კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად „დაშაპიტაობდა“ თიკო სადუნიშვილი და რატომ იყო მთელი საქართველო მისი პირადი ცხოვრების მომსწრე


მონატრებული სახე, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეწამყვანი იყო, ჟურნალების ყდებიდან არ „ჩამოდიოდა“ და უამრავი ფანი ჰყავდა, სამ წელიწადზე მეტია, ეკრანზე არ გამოჩენილა. რა ხდებოდა თიკო სადუნიშვილის ცხოვრებაში, ამის გარკვევას ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე ვაპირებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თიკო „დიდ ავიაციაში“ ბრუნდება საკმაოდ საინტერესო გადაცემით – „თბილისი ლაივ“, რომელიც ყველგან შეიხედავს, სადაც რამე მნიშვნელოვანი და კამერით დაფიქსირების ღირსი იქნება. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ინტერვიუ „ჯორჯიან ფეშენ ვიქის“ ფარგლებში ჩაიწერა.


თიკო სადუნიშვილი: სამ წელიწადნახევრიანი პაუზა მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ იმ სფეროში ყოფნა აღარ მინდოდა. მიხარია, რომ სურვილი გაჩნდა და ამ სურვილს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაც დაემთხვა. ტელეკომპანია „იმედზე“ ვაკეთებთ გადაცემას ყველაფერ იმის შესახებ, რაც თბილისში ხდება. „თბილისი ლაივ“ გააშუქებს იმ საინტერესო ამბებს, რას ჩვენ დედაქალაქში ხდება და დღეს ერთად ვართ ამ ყველაფრის მომსწრე.

– რამ დაუკარგა ერთ დროს სურვილი თიკოს, რომ ისევ აქტუალური ყოფილიყო?

– ის ადამიანი ვარ, რომელსაც ცხოვრებაში ძალიან ადვილად ბეზრდება რაღაცეები. „მაესტროში“ ხუთწლიან მუშაობას ადვილად მობეზრებას ნამდვილად ვერ დავარქმევ, მაგრამ, მაინც მიხარია, რომ დასვენების საშუალება მომეცა. მაშინ „მაესტრო“ მოხეტიალე არხად გადაიქცა, „დავშაპიტაობდით“, თან, დაემატა მისი გაპოლიტიზებაც და ამ ყველაფერმა ბიძგი მომცა, რომ ცოტა ხნით დამესვენა.

– პოპულარობა ძალიან მალე მოვიდა შენთან, ბევრი თამამი და ექსპერიმენტული ნაბიჯი გადადგი, რამაც საზოგადოება ძალიან გააკვირვა. ჯერ მარტო შენი შორტით გამოსვლა რად ღირს!

– აბა, რა საოცარი ფურორი მოჰყვა?! საოცრება იყო. თან, ეს ყველანაირი დაგეგმვის გარეშე დაიწყო, არანაირი გათვლა არ მქონია, რომ ეს ნაბიჯი ამ შედეგს მოიტანდა. ამის შედეგად პოპულარობის მწვერვალზე შეიძლება ითქვას, ძალიან მალე ავედი. ჟურნალისტები ჩემს სახლში ცხოვრობდნენ. ჩემი „გაფიარების“ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისიც იყო, რომ ჟურნალისტებთან ძალიან გულახდილი ვიყავი, ვლაპარაკობდი ყველაფერზე, რაც ხდებოდა, რაც მაწუხებდა თუ მიხაროდა, თან იმ პერიოდში, როდესაც ყველა ჩარჩოებში საუბრობდა, ყოველ სიტყვას წონიდა. მაგრამ დღეს ასე აღარ არის. დღეს ბევრი გადაცემაა, სადაც პირადულ თემებზე საუბრობენ და ადამიანები გაიხსნენ, აღარ უჭირთ ამაზე საუბარი. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ასე დაუფიქრებლად აღებდა კარს და ამბობდა: „მოდით, ნახეთ, როგორ ვცხოვრობ!“..

– შენ იყავი პირველი, ვისი კოცნაც მოხვდა ჟურნალის გარეკანზე.

– დიახ, შორტით გამოსვლას და კოცნას ჟურნალში საოცარი აჟიოტაჟი მოჰყვა, დღეს კი შიშველი მკერდის გამოჩენაც აღარავის უკვირს, როდესაც ქართულ რეალობაში არსებობს ისეთი გადაცემა, როგორიცაა „ღამე შორენასთან“, ჩემი შორტი არანაირ სითამამედ აღარ ითვლება. ამ ყველაფერზე ხალხის რეაქცია მაინც ორგვარი იყო: რადიკალურად დადებითი ან რადიკალურად უარყოფითი. შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები განიცდიდნენ ნებისმიერ საუბარს ჩემ შესახებ. რაღაცეები არც აინტერესებდათ, რადგან ახლა, ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი.

– მეუღლის პოზიცია როგორი იყო?

– ქმართან იმ პერიოდში გაშორებული ვიყავი. მეუღლე რომ მყოლოდა, ალბათ, შორტით სცენაზე არ გამიშვებდა. ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ჩემი ურთიერთობა სოსოსთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო შოუ-ბიზნესში და ეს ყველაფერი მისთვის მისაღები და გასაგები იყო. ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნორმალურად იღებდა და არ უკვირდა.

– ამ ყველაფრის ფონზე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს აირიე, გიჭირდა პირადის, სამსახურის, ზოგადად შენი ცხოვრების დაბალანსება.

– გარედან, შეიძლება, ასე ჩანდა, მაგრამ, იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა, ცხოვრების არევას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. რაღაცეები უნდა მომხდარიყო და მოხდა, ყველაფერი კანონზომიერების ფარგლებში ზის, ანუ, რაც ხდება ყოველთვის უკეთესობისკენ. ამის მჯერა. თან, იმ ასაკში ვიყავი, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ხარ, მაშინ ერკვევი, რა გინდა ცხოვრებაში, რისი კეთება, სად გინდა წახვიდე. ახლა რომ მოხდეს ასეთი რაღაცეები ჩემ ცხოვრებაში, მაშინ ამას უკვე „არევას“ დავარქმევ, რადგან მიზანდასახულად ვიცი, რა მინდა, რისკენ მივისწრაფი, პასუხს ვაგებ იმაზე, რაც გუშინ გავაკეთე, დღეს რას ვაკეთებ და ხვალ რა მინდა გავაკეთო. იმ დროისთვის, უბრალოდ, დინებას მივყვებოდი.

– მაგრამ, გარედან ჩანდა, რომ პირიქით, დინების საწინააღმდეგოდ ცურავდი.

– არ ვიცი რა გითხრა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი არც ერთი ქმედება, არ ჩამითვლია დინების საწინააღმდეგოდ ცურვად. ისე არ ვცხოვრობდი, რომ გამეთვალა – მოდი, დღეს ამას გავაკეთებ, რომ ხვალ ამაზე ჟურნალებში ილაპარაკონ-მეთქი. მაოცებდა კიდეც, რაღაცეები რომ უკვირდა ხალხს. ანუ, მაშინ რეაქცია არ მქონდა ისეთ საქციელებზე, რაც დღეს უკვე აღარავის უკვირს.

– დღეს რითი შეგიძლია, ხალხს ათქმევინო „ვაუ“!..

– უცნაური კითხვაა. შორტები რომ მაგ საქმეს აღარ უშველის, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, გავაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაქსიმალურს ჩავდებ ჩემს გადაცემაში და, როგორი იქნება შედეგი – ეს ნამდვილად არ ვიცი. როგორც მაშინ არ ვაპირებდი, ისეთი რაღაცის გაკეთებას, რომ ვინმეს „ვაუ“ ეთქვა, ისე არ ვაპირებ ახლაც, მაგრამ, გარწმუნებთ, თუ ჩემი რომელიმე საქციელი ისევ გამოიწვევს შოკს, გარწმუნებთ, ეს გამიზნულად არ იქნება.

– დღეს თიკო მარტოა?

– თიკო მარტოა, მის პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. საინტერესო თავგადასავლები იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება. ცხოვრებაში თავგადასავალი სულ უნდა იყოს. არა, მქონდა ისეთი პერიოდი, როდესაც ცოტა დეპრესიული ვიყავი, ცოტა სევდიანიც, განსაკუთრებით მხიარული და ბედნიერი არ ვყოფილვარ, სიმშვიდე მინდოდა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რაღაცეები გადაახალისო და ხელახლა დაიწყო. „რესტარტი“ გამომდის. ამ ეტაპზე მარტო ვარ, უბრალოდ, ასე მოხდა. თავადაც მიკვირს, რატომ ვარ მარტო, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, ასე მინდა, რომ იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. თუ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელსაც გავუგე, გადავირიეთ ერთმანეთზე, მაშინ, ვიქნები მის გვერდით, თუმცა, ამის მოთხოვნილება არ მაქვს. ამ ეტაპზე ბევრად მეტი მოთხოვნა მაქვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოტენციურად შეიძლება ჩემ გვერდით იყოს. ბევრს უთქვამს, რომ მე და სოსო იდეალური წყვილი ვიყავით, მაგრამ ვისთვის როგორ. ძალიან რთულია, რეალურად იპოვო შენი მეორე ნახევარი, ადვილი გარედან ჩანს. სხვის საქმეში ყველა ბრძენია, შიგნით კი რა ხდება ეს მხოლოდ ორი ადამიანის საქმეა, თუმცა, რაც შიგნით ხდებოდა, ის, ჩემს შემთხვევაში, მაინც გამოჰქონდათ. არ მიყვარს, როდესაც რაღაცას მივტირი, რაღაცას ვნანობ, თუმცა, ფაქტია – ის რომ იდეალური მეორე ნახევარი ყოფილიყო, ბოლომდე ერთად ვიქნებოდით.

– როგორი შეიძლება იყოს იდეალური მეორე ნახევარი მაშინ, როდესაც მოთხოვნები შეცვლილია?

– სულ ვამბობ, რომ ასეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. თუ დაიბადება, უკვე გვიანი იქნება, რადგან ჩემთან აღარ იქნება (იცინის) – ეს, ხუმრობით. უბრალოდ, რაც უფრო გემატება წლები, მით უკეთესი გინდა საკუთარი თავისთვის. მაგრამ, რას დავაკვირდი, იცი?! არ არსებობს იდეალური მამაკაცი, ალბათ ისევე, როგორც ქალი. ყველას აქვს თავისი ბევრი დადებითი და უარყოფითი, უბრალოდ, აქაც პლუსისა და მინუსის თეორია მოქმედებს, შეიძლება, შენგან რადიკალურად განსხვავებულ ტიპთან იგრძნო თავი კარგად და ერთმანეთს გაუგოთ. ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო. იმას არ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგი ჰქონდეს – ესეც მოსაწყენია; ცუდიც უნდა ჰქონდეს, უბრალოდ, ძალიან მცირე დოზით.

– შენ თუ ხარ მზად იმისთვის, რომ იყო იდეალური მეორე ნახევარი?

– მე სულ იდეალური ნახევარი ვარ, ოღონდ, პირველი. საერთოდ, ქალმა ყოველთვის უნდა იფიქროს იმაზე, რომ ის არის პირველი ნახევარი. ამბობენ, ჭკვიანი ქალი ის არის, ვინც აგრძნობინებს მამაკაცს, რომ ისაა პირველი, მაგრამ ეს ალბათ, ურთიერთობის სხვა სტილი და სხვა ეტაპია. თუმცა, ასეთი თამაშები და გათვლები მაინც არ მომწონს. ორი ნაბიჯი უკან, სამი წინ – ამის, არ მჯერა. თუ ერთად უნდა იყოთ, იქნებით, თანაც, ბევრი წვალების გარეშე. ნამდვილი სიყვარული ბევრი ფიქრის საშუალებას არ გაძლევს. ვყოფილვარ თავდავიწყებით შეყვარებული, მაგრამ ეს მაინც უფრო 20 წლამდე ასაკში ხდება – მხოლოდ ემოციებია და მერე ძალიან განიცდი ყველაფერს, მაგრამ, აღქმაა სხვანაირი, შეიძლება, უფრო მძაფრიც, რადგან, მგონია, რომ ჩამოყალიბებული, ნაფიქრი სიყვარული უფრო ღრმად არის გულში, ვიდრე ის, რომელიც თავს გავიწყებს და ქარიშხალივითაა. ის თითქოს უფრო ზედაპირულია.

– რა სიტუაციაში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

– გააჩნია ხასიათსა და განწყობას. თუ მინდა ხმაური და ბევრი ხალხი – კლუბში წავალ, თუ დასვენება მინდა – მთელი დღე სახლში ვიქნები, წამოწოლილი ტელევიზორთან. განწყობის ადამიანი ვარ. ბედნიერიც იმ დროს ვარ, როდესაც ზუსტად იმას ვაკეთებ, რისი სურვილიც გამიჩნდება.


скачать dle 11.3