კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტოვებს ეკა კვალიაშვილი მამაკაცებს და რა მოგონება ვერ დაივიწყა მან მეცხვარეებთან


ეკა კვალიაშვილი იღბლიანი ადამიანია – გარდა იმისა, რომ ბუნებამ სიმღერის საოცარი ნიჭით დააჯილდოვა, გენეტიკურადაც კარგი მემკვიდრეობა ერგო. თავად-აზნაურთა შთამომავალი, პროფესიული წარმატებებითაც განებივრებული იყო – მსმენელის სიყვარული, რაც მისთვის ყველა ჯილდოზე ძვირფასია, ნამდვილად ბევრი ერგო. სიურპრიზები არც პირად ცხოვრებაში აკლდა – უიღბლო ქორწინებების მიუხედავად, არ ფიქრობს, რომ ბედის ვარსკვლავმა უღალატა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ყველაზე დიდი ემოციის ნაყოფს, ერთადერთ შვილს ხედავს.


ეკა კვალიაშვილი: საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ჩემი აზრით, იღბლიანი ხარ, როცა კარგ ოჯახში დაიბადები, როცა გყავს კარგი მშობლები და კარგ გარემოში იზრდები. როცა ნიჭიც დაგყვება, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი გაძლევს დიდ შანსს ცხოვრებაში. იღბლის წყალობაა ისიც, როცა ნორმალურად აზროვნებ. თუმცა, ცხოვრებაში მაინც ბევრი გამოცდა უნდა ჩააბარო, ბევრ რამეს გაუძლო, გულისტკენასაც, სიხარულსაც, გაჭირვებასაც. ეს ყველაფერი თუ არ ნახე, ვერ იცხოვრებ სრულყოფილი ცხოვრებით. ამ მხრივ მე ნამდვილად გამიმართლა. დავიბადე ოჯახში, სადაც გენეტიკურად გადმომეცა სიმღერის ნიჭი. ძალიან პატარა დავდექი სცენაზე. თუმცა ამის გამო არც ცხვირი ამიწევია არასდროს და არც თავი არავისთვის გადამიმეტებია. ურთიერთობაში იოლი უნდა იყო, უნდა გესმოდეს ადამიანების ენა და გიყვარდეს ისინი. თუ „ფასონის“ გამო აკეთებ რამეს, არ ხარ ნამდვილი ხელოვანი. თუ „სტრანნი“ ტიპი ხარ, მართლაც სხვა განზომილებაში უნდა იყო. მე ძალიან მიყვარს უბრალო ადამიანები, მთაში მოხუც მეცხვარეებთანაც კი ვმჯდარვარ კოცონთან, რომლებიც ალვანური ხინკლებით გამიმასპინძლდნენ. ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ამ ოჯახმა ისეთი დრო გამატარებინა, ნებისმიერ „პეროგარჭობილ“ სიტუაციას მირჩევნია. ვერ ვიტან, ისეთ სიტუაციებს, სადაც მლიქვნელობა და სიყალბეა, სადაც კარს გაიხურავ თუ არა, შენზე ჭორაობას იწყებენ. ესეც ჩემმა ოჯახმა მასწავლა. ჩემი წინაპრები თავად-აზნაურების შთამომავლები იყვნენ. მე თარხან-მოურავებისა და ავალიშვილების სისხლი მაქვს. არც კვალიაშვილი იყო გლეხი. მე პატივს ვცემ ჩემს წარმომავლობას, მაგრამ მიყვარს ხალასი, ბუნებრივი ხალხი. ძალიან მრავალმხრივი კაცი იყო მამაჩემი, კარგად მღეროდა, არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, ბიჭობაში თავისი ანსამბლიც კი ჰყავდა. დედაც ძალიან კარგად მღერის. ეს გენეტიკა, მგონი, მეც მეტყობა (იცინის). ამას გარდა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემი მშობლები არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ... ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც მათგან მივიღე, ეს არის სიცოცხლე, რომელსაც არაფერი შეედრება.

– როგორც ხელოვანს გაგიმართლათ, დაგყვათ პროფესიული იღბალი?

– არც ამ მხრივ ვუჩივი ბედს, თუმცა დავიბადე ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ხელშეწყობა ეგრეთ წოდებული შოუ-ბიზნესის მიმართ. თუმცა, რეალურად, აქ არც შოუ-ბიზნესი არსებობს. მე ვიცი, როგორ ცხოვრობენ უცხოეთში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რა განრიგი აქვთ, როგორ „ტუსოვკებს“ აწყობენ. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს წარმატებულ ადამიანად მივიჩნევ. რადგან მაქვს ხალხის სიყვარული და აღიარება, რაც იაფფასიანი პოპულარობისგან ძალიან განსხვავდება. პოპულარული ბოროტი საქმითაც კი შეიძლება გახდე, მაგრამ არ გაღიარონ. მე ჩემი სიმღერით საკმაოდ ადრე მოვიგე ბევრი ადამიანის, დიდი არმიის გული, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

გამიმართლა იმ მხრივაც, რომ ჩემი პროფესიის წყალობით, ბევრ საინტერესო და განსხვავებულ ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში. მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ჩვეულებრივი ტიპები არ არიან. არასდროს დამავიწყდება ჩაკახანის პროდიუსერი, ანდრეი ლუისი, რომელსაც წლების წინ კიევში, „მის როკ ევროპას“ კონკურსზე შევხვდი. ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, ახალგაზრდობაში ჯიმი ჰენდრიქსის ბას-გიტარისტი იყო. მე მას ვაჩუქე ჩემი სამი სიმღერა. ძალიან უნდოდა, ჩემთან კონტრაქტი გაეფორმებინა, მოგვეწყო ტურნე ევროპაში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში ჩავსულიყავი. მას ჰყავდა ხუთი შვილი და უფროსი ჩემი ტოლი იყო. ანდრეი მთავაზობდა: როცა ლოს-ანჯელესში ჩამოხვალ, შენ იქნები ჩემი მეექვსე შვილიო. ის სამი დღე მაღალი სიცხით დადიოდა კონკურსზე და ჩემს სიმღერებს ისმენდა. ჩვენ ვცხოვრობდით სასტუმროში, რომელიც გემზე იყო. ვმუშაობდით წინასაკონტრაქტო ხელშეკრულებაზე, თუმცა ეს კონტრაქტი ვერ შედგა.

– რაზე ვერ დაგითანხმათ ლოს-ანჯელესელმა ზანგმა?

– როდესაც თბილისში ჩამოვედი, გავარკვიე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ლოს-ანჯელესელი პროდიუსერის იმედგაცრუებად ღირდა. ვერ დავუმალავდი მას ჩემს ამბავს. კონტრაქტში საკმაოდ რთული პუნქტები იყო, რომელსაც ვერ დავარღვევდი. მერე ძალიან ბევრი ფული მექნებოდა გადასახდელი საჯარიმო სანქციის სახით (იცინის).

– ბედისწერის გჯერათ?

– კი, როგორ არ მჯერა. ერთხელ ჩემს ცხოვრებაში მოხდა საოცარი რაღაც – წლების წინ, როცა ერთდროულად ძალიან ბევრი პრობლემა დამიგროვდა და ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი შინაგანი სამყარო შეიცვალა და უნებურად, რაც მე არ მჩვევია, შურისძიებაზე დავიწყე ფიქრი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძალიან ცუდად მომექცა. ვიფიქრე; ამას არავის აღარ ვაპატიებ-მეთქი და ზუსტად იმ დროს დამირეკა მამიდაჩემმა. მან მითხრა: წუხელ მამაშენი დამესიზმრა, წერილი გამოგიგზავნაო. ვიფიქრე: მამიდაჩემი ხომ არ გადაირია-მეთქი. მარიკა მომიყვა, მამაშენმა მითხრა: სამი დღეა, ეკას ვეძებ, ვერ ვპოულობ და ეს კონვერტი ეკას გადაეციო. იქ ისეთი რაღაც ეწერა, რამაც უცებ ამაღებინა ხელი შურისძიებაზეც და მომავლის რწმენაც დამიბრუნა. ის, რაც იმ წერილში ეწერა, დროდადრო ხდება. გარდაცვლილი მამის წერილმა ყველაზე რთულ დროს მიშველა.

– როგორ ფიქრობთ, როგორც ქალს პირად ცხოვრებაში გაგიმართლათ?

– ყველაფერში იღბლიანი ვერ იქნები. მე ამ მხრივ არ გამიმართლა. რომ შემხვედროდა ისეთი მამაკაცი, რომელიც თავისი მამაკაცური თვისებებით ბოლომდე „გაქაჩავდა“ ჩემთან ცხოვრებას, მაშინ ჩავთვლიდი, რომ იღბლიანი ვარ. ასეთი მამაკაცი, სამწუხაროდ, არ შემხვდა. ჩემმა მეუღლეებმა ხასიათის სისუსტე გამოაჩინეს. მე არ მიყვარს სუსტი მამაკაცები, ემოციებისთვის ისინი აღარ მჭირდებიან.

– თქვენ ხომ არ ხართ, იმაზე ძლიერი, ვიდრე ქალი შეიძლება იყოს?

– როცა მარტო გიწევს ცხოვრება და მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, ეს ძალიან გაძლიერებს. თუ გვერდით ისეთი მამაკაცი გყავს, რომელიც ხელისგულზე გატარებს, მაშინ გინდა თუ არა, ცოტა გაინაზები და სუსტად გამოიჩენ თავს. ღმერთმა ყველა ქალს ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მამაკაცებს. ასე მგონია, რომ ქალების 90 პროცენტი ბედნიერის როლს თამაშობს. მე არ გამოვრიცხავ, ჩემს ცხოვრებაში ამ მხრივ ბედნიერი პერიოდები კიდევ დადგეს, თუმცა მარტო ცხოვრებას ისე მივეჩვიე, ვინმესთან ერთად ცხოვრება და დაძინებაც კი, ვეღარ წარმომიდგენია (იცინის). ახლა აღარც პერანგების დაუთოება მინდა. მამაკაცი სიმპათიებზე საუბარს რომ იწყებს, უკვე მეცინება. რომანტიკამ გვერდით ჩამიარა, რადგან დავრწმუნდი, რომ, როცა ქალები რომანტიზმში ვართ გაჭრილები, კაცები ბოლომდე დგანან მიწაზე და პრაგმატიზმს ინარჩუნებენ. მაგრამ, რა ვუყოთ გრძნობას? მარტო პრაქტიკული ჭკუით როგორ ვიცხოვროთ?

– როგორ, მამაკაცების ენა აღარ გესმით?

– აღარც მინდა, რომ მესმოდეს. ძალიან კარგად მესმის მამაკაცების ფსიქოლოგია. თუმცა, ამ სქესით ძალიან განხიბლული ვარ. მათ ხრიკებს მაინც კარგად ვხვდები. ამაში გამოცდილება და ქალური ინტუიცია მეხმარება. დილით რომ ვიღვიძებ, ვიცი, როგორი დღე მექნება. უფრო გრძელვადიან პროგნოზებს ვერ ვაკეთებ (იცინის). როცა სიცოცხლით სავსე ვიღვიძებ, ვიცი, რომ მთების გადაბრუნებაც კი შემიძლია, მაგრამ გარშემო ისეთ უიმედო სახეებს ვხედავ, ეს ძალიან არ მომწონს. მე ვიცი, რომ ცხოვრება რთულია, უნდა ჩავაბაროთ გამოცდები, მივიღოთ ხუთები, რომ ცხოვრება განვაგრძოთ. მე ძალიან ბევრი სირთულე მაქვს გადატანილი. ჩემი სიმღერის და მეგობრების თერაპია მშველოდა ხოლმე ძალიან. თუმცა, ისეთი სირთულეებიც იყო, ვერც ეს თერაპია მშველოდა და ჩემთვის, მარტო ვრჩებოდი პრობლემების პირისპირ.

– ეს ალბათ, მამაკაცებთან დაკავშირებით ხდებოდა.

– არა მხოლოდ. მე არ ვებრძვი და არ ვეჯიბრები მამაკაცებს. ამისი სურვილი არ მაქვს. არც ერთი მამაკაცის შურისძიებაზე არ მიფიქრია, რადგან ჩემგან თავისით არც ერთი არ წასულა. ასეთი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს. ყოველთვის მე ვტოვებდი მათ (იცინის). ჯერჯერობით ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ გაიმარჯვა ჩემს რთულ ქასთინგში. ამიტომაც ვერ იღებენ იმ სტატუსს, რაც სჭირდებათ.

– ქასთინგში მონაწილე მამაკაცების რიცხვი დიდია?

– მათ ჩამოსათვლელად ხელის თითები მეყოფა, თანაც მხოლოდ ერთი ხელის (იცინის). ახლა იმედი მაქვს, რომ საჭირო დროს მოვხვდები საჭირო ადგილას და ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლება. ბედის ვარსკვლავები არ მიმატოვებენ. მე ძალიან მიყვარს ისინი, ვიცი, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის არის გამოგზავნილი და სიამოვნებით ვიღებ მათ...

– როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავთ.

– პირადი ცხოვრება ისეთი რამაა, რაც არ უნდა დაგეგმო, ცხოვრება თავის სიურპრიზებს მაინც მოგიწყობს. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მოულოდნელად მოვიდა ყველაზე დიდი სიყვარული, რომელიც პირველი ოჯახის შექმნით დასრულდა. ამ ქორწინებიდან მყავს ჩემი ერთადერთი შვილი. მაშინ ვიყავი ყველაზე მეტად შეყვარებული. ეს იყო ცხოვრების სიურპრიზი, რასაც ვერ ვიტყვი, ჩემს შემდგომ ქორწინებებსა და ქმრებზე (იცინის).

– აზარტულ თამაშებში თუ გიმართლებთ? ოდესმე რამე მოგიგიათ?

– მე საერთოდ არ ვარ აზარტული. არასდროს არაფერს ვთამაშობ. სულ ერთხელ მაქვს ნაყიდი ლატარიის ბილეთი და მაშინაც ვერაფერი მოვიგე. ვიცი, რომ ისეთი გათამაშებები არსებობს, სადაც პრიზი მილიონამდე აღწევს, მაგრამ მე მაინც ბოლომდე სკეპტიკოსად ვრჩები (იცინის).


скачать dle 11.3