კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რა მსხვერპლის გაღება უწევთ მსახიობებს, თუ ისინი პოზაში არ დადგებიან


ყველასათვის საყვარელ მსახიობს, ბაადურ წულაძეს, არასდროს უოცნებია მსახიობობაზე. მეტიც, სკოლის დამთავრების შემდეგ, დედის სურვილის თანახმად, ინჟინრობას აპირებდა, თუმცა, მისი ცხოვრება და კარიერა სულაც არ წარიმართა ისე, როგორც მომავალი მსახიობი გეგმავდა. თუ როგორ აღმოჩნდა იგი გადასაღებ მოედანზე პირველად და როგორ მოვიდა იგი დღემდე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


ბაადურ წულაძე: დავიბადე ქალაქ ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. ორი წლის შემდეგ მამაჩემი დაიჭირეს. მამიდაჩემმა მოასწრო და მალულად მომნათლა, ჩემი დისგან განსხვავებით – ის რომ დაიბადა, მამა უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.

– რა ბრალდებას უყენებდნენ თქვენს მამას?

– მამაჩემს, თურმე, სტალინი უნდა მოეკლა (იცინის). ბათუმიდან როგორ უნდა მოეხერხებინა ეს, არ ვიცი. მისი გამომძიებელი რუსი იყო ეროვნებით და მას უცნობებია: „სოკრატ ლავრენტოვიჩ, ია ვას პოზდრავლიაიუ, უ ვას რადილას დოჩ, ნო ვი იო ნიკოგდა ნე უვიდიტე.“ კარგი მილოცვაა, არა?! (იცინის). მამას ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, მაგრამ, „გამოძვრა“ – დახვრეტის ნაცვლად, ციმბირში უკრეს თავი 10 წლით. ესეც იმის წყალობით მოახერხა, რომ გამომძიებელს დაემუქრა: თუ თავს არ დამანებებთ, ვიტყვი, რომ ჩვენი ჯაშუშური ჯგუფის ხელმძღვანელი თქვენ იყავითო. იმ დროს, მთავარი იყო, გეთქვა და მერე აღარავინ აღარაფერს არკვევდა, გათავებული იყო საქმე.

– სკოლა ბათუმში დაამთავრეთ?

– დიახ და შემდეგ მოვხვდი მოსკოვში, ისე, რომ თბილისში ნამყოფიც არ ვიყავი. მოსკოვში სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გამანაწილეს. ბინა არ მქონდა, ხან ნათესავთან ვათევდი და ხანაც – მეგობართან. 15 წლის თავზე მოვახერხეთ, უფრო სწორად, ჩემმა დამ მოახერხა, რომ ნორმალური ბინა აგვეშენებინა. მანამდე ქირით ვცხოვრობდით. უცნაური სისტემა იყო: თბილისში ჩაგწერდნენ, იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენდი ცნობას, რომ სადმე მუშაობ, მაგრამ, სამსახურში არ აგიყვანდნენ, თუ არ მიიტანდი ცნობას, რომ სადმე ხარ ჩაწერილი (იცინის).

კინოსტუდიაში დამხვდა და შემდეგ შემოგვემატა არაჩვეულებრივი პლეადა იმ ხალხისა, რომელთაც შექმნეს ქართული კინო. გამოთქმა „ქართული კინოს ფენომენი“ უცხოელების შემოღებულია. მე კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ადვილად შევეწყვეთ, დავმეგობრდით, ძალიან კარგ დროს ვატარებდით. გართობა, იცოცხლე, ისეთი ვიცოდით...

– მაინც, როგორ ერთობოდით?

– უბრალო მაგალითს მოვიყვან. ყველაზე ხშირად, საღამოს, ორი, მაქსიმუმ სამი კაცი მოვიყრიდით თავს, რესტორნის ფული არ გვქონდა. წავიდოდით, ყველს ვიყიდდით, ძეხვს, ღვინოს, ყველაზე იაფიანი იყო მშობლიური „რვა ნომერი“, გამოვივლიდით რომელიმე თონეში, ხან იქვე ჩავიდოდით, თბილად ჩავსხდებოდით, ახალგამომცხვარ ცხელ შოთს მივირთმევდით, ვსაუბრობდით, ვხუმრობდით, უფრო ხშირად კი სამზარეულოში გავშლიდით ხოლმე ამ ყველაფერს და ნელ-ნელ ვჭუკჭუკობდით. სამზარეულო იყო ცენტრი კულტურული ურთიერთობის, განხილვის...

საღამოობით ხშირად ვსეირნობდით. რომ იცოდე, რა ამბავი იყო საღამოს რუსთაველზე! ვერ გაივლიდი... რატომღაც, უფრო მეტი ხალხი მოძრაობდა ლაღიძის წლის მხარეს მდებარე ტროტუარზე. ყველას ჩვენ-ჩვენი ბირჟა გვქონდა. ჩვენი ბირჟა იყო ბესიკისა და რუსთაველის კუთხეში. თუ ვინმეს პოვნა გინდოდა, იქ უნდა მისულიყავი. იქიდან უკვე გეგმებს ვაწყობდით და იმის მიხედვით ვიშლებოდით. სხვათა შორის, ბევრი ფული არასდროს გვქონია, მაგრამ, რაღაცნაირად, ვახერხებდით, ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, მხიარულად და საინტერესოდ გაგვეტარებინა დრო, ვთქვათ, მთელი ღამე კარტს ვთამაშობდით.

– მაშინ კაზინოები არ იყო?

– კაზინოში ზიხარ და ფიქრობ, მოიგებ თუ არა. აქ ეს არ იყო მთავარი. ვიგებდით მანეთსა და ოც კაპიკს, ან ვაგებდით ორმოც კაპიკს, ანუ, კაპიკებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, იმხელა აზარტით, რომ გეგონებოდა, მილიონებს ვაგებდით და ვიგებდით. მთავარი ურთიერთობა იყო.

– გაიხსენეთ, როგორ დაგამტკიცეს რომელიმე როლზე?

– ერთ რამეს ვიტყვი: მე თითქმის არასდროს გამივლია სინჯები. ახლაც, რომ მირეკავენ, ვეუბნები: „ქასთინგი“, შმასტინგი არ ვიცი!.. თუ გინდა, მე მოვალ გადაღებაზე, თუ არა, კარგად ბრძანდებოდე, აიყვანე ის, ვინც გაწყობთ“. ერთხელ, მივედი და საკმაოდ ცნობილი მსახიობი დამხვდა სტუდიაში. რა გინდა აქ-მეთქი? გადაღებაზე ვარო. როცა გავიგე, რომ ერთ როლზე ვიყავით დაბარებული, ვუთხარი: ძალიან დიდი ბოდიში, ჯერ გადაწყვიტეთ, ვინ გინდათ და შემდეგ დამიძახეთ-მეთქი. რეჟისორმა წინასწარ თუ არ იცის, რა უნდა, მე რა ვქნა? სხვა საქმეა, როდესაც დამირეკავს და მეტყვის: „ბატონო ბაადურ, თქვენთვის ცოტა უცნაური როლია, მე ძალიან მინდა, რომ შეასრულოთ და, ვნახოთ, რა გამოვა. მოდით, ერთად ჩავატაროთ ექსპერიმენტი!“ – კი ბატონო, ეს მესმის. კიდევ არ მესმის, რეჟისორი რომ მეუბნება: „აბა, ბაადურ, შენ რომ იცი, ისე!“ მე როგორ ვიცი, ეგ ჩემი საქმეა, შენ რა გინდა, ის მითხარი. როგორც იპოლიტე ხვიჩიასთან რომ ვმუშაობდი „ფეოლაზე“. იპოლიტე უდიდესი მსახიობი იყო, მაგის გამოჩენაზე სასწაული ხდებოდა. პანაშვიდებზე ვეღარ დადიოდა, იმიტომ რომ, რაც უფრო ტრაგიკული სახით შედიოდა მისასამძიმრებლად, მით უფრო მეტი სიცილი იწყებოდა ხოლმე. ამიტომ აღარ დადიოდა. ჩემთვის პირველი ფილმი იყო „ფეოლა“. ახალგაზრდა ვიყავი და ვუთხარი: ბატონო იპოლიტე, მინდა, რომ ესა და ეს გავაკეთოთ და დამიჯეროთ და მომენდოთ ბოლომდე-მეთქი. კიო, – დამთანხმდა. რასაც ვეუბნებოდი, აბსოლუტურად ყველაფერში მენდობოდა, არავითარი ისტერიკები: „მე ცნობილი ვარ, ეს ვარ, ის ვარ“... ჩვენ ვენდობოდით ერთმანეთს ესაა მთავარი.

– კიდევ რომელ მსახიობებთან ურთიერთობას გაიხსენებთ?

– უფრო დიდი მეგობრობა მაკავშირებდა კახისთან და ბერიკასთან. ჩვენ ბევრი საერთო თავგადასავალი გვაქვს. მოგიყვებით ერთ შემთხვევას: ერთ ნოველაში არის მომენტი, როდესაც ჩვენ ვვარდებით ღვინით სავსე აუზში. ამის გადაღება მიმდინარეობდა 30 დეკემბერს. წაგვიყვანეს ღვინის ქარხანაში. „მარგანცოვკით“ შეღებილი წყალით აავსეს აუზი, ვითომდა ღვინით იყო სავსე. სიცივეა, ყინავს. როგორ ჩავიდეთ ამ გაყინულ წყალში, არადა, იმავე დღეს უნდა მოვრჩეთ ყველაფერს და დავბრუნდეთ, რომ საახალწლოდ მოვემზადოთ. რა ვქნათ, რა ვქნათ და, ბოლოს, მოიფიქრეს: აკვალანგების კოსტიუმები ჩაიცვით და ისე ჩახტითო. თავები ხომ უნდა გამოგვჩენოდა, ამიტომ, აკვალანგისტების კოსტიუმს კაპიუშონი არ მიამაგრეს... ჩაგვაცვეს და ისე გადავეშვით. ის კაპიუშონი ჰერმეტიზაციას აკეთებს და მის გარეშე, კისრიდან წყალი ჩავიდა, ჩაჰყვა ხერხემალს, მაგრამ, ვიფიქრეთ, ჯანდაბას, ოღონდ დროზე მოვრჩეთო. როგორც იქნა, ჩავათავეთ გადაღება. ამოვედით, არაყიც მზად დაგვახვედრეს, გადავკარით და დავბრუნდით სახლებში.

– გაცივდით?

– გადავრჩით. ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება გადასაღებ მოედანზე. ზოგჯერ მსახიობს ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ გამოსავალს არ უტოვებენ. არადა, შენზე არავინ ფიქრობს. მთავარია, დროზე დამთავრდეს, მთელი კოლექტივი შენ გიყურებს, რომ დროულად მოათავოს თავისი საქმე და წავიდეს. რამაზ ჩხიკვაძე მოგვიყვა ერთხელ. მოლდავეთში იღებდნენ და სცენა იყო, კასრში უნდა ჩამძვრალიყო. კაცო, ვუყურებ, პატარაა, ამაში როგორ უნდა ჩავძვრეო, – უთქვამს ჩხიკვაძეს. ბატონო რამაზ, გევედრებით, რეჟისორი გაგვყრის სამსახურიდანო, – შეეხვეწნენ დანარჩენები. უფიქრია – ჯანდაბასო და ჩაძვრა, არადა, არ ეტევა, ზემოდან კი მთელი ჯგუფი აწვება, აწვება და უცებ – დრახ!“ – გაისმა და მუხლი გადაუტყდა. ასე მოსტეხეს ადამიანს ფეხი. დაახლოებით ასე მომივიდა „მოცურავეში“, რომელსაც, ნოემბრის ბოლოს იღებდნენ: ჩამაგდეს ზღვაში, ანთება დამემართა და დღემდე მაწუხებს ყური. ასეთია ჩვენი პროფესია. კი შეგიძლია, დადგე პოზაში და ჩაშალო გადაღება, არავინ არაფერს გეტყვის, მაგრამ, ზურგს უკან მაინც იჩურჩულებენ: „ნახე, როგორია“?!

– ბატონო ბაადურ, თქვენი როლებიდან რომელს გამოყოფდით განსაკუთრებით?

– სულ ვეუბნები სტუდენტებს: არასდროს თქვათ, რომ ამას ვითამაშებ და მერე უფრო კარგი როლი მერგებაო. ასე თუ იფიქრე, გათავებულია საქმე. შენ რომ როლი გაქვს, უნდა იფიქრო, რომ ის არის ერთადერთი. უბრალოდ, ზოგმა როლმა უფრო მეტი პოპულარობა მომიტანა. „ბურატინოში“ სულ პატარა ეპიზოდი მაქვს ნათამაშევი, მაგრამ, სადაც კი მივდიოდი, ყველგან „ბურატინო, ბურატინოს“ გაიძახოდნენ.

– პროფესიით რეჟისორმა, პირველი როლი როდის ითამაშეთ?

– მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, ჩემი ფილმი დახურეს. ამიტომ მიშა კობახიძე „ქორწილს“ რომ იღებდა, მითხრა: ფული არ მაქვს, არაფერი არ მაქვს და, თუ გინდა, ითამაშეო. მე დავთანხმდი და ვითამაშე ეპიზოდი – გაზეთს რომ ვკითხულობ და იმის შემდეგ ყველგან მეძახდნენ. ასე დაიწყო ჩემი, როგორც მსახიობის კარიერა. თუმცა, სტუდენტობისას, არ არსებობდა, ვინმეს რამე გადაეღო და მე, როგორც მსახიობი, არ მივეწვიე.

– ანუ, რეჟისორებში პოპულარული მსახიობი იყავით?

– დიახ, თუმცა, ბავშვობაში ვერ ვიტანდი თვითშემოქმედებას და ძალიან შორს ვიყავი სცენისგან.

– მაშ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– არ ვიცი, ასე მოხდა. დედაჩემს ძალიან უნდოდა, ინჟინერი გამოვსულიყავი. წავედი ბაუმანის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, მაგრამ, რაღაცნაირად, ფეხებმა თვითონ გადაუხვიეს და სარეჟისოროზე ჩავაბარე. ვფიქრობდი, რეჟისორი ვიქნები-მეთქი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მსახიობის ნიჭიც მაქვს. ასე მოვედი დღემდე.


скачать dle 11.3