კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-12(482)


– მოვა, – მიუგო ჰამომ და სწრაფი ნაბიჯ­ებით მომავალ პეტიკოს მოჰ­კრა თვალი, რომელიც „ჯიპში“ ჩაჯ­და, ქალ-ვაჟს მიესალმა და თქვა:

– წავედით, მაგრამ, ჯერ შეამოწმე, ვინმე ხომ არ დაგვაჯ­და კუდზე.

ჰამომ ჩვეული მანევრები შეასრულა და, როცა დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა, ძველი არბატისკენ გაემართა.

– ახ­ლა კი მოყევი, რაშია საქმე, – უთხ­რა ჰამომ პეტიკოს, როდესაც ისინი სავარძლებში მოკალათდნენ, ლუდა კი სამზარეულოში გავიდა, საუზმის მოსამზადებლად.

– ჰოლანდიიდან ჩამოვედი და, შენ წარმოიდგინე, ისე გადავლახე სამი ქვეყნის საზღვარი, ეჭ­ვიც არავის შეუტანია ჩემში. თუმცა, რომ გაიგონ, რომ ცოცხ­ალი გადავრჩი, მიწიდან ამომთხ­რიან, – თქვა პეტიკომ, გააბოლა და, ჯერ ვისკი მოწრუპა, მერე კი განაგრძო, – გუშინწინ კუნძულ მასზე ვიყავი და უკან რომ ვბრუნდებოდი, ორივე მანქანა აფეთქდა, რომლებშიც მე, რამაზი და ჩვენიანები ისხ­დნენ.

– მასზე რა გინდოდა, ან, ვინ და რატომ ააფეთქა მანქანები და შენ როგორ გადარჩი ცოცხ­ალი? – მიაყარა კითხვები ჰამომ, რომელმაც ცოლისძმის ლაპარაკიდან ხეირიანად ვერაფერი გაიგო.

– ორი ღამის უძილო ვარ, ჰამო და გადავიღალე. ამიტომ, დალაგებული ლაპარაკი მიჭ­ირს. თანაც, ისეთი სტრესი მივიღე, რომ მიკვირს, სრულ ჭკუაზე როგორ ვარ.

ჰამომ პეტიკოს ვისკი დაუსხა და დაამშვიდა:

– დალიე, დამშვიდდი და დალაგებულად მიამბე ყველაფერი.

– სამი დღის წინ რამაზმა დამირეკა, – დაიწყო პეტიკომ, – მითხ­რა, რომ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა გადასაწყვეტი და ჩასვლა მთხოვა. იმავე დღეს ჩავედი. რამაზი ამსტერდამის აეროპორტში დამხ­ვდა და, სანამ მასზე ჩავიდოდით, მანქანაში მითხ­რა, რომ ალბერტო გომეშის წარმომადგენელი დაჰკავშირებია და უთქვამს, რომ გომეშს პეტიკოსთან შეხ­ვედრა უნდაო და ჰოლანდიაში იმიტომ ჩამიყვანეს.

– ეგ ვინაა?

– წარმოშობით კოლუმბიელია, მაგრამ ევროპაში, პორტუგალიაში ცხოვრობს და სამხ­რეთ ნაწილში ნარკოტიკების ტრანზიტს, შემდგომ კი გასაღებას აკონტროლებს. ჩემი ძველი ნაცნობია. ხუთი წლის წინ ფრანკ ვერმალენმა გამაცნო ამსტერდამში. ალბერტო გომეში მაშინ რიგითი ბარიგა იყო და ვარდისფერი ბულვარის მიდამოებში ჰეროინით ვაჭ­რობდა.

– რომელმა ვერმალენმა, ბანკის მმართველმა? – გაუკვირდა ჰამოს.

– ჰო, მაგან, – ჩაეცინა პეტიკოს.

– კი მაგრამ, ფრანკი ხომ ფინანსისტია, პატიოსანი კაცი და კრიმინალებსაც იცნობს?

– მოიცა, მანამდეც მოვალთ, – თავი დააქნია პეტიკომ, – მოკლედ, სანამ მასზე ჩავიდოდით, რამაზმა მიამბო, რომ გომეშის ნდობით აღჭ­ურვილ პირს მისთვის გაერთიანება შემოუთავაზებია და მასზე იმიტომ მივდიოდით, რომ იქ გომეში გველოდებოდა. მივედით. გომეშს შევხ­ვდით და მან მთხოვა, რომ საშუალება მიგვეცა მისთვის, ნარკოტიკები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეყიდა. სამაგიეროდ, 50 პროცენტს გვთავაზობდა. მოკლედ, გამეცინა და უარი ვუთხ­არი, თან, გამიკვირდა, რომ გომეშმა ასეთი რამ შემომთავაზა, რადგან იცოდა, უარს ვეტყოდი. მოკლედ, კუნძულიდან ერთად წამოვედით, ერთ მანქანაში ვისხ­ედით მე, რამაზი და გომეში, მეორეში კი – გომეშის ხალხი – მისი მარჯ­ვენა ხელი და პირადი მცველი. ნავსადგურის ხიდზე რომ გადავდიოდით, ორივე მანქანა ერთბაშად აფეთქდა და დავინახე, როგორ მოსწყდა გომეშს თავი და ჩემთან ერთად გამოფრინდა ღია ფანჯ­რიდან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზღვაში ჩავვარდი და, წარმოიდგინე, ნაკაწრიც არ მქონია. ბნელოდა. ნაპირზე ამოვედი და, მას მერე, რაც მეთევზეების ქოხ­იდან ტანსაცმელი მოვიპარე და გადავიცვი, ამსტერდამისკენ გავწიე. ფული და საბუთები გზაში გავაშრე და, რომ ჩამოვედი, გათენდა კიდეც.

– ესე იგი, ტერაქტი არც რამაზის მოწყობილია და არც გომეშის, – თავი გააქნია ჰამომ.

– მიხ­ვდი, ხომ, რომ ჰოლანდიაში მოსაკლავად ჩამიტყუეს?

– მივხ­ვდი, მაგრამ ვინ? ფრანცმა და გრეტამ ხომ არა?

– არა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ფრანცი და გრეტა მკვდრები არიან – ამსტერდამში მათ „ბაითში“ მივედი და დახ­ოცილები დამხ­ვდნენ.

– დახ­ოცილები?

– ჰო. საწყლებს ორ-ორი ტყვია ჰქონდათ თავში და გულში მოხვედრილი. ჯერ კიდევ თბილები იყვნენ და, აშკარაა, რომ პროფესიონალი მოქმედებდა.

– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – ვის უნდა ჩაედინა ეს ყველაფერი? რამაზი და გომეში, ან, გრეტა და ფრანცი – კიდევ ჰო, რადგან, ჩვენი მოშორებით, შეიძლება, ჩვენი მაყუთები დაეთრიათ, მაგრამ, ყველანი მკვდრები არიან. თუმცა, რჩება კიდევ ერთი პოტენციური მკვლელი...

– აა, – თავი დააქნია პეტიკომ, – მიხ­ვდი?

ჰამომ უცნაურად შეხ­ედა ცოლის ძმას და უთხ­რა:

– რა მიხ­ვედრა უნდა, ერთადერთი, მე ვრჩები და ნუთუ ფიქრობ, რომ...

ჰამოს სიტყვებზე პეტიკოს იმედგაცრუება დაეუფლა. ვისკით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადო, ხელი ჩაიქნია და უთხ­რა:

– რას სულელობ, ჰამო?! შენ რა შუაში ხარ?

– აბა, ვინ?

– ვერმალენი, ფრანკ ვერმალენი.

– ვერმალენი? – გაიმეორა ჰამომ, – ბანკის მმართველი ვერმალენი?

– ვერ წარმოგიდგენია ხომ? მაგრამ, ასეა. მხოლოდ ვერმალენს შეეძლო ამ ყველაფრის მოწყობა და ყველას დახ­ოცვით მთელი ჩვენი სიმდიდრის ერთადერთი მფლობელი ხდებოდა. აბა, დაფიქრდი!

ჰამო ჩაფიქრდა, მერე თავი გააქნია, ჩაეცინა და პეტიკოს უთხ­რა:

– მართალი ხარ. სლეპოის საგანძური და კალინინგრადში ნაპოვნი ფაშისტების ოქრო ხომ არალეგალურადაა შენახ­ული ბანკის სანახ­ებში. ფრანკ ვერმალენი კი იქ ყველაფრის ბატონ-პატრონია და ჩვენი დახ­ოცვით რამდენიმე მილიარდი ქონების მფლობელი ხდებოდა. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, – ჰამომ ხელებში ჩარგო თავი, – საცოდავი რამაზი და სხვები!.. როგორ დახ­ოცა ამ ნაბოზარმა?!

– ამას უკვე ვეღარ გამოასწორებ, – ხელი ჩაიქნია პეტიკომ, – მაგრამ, კიდევ ერთი რამაა.

– რა?

– რა და, ვერმალენს ერთი სამიზნე დარჩა გასანადგურებელი და ეს შენ ხარ.

ჰამო გველნაკბენივით წამოხ­ტა და წამოიძახა:

– ღმერთო ჩემო, სოფი და ბავშვი, შენები!.. ის ნაბოზარი ხომ თბილისში გაგზავნის ქილერს ჩემს მოსაკლავად და ჩვენებს არაფერი შეემთხ­ვეთ.

– მაგის დარდი ნუ გაქვს, – ხელი ჩაიქნია პეტიკომ, – გურამს დავურეკე და ვუთხ­არი, რომ ჩვენები გადამალე-მეთქი.

– მადლობა ღმერთს! ახლა რას აპირებ?

– ვერმალენის განადგურებას.

– კი, – თავი დააქნია ჰამომ, მაგრამ, ეს არ იქნება ადვილი საქმე. როგორც ეტყობა, იმ ნაბოზარს კარგად ორგანიზებული ფარული დაჯ­გუფება ჰყავს და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– მით უმეტეს, რომ რამაზი და ჩვენი რამდენიმე მსროლელი ცოცხლები აღარ არიან. ჰოლანდიაში მოქმედება კი მათ გარეშე ძალიან გაგვიჭ­ირდება, – დაეთანხ­მა სიძეს პეტიკო, – მაგრამ, ეს საქმე რაც შეიძლება მალე უნდა მოვაგვაროთ, თანაც, ბევრი ხალხ­ის ჩარევა არ შეიძლება. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა რასკლადი შექმნა ვერმალენმა და, გამორიცხ­ული არაა, რომ საფრთხე ყოველ ფეხ­ის ნაბიჯ­ზე გველოდება ჰოლანდიაში და, არა მარტო იქ.

– როგორც ვატყობ, ძველი დროის გახ­სენება მოგვიწევს, – თქვა ჰამომ, – ვერმალენი უნდა დავითრიოთ და ყველაფერი მისგან შევიტყოთ.

– ჰო, მაგრამ, ამას მარტო მე და შენ ვერ შევძლებთ, ერთი-ორი კაცი მაინც დაგვჭ­ირდება.

– მერე, სად ვიშოვოთ ეს ხალხი?

– წარმოდგენა არ მაქვს, – თავი გააქნია პეტიკომ.

– არც მე.

– ჰამო, ძვირფასო, – ლაპარაკში ჩაერთო ლუდა, რომელიც მანამდე უხ­მოდ უსმენდა დიალოგს, – ერთი მე ვიქნები, მეორე კი იური ლუკოვი – არა მგონია უარი გვითხ­რას ამ საქმეზე.

– ეგ ვინღაა? – იკითხა პეტიკომ.

– ჩორნი ანზორას მკვლელი, ქილერი. სიკვდილს გადავარჩინეთ და გადამალული გვყავს, – უთხ­რა ლუდამ პეტიკოს.

– კი მაგრამ, ჰოლანდიაში როგორ გავიყვანოთ? მით უმეტეს, რომ ქურდები ცალკე ეძებენ და „ძაღლები“ – ცალკე, – თქვა ჰამომ.

– დაგავიწყდა, რომ მამაჩემი მინისტრად დანიშნეს? თუმცა, ამ საქმეში მამაჩემის დახ­მარება სულ არ მჭირდება, მე ჩემი არხ­ები მაქვს. საბუთებიც იქნება, ვიზაც და, რაც საჭ­იროა, ყველაფერი, – მხრები აიჩეჩა ლუდამ.

– მამაშენი მინისტრად დანიშნეს? – ჰკითხა პეტიკომ ლუდას.

– ჰო.

– მერე, შენ, მინისტრის ქალიშვილს, ჩვენთან ერთად ამსტერდამში წამოსვლა და მსხვილი ბანკის მმართველის მკვლელობაში მონაწილეობის მიღება გინდა? – თვალები კინაღამ გადმოსცვივდა პეტიკოს, – არა, ასე არ ივარგებს.

– დარდი ნუ გაქვს, პეტიკო, ისეთ მაკიაჟს გავიკეთებ და ისეთი საბუთებით, ისეთი მარშრუტით ჩაგიყვანთ ჰოლანდიაში, რომ ყურადღებასაც კი არავინ მოგვაქცევს.

– არა, ლუდაჩკა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ეს ჩვენი საქმეა და შენი ჩარევა ზედმეტია.

– არ მენდობი?

– მაგაში არაა საქმე. უბრალოდ, ძალიან სახ­იფათოა და შენი გარევა არ შეიძლება.

– არ შეიძლება? – წამოენთო ლუდა, – მაშ, რაღას მრევდით? მათესა და ქურდების საქმე ბავშვური თამაშია?

– არა, მაგრამ, ეგეც გეყოფა.

– კარგი, – თავი დააქნია ლუდამ, – ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩახ­ვალთ ჰოლანდიაში სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთი მკვდარია, მეორეს საბუთები არ აქვს და ცოცხ­ალი სამიზნეა, მესამეს კი ქურდებიც ეძებენ და „ძაღლებიც“. ალბათ, სამი სახ­ელმწიფოს საზღვარს ისე გადალახ­ავთ და ყურადღებას არავინ მოგაქცევთ.

– ლუდა სწორია, – გაეცინა ჰამოს, – ჯობია, დავიხ­მაროთ.

– რას ამბობ, ჰამო, რომ დავიწვათ და გამჟღავნდეს, რომ მინისტრის ქალიშვილიც ჩვენთან იყო, ხომ წარმოგიდგენია, რა ამბავი ატყდება! – ამიტომ, არ უნდა დავიწვათ.

– ჰო, მაგრამ, ლუდას წაყვანა მაინც საშიშია. ბოლოს და ბოლოს, ვინმემ რომ იცნოს?

– ვერავინ ვერ მიცნობს, პეტიკო, ნუ გეშინია! ისეთ გრიმსა და მაკიაჟს მოვირგებ და მოგარგებთ, რომ მშობელი დედები ვერ გვიცნობენ. თანაც, უჩემოდ ჰოლანდიაში უხ­იფათოდ ვერ ჩააღწევთ და, თუ არ წამიყვანთ, არ დაგეხ­მარებით.

– ნუ დაგვეხ­მარები, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ.

ლუდამ პეტიკოს მხრებზე მოხ­ვია ხელი და რბილად უთხ­რა:

– რა ჯიუტი კაცი ხარ, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ვერმალენის მოხ­ელთება არცთუ ისე იოლია? ქალის გარეშე გაგიჭირდებათ, მე კი ამ როლს საუკეთესოდ შევასრულებ. მოდი, დათანხ­მდი და ახ­ლავე დავიწყებ ჩალიჩს. საღამოს კი ყველაფერი მზად იქნება და ამსტერდამში გამგზავრებას შევძლებთ.

– ლუდაჩკა მართალია, პეტიკო. დათანხ­მდი, – უთხ­რა ჰამომ ცოლისძმას.

– კარგი, კარგი, წამოდი, მაგრამ შეუთანხ­მებლად ნაბიჯ­იც არ გადადგა, – უთხ­რა პეტიკომ გოგონას.

– რაზეა ბაზარი, – თავი დაუქნია ლუდამ, პეტიკოს ლოყაზე აკოცა, კარისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა, თქვა: – საუზმე სამზარეულოშია. მე და ლუკოვი საღამოს დავბრუნდებით.

***

ლუდა, ნაშუაღამევს დაბრუნდა ლუკოვთან ერთად. მაგიდაზე საბუთები დააწყო და თქვა:

– ყველაფერი რიგზეა – პასპორტები, ვიზები აქაა, ჩარტერული თვითმფრინავი კი მაშინ გადაგვაფრენს ამსტერდამში, როდესაც ვუბრძანებთ.

– ყოჩაღ, ლუდაჩკა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ხვალ დილით შეიძლება, გავფრინდეთ?

– ხომ ვთქვი – როცა გინდა.

– კარგი, მაშინ ხვალ 6 საათზე გავფრინდეთ, – თქვა პეტიკომ, შემდეგ იური ლუკოვს ჩამოართვა ხელი და უთხ­რა:

– საქმის კურსში ხართ, რა საქმეზე მოგიწევთ წამოსვლა?

– დიახ, – თავი დააქნია ლუკოვმა.

– შეძლებთ?

– პირველად კი არ მივდივარ, – გაეცინა ქილერს, – პროფესიონალი ვარ. ეს ჩემი საქმეა და დარდი ნუ გაქვთ.

– მაგას არ ვგულისხ­მობ. უბრალოდ, უცხოეთში მოგიწევთ მუშაობა და იქ ცოტა განსხ­ვავებული რეალობაა.

– დარდი ნუ გაქვს, ჩემო კარგო, – ჩაეცინა ქილერს, – არც უცხოეთში მიწევს პირველად გასვლა. საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში და ამერიკაში მიმუშავია. მართალია, ჰოლანდიაში პირველად მივემგზავრები, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ არც იქ შევირცხ­ვენ თავს.

– კარგი, კარგი, – გაუღიმა პეტიკომ ლუკოვს და, ხელი გაუწოდა, – ბოდიშს გიხ­დით, თუკი რამე გაწყენინეთ.

– არაფერი მწყენია, – თავი გააქნია ქილერმა და პეტიკოს მაგრად ჩამოართვა ხელი...

მეორე დღეს, მოსკოვის დროით დილის 7 საათზე, ჩარტერული თვითმფრინავი ვნუკოვოს მცირე ასაფრენი ბილიკიდან აიწია ჰაერში და ამსტერდამში, ადგილობრივი დროით დღის 3 საათზე დაჯ­და.

გარეგნობაშეცვლილმა ოთხ­ეულმა პრობლემების გარეშე გაიარა საბაჟო პროცედურები და ქალაქში რომ გავიდნენ, დღის 4 საათი სრულდებოდა.

– ჯერ ვისადილოთ, მერე კი შევიარაღდეთ და საქმეს მივხ­ედოთ, – უთხ­რა პეტიკომ დანარჩენებს და ოთხ­ეული ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში მოკალათდა, სადაც მათ კარგად ისადილეს, ორი საათი დაჰ­ყვეს და არხ­ის პირას მდებარე გარაჟისკენ გაემართნენ, რომელიც მოკლული რამაზის საკუთრება იყო.

ჰამომ გარაჟის გასაღები მოძებნა, კარი გააღო და დანარჩენებს შეუძღვა. შემდეგ სინათლე აანთო და ერთ-ერთი ყუთიდან ოთხი მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო, მაგიდაზე დაალაგა და თქვა:

– მე მგონი, ამის მეტი იარაღი არ დაგვჭ­ირდება. თუ არა და, აქ იმდენი რკინაა, მთელ პოლკს ეყოფა.

ოთხივემ მოსინჯა პისტოლეტები. შემდეგ სკამებზე ჩამოსხ­დნენ და პეტიკომ თქვა:

– როგორც შევთანხ­მდით, ისე ვიმოქმედოთ. მე და ჰამო შორიდან დაგაზღვევთ, თქვენ კი შემუშავებული გეგმით იმოქმედეთ. წავედით!

გარაჟი რომ დატოვეს, საღამოს 8 საათი სრულდებოდა. ჯგუფი, ორ-ორად გაიყო, უბრალო მანქანები იქირავეს და ერთმანეთის მიყოლებით, ორმოცდაათმეტრიანი დისტანციის დაცვით, ამსტერდამის ქუჩებში გავიდნენ.

წინ ლუდა და ლუკოვი მიდიოდნენ. საჭ­ეს მედვედევა უჯ­და და ლუკოვი მის გვერდით იყო მოკალათებული. მათ ისე ჰქონდათ შეცვლილი გარეგნობა, რომ ვერავინ, ყველაზე ახ­ლობელი ადამიანიც კი, ვერ ამოიცნობდა. ორი ხიდი გადაკვეთეს, ხეივანს გასცდნენ და ქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი ბანკის წინ შეჩერდნენ. იგივე გზა გაიარეს ჰამომ და პეტიკომაც და 70 მეტრის მოშორებით შეაჩერეს ავტომობილი.

ლუდა და ლუკოვი მანქანიდან გადავიდნენ, ბანკში შევიდნენ და შუა დარბაზში შეჩერდნენ, დაბნეული ადამიანების როლი გაითამაშეს და აქეთ-იქით დაიწყეს ყურება.

– რით შემიძლია, გემსახ­უროთ, ლედი? – ჰკითხა ლუდას ბანკის ერთ-ერთმა მოხ­ელემ და წყვილს გაუღიმა.

– მისტერ, – უთხ­რა ბანკის მოხ­ელეს დამტვრეული ინგლისურით ლუდამ, – ჩვენ გერმანელები ვართ და ერთობ დელიკატური საქმე გვაქვს.

– გისმენთ, ფრაუ, ბრძანეთ, – გერმანულ ენაზე მიმართა ლუდას ბანკის მოხ­ელემ. ლუდამ კი მას მომხ­იბვლელად გაუღიმა და ბავარიული აქცენტით უთხ­რა:

– ჰერ, მე და ჩემს მეუღლეს ერთი ფინანსური ოპერაციის ჩატარება გვსურს. თუმცა, ეს საკმაოდ კონფიდენციალური მომენტია და მეეჭ­ვება, რომ თქვენ კომპეტენტური იყოთ. იქნებ, მირჩიოთ, ვის მივმართო?

– თქვენ მართალი ბრძანდებით, ფრაუ, – გაიღიმა მოხ­ელემ, – შეგიძლიათ, ფინანსურ დირექტორს დაელაპარაკოთ.

– პირდაპირ ბანკის მმართველს რომ მივმართოთ, არ შეიძლება?

– რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ბანკის მოხ­ელემ, – ბატონი ვერმალენი თავისთანაა და, მე მგონი, მარტოა. ახ­ლავე მის მდივანს დავურეკავ და გავარკვევ, მიგიღებთ თუ არა.

– დიდად დამავალებთ, – მომხ­იბვლელად გაუცინა ლუდამ მოხ­ელეს და მის მიერ შემოთავაზებულ სავარძელში ჩაჯდა, ლუკოვი კი მის გვერდით მოკალათდა.

ლუკოვმა მხოლოდ ინგლისური იცოდა, ამიტომ, ჩუმად იყო და ისეთ მიმიკებს იღებდა, თითქოს ყველაფერი ესმოდა გერმანულად.

ბანკის მოხ­ელე წყვილთან დაბრუნდა, თავაზიანად დაუკრა თავი და უთხ­რა:

– მობრძანდით, ჰერ ვერმალენი გელოდებათ!

ახ­ალგაზრდა კაცმა ლუდა და ლუკოვი მეორე სართულზე აიყვანა, ხის დერეფანი გაატარა, ძველებური ინკრუსტირებული კარი გაუღო და უთხ­რა:

– აქ შებრძანდით, მმართველის მდივანი საქმის კურსშია და ის მოგხ­ედავთ!

წყვილი მდიდრულად მოწყობილ ჰოლში შევიდა. მათ კლასიკურად ჩაცმული ახ­ალგაზრდა მდივანი გოგონა შეეგება და სავარძლებში დაჯ­დომა შესთავაზა, თვითონ კი მმართველის კაბინეტში გაუჩინარდა. ორიოდე წუთის მერე უკან დაბრუნდა, გაუღიმა და უთხ­რა:

– შებრძანდით, ბატონი ვერმალენი გელოდებათ...

ფრანკ ვერმალენი ღიმილით შეეგება ლუდას და იური ლუკოვს. გოგონას ხელზე ეამბორა, ლუკოვს ხელი ჩამოართვა, ორივე სავარძელში ჩასხა და უთხ­რა:

– გისმენთ, ბრძანეთ, რა გნებავთ!

ლუდამ მომხ­იბვლელად გაუღიმა ბანკის მმართველს:

– ჩვენ გერმანელები ვართ, ჰერ. ჩემი მეუღლე ყრუ-მუნჯ­ია. მოგეხ­სენებათ, რა დიდი გადასახ­ადებია ჩვენს ქვეყანაში და თითოეულ ცენტს ათასი საბუთი ესაჭ­იროება. ჩვენ კი არც ისე მდიდრები ვართ, რომ ფული ჰაერს გავატანოთ. ამიტომ, თქვენი დახ­მარება გვჭირდება.

ვერმალენი ყურადღებით უსმენდა გოგონას და, როდესაც მან პაუზა გააკეთა, უთხ­რა:

– თუ რამე უკანონობაზეა საუბარი, იცოდეთ, რომ ასეთ გარიგებაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.

– არანაირი უკანონო გარიგება, ჰერ, უბრალოდ, თქვენი დახ­მარება გვინდა და სულ ესაა.

– ბრძანეთ, ფრაუ, ბოდიში, რომ შეგაწყვეტინეთ.

ლუდამ მოწევის ნებართვა ითხ­ოვა, გააბოლა და განაგრძო:

– ჩემი მეუღლე გრაფების შთამომავალია. ამას წინათ გარდაცვლილი ბაბუისგან სასახ­ლე დარჩა ამსტერდამის ცენტრში. ჩვენ აქ ცხოვრებას არ ვაპირებთ და მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ. მყიდველიც ვიპოვეთ, მაგრამ, ერთი პრობლემაა: ჩვენი კანონებით, თუკი ამ გარიგებას გერმანული ბანკი უშუამდგომლებს, მაშინ 10 პროცენტი საკომისიო გვექნება გადასახ­დელი და, პლუს 7 პროცენტი – საშემოსავლო, რაც, საერთო ჯამში, 1 მილიონ 700 ათას ევროს გადაგვაყრევინებს.

– ბოდიში, ფრაუ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ, თუ სწორად გავიგე, თქვენი მეუღლის სამემკვიდრეო სასახ­ლე 10 მილიონი ევრო ღირს?

– სასახ­ლე გაცილებით მეტი ღირს, უბრალოდ, ჩვენ ვყიდით მას ამ ფასში, რადგან ფული გვჭირდება.

– გასაგებია. განაგრძეთ, ფრაუ!

– ჰერ ვერმალენ, თქვენი დახ­მარება იმაში გვინდა, რომ ამ გარიგებაში თქვენმა ბანკმა გაგვიწიოს შუამდგომლობა და ანაბარიც თქვენთან გავხ­სნათ. როგორც ვიცით, გარიგების საკომისიო თქვენთან სამპროცენტ-ნახ­ევარია და, სად 350 ათასი ევროს გადახ­და და, სად – 1 მილიონ 700 ათასის.

– ბევრად ნაკლები, ფრაუ, – ღიმილით შეუსწორა ვერმალენმა ლუდას, – ჩვენთან საკომისიო გადასახ­ადი ორ-ნახ­ევარი პროცენტია და, შეიძლება, ესეც არ გადაიხ­ადოთ, თუკი მოვრიგდებით, – უთხ­რა ლუდას ვერმალენმა, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და, დიდი ხანია, თავად სურდა მსგავსი სასახ­ლის შეძენა.

– დიახ, ბრძანეთ!

ვერმალენმა სიგარების ყუთი გახ­სნა, ჯერ ლუკოვს შესთავაზა, შემდეგ თვითონაც გააბოლა და თქვა:

– თუ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეთანხ­მება არ გაქვთ თქვენს კლიენტთან და პირობის დარღვევა უხ­ერხ­ულობას არ შეგიქმნით, მზად ვარ, მე გადაგიხ­ადოთ, 10 მილიონი ევრო ყოველგვარი პროცენტული დაქვითვის გარეშე და, თუკი ანგარიშს ჩვენს ბანკში გახ­სნით, ყოველთვიურ ნახ­ევარ პროცენტს მიიღებთ, რაც ნახ­ევარ მილიონ ევროს შეადგენს.

ვერმალენის სიტყვებზე ლუდას გულის სიღრმეში გაეცინა, რადგან არ გასჭ­ირვებია იმის მიხ­ვედრა, რომ ვერმალენის სიტყვა ფინანსურ ეფექტზე იყო გათვლილი. ამიტომ, აღტაცებული გამომეტყველება მიიღო და ბანკის მმართველს უთხ­რა:

– რა უხ­ერხ­ულობა, რის განსაკუთრებული ვალდებულებები, ჰერ! ჩვენ ხომ ჯერ იურიდიული დოკუმენტიც არ შეგვიდგენია, არც წინასწარი თანხა აგვიღია. რა თქმა უნდა, თანახ­მა ვართ და, თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, შეგვიძლია ახ­ლავე წავიდეთ სასახ­ლეში და დაათვალიერეთ. სამემკვიდრეო საბუთებიც იქ გვაქვს, სეიფში და გაეცანით.

– წავიდეთ, დავათვალიეროთ, – გაიღიმა ვერმალენმა.

– მაშინ, ნუ გადავდებთ. მანქანა ბანკთან გვყავს გაჩერებული და წავიდეთ.

– ჩემი მანქანით გავემგზავროთ. ახ­ლავე მძღოლს გამოვუძახ­ებ და წავიდეთ, – თქვა ვერმალენმა და მძღოლს დაურეკა, მანქანის მომზადება უბრძანა და ლუდას უთხ­რა, – ყველაფერი რიგზეა. ჩემი „ლიმუზინი“ გველოდება, წავედით!

ვერმალენმა ლუდა და ლუკოვი წინ გაატარა და მათთან ერთად დერეფანში გავიდა, მაგრამ, ცენტრალური გასასვლელით არ უსარგებლია და ქვევით, სათადარიგოთი ჩავიდნენ, სადაც მდიდრული „ლიმუზინი“ იყო გაჩერებული. იქვე იდგა „ჯიპიც“, რომელშიც ვერმალენის დაცვის ოთხი წევრი და მძღოლი ისხ­დნენ. ბანკის მმართველმა ერთ-ერთი მცველი იხ­მო და უთხ­რა:

– უკან გამოგვყევით, – შემდეგ ლუდას და ლუკოვს, „ლიმუზინში“ ჩაჯ­დომა შესთავაზა: – დაბრძანდით და გავემგზავროთ!

ლუდა და ლუკოვი უკანა სავარძლებზე მოთავსდნენ, მათ ვერმალენი მიუჯ­და გვერდით და, სანამ „ლიმუზინი“ ადგილიდან დაიძვრებოდა, ლუდას ჰკითხა:

– საით უნდა წავიდეთ, ფრაუ?

იმდენად მოულოდნელი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ ლუდა მიხ­ვდა, თუ დროზე არ მოძებნიდნენ გამოსავალს, ყველაფერი დაიღუპებოდა. თანაც, ეს ყველაფერი წამებში უნდა მოეფიქრებინა. პირველ ყოვლისა, ჰამოსა და პეტიკოსთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ „ლიმუზინში“ ისხ­დნენ, რადგან მუქი მინების მიღმა მსხდომ ლუდასა და ლუკოვს ისინი ვერ დაინახ­ავდნენ. პრობლემას ქმნიდა ვერმალენის შეიარაღებული დაცვაც, რომელიც მათ უკან მიჰ­ყვებოდა და ბანკის მმართველს უბრძოლველად არ დათმობდნენ.

– საით, ფრაუ? – გაუმეორა ვერმალენმა ლუდას და ჩაფიქრებულ გოგონას გამჭ­ოლი მზერა ესროლა, – რამე პრობლემა გაქვთ? დახ­მარება ხომ არ გჭირდებათ?

– არა, არაფერი. ცოტა სული შემეხ­უთა. ტიტების ხეივნისკენ უნდა წავიდეთ, – თქვა ლუდამ, რომელსაც უკვე მოფიქრებული ჰქონდა, თუ როგორ უნდა მიეცა ჰამოსთვის და პეტიკოსთვის სიგნალი.

„ლიმუზინი“ ადგილიდან დაიძრა, ჩიხ­იდან გამოვიდა და ცენტრალურ ქუჩაზე განაგრძო სვლა. პეტიკოს და ჰამოს მანქანას რომ გასცდა, ლუდამ გახ­შირებული სუნთქვა დაიწყო, წამოწითლდა და ვერმალენს უთხ­რა:

– ღვთის გულისთვის, მანქანა გააჩერეთ, ძალიან ცუდად ვარ, გული მერევა.

ვერმალენმა მანქანა გააჩერებინა და ლუდას გადაჰ­ყვა, რომელიც იქვე ხეს მიეყუდა და თავი ჩაღუნა, თან მანქანისკენ გააპარა თვალი, რომელშიც პეტიკო და ჰამო ისხ­დნენ. ლუდასთან მივიდა ლუკოვიც, რომელიც ყრუ-მუნჯ­ის როლს თამაშობდა და გოგონას ჟესტებით და ზმუილით მიმართავდა. იქვე გაჩნდნენ ვერმალენის მცველებიც, რომლებიც მას შემოეხ­ვივნენ. ლუდამ კი, რომელიც დარწმუნდა, რომ თავის მეგობრებს ნიშანი მისცა, ამოიხ­ვნეშა, თავი ასწია და ვერმალენს უთხ­რა:

– მაპატიეთ, ჰერ, მაგრამ, ფეხ­მძიმედ ვარ და დახ­ურულ სივრცეში ცუდად ვხდები. თუ შეიძლება, ცივი წყალი მოატანინეთ, დავლევ და გამივლის.

ვერმალენმა ლუდას თხოვნა შეასრულა და ცივი წყალი მოატანინა. ათიოდე წუთის მერე კი, „ლიმუზინი“ და დაცვის „ჯიპი“ ერთ რიგში მისრიალებდნენ და უკან ჰამო და პეტიკო მიჰ­ყვებოდნენ.

– როგორ ხართ, ფრაუ? – ჰკითხა ლუდას ვერმალენმა და გაუღიმა, მაგრამ უცებ სახე აელეწა, რადგან ლუდამ მას პისტოლეტი გულზე მიაჭ­ირა და უთხ­რა:

– ახ­ლავე გადაურეკე შენს დაცვას და სასწრაფოდ ქალაქის სამხ­რეთ რაიონში გაგზავნეთ რაიმე მიზეზით, თორემ აქვე მოგკლავთ!

ლუკოვმაც იგივე გაიმეორა, „ლიმუზინის“ მძღოლს კეფაზე მიაჭ­ირა პისტოლეტი და უთხ­რა:

– არ აღელდე და რამე არ მიჰ­ქარო, თორემ ტვინს გაგასხ­მევინებ. შენ არაფერს გერჩით და, თუ დროზე გინდა აქედან წასვლა, არ ინერვიულო!

– აკი ყრუ-მუნჯ­იაო? – ვერმალენმა ლუკოვზე მიუთითა ლუდას.

– განიკურნა, – მიუგო ლუდამ და პისტოლეტი უფრო მაგრად მიაჭ­ირა, – მიდი, დაცვა მოგვაშორე, მაგრამ არაფერი მიჰ­ქარო, თორემ, აქვე გაგათავებ!

ბანკის მმართველმა დაცვას გადაურეკა და უთხ­რა:

– სამხ­რეთ რაიონში გაემგზავრეთ და რესტორან „ფეშენში“ კუპე დაჯ­ავშნეთ, თან, უსაფრთხ­ოება გულდასმით შეამოწმეთ! ზუსტად ერთ საათში მოვალ, მნიშვნელოვან პერსონებთან მაქვს შეხ­ვედრა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე დამახ­ვედრეთ!

ლუდამ ფანჯ­რიდან დაინახა, როგორ შეიცვალა მიმართულება დაცვის „ჯიპმა“ და მარცხ­ნივ გადაუხ­ვია. ჰამო და პეტიკო კი კვლავ კუდზე ასხ­დნენ მათ და სამოციოდე მეტრის დაშორებით მისდევდნენ.

ვერმალენმა დაცვასთან საუბარი რომ დაასრულა, ლუდას ჰკითხა:

– ახ­ლა რა ვქნა?

– არ იცქმუტო! – უთხ­რა ლუდამ და მძღოლს უბრძანა, – ჩრდილოეთისკენ წადი!

მძღოლმა ბრძანება შეასრულა. ვერმალენმა კი გოგონას ჰკითხა:

– ვინ ხართ და რას მერჩით?

– შენზე ამბობენ, ბევრი ფული აქვსო, – ჩაეცინა ლუდას, – ცოტას ხომ არ გვიწილადებ?

– გამტაცებლები ხართ და გამოსასყიდი გინდათ?

– დაახ­ლოებით, – თქვა ლუდამ და, რომ დაინახა, უდაბურ ადგილზე იმყოფებოდნენ, მძღოლს გაჩერება უბრძანა.

ლუკოვმა „ლიმუზინის“ მძღოლი გათიშა, გაკოჭა და მანქანის უკანა სავარძლების ქვეშ ჩატენა. ვერმალენი კი ჰამოსა და პეტიკოს მანქანაში გადასვეს და გარაჟებისკენ აიღეს გეზი.

ბანკის მმართველი სავარძლის ქვეშ იყო ჩატენილი და პეტიკოს და ჰამოს ვერ ხედავდა, თან, აღარ ეშინოდა, რადგან დაიჯ­ერა, რომ გამოსასყიდის გამო იყო გატაცებული და დარწმუნებული იყო, მალე გაათავისუფლებდნენ. მაგრამ, როდესაც მანქანა გარაჟში გაჩერდა, ვერმალენი კი პეტიკოსა და ჰამოს ფეხ­ებთან დააგდეს, ბანკის მმართველი ყველაფერს მიხ­ვდა და პეტიკოს მიაყვირა:

– შენ ხომ მანქანაში უნდა აფეთქებულიყავი?

– გეწყინა, არა, შე დამპალო? – ჩაეცინა პეტიკოს.

– არა, რას ამბობ! პირიქით, მადლობა ღმერთს, რომ გადარჩი! – თქვა ვერმალენმა და ფეხ­ზე ადგომა დააპირა, მაგრამ პეტიკომ წიხ­ლი ამოსცხო ყბაში და ბეტონზე დაანარცხა. შემდეგ ყელზე დააჭ­ირა ტერფი და კბილებში გამოსცრა:

– მარტო მოქმედებდი თუ ვინმემ დაგავალა ჩვენი ამოწყვეტა?

– მარტო ვმოქმედებდი, – უპასუხა ვერმალენმა. მაგრამ პეტიკომ მას კბილებში წიხ­ლი ჩასცხო, ჩაულეწა და ისევ ჰკითხა:

– სტყუი თუ სიმართლეს ამბობ?

– სიმართლეს ვამბობ, – ჩიფჩიფებდა კბილებჩამტვრეული ვერმალენი და პირიდან სისხ­ლი სდიოდა.

პეტიკო დარწმუნდა, რომ ვერმალენი სიმართლეს ამბობდა, მაგრამ, პროფილაქტიკის მიზნით, კიდევ ერთხელ ჩაარტყა წიხ­ლი კბილებში, დარჩენილი კბილებიც ჩაულეწა, თან დააყოლა:

– ვის ატყუებ, შე ნაბოზარო, სიმართლე თქვი!

– სიმართლეს ვამბობ, პეტიკო, სიმართლეს! – ჩიფჩიფებდა და ტიროდა ვერმალენი, თან გველივით იკლაკნებოდა სისხ­ლით შეღებილ ბეტონის ფილებზე.

– მაფიოზობანას თამაში მომინდომე, არა, შე ბოზო? – კბილებში გამოსცრა პეტიკომ, – რამდენი კაცი გყავს შემსრულებლად? ჩქარა თქვი, თორემ, წამებით ამოგხ­დი სულს!

– ძველი სპეცები მყავს დაქირავებული, ყველა ნაომარი და მაგარი ბიჭ­ია. ყველაფერზე წამსვლელები არიან ფულის გამო. თან, ენაზე კბილის დაჭ­ერა იციან.

– რამდენი არიან?

– ოცდაათნი.

პეტიკოს ჩაეცინა:

– სულ რაღაც ოცდაათი კაცით უნდოდა ნაბოზარს ამდენი კაცის მოსპობა, მაგრამ რას ერჩი, კინაღამ მართლა მოახ­ერხა.

– მაგარი ბიჭ­ები არიან, პეტიკო, შენ ოღონდ ფული გადაუხ­ადე და ყველაფერს შეგისრულებენ. რომ უთხ­რა, არც ბავშვს დაზოგავენ და ლომებით სავსე გალიაშიც შევლენ. მე კი მაპატიე, ფულმა გონება დამიბნელა. არ მომკლა და, ჩემზე ერთგული ადამიანი არ გეყოლება... – იმეორებდა ვერმალენი და ენით პეტიკოს ფეხ­საცმელებს ლოკავდა, მაგრამ ჩამტვრეული კბილებიდან კვლავ სისხ­ლი მოსდიოდა და ფეხ­საცმელებზე ეწვეთებოდა.

პეტიკომ წიხ­ლით მოიშორა ვერმალენი და ჰკითხა:

– მათთან შენ კონტაქტობ თუ სხვა?

– მე არა, – თავი გააქნია ვერმალენმა, რომელიც ბეტონზე იჯ­და და შეშინებული თვალებით იყურებოდა, – მათი უშუალო უფროსი მეტ ბემოლია და მისი მეშვეობით ვეკონტაქტები.

– ბემოლი ვინაა?

– ჩემი დაცვის უფროსი, აი, ის, რესტორანში ადგილის დაჯ­ავშნა რომ ვუბრძანე, – თქვა ვერმალენმა, საათს დახ­ედა და პეტიკოს შეხ­ედა, – დათქმული დრო გადის. რესტორანში რომ არ მივალ, განგაშს ატეხს და ძებნას დამიწყებს, გამიშვი, პეტიკო, და ყველაფერი მშვიდობიანად მოვაგვაროთ.

პეტიკოს ცინიკურად ჩაეცინა და ვერმალენს ჯერ ცხვირში სთხლიშა წიხ­ლი და ბეტონზე გააკოტრიალა, შემდეგ ყბაშიც უთავაზა, ბოლოს კი უთხ­რა:

– შენი ნაგლი დედაც! გაგიშვა, არა? თუ არ გინდა, რომ წამებით მოგკლა, ბემოლს დაურეკე და სასწრაფოდ აქ დაიბარე, უთხ­არი, რომ გეგმები შეიცვალა! ჩქარა, გესმის? მაგრამ, თუ განგაშის ატეხ­ვას შეეცდები, აქვე მოგიღებ ბოლოს.

შეშინებულმა ვერმალენმა ტელეფონზე დარეკა და დაცვის უფროსს უთხ­რა:

– რა ჰქენი, მეტ, შეასრულე, რაც დაგავალე?

– დიახ, შეფ, მე და ბიჭ­ები რესტორანში ვართ და გელოდებით.

– გეგმები შეიცვალა, მეტ და აქ მჭირდებით. შეკვეთა კი არ გააუქმოთ, ფული დაამატეთ და მანდ მოგვიანებით დავბრუნდებით. ახ­ლა კი, მწვანე არხ­ისკენ წამოდით. იქვე გარაჟებია და გელოდებით.

– ხომ მშვიდობაა, შეფ? რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

– რას ბოდავ, მეტ, პრობლემა რომ მქონდეს, ასე მშვიდად დაგელაპარაკებოდი? ერთ ადგილზე ვარ წასასვლელი და უნდა მოხვიდეთ. ჩქარა, გელოდებით! – თქვა ვერმალენმა, ტელეფონი დაკეცა და პეტიკოს უთხ­რა, – მალე აქ იქნებიან. ხომ მაპატიებ, პეტიკო, და ხომ არ მომკლავ?

– ხმა ჩაიწყვიტე! – კბილებში გამოსცრა პეტიკომ, ვერმალენს კიდევ ერთი წიხ­ლი სთხლიშა გვერდებში და ორი ნეკნი ჩაუმტვრია. შემდეგ თავისიანებს მიმართა, – ყურადღებით იყავით. როგორც ამ ნაბოზრის სიტყვებიდან ჩანს, სერიოზულ ხალხ­თან გვაქვს საქმე და იაღლიში არ მოგვივიდეს.

ბანკის მმართველი გაკოჭ­ეს, პირში ჩოგბურთის ბურთი ჩასტენეს და კუთხ­ეში მიაგდეს. ჰამო, პეტიკო და ლუდა მოხ­ერხ­ებულ ადგილებზე ჩასაფრდნენ, ლუკოვი კი ვერმალენის მცველებს შეეგება, გარაჟში შემოუშვა, კარი მიხ­ურა და ორი მცველი თითო გასროლით ადგილზე დახ­ოცა, დანარჩენებს, პეტიკომ და ჰამომ მოუღეს ბოლო, ბემოლი კი ლუდამ დაჭ­რა ხელში, იარაღი გააგდებინა და, სანამ ის რამეს მოიმოქმედებდა, ლუკოვმა ხელები შეუკრა, ბეტონზე გაათრია და გარაჟის შუაგულში დააგდო, შემდეგ ვერმალენიც გვერდით მიუგდო და განზე გადგა.

– ესაა შენი ზონდერების მეთაური? – ჰკითხა პეტიკომ პირამოვსებულ ვერმალენს.

ბანკის მმართველმა თანხ­მობის ნიშნად თავი დაუქნია. პეტიკომ მას ჩოგბურთის ბურთი ამოუგდო პირიდან და კითხ­ვა გაუმეორა:

– ესაა მეტ ბემოლი?

– ეგაა, – თქვა ვერმალენმა.

პეტიკო ახლა ბემოლს მიუბრუნდა:

– ჩემი მეგობრები შენ დახ­ოცე?

– წადი, შენი დედაც!.. – შეაგინა ბემოლმა, მაგრამ პეტიკომ მას ჯერ ხორხ­ში მიარტყა ფეხ­საცმლის წვერი და ბეტონზე დაანარცხა, შემდეგ ცხვირ-პირში ჩააზილა ფეხი და ტვინი შეურყია, ბოლოს კი კბილები ჩაულეწა და გათიშა. თუმცა, თავადვე დაასხა ერთი ვედრო ცივი წყალი. შემდეგ თმაში ჩაავლო ხელი, წამოაჩოქა და კითხ­ვა გაუმეორა: – ჩემი მეგობრები შენ დახ­ოცე?

– წადი, შენი დედაც!.. – არ ტყდებოდა ბემოლი.

პეტიკომ იგივე გაიმეორა, მერე ბემოლს ფოლადის ჯოხი ჩაარტყა ხელებში, ორივე მტევანი გადაუმსხ­ვრია და უთხ­რა:

– ისევ ძველ ტალღაზე ხარ მომართული და შენი მორჯ­ულება გავაგრძელო თუ გონს მოხ­ვედი და გეყოფა?

– მეყოფა, – ამოიჩიფჩიფა ბემოლმა.

– გონს მოხ­ვედი?

– დიახ.

– მოჭ­კვიანებულხ­არ, რადგან ზრდილობიანად მელაპარაკები. მიპასუხე, ჩემი მეგობრები შენ დახ­ოცე?

– დიახ, მე და ჩემმა ხელქვეითებმა დავხ­ოცეთ, მაგრამ, მე ჯარისკაცი ვარ და ბრძანებებს ვასრულებ.

– რამდენი კაცი გყავს?

– ოცდახ­უთი.

– იციან, ვის ემსახ­ურებიან?

– რას გულისხ­მობთ?

– ამ ნაბოზარს, – თქვა პეტიკომ და ვერმალენზე მიუთითა ბემოლს, – იციან, რომ ამის ბრძანებებს ასრულებენ, ან, თუნდაც ის, რომ შენ მის დაცვაში მუშაობ?

– არა, – თავი გააქნია ბემოლმა, – მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ და, რასაც ვუბრძანებ, იმას აკეთებენ.

– გასაგებია, – ჩაილაპარაკა პეტიკომ და თავისიანებს მიუბრუნდა, – კარგია, რომ ასეა. თუ ამათ არაფერი იციან, ვერც ჩაგვიშვებენ და მათ გასაჩუმებლად ომის დაწყება არ მოგვიწევს. ამ ნაბოზრებს კი აქვე დავხ­ოცავთ, გავაქრობთ და სხვა საქმესაც მივხ­ედავთ.

– პეტიკო, ძვირფასო, – ატირდა ვერმალენი და ბეტონზე გაკოტრიალდა, – შენ ხომ შემპირდი, რომ არ მომკლავდი! მაპატიე, მაპატიე!..

– როდის შეგპირდი? – ცივად აიჩეჩა მხრები პეტიკომ, – მაგრამ, ასე იყოს, მე არ მოგკლავ. ამ საქმეს ჩვენი მეგობარი გააკეთებს.

– არ მომკლა! – კიოდა ვერმალენი. პეტიკომ კი ლუკოვს ანიშნა, მოკალიო და მანაც ჯერ თავში მოარტყა ტყვია ბანკის მმართველს, შემდეგ გულში და პეტიკოს ჰკითხა:

– ამას რაღა ვუყოთ? – თან ბემოლზე მიუთითა.

– მიაყოლე!

ლუკოვმა ბემოლსაც ორი ტყვია ესროლა – თავში და გულში, მერე პეტიკოს მიუბრუნდა და ჰკითხა:

– ტრუპებს რა ვუყოთ? ექვსია და, როგორმე უნდა მოვიშოროთ.

– ჩავაცემენტოთ და – არხ­ებში! – მოკლედ მოუჭ­რა პეტიკომ, შემდეგ ექვსივე ცხედარი ზეთის კასრებში ჩააცემენტეს და მწვანე არხ­ში ჩაყარეს, რომელიც გარაჟებთან მდებარეობდა.

***

პეტიკო და კამპანია კიდევ ორი დღე დარჩნენ ჰოლანდიაში. ჯერ ბანკის დირექტორთა საბჭ­ოში მოაგვარეს საქმე და ერთგულ ადამიანს დაავალეს მეთვალყურეობა, შემდეგ კი რამაზის შემცვლელიც აირჩიეს, კუნძულ მასზე გაამწესეს და უკან დაბრუნდნენ. პეტიკო თბილისში გამოემგზავრა და ძებნილი ლუკოვიც თან წაიყვანა. ჰამო და ლუდა კი კვლავ მოსკოვში დაბრუნდნენ. თუმცა, უკვე არა ჩარტერული რეისით, არამედ სარეისო თვითმფრინავით. ამსტერდამი-მოსკოვის რეისი ზუსტად ორი საათის მერე აფრინდა ცაში, მას შემდეგ, რაც პეტიკომ და ლუკოვმა დატოვეს იქაურობა.

ქალ-ვაჟი ნაშუაღამევს დაბრუნდა მოსკოვში და ძველ არბატზე გაემგზავრნენ, რომ საფუძვლიანად დაესვენათ, რადგან ჰოლანდიური ვოიაჟით გადაქანცულები იყვნენ. მათ სექსიც კი არ გახ­სენებიათ და, როგორც კი დაწვნენ, მკვდრებივით ჩაეძინათ.

შუადღე სრულდებოდა, როდესაც ქალ-ვაჟი ზარის ხმამ გააღვიძა. პირველი ჰამო ადგა, სათვალთვალოში გაიხ­ედა და უცხო კაცი დაინახა, რომელიც ზარს რეკავდა. რომ დაინახა, სათვალთვალოში ვიღაც იყურებოდა, რეკვა შეწყვიტა და ჰამოს უთხ­რა:

– თუ შეიძლება, გააღეთ!

– ვინ გნებავთ? – ჰკითხა ჰამომ და ხელში ჩაბღუჯ­ულ პისტოლეტს დახ­ედა.

– თქვენ ჰამო ხართ?

– რა გნებავთ? – კითხ­ვაზე არ უპასუხა ჰამომ.

– მე გენერალმა გამომგზავნა და რაღაც გამომატანა. აი, ინებეთ, თან, თქვენთან მოკითხ­ვა დამაბარა და წარმატებები გისურვათ.

ჰამომ ახ­ალგაზრდას „ეფესბეს“ წიგნაკი გამოართვა, რომელიც საგანგებოდ იყო დალუქული, რომ არავის გაეხ­სნა ჰამოს გარდა. მთაწმინდელმა ის ჯიბეში ჩაიდო და ახ­ალგაზრდა სასტუმრო ოთახ­ში შეიპატიჟა:

– შემოდი, ძმაო, სტუმარი იქნები!

– არა, გმადლობთ, – იუარა ახ­ალგაზრდამ, რომელსაც ოთახ­ში შესვლა ეუხ­ერხ­ულა და წასვლა დააპირა, მაგრამ ლუდამ გამოსძახა:

– შემოდი, ფედკა, სტუმარი იქნები! მოდი, საჭ­მელზე დაგვეწვიე! სწორედ ახ­ლა ვაპირებთ სადილობას!

– არა, უნდა წავიდე, – თავი გააქნია ფედკამ, რომელიც გენერლის აპარატში კურიერად მსახ­ურობდა, – დროზე რომ არ დავბრუნდე, გენერალი ტყავს გამაძრობს.

– ნუ დარდობ, მამას მე ვეტყვი, რომ ძალით დაგტოვეთ, შენ კი შემოდი, – უთხ­რა კურიერს ლუდამ და ფედკა ძალით შეიყვანა სასტუმრო ოთახ­ში, სავარძელში ჩასვა და გაუღიმა, – არ მოიწყინო, ჩვენ ახ­ლავე გამოვალთ და მოგხ­ედავთ...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3