კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფინანსებს თუ არა ვერიკო ტურაშვილს ბერა ივანიშვილი და რატომ ვერ წარმოედგინა მას ხუთი წლის განმავლობაში საწოლიდან ადგომა


არიან მომღერლები, რომლებიც მიჩუმებულ და მიყუჩებულ შოუ-ბიზნესში მაინც ცდილობენ ახალი სიტყვის თქმას და საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრობენ. მათ რიცხვშია ვერიკო ტურაშვილი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერასთან დაწყებულმა თანამშრომლობამაც უამრავი ჭორი ააგორა. საუბრობდნენ ბერას მხრიდან ვერიკოს დაფინანსებაზე და მსგავს დეტალებზე. რა ხდება რეალურად, ამას ვერიკო თავად მოგვიყვება.


ვერიკო ტურაშვილი: ისე აქტიური მაინც ვერ ვარ, როგორც მინდა რომ ვიყო და როგორიც საერთოდ მომღერალი უნდა იყოს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლი გადავიღე.

– რატომ გახდა კლიპი ასეთი ძვირი სიამოვნება?

– ადრეც ასეთივე ძვირი იყო. დიდი თანხა ჯდებოდა, მაგრამ მაშინ ფულიც შესაბამისი კეთდებოდა ამ სფეროში, გიღირდა, რომ ამხელა ხარჯი გაგეწია. ახლა ასე არ ხდება. ჩემი მეგობრების დახმარებით გადავიღე კლიპი, რადგან მარტო ამას ვერ შევძლებდი და ყველას დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. მქონდა კლიპის პრეზენტაციაც.

– ამბობენ, რომ ვერიკოს ბერა ეხმარებაო.

– ჩვენ ვთანამშრომლობთ. დაიბეჭდა რამდენიმე გაზეთში, რომ მან კლიპი დამიფინანსა და სხვა, რაც აბსოლუტურად, არ შეესაბამება სიმართლეს. ბერა მუშაობს ჩემს ძალიან ახლო მეგობრებთან ერთად, მათთან ვმუშაობ მეც. ესენი არიან: ბექა ნიკოლეიშვილი და ავთო ბადუაშვილი. მათთან აკეთებს ალბომს, ძალიან ბევრ სიმღერას, რადგან უდიდესი გეგმები აქვს დასახული და არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით. აქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობაც, რაღაც სიმღერებზე ვეხმარები, ვმეგობრობთ...

– ერთობლივად აკეთებთ რამეს?

– კი. ერთობლივი სიმღერა საკმაოდ ბევრი გვაქვს, „ბექებშიც“ ვეხმარები. არის სიმღერები, სადაც ის რეპავს და მე ვმღერი. პრინციპში, დუეტადაც შეიძლება, ჩაითვალოს. უნიჭიერესი ადამიანია. ძალიან საინტერესო გარეგნობა აქვს და განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევა. სანამ ბერას გავიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. მითხრეს რომ, იყო ასეთი თოთხმეტი წლის ბავშვი – ძალიან ნიჭიერი, მაგრამ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგინე, თუ რეალურად, თოთხმეტი წლის ბავშვს ასეთი უნარი აღმოაჩნდებოდა. რომ გავაცანი და მოვუსმინე, ამაში თავად დავრწმუნდი. მისი გარეგნობა, ხმა ძალიან მომგებიანია ამ სფეროში. ასეთი რეპერი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არაა. როგორც მეგობარი ამ მხრივაც საოცრად დადებითი ტიპია, ასაკთან შედარებით უკვე კარგად ჩამოყალიბებულია და ზუსტად იცის, რა უნდა.

– და კონკრეტულად შენ რატომ დაგიკავშირდა?

– ვიცი, რომ თავიდან ეს ავთოს და ბექას შეთავაზება იყო. სიმღერებში, რომელსაც ბერას უკეთებდნენ, მომღერალი იყო საჭირო და მათ უთხრეს, არის ასეთი მომღერალი – ვერიკო, რომლის ხმაც ამ სიმღერებს მოუხდებოდაო. მინდა, აღვნიშნო, რომ უმაგრესი სიმღერებია. ბერას ევროპაში ჰყავს პროდიუსერი, რომელიც თავიდან ბოლომდე გეგმავს მის გზას, მიმართულებას და ჩვენ აქ ვასრულებთ. სიმღერები ფრანგულენოვანია, რაც ულამაზეს ჟღერადობას სძენს.

– ანუ, თუ ეს სიმღერები ევროპაში გაჰიტდა, შენს კარიერაშიც აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაიწყება.

– არ ვიცი?! ვერაფერს ვიტყვი. რატომღაც საკმაოდ მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს. წყნარად ვაკეთებ ჩემს საქმეს და არ ვფიქრობ ამას რა შედეგები მოჰყვება. ადრე უამრავი შემოთავაზება მქონდა, ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ერთ დღეში, ერთ კვირაში უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ასე არ ხდებოდა. ბრახ და ისევ არანაირი ცვლილება. არადა, საოცარ ემოციებში ვვარდებოდი, აჟიტირებული ვიყავი და მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი, გეგმებს ვაწყობდი და რომ არაფერი გამოდიოდა, ეს საშინელი იმედგაცრუება იყო. ახლა მშვიდად, ძალიან ხარისხიან რაღაცეებს ვაკეთებ და დინებას მივყვები. ბერა რომ საოცრად წარმატებული იქნება, ამაში ეჭვი მართლა არ მეპარება.

– როგორც ჩანს, გამართლებას შენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.

– იცი რა, ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც არ უმართლებს. რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, საერთოდ არ მიფიქრია ამაზე. თავიდან რომ არა აჩიკო მეფარიძე, იმ დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი, რომელმაც ხელი მომკიდა და პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე დამსვა, არ მგონია, ასე მოკლე დროში გავმხდარიყავი ცნობილი. ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალია საქართველოში, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით და შესაძლოა, მათ შორის ვყოფილიყავი მეც. ვერ ვიტყვი, რომ არ მიმართლებს, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა ისეთი მომენტები, რომ აი, ახლა, აი, დღეს შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, მაგრამ არა – დავრჩენილვარ უარაფროდ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება მქონდა, ზეციდან ცვიოდა ყველაფერი და რამის მისაღწევად თითი არ გამინძრევია. რაღაც მომენტში მიმაჩნია, რომ ზარმაციც ვარ. ახლა კიდევ უფრო შევიცვალე. ბოლო ორი წელიწადია, ბევრს ვფიქრობ ჩემს საქმეზე და თუ რაღაც არ ხდება, მაშინ ვმეცადინეობ, საკუთარ თავზე ვმუშაობ. ავმოძრავდი. წლები გადის და თუ მალე არ გააკეთე გასაკეთებელი, მერე ინანებ.

– იმედგაცრუება ახსენე. ამ დროს მარტივად იწყებ ახალ საქმეს?

– არ ვიცი მარტივად გამომდის თუ არა, მაგრამ ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება რომ არ მიჭირს, ამის თქმა დაზუსტებით შემიძლია. ისეთი რაღაცეები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მეგონა, ხუთი წელი საწოლიდან ვერ ავდგებოდი, მაგრამ თურმე, ასე არ ყოფილა, ვერ ვხვდები, საიდან მოდის ძალა, მაგრამ მოდის. ასე რომ, არანაირი პერიოდი არ მჭირდება გონზე მოსასვლელად. უბრალოდ, რაღაცეებს თუ ველოდები და არ გამოვიდა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი. იმის ფონზე, რა ცუდიც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს, ეს არაფერია.

– პირად ცხოვრებაშიც ასე ხარ?

– პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. შეიძლება იცი, რომ სამი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა მოხდა, მოხდა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, ადამიანს პირად ცხოვრებაში დაემართოს.

– ამბობდნენ, რომ გაშორებულები იყავით.

– არა. ეს არ არის მართალი. უბრალოდ, იმ პერიოდში ნაჩხუბრები ვიყავით და ერთად არ ვცხოვრობდით. ამან ჩემზე ორმაგად ცუდად იმოქმედა და საკუთარი თავის დადანაშაულების მომენტი ყოველთვის მქონდა და მაქვს. იცი რა, მივხვდი, რომ იყო ბედნიერი, აკეთებდე საყვარელ საქმეს, ეს ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ბედნიერება უშრომლად არ მოდის.

– თუმცა, ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე მითქმა-მოთქმა.

– გეთანხმები, ასე ხდება. თუ არ ვცდები, ერთხელ ხათუნა ჟორდანიამ თქვა, როდესაც ცუდად ხარ, ყველა შენიანია, შენს გვერდითაა და ცდილობს, გვერდში ამოგიდგესო, მაგრამ როგორც კი ფეხზე დგები და ახერხებ ბედნიერებისთვის ბრძოლას, ყველა უკვე სხვანაირად გიყურებს, დამოკიდებულება ეცვლებათო. კი ასეა, მეც მიგრძნია ეს. არ მომწონს პოზა თუ პოზიცია, როდესაც იმ მდგომარეობაში ხარ, ვიღაცას ეცოდები. სექტემბერში ხდება სამი წელი მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდამეცვალა. ხშირად მეკითხებიან, მალე დადექი ფეხზეო? როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის ახლა, არც დავვარდნილვარ. რომ ვიჯექი, ვფიქრობდი, მორჩა, ვერასდროს ვეღარაფერს გავაკეთებ-მეთქი. სექტემბერში მოხდა ეს ამბავი და ოქტომბრის დასაწყისში, აჩიკო მეფარიძე მოვიდა და ახლა სწრაფად ადექი, მივდივართო. სად მივდივართ-მეთქი და კონცერტი გაქვსო. მართლა ძალით გამათრია სახლიდან. ყოველ ხუთ წუთში მირეკავდა და მეუბნებოდა, მათ სჭირდებიო. შიგნიდან რა მჭირდა ამ დროს, ვერც აღგიწერთ. მაგრამ ფაქტია, რომ კონცერტზე გავედი და ამის თავად არ მჯეროდა. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ეტყობა, უბედურების დროს ადამიანი ძლიერდება, ქვავდება თუ რაღაც ასეთი მოსდის. მეც არ დავეცი, გავქვავდი. სხვათა შორის, ამის შემდეგ ვიღაცეებისგან გავიგე, რა ემღერება და რაღაც ასეთი ტექსტები. ამის შემდეგ, პირიქით უფრო და უფრო მეტი გავაკეთე.

– ანუ, კრიტიკა მეტ სტიმულს გაძლევს?

– შეიძლება, სტიმულს არ მაძლევს, მაგრამ აბსოლუტურად არ მაფერხებს, არ მახევინებს უკან. გაღიზიანებას იწვევს, რა თქმა უნდა. მაშინაც საშინლად იმოქმედა ამან ჩემზე, მით უფრო, რომ უცხოებისგან კი არა, შინაურებისგან წამოვიდა ეს ლაპარაკი.

– რატომ ხდება, რომ რაღაც უბედურების შემდეგ უფრო მეტად ინტერესდებიან ადამიანის ცხოვრებით და ყველა რატომღაც იჩემებს, რომ ძალიან ბევრი იცოდა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

– არ ვიცი, ეს რატომ ხდება. მაგრამ, მე რომ ძალიან მაღიზიანებდა, ეს ფაქტია. არ მოუგონიათ, რომ ბოლო ორი თვე მე და ჩემი მეუღლე ნაჩხუბრები ვიყავით. ეს ამბავი იმდენჯერ დაატრიალეს, იმდენჯერ ითქვა, რომ გავგიჟდი. მეკითხებოდნენ კიდეც ამის შესახებ. ჩემთვის ეს გაცილებით მტკივნეული იყო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მის გვერდით არ ვიყავი და ამას ასი ათასჯერ მეკითხებოდნენ. მართლა ვგიჟდებოდი. ყველა ჩემს პირადში იქექებოდა.

– როდის მიხვდი, რომ სიყვარულის უნარი კიდევ გაქვს. ვინმე კი არ შეგიყვარდა, უბრალოდ, ეს შეგიძლია.

– ამას ჯერ ვერ მივხვდი. მგონია, რომ აღარასდროს შემიყვარდება. გრძნობების და ემოციების სიმძაფრე ნულზე დავიდა. ის ვიცი ზუსტად, რომ ძალიან აღარავინ შემიყვარდება. წლებია საჭირო იმისთვის, რომ შეგრძნებები აღდგეს. სიყვარულის უნარი აღდგება თუ არა, არ ვიცი. მაგრამ, მაინც მგონია, რომ აღარავინ შემიყვარდება. ახლა ვარ, უბრალოდ, დედა და სიყვარულის მთავარი ობიექტი ჩემი შვილია. მართალია, მის მიმართ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ უდიდეს სითბოსაც ვანიჭებ და კარგი მეგობრებიც ვართ.


скачать dle 11.3