კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დაუნგრევს ნანუკა ჟორჟოლიანი ურთიერთობებს და ვინ არის მისი სუსტი წერტილი


ამბობენ, ჟურნალისტებს სქესი არა აქვთო, მაგრამ, მთლად ასეც რომ არ უნდა იყოს საქმე, ესეც ფაქტია. ქალი ყოველთვის ქალად რჩება, თუნდაც პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ხშირად მოუხდეს „კაცის ტყავში“ შეძრომა. ნანუკა ჟორჟოლიანი ამის ნათელი მაგალითია. ალბათ, ყველას ახსოვს, მისი რეპორტაჟები „ცხელ-ცხელი“ წერტილებიდან. მიუხედავად ამისა, ის მაინც ყოველთვის პოულობდა დროს ქალური საქმეებისთვის, ზრდიდა შვილს, უყვარდა და, ერთხელ სიმღერაც კი ჩაწერა. თავადვე აღიარებს, რომ მისი მშობლები სერიოზულ შარს გადაურჩნენ ნანუკას ქალად დაბადებით. თუმცა, არც თავისი „სუსტი“ სქესი უშლის ხელს იმაში, რომ თავი ძლიერ პიროვნებად იგრძნოს.

დღეს უკვე ორი შვილის დედაცაა, წარმატებული შოუს წამყვანიც, კარგი ცოლიც და, როგორც თვითონ ამბობს, ბედნიერების ფასიც ისწავლა.


ნანუკა ჟორჟოლიანი: რა თქმა უნდა, მიფიქრია იმაზე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, კაცად რომ დავბადებულიყავი, ან, ვინ ვიქნებოდი ახლა. მე მყავს ძმა, რომელიც ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. იმის ფონზე მე ისეთი ცელქი ვიყავი, რომ დედაჩემი და მამაჩემი, ჩვენს ბავშვობაში, თურმე, ამბობდნენ, პირიქით რომ დაბადებულიყვნენ – ეს ბიჭად და ის გოგოდ, რა კარგი იქნებოდაო. მაგრამ, მალე მიხვდნენ, რომ სერიოზულ შარს გადაურჩნენ ჩემი გოგოდ დაბადებით (იცინის), ანუ, დაფიქრდნენ, სულ ხომ არ დაიღუპებოდნენ, მე რომ ბიჭად გავჩენილიყავი. მეც მიმაჩნია, რომ ჩემი ქალად დაბადებით მათ მხოლოდ გაუმართლათ. ჩემს ხასიათს ცოტათი აწონასწორებს და აბალანსებს ის, რომ ქალი ვარ.

– თორემ, სულ საქმეების გარჩევაში იქნებოდი?

– აუ! აუცილებლად. მე ახლაც ხშირად მიჩნდება ვიღაცეების ცემის სურვილი, ნერვებს რომ მიშლიან და, ხომ, წარმოგიდგენია, კაცი რა დღეში ვიქნებოდი. გეუბნები, ჩემი მშობლები გადარჩნენ, რომ ბიჭი არ ვარ, თორემ, მათ გაცილებით მეტ პრობლემებს შევუქმნიდი. ამიტომაც, გოგოდ რომ გავჩნდი, ამით მამაჩემი სერიოზულ შარს გადაურჩა. რამდენად არის მამაჩემისთვის ბედნიერება ჩემი წარმატება და ცნობილობა, ეს არ ვიცი, რადგან, ჩემი მშობლები ცოტა სხვანაირად უყურებენ რაღაცეებს. ჩემი და ირაკლის ურთიერთობაც საკმაოდ ტკივილის მომტანი იყო მათთვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას შემდეგ მაინც, რაც საბა გაჩნდა და ბევრი რამ სტაბილური გახდა, შემიძლია ვთქვა, რომ მე მაინც კარგი შვილი ვარ მათთვის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მარტო საკუთარს კი არა, თავისი ახლობლების პრობლემებსაც გაუმკლავდეს. ახლობლებში მე ჩემს მეგობრებსაც ვგულისხმობ. ამიტომ, იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემს მშობლებს, შეიძლება, გაუმართლათ კიდეც, ჩემი ასეთი ხასიათის გამო.

– ესე იგი, შენ არ მიგაჩნია, რომ მამაკაცობა უპირატესობაა?

– არანაირად. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მამაკაცები, ჩვენზე, ქალებზე, გაცილებით სუსტები არიან. კბილიც რომ ასტკივდეთ, მაშინვე პანიკაში ვარდებიან. პრობლემების წინაშე რომ აღმოჩნდებიან, მაშინაც ძალიან უჭირთ. ჩვენსავით უცებ და სწრაფად ვერ რეაგირებენ პრობლემაზე. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ მამაკაცი ქალზე რამით ძლიერია.

– ფიზიკური მონაცემები აქვთ ჩვენზე შთამბეჭდავი.

– ესეც ინდივიდუალურია. მე ძალიან ბევრ ფიზიკურად სუსტ მამაკაცს ვიცნობ და, მათ პარალელურად, ძალიან ბევრ ფიზიკურად ძლიერ ქალს. მამაკაცი, არ უნდა განვიხილოთ როგორც მოცემულობა – რომ ის ქალზე ბევრად ძლიერია.

– მაშინ, რატომ აქვთ პრეტენზია, რომ თვითონ არიან სამყაროს მამოძრავებელი ღერძი?

– კი, აქვთ ამის პრეტენზია. მამაკაცი რომ სულელია, ეს დიდი ხნის წინ, იმთავითვე დაამტკიცა ადამმა (იცინის) – ერთი ვაშლით შეაცდინა ევამ და, ერთი ვაშლით ვინც შეცდება, იმას ბევრი ვაშლი და მარწყვი რას უზამს, ხომ წარმოგიდგენია!

– ანუ, მაინც ქალია წარმმართველი?

– რა თქმა უნდა. თუმცა, არსებობს თითიდან გამოწოვილი მოსაზრება, რომ ქალი გაჩნდა ადამის ნეკნისგან, მაგრამ, იმ ნეკნისგან, რომელიც კაცს არ სჭირდებოდაო...

– ზედმეტი ნეკნი ჰქონდაო?

– (იცინის) რა ვიცი, აბა! ფაქტია, რომ საქართველოში ქალებმა უკვე დაამტკიცეს, რა შეუძლიათ. იმ ქალებს არ ვგულისხმობ, ცხოვრებაში კვერცხიც არ შემიწვავსო – პოზა რომ უჭირავთ. ჩემ გარშემო იმდენი წარმატებული და ძლიერი ქალია, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქალურ გარემოში ვცხოვრობთ. ზოგი მამაკაცი ქალზე ბევრად სუსტია. მართალია, პრეზიდენტი მამაკაცი გვყავს, მაგრამ, რამდენ ქალს უნდა პრეზიდენტობა? ნებისმიერ სფეროში წარმატებულ ქალს უფრო ბევრს იპოვი, ვიდრე წარმატებულ მამაკაცს. გადახედეთ ქვეყანაში სიტუაციას, სად ნახეთ საქართველოში მარტო თავისი სქესის გამო პრივილეგირებული მამაკაცი?

– შენს ოჯახში არ არის პატრიარქატი?

– ჰო, ჩვენს ოჯახში ისე ნამდვილად არ დგას საკითხი, რომ, რადგან ირაკლი მამაკაცია, აუცილებლად მან უნდა არჩინოს ოჯახი, მან უნდა გადაიხადოს გადასახადები, წავიდეს ბაზარში... არავითარ შემთხვევაში. თუმცა, ბევრ საკითხში გადაწყვეტილებას ირაკლი იღებს; რაღაცაში მე მიწევს დათმობა, რაღაცაში – მას.

– მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ქალს ურჩევნია, გვერდით თავისზე ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს.

– მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ გააჩნია, რაში. კი, ირაკლი ჩემზე ძლიერია და, ამიტომაც არის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამდენი ხანია, გრძელდება. ძლივს ვიპოვე მამაკაცი, რომელიც ჩემზე ძლიერია და ჩემი მხარი იმისთვის არ სჭირდება, ზედ რომ თავი დამადოს და იტიროს. ეს კარგია. ირაკლი ძლიერი მამაკაცია, პასუხისმგებლობის აღების უნარიც აქვს და სპეცრაზმელის ფორმაც ძალიან უხდება. (იცინის), მაგრამ, მე ჩემს მარიამს ისე ვზრდი, რომ, იცოდეს, აუცილებელი არ არის მამაკაცი იყოს ოჯახის დამფინანსებელი. არ არის, ეს გადამწყვეტი და, არც ოჯახის უფროსობა ნიშნავს იმის უფროსობას, ვისაც მეტი ფული შემოაქვს სახლში. ის, რომ მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებას იმას ნიშნავს, რომ მას პატივს სცემენ. ბუნებრივია, პატივი უნდა სცე კაცს, რომლის გვერდითაც ცხოვრობ, თუ ასე არაა, მაშ, რატომ ხართ ერთად? ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი, თავისი საფულე. ეს ისევ მისთვის არის საჭირო. მნიშვნელობა არ აქვს, ამ საფულეში რამდენი ფული იდება. მე ყველა ქალს ვუსურვებ ამას, ვინც არ უნდა იყოს ის, იმიტომ რომ, მეც ქალი ვარ და მაქვს სოლიდარობის გრძნობა. ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ არავის ზურგზე არ ჰყავხარ მუთაქასავით წამოკიდებული და მთელი ცხოვრება არ გზიდავს ტვირთივით. როცა შენ დამოუკიდებელი ხარ, მამაკაცი უკვე ხვდება, მართლა უყვარხარ, თუ მოვალეობის გამო არის შენთან. შენ შენი ცხოვრება უნდა გქონდეს, რომ კაცი მიხვდეს, რა უყვარს შენში. ურთიერთობა მარტო ამ შემთხვევაში იქნება სრულფასოვანი და მამაკაცი არ იფიქრებს, რომ, რადგან ერთხელ აგიკიდა ტვირთად, მერე მთელი ცხოვრება ზურგით უნდა გატაროს. ეს შენც დაგაკომპლექსებს და იმასაც. სახლი ჯარს არ უნდა დაემსგავსოს – „მარჯვნისაკენ! – მარცხნისაკენ!“ – არავითარ შემთხვევაში. სახლი ის ადგილი უნდა იყოს, სადაც კაცს უნდა მისვლა; მოვალეობა კი არ აიძულებს, უნდა და მიდის. მესმის, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მოვალეობას არ გაურბიხარ და ხარ ადამიანთან, რომელთანაც უნდა ცხოვრობდე, კი არ გინდა, არამედ – „უნდა“. მაგრამ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელია, მე ვერ შევძლებდი. ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები ვართ და ცოდვებიც ჩვეულებრივი, მიწიერი გვაქვს. არ შეგვწევს იმდენი ძალა, რომ არ გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. მაშინ მონასტერში წავიდოდით და იქ ვიცხოვრებდით ყველანი.

– შენ გყავდა გოგონა, ახლა უკვე გყავს ვაჟიც. რომელი უფრო ადვილი გასაზრდელია?

– მარიამი ჩემი სუსტი წერტილია. საბას საკმაოდ რთული, ჩემი ხასიათი აქვს და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თერთმეტი თვისაა, უკვე ვიბრძვით. სახლში ნამდვილი რინგი გვაქვს – უნდა და მორჩა! მარიამს სხვა ხიბლი აქვს და ის ჩემთვის განსაკუთრებულია. შეიძლება, ვინმემ თქვას, ამას იმიტომ ამბობს, რომ საბამ ჯერ კითხვა არ იცისო, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ, რომ მარიამი სულ სხვაა არის ჩემთვის, დაქალივით მყავს. მისი ცხოვრება ჩემთვის საინტერესოა და მასთან ურთიერთობაც ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა.

– დარწმუნებული ვარ, მარიამის ცხოვრებაშიც უფრო ჩაერევი.

– ჯერ ერთი, ძალიან ძნელია, ჩაერიო ბიჭის პირად ცხოვრებაში და, მე რომ საბას ცხოვრებაში ჩავერიო, ასეთი რამ გამორიცხულია. რაც შეეხება მარიამს, მე თვითონ ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში, ბევრჯერ ძალიან მწარედ მტკენია და, თუკი შეიძლება, სხვის მაგალითზე რაღაც ისწავლო, მარიამს ჰყავს დედა, რომლის შეცდომებზეც შეუძლია, ისწავლოს. მთელ ჩემ ცხოვრებას „ინვესტიციად“ ჩავდებ, რომ მარიამმა იგივე შეცდომები არ დაუშვას, რაც მე დავუშვი. მე, პირიქით, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც შეცდომებს ნაკლებად უშვებდნენ: მყავს ძალიან ტრადიციების დამცველი დედა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა და, შეიძლება, ამიტომაც იყო ჩემთვის მარტივი რაღაცეების ნგრევა. მარიამის დედას კი იმდენჯერ უტირია მის თვალწინ და იმდენჯერ დაუწყია ცხოვრება თავიდან, ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავს და მეტად გაუფრთხილდება თავის ცხოვრებას. ერთადერთი, რაშიც ძალიან ცუდად ჩავერევი და აუცილებლად ჩავერევი არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, 25 წლამდე გათხოვდეს. მანამდე ყველა ურთიერთობას დავუნგრევ. 25 წლის მერე, უკვე შეეძლება, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. ამ ასაკში სხვანაირად ჩამოყალიბებული ქალური ჰორმონები გაქვს და ცხოვრებასაც სხვა თვალით უყურებ. აღარაფერს ვამბობ ღირებულებებზე. რაღაცას უნდა მოვლა, რაღაცას უნდა გაფრთხილება და მე ეს ყველაფერი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, როცა მენგრეოდა და ვკარგავდი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მარიამი ჩემს შეცდომებზე ისწავლის. საბა ოხერია, მიხედავს თავის თავს (იცინის).

– როგორი არ უნდა იყოს ქალი?

– მე ვერ ვიტან ქალებს, რომლებიც სულ ცუდად არიან, სულ დაღლილები, სულ რაღაცით უკმაყოფილოები და სულ წუწუნებენ. სინამდვილეში, არაფერი არ აწუხებთ, ყოველდღე საპარიკმახეროში სხედან და საკუთარი ცხვირის იქით არაფერი აინტერესებთ. კაცი რომ ვიყო, ასეთი ქალის გვერდით არავითარ შემთხვევაში არ ვიცხოვრებდი. იმ კაცებს, რომლებსაც ასეთი ქალები მოსწონთ და უნდათ, მე რაღაცას ვეძახი, მაგრამ, ცუდი სიტყვაა და ახლა არ ვიტყვი.

– მოკლედ, კმაყოფილი ხარ, ქალად რომ დაიბადე?

– დიახ, იმიტომ, რომ ძლიერი ქალი ვარ. ვთქვი, ბევრჯერ მიტირია-მეთქი, მაგრამ, ცრემლები ჩემთვის სისუსტე არ არის. ბევრჯერ დავცემულვარ ცხოვრების განმავლობაში და ყოველთვის წამოვმდგარვარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ქალი ვარ.


скачать dle 11.3