კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გადატანას აპირებენ ერთად სოფი მაიერი და ლევან კვარაცხელია და რატომ იტირა სოფიმ ჯვრისწერის დღეს


ეს ქართულ-გერმანული ქორწილი ტრადიციული მულტიკულტურული ქორწინება ნამდვილად არ არის, რადგან მსახიობი სოფი მაიერი სულით ხორცამდე ქართველია, ქართულ ყაიდაზე გაზრდილი. ასე, რომ გერმანელის თითქმის არაფერი აქვს. სოფის და, ამჟამად უკვე მისი ქმრის – ლევან კვარაცხელიას სიყვარული, ტიპური სამსახურებრივი რომანი იყო, რომელიც მეგობრობით დაიწყო და დიდ სიყვარულში გადაიზარდა. „ქლაბ შოუს“ ყოფილი მსახიობი ლევანი, ახლა „შუა ქალაქის“ სცენარისტად მუშაობს და აღარც მეუღლის თანამშრომელია.


ლევან კვარაცხელია: დაახლოებით ორი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს, როდესაც სოფი „შუა ქალაქში“ თამაშობდა, ხოლო ჩემი მეგობრები ამ სერიალზე მუშაობდნენ. უბრალოდ, ჩაწერაზე მივედი, დავინახე სოფი, მაგრამ მაშინ არ გამიცნია. კარგი გოგოა, მომეწონა, თუმცა ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია. კარგი გოგოა-მეთქი და ასე დამთავრდა პირველი ნახვა. ერთმანეთი ახლოს „მესამე თაობის“ გადაღებებზე გავიცანით, სადაც სოფი მსახიობი იყო, ხოლო მე – სცენარისტი.

სოფი მაიერი: „შუა ქალაქის“ ჩაწერაზე საერთოდ არ მახსოვს, არ მინახავს და, შესაბამისად, არ მიფიქრია, რა კარგი ბიჭია-მეთქი. მერე მათ კონცერტზე მივედი, საერთო ნაცნობმა გაგვაცნო ერთმანეთი, მაგრამ ჩვენი დაახლოება „მესამე თაობის“ გადაღებებზე დაიწყო. დავმეგობრდით, თუმცა, მალევე აღმოვაჩინე, რომ მეგობრობის გარდა კიდევ ძალიან დიდი რაღაც გვაკავშირებდა. უკვე დაახლოებით ორი თვის შემდეგ, მივიდოდი სამსახურში, შევიხედავდი მის ოთახში და, რომ არ დამხვდებოდა, არ მსიამოვნებდა. მერე ერთხელ დავფიქრდი: რა მინდა, რას ვიხედები ყოველდღე მის ოთახში, რაში მაინტერესებს-მეთქი... (იცინიან).

ლევანი: ზუსტად იგივე ხდებოდა ჩემკენაც. იმდენად გავუგეთ ერთმანეთს და ისე დავმეგობრდით, რომ არა ის გრძნობა, რაც ჩვენ შორის გაჩნდა, დღემდე ძალიან ახლო მეგობრები ვიქნებოდით.

– რა იყო თქვენ შორის ის საერთო, რამაც დაგაახლოვათ?

სოფი: ბევრი საერთო თვისებები გვაქვს, რაც თავიდანვე აღმოვაჩინეთ: ადამიანებს ერთი და იმავე კრიტერიუმებით ვაფასებთ, ერთი და იგივე საჭმელი მოგვწონს, ერთნაირი მუსიკა...

– სოფის წარმომავლობამ რა როლი ითამაშა თქვენს ურთიერთობაში, ტრადიციულ ქართველ გოგოს ხომ არ ეძებდი?

ლევანი: ამისთვის ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია, პირიქით...

– რატომ, არ გინდოდა ტრადიციული ქართველი გოგო?

– ვის უნდა?! (იცინიან) არა, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე, ეს „ტრადიციული ქართველის“ გაგებაც მრავალნაირი შეიძლება იყოს, გააჩნია, ვინ რას გულისხმობს. არ მომწონს გოგონები, რომლებიც იმდენად თამაშობენ უკომპლექსობას, რომ ერთ დიდ საშინელ კომპლექსად იქცევიან და სასაცილოები ხდებიან ხოლმე. რაღაცა აწუხებთ და თვითონაც არ იციან – რა. არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც ძალიან თავისუფლად უნდა იქცეოდეს – ნორმალური, ჯანმრთელი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ყველაფრის მიმართ.

– პირველი „მიყვარხარ“ როდის ითქვა?

– 3 თებერვალს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ჯვარი დავიწერეთ. ეს ის დღეა, რომელიც სულ გვახსოვს და ჩვენთვის განსაკუთრებულია.

სოფი: უფრო სწორად 3-დან 4 თებერვალზე გადადიოდა. სამსახურის შემდეგ, სერიალის ბავშვებს რაღაც ფართი გვქონდა. უკვე გვიანი იყო, ხალხი მიიშალ-მოიშალა და მაშინ მითხრა. თან, ვგრძნობდი, რომ უნდა ეთქვა და ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა. რაღაც უხერხული სიტუაცია შეიქმნა – როდესაც იცი, რომ მან რაღაც უნდა გითხრას, შენ კი თავი ისე უნდა დაიჭირო, ვითომ აქ არაფერი. როდესაც სათქმელი უკვე ითქვა, მეც ვუთხარი. ოღონდ, სიმართლე გითხრა არც მახსოვს, ზუსტად რა და როგორ მითხრა, რადგან ძალიან ვნერვიულობდი, ვგრძნობდი, რომ მას უნდა გაეგო ჩემი გრძნობების შესახებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობიდან რაღაც უფრო სერიოზულში გადავიდოდა, როგორ გაგრძელდებოდა ეს ურთიერთობა, ყველაფერზე ვფიქრობდი.

ლევანი: ბოლო ერთი კვირა საშინლად არეული ვიყავი. სულ ვფიქრობდი, რა და როგორ მეთქვა. არ ვიცოდი, მისგან რა პასუხს მივიღებდი, რა რეაქცია ექნებოდა. სანერვიულო კვირა იყო, მაგრამ, კარგად დამთავრდა.

– იქვე იყო პირველი კოცნაც?

– იქვე იყო, კი ბატონო.

სოფი: მაგრამ, კლასიკური მუსიკა არ გაისმა და ძალიან გამიკვირდა (იცინიან).

– ამ გამხელის შემდეგ თუ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა?

ლევანი: არა. მანამდე გვქონდა აღმოჩენილი ყველა თვისება ერთმანეთში, კარგად ვიცნობდით ერთმანეთის ხასიათს, ასე რომ, ახალი აღმოჩენები არ გაგვიკეთებია. შეიცვალა იმ მხრივ, რომ სხვა სტადიაში გადავიდა – უფრო კარგ სტადიაში.

სოფი: ზუსტად ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. კვირა შვიდში უწევდა, მეორე დღეს მარხვა იწყებოდა და ამიტომ 7 თებერვალს დავიწერეთ ჯვარი. როგორც მეგობრები გვეუბნებოდნენ, ძალიან კარგი შეყვარებულები ვიყავით, ზედმეტი პრობლემების, ჩხუბებისა და არეულობების გარეშე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ, როგორც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, როგორიც იყო შეყვარებულობის დროს, ისეთივე არის ახლაც. მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია. საშინელებაა, მერე რომ იწყება: „გოგო, შენ „ნასკი“ გამხადე“!.. (იცინიან).

– პატარა ქორწილი გქონდათ?

ლევანი: მხოლოდ ჯვრისწერა გვქონდა ვიწრო წრეში. მეორე დღეს მარხვა იწყებოდა, პლუს, სამსახურშიც ისეთი სიტუაცია დაემთხვა, ვერ გავთავისუფლდებოდით და ასე გადავწყვიტეთ. ეს ბინა, სადაც ახლა ინტერვიუს ვწერთ, ვიქირავეთ და დავიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება (იცინიან).

სოფი: სხვათა შორის, საშინლად ვინერვიულე ჯვრისწერის წინაც, ბევრი ვიტირე, გული აჩქარებული მქონდა, ვერ ვწყნარდებოდი. როგორც კი ჯვრისწერა დამთავრდა, დავმშვიდდი და მოვეშვი.

– როგორია დამოუკიდებელი ცხოვრება?

ლევანი: გადასარევი. მით უმეტეს, რომ სოფი არაჩვეულებრივი დიასახლისი აღმოჩნდა, უფრო სწორად, ვიცოდი, რომ კარგი დიასახლისი აღმოჩნდებოდა (იცინიან). ძალიან კარგი ხელი აქვს და გემრიელ საჭმელებს აკეთებს.

– ერთმანეთს ჰგავხართო არ გეუბნებიან? ორივე ხუჭუჭები ხართ...

– „თქვენ რა ბავშვი გეყოლებათ?!“ – ეს ტექსტი ძალიან ხშირად გვესმის.

– ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას.

– გაცნობა მოხდა ძალიან საინტერესოდ. სოფი გერმანელია, დედაჩემი კი – გერმანულის სპეციალისტი. არადა, სოფიმ გერმანული არ იცის. ახალი შეყვარებულები ვართ, სახლში ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან. სოფის ძალიან უნდოდა გერმანულის სწავლა და დედაჩემთან დაიწყო სიარული. ცოტა ხანი იარა, რაღაც დონეზე რომ ასწავლა, დედაჩემმა ჰკითხა, შეყვარებული თუ გყავსო. ამან უთხრა – კიო. მერე ჰკითხა – აქაურიაო...

სოფი: კი-მეთქი, ვუპასუხე. მან კი – არა, არა, აქაურიაო? – და ოთახზე მანიშნა (იცინიან). ძალიან შემრცხვა. არ მინდოდა, თავიდანვე გაეგო, ლევანსაც ვუთხარი, არ უთხრა, რადგან სწავლა მინდა და არ დავკომპლექსდე-მეთქი, მაგრამ, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. მერე უკვე დავმეგობრდით.

ლევანი: მერე უკვე აღარ იყო მხოლოდ გერმანულის სწავლა, გადავიდნენ კერძების, ცოცხის ჭერის და მსგავს ლექციებზე, ანუ, დამატებითი ლექციები დაიწყო (იცინიან) და ეს ამბავი სოფიმ ეგრევე მამცნო.

– ჰონორარს არ უხდიდი?

სოფი: თითქმის ერთი თვე ვიარე, მაგრამ, თავიდანვე მითხრა, ლევანის მეგობრებისგან ჰონორარს არ ავიღებო...

ლევანი: თანხის გადახდა რომ მოახლოვდა, მერე უთხრა თქვენი შვილის შეყვარებული ვარო (იცინიან).

სოფი: იტყუება. თავიდანვე შევთანხმდით. მერე საჩუქარი გავუკეთე.

– შენ გაიცანი სოფის მშობლები? თბილისში არიან?

– დედა გაიცნო, მამა არ მყავს. ძალიან დიდი ისტორიაა ჩემი საქართველოში მოხვედრა. ბაბუაჩემს ძალიან ბევრ ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესი, მათ შორის – საქართველოშიც. აქ გაიცნო ბებიაჩემი, რომელიც უკრაინელი იყო. არეულობის დროს ყაზახეთში წავიდნენ, სადაც დედაჩემმა მამაჩემი გაიცნო. თუმცა, ისინი მერე ერთმანეთს დაშორდნენ, დედა ჩამოვიდა თბილისში მცხოვრებ დედასთან და აქ დარჩა.

ლევანი: ბაბუის ბიზნესების გამო მოვიყვანე ცოლად (იცინიან).

სოფი: ახლა ვცდილობთ, გავარკვიოთ, ყაზახეთში ან გერმანიაში გვაქვს თუ არა ქონება, დარჩა თუ არა ბაბუას რამე. საბუთები გადაგზავნილია და, ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ.

– ლევანი „შუა ქალაქის“ სცენარზე მუშაობს, „ქლაბ შოუს“ მსახიობიც იყო. რეალურად როგორია?

– იუმორის საოცარი გრძნობა აქვს, მაგრამ, როგორც იუმორისტებს სჩვევიათ, ცხოვრებაში ძალიან ბევრს არ ხუმრობს.

ლევანი: საშინელებაა ქუჩაში რომ გაგაჩერებენ და გეტყვიან, აბა, რამე ხუმრობა გვითხარიო. სადაც არ უნდა ვიყო, ამბობენ: ახლა ლევანი რაღაცას მოგვიყვება, რაღაც სასაცილოს იტყვის. აბა, ის გააკეთე, ეს გააკეთე... კოშმარიაა!

– რომანტიკული ქმარია?

სოფი: გააჩნია, ვისთვის რა არის რომანტიკა. თუ ადამიანი ცდილობს გაგახაროს და გააკეთოს ის, რაც მოგწონს – ეს ძალიან რომანტიკულია. ჩემთვის რომანტიკულობა არ არის აივანზე დგომა შეყვარებულთან ერთად, მთვარის და ვარსკვლავების ყურება და ლექსების თქმა. უცებ რომ რაღაც სურვილი გაგიჩნდება და აგისრულდება – ეს, მგონი, ძალიან რომანტიკულია. ასეთივეა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ისევ ისე გვიხარია ყველაფერი.

ლევანი: თუ ადამიანებს საერთო ინტერესები აქვთ, ერთი მიზანი, ერთ მთლიანობაში არიან, მათთვის მთელი ცხოვრება მრავალფეროვანი იქნება, რადგან ყველაფერს ერთად გადაიტანენ. ყოველდღიურობა მომაბეზრებელი მაშინ ხდება, როდესაც ცოლი და ქმარი ცალ-ცალკე არიან, აბსოლუტურად სხვადასხვა გზა აქვთ.


скачать dle 11.3