კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს დიტო ცინცაძე, ლაშა ბაქრაძე და 2010 წლის „ოსკარის“ ლაურეატი, ტარანტინოს ფავორიტი კრისტოფ ვალცი


კვენტინ ტარანტინომ „სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, ჭაობიდან ამომიყვანა და მსოფლიო კინოს ოლიმპზე ამიყვანა“ – ეს სიტყვები ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კინოაღმოჩენას, თითქმის ყველა არსებული პრესტიჟული კინოპრემიის (კანის „ოქროს რტოს“, „ოქროს გლობუსის“, „ბაფტას“, „ამერიკელი მსახიობების გილდიის“ ჯილდოს და „ოსკარის“) ლაურეატს, ავსტრიელ მსახიობ კრისტოფ ვალცს ეკუთვნის, რომელმაც ტარანტინოს ბლოკბასტერში – „უსახელო ნაბიჭვრები“ ყველაზე დასამახსოვრებელი და საკულტო პერსონაჟი, „ესესის“ შტანდარტენფიურერი ჰანს ლანდა განასახიერა. ეს არის გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც ტარანტინო თავის საუკეთესო გმირად მიიჩნევს.

2010 წლის „ოსკარის“ ფავორიტი ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ ვარსკვლავი კრისტოფ ვალცი 1956 წლის 4 ოქტომბერს, ვენაში დაიბადა. კრისტოფი კინემატოგრაფისტების ოჯახში იზრდებოდა. მისი მშობლები – იოჰან ვალცი და ელიზაბეტ ურბანჩიჩი კოსტიუმების მხატვრები იყვნენ, ბებია და ბაბუა – მსახიობები, ხოლო დიდი ბაბუა თეატრში მუშაობდა. კრისტოფს პროფესიული სამსახიობო განათლება აქვს მიღებული, დაამთავრა მაქს რაინჰარდტის სახელობის თეატრალური სასწავლებელი, ვენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და ლი სტრასბერგის ინსტიტუტი ნიუ-იორკში. კარიერა მან ციურიხის, ვენისა და ზალცბურგის ყოველწლიური საზაფხულო თეატრალური ფესტივალის სცენებზე დაიწყო. უამრავ წარმოდგენაში მონაწილეობდა და ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. 1970 წლის ბოლოდან კრისტოფი პოპულარულ, გერმანულ სატელევიზიო სერიალებში იწყებს თამაშს. ძირითადად დეტექტიური ჟანრის ფილმებში იწვევდნენ, მაგალითად, როგორიცაა: „დანაშაულის ადგილი“, „პოლიციის ტელეფონი“, „ინსპექტორი კრესი“, „კომისარი რექსი“, „დერიკი“ და მრავალი სხვა. რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც – „ეკატერინე დიდი“, „აღმოსავლური ექსპრესი“, „მოხუცი მაიმუნი“... მიიღო მონაწილეობა, მაგრამ, კინომოყვარულებისთვის და კინოკრიტიკოსებისთვის იგი მუდამ შეუმჩნეველი რჩებოდა. 1991 წელს ვალცმა შეასრულა პატარა როლი ქშიშტოფ ზანუსის გახმაურებულ ფილმში „ცხოვრება ცხოვრებისთვის“. 2000 წელს კი თავისი სადებიუტო რეჟისორული ნაშრომი – „თუკი გაბედეთ“ წარუდგინა მაყურებელს. აღსანიშნავია, რომ პოპულარობამდე კრისტოფ ვალცი გერმანიაში მცხოვრებ ქართველ რეჟისორ დიტო ცინცაძესთან თანამშრომლობდა. ცინცაძემ „ოსკარის“ მომავალი გამარჯვებული თავის გერმანულენოვან თრილერში – „როდესაც საშიშია სროლა“ ათამაშა. ფილმში ერთ-ერთი როლი, ცნობილმა ქართველმა გერმანისტმა და ისტორიკოსმა, დიტო ცინცაძის გერმანული ფილმების ფავორიტმა, მსახიობმა ლაშა ბაქრაძემ შეასრულა.

„ჰანს ლანდა, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და წარმატებული გმირია, რომელიც კი ოდესმე შემიქმნია ან შევქმნი მომავალში. კრისტოფი თითქოს დაბადებულია ამ როლისთვის... სიმართლე კი ისაა, რომ არ ყოფილიყო ისეთი მსახიობი, როგორიც კრისტოფ ვალცია, ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“ არ გამოვიდოდა“, – კვენტინ ტარანტინომ ეს კომენტარი ჟურნალისტებთან, კანის კინოფესტივალზე „უსახელო ნაბიჭვრების“ პრემიერის შემდეგ გააკეთა და იმ დღიდან კრისტოფ ვალცის მშვიდ ცხოვრებაში გადატრიალება მოხდა. საინტერესოა, რომ ჯერაც უცნობია, თუ ვინ ურჩია, ან სად ნახა კრისტოფ ვალცი პირველად ტარანტინომ. „უსახელო ნაბიჭვრების“ სცენარი თითქმის 8 წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მხოლოდ ვალცის აღმოჩენის შემდეგ, რომელიც როლზე პირველივე მოსმენისთანავე დაამტკიცეს, ერთ თვეში დაიწყო გადასაღები პროცესი.

„ყველაფერი ქასთინგის აგენტის სატელეფონო ზარით დაიწყო, რომელსაც ყურადღებაც არ მივაქციე“ – იხსენებს კრისტოფ ვალცი: „ჰოლივუდური სტუდიის წარმომადგენლები გერმანელ მსახიობებს, ძირითადად, იმიტომ ურეკავენ, რომ შემდგომში გერმანიის მთავრობისგან სუბსიდიები მიიღონ, აქაოდა ადგილობრივი მსახიობებითაც ვინტერესდებითო. ჩემთანაც არაერთხელ დაურეკავთ და შემდგომში არანაირი როლი არ მოუციათ, მაგრამ ამჯერად პიროვნებამ, რომელიც მესაუბრა, შეძლო ჩემი დარწმუნება. შემდეგ ფოსტით ფილმის სცენარი მომივიდა, რომლის წაკითხვის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. უნდა ვაღიარო, თავდაპირველად ვიფიქრე, რომ სულ სამრეპლიკიან როლს შემომთავაზებდნენ, მაგრამ, როდესაც პირადად შევხვდი კვენტინს და მისგან მოვისმინე, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი უნდა მეთამაშა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა“. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა კინოკრიტიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ „ებრაელებზე მონადირე“ ნაცისტის როლის შესრულებით კრისტოფ ვალცმა „უსახელო ნაბიჭვრების“ მთავარი ვარსკვლავი, ჰოლივუდის სექსსიმბოლო, ბრედ პიტიც კი დაჩრდილა და ბოლო ათწლეულის საუკეთესო „კინოარამზადის“ ტიტული მიისაკუთრა.

„უსახელო ნაბიჭვრებში“ განსახიერებული არამზადის როლის შემდეგ, კრისტოფ ვალცით უამრავი პროდიუსერი და რეჟისორი დაინტერესდა. ამჟამად პოსტპროდაქშენში მისი მორიგი ჰოლივუდური პოტენციური ბლოკბასტერი, მძაფრსიუჟეტიანი „მწვანე ონავარია“, სადაც კრისტოფს პარტნიორობას კამერონ დიასი და სეთ როგენი უწევენ. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ კრისტოფ ვალცი იყო ზიგმუნდ ფროიდის როლის შესრულების მთავარი კანდიდატი განთქმული დევიდ კრონენბერგის ახალ დრამაში „განკურნება საუბარში“. მაგრამ, მან ამ როლს ფრენსის ლოურენსის დიდი დეპრესიის პერიოდზე გადასაღები ფილმი – „წყალი სპილოებისთვის“ ამჯობინა, სადაც მისი პარტნიორი, პლანეტის თინეიჯერი გოგონების კერპი, „ბინდის“ ვარსკვლავი რობერტ პატინსონი იქნება.

რაც შეეხება კრისტოფ ვალცის პირად ცხოვრებას, მსახიობი ორ ქალაქში – ლონდონსა და ბერლინში ცხოვრობს. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული და ამ კავშირებიდან ოთხი შვილი ჰყავს. მათგან ერთ-ერთი ისრაელში, იერუსალიმში ცხოვრობს და სინაგოგაში რაბინად მსახურობს. რაც თავისთავად პარადოქსულია: „ებრაელებზე მონადირის“ როლმა გახადა პოპულარული მსოფლიოში. კრისტოფი თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, რაც მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა კიდეც „უსახელო ნაბიჭვრებში“. გარდა ამისა, მას ესმის იტალიური ენაც და შეუძლია მიმიკებით იტალიელების მიბაძვა. სხვათა შორის, კომიკოსის ნიჭი ვალცმა ბრწყინვალედ გამოავლინა საზოგადოების წინაშე, როდესაც ცნობილი საბჭოთა და რუსი მომღერლის ედუარდ ჰილის ვოკალის პაროდია გააკეთა. ინტერნეტში მას „ტროლოლოს“ უწოდებენ. ცნობისთვის, ედუარდ ჰილის უსიტყვო სიმღერა დღესდღეობით უზომოდ პოპულარულია „იუთუბიზე“ და „ფეისბუქზე“. მისი თაყვანისმცემლების რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.




скачать dle 11.3