კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცა 2 მილიონი მოუხელთებელი ქართველის შეიარაღებულმა ბანდამ


დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი კრიმინალური ისტორია გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში მოხდა. მის მონაწილეთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია. ამიტომ, უმეტესი მათგანის ვინაობა შეცვლილია და ვინმესთან მათი მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ჯოჯოხეთიდან გაქცევა

დაბა ზნამენკა ყაზახეთში, სემიპალატინსკის რაიონში მდებარეობს. ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში იქ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საპყრობილე იყო განთავსებული, სადაც 800 სამხედრო მოსამსახურე იხდიდა სასჯელს.

იქაური წესები ნებისმიერ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკზე მძიმე იყო. ამიტომ, პატიმრების ყოველწლიური სიკვდილიანობა იქ 40 პროცენტს აღწევდა, რის გამოც ამ საპყრობილეს „ჯოჯოხეთს“ უწოდებდნენ.

1982 წლის 23 თებერვალს, ზნამენკის „ჯოჯოხეთში“ 32 წლის „გრუს“ ყოფილი კაპიტანი ლევან თევზაძე მიიყვანეს. თევზაძეს რუსი სამხედრო პოლკოვნიკის ივანე გუსევის მკვლელობისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

კონფლიქტი გუსევსა და თევზაძეს შორის 1981 წლის დეკემბერში, საახალწლო სუფრასთან მოხდა. ქართველების მოძულე, არყით გალეშილმა პოლკოვნიკმა თევზაძეს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა. ლევანმა გუსევს სილა გააწნა, დაბრუნდა და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ სილაგაწნულმა გუსევმა პისტოლეტი ამოიღო და თევზაძეს მარცხენა მხარში მოარტყა ტყვია. დაჭრილი თევზაძე მკვეთრად შეტრიალდა, პისტოლეტი მოიმარჯვა და გუსევს შუბლი გაუხვრიტა... დახურულმა სამხედრო ტრიბუნალმა ქართველი კაპიტანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტა, რომ პირველმა გუსევმა ესროლა.

კაპიტანი ლევან თევზაძე ზნამენკას „ჯოჯოხეთიდან“ 1982 წლის 26 ივნისს, ანუ პატიმრობიდან 4 თვის მერე გაიქცა. მან ორი ბადრაგი გათიშა და იმ კარცერში გამოამწყვდია, სადაც თვითონ იჯდა. შემდეგ რეჟიმის უფროსი, ანტონ პავლოვი აიყვანა მძევლად და მისივე მანქანით, მასთან ერთად დატოვა საპყრობილე. თუმცა, თევზაძემ პავლოვი გზაში დატოვა, ტაბელური პისტოლეტი აართვა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

ლევან თევზაძის გაქცევას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი ის, რომ ქართველი კაპიტანი ზნამენკის „ჯოჯოხეთში“ სიკვდილს არ აპირებდა, მეორე და მთავარი კი ის იყო, რომ, მან ციხეში შეიტყო ცოლის ღალატის შესახებ და იმიტომ გაიქცა, რომ ყველაფერი ადგილზე გაერკვია.

ორმაგი მკვლელობა

„გრუს“ ყოფილი კაპიტანი, ლევან თევზაძე, ავღანეთის ომის გმირი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სპეცოპერაციებში მონაწილეობისთვის „წითელი ვარსკვლავის“ და „საბრძოლო წითელი დროშის“ ორდენებით იყო დაჯილდოებული. ქართველი კაპიტნისთვის საბჭოთა კავშირის გმირობის მინიჭებაც უნდოდათ, მაგრამ, როდესაც ის პოლიტბიუროში წარადგინეს, ქართველების მოძულე მიხაილ სუსლოვმა კატეგორიული უარი განაცხადა და თავის გადაწყვეტილებას ასეთი ტექსტი დაურთო: „ის რომ რუსი იყოს, გმირობა არ ასცდებოდა, ქართველები კი ასეთ პატივს არ იმსახურებენ“. ამიტომ თევზაძეს მხოლოდ „წითელი ვარსკვლავის ორდენი“ და კაპიტნის ჩინი უბოძეს.

თევზაძე „გრუს“ სპეცნაწილების საუკეთესო მებრძოლად ითვლებოდა. ამიტომ, როდესაც ის ციხიდან გაიქცა, საუკეთესო ძალები დაადევნეს, მაგრამ, უშედეგოდ. ხოლო, როდესაც მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს, მილიცია გაფრთხილებული იყო, რომ უაღრესად საშიშ ადამიანთან ექნებოდათ საქმე და მისი ლიკვიდაციის ნებართვაც გაიცა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან „გრუს“ სკოლაგავლილი თევზაძე განსაკუთრებული მოხერხებულობით გამოირჩეოდა.

ლევანს ჰყავდა მეუღლე – 24 წლის ირა და ვაჟი – 6 წლის კოტე. ირა ნახევრად რუსი იყო. ლევანს ის 17 წლის ასაკში მისთხოვდა. გაქცეულმა თევზაძემ ციხეში შეიტყო, რომ ირამ შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარა, თავად კი მილიციის კაპიტანს, 33 წლის არმენ გრიგორიანს გაჰყვა, რომელიც ლევანის ბავშვობის მეგობარი იყო და ერთ უბანში გაიზარდნენ. სწორედ ამ ინფორმაციამ გაახელა თევზაძე ყველაზე მეტად. იგი ციხიდან გაიქცა და ჭეშმარიტების დასადგენად მშობლიურ თბილისში დაბრუნდა.

1982 წლის 20 აგვისტოს ლევანი თავის მეგობარს, მერაბ ტუღუშს ეწვია და ყველაფერი დეტალებში დაადგინა. მერაბისგანვე შეიტყო ლევანმა, რომ „პრიუტში“ ჩაბარებული 6 წლის კოტიკო მერაბის დამ, ქვრივმა ნატომ იშვილა და მასთან იზრდებოდა.

– ნუ გეშინია, ლევან, – უთხრა მერაბმა ლევანს, – ნატო ღვიძლი შვილივით ზრდის კოტიკოს და ჩიტის რძეს არ აკლებს. შენ კი იქ მისვლას არ გირჩევ. „ძაღლებს“ ჩასაფრება ექნებათ მოწყობილი და ხიფათს გადაეყრები.

თვალცრემლიანმა ლევანმა მეგობარს უთხრა:

– ხიფათი ჩემი ცხოვრების წესია, თუმცა, ნატოსთან მისვლა არც მიფიქრია – ასეთ მდგომარეობაში ჩემს შვილს ვერ ვნახავ. მოვა დრო და აქედან შორს წავიყვან. მანამდე კი იქ იყოს, სადაც არის. თქვენი დიდი მადლობელი ვარ და თქვენთან ვალში ვიქნები. ახლა კი იმ ნაძირლებს უნდა მივხედო.

ლევან თევზაძე ისევე შეუმჩნევლად წამოვიდა მერაბ ტუღუშის სახლიდან, როგორც მივიდა. ერთი კვირის მერე კი, კრასნოდარის მხარის დაბა ხოსტაში, მილიციის კაპიტნის, არმენ გრიგორიანის ბიძის სახლში 33 წლის არმენი და 24 წლის ირინა დახოცილები იპოვეს. ქალ-ვაჟი შიშვლები იყვნენ. თავები და სასქესო ორგანოები ორივეს მოკვეთილი ჰქონდათ. კედელზე კი უზარმაზარი, სისხლით გამოყვანილი ასოებით, ქართულად ეწერა: „თევზო“.

„თევზო“ – ლევან თევზაძის მეტსახელი იყო და ექსპერტიზამ ეს დაადასტურა. ორმაგი, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა იმ პერიოდისთვის იშვიათი შემთხვევა იყო. ყველაფერს კი ის ამძიმებდა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი მილიციის კაპიტანი იყო. ამიტომ ეს დანაშაული პირად კონტროლზე აიყვანა ნიკოლაი შჩოლოკოვმა, რომელიც იმ პერიოდში საბჭოთაკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან ერთ-ერთ საგანგებო თათბირზე მრისხანე მზერა შეავლო ხელქვეითებს და უღრიალა:

– სასწრაფოდ შეიპყარით ის „გრუელი“ ან მისი თავი მომიტანეთ!

მოუხელთებელი ქართველი

ნიკოლაი შჩოლოკოვის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ლევან თევზაძე არამცთუ ვერ მოკლეს ან დააპატიმრეს, არამედ ის გადაუჭრელ პრობლემად გადაექცა საბჭოთა მილიციას, რადგან ლევანმა კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული მძარცველთა ბანდა შექმნა და უამრავი თავსატეხი გაუჩინა მილიციას. თევზაძე და მისი მეგობრები, ძირითადად, შემნახველი სალაროების ძარცვას ახორციელებდნენ და დანაშაულს ისეთი ოსტატობით სჩადიოდნენ, რომ მათი მოხელთება შეუძლებელი იყო. ლევანი თითოეულ დანაშაულს წამობრივი სიზუსტით გეგმავდა და ასრულებდა. ამიტომ მილიცია ვერ ახერხებდა მისი ბანდის კვალზე გასვლას. როდესაც შემთხვევის ადგილზე მიდიოდნენ, ფული წაღებული იყო, ბოროტმოქმედები იქ აღარ იყვნენ და, რაც მთავარია, ერთი წვეთი სისხლიც არ იყო დაღვრილი...

1983 წლის განმავლობაში ლევან თევზაძის ბანდამ საბჭოთა კავშირის ხუთ ქალაქში – კიევში, მოსკოვში, ლენინგრადში, დონეცკსა და ოდესაში – 18 ძარცვა ჩაიდინა, ხოლო მათ მიერ გატაცებულმა თანხამ 1 მილიონ 600 ათასი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდში კოლოსალური ფული იყო.

1983 წლის ზაფხულში საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელსაც „მოუხელთებელ ქართველად“ წოდებული თევზაძისა და მისი ბანდის მოღვაწეობა უნდა აღეკვეთა. სპეცგანყოფილებაში საბჭოთა მილიციის საუკეთესო კადრები შეიყვანეს, მათ შორის იყვნენ ანალიტიკოსები, ფსიქოლოგები და გამოცდილი მაძებრები, რომლებსაც უპირველეს ამოცანად ბანდის ლიკვიდაცია დაუსახეს. თუმცა, მანამდე, მათ ბანდის შემადგენლობა, შეიარაღება და სხვა მონაცემები უნდა მოეპოვებინათ, რაც ბოროტმოქმედთა შეპყრობაში ან ლიკვიდაციაში დაეხმარებოდათ. ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, მილიციელებმა რაღაც-რაღაც ინფორმაციები მოიპოვეს და რამდენიმე მახეც დააგეს, მაგრამ მძარცველების მოხელთება ვერ ხერხდებოდა – ისინი განაგრძობდნენ ძარცვას და ხან ერთ ქალაქში ჩაიდენდნენ ხოლმე დანაშაულს, ხან კი – მეორეში. 1983 წლის 30 დეკემბერს, მოსკოვში, ¹2 მექანიკური ქარხნის თანამშრომელთა ხელფასები და პრემიები წაიღეს, რაც 465 ათას მანეთს შეადგენდა. ხელწერით, ეს დანაშაული თევზაძისა და მისი მეგობრების ნახელავი იყო. მოსკოვში ხმები გავრცელდა, რომ მძარცველები უჩინრები იყვნენ და მილიცია იმიტომ ვერ იხელთებდა მათ. ყველაფერი ეს კი მილიციის პრესტიჟს ურტყამდა და ამის გამო პოლკოვნიკი ტიტოვიც კი დააქვეითეს, რომელიც უშუალოდ კურირებდა ბანდის ძებნის ოპერაციას...

სისხლიანი შურისძიება

მოუხელთებელი ქართველის საქმიანობამ იმდენად შეაწუხა მოსკოვში მოკალათებული პარტიული მაღალჩინოსნები, რომ თევზოს შესაჩერებლად ნებისმიერი მეთოდის გამოყენება მოითხოვეს. ცეკას მდივანმა, ივანოვმა, რომელიც ძალოვნებს კურირებდა, თბილისში დარეკა და ერთ-ერთ უმაღლეს მაღალჩინოსანს პირდაპირი მუქარით უთხრა.

– კისერი იტეხეთ და თქვენი ბანდიტი თქვენვე გააჩერეთ! ქართველები ისედაც ყელში გვყავხართ ამოსული. ძალიან ცოტა დროს გაძლევთ: ან თქვენი თევზოს თავს მოიტანთ, ან თქვენს თავს მომიტანენ!

ამ ზიზღით ნათქვამი სიტყვების მერე, ივანოვმა ყურმილი აპარატზე დააგდო. ქართველმა ფუნქციონერმა კი, რომელიც ცარცივით იყო გაფითრებული, პოლკოვნიკი ზაქრო დადაშვილი გამოიძახა და უთხრა:

– თევზო უნდა გააჩერო. მოსკოვის ბრძანებაა და, აბა, შენ იცი!..

ზაქრო დადაშვილი უკიდურესი ნაძირლის სახელით იყო ცნობილი და, გარდა იმისა, რომ ის პირსისხლიანი ჯალათი იყო, თავის ქალიშვილთან, მადლენასთან სქესობრივ კავშირშიც იყო მხილებული. თუმცა, დადაშვილს ეს არ აღელვებდა, რადგან, ერთადერთი მოწმე, თავისი მეუღლე – მანანა, საკუთარი ხელით გაგუდა და ტუალეტში ჩამოახრჩო. თავის გამომძიებელ კოლეგებს კი თვითმკვლელობა გააფორმებინა და ამ საქმიდან გამოძვრა. მისმა ქალიშვილმა მადლენამ ეს ყველაფერი მოგვიანებით უამბო გამომძიებლებს.

პოლკოვნიკმა დადაშვილმა კმაყოფილი სახით ჩაიცინა და თავის უფროსს უთხრა:

– უფროსო, მე ხომ ადრეც გეუბნებოდით, თევზოს გავაჩერებ-მეთქი, მაგრამ, სანამ მოსკოვიდან არ დარეკეს, არ მოინდომეთ.

– რას აპირებ, ზაქრო?

– მაგ ვერანას შვილს წავიყვან და სიტყვას დავაგდებ, რომ თუ არ ჩაგვბარდება, მაშინ ბავშვის დაჩეხილ გვამს ნახავს.

– იმოქმედე, მაგრამ არ გადაამეტო, – უთხრა დადაშვილს წამოჭარხლებულმა მაღალჩინოსანმა. ზაქრო რომ კაბინეტიდან გაისტუმრა, პირჯვარი გამოისახა და ნერვიულად გააბოლა. მაღალჩინოსანი, რომელმაც კოტიკო თევზაძის მძევლად აყვანის სანქცია მისცა ზაქრო დადაშვილს, პოლკოვნიკი ვაჟა სილაგაძე იყო...

ზაქრო დადაშვილმა 8 წლის კოტიკო თევზაძე სკოლიდან გაიტაცა, შემდეგ ნატო ტუღუშს დაურეკა და უთხრა, რომ თევზოსთვის გადაეცა, თუ ქართულ მილიციას არ ჩაჰბარდებოდა, მაშინ დაჩეხილი ბავშვის გვამს მტკვრის ნაპირზე იპოვიდნენ... დადაშვილს საკუთარი ვინაობა არ დაუსახელებია, ტუღუშს ერთი კვირის ვადა მისცა და ყურმილი გათიშა...

ლევან თევზაძემ მხოლოდ ორი დღის მერე შეიტყო შვილის გატაცების ამბავი და რამდენიმე საათში უკვე თბილისში იყო. თავის ძველ ნაცნობს, მილიციის გადამდგარ პოდპოლკოვნიკს, კარლო ჭელიძეს ესტუმრა და მისგან შეიტყო, რომ პატარა კოტიკოს მძევლად აყვანას ზაქრო დადაშვილის მეტი არავინ იკადრებდა.

– შვილი თუ ჰყავს იმ ნაძირალას? – ჰკითხა თევზომ გადამდგარ პოლკოვნიკს.

– ჰყავს, მაგრამ მის გატაცებას აზრი არ აქვს. ერთი უზნეო გოგოა, რომელსაც ლოგინში თვითონ იწვენს და, არ მგონია, რომ მასში შვილი გაგიცვალოს.

– აბა, რა ვქნა?

– პოლკოვნიკ სილაგაძეზე უნდა გახვიდე, – უთხრა კარლო ჭელიძემ და ირიბად მიანიშნა თევზოს, თუ როგორ უნდა ემოქმედა.

– ეგ ვინაა?

– ჯალათ დადაშვილის უშუალო უფროსი. შენი კოტიკოს გატაცება მისი სანქციის გარეშე არ მოხდებოდა.

თევზო გამოემშვიდობა პოდპოლკოვნიკს. ხოლო ყველაფერი რომ დაადგინა, სილაგაძის 12 წლის ვაჟი – გენო გაიტაცა და ერთ-ერთ დაკეტილ აგარაკზე გადამალა წყნეთში. შემდეგ, ქუჩის ტელეფონიდან ვაჟა სილაგაძეს დაურეკა და უთხრა:

– გამარჯობა, ამხანაგო პოლკოვნიკო, გენოსგან მოკითხვა!

გენოს ხსენებაზე სილაგაძე აკანკალდა, რადგან საშინელმა წინათგრძნობამ შეიპყრო და უპასუხა:

– ვინ გენოსგან? ვინ ბრძანდებით?

– შენი შვილისგან, შე ნაბოზარო! ის ჩემთანაა და, თუ გინდა, რომ საღ-სალამათი დაგიბრუნდეს, ამაღამ, ზუსტად 12 საათზე, მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოდით შენ, დადაშვილი და კოტიკო. იცოდე, ღმერთი არ გაგიწყრეს და შენი ძმაკაცები არ დამაყენო, თორემ შვილს თვალით ვეღარ იხილავ. მიცანი, ვინ ვარ?

– გიცანით...

შვილის გატაცებით გამწარებულმა ვაჟა სილაგაძემ ზაქრო დადაშვილი დაიბარა და უთხრა:

– ამ საღამოს კოტე თევზაძე უნდა წავიყვანოთ მოსკოვში. ჩვენი უფროსი კოლეგები თხოულობენ ამას, მაგრამ, არავინ შეგამჩნიოს. მანქანით მოდი ჩემს სადარბაზოსთან და აეროპორტში ერთად გავემგზავრებით, უფრო სწორად, მცხეთის სამხედრო აეროდრომზე. აბა, შენ იცი...

დადაშვილმა ვერაფერი იეჭვა და კოტიკო თევზაძესთან ერთად სილაგაძეს მიაკითხა, შემდეგ კი სამივე მცხეთისკენ გაემგზავრა და ისე ჩააბარა სილაგაძემ თევზაძეს დადაშვილი, რომ ამ უკანასკნელს ეჭვიც არ აუღია.

– ჩემი შვილი შენთან დამალე დროებით, მე კი გამთენიისას მოვალ და შენს ვაჟს მოგიყვან, – უთხრა თევზომ სილაგაძეს, სახლის მისამართი გამოართვა და გაუშვა.

ზაქრო დადაშვილი „გრუს“ ყოფილმა კაპიტანმა ჯერ წამებით მოკლა, ბოლოს კი ბენზინი გადაასხა და მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან დაწვა...

P. S. ლევან თევზაძემ ნატო ტუღუში ცოლად შეირთო და მასთან და კოტიკოსთან ერთად ჯერ თურქეთში გაიქცა, ბოლოს კი ახალ ზელანდიაში გადაიხვეწა, მისი ბანდის წევრები კი მილიციისთვის ბოლომდე მოუხელთებელნი დარჩნენ...


скачать dle 11.3