კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს ჰოლივუდში ნიკოლოზ ხომასურიძე და სად აპირებს ის ექსტრემალური თამაშების მსოფლიო ჩემპიონატის მოწყობას


„აქ ძალიან მაღალ და სწრაფ რიტმში გიწევს ცხოვრება, მუშაობა. თავიდან რთულია ამ რიტმში ჩაჯდომა, თანაც ერთხელ თუ ამოვარდები, შენ ადგილს აუცილებლად სხვა დაიკავებს... ამიტომ, საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაო, შედეგებს შენი გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს. მე ჩემი პატარა ოცნებები აქ უკვე ავიხდინე. ჰოლივუდი, სადაც ვცხოვრობ, ჩემთვის ოცნების ახდენის ადგილად იქცა,“ – ეს სიტყვები პროდიუსერს, რეჟისორსა და სცენარისტს ნიკოლოზ ხომასურიძეს ეკუთვნის, რომელმაც უკვე არაერთი წარმატებული გეგმა განახორციელა. მას წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი აქვს, რომლებიც ძირითადად საქართველოს ისტორიას, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ეხება.


ნიკოლოზ ხომასურიძე: მას შემდეგ, რაც აქ ვიმყოფები „დიდგორის“ ჩათვლით, გადავიღეთ ორი მოკლემეტრაჟიანი და ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ივლისში უნდა გადავიღო ფილმი „ქართული ღირსების მეომარი“, რომელიც 1921-1924 წლების აჯანყებას, 1992-1993 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის სამაჩაბლოს ომებს ეხება. ეს არის ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც სულ იბრძვის. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ძალიან ცნობილ მსახიობთან. პასუხს რამდენიმე კვირაში შევიტყობთ. ასევე გადავიღე ფილმი „ექსტრემალური სიყვარული“, რომელიც სრულმეტრაჟიანია. ახლა მიმდინარეობს მონტაჟი და დაახლოებით მაისში ვაჩვენებთ თბილისში. მასში მონაწილეობს რამდენიმე ქართველი მსახიობი. ერთ-ერთია ბექა სიხარულიძე, მეორე – მიქა საყვარელიძე, რომელიც „დიდგორშიც“ მონაწილეობდა. ასევე მონაწილეობენ კანადელი ქართველები ლანა და სოფო ფრენკელები და უცხოელი მსახიობები. მომავალში მინდა, ბორჯომში გავაკეთო მსოფლიო ექსტრემალური თამაშების ჩემპიონატი. ამ ფილმის მთავარ გმირს – ქართველ ბიჭს სწორედ ეს იდეა აქვს. ჩადის ლოს-ანჯელესში, ხვდება სარეკლამო კომპანიას, რომ გაუკეთონ ამ პროექტს პრომოუშენი. შემდეგ ის მალიბუს სანაპიროზე, სერფინგის დროს გაიცნობს გოგონას და გადაწყვეტს, მას შუა ოკეანეში შეხვდეს. ბოლოს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ერთად მოდიან საქართველოში. მოკლედ, ეს არის სიყვარულის ისტორია სასაცილო ელემენტებით და მინდა, რომ ბორჯომში გადავიღო გაგრძელება.

– მალიბუს სანაპიროზე გადაღებები საკმაოდ საინტერესო იქნებოდა.

– კი, ექსტრემალური სიყვარულის ერთი ნაწილი მალიბუს სანაპიროზეა გადაღებული, ასევე ლას ვეგასსა და ლოს-ანჯელესში. იქ გადავიღეთ ასევე მეორე ფილმი, რომლის პროდიუსერი და ლაინ პროდიუსერი ვიყავი. ეს ფილმი გადაღებულია ანტონ ჩეხოვის „თოლიას“ მიხედვით, რომელიც შემდეგ ამერიკელმა მწერალმა მაიკლ გინზბურგმა ამერიკულ სინამდვილეში გადაიტანა და კარგი ფილმი გამოვიდა. ჰქვია „ამერიკული თოლია“. სცენები მალიბუს ერთ-ერთ დიდ სახლში და სანაპიროზე გადავიღეთ. წელს აღინიშნება ანტონ ჩეხოვის 150 წლის იუბილე და სავარაუდოდ, ეს ფილმი რუსეთში დიდი წარმატებით გავა. ერთ-ერთი მსახიობია ოლეგ ვიდოვი. მართალია, მას მცირე როლი აქვს, მაგრამ ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ის რუსეთში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. რაც მთავარია, ფილმზე პროფესიონალები მუშაობდნენ. თბილისიდან ჩამოვიყვანეთ ჩემი მეგობარი გიორგი გვარჯალაძე, რომელიც ხმის ჩაწერას უზრუნველყოფდა. ეს ფილმიც დაახლოებით, ერთ თვეში იქნება მზად და მას „ოსკარის“ გამარჯვებული სკოტ კონრადი დაამონტაჟებს. ასევე ვმუშაობდი ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრის არაზ მამადოვის ფილმზე, როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი და რეჟისორის პირველი თანაშემწე.

– შენი პროექტები ალბათ, საკმაოდ საინტერესო და გრანდიოზულია.

– ერთ-ერთი პროექტი არის „დავიწყებული მეფე“, რომელიც შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ კოდების გახსნასა და დემნა ბატონიშვილსა და შოთა რუსთაველს შორის არსებული კავშირის სავარაუდო შესაძლებლობას. ჩემი აზრით, ცოცხალი უნდა იყოს საქართველოს მეფის ნამდვილი მემკვიდრე, დემნა ბატონიშვილის შთამომავალი. მსოფლიო საზოგადოების მეტი ყურადღება რომ მივიქციოთ და კინოინდუსტრიაში მაღალ საფეხურზე გადავიდეთ, მეტი პროფესიონალიზმი შევიძინოთ, გადავწყვიტე ფილმი გადავიღო ერთ დუბლში, რაც ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ეს იქნება 100 წუთიანი ფილმი, ერთი გაუჭრელი უწყვეტი კადრით, რაც დღეს მსოფლიო რეკორდია კინოინდუსტრიაში. ჯერჯერობით ყველაზე დიდი გაუჭრელი დუბლი ეკუთვნის ალექსანდრე სოკუროვს და ეს არის 90-წუთიანი ფილმი „რუსული თაღი“. ჩვენი ფილმის კოსტიუმების დიზაინერი არის თამარა ბარნოვი, რომელმაც შთამბეჭდავი ესკიზები შექმნა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის პროექტს.

– ანუ, მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებ?

– კი, და დავამყარებთ კიდეც. ახლა რამდენიმე დეტალს ვაკეთებ, სცენარს საბოლოო ვერსიას მივცემ და დაახლოებით, მაისის დასაწყისში დავიწყებ გადაღებას. მინდა, საქართველოში გადავიღოთ, რადგან ეს რომ საქართველოში გავაკეთოთ, ყველგან დაფიქსირდება და ჩვენს ქვეყანას დიდ ყურადღებას მიაქცევენ, რაც ჩემს ინტერესებშია. თანაც, ქართველი მსახიობები ითამაშებენ. ქასთინგს გამოვაცხადებ, რამდენიმე მსახიობი ჩაერთვება ლოს-ანჯელესიდანაც. ფილმი იქნება ინგლისურად, ქართულად, გერმანულად და ფრანგულად. რაც შეეხება სიუჟეტს, იწყება სასტუმროს სცენით, იქ ახალგაზრდა წყვილი შედის. შემდეგ მთავარი გმირის შეყვარებულს იტაცებენ გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები და რაღაც საიდუმლოს გამჟღავნებას სთხოვენ. ეს აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც დემნა ბატონიშვილის მემკვიდრეა ოცდამეერთე საუკუნეში. შემდეგ უკვე იწყება ისტორიაში, დროში მოგზაურობა განდობილთა სპეციალური სამაჯურების დახმარებით. ჩვენ ვნახავთ, როგორ წერს შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანს“. ფილმში იქნებიან გიორგი მესამე, დავით მეხუთე, ტამპლიერი რაინდები, სტალინი, ჰიტლერი, პარალელები გაკეთდება სხვადასხვა ეპოქას შორის. გადაღება იქნება დიდ სტუდიაში. უკვე მაქვს თბილისში მოლაპარაკებები, ტექნიკური საკითხები მოგვარებულია. სავარაუდოდ, ამას კომპანია „სარკესთან“ ერთად განვახორციელებ.

– რას ეფუძნება შენი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შეიძლება დემნა ბატონიშვილის შთამომავალი დღეს ცოცხალი იყოს?

– სამი წლის წინ, ამაზე რომ მეფიქრა, საკუთარ თავს არ დავუჯერებდი. ამ საკითხში არ ვიყავი კარგად ჩახედული. „დიდგორზე“ მუშაობის შემდეგ გავიღრმავე ცოდნა და ვფიქრობ, რომ შეიძლება, ის ადამიანი ცოცხალი იყოს. როგორც უკვე აღვნიშნე, „ვეფხისტყაოსანში“ ძალიან ბევრი კოდებია ჩადებული და საუკეთესო ნაწარმოებია მთელ მსოფლიოში. მასში ისეთი დიდი მისტიკა დევს, რომელიც ამოუხსნელია. მე პირადად ხომ მაქვს უფლება, რომ ასე ვიფიქრო.

– ერთ ფოტოზე რიჩარდ გირთან ერთად ხარ გადაღებული, მასთანაც ხომ არ გაკავშირებს საქმიანი ურთიერთობა?

– კი. ის ალბათ, ჩვენს ერთ-ერთ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, მას სცენარი უკვე გავუგზავნე და დაახლოებით, ორ კვირაში პასუხი მეცოდინება. რამდენიმე ხნის წინ მან სპეციალური შეხვედრა მოაწყო საქართველოს წარმომადგენლებთან და დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებით, სპეციალურად დაგვპატიჟა ნიუ-იორკში სადილზე, რომელიც თავად მოაწყო. მერე სასტუმროშიც ვიყავით და ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. 19 წლის ასაკში ვნახე ფილმი „კოტონ კლუბი“, რომელშიც რიჩარდ გირი თამაშობს. იურიდიულზე ვსწავლობდი და დიდი სურვილი გამიჩნდა, მეკეთებინა შოუები, კონცერტები, მოკლედ, მთლიანად შემეცვალა მიმართულება. შესაბამისად, ძალიან მინდოდა, ამ ადამიანის გაცნობა და როდესაც ეს ყველაფერი მოვუყევი, დიდი მადლობა გადამიხადა.

– რატომ დაინტერესდა რიჩარდ გირი საქართველოთი და რაზე ისაუბრეთ მასთან?

– ის არის მშვიდობის ელჩი და ამ კუთხით დააინტერესა ჩვენმა ქვეყანამ. სურს ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას ჩვენს რეგიონში. საუბრის კონკრეტული თემა კონფიდენციალური იყო და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ძალიან კარგი ადამიანი – უბრალო და უშუალო.

ასევე ვაპირებ, საერთაშორისო პროექტის – რეალითი შოუს „ფილმეიკერები მშვიდობისთვის“ განხორციელებას, რომლის იდეაც მე მეკუთვნის. 200 ქვეყნიდან აირჩევა 21 მონაწილე, რომლებსაც ჩამოვიყვანთ ჰოლივუდში. ისინი ისწავლიან 15 კვირის განმავლობაში, გაივლიან პრაქტიკას და და მერე თავად გადაიღებენ ფილმს. ეს პროექტი დაიწყება ოქტომბერში, მაისში უკვე ქასთინგს გამოვაცხადებთ. სხვადასხვა კინოცენტრებთან დავიწყებთ თანამშრომლობას. ეს უნდა გახდეს მსოფლიოში ყველაზე დიდი პროექტი. წამყვანების ქასთინგები უკვე დაწყებულია. სულ გვეყოლება 6 წამყვანი, 6 კონტინენტიდან, ოღონდ ისინი უნდა ცხოვრობდნენ ამერიკაში. ჟიურის წევრებში იქნებიან ცნობილი ადამიანები. მონაწილეებს ავარჩევთ 200 ქვეყნიდან და ერთ-ერთი იქნება ქართველი. ეს არის შოუ, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია 21-დან 40 წლამდე ასაკის ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. ყველას ვაძლევთ იმის საშუალებას, გახდეს ფილმეიკერი, ცნობილი და წარმატებული ადამიანი. მონაწილეებს ყოველ შაბათს იქნებათ კლუბური ფართები, დავალებებს შეასრულებენ, ყოველ კვირას მიიღებენ ჟიურის შეფასებას, ხოლო მათ შორის საუკეთესო სწავლას გააგრძელებს „ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში“, რომელიც მე შარშან დავამთავრე. შოუს ეყოლება სამი გამარჯვებული, მაყურებლის სიმპათია, ჟიურისა და ორგანიზატორების სიმპათიები. ეს იქნება ონლაინშოუ სატელევიზიო შოუ და მასში მთელი მსოფლიო ჩაერთვება, მაყურებლისთვისაც იქნება პრიზები დაწესებული. მოკლედ, ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს, რომელთა განხორციელებას წინ არაფერი უდგას. მთავარია, ადამიანს რაღაც ძალიან უნდოდეს და იმას აუცილებლად გააკეთებს.


скачать dle 11.3