კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-12(482)


გადამწყვეტ ბრძოლაში მახ­ვილი არ დაგჭ­ირდება. არც ფარი და არც შუბი, არც აბჯ­არი და სხვა საომარი აღჭ­ურვილობა. თუ ბედისწერამ შენი გამარჯ­ვება ინება, შიშველი ხელებითაც გაუმკლავდები მოწინააღმდეგეს. მით უფრო, თუკი შენი მოწინააღმდეგე თავად ბედია... და, არასდროს თქვა, რომ, იმაში, რაც ხ­დება, ბრალი არ მიგიძღვის. დაფიქრდი და, იქნებ, გაგახ­სენდეს კიდეც, რის გამო შეგაქცია ფორტუნამ ზურგი გადამწყვეტ წამს... აა, გაგახ­სენდა?! მაშინ ნუღარ იწუწუნებ და მადლობა უთხ­არი ბედისწერას, თუკი ის მოწყალებას გაიღებს და მოგცემს კიდევ ერთ შანსს ისე, ყოველი შემთხ­ვევისთვის...

***

ლევანი სავარძელში ჩაეშვა და თავი ხელისგულებში ჩარგო. თინიკო მოშორებით დადგა და ქმარს გამომცდელი მზერა მიაპყრო. ლევანმა იგრძნო და იფეთქა:

– რას მომჩერებიხ­არ? გაინტერესებს, ვნერვიულობ თუ არა? ვნერვიულობ, ჰო, ძალიან ვნერვიულობ! ისედაც განვიცდი ამ ამბავს და, ლამის ჭკუიდან გადავიდე, როცა შენს მშვიდ, გასხ­ივოსნებულ სახ­ეს ვხედავ. არც მალავ, რომ ეს ახ­ალი ამბავი ოდნავაც არ გაღელვებს. პირიქით, გიხ­არია კიდეც.

– ჰო, – წყნარად თქვა ქალმა.

ლევანმა თავი ასწია და ხელი ხელს შემოჰ­კრა:

– ხომ გეუბნები, არ ხარ სრულ ჭკუაზე! მითხ­არი მაინც, რა გიხ­არია?

– შენ თვითონ ვერ ხვდები? აუცილებლად მე უნდა აგიხ­სნა და განგიმარტო?

– ჰო, უნდა ამიხ­სნა და განმიმარტო, თორემ, ამ ბოლო დროს, ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში ეჭ­ვი მეპარება, ინტუიციაც აშკარად მღალატობს.

– ლევან, როგორც იქნა, მე მარტო აღარ ვარ და, ეს არის ჩემთვის მთავარი, – თინიკომ ქმარს გაუღიმა და ლევანი საბოლოოდ გამოიყვანა მოთმინებიდან.

– რა?! რა თქვი? ესე იგი, აქამდე მარტო იყავი? თინიკო, დაფიქრდი, რას ამბობ!

– დავფიქრდი და იმიტომაც ვთქვი, რაც ვთქვი. მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად ამისრულდა დიდი ხნის ნატვრა. შენ ეს არ გესმის და, ვიცი, ვერც ვერასოდეს გამიგებ. მე ამას არც გთხოვ, უბრალოდ, შეეცადე, ასეთი გაბრაზებული მაინც არ იყო.

– არ შემიძლია! შოკში ვარ და კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვალ ამ შოკიდან. დედაშენისგან მაინც საერთოდ არ ველოდი ამას. მაგრამ ქალები ყველანი ერთნაირები ხართ. თქვენი ნდობა როგორ შეიძლება?! თუმცა, ერთში კი გეთანხ­მებით: მამაშენმა ეს ნამდვილად დაიმსახ­ურა და რა სამწუხ­აროა, რომ მისთვის ამის თქმა არ შემიძლია!

თინიკომ წყენით შეხ­ედა ქმარს:

– დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობა შენ არ გეხ­ება!

ლევანმა ჩაიცინა:

– არ მეხ­ება? ნეტავი არ მეხ­ებოდეს. თინიკო, შენ მართლა ვერ ხვდები, ამით რამდენი რამე შეიცვლება? თუ, მე „მაბოლებ“?

– ვხვდები, მაგრამ, რეალობაც ხომ ერთია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამას უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.

– მე რას განვიცდი, ამას შენთვის მნიშვნელობა არა აქვს? თინიკო, მე შენი ქმარი ვარ, ქმარი და, როცა ამბობ, რომ მთელი ცხოვრება მარტო ვიყავიო, შეურაცხ­ყოფას მაყენებ ამით.

– რატომ? ცოლქმრობა სხვა რამეა, მე ეგ არ მიგულისხ­მია. შეეცადე, სწორად გამიგო, ძალიან გთხოვ...

– როგორ უნდა გაგიგო, როცა საერთოდ არაფერზე ფიქრობ, საკუთარი შვილების მომავალზეც კი არ ფიქრობ! შენს შვილებს სჭირდებათ ასეთი დომხ­ალი?! ბავშვებს ნორმალური გარემო უნდა ჰქონდეთ. გაუძლებს მათი ფსიქიკა ამ გიჟების ექსპრომტებს? სად არის იმის გარანტია, რომ ხვალ კიდევ რაღაც სიურპრიზს არ მოგვიწყობენ?

– გიჟი – დედაჩემია? – თვალები გაუფართოვდა თიკას.

– დიახ, დედაშენი გიჟია და დღეს დავრწმუნდი ამაში. მამაშენიც რომ არ არის დაწყობილ-დალაგებული, ესეც ხომ ფაქტია.

– შენ ამას ვერ გაიგებ, იმიტომ, რომ არ იცი, რას განიცდის ქალი, რომელსაც უღალატეს, თანაც – არაერთხ­ელ.

– კარგი, რა! ნუ ცდილობ, დედაშენი გაამართლო. ჩემთვის ასეთ ქალებს გამართლება არ აქვთ!

– იმიტომ, რომ ქალების არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი. ისიც არ იცი, რას ნიშნავს ჩემთვის ამ სიმართლის გაგება.

– ჰმ! სიმართლე საკუთარ დედაზე, ანუ – ყველაფერი დედაჩემის შესახ­ებ, – ეს უფრო მაგარია. ამდენი წელი ჩუმად იყო და მაინცდამაინც ახ­ლა მოუნდა აღსარების თქმა.

– აბა, რა უნდა ექნა, სიცოცხ­ლის ბოლომდე, სამარემდე მიეტანა თავისი საიდუმლო? – ასლუკუნდა თინიკო.

– არ ვიცი, რა უნდა ექნა ამ თავისი საიდუმლოსთვის, მაგრამ, ფეხ­ებთან რომ აგვიფეთქა ნაღმივით – ფაქტია.

– შენ აგიფეთქა, შენ?!. ვერ ვხვდები, საერთოდ, რა კავშირში ხარ ამ ამბავთან?

– რას ნიშნავს, რა კავშირში ვარ?! – ხმას აუწია ლევანმა, – სრულ ჭკუაზე ხარ? შენ ჩემი ცოლი ხარ. ის კი, ის... აღარც კი ვიცი, იმას რა დავარქვა... ნუ სლუკუნებ, თუ ღმერთი გწამს!

თინიკო ერთბაშად გაჩუმდა. ხელისგულებით ამოიწმინდა ცრემლებით სველი თვალები და ამოისლუკუნა:

– მე ერთს მივხ­ვდი. შენ ყველა ფეხ­ებზე გკიდია, აბსოლუტურად ყველა, საკუთარი თავის გარდა. იმიტომ რომ, საკუთარი თავის გარდა არც არავინ გიყვარს. ვეჭ­ვობ, შვილსაც ვერ შეიყვარებ.

– რატომ ფიქრობ ასე? მე შენც მიყვარხ­არ, ოღონდ, ჩემებურად.

– ჰმ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გიყვარვარ.

– ეგ შენი ავადმყოფური ეჭ­ვიანობის შედეგია, მაგრამ, მეც დავიღალე იმაზე ლაპარაკით, რომ არავინ მყავს.

– ეგ რა შუაშია? ნამდვილად არ ვეჭ­ვიანობ და საერთოდ, მე ახ­ლა ჩემს ოთახ­ში შევალ, შენ კი, რამდენიმე საათის განმავლობაში არ დამელაპარაკო. მინდა, ეს ყველაფერი გადავხ­არშო. იქნებ, მართალი ხარ და მე ტყუილუბრალოდ გეკამათები.

ლევანმა ჩაიცინა და ხელები უკმაყოფილოდ აიქნია:

– შენ ყველაფერი გადახ­არშული გაქვს, უკვე შეგეტყო სახ­ეზე. გიხ­არია, ასე რომ მოხ­და და ცდილობ, მეც შემაგუო მაგ ამბავს, მაგრამ, დაიმახ­სოვრე, კარგად მომისმინე და მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხ­ილებიხ­არ: ძალიან მალე დედაშენის სისულელე ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდება. აი, ნახ­ავ!

– ვითომ, რატომ? – გამომწვევად ჰკითხა თინიკომ.

– იმიტომ! – მაგიდის ზედაპირზე ხელი დაარტყა ლევანმა, – იმიტომ! შენ რომ ღრუბლებში დაფრინავ, ასეც არ არის საქმე. როცა შენი ნატვრა-ოცნება მატერიალიზმში განსხ­ეულდება, მაშინ დაიწყება, რაც დაიწყება! დამიჯ­ერე, სამხ­იარულოდ ნამდვილად აღარ გექნება საქმე!

– ვნახ­ოთ! – გამწარდა თიკა, – ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩემს სისხ­ლზე და ხორცზეა ლაპარაკი. თუმცა, მოვრჩეთ, ტყუილად გელაპარაკები – რისი გაგებაც არ გინდა, მაინც ვერ გაიგებ! – თიკა წამოხ­ტა და სავარძელზე ჩამომჯ­დარ ქმარს ხელით ძლიერად უბიძგა.

– გაგიჟდი? რა ხელს იკვრევინები?! მგონი, მართლა აჯ­ობებს, შენს ოთახ­ში წამოწვე და დაისვენო. რაც შეეხ­ება დედაშენის თხოვნას, ჩემი იმედი ნუ გექნებათ!

– პირადად მე არც მქონდა. ეგ დედაჩემს ჰგონიხ­არ ფრთაშესხ­მული ანგელოზი და საიმედო დასაყრდენი, თორემ, აქამდეც შესანიშნავად ვიცოდი, რაში შეიძლებოდა შენი იმედი გვქონოდა და რაში – არა.

– და, ამ ყველაფრის მერე, შენ ხარ დაჩაგრული მხარე, შენ გაქვს პრეტენზია, რომ ქმარს შენი არ ესმის?!

– არაფრის პრეტენზია არ მაქვს, გარდა ერთისა: თავი დამანებე! – თინიკო აღარ დალოდებია, რას ეტყოდა ქმარი, ოთახ­იდან უკანმოუხ­ედავად გავარდა და კარი მთელი ძალით გაიჯ­ახ­უნა. ლევანი ერთხ­ანს კიდევ სცემდა ოთახ­ში ბოლთას, მერე ბართან მივიდა და ვისკის ბოთლი გადმოიღო, ჭიქაში მუჭ­ით ჩაყარა ყინული, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა. „თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად გავლოთდები. ჰმ, ხედავ, სიდედრმა რა გამიჩალიჩა?! ბედი მაქვსო, მე უნდა ვთქვა. ჩემი ოჯ­ახ­ის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრება გამიმწარონ. თინიკოს ვეჩხ­უბები და მეც არ ვიცი, უნდა გამიხ­არდეს თუ უნდა მეწყინოს ეს ამბავი. პრინციპში, გასახ­არიც არ მაქვს... ჩემს ცოლს რა ენაღვლება, ახ­ალი ნათესავი იპოვა და უხ­არია. სულელი... საინტერესოა, ის ვაჟბატონი რას იტყვის, როცა ამ ამბავს გაიგებს... რატომ არის ეს ცხოვრება ასე მოწყობილი? ვერ გაიგებ, სამართლიანია თუ უსამართლო. თავისი მაკრატლით ჭრის და ვერაფრით მიხ­ვდები, მოგიყოლებს ჭრაში თუ არა. რატომ არ მიმართლებს? სად ვუშვებ შეცდომებს, რომ ასეთი სერიოზული დარტყმა მიბრუნდება უკან? ეჭ­ვადაც არ მქონია, რომ ასეთი სერიოზული დარტყმა ისეთი უწყინარი ქალისგან წამოვიდოდა, ერთი შეხ­ედვით, ჭიასაც რომ ვერ გააღვიძებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოვრება გამოცდას გამოცდაზე მიწყობს. ეგ დალოცვილი, ამდენი წელი თუ მალავდა თავის სირცხ­ვილს, ახ­ლა რაღას გამოფინა საჯ­აროდ, ვის სჭირდებოდა? – ლევანმა ბოთლს დახ­ედა თითქმის ბოლომდე იყო დაცლილი. „რამდენი დამილევია... რა გასაკვირია, ამ მდგომარეობაში რომ ვარ! მგონი, აჯ­ობებს, ყველაფერი დავიკიდო და ჩემს საქმეს მივხ­ედო. სამინისტროში იმდენი ხანია, თითი თითზე არ დამიკარებია... მაგრამ, ისეც ხომ ვერ ვიზამ, არაფერი შევიმჩნიო? ფაქტია, რომ სიმართლე ვიცი, თანაც, როგორი სიმართლე... იქნებ, ეს იმ ჩემი ტყუილის სანაცვლოდ ხდება, რომელსაც მე ვამბობ და შედეგებზე ნაკლებად ვფიქრობ? არადა, უნდა ვიფიქრო... უნდა ვიფიქრო... თუ სიმართლე მაინც ყოველთვის ამოტივტივდება ზედაპირზე, თუ ის მაინც არ იმალება და, ადრე თუ გვიან, თავს აუცილებლად წამოჰყოფს, თანაც, ყველაზე შეუფერებელ მომენტში... ჰმ, რაზე ვფიქრობ... მაგრამ, ესეც ბუნებრივია. სხვა რამეზე, უბრალოდ, ვერ ვიფიქრებ... რა ვქნა? რა ვქნა? რა ვქნა? თითქოს რა მარტივი შეკითხ­ვაა და რა ძნელად პასუხ­გასაცემი...“

***

... ერთი, ორი, სამი, ოთხი... თუ ასამდე ისე დავითვლი, რომ თვალს არ გავახ­ელ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად და არაფრის აღარ უნდა მეშინოდეს... ბავშვობაში ეს მეთოდი ამართლებდა. ახ­ლაც გაჭ­რის, აუცილებლად გაჭ­რის... რა სულელი ვყოფილვარ და, თანაც – ბრმა... რა საინტერესოა: თურმე, შესაძლებელი ყოფილა ბრმა სისულელე... ერთი, ორი, სამი, ოთხი... მერე რა მოდის? ხუთი, ჰო ხუთი... რა ჯანდაბა მემართება, რატომ ვერ ვითვლი? ფიქრები მებნევა ოროსანი პირველკლასელივით... უნდა დავითვალო, აუცილებლად უნდა დავითვალო... თუ ამას შევძლებ, ყველაფერი კარგად იქნება... მენატრები, დედა!..

... ოთახ­ში გამეფებული სამარისებური სიჩუმე კარის მსუბუქმა ჭრიალმა დაარღვია. ნიკუშამ თავი ასწია და ჟანს გახ­ედა. მამინაცვალი არც შერხ­ეულა, ისევ ისე იჯ­და, თავი მუხ­ლებზე ედო, ორივე ხელი კეფაზე ჰქონდა შემოწყობილი.

– ჩაი მოგიტანეთ, მესიე... – მოსამსახ­ურე ქალი უხ­ერხ­ულად გაჩერდა შუა ოთახ­ში ხელში შერჩენილი ლანგრით.

– დადეთ მაგიდაზე და გადით... ექიმი ხომ არ გამოსულა ოთახ­იდან? – თავაუწევლად ჰკითხა ჟანმა.

– არა, მესიე...

– მაშინვე დამიძახ­ეთ, გესმით? მაშინვე...

– დიახ, მესიე... რა თქმა უნდა, – ქალმა ლანგარი საწერი მაგიდის ხავერდგადაკრულ ზედაპირზე დადგა და სწრაფად გავიდა ოთახ­იდან.

ნიკუშამ თვალები დახ­უჭა და მაშინვე დედის ფერმკრთალი, თითქოს სისხ­ლისგან დაცლილი სახე დაუდგა თვალწინ...

– ჩემი ბრალია, – თქვა ჟანმა.

ნიკუშა შეკრთა. მამინაცვლის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა გაჟღერდა, რომ მისი სიბრალულით გული შეუქანდა.

– ჩემი ბრალია, – გაიმეორა ჟანმა, – მე ვაიძულე ამის გაკეთება. მე ვარ დამნაშავე იმაში, რაც მოხ­და. ელენეს აქამდე ერთხ­ელაც არ უცდია იმ ცხენზე შეჯ­დომა ზუსტად იცოდა, რომ გადმოაგდებდა და იმიტომ. ყველა ვაფრთხ­ილებდით.

ნიკუშა ადგა, მამინაცვალთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი:

– თავს ნუ იტანჯ­ავთ მე ვიცნობ დედაჩემს – ის გააკეთა, რაც უნდოდა. ახ­ლა მთავარია, გადარჩეს.

– არა, მე ვაიძულე ამის გაკეთება-მეთქი, – ჟანმა თავი ასწია. თვალები ჩაცვენილი, ჩამუქებული ჰქონდა, შუბლი – დანაოჭ­ებული და, ნიკუშას მოეჩვენა, რომ მამინაცვალი ამ ორიოდე საათში რამდენიმე წლით დაბერდა.

– რამე რომ დაემართოს, თავს არ ვიცოცხ­ლებ, იმ გამომძიებელს კი აუცილებლად მოვკლავ...

– ჟან, აბა, რას ამბობთ, ის რა შუაშია? თავისი ვერსიები ჰქონდა და ვერც გაამტყუნებ. ვერ ეტყვი, შენს საქმეს რატომ აკეთებო.

– ელენეს გარეშე ვერ ვიცოცხ­ლებ, – ჟანმა სახე ხელისგულებში ჩამალა, ნიკუშა მიხ­ვდა, რომ ამხ­ელა კაცი ტიროდა და თავისი ცრემლების დამალვას ცდილობდა.

– ყველაფერი კარგად იქნება, დედაჩემი გაუძლებს.

– მე, მე ვერ გავუძლებ, გავგიჟდები. ვიცი, ეს რატომაც გააკეთა – ამით მაჩვენა, როგორ ვატკინე გული, როცა უნდობლობა გამოვუცხ­ადე. რა უფლება მქონდა, ეჭ­ვი შემპარვოდა მის სიტყვებში? თუ გიყვარს და იცი, რომ მასაც უყვარხ­არ, ბოლომდე და ბრმად უნდა ენდო. მე ეს დამავიწყდა და მოვთხ­ოვე იმ კითხ­ვებზე გაეცა პასუხი, რაზეც საერთოდ არ უნდოდა ლაპარაკი. ამიტომაც დამსაჯა.

– ნუ ამბობთ ამას, ძალიან გთხოვთ. დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, უბედური შემთხ­ვევა მოხ­და. არ გამოვრიცხ­ავ, რომ თქვენთან საუბარმა ელენე ააღელვა და გადაწყვიტა, სტრესი ამ საშუალებით მოეხ­სნა. სწორედ ამიტომაც მოსინჯა ასე სახ­იფათოდ ძალები. ეტყობა, ადრენალინის დიდი დოზის მიღება უნდოდა.

– ეს ჩემს საქციელს არ ამართლებს და ტყუილად ცდილობ, დამამშვიდო. საჯ­ინიბოში ის ცხენიც იყო, რომელზეც ელენე ჯდება ხოლმე, მაგრამ მან სპეციალურად აირჩია რეალური ხიფათი. დამსაჯა და მე ეს სასჯ­ელი დავიმსახ­ურე.

– მგონი, ახ­ლა ელენეზე უნდა ვიფიქროთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ცუდი არაფერი მოხ­დება.

– ჰო, ცუდი არაფერი მოხ­დება. არა, ღმერთი ასე არ გამწირავს... ექიმი მაინც სად არის ამდენ ხანს?

– საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

– ამ მდგომარეობაში ასე ვერ გავრისკავდი. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ტრანსპორტირებას აიტანს.

– მოდი, ავალ. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, – ნიკუშა ადგა.

– მეც წამოვალ, – მხარი აუბა ჟანმაც. ნიკუშამ გამამხ­ნევებლად გაუღიმა მამინაცვალს და გუნებაში გაიფიქრა, რომ ასამდე მაინც ვერ დაითვალა. ამან გუნება მოუშხ­ამა, საკუთარ თავზე გაბრაზდა, ეს როგორ ვერ შევძელიო, მაგრამ, ხმამაღლა არაფერი უთქვამს. თავი ისე გააქნია, თითქოს უსიამოვნო ფიქრებისგან გათავისუფლებას ცდილობდა. ჰოლში გამოსულებმა კიბეზე ჩამომავალი ექიმი დაინახ­ეს და მისკენ გაქანდნენ.

– ექიმო... – ძლივს წარმოთქვა ჟანმა და ექიმის მოღუშულ, დასევდიანებულ სახ­ეს რომ მოჰ­კრა თვალი, თვითონაც გაფითრდა.

– ექიმო... რით დაგვამშვიდებთ? – გაღიმება სცადა ნიკუშამ.

– ვერ მოგატყუებთ და, სამწუხ­აროდ, ვერაფრით დაგამშვიდებთ, – ექიმი კიბის მოაჯ­ირს დაეყრდნო და ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, – დიახ, ვერ დაგამშვიდებთ. მაკვირვებს, გრაფ, თქვენი გაუფრთხ­ილებლობა!

ექიმმა ორივეს დაჟინებული მზერა შეავლო, პასუხ­ის გაცემას აყოვნებდა.

– ღვთის გულისთვის, ჟერარ! – მოთმინების ძაფი გაუწყდა ჟანს.

– ცოცხ­ალია, – თქვა ექიმმა, – ჟანმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ღიმილი სახ­ეზე უშნო გრიმასასავით შერჩა, როცა ექიმის უტყვი ჟესტი შენიშნა, – ჟერარ, რა ხდება?

– მძიმე მდგომარეობაა, მე ვიტყოდი – უმძიმესი. არ ვიცი, საერთოდ როგორ გადარჩა. ერთი ძვალიც კი არ დარჩა დაუზიანებელი. ამ ეტაპზე ტრანსპორტირებაზე ფიქრიც კი გაუფრთხ­ილებლობად მიმაჩნია. მე ახ­ლა წავალ და მალე დავბრუნდები. საავადმყოფოში ვერ გადავიყვანთ, მაგრამ, გამოკვლევა აუცილებელია. უნდა ვნახო, თავის ქალა ხომ არ არის დაზიანებული და რამდენად სერიოზულია ტრავმები. რაც შეეხ­ება ხერხ­ემალს...

ჟანმა და ნიკუშამ ერთმანეთს გადახ­ედეს, უბედურების მოლოდინმა ნიკუშას საფეთქლები აუწვა.

– ექიმო, ხერხ­ემალიო, რატომ თქვით? – ნიკუშა სიტყვებს წელავდა, – იმის ახ­სნა ხომ არ გინდათ, რომ...

– სამწუხ­აროდ, ჯერ ამასაც ვერ გეტყვით, ხომ გითხ­არით, აპარატურა მჭირდება... სამწუხ­აროა, რომ კლინიკაში ვერ გადავიყვანთ, მაგრამ, იმას, ალბათ, შევძლებთ, ყველა საჭ­ირო პირობა აქ მაინც შევუქმნათ. გრაფ, მქონდეს თქვენი იმედი?

– რა თქმა უნდა, მაგრამ... ჟერარ, არ შეიძლება, ვნახო? – ჟანს ატირებას აღარაფერი უკლდა.

– არ გირჩევთ. ჯერ გონებაზე არ მოსულა. თანაც, ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი გავუკეთე, რომ დასძინებოდა და ტკივილებს არ შეეწუხ­ებინა.

– ასეთი ტკივილები აქვს? ღმერთო!..

ექიმმა გაოცებით შეხ­ედა გრაფს.

– თქვენი მეუღლე გადარეულმა ცხენმა გადმოაგდო და რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე გაისროლა. უბრალოდ, გაგიმართლათ, რომ არ გადათელა, ამის რეალური შანსიც იყო და შესაძლებლობაც. პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მე ვიტყოდი, უმძიმესი, მაგრამ... – ექიმი გაჩუმდა და სათვალე მოიხ­სნა.

ნიკუშამ შეშფოთებით გადახ­ედა მამინაცვალს და ორივემ თითქმის ერთდროულად იკითხა:

– რა – „მაგრამ“?..

– მაგრამ ჯერ ცოცხ­ალია.

– „ჯერ“? რა საშინელი სიტყვა თქვით, ექიმო! – ნიკუშას შეაჟრჟოლა.

– ჰო, ჯერ ცოცხ­ალია, მიუხ­ედავად იმ უამრავი მოტეხ­ილობისა და დაჟეჟილობისა, რომელიც მან მიიღო.

– გადარჩება? – ნიკუშამ იგრძნო, როგორ გაუძნელდა სუნთქვა. ექიმის ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი, შეიძლება, მისი სიცოცხ­ლეც კი...

– გადარჩება?! ჰო, ალბათ, თუმცა, დანამდვილებით ამას მაშინ გეტყვით, როცა თავის ქალის სურათის გადაღებას შევძლებ და დავრწმუნდები, რომ რამე გაუთვალისწინებელი გართულება არ გვემუქრება.

– მაინც, რა გართულების უნდა გვეშინოდეს?

– ტვინის შეშუპების, გრაფო, ტვინის შეშუპების. ეს ის არის, რასაც ვერაფერს ვუშველით. მაშინ თქვენი მეუღლე ან მოკვდება, ან სამუდამოდ ინვალიდი დარჩება.

ამ საშინელი განაჩენის მოსმენის შემდეგ ჟანს თვალებზე თითქოს ბინდი ჩამოეფარა, დაბარბაცდა და აუცილებლად წაიქცეოდა, ნიკუშას დროზე რომ არ შეეშველებინა ხელი.

– ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახ­ავთ, – წასჩურჩულა მამინაცვალს და გამამხ­ნევებლად გაუღიმა, მაგრამ, მარტო თვითონ იცოდა, რად უღირდა ეს ღიმილი, რომელიც მის სახ­ეზე უნიჭ­ოდ მიხ­ატულ გრიმასას უფრო ჰგავდა.

– უნდა ვნახო, – დაიკვნესა ჟანმა.

ექიმი შეიჭ­მუხ­ნა:

– არ გინდათ, ეს უაზრო სიჯ­იუტე, გრაფ, თქვენ მე ძვირფას დროს მაკარგვინებთ, უნდა ვიჩქარო. პაციენტთან ჩემი თანაშემწე დავტოვე და ის მიხ­ედავს. თუმცა, ვეჭ­ვობ, ჩემს დაბრუნებამდე გაიღვიძოს.

ექიმი წავიდა. ჟანი და ნიკუშა იქვე, კიბეზე ჩამოსხ­დნენ.

– რა მოხ­დება, თუ მხოლოდ დავხ­ედავ? ერთს დავხ­ედავ და მაშინვე უკან გამოვბრუნდები.

ნიკუშამ სიბრალულით შეხ­ედა საცოდავად მობუზულ კაცს.

– მგონი, აჯ­ობებს, ექიმს დავუჯ­ეროთ. მით უმეტეს, თუ სძინავს.

– გაიგონე, რა თქვა ექიმმა? – ინვალიდი დარჩებაო.

– არა, ასე არ უთქვამს, მხოლოდ ალბათობა დაუშვა, – ნიკუშამ ოფლით დასველებული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა. შეზარა იმის წარმოდგენამ, რომ, შეიძლებოდა, ექიმის ვარაუდი სინამდვილედ ქცეულიყო.

– მეორე ალბათობაც არსებობს... სიკვდილი, რომელიც ჩემი განაჩენიც იქნება.

– არა, არა, მე ასე არ ვფიქრობ, არ მინდა, ასე ვიფიქრო! ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა ვიპოვე და ღმერთი არ დაუშვებს, რომ ახ­ლა ასე სულელურად დავკარგო – ნიკუშამ მუშტი გამეტებით დაჰ­კრა მოაჯ­ირს და შეიგინა...

***

გამომძიებელმა სქელი საქაღალდე თაროზე შემოდო და უკვე კაბინეტიდან აპირებდა გასვლას, რომ კარი გაიღო და ზღურბლზე კომისარი გამოჩნდა.

– უკვე მიდიხ­არ? თუმცა, ჰო, შენი სამუშაო დღე დამთავრდა.

– დიახ, გრაფის მამულში ვაპირებ გამგზავრებას – ერთი საინტერესო დეტალი გავარკვიე და იმის გადამოწმება მინდა გრაფინიასთან.

კომისარმა მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები:

– გრაფინიას ვერ დაელაპარაკები. ყოველ შემთხ­ვევაში, უახ­ლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუკი საერთოდ მოხ­ერხ­და ეს.

გამომძიებელმა კითხ­ვით სავსე მზერა მიაპყრო.

– გრაფის მამულის მეზობლად მდებარე მამული ჩემი მეგობრის საკუთრებაა. ერთი საათის წინ დამირეკა და მითხ­რა, რომ იქ რაღაც მოხ­და.

– თქვენი მეგობრის მამულში?

კომისარი გამომძიებლის მიუხ­ვედრელობამ გააღიზიანა:

– არა, რა თქმა უნდა, გრაფის მამულს ვგულისხ­მობდი. როგორც გავიგე, გრაფინია ცხენმა გადმოაგდო. ყოველ შემთხ­ვევაში, ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

– ცოცხ­ალია?

კომისარმა თავი გადააქნია:

– არ ვიცი. შენ მოგიწევს ამის გარკვევა. უნდა შეამოწმო, მართლა უბედური შემთხ­ვევა მოხ­და თუ... – კომისარმა წინადადება აღარ დაასრულა, ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი დაამატა, – ძალიან უსიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი საუბრიდან გრაფინიას დამტვრევამდე არც ისე დიდი დრო გავიდა.

– რამე კავშირს ხედავთ ამ ორ მოვლენას შორის?

– არა, არა... ისე ვთქვი, უბრალოდ. ეს მართლაც დამთხ­ვევაა და ამას ვერც ერთი ვერ უარვყოფთ.

– მამულში უნდა გავემგზავროთ?

– მე არა, შენ უნდა გაემგზავრო. მერე კი, დაგირეკავ, რომელი საათიც არ უნდა იყოს.

– გრაფთან ლაპარაკი მძიმე იქნება. წარმომიდგენია, როგორ განიცდის ამ ამბავს. ცოლი ძალიან უყვარს, – ამოიოხრა გამომძიებელმა. ამიტომაც, სიფრთხ­ილე გმართებს. იმ ნახ­ატზე საერთოდ ნურაფერს შეეკითხ­ები.

– და თუ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირშია?

– იმის თქმა გინდა, რომ, ის, ვინც ნახ­ატი მოიპარა, ახ­ლა მისი კანონიერი მფლობელის თავიდან მოშორებას ცდილობს?

– არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ, ფაქტების შეჯ­ერებას ვცდილობ. თუმცა, თქვენც ხვდებით, რომ ეს არც ისე არარეალურია, როგორც, შეიძლება, ერთი შეხ­ედვით ჩანდეს.

– ჰო, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. უკვე გაქვთ ინფორმაცია კოლეგებისგან?

– ჯერ არა, მაგრამ ყველაფერი ძალიან საეჭ­ვოდ ემთხ­ვევა გრაფინიას ვაჟიშვილის დედასთან და მის მეუღლესთან სტუმრობას.

– რა იცით მის შესახ­ებ?

– პრაქტიკულად არაფერი და ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ამ ინფორმაციის მიღებას ვცდილობ.

– თუ გრაფინია მოკვდება, მისი ერთადერთი მემკვიდრე ეს ახ­ალგაზრდა იქნება.

– მარტო გრაფინიას მემკვიდრე კი არა, გრაფის მემკვიდრეც ის იქნება, იმიტომ რომ, გრაფი და გრაფინია დიდი ხანია, კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან. მართალია, გრაფს მეუღლის ვაჟიშვილი ოფიციალურად ჯერ არ უშვილებია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. რადგან გრაფს სხვა შვილი არ ჰყავს, ეს ბიჭი, უკანონოც კი, მისი მემკვიდრე გახ­დება. როგორ უმართლებს ზოგიერთს...

– უმართლებს? – კომისარმა კეფა მოიქექა, – მდა... თუ ეს მხოლოდ გამართლებაა, მაშინ, არა უშავს, მაგრამ... თუმცა, მოდი, ვარაუდებისგან თავს შევიკავებ. გაემგზავრე მამულში და, როგორც კი რამეს გაიგებ, მაშინვე დამირეკე...

***

მოვლენათა ჯაჭ­ვი რგოლებად ებმება ერთმანეთს, ნელ-ნელა, თანდათან იღებს დასრულებულ ფორმას და წინასწარ ვერავინ იტყვის, ვისი მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავს. არც ისე ადვილია რგოლებს შორის ყველაზე სუსტის მოძებნა და ჯაჭ­ვის გაწყვეტა. ეს რომ გააკეთო, ან ძალიან ჭკვიანი და დაკვირვებული უნდა იყო, ან, უბრალოდ, უნდა გაგიმართლოს. მეორე ვარიანტი უფრო სავარაუდოა, მაგრამ ამას უკვე იღბალი სჭირდება...

იამ ცუდი სიზმარი ნახა, უფრო – უცნაური, თანაც, ცალკეულ ფრაგმენტებად და, ვერაფრით დაუკავშირა ერთმანეთს. საწოლიდან თავატკივებული ადგა. სამსახ­ურში წასვლის არც სურვილი ჰქონდა, არც განწყობა. სამზარეულოში თმადაუვარცხ­ნელი გაფრატუნდა და მაშინვე ყავადანი შემოდგა გაზქურაზე. სანამ კარზე ზარი რამდენჯ­ერმე არ დარეკეს, ვერ გაიგონა, ისე იყო ფიქრებში ჩაფლული. ცდილობდა, როგორმე სიზმრის დეტალები აღედგინა.

ვახო ქარიშხ­ალივით შემოიჭ­რა და მაგიდაზე პასპორტები და ბილეთები დაყარა:

– მორჩა, ყველაფერი მოვაგვარე, მივდივართ!

იამ არაფრისმთქმელი მზერა მიაპყრო, სახ­ეზე ხელი მოისვა და მხრები აიჩეჩა:

– მივდივართ? სად? რა მოაგვარე?

– მაგიჟებ! ხომ შევთანხ­მდით?! პარიზში მივფრინავთ, ხვალ, გამთენიისას; თუ გინდა – დღეს. მომზადებას მოასწრებ? ბევრი არაფერი დაგჭ­ირდება. თუმცა, ქალების ამბავი რომ ვიცი, შეიძლება, კარადაც წამოიკიდო მხრებზე, – ვახ­ომ გაიცინა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა, – ყავა გადმოგივიდა? დამწვრის სუნია!

– სულ დამავიწყდა! – ია სამზარეულოსკენ გაიქცა და ვახ­ოც უკან მიჰ­ყვა. ყავადანი ცარიელი იყო, სამაგიეროდ, გაზქურაზე ლაპლაპებდა მუქი გუბე.

– ჯანდაბა! ახ­ლა თავიდან უნდა მოვადუღო, მაგრამ, ჯერ ეს თუ არ გავწმინდე, კიდევ უფრო საშინელი სუნი დადგება, – ნერვები აეშალა იას.

– ცოტაც და, პარიზში ისეთ ყავას დაგალევინებ, გადაირევი. ყოფილხ­არ პარიზში?

– ვახო, დამშვიდდი და ნორმალურად გამაგებინე, რა ხდება?

ვახ­ომ ხელი ხელს შემოკრა და გაიცინა:

– ვა! ეს ქალები ყველანი გიჟები ხართ, ან, მე მხვდებიან გიჟები. ქალო, რაზე გელაპარაკე ორი დღის წინ? არ მითხ­რა, რომ დაგავიწყდა, თორემ, გადავირევი!

– ჰო, ვილაპარაკეთ... მერე? – იამ ყავადანში ყავა ჩაყარა და გაზქურა აანთო.

– წყლის ჩასხ­მა დაგავიწყდა, – შეახ­სენა ვახ­ომ და ქალი დაკვირვებით შეათვალიერა, – ია, კარგად ხარ?

– მგონი, კი. რა იყო?

– რა ვიცი, უცნაურად იქცევი, სიტყვებს ჰაერზე ფანტავ... აშკარად სხვაგან ხარ ფიქრებით. ნიკუშაზე ფიქრობ? არა უშავს, მალე ნახ­ავ.

– დარწმუნებული ხარ, რომ უნდა წავიდეთ?

– ია, ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ, რა, გეყოფა. ვიზები გვაქვს, ბილეთები აღებულია. მოემზადე.

– ვახო, მოიცადე... ელაპარაკე ნიკუშას?

– სალაპარაკო რა გვაქვს? არ ჯობია, პირდაპირ სიურპრიზი მოვუმზადოთ და გაუფრთხ­ილებლად მივადგეთ?

– გვაქვს კი ამის უფლება? მას თავისი ცხოვრება აქვს და, მეეჭ­ვება, ამ ცხოვრებაში ჩვენი ადგილი იყოს.

– აბა, რას ამბობ? ჩვენ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ. ამიტომ, მორჩი ამ სისულელეებს. მე ახ­ლა წავალ და საღამოს შემოგივლი. თუ რამე დაგჭ­ირდება, დამირეკე. თვითმფრინავი დილის ოთხ­ის თხუთმეტ წუთზე მიფრინავს, არ უნდა დაგვაგვიანდეს.

– იქნებ, ლევანისთვის ან დათოსთვის მაინც გვეთქვა? მათაც რომ უნდოდეთ წამოსვლა?!

ვახო დაიღრიჯა:

– აუ, თუ წასვლა უნდათ, წავიდნენ. რომელი მყავს პატარა, გამყოლი რომ სჭირდებოდეს? შენ იმაზე იფიქრე, რომ ნიკუშასთან საბოლოოდ გაქვს ურთიერთობა გასარკვევი და ზედმეტი მოწმეები არაფერში გვჭირდება.

იამ შუბლი შეიკრა, ვახ­ოს უცნაურად შეხ­ედა და წამოიძახა:

– გამახ­სენდა... გამახ­სენდა...

– უკვე გვიანია, გადმოვიდა შენი ყავა, – გაიცინა ვახ­ომ, – ეტყობა, ყავას დღეს ვერ დავლევ.

იას არც გაუხ­ედავს გაზქურისკენ:

– ყავა კი არა, სიზმარი ვნახე და იმას ვგულისხ­მობდი.

ვახ­ომ წაუსტვინა.

ია მიხ­ვდა, რომ კაცი დასცინოდა.

– რა იყო, სიზმარი არ გინახ­ავს? რას უსტვენ?

– ჩემი სიზმრები, ძირითადად, ეროტიკული ხასიათის არის ხოლმე, ამიტომაც დავუსტვინე. წარმოვიდგინე, შენც თუ ასეთ სიზმრებს ხედავ... ვახ­ომ გაიცინა, მაგრამ ქალის სახ­ეზე აღბეჭ­დილმა გამომეტყველებამ უკან დაახ­ევინა.

– კარგი, რა... ხომ იცი, რომ ვხუმრობ. კარგი, რა ნახე იმ სიზმარში?

– ზუსტად არ მახ­სოვს, მაგრამ, მგონი, კარგი არაფერი. თითქოს, რაღაც გაფრთხ­ილებასავით იყო.

– ახ­ლა, არ მითხ­რა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდება, – ვახ­ომ მკერდზე დაიდო ხელი, – ისედაც ცუდად ვიტან ფრენას.

– რაც გათენდა, იმის მერე ვცდილობ, აღვიდგინო ნანახი, მაგრამ არაფერი გამომდის. წეღან მოწმეები რომ ახ­სენე, მომაგონდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი ვნახე. შეშფოთებული ხალხი.

– ჰო? მაშინ, შეგიძლია, მშვიდად ვიყოთ, – ხელი უდარდელად აიქნია ვახ­ომ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩვენ ევროპაში მივდივართ, სადაც შეშფოთების მეტი არაფერი იციან, – იხ­უმრა ვახ­ომ, – შეშფოთდებიან ხოლმე და – მორჩა. ზოგჯ­ერ, ცოტათი აღშფოთდებიან კიდეც, მაგრამ მაშინვე გადაუვლით. გთხოვ, ამაზე აღარ იფიქრო. ძალიან კარგი და სასიამოვნო მგზავრობა გველის. შეგიძლია, სიზმარზე მეტად მე მენდო.

ია ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ კაცმა არაფრის თქმა აღარ აცალა:

– წავედი მე. გამგზავრებამდე იმდენი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. არა მგონია, ლევანმა, ან დათომ დარეკონ მაგრამ, მაინც გაფრთხ­ილებ – არც ერთი სიტყვა. ჩვენი გამგზავრება საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

– ასეთი კონსპირაცია რა საჭ­იროა? გაიგონ, მერე რა!..

– რადგან ვამბობ, ესე იგი ასეა საჭ­ირო, ამას მერე აგიხ­სნი, ახ­ლა კი ის გააკეთე, რაც გითხ­არი.

***

დიდი ფიქრის შემდეგ ლევანმა, მობილური აიღო, აივანზე გავიდა და ნატუკას დაურეკა.

– საყვარელო... – ხმა გაინაზა გოგომ.

– რამდენჯ­ერ გითხ­არი, ასე არ მომმართო-მეთქი! – გაბრაზდა ლევანი.

– რა მოხ­და, ხომ არავინ გვისმენს? თუ, სახ­ლში ხარ, საყვარელ ცოლთან?

– გეყოფა, საქმეზე ვრეკავ!

– რა თქმა უნდა, შენ ხომ ასეთი საქმიანი ხარ! მითხ­არი, ამჯ­ერად ვინ უნდა შევაბა? ხომ არ გადაიფიქრე და ჩემი ორსულობის სხვა, უფრო სარფიან საქმეში გამოყენებას ხომ არ აპირებ?

– ენა დაიმოკლე და მითხ­არი, ელაპარაკე ნიკუშას?

– ჰმ, ეგ შენი ნიკუშა დედიკოს ბიჭ­ია, მისი მზრუნველი კალთის ქვეშ შემძვრალი და, ეჭ­ვი მეპარება, იქიდან ოდესმე გამოვიდეს. ვერ ველაპარაკე, სახ­ლში არ იყო, მამულში გაემგზავრა მამინაცვალთან ერთადო.

– ეგ ელენემ გითხ­რა?

– დედამისს თუ ელენე ჰქვია, მაშინ, ჰო. საშინელი ქალი იქნება. გატყლარჭ­ული მელაპარაკებოდა, ეტყობა, თავი დიდი ვინმე ჰგონია.

– არის კიდეც. ყველას კი არ შეუძლია, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი გვარის შთამომავალს შეაყვაროს თავი და გრაფინია გახ­დეს, მაგრამ შენ ეს ნაკლებად გეხ­ება. ისეთი შტერი ხარ, იმასაც ვერ მოახ­ერხ­ებ, ელენეს მოაწონო თავი. დაიმახ­სოვრე, მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მით უმეტეს, შენი და ნიკუშას ერთად ყოფნა.

– და, თუ მე გადავიფიქრე?

– რაა?! – ლევანს გონება აემღვრა, – რას ნიშნავს – გადაიფიქრე?!

– ჰო, იქნებ მე ჩემი შვილის ნამდვილ მამასთან მინდა ყოფნა – ასეთ ალბათობას გამორიცხ­ავ? თუ ასეა, ძალიან ცდები... – ლევანმა გაიგონა, როგორ ჩაიცინა გოგომ.

– ნატა, მოთმინებიდან არ გამომიყვანო!..

– თორემ, რა, მომკლავ? – სიცილს განაგრძობდა ნატა, – აი, დღეს მოვალ შენს ცოლთან და ყველაფერს გულახ­დილად მოვუყვები...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3