კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აქსოვს ტემპერამენტსა და სექსუალურობას აკა მოდებაძე და ვის ატირებს მარიამ კახელიშვილი


მართალია, ისინი კონკურენტები არიან, თუმცა ერთმანეთს მაინც გულშემატკივრობენ და მხარში უდგანან. მარიამ კახელიშვილი უკვე „ნიჭიერის“ ფინალშია, აკა მოდებაძე კი მომავალ მეუღლესთან, გვანცა ციხელაშვილთან ერთად, ფინალში მოსახვედრად დღეს იბრძოლებს. ძნელია, გაარჩიო რომელი უფრო ნიჭიერია, რადგან ორივე აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს და თავიანთ საქმეს ასი პროცენტით და კიდევ უფრო კარგად აკეთებენ.


აკა მოდებაძე: თავიდანვე ვგულშემატკივრობდი მარიამს, ძალიან ნიჭიერი გოგოა. მართალია, ჩვენ ერთ პროექტში ვართ, ერთმანეთის კონკურენტებად ვითვლებით, მაგრამ ნიჭიერების დანახვა გადასარევად შემიძლია. ჯანსაღი კონკურენცია კარგია. სტიმული ამ დროს ჩვენც მეტი გვაქვს. ჩვენი მხრივ ვეცდებით, ადამიანებს დავანახვოთ ის, რაც ძალიან კარგად გამოგვდის და რაზეც უზომოდ ბევრ დროს ვხარჯავთ. მეტს მართლა არაფერს ვაკეთებთ, თავიდან ბოლომდე ვიხარჯებით ამ საქმეში. მართალია, საქართველოში სამეჯლისო ცეკვები პოპულარული არ არის, მაგრამ გვინდა, დავამტკიცოთ, რომ ცეკვა, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და თან არაქართული, ლათინო-ამერიკელ მოცეკვავეებზე არანაკლებად გამოგვდის.

– ლათინური ცეკვები გამოირჩევა თავისი შინაარსით, ემოციებით, სექსუალურობით, ეროტიკულობით.

– გეთანხმებით, სამეჯლისო ცეკვები სავსეა ტემპერამენტითა და სექსუალურობით. თუმცა, ამ თემაზე ყოველთვის მიწევს კამათი და ეს ინფორმაციის არქონის ბრალია. მე და გვანცა, როგორც პროფესიონალები, ძალიან მკაცრად განსაზღვრული ცეკვის წესების, დებულებებით ვცეკვავთ, რომელთაგან ოდნავი გადახვევის, ზედმეტი ინტიმურობის შეტანის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ასეთი მკაცრი წესების დაცვით ვიღებდით მონაწილეობას სამეჯლისო ცეკვების სხვადასხვა კონკურსში, მაგრამ „ნიჭიერი“, ჩარჩოებს არ გვიდგენს და ჩვენი ცეკვაც გაცილებით ინტიმური და სექსუალურია. ეს არის შოუ, რომელმაც მაყურებელში აღფრთოვანება უნდა გამოიწვიოს, ამიტომ თავს ზედმეტი ექსპერიმენტების ჩატარების უფლება მივეცით. შესაბამისად, შოუმ, რომელიც რეპეტიციაზე დავდგით პედაგოგის გარეშე, ძალიან სერიოზულად იმოქმედა მაყურებელზე. დაბურძგლათ, გაგიჟდნენ. რადგან არ იყო შეზღუდვა, ჩვენც მაქსიმალურად გავშალეთ ფრთები. არაჩვეულებრივ ცეკვას ვთავაზობთ მაყურებელს. ასეთი შოუ, თამამად ვამბობ, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არავის უნახავს.

– რა შინაარსი აქვს ცეკვას?

– ქალის და კაცის ურთიერთობაზეა. ქალი, რომელიც ძნელად მისაღწევია და როგორ იპყრობს მის გულს მამაკაცი. მაგრამ, ახლა მიჭირს ამის გადმოცემა, სულ ვამბობ ხოლმე, ჩვენ სხეულებით უკეთესად ვსაუბრობთ, ვიდრე – პირით. (იცინის).

– სწორად გადმოსცემს შენი სხეულის ენა იმას, რისი თქმაც გინდა?

– ყოველ შემთხვევაში, ადამიანების რეაქციიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად გადმოსცემს. თავს არ ვიქებ, მიყვარს კრიტიკა და საკუთარი თავის მიმართაც ძალიან კრიტიკული ვარ. მაგრამ ჩვენი შოუები მოსწონთ და ის იმის დამსახურებაა, რომ დღე და ღამეს სტუდიაში ვათებენთ, ოცდაოთხი საათი რეპეტიციები გვაქვს.

– გვანცა როგორ იპოვე?

– ვმეგობრობდით. უფრო სწორად ერთმანეთს უბრალოდ კარგი გამარჯობით ვიცნობდით. მაგრამ, ისეთი შრომისმოყვარეა, იმდენს დებს ამ საქმეში და ისე უზომოდ აქვს დაფერთხილი ცეკვის ნიჭი, რომ გადავწყვიტე წყვილში გვეცეკვა. აღმოჩნდა, რომ ერთნაირად ვფიქრობდით, ერთნაირი ინტერესები გვქონდა: დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ „ნიჭიერის“ გამო ქორწილი გადავდეთ. ამ პროექტზე იმდენად ვართ გადართულები, ქორწინებას გემოს ვეღარ გავუგებდით და ეს არ გვინდოდა. თუ რაღაცას აკეთებ, იქ ბოლომდე უნდა იყო, უნდა მოეშვა და სხვა არაფერზე იფიქრო. სხვანაირად არ გამოვა.

– მარიამ ახლა სხეულის ენაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ის, რა ემოციასაც შენი ხმით გადმოსცემ, არ ვიცი, რას შევადარო. მკვდარ ენაზე რომ მღეროდე, მაინც გასაგები იქნება შენი სათქმელი. შენ თუ აცნობიერებ ამას?

მარიამ კახელიშვილი: ყველა მეუბნება, რომ შენი სიმღერა სხეულის ყველა უჯრედამდე აღწევსო, ამას ხშირად მეც ვგრძნობ, რადგან ჩემს სიმღერაზე ბევრს ეტირება. მე არ მეტირება, მხოლოდ ვმღერი (იცინის).

– გრძნობ, რომ სხვებისგან გამოირჩევი?

– კი, რადგან ძალიან დიდი ხანია ვმღერი. ამის ნიჭი დიდი ხანია, აღმომაჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და წარმატებას ვერ მივაღწიე. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც სულ ვიცოდი, რომ ნიჭი მაქვს.

– ანუ, ფარ-ხმალი არ დაყარე?

– თავიდან არა, მაგრამ ერთი პერიოდი გადავწყვიტე, საერთოდ აღარ ვიმღერებდი. რადგან ყველგან მიწუნებდნენ, ვიფიქრე, ალბათ არ ვარ ისეთი ნიჭიერი, როგორც მგონია-მეთქი. გამარჯვებისთვის ყოველთვის უდიდესი შემართებით მივდიოდი, მაგრამ ყველაფერი წყალში მეყრებოდა. „ევროვიზიაზე“ დამწყდა განსაკუთრებით გული. 2008 წელს შიდა შესარჩევ კონკურსზე ვიყავი და 2009 წელს კი შესარჩევშიც აღარ მიმიღეს. ამ დროს საშინელი პროტესტი გამიჩნდა. ვიფიქრე, საერთოდ აღარ ვიმღერებ-მეთქი. ასეთი რაღაცეების შემდეგ, ძალიან მტკიოდა გული, საშინლად მწყინდა. თუ მაინც არ აღიარებენ ჩემს სიმღერას, რა აზრი აქვს-მეთქი. თუმცა, „ნიჭიერი“ რომ გამოჩნდა, დედამ ძალიან მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო და გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. მართლა ბოლოჯერ ვცადე. ეს მაინც სატელევიზიო შოუ იყო და ვიფიქრე, იქნებ, აქ მაინც გამოჩნდეს და დაფასდეს ნიჭი-მეთქი. ფინალში ყოფნა, მგონია, რომ უკვე დაფასებაა, ჟიურიმაც საოცარი შეფასებები მომცა. ძალიან მინდა მოგება, მაგრამ თუ ვერ მოვიგე, მგონია, რომ ჩემი ცხოვრება მაინც შეიცვლება. ბევრი ადამიანი, რამდენიმე პროდიუსერი დაინტერესდა ჩემით და შეიძლება, რაღაც წინსვლა იყოს.

– შენი სიმღერის მანერაც თანდაყოლილია? ზანგურ სტილში მღერი.

– დიახ. ის თუ როგორ ვმღერი და როგორ ვდგავარ სცენაზე, სიმღერიდან მომდინარეობს. ეს ჩემთვის არავის უსწავლებია.

აკა: ალბათ, წინა ცხოვრებაში შავკანიანი იყო (იცინიან).

– სხვა რით ხარ დაკავებული?

მარიამი: ვხატავდი, თუმცა სიმღერის გამო ხატვას თავი დავანებე. სკოლაში ვსწავლობ. საერთოდ, სიმღერას ძალიან დიდი დრო მიაქვს. მთელი დღე ამით ვარ დაკავებული. ამიტომ, გართობისთვის, თამაშისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. წყნეთში ვცხოვრობ, ზოგი ჩემი მეგობარი თბილისში ცხოვრობს და ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ.

– არ გღლის ბევრი რეპეტიცია? ხომ არ გგონია, რომ ბავშვობის დიდი ნაწილი სიმღერამ წაგართვა, არ გირჩევნია, უფრო მეტად რეზინობანას თამაშობდე?

– კი, ხანდახან ძალიან მღლის, ხანდახან მირჩევნია, რომ უფრო მეტს ვთამაშობდე, ვიდრე ვმეცადინეობ, მაგრამ სიმღერა ისაა, რაც ძალიან მიყვარს და მინდა, მთელი ცხოვრება ვაკეთო. ბევრი იმედგაცრუება და ნერვიულობა იყო დაკავშირებული ჩემს სიმღერასთან, მაგრამ მაინც მიყვარს. მომღერლობაზე ვოცნებობ. ბავშვობიდან მინდოდა, პოპულარობა და ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო. თან ბებიასთან ვცხოვრობ. დედა პატარა გათხოვდა, უნდა ესწავლა და ამიტომ ბებიასთან ვიყავი. იქ მეცადინეობის საშუალება მაქვს.

– უკვე ხომ ხარ პოპულარული?

– კი, ქუჩაში უამრავი ადამიანი მცნობს. ყველა მეფერება და მამხნევებს. ეს ძალიან მახარებს.

– აკა, შენ მითხარი, როგორ დაიწყო შენი სიყვარულის ისტორია?

– ჯერ იმის თქმა მინდა, რომ ახლა მარიამს ვუსმენდი და ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ათი წლიდან არანაირი გასართობი არ მქონია. ცეკვაზე შევედი და მას მერე მხოლოდ ეს იყო ჩემი გასართობი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი მაინც არ ვიყავი. ასე, იყო გვანცაც. მიუხედავად იმისა, რომ ის სწავლობს, მომავალი იურისტია, ღამეებს მეცადინეობაში ატარებს და მთელ დღეს ვარჯიშს ვანდომებთ. რაც შეეხება ჩვენ სიყვარულს, არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი. უბრალოდ, ძალიან ბევრ დროს ვატარებდით ერთად, ოცდაოთხი საათი ერთმანეთის გვერდით ვიყავით და თავს კარგად ვგრძნობდით. შესაბამისად, სიყვარულიც თავისთავად მოვიდა. ამაში პირველად მე გამოვუტყდი. სხვათა შორის, ერთმანეთს პირველად „პარკეტზე“ ცეკვის დროს ვაკოცეთ. კონკურსზე ვიყავით, მუსიკა დამთავრდა, ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდით და ვაკოცე. ისეთი კოცნა იყო, მოკლე, ხანგრძლივი არა (იცინის). ერთი სიტყვით, ახლა კონკურსის პირობებში ვართ და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.


скачать dle 11.3