კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუმორჩილა გიორგი მეთერთმეტემ ირანის შაჰს დაუმორჩილებელი ავღანელები და რა მიიღო მან ამის სანაცვლოდ


გიორგი მეთერთმეტის სიკვდილის შემდეგ, ყველაზე დაუმორჩილებელ და ბრძოლაში ცნობილ ავღანელებს უთქვამთ: ჩვენთან შედარებით ირანელები დიაცები არიან, ჩვენ კი დიაცები ვართ ქართველებთან შედარებითო. ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე ირანის შეიარაღებული ჯარების სარდალი იყო დიდი ხნის განმავლობაში. თუ როგორ აკეთებდა ის ირანის სამსახურში ქართლის სასიკეთო საქმეს და ვინ და როგორ მოკლა იგი ღალატით, ამას ინტერვიუში ისტორიკოსი გოჩა საითიძე გვიამბობს.


გოჩა საითიძე: ამჟამად ქართული ჯარების გარკვეული ნაწილი ავღანეთშია წასული – ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმედება, რითაც საქართველო ცდილობს, ინტეგრაცია მოახდინოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ეს საინტერესოა იმდენად, რამდენადაც პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქართველები თავისი სიცოცხლის ფასად, საქართველოსთვის, ავღანეთის მიწაზე გადიან სამხედრო სამსახურს. განსხვავება ისაა, რომ დღეს ჩვენ ჩვენი ნებით ჩავერთეთ ამ ოპერაციაში, მაშინ კი სხვანაირად იყო – მაშინ იძულებით ხდებოდა ყოველივე, რადგან, ეს იყო ერთგვარი ხარკის მოხდა იმისთვის, რომ საქართველოში შედარებით მშვიდობა დამყარებულიყო. საოცარი იყო ის თავგანწირვა, რასაც იმხანად ქართველი მეფეები იჩენდნენ.

– კონკრეტულად რომელ პერიოდში ხდებოდა ყოველივე ეს?

– ეს ყველაფერი ხდებოდა მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს. ქართველი მეფე, რომელსაც ავღანეთში ყოფნა მოუწია, დიდი ხნის განმავლობაში ღვარა სისხლი, რამაც საქართველოს მშვიდობა და დადებითი შედეგი მოუტანა, იყო გიორგი მეთერთმეტე. ის გახლდათ გამორჩეული მეფეთაგანი და ქართული კულტურისა და ხელოვნების ძალიან დიდი მოამაგე. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ სულხან-საბა ორბელიანმა თავისი უკვდავი ქართული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონი – „სიტყვის კონა”, სწორედ გიორგის დავალებითა და ინიციატივით შექმნა.

– როგორ აღმოჩნდა გიორგი მეთერთმეტე ავღანეთში?

– იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მეთერთმეტე მოღვაწეობდა, საქართველო დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად და ქართლის სამეფო ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ქართლის სამეფოში მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ბატონდება ბაგრატიონების მუხრანბატონთა შტო. როსტომ ხანის მეფობის პერიოდიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ საქართველოში მეფე რომ გამხდარიყავი, წინასწარ აუცილებლად უნდა გამაჰმადიანებულიყავი – ეს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა იყო და ამას მიმართავდნენ კიდეც ქართველი მეფეები. ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზიც ასე გამეფდა, რომელმაც თავისი მეფობის განმავლობაში გარკვეული მშვიდობა მოუტანა ქვეყანას. მისი ერთ-ერთი ვაჟი იყო გიორგი მეთერთმეტე.

გიორგი მეთერთმეტე გამეფდა 1675 წელს. მას გამაჰმადიანების შემდეგ „შაჰნავაზ მეორე“ ეწოდა. გიორგი ყველანაირად ცდილობდა, გაეთავისუფლებინა ქართლი სეფიანთა ირანის ბატონობისგან. ამ მიზნით ის კავშირს ამყარებდა ოსმალეთთან, რუსეთთან, რომის პაპთანაც არის დაფიქსირებული მისი მიმოწერა, თუმცა, საბოლოო ჯამში, შაჰმა შეძლო, გადაებირებინა ქართლის თავადთა უმრავლესობა, რომლებიც დაუპირისპირა მას. ამის შემდეგ შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი, თეიმურაზ პირველის შვილიშვილი – ერეკლე ბატონიშვილი, ხოლო გიორგი მეთერთმეტე განიდევნა ქართლიდან და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გიორგი მეთერთმეტე ცდილობდა ტახტის დაბრუნებას. ფაქტობრივად, ქვეყანაში ორმეფიანობა იყო – ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მეფე გიორგი და ერეკლე პირველი, რომელიც აგრეთვე გამაჰმადიანდა და ეწოდა ნაზარალიხანი. საბოლოო ჯამში, ტახტი ერეკლე პირველს დარჩა, გიორგი კი იძულებული შეიქნა, ირანში გამგზავრებულიყო.

– როგორ წარიმართა გიორგის ცხოვრება ირანში ჩასვლის შემდეგ?

– მაშინ ირანის შაჰი იყო შაჰ სულთან ჰუსეინი. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მოვლენები, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი, რამაც, სხვათა შორის, ძალიან დიდი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას.

– რა მოხდა?

– ამ პერიოდში სეფიანთა ირანი საშინელ ჭაობშია ჩაძირული – არანაირი შემოსავალი აღარ აქვს და, ფაქტობრივად, შაჰ-აბას პირველის მიერ დაარსებული დიდი იმპერია დღეებს ითვლის. შაჰი ძალიან სუსტი მმართველია. რეალურად, ის მთელ დღეებს ჰარამხანაში ატარებს. ამდენი ცოლი არავის ჰყოლია და ასეთი ყურადღება ჰარამხანისთვის მანამდე არავის მიუქცევიაო, – წერენ შაჰ სულთან ჰუსეინის თანამედროვე ისტორიკოსები. ერთი სიტყვით, შაჰს სულ არ სცხელა სახელმწიფო საქმეებისთვის. ამით სარგებლობენ ირანელთა მეზობლები, კერძოდ, ბელუჯები, რომლებიც ირანს აღმოსავლეთის მხრიდან უტევენ. გარდა ამისა, იყვნენ ირანელთა მიერ თავის დროზე დამორჩილებული ავღანელებიც. ავღანელებმა და ბელუჯებმა ისარგებლეს ირანის დასუსტებით და გამალებით შეუტიეს. მათი შეკავების უნარი კი ირანის ხელისუფლებას არ გააჩნდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა შაჰმა, რომ გამოეყენებინა სიმამაცითა და ამტანობით განთქმული ქართველები. მან გიორგი მეთერთმეტეს დაავალა, მიეღო მონაწილეობა ავღანელებისა და ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლაში, სანაცვლოდ კი ქართლის სამეფოს დაბრუნებას დაჰპირდა. ქართლის მეფე დათანხმდა შაჰის წინადადებას. გიორგი მეთერთმეტისა და ქართველების საოცარ თავგადასავალს ავღანეთის მიწაზე აღწერს მეთვრამეტე საუკუნის ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე.

თავდაპირველად მეფე გიორგიმ გაილაშქრა ბელუჯების წინააღმდეგ, რომლებიც სასტიკად დაამარცხა და საბოლოოდ მოათვინიერა. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, მაშინ ავღანეთში 2 ათასამდე ქართველი იბრძოდა. ამ გამარჯვების შემდეგ შაჰი სთხოვს გიორგის, რომ ის ავღანეთში გაემგზავროს. ცნობილია, რომ ავღანელები ითვლებოდნენ ერთ-ერთ ყველაზე დაუმორჩილებელ ხალხად. მათი დამორჩილება მაშინაც ურთულესი საქმე იყო და დღესაც ასეა.

– დათანხმდა გიორგი მეთერთმეტე შაჰის წინადადებას ავღანეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით?

– დიახ, რის შედეგადაც ის 1703 წელს იბრუნებს 1688 წელს დაკარგულ ქართლის სამეფო ტახტს. თუმცა, ირანის შაჰი მას არ უშვებს ქართლში, ტოვებს ირანში, გზავნის ავღანეთში და აძლევს ირანის მთავარსარდლის თანამდებობას, პარალელურად კი ავღანეთის მთავარი პროვინციის – ყანდაარის ბეგლარბეგობას, ანუ გუბერნატორობას აბარებს. გიორგის, რა თქმა უნდა, ქართლში დაბრუნება ერჩივნა, მაგრამ, რას იზამდა. რადგან გიორგი ქართლში არ გამოუშვეს, ეს სამეფო ვიღაცას ხომ უნდა ემართა და ამიტომ, გიორგი მეთერთმეტის მაგივრად ქართლის მმართველობა გადაეცა ვახტანგს, მის ძმისშვილს და, 1703 წლიდან მოყოლებული, ვახტანგი მართავდა ქართლს, როგორც ჯანიშინი, ანუ მეფის მოადგილე. ვახტანგი აკეთებს უზარმაზარ კულტურულ საქმეს, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობითაა შესული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაგალითად: პირველი ქართული სტამბის დაარსებით, „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემით, „ქართლის ცხოვრების” შევსება-გადამუშავებით და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ამ ყოველივეს განხორციელება შესაძლებელი ხდება იმის ხარჯზე, რომ გიორგი მეთერთმეტე ავღანეთში იბრძვის ქართლისთვის.

– როგორ გრძელდება გიორგის მოღვაწეობა ყანდაარის ბეგლარბეგის თანამდებობაზე?

– მან საშინელი დღე დააყარა ავღანელებს. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ჩვენს ისტორიაში თემურ ლენგია სისასტიკით განთქმული, ავღანელების ისტორიაში ისეთივე საშინელი სახელითაა შესული გიორგი მეთერთმეტე. სხვანაირად ამ ერს ვერც დაიმორჩილებდა. ესაა ქვეყანა, სადაც სახლები მიწისქვეშაა, ირგვლივ მხოლოდ უდაბნოებია, ყველგან საშინელი სიცხეა... სეხნია ჩხეიძის თქმით, ყანდაარში ქართველებს საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ისეთი ცხელი ქალაქია ყანდაარი, – წერს სეხნია ჩხეიძე, – რომ იქაური სიცხისგან სპილენძის თეფშზე დადებული კვერცხი შემწვარა და ქვაზე დაფენილი ცომი თავისით გამომცხვარაო.

გიორგი, თურმე, საშინელ დღეში აგდებდა ავღანელებს. ყველაზე დაუმორჩილებელი ავღანური ტომის ბელადი იყო მირვეისი. შემდგომში სწორედ მირვეისი კლავს გიორგი მეთერთმეტეს და ხდება მათი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და ავღანეთის ეროვნული გმირი.

– როგორ იღუპება გიორგი მეთერთმეტე?

– მას შემდეგ, რაც გიორგიმ, მირვეისისავე დახმარებით, ერთ-ერთი ავღანური ტომი დაიმორჩილა, ქართლის მეფეს ეჭვი შეეპარა მის ერთგულებაში. გიორგიმ ამოიცნო მირვეისის პიროვნება – ეს უკანასკნელი, როცა დაინახავდა, რომ ძალით ვერაფერს გააწყობდა, მაშინვე ერთგული ადამიანის ნიღაბს ირგებდა, ფარისევლობდა. გიორგი მეთერთმეტემ შეიპყრო მირვეისი და შაჰის კარზე გაგზავნა. ვინაიდან საბუთი მისი ღალატისა არ ჰქონდა, მხოლოდ ეჭვის საფუძველზე მირვეისს ვერ დასჯიდა. ამიტომ, შაჰს შეუთვალა: ეს კაცი უკან არ გამოუშვათ, რადგან ირანის სახელმწიფოს დიდ ზიანს მიაყენებსო. მიუხედავად ამისა, მირვეისმა მოახერხა და შაჰის მოხელეთა უმრავლესობა მოისყიდა. მაშინ ირანში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ ქართველებს, დივანბეგი (უზენაესი მოსამართლე) გიორგის ძმა, ვახტანგ მეექვსის მამა, ლევან ბატონიშვილი გახლდათ. მისი მოტყუებაც შეძლო მირვეისმა, რომელიც მთელ დღეებს ლევანთან ატარებდა გიორგის ქება-დიდებაში. საბოლოოდ, კი, იმდენი მოახერხა, რომ თვითონ შაჰმა მოსწერა გიორგი მეთერთმეტეს: სულ ტყუილად ეჭვობ, მირვეისი ჩვენი უერთგულესი ადამიანიაო. ლევან ბატონიშვილიც უდასტურებდა გიორგის: ეს კაცი უბრალოა და შენი ქების მეტს არაფერს აკეთებს, მიიღე და შეიტკბე, როგორც ერთგული მეგობარიო. როგორც ჩანს, ამის შემდეგ გიორგიმ მირვეისის მიმართ ყურადღება მოადუნა.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– მირვეისმა დამოყვრება შესთავაზა გიორგი მეთერთმეტეს და თავისი ასულის მითხოვებას შეჰპირდა. ნიშნობაზე მისულ გიორგის შესანიშნავი სუფრა გაუშალეს. როდესაც მისი მხლებლები ლხინის შემდეგ ძილს მიეცნენ, მირვეისმა ნიშანი მისცა და ყველანი ამოწყვიტეს. როგორც პოლონელი მისიონერი, თეოდორ კრუშინსკი წერს, თავდასხმის შემდეგ გიორგი უცბად გამოფხიზლდა, დაავლო ხელი ხმალს, რვა ავღანელი მოკლა, მაგრამ, ბოლოს ვერას გახდაო. საინტერესოა, რომ მირვეისმა მოკლულ გიორგის ახსნა ჯვარი და ხატები, რომლებსაც საიდუმლოდ ატარებდა და შაჰს გაუგზავნა ნიშნად და საბუთად იმისა, რომ ეს იყო შენი „ერთგული“ მსახურიო – ამით ცდილობდა გიორგის მკვლელობის გამართლებას. კრუშინსკის უწერია: „ავღანელებმა დამარცხებული ქართველების სიმამაცე ასეთი სიტყვებით შეამკეს: ყიზილბაშები დიაცები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო თვითონ ავღანელები კი დიაცები არიან ქართველებთან შედარებითო,“ – ეს იმხანად მათი ყველაზე პოპულარული გამოთქმა ყოფილა. ამ მკვლელობის შემდეგ მირვეისი უკვე ღიად ჩაუდგა სათავეში ირანის წინააღმდეგ ბრძოლას.

გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მისი თანამდებობა, მთავარსარდლობა და ბეგლარბეგობა, ლევან ბატონიშვილის ვაჟს – ქაიხოსროს ერგო. ქაიხოსრომ რამდენჯერმე დაამარცხა მირვეისი, თუმცა, საბოლოოდ, ისიც ღალატით მოკლეს ყანდაარზე იერიშის მიტანის დროს.

მინდა გითხრათ, ეს არ იყო უმიზნო სისხლისღვრა ქართველებისა უცხო მიწაზე. როცა ისინი ირანსა და ავღანეთში იბრძოდნენ, ვახტანგ მეექვსე და სულხან-საბა ქართლში უდიდეს ეროვნულ საქმეებს აკეთებდნენ. ისეთი კულტურული აყვავების ხანა, როგორიც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში იყო, გიორგი ბრწყინვალის პერიოდიდან მოყოლებული, აღარ ახსოვდა საქართველოს.


скачать dle 11.3