კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქალბატონები შეეწირნენ კონსტანტინე გამსახურდიას სიყვარულს


რომანისტის ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე ავტიბიოგრაფიული მომენტების გარდასახვა, რომელიც შემდეგ სხვადასხვაგვარ განვითარებას ჰპოვებს ნაწარმოებში. თუ კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას გავეცნობით, დავინახავთ, რომ მისი პერსონაჟები მწერლის ცხოვრების ანარეკლია. ვინ იყვნენ ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი სახელი დაიმკვიდრეს კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიაში და რა აკავშირებდა მწერალს მათთან, ამის შესახებ პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება:


– კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია პერსონაჟ ქალებს. მოგეხსენებათ, რომანი როგორც ჟანრი, თავისთავად, წარმოუდგენელია რომანტიკულ სასიყვარულო ურთიერთობათა გარეშე. ეს შემოქმედებაში, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდია ცხოვრებაშიც ასეთივე სატრფიალო ავანტიურების მიმდევარი გახლდათ. მთელი ცხოვრების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავდა არაერთი სატრფოც. ისინი მას, როგორც მწერალს შთააგონებდნენ და აძლევდნენ სტიმულს, რომ შეექმნა ახალ-ახალი სიუჟეტები და მხატვრული ნაწარმოებები.

– ვინ იყო კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მეუღლე?

– კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მეუღლე იყო რებეკა ვაშაძე. იგი გახლდათ ჭიათურიდან. რებეკა და კონსტანტინე დაახლოებით, ტოლები იყვნენ ასაკით. ისინი ქუთაისში სწავლობდნენ. მაშინ ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები ცალ-ცალკე იყო. კონსტანტინეს რებეკა წლების განმავლობაში უყვარდა და რებეკაც თანაუგრძნობდა. კონსტანტინე გამსახურდია იგონებს: ერთხელ ვალტერ სკოტის „აივენჰო“ გვქონდა გაკვეთილად. ამ რომანის გმირს ჰქვია რებეკა. როდესაც გაკვეთილის მოყოლისას რებეკაზე დავიწყე საუბარი, გავწითლდი. ბიჭებმა იცოდნენ ჩემი სიყვარულის ამბავი და ფხუკუნი დაიწყეს, რაზეც მე კიდევ უარესად გავწითლდი. მასწავლებელი კი გაკვირვებული მიყურებდა და ვერაფერს ხვდებოდაო.

მაშინ, როდესაც კონსტანტინეს რებეკა უყვარდა, კონსტანტინეზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული რებეკას კლასელი – ვერა აბდუშელიშვილი. რებეკამ ეს ამბავი რომ შეიტყო, გადაწყვიტა ვერა ჩამოეცილებინა კონსტანტინესთვის და უთხრა: ვერა შენ დაგცინის, ის ამბობს, რომ კონსტანტინეს ქუსლმოქცეული ფეხსაცმელი აცვიაო. კონსტანტინე აღელვებულა, როდის არის ეს სიმართლეო?! მისულა და გაულანძღავს ვერა აბდუშელიშვილი. მომავალში, კონსტანტინე გერმანიაში გაემგზავრა სასწავლებლად, საიდანაც თითქმის ყოველდღე წერილებს სწერდა რებეკას. რებეკა კი, დადგებოდა თურმე და ხმამაღლა კითხულობდა ამ ბარათებს, ვერას გასაგონად.

– ამ დროს ისევ იყო მეტოქეობის მომენტი კლასელებს შორის?

– ასე ჩანს. მომავალში ისე მოხდა, რომ ვერა ფსიქიკურად შეიშალა და გარდაიცვალა.

რაც შეეხება კონსტანტინეს, მან გერმანიიდან მოსკოვში განაგრძო სწავლა, რის შემდეგაც რებეკაზე დაიწერა ჯვარი. კონსტანტინეს და რებეკას ამ უკანასკნელის მამამ დასწერა ჯვარი, რომელიც მღვდელი გახლდათ. შემდეგ ცოლ-ქმარი გერმანიაში წავიდა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. სახელი რებეკა, მით უმეტეს, ისაის ასული, დამეთანხმებით, ებრაულად ჟღერს. გერმანიაში კი ანტისემიტიზმის მიმდევრები ყოველთვის ჭარბად იყვნენ. დაიჭირეს რებეკა, როგორც ებრაელი, კონსტანტინე კიდევ, როგორც რუსეთის მოქალაქე და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. მისი მეუღლე ოჯახმა მალევე დაიხსნა, კონსტანტინე კიდევ 6 თვე იყო იმ ბანაკში. გათავისუფლებიდან ცოტა ხანს კიდევ დარჩა მწერალი გერმანიაში. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მას და რებეკას შეეძინათ პირველი შვილი – ნათელა. ამის შემდეგ, კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში დაბრუნდა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოში მუშაობდა. გადაწყვიტა, მეუღლეც თან წაეყვანა, რაზედაც ქალის ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია. ერთხელ ძლივს დავიხსენით და მეორედ ვეღარ გაგატანთ რებეკასო. კონსტანტინემაც კატეგორიული პოზიცია დაიჭირა: ჩემი მეუღლე ჩემთან უნდა იყოსო. საბოლოო ჯამში, ამას მოჰყვა მათი გაცილება. ეს მოტივი დაახლოებით, ასახულია „მთვარის მოტაცებაში“. თუ გახსოვთ: თარაშ ემხვარისა და თამარ შარვაშიძის ურთიერთობა, თარაშის კაპრიზის გამო როგორ შორდება წყვილი ერთმანეთს. ამ ნაწარმოებში თამარ შარვაშიძის პროტოტიპი რებეკა ვაშაძეა. კონსტანტინე გამსახურდიამ „მთვარის მოტაცების“ წერა იმ დღეს დაიწყო, როცა შეიტყო, რომ რებეკა ვაშაძე გარდაიცვალა. თუმცა, ამ დროისთვის მათ უკვე ერთმანეთთან კავშირი აღარ ჰქონდათ.

– ეს ამბავი მათი დაშორებიდან რამდენი ხნის შემდეგ მოხდა?

– დაახლოებით, 15 წლის შემდეგ. განშორებიდან 20 წლის განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას ცოლი აღარ შეურთავს. მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა.

– ბუნებრივია, ამ პერიოდში მის ცხოვრებაში სხვადასხვა მანდილოსნები გამოჩნდებოდნენ...

– მისი გერმანიაში ყოფნის პერიოდის ბიოგრაფიიდან ცნობილია გერმანელი ქალბატონი ადელაიდე ლენცი. კონსტანტინე მას ხშირად ახსენებს. სხვათა შორის, ეს ქალბატონი შემდეგში გარდასახულია ელენ რონსერად „მთვარის მოტაცებაში“.

20-იანი წლებიდან ცნობილია კონსტანტინე გამსახურდიას ერთი ლექსი: „ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას...“

– ვის ეძღვნება ეს ლექსი?

– ამ ქალბატონის სახელი იყო თინა. მისი მეუღლე ცნობილი ბოლშევიკი გახლდათ – რიონჰესის მშენებელი, რომელიც დახვრიტეს 1937 წელს. თინა კი გადასახლებაში 10 წელი იმყოფებოდა. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, კონსტანტინე გამსახურდიასთან ჰქონდა რომანი.

– ანუ, მაინც აისრულა ოცნება კონსტანტინე გამსახურდიამ და ზღვისფერთვალება ქალი მისი გახდა.

– ეს ლექსი ადრე იყო დაწერილი, მაგრამ მწერალმა შემდეგ ჩასვა იგი „დიდოსტატის მარჯვენაში“. თუ გახსოვთ, შორენა კოლონკელიძეა ზღვისფერთვალება: „ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას თვალებში“ – წერს იგი. ამ ქალის გარეგნობიდან ეს შტრიხი შეიტანა მწერალმა შორენას სახეში.

30-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში გერმანულ სკოლაში ასწავლიდა. მისი ერთ-ერთი მოსწავლე გახლდათ მირანდა ფალავანდიშვილი. მათ შორის ასაკობრივი ზღვარი 23 წელი იყო.

– კიდევ რა არის მირანდას ცხოვრებაზე ცნობილი?

– მისი ნამდვილი სახელი იყო მათიკო, მირანდა კონსტანტინემ დაარქვა. იგი რეპრესირებული ოჯახიდან გახლდათ. 30-იან წლებში ეს, რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთი იყო ყველა პიროვნებისა და ოჯახისთვის. კონსტანტინემ, როგორც ძველი ტრადიციების მიმდევარმა, გადაწყვიტა, მისთვის ხელი ეთხოვა. მივიდა მირანდას მამიდასთან და კატეგორიული უარიც მიიღო.

– რატომ?

– ეს გოგო შვილად შეგეფერება, შე წუწკოო. მირანდა, რა თქმა უნდა, მაინც გაჰყვა ცოლად კონსტანტინეს. როდესაც მწერალმა მირანდაზე იქორწინა, თვითონ 44 წლისა გახლდათ. მათ შეეძინათ ორი შვილი: თამარ და ზვიად გამსახურდიები. როდესაც მწერალი „დიდოსტატის მარჯვენას“ წერდა, იმ პერიოდში დაიბადა ზვიადი. მოგეხსენებათ, იქ არის ერთი პერსონაჟი – სპასალარი ზვიად ერისთავი, გიორგი პირველის ჯარების სარდალი. თითქოს სარდლის სახელი დაანათლა კონსტანტინე გამსახურდიამ შვილს. სახელი ზვიადი ისტორიულად არსებობდა ძველ დროში, მაგრამ ამ მივიწყებული სახელის, ისევე როგორც შორენას გავრცელება კონსტანტინე გამსახურდიას დამსახურებაა. ეს სახელი მწერალმა თავის პირველ შვილიშვილს დაარქვა. თამარი კი იმ პერიოდში დაიბადა, როდესაც მწერალი „მთვარის მოტაცებას“ ამთავრებდა და იქ თამარ შარვაშიძეა პერსონაჟი, რომლის შესახებაც, მის გულისსწორს თარაშ ემხვარს ათქმევინებს: „საქართველოში ყოველ მესამე ქალს თამარი ჰქვია, მაგრამ მე მაინც მაჟრჟოლებს ამ სახელის გაგონებაზე“...

– მწერლის უფროსი ქალიშვილი ნათელა სად ცხოვრობდა კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ქორწინების შემდეგ?

– ნათელა ჭიათურაში იზრდებოდა ბებიასთან და ბაბუასთან, ზოგჯერ ხედავდა ხოლმე კონსტანტინე მას. როცა რებეკა გარდაიცვალა, მან მისწერა ქალიშვილს, რომ, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოიყვანდა და მამასთან იცხოვრებდა. მირანდაზე ქორწინების შემდეგ, მართლაც ჩამოიყვანა ნათელა და მასთან ოჯახში იზრდებოდა. ნათელა ყვებოდა: როდესაც რაიმე მინდოდა მეთხოვა მამაჩემისთვის, ვერ ვეუბნებოდი და მირანდას ვეტყოდი ხოლმეო. ერთხელ მამაჩემი გაბრაზდა და უყვირა: ვერ გავიგე, ეს შენი შვილია, თუ ჩემიო. ნათელას და მირანდას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რაც მოგეხსენებათ, იშვიათობაა. მომავალში კონსტანტინესა და მირანდას შორისაც დაიძაბა ურთიერთობა.

– რა იყო ამის მიზეზი?

– ეს ის პერიოდია, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლება. გამოიყვანეს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმიდან, აკრძალეს მისი ტომეულების გამოცემა, ერთი ტომი საერთოდ დაწვეს. არ მიანიჭეს სტალინური პრემია. ბუნებრივია, ყოველივე ამან თავისი გავლენა ჰპოვა მწერლის ხასიათზე. ერთი გურული ანდაზისა არ იყოს: კაცი რომ გაღარიბდება ცოლს დაუწყებს ჯავრობასო. კონფლიქტმა და ბზარმა მირანდასა და კონსტანტინეს ურთიერთობაშიც იჩინა თავი. ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი და წამომწყები მირანდას მამიდა გახლდათ, რომელიც მათ ოჯახში ცხოვრობდა. როგორც ვთქვით, მირანდა რეპრესირებული ოჯახიდან იყო, ამიტომ მათ არ უყვარდათ კომუნისტები. კომუნისტები არც კონსტანტინეს უყვარდა, მაგრამ ისინი აშკარად გამოხატავდნენ ანტიპათიას. წარმოიდგინეთ, სტალინ-ბერიას დროს კომუნისტების ღიად ლანძღვა, რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა ყველასთვის. კონსტანტინე ერთ-ერთ წერილში პეტრე შარიას, მაშინდელ ცეკას მდივანს, წერს: ლამის ოჯახიდან გამაგდოს ამ ქალმაო. მეუბნებიან, შენ შენს პოზიციაზე აღარ დგახარ და კომუნისტებს მიეკედლეო. ამის გამო, კონფლიქტი მომივიდა. მირანდამ მათი მხარე დაიჭირო.

ამ კონფლიქტის შემდეგ გაიცნო კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდა, შემდეგში ცნობილი მსახიობი მეგი წულუკიძე. მწერალი თავის ქალიშვილს ნათელას ეუბნებოდა მეგის შესახებ: უნდა გაგაცნო რა ლამაზიაო. ნათელა თავს იკავებდა. ის მირანდას თანაუგრძნობდა. თუმცა, მოხდა ისე, რომ კონსტანტინემ ჯვარი დაიწერა მეგი წულუკიძეზე. ჯვრისწერა სიონში მოხდა. მეჯვარე აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერას ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები. შემდეგ ოჯახში სუფრა გაიშალა. თამადობა შალვა ნუცუბიძემ ითავა. კარგად მოილხინეს. მწერალმა ნათელას უთხრა: რამდენიმე დღით უნდა წახვიდეო. თუმცა, რამდენიმე დღეში კონსტანტინესა და მეგის შორისაც მოხდა კონფლიქტი და ისიც გაუშვა მწერალმა ოჯახიდან. სხვათა შორის მომავალში მეგი წულუკიძე სიკო დოლიძის ცოლი გახდა. მალე კონსტანტინე დაიბარეს ცეკაში.

– რა იყო ამის მიზეზი?

– მოგეხსენებათ, მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, მით უმეტეს, რომ კონსტანტინეს ხელი ჰქონდა მოწერილი მირანდასთან. კონსტანტინე არ დაიბნა და განაცხადა: ჯვრისწერის სცენა მაქვს „დავით აღმაშენებელში“ აღსაწერი და ამიტომ მოვიქეცი ასეო. კომუნისტებს მოეწონათ, რომ მწერალი რეალისტურად აღწერდა ვითარებას, რეალიზმი კომუნისტების დროს ძალიან ფასობდა და ამიტომ დაანებეს თავი.

ამის შემდეგ, მირანდა ოჯახში დაბრუნდა. დაბრუნებამდე ვაგზლიდან დაურეკა ნათელას: კონსტანტინე მარტოა, თუ ის ქალი ისევ მანდ ჰყავსო. ნათელას უთქვამს, მარტოაო. მირანდა და კონსტანტინე ჯერ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დარეგულირდა. შერიგდნენ. მომავალში კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. კონსტანტინემ თავისი რომანი „დავით აღმაშენებელი“ მას მიუძღვნა და ეს აწერია ყველა გამოცემას: „ვუძღვნი მირანდა გამსახურდიას“. მირანდა გარდაიცვალა 1970 წელს.

საერთოდ, კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, რომ ჩემს სიყვარულს სამი ქალი შეეწირა: ვერა აბდუშელიშვილი; რებეკა ვაშაძე, რომელიც დაავადდა და 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მესამე ქალში ვის გულისხმობდა, უცნობია.

– შვილებთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას?

– თავისებური. საერთოდ, კონსტანტინე გამსახურდიას ცოტა რეტროგრადული განწყობილება ჰქონდა ქალების მიმართ, რაც დღევანდელობას მაინცდამაინც არ ეხმიანება. მაგალითად: მიიჩნევდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო სახლში, ქმრის ერთგული, გაეზარდა შვილები და ცოტა წიგნიც უნდა სცოდნოდა, მაგრამ უმაღლესი და დისერტაციები, მისი აზრით, არ იყო საჭირო.

– ის ქალბატონები თუ ამართლებდნენ მწერლის ამ შეხედულებას, რომლებთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა?

– არა. კონსტანტინე თავის ქალიშვილ ნათელასაც უშლიდა, უმაღლესში სწავლა საჭირო არ არისო. იმასაც ეუბნებოდა: ისე არ გათხოვდე, მე რომ არ ვიცოდე. შენი საქმრო მე უნდა ვნახო და ქორწინებაზე დასტურიც მე უნდა მოგცეო. მართლაც ასე მოხდა. ის გათხოვდა ამილო ახობაძეზე, რომელიც ცნობილი ნევროპათოლოგი იყო. ამილო და ნათელა 10 წელი ცხოვრობდნენ წყალტუბოში, სადაც ამილო მუშაობდა. შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნდნენ. კონსტანტინემ მათ თავისი ბინა დაუთმო გრიბოედოვის ¹22-ში. თვითონ კოლხურ კოშკში გადავიდა. კონსტანტინე გამსახურდიას მეორე ქალიშვილი, თამარი, გათხოვდა ცნობილ კალათბურთელ ვლადიმერ მინაშვილზე. კონსტანტინე გამსახურდიას არ მოსწონდა ქალიშვილის გადაწყვეტილება: ეუბნებოდა, ბურთის მადევარი კაცი არ გამოგადგებაო. მინაშვილს ზედმეტსახელად „კაპუსტას“ ეძახდნენ და კონსტანტინეც ამბობდა: „კაპუსტას“ რომ კაცს დაუძახებენ, ის რა კაციაო. თამარსა და ვლადიმერს შვილი არ ეყოლათ და ისინი ერთმანეთს დასცილდნენ. ოფიციალურად არ გაშორებულან, მაგრამ მწერალმა თავისი ქალიშვილი კოლხურ კოშკში დააბრუნა. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, მისი პირველი მეუღლე იყო დალი ლოლუა. ისინი ერთად სწავლობდნენ მუსიკალურ სასწავლებელში. ზვიადმა და დალიმ ერთად იცხოვრეს 12-13 წელიწადი. მასთან დაშორების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ მანანა არჩვაძეზე იქორწინა. კონსტანტინე ვაჟის ქორწინებებს მოესწრო.

– კონსტანტინე გამსახურდიას ენამოსწრებულ გამოთქმებზეც გვიამბეთ?

– ერთხელ კონსტანტინე გამსახურდია კომუნისტების დაკვეთით გააკრიტიკა გერმანისტმა ოთარ ჯინორიამ. მას დააწერინეს სალანძღავი წერილი. სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გამომცემლობაში შეფეთებია ჯინორია გამსახურდიას. ბატონო კონსტანტინე, შემაცდინესო, უთქვამს დამორცხვებით. „ჰო, გეთაყვა, ყველა რუსის „პრასტიტუტკა“ ასე ამბობს: აფიცერმა შემაცდინაო“, – უპასუხია მწერალს.


скачать dle 11.3