კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით არ უნდოდა გათხოვება დიანა ღურწკაიას და რას აკეთებს ის ქმრის შესანარჩუნებლად

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოში ათი დღის წინ ქმარ-შვილთან, ძმასთან, რძალთან და ძმისშვილთან ერთად ჩამოვიდა. დასასვენებლად მან ქობულეთი აირჩია. მართალია, მალევე, მაგრამ ძალზე კმაყოფილი გაემგზავრა მოსკოვში. მისი ორი წლის ბიჭუნა და ოჯახის დანარჩენი წევრები კი მშვენიერ ზღვისპირეთს ორი კვირის შემდეგ დატოვებენ. დიანამ გულახდილად გვიამბო თავისი სიყვარულის ისტორია და ქალური ბედნიერების რეცეპტიც გაგვიმხილა.

– მოულოდნელი და მისაღები აღმოჩნდა შენთვის, როცა მომავალმა მეუღლემ გული და ხელი შემოგთავაზა?

– ცხადია, ყოველთვის მინდოდა, ოჯახი მქონოდა, აღარაფერს ვამბობ ბავშვზე, მაგრამ ყველაფერი თუ ასე წარიმართებოდა, არავის ეგონა, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი ამოუცნობი სიტუაციაა. ჩემი შავი სათვალე არავისთვის აღარ არის საიდუმლო და სწორედ ეს შავი სათვალე მაკომპლექსებდა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არ მქონდა. ჩემი ოჯახი არ მაჩვევდა იმას, რომ სხვებისგან გამორჩეული ვიყავი. როცა ცხოვრებას ვიღაცას უკავშირებ, ამ დროს ბევრ რამეზე გიწევს დაფიქრება. ეს არ არის სამი წუთით სცენაზე გამოსვლა, როცა შესანიშნავ ფორმაში ხარ და ყველა ტაშს გიკრავს, არამედ ცხოვრებაა, რომელიც ერთ ადამიანთან უნდა გაატარო. მას ჰყავდა ოჯახი, მშობლები, რომელთა აზრიც უნდა გამეთვალისწინებინა – სურდათ თუ არა მათი რძალი გავმხდარიყავი. პირველ ყოვლისა, ადამიანები ვართ და მერეა სახელი.

– როგორც ვიცი, თქვენი გაცნობა შენი ძმის საშუალებით მოხდა. როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ჩემი მეუღლე პეტრე კუჩირენკოა, პროფესიით იურისტი და ადვოკატად მუშაობს. ის ჯერ ჩემმა ძმამ გაიცნო, მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. მე და პეტრეს კი ერთმანეთი, ირინა ხაკამადამ გაგვაცნო. რა თქმა უნდა, ეს ჩემს სამსახურს ეხებოდა. დიდი ოფიციალური შეხვედრა იყო და ერთმანეთს შევხვდით. საერთოდ, ყველაფერზე ღრმად ვფიქრობ, ბევრს ვზომავ და მერე ვჭრი, იმიტომ, რომ ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი და შეიძლება, მთელი ცხოვრება, თანაც არამარტო ჩემი, მთლიანად გავაფუჭო. როგორც საკუთარ თავზე ვფიქრობდი, ასევე ვფიქრობდი მომავალ მეუღლეზეც. როცა გავიცანი, პირველი ის გავიფიქრე, რა სერიოზული ტიპია, ნეტავი ვინ არის-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა მოულოდნელად, ვიღაც გოგონასთან ერთად. იმ პერიოდში არც მე ვიყავი მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრი მქონდა, იყვნენ ადამიანები, ვისაც მოვწონდი და ვუყვარდი, მაგრამ თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ჩვენ შორის რამე ზედმეტი მომხდარიყო.

– ეს შენთვის ნიშანი ხომ არ იყო იმისა, რომ ამ ადამიანს შენ მიმართ სერიოზული გრძნობა და ზრახვები აქვს? ქალი ხომ ყოველთვის გრძნობს მამაკაცის ყურადღებას?

– არანაირად. უბრალოდ, მოვიდა, მომილოცა. რესტორანში გემრიელი, ქართული სუფრა იყო გაშლილი. ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი – ნეტავ, დღეს მაინც არ მამღერონ-მეთქი, იმიტომ, რომ არანაირი ინსტრუმენტი იქ არ იყო. მაინც არ მომეშვნენ. ვიმღერე „თბილისო“. ეტყობა, ამ სიმღერამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს. იმ დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. მერე თბილისში მომიწია წამოსვლა და ესეც ჩვენთან ერთად წამობრძანდა. ვიფიქრე, თუ, მოდის, წამოვიდეს, მერე რა-მეთქი. არც მიმიქცევია ყურადღება. დავმეგობრდით. ტელეფონზე უკვე ოცი წუთი, ნახევარი საათი ვესაუბრები. არასდროს არც ერთ მამაკაცთან ამდენი არ მილაპარაკია ტელეფონზე და თავს ვეკითხები: რატომ ველაპარაკები ამ კაცს ამდენს-მეთქი. ძალიან მიყვარს კითხვა, პეტრეც ძალიან ნაკითხი ადამიანია და ყველაფერი ამას დავაბრალე. ბავშვს გეფიცები, ვერც მაშინ დავუშვი, რომ შეიძლებოდა, მას რაღაც გრძნობა ჰქონოდა ჩემ მიმართ. მერე კინოში დამპატიჟა. შემოდგომა იყო. ვერ ვიტან წვიმიან, სუსხიან ამინდებს. ხასიათზე არ ვიყავი. გავბრაზდი, ვინ არის ეს თავხედი, კინოში რომ მპატიჟებს-მეთქი და ჩემს ძმას ვუთხარი, რაღაც, ამ კაცს ვერ გავუგე, კინოში მპატიჟებს და არ ვიცი, როგორ ვუთხრა უარი-მეთქი. ჩემმა ძმამ მითხრა, თუ გინდა, გაჰყევი, თუ არ გინდა, ნუ გაჰყვები, რა არის ამაში ცუდიო. მეც, კულტურულად ვუთხარი, ფორმაში არა ვარ, ხვალ წავიდეთ და, რა ფილმსაც გინდა, იმას ვუყუროთ-მეთქი. მაინც მოვალ, მძღოლი უკვე გამოვიძახე, ყვავილებს მოგართმევ და მაშინვე გავიქცევიო. ეს სინდისზე აგდებად ჩავთვალე და გავყევი, ოღონდ, დაქალი გავიყოლე.

– როგორი იყო შენი რეაქცია, როცა ხელი გთხოვა?

– სიყვარულის დღეს სახლში ვარ. სამსახურში წასასვლელად ვემზადები და კარზე ზარის ხმაა. ჩემი დამხმარე აღებს კარს და შემოაქვთ რაღაც ზღაპრული სილამაზის ტორტი, ცოცხალი ლილიებით გაწყობილი, თავისი მინაწერი ბარათით: „ყველა თქვენი მოსიყვარულე ადამიანისგან“. რა უნდა მეთქვა? მივხვდი, რომ მისი გამოგზავნილი იყო. მირეკავს და მეკითხება, როგორ მოგეწონაო. ძალიან მომეწონა, ამ საღამოს, ყავა დავლიოთ და ტორტი მივირთვათ-მეთქი. მაინც ვერაფრით დავუშვი, რომ შეიძლებოდა, გრძნობა ჰქონოდა ჩემ მიმართ. ვმეგობრობდით. მოვიდოდა და წიგნებს მიკითხავდა. პირველი წიგნი, რომელიც წამიკითხა, იყო „ბრმა მუსიკოსი“. არ ვიცოდი, რა უნდოდა ამით ეთქვა. მეც „კოზირი ჩავურტყი“ – კასეტაზე ფილმი მივეცი უსინათლო მასაჟისტის ცხოვრებაზე. მერე გასტროლებზე წავედი. რომ ჩამოვედი, აეროპორტში დამხვდა ყვავილებით. აღდგომა დღეა. ჩემთან სახლში ყველა სამზარეულოში ფუსფუსებს, სუფრას აწყობენ. მე და პეტრე სასტუმრო ოთახში ვსხედვართ და ყავას მივირთმევთ. სრულიად სხვა თემაზე ვსაუბრობდით. ამ დროს მაჩერებს და მეუბნება – ახლა რაღაცას გეტყვი და კარგა ხანს მოგიწევს მოსმენაო. რა უნდა მომიყვე ასეთი, ზღაპარი ხომ არა-მეთქი. გადამიშალა თავისი გული. ვერ გეტყვით, რომ არ გამიხარდა. ეს არის ქალური სიკეკლუცე. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი: ვერ გავბრაზდებოდი – ადამიანს უყვარხარ, ხომ არ სძულხარ. ვუთხარი: კარგი, ბატონო, არ გაწყენინებ და არ დაგტუქსავ, მაგრამ ჩემი ცხოვრება სულ სხვაა. შენ მთელი ცხოვრება უსინათლო ქალთან უნდა გაატარო და ეს არ არის ადვილი. მეორეც, შენ გყავს მშობლები, მეგობრები, რომლებსაც, შეიძლება, სულ არ ვუნდოდე. მიჩვეული ვარ იმას, რომ არავინ მიყურებს სხვანაირი თვალით და შენმა ახლობლებმა ცოტა სხვანაირად რომ შემომხედონ, ამას ვიგრძნობ და ძალიან მეტკინება გული. ამიტომ, ჯობია, მეგობრებად დავრჩეთ-მეთქი. მითხრა: ჩემმა მშობლებმა ძალიან კარგად იციან, ვის ვირჩევ. ისინი ყველა ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. მომეცი საშუალება, რაღაცნაირად დაგიმტკიცო ჩემი სიყვარულიო. უცებ ვერ მივცემდი თანხმობას და, თან, არ მქონდა ამ ადამიანის მიმართ გრძნობა, მაგრამ მან მართლა დაამტკიცა ეს სიყვარული. დღეს მისი ცოლი და უბედნიერესი ქალი ვარ.

– როგორი აღმოჩნდა შენთვის ცოლქმრული ცხოვრება. რა სირთულეებს წააწყდი?

– ძალიან საინტერესო პიროვნებაა. სამი წელია, რაც ერთად ვართ. ერთი წელის შემდეგ დავინიშნე. ამ დროში ყველა სიტუაციას გადავხედე ჩემ გარშემო, გავაანალიზე ყველაფერი. ოჯახი ოჯახია. ოჯახში ბევრი რაღაც ხდება. ჩვენ უკვე შვილი გვყავს და მას მაგალითი უნდა მივცეთ. მართლა ძალიან კარგი ადამიანია და არანაირი სინანულის გრძნობა არ გამჩენია. პეტრე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს შესანიშნავი მეუღლე და მამა.

– ოჯახში, ალბათ, ბევრი გეხმარება. თავად რისი გაკეთება გიწევს და რისი – არა?

– მიუხედავად იმისა, რომ სულ მგზავრობაში ვარ, გასტროლებზე, საქმიან შეხვედრებზე, ჩემს სახლში ყოველთვის მზად არის სადილი, გაშლილი სუფრა. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. ყველაფერი რიგზეა. მყავს დამხმარე, მაგრამ, ერთ მაგალითს გეტყვი: გასტროლებიდან აღდგომის წინა დღეს დავბრუნდი და ამიტომ ვერ შევხვდი ამ დღესასწაულს ისე, როგორც მე მინდოდა. დამხმარე ვერ გაგიკეთებს იმას, რაც შენ გინდა. უნდა შეადგინო სია, რას ყიდულობ, აკეთებ... დაწყებული ფხალეულობიდან, დამთავრებული გოჭითა და ნამცხვრებით, უნდა მოატანინო... ყველაფერს მე ვადგამ თავს. დღეს ჩემი მთავარი ამოცანა შვილის გაზრდაა, მიუხედავად იმისა, რომ ძიძა მყავს. ძიძას ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვაკონტროლებ – სად წავიდა ბავშვი, რამდენი ისეირნა, ჭამა, დაიძინა. აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ. არ შემიძლია სხვანაირად. ჩემთვის გავაჩინე და არა ბებია-ბაბუასთვის და ვიღაცისთვის. მისი აღზრდა ჩემი მოვალეობაა. პირველი შემთხვევაა, რომ ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ნორმალურად იქნება, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. საქმეები მაქვს, რომ არ წავიდე, არ გამოდის.

– აქტიურად ცხოვრობ, ერთ ადგილზე არასოდეს ზიხარ. ეს არ არის შენთვის რთული?

– მიმაჩნია, რომ ქალი ქმარს არ უნდა დააწვეს კისერზე. ზოგ მამაკაცს აწყობს ასე და გეუბნება, – სახლში დაჯექი და მოგიტანო. კი ბატონო, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული. თუნდაც ის, აქცევ თუ არა ყურადღებას თავს. დაღლილი მოდიხარ სამსახურიდან? – დაიძინე, მაგრამ ზედმეტად არა, ამ დროში თავს მიხედე. რაღაცნაირად მოახერხე და გაიკეთე ფრჩხილები, თმა, სახის ნიღბები, თავი წესრიგში მოიყვანე. დილით ერთი საათით ადრე ადექი ლოგინიდან, სანამ ქმარი ადგება, რომ მოუწესრიგებელი არ დაგინახოს ხალათში და პერანგში, თმაგაწეწილი. შეიძლება, მაშინვე არაფერი გითხრას, შეუძლია, ნახევარი, ერთი წელი ითმინოს და მერე ვიღაც სხვა მოძებნოს. ამიტიომ, ქალებო, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა: არანაირად არ გაქვთ მოშვების უფლება. იმისთვის, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობდე, მიყვარს ოჯახში სიმშვიდე. ძალიან მინდა, გოგონაც მყავდეს, თუმცა, ალბათ, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. როცა ვიღვიძებ, მაშინვე ბავშვის ოთახში გავრბივარ, რომ მოვეფერო და გულში ჩავიკრა. ჩემთვის სახლში ყოფნა მთელი ბედნიერებაა.

– ვინ ზრუნავს შენს ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე?

– დიზაინერ იუდაშკინთან და ჩაკურინთან ვმუშაობ. მიყვარს, როცა ტანსაცმელს ისინი მირჩევენ, იმიტომ, რომ სხვა უფრო კარგად ხედავს, ვიდრე მე. ისიც ბევრს ნიშნავს, რომ გული მკარნახობს, რა მიხდება. ზოგჯერ თვითონ ვყიდულობ სამოსს. როგორც მეუბნებიან, თურმე ძალიან მიხდება თეთრი, წითელი, ცისფერი. არის საღამოს კოქტეილის კაბები. როცა ვმოგზაურობ, შარვალი მაცვია, მაგრამ, ვფიქრობ, ქალური სინაზე მაინც კაბაშია. მყავს ჩემი სტილისტი, რომელიც მაკიაჟს მიკეთებს. სახლიდან რომ გავდივარ, ვცდილობ, არაჩვეულებრივ ფორმაში ვიყო. ასევე, არის ქალბატონი, ვინც სახლში მოდის და პედიკიურ-მანიკიურს მიკეთებს. ამ ყველაფერში მთელი ოჯახი ხელს მიწყობს.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3