვიღაც თევზაობდა, ვიღაცა ცურავდა, ვიღაცა კი ქვებს სწავლობდა. ჩემნაირი ინტერესის ადამიანებიც საკმაოდ იყვნენ. ამიტომ, ობნინსკში არსებობდა ჯგუფი, სადაც მივდიოდით, ლექციებს გვიკითხავდნენ, პრაქტიკაში გვაჩვენებდნენ, როგორ უნდა დაგვემუშავებინა ქვა, როგორ უნდა მოგვეპოვებინა, სად... დავდიოდით კარიერებზე, თუ ახლო, იყო ავტობუსით, თუ არა და თვითმფრინავითაც გადავფრენილვართ: ურალში, ბაიკალზე, ლადოგის ტბაზე. გარდა ამისა, ბალტიისპირეთში ვარ ნამყოფი ქარვისთვის, უკრაინაში, ციმბირში, ურალში, ყაზახეთშიც.

– ჰობმა, დროთა განმავლობაში თქვენთვის მეორე პროფესიის სახე მიიღო.

– ჩემს ქვებს ხშირად ვიყენებდი საჩუქრებად. მაგალითად: ერთი დიდი შეკვრა ქარვის ქვებიდან აღარაფერი დამრჩა, სულ დავარიგე. არ მენანებოდა. 7 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა და ოჯახში ეკონომიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი. ამ პერიოდში რამდენიმე ნიმუშს შეველიე. შემდეგ სამსახური შემომთავაზეს. ახლა ოქროს ფონდში ვმუშაობ, სადაც ქართული განძეულის მიხედვით, ვერცხლისგან სამკაულების ზუსტი ასლი მზადდება, რომელსაც მე ქვებს ვუსვამ. ზუსტად იმ ქვას, რომელიც ორიგინალში იყო.

– ამბობენ, იმის და მიხედვით, თუ ვის რომელი ქვა უყვარს, ადამიანის ხასიათი ჩანსო.

– ასეც არის. ამის შესახებ ბევრჯერ წამიკითხავს. იმიტომაც არის, რომ ყოველ ზოდიაქოს ნიშანს თავისი ქვა აქვს. ბიბლიაში წერია, რომ პირველი მღვდელმთავარი არონი, ატარებდა 12 ქვას მკერდზეო. ქვებს ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვს. ამეთვისტო რელიგიურ ქვად ითვლება. ალმასი დიდი წნევებისა და ტემპერატურის პირობებში გამოკრისტალდება. ალმასს თუ დაამუშავებ მიიღებ ბრილიანტს.

– ბრილიანტი რამდენიმე ფერის არსებობს?

– ყველანაირი ფერის ბრილიანტი არსებობს, ვარდისფერი, შავი, ცისფერი. ფერადი ბრილიანტი იშვიათია. მოყვითალო ფერის უფრო ხშირად გვხვდება, აბსოლუტურად გამჭვირვალე ბრილიანტიც ძალიან იშვიათია და როგორც ფერადი ბრილიანტები, ისინიც ძალიან ძვირად ფასობს.

ჩემი აზრით, გიშერი არის ქართული ბრენდი. ასეთი ლამაზი, ასეთი ბზინვარე შავი ფერის გიშერი არსად არ არის. ამით უნდა ამაყობდნენ, მაგრამ ქართველებს რატომღაც არ უყვართ ეს ქვა. თურქეთშიც მოიპოვება გიშერი, მაგრამ თურქულ გიშერს მოყავისფრო გადაჰკრავს.

– საქართველო რომელი ქვებით არის მდიდარი?

– ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ძოწი იყოო, ძირულას ხეობაში. წაკითხული მაქვს, რომ ქართველები ამ ძოწებითაც იხდიდნენ ხარკსო. ზოგიერთ ლიტერატურაში წერია ლალითო, მაგრამ ლალი არ იყო საქართველოში. ტეხუტში ფირუზი არის, ახალქალაქში – აქატი, ფარავნის ნაპირები სულ ობსიდიანითაა მოფენილი, ყაზბეგში და კავკასიონის ქედიც სავსეა ბროლით. სხვათა შორის ამ მხრივ კავკასიონი ძალიან ცუდად არის შესწავლილი.

– ყველაზე ძვიფასი ქვა სად არის მოპოვებული?

– ყველაზე ძვირფასი ქვა მოიპოვეს სამხრეთ აფრიკაში. მას კულინანი ჰქვია.

– გვიამბეთ კულინანის ისტორია?

– კულინანი მუშტისხელა ალმასი იყო. მას 4 ათასი ტონა ოქროს ფასი ჰქონდა. ეს ქვა გასული საუკუნის დასაწყისში პატარა ბავშვმა აღმოაჩინა, რომელმაც ერთი ფუნთუშის ფასად გაყიდა, შემდეგ იმ მყიდველმა ბაზარზე გაიტანა და ასე ხელიდან ხელში გადადიოდა. 1907 წელს ტრანსილვანიის მთავრობამ, რომელიც იმხანად ინგლისის კოლონია იყო, ეს ქვა ინგლისის მეფე ედუარდ მერვეს უსახსოვრა დაბადების დღეზე. საბოლოოდ, ის დაამსხვრიეს საიუველირო თვალსაზრისით და მისი ძვირფასი ნაწილებით კვერთხი და გვირგვინები დაამშვენეს ინგლისის სამეფო კარის წარმომადგენლებისთვის. დღეს კულინანის ნაწილები მიმოფანტულია დედამიწაზე.

– როგორ უნდა გავარჩიოთ სახლის პირობებში ესა თუ ის ქვა ბუნებრივია, თუ ხელოვნური?

– ორი ზუსტად ერთნაირი ქვის ნაწილი არ არსებობს, ყველა ქვა სხვადასხვაგვარია. თუ ხელში მოგხვდათ აბსოლუტურად ერთნაირი, გამჭვირვალე, ყველანაირი ჩანართის გარეშე და იდენტური „უზორების“ მქონე ქვა, იმ წუთშივე ეჭვი უნდა მიიტანოთ, რომ ის ხელოვნურია. ზოგჯერ სპეციალურად ურევენ ჩანართების ნაირსახეობას, მაგრამ ისინი მაინც ერთნაირია, რაც მიუთითებს მის ხელოვნურობაზე. თუ პლასტმასისაა ეს ხელოვნური ქვა ამას ადვილად დაადგენთ. პლასტმასი რბილია და მინას არ კაწრავს, ნამდვილი ქვებისგან განსხვავებით.

– განსაკუთრებით თუ გიყვართ რომელიმე ქვა ამ კოლექციიდან?

– ქარვა მიყვარს განსაკუთრებით. ის ჩემი კოლექციის ერთ-ერთი კარგი და ფასეული ეგზემპლარია. ეს ებრაული ქვაა.

– ასე რატომ უწოდებენ?

– იმიტომ რომ, თუ მასზე გამოსახული უზორებისა და ლაქების ფორმას დააკვირდებით, ებრაულ დამწერლობას მოგაგონებთ. ეს ქვა შუა ურალიდან მაქვს ჩამოტანილი.

– ამ კოლექციის მიხედვით, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ ბევრს მოგზაურობთ.

– ვმოგზაურობდი. ფინეთი მომეწონა განსაკუთრებით. მისი ბუნებით მოვიხიბლე, ადამიანებს შორის დამოკიდებულებით, კულტურით, მათი დამოკიდებულებით ბუნების მიმართ. იქაური არქიტექტურით, როგორი მოვლილია იქაურობა. მე ძალიან მომეწონა და რა ვიცი, რატომ? შეიძლება, უკეთეს ადგილზე არ ვყოფილვარ და იმიტომ.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია ჩემთვის შრომის, სიყვარულისა და ადამიანებთან კავშირის საშუალებაა.


скачать dle 11.3