კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან სერგო ბაღაფში და ედუარდ-ჯაყო კოკოევი მიხეილ სააკაშვილზე წარმატებული პოლიტიკოსები

სამწუხარო რეალობის თანახმად, საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომლის ტერიტორიულ მთლიანობასაც, რუსეთის გარდა, დანარჩენი მსოფლიო აღიარებს, სამი პრეზიდენტია: მიხეილ სააკაშვილი, სერგო ბაღაფში და ედუარდ-ჯაყო კოკოევი (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უკვე გაუშვეს დამსახურებულ პოლიტპენსიაზე). შესაბამისად, ბაღაფშმა რუსეთის მიერ მხოლოდაღიარებულ აფხაზეთს კოდორის ხეობა „დაუბრუნა“ (მთლიანად დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზეთის ყოფილი სამეფოს შემოერთება ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერ დონეზეა), ედუარდ-ჯაყო კი უფრო შორს წავიდა: დაპირებისამებრ, „იუჟნაია ოსეტია“ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სრულად აღადგინა და ახლა თვალი დუშეთის, ყაზბეგისა და ბორჯომის რაიონებზეც უჭირავს. ამის გათვალისწინებით ამ სამი (ორი მხოლოდ და, ერთი – ყველას მიერ აღიარებული) პოლიტიკოსის პოლიტიკური ღვაწლის შეფასება ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ვთხოვეთ.



– რომელი უფრო წარმატებული პოლიტიკოსია: სააკაშვილი, ბაღაფში თუ კოკოევი?

– რადგან თქვენ ჩვენი ქვეყნისათვის ეს ტრაგიკული მოვლენები სიტყვა „წარმატებასთან“ და, იმავდროულად, ამ სამი პრეზიდენტის შედარებასთან დააკავშირეთ, ფოკუსირებას მეც წარმატებაზე გავაკეთებ. მე არ ვიცი, როგორ მიმართავენ ბაღაფში და კოკოითი თავიანთ ხალხს, მაგრამ სააკაშვილის რიტორიკაში სიტყვა „წარმატება“ ხშირად გამოიყენება. ის ილტვის წარმატებისკენ, ფიქრობს, რომ აღწევს წარმატებას და არ უფასებენ; მიიჩნევს, რომ ის უფრო წარმატებულია, ვიდრე შევარდნაძე.

– მეტიც, პრეზიდენტის თანაგუნდელების აზრით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყველაზე წარმატებული მმართველია ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში?

– სიტყვა „წარმატება“ სააკაშვილთან მიმართებაში ხშირად გვხვდება, ამიტომ, მოდი, განვსაზღვროთ, რა არის წარმატება. ჩემი გაგებით, წარმატება არის ის, როდესაც ადამიანი დაისახავს მიზანს და ამ მიზანს მიაღწევს საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე. ისახავდა თუ არა სააკაშვილი მიზნად ტერიტორიების დაკარგვას?

– რა თქმა უნდა, არა.

– ესე იგი, ამ კუთხით, სააკაშვილი წარუმატებელია. მაშინ დაგისვამთ ასეთ კითხვას: ისახავდნენ თუ არა მიზნად ბაღაფში და კოკოითი იმას, რასაც მიაღწიეს?

– რა თქმა უნდა, ორივე იმუქრებოდა, რომ „დაიბრუნებდა“ იმ ტერიტორიებს, რომლებიც „ეკუთვნოდათ“.

– ესე იგი, მათ მიაღწიეს მიზანს და ამ გაგებით წარმატებული არიან. არის მეორე მომენტიც: როდესაც ომის შედეგებს ვაფასებთ, წარმატება-წარუმატებლობაზე ვლაპარაკობთ წაგება-მოგების ტერმინებში, ანუ ვინ რა წააგო და რა მოიგო. რა კატეგორიებით მსჯელობენ ჩვენები, ანუ ჩვენი ხელისუფლება, როდესაც ლაპარაკია ომის წაგება-მოგებაზე? ისინი ამბობენ, ჩვენ კი არ წავაგეთ, არამედ მოვიგეთ; ან ჩვენ არ მოგვიგია, მაგრამ არც წაგვიგია. კოკოითისა და ბაღაფშის ტერმინოლოგიაში კი სიტყვები „მაგრამ“ ან „არამედ“ არ არსებობს. ისინი ამბობენ: ჩვენ მოვიგეთ, ანუ გავიმარჯვეთ. საერთოდ, რაც უფრო მარტივად გამოითქმება ესა თუ ის დებულება, მით უფრო ახლოსაა ის ჭეშმარიტებასთან. თუ შენ გჭირდება შენი მოსაზრების გამოსახატავად „მაგრამ“ და „არამედ“, ესე იგი, შენი მტკიცება სუსტია. ამდენად, ეს ფორმულა – „წავაგეთ, მაგრამ მოვიგეთ“, – ყალბია. ასე რომ, თუ წაგება-მოგებაზეა ლაპარაკი, ბაღაფში და კოკოევი ცალსახად მოგებულ პოზიციაში არიან, ანუ იქ მოვლენებს არქმევენ თავიანთ სახელებს, აქ – არა. აქედან გამომდინარე, ამ სამში, ჩემი აზრით, წარუმატებელია სააკაშვილი და, სიმართლე გითხრათ, დანარჩენი ორის საქმე ნაკლებად მაღელვებს.

– ამ წარმატება-წარუმატებლობას ზურგს უმაგრებს ორი იმპერია; ჩვენ – ამერიკა, იმ ორს – რუსეთი. რუსეთისა და ამერიკის პოზიციები როგორ გამოიყურება წარმატება-წარუმატებლობის თვალსაზრისით?

– ძალიან მიჭირს იმის თქმა, რა მიზანს ისახავდა შეერთებული შტატები საქართველოსადმი, რადგან პოლიტიკას ორი მხარე აქვს: საიდუმლო და აშკარა მაგრამ რუსეთის პოზიცია გასაგებია და მისი პოლიტიკაც წარმატებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ელტვოდა საქართველოს დაჩოქებას და, თუ წარმატებად ჩავთვლით მიზნის მიღწევას საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე, მან, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ წარმატებას მიაღწია. რუსეთმა გამოიწვია მთელი მსოფლიო, რისკი გაწია, გადადგა ეს ნაბიჯი და დასახულ მიზანსაც მიაღწია. სხვა საქმეა, რომ ეს მიზანი ცუდია. როგორც გითხარით, ძალიან მიჭირს შეერთებული შტატების მიზნებზე საუბარი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამერიკის მიზნებში არ შედიოდა, რომ საქართველოს წაეგო, დაეთმო ან დაეკარგა ტერიტორიები, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით. ამდენად, ამერიკამაც ვერ მიაღწია მიზანს, უფრო სწორად, ამერიკა არ ისახავდა ასეთ მიზანს და, ესე იგი, ის წარუმატებელია ან არც წარმატებულია და არც წარუმატებელი.

– რუსეთის მთელი შიდა პოლიტიკა აგებულია საგარეო მტერზე – ნატო-ამერიკაზე. რუსი პოლიტიკოსები ასე უყურებენ ამ საკითხს: რუსეთი ვერაფერს გაუბედავს თავის მთავარ მტერს, მაგრამ შეუძლია, დანაყოს საქართველო, მათი მოკავშირე.

– მოდი, საქართველოთი დავიწყოთ: ჩვენ ბევრი მხრივ ვართ წაგებული: არის მსხვერპლი, გვაქვს ტერიტორიული დანაკარგი, განადგურდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, განვიცადეთ დიდი ეკონომიკური ზარალი და ხალხში დეპრესიაა... საქართველომ, შეიძლება, მოიგო იმით, რომ მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და ყველამ დაინახა, რომ რუსეთთან გვქონდა ომი და რუსეთი იყო და არის აგრესორი.

– მაგრამ ამან ვერ შეამსუბუქა ჩვენი მდგომარეობა: ჩვენ მაინც დავკარგეთ ტერიტორიებიც და დაგვეღუპა ადამიანები.

– აზრი არ აქვს ამ მოგებას, გეთანხმებით. ასე რომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ილუზორული მოგებებია. რაც შეეხება რუსეთს: მან წააგო საერთაშორისო იმიჯში, მაგრამ რუსებს არასდროს აღელვებდათ, რას იტყვიან მათზე სხვები. რუსეთი საკმაოდ თავხედი და აგრესიული მოთამაშეა პოლიტიკაში, თავის დროზე, ისე გადაუარა მთელ აღმოსავლეთ ევროპას, რომ თვალი არ დაუხამხამებია და არც უხერხულობა უგრძნია, ამიტომ, სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთს იმიჯი შეერყა. ამდენად, იმის ლაპარაკი, რომ რუსეთმა ავტორიტეტი დაკარგა, სიყალბეა. რუსეთს არაფერი დაუკარგავს, იმიტომ, რომ ყველამ ისედაც იცოდა ყველაფერი რუსეთის შესახებ. ამიტომ რუსეთს ამაშიც არაფერი წაუგია. შესაძლოა, წააგო ეკონომიკურად, რადგან აგვისტოს შემდეგ ინვესტორებმა თავიანთი თანხა გაიტანეს, მაგრამ რუსეთს იმედი აქვს, რომ ამას ამოქაჩავს ბუნებრივი რესურსებით. მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნა პოზიციები საკუთარ ხალხში. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს: აფხაზებმა რაღაც მოიგეს, მაგრამ წაგების პირას არიან. ქართულ-აფხაზური შეხვედრებისას ერთმა აფხაზმა შარშან, ომამდე, მითხრა, მხოლოდ ქართველები კი არ კარგავენ აფხაზეთს, აფხაზებიც კარგავენო. მე დარწმუნებული ვიყავი, ომი რომ დაიწყებოდა, ვწერდი ამის შესახებ, მაგრამ ხალხს არ სჯეროდა.

– მეც ვიყავი დარწმუნებული.

– ერთი სიტყვით, აფხაზეთი თვითონ აფხაზებს ეკარგებათ და ისინი ამაზე ნაღვლობენ. მათ მოიგეს, თუმცა უარეს ჩიხში მოექცნენ, მაგრამ მერე, რა?! ამ ჩიხის გასაღები მაინც არ არის ქართველების ხელში. ამ ჩიხის გასაღები ქართველების ხელში იმ შემთხვევაში აღმოჩნდებოდა, თუ ქართველებს ექნებოდათ არასამხედრო პოლიტიკა აფხაზებთან ლაპარაკის დროს. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საერთაშორისო მოთამაშეები ჩაერთო კონფლიქტის დარეგულირებაში და აფხაზებთან ლაპარაკი შეწყვიტა, ეს შეცდომა იყო. ქართველებს სწორედ ამის გამო არ აქვთ არანაირი გასაღები.

– ოსები?

– შესაძლებელია, ოსები ყველაზე მოგებული მხარეა, მაგრამ ისინიც ხვდებიან, რა ელით ამ გასამხედროებით.

– მაგრამ მათ ელით ერთი დიდი პერსპექტივა: გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან.

– თქვენ გგონიათ, ჩრდილო ოსებს ძალიან ეხატებათ გულზე სამხრეთელი ოსები?!

– მე მგონია, რომ რუსეთი ჩვენ ჯინაზე ამასაც გააკეთებს.

– მეორე საკითხია, თვითონ რუსეთი თუ გააკეთებს ამას. რუსეთს სჭირდება არა გაერთიანებული, არამედ დაყოფილი ოსები, რომელთაგან ერთს ცხვირი ჩაყოფილი ექნება საქართველოში. რუსეთს ეს ურჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის დენთის კასრი. მეორე მხრივ, თუ ოსები გაერთიანდებიან, გაძლიერდება ინგუშებისა და ჩეჩნების დაპირისპირება ოსებთან, იმიტომ რომ არსებობს ბალანსის თეორია: რაღაც რომ ძლიერდება, მისი საპირწონეც უნდა გაძლიერდეს, რომ ძალები გათანაბრდეს. ორიოდე სიტყვა ვთქვათ ამერიკაზეც: ამერიკა, საერთო ჯამში, ამ მხრივ, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამერიკამ ამასობაში საქართველოსთან ქარტია გააფორმა, მფარველობს საქართველოს, თუმცა, ობამას მიერ მედვედევისთვის ნათქვამი, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს დოკუმენტში ჩაწერილი წინადადებაა და მეტი არაფერი. მე არ ვიცი, რატომ მიაჩნიათ პოლიტიკოსებს, რომ დოკუმენტს რამე ძალა აქვს, რადგან, მაშინ, რატომ არის ცხოვრება დოკუმენტებისგან განსხვავებული?! იქ ჩაწერილ წინადადებებს რატომ ეკარგება ძალა ცხოვრებაში?! მერე რა, რომ ჩაიწერა? ნახეთ, როგორია რეალობა! ასე რომ, ობამას ნათქვამი არაფერს ნიშნავს, უნდა ვნახოთ, საქმით რა იქნება. არც ბაიდენის ჩამოსვლა ნიშნავდა რამეს. მართალია, გაგვიხარდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვახსოვს მსგავსი ვიზიტები საბჭოთა პერიოდიდან და ამაში ახალი არაფერია.

– ამერიკამ ვერ დაიცვა თავისი მოკავშირე, ანუ ჩვენ. ამან მას არ შეურყია სანდო პარტნიორის იმიჯი?

– ვის თვალში?

– მსოფლიოს თვალში, აბა, ჩვენ, თვალში რომ ჩაგვივარდეს, ხელს არ ამოვისვამთ?

– ეს ჩვენ გვგონია, რომ ამერიკას თავისი იმიჯი აინტერესებს. ერაყში ისე შევიდა, რომ ბევრ ქვეყანას გადააბიჯა, ბოლოს და ბოლოს, ობამამაც ხომ აღიარა, რომ შესვლა შეცდომა იყო, როდესაც თქვა, რომ ჯარები უნდა გამოვიყვანოთო?! მაგრამ, ხომ შევიდა?!

– შევიდა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა ოქროს უნიტაზები გაიტანეს ჰუსეინის სასახლიდან, რუსებმა კი ჩვენგან – კერამიკის უნიტაზები.

– ანუ, ამერიკასაც არ აინტერესებს იმიჯი. ჩემი თვალთახედვით, ამერიკა და რუსეთი ძალიან მსგავსი ქვეყნებია. მაგალითად, მოქალაქეები ამერიკაშიც, ისევე, როგორც რუსეთში, მალემრწმენები არიან, ადვილად შეიძლება მათი დაჯერება სატელევიზიო საშუალებებით. ძალიან მარტივი ფსიქოლოგიის ხალხია, ძალიან ბევრი ეროვნებაა არეული; ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, საზოგადოება ძალიან ჭრელია თავისი შემადგენლობითაც და მსოფლმხედველობებითა და ქცევებითაც, მაგრამ ამერიკელებსა და რუსებს შორის უზარმაზარი განსხვავებაცაა, რადგან ამერიკაში ჭარბობენ თვითკმარი ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან თავიანთ ბედს. ამას გარდა, ვინ ეჯახება დღეს მსოფლიოში ერთმანეთს?

– იმპერიები.

– რა თქმა უნდა, მათ აქვთ საერთო საფუძველი. მაგალითად, საქართველო რატომ არ დაეჯახება არასდროს ნორვეგიას?! იმიტომ რომ არაფერი აქვთ საერთო. ამათ კი ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივეს გავლენის სფეროები უნდა, სულ არ ანაღვლებთ, ვინ რას იტყვის მათზე. თითქოს ზრუნავენ იმიჯზე, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, თავიანთ ინტერესებს აყენებენ წინ. ხომ ნათელია, რომ თითქოს ქუვეითის დაცვის გამო დაწყებული ომის მიზეზი რეალურად ნავთობი, ანუ ფული იყო?! ამერიკას არ რცხვენია, რომ მისი კულტი დოლარებია, ჩვენ კი ვლაპარაკობთ იმიჯის შელახვაზე?! საერთოდ, ყველა ზომავს თავისი გაფუჭებულობის ხარისხის მიხედვით, ეს ჩვენ გვგონია, რომ იმიჯებზე უნდა იფიქრონ, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს სხვების აზრი. არადა, მთავარია, იყო თვითკმარი, შენი ხაზი გაატარო, იყო ლოგიკასა და სიმართლეზე ორიენტირებული, მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი პოლიტიკა და ცხოვრება აგებულია შოუზე, რომ სხვებმა დამინახონ, რა კარგი ვარ. ჩვენთან ადამიანი იმით კი არ არის კმაყოფილი, რომ წარმატებას მიაღწია, არამედ იმით, სხვამ დაინახოს, რომ წარმატებულია და ამის ნათელი მაგალითია ჩვენი პრეზიდენტი. თუ წარმატებული გახდი, გაჩერდი, იმიტომ რომ წარმატებასა და სიკეთეს ლაი-ლაი არ უნდა. როდესაც პრეზიდენტი ამბობს, ხომ ავაშენეთ, რასაც დაგპირდითო, ეს დამადლებაა და, როდესაც სიკეთეს ემატება დამადლება, ეს ანტისიკეთეა. როდესაც შენ თვითონ ლაპარაკობ შენს წარმატებაზე, ეს მეტყველებს შენს წარუმატებლობაზე, რადგან მედალი სხვამ უნდა ჩამოგკიდოს.

– ცხადია, რომ დაპირისპირებას თბილისსა და ორ რეგიონს შორის საფუძვლად უდევს პოლიტიკური ორიენტაციის განსხვავებულობა. თუკი ბაღაფშმა და კოკოევმა მიაღწიეს თავიანთ მიზნებს, ჩვენ კი ვერ მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო სწორი არჩევანი გააკეთეს?

– არა, ჩვენი მიზანი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – სწორი და სამართლიანია, თუმცა, მთავარი არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ იმ ხალხის დაბრუნებაა, რომლებიც დავკარგეთ. აფხაზების მიზანი – სუვერენიტეტისკენ სწრაფვა კარგი მიზანია, რადგან დამოუკიდებლობა ყველას უნდა. ჩვენ რომ გვქონოდა იმის ვაჟკაცობა, გვეღიარებინა მათი დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხი, ფედერაციას დავთანხმდებოდით და ამის შანსი გვქონდა, მაგრამ მაშინ ამის ვაჟკაცობა არ გვეყო. დღეს კი, არათუ ფედერაციის, კონფედერაციის შანსიც აღარ გვაქვს, დაკარგული ტერიტორიები არასდროს ბრუნდება. თურქეთსაც ხომ აქვს ჩვენი ტერიტორიები?! მსოფლიო ომის შემდეგ მათი დაბრუნების დიდი შანსი იყო, წკიპზე იდგა ეს საკითხი, სტალინს შეეძლო ამის გაკეთება, გეგმაც არსებობდა, მაგრამ ვერ გაკეთდა თვით სტალინის ხელშიც კი.

– ესე იგი, ტერიტორიები არის ხარკი, რომელიც უნდა გავიღოთ ერთი პატრონის მეორით შეცვლის დროს?

– ტერიტორიის დაბრუნება ძალიან რთულია ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც იდეაში საზღვრების საერთოდ გაუქმებაზეა ლაპარაკი.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3