კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ იქნებოდა მზეო გოგოჭური ცუდი კაცი და ვისი სიყვარულით ცხოვრობს ის დღეს


მას სხვა „ევებზე“ მეტად გაუმართლა, იპოვა თავისი „ადამი“ და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათი ერთად ყოფნა შეუძლებელია, მაინც მის მეუღლედ და ერთგულ მეორე ნახევრად რჩება. მზეო გოგოჭურს მიაჩნია, რომ მისი ქალად დაბადება, თუნდაც ამ ერთი ადამიანისთვის ღირდა. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ უამრავ უპირატესობებზე, რომლებიც ბებია ევას ჭეშმარიტ შთამომავლებს გაგვაჩნია, მამაკაცებთან შედარებით. სხვა საკითხია, როგორ ვიყენებთ ამ უპირატესობებს. ხოლო, თუ ვერ ვიყენებთ, ამაშიც დამნაშავენი მხოლოდ ჩვენ ვართ. ბუნებამ ყველაფერი მოგვცა, სამყაროს ძლიერი მეორე ნახევრების „დასამარცხებლად“.


მზეო გოგოჭური: არავითარი უპირატესობა არ არის დაიბადო მამაკაცად. მე როგორც ქალი, ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ ამას. მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, პირიქით მეთქვა. თუმცა, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მამაკაცობა ადვილია, ან კაცს ნაკლები პასუხისმგებლობა მოეთხოვება – არანაირად. უპასუხისმგებლო არც ქალი ვარგა და არც – კაცი. ეს ისეთი რამეა, ორივე სქესს ერთნაირად მოეთხოვება. უპასუხისმგებლო ადამიანი არასრულფასოვანი მგონია. ერთადერთი უპირატესობა, რაც შეიძლება, კაცს ქალთან შედარებით ჰქონდეს, არის ფიზიკური ძლიერება.

– წარმოიდგინეთ, რომ შეიძლებოდა, მამაკაცად დაბადებულიყავით...

– თუ ამაზე მიდგება საქმე, მაშინ წარმოვიდგენდი, აუცილებლად კარგ კაცს (იცინის). ცუდი კაცი არ ვიქნებოდი. მთავარი ხომ პიროვნებაა, პიროვნული ღირსებები და იმას, ქალი იქნები თუ კაცი, აღარ აქვს მნიშვნელობა.

– მაშინ, როგორია კარგი კაცი?

– ჩემს შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ არჩევანი ნამდვილად კარგი მამაკაცის სასარგებლოდ გავაკეთე. ამიტომ, კარგ მამაკაცში ყოველთვის ვიგულისხმებ იმ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რომლებიც ვახუშტის სხვებისგან გამოარჩევდა.

– ღმერთმაც კი არ გააჩინა ქალი და მამაკაცი თანასწორი. კაცს მაინც აქვს უპირატესობები და მისი ტვინიც კი უფრო მძიმეაო...

– ქალსაც რომ აქვს თავისი უპირატესობები?! თანაც რამდენი?! ჩამოვთვალო? (იცინის) ამიტომ ასე, ცალსახად ვერ დავეთანხმები მაგ მოსაზრებას. მარტო ის, რომ ქალს შეუძლია, გახდეს დედა, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, ჩვენ უფრო რომ გაგვიმართლა, ვიდრე მამაკაცებს. დედობა იმხელა ბედნიერებაა, მარტო ეს გადაწონის ყველანაირ მამაკაცურ უპირატესობებს.

– თუმცა ამბობენ, რომ ის ტკივილი, რასაც ქალი მშობიარობისას განიცდის, სასჯელია.

– მე რამდენადაც ვიცი, შვილის გაჩენით განცდილი ბედნიერება ამასაც გადაწონის. ფაქტია, რომ ქალი შვილის გამო საყვარელ მამაკაცსაც კი თმობს, თუ ამ არჩევნის წინაშე დადგება. ანუ, ქალისთვის მაინც შვილია მთავარი და არა – კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სქესი ბუნებამ დააკავშირა ერთმანეთთან.

– მამაკაცები კი ასეთი არჩევანის წინაშე პრაქტიკულად არ დგებიან.

– დედაშვილობის გრძნობა რომ ბევრად ძლიერია, ვიდრე მამაშვილობა, ესეც ფაქტია. მამაკაცი ვერასოდეს გააკეთებს შვილისთვის იმას, რისი გაკეთებაც დედას შეუძლია. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისი მამები. მაგალითად, მე ვიცი ერთი კაცი, რომელსაც გარდაეცვალა მეუღლე და ორი ქალიშვილი დამოუკიდებლად გაზარდა, სულ მარტომ. ცოლიც აღარ მოიყვანა, რომ მისი შვილები ვინმეს არ დაეჩაგრა და მთელი ცხოვრება თავის შვილებს მიუძღვნა. დედაც თვითონ იყო და მამაც, მაგრამ, ასეთი მამები ძალიან იშვიათია. იმდენად იშვიათი, რომ თითით საჩვენებლები ხდებიან. ქალსაც ამიტომ მოეთხოვება მეტად პასუხი შვილებზე და საზოგადოება არ პატიობს, თუკი ის თავის დედობრივ მოვალეობას გაექცევა. მაშინ, როცა იგივე შემთხვევაში, შემწყნარებელია მამაკაცის მიმართ. საერთოდ, რაც ბუნებით ნაკლებად მოგეთხოვება, იმას ადვილადაც გპატიობენ. ეს ბუნებრივია. ნორმიდან გადახვევაა საზოგადოებისთვის მიუღებელი. ეს ბადებს პროტესტის განცდას.

– იგივე ხომ არ ხდება მამაკაცის ღალატის შემთხვევაშიც?

– ეს უფრო პირობითია და არანაირად არ არის ბუნების კანონი. დამოკიდებულია იმ საზოგადოების მენტალიტეტზე, რომელშიც ცხოვრობ. სხვადასხვა საზოგადოებაში ღალატი სხვადასხვანაირად აღიქმებოდა და აღიქმება. ჩვენ სამწუხაროდ, იმ საზოგადოებას ვეკუთვნით, სადაც მამაკაცს უფრო ჰპატიობენ ღალატს, ვიდრე ქალს, მაგრამ სხვადასხვა საზოგადოებრივ ფორმაციებში სხვადასხვა კანონები არსებობდა და შეიძლება, პირიქითაც იყო. მაგალითად მატრიარქატის დროს, ხომ მართალია?! ამიტომ, ნუ გავხდით წესად იმას, რაც მარტო ჩვენთვის არის მისაღები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია, ეს ტრადიცია, ჩვენთან არ იცვლება.

– არსებობს თეორია, რომ მამაკაცი სწორედ თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის მიდრეკილი ღალატისკენ.

– რომ ის პოლიგამიურია? შეიძლება ასეც არის. ამ საკითხში ძალიან დიდი ცოდნა არ მაქვს, რომ საკუთარი თეორია შევქმნა და რაიმე დავამტკიცო. პირიქით, მე თავად დიდი ინტერესით გავეცნობოდი, თუკი არსებობს მასალა ამ საკითხზე და ძალიან ბევრ კითხვას გავცემდი პასუხს.

– მამაკაცს ყოველთვის ეტყობა, როგორი ქალი ჰყავს გვერდითო. თქვენი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ჭკვიანი უნდა იყოთ.

– (იცინის) ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ადამიანი, როცა საკუთარ თავზე ამბობს ძალიან ჭკვიანი ვარო, წასულია მისი საქმე. საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს არ უნდა იყო, მაგრამ, იმ მოსაზრებას, რომ კაცს ეტყობა როგორი ქალი ჰყავს გვერდითო, ისევე როგორც ეს ეტყობა ქალს, მე ვეთანხმები.

– გამოვიდოდნენ თუ არა კაცები გამოქვაბულიდან, ქალი რომ არ ყოფილიყო?

– არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა საერთოდ კაცობრიობა, ქალი რომ არ ყოფილიყო. ან როგორ გამრავლდებოდა და რა ფიზიოლოგია, ან რანაირი ანატომიური აგებულება ექნებოდა მამაკაცს (იცინის). მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც გამოვიდოდნენ გამოქვაბულიდან. ერთმანეთს გამოაღწევინებდნენ, გადაირჩენდნენ თავს, მაგრამ იქნებოდა თუ არა მშვენიერი და მღელვარე მათი ცხოვრება იმ ყველაფრის გარეშე, რასაც მათ ქალი ჩუქნის, ეს არის საკითხავი. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ რომანტიზმის, ან სილამაზის რაიმე მარცვალი ყოფილიყო მათ ყოველდღიურობაში.

– მოდით, ვთქვათ, რომ მაინც ჩვენი მისახედები არიან.

– აბა, რა! ძალიან ცოდოა მარტო დარჩენილი კაცი. ცოტა უსუსურიც არის, ცოტათი საწყალიც და არასრულფასოვანიც. ქალს შეუძლია მამაკაცის ფუნქციაც შეითავსოს, ძალიან ბევრ შემთხვევაში, რასაც მამაკაცი უბრალოდ, ვერ შესძლებს.

– ეტყობა, ერთი ნეკნი რომ აკლიათ, ჩვენ გამო, მაგაშია საქმე...

– რაც შეეხება ნეკნის ამბავს, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია. შეიძლება, ეგ ვერსია საერთოდ ეჭვის ქვეშ დადგეს. საქმე ისაა, რომ თვითონ სიტყვა „ნეკნის“ თარგმანშია შეცდომა. მას სხვა მნიშვნელობაც აქვს და შეიძლება, გავიგოთ, როგორც მიწისგან და თიხისგან შექმნილი.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ქალიც ისევე გააჩინა ღმერთმა მიწისგან და თიხისგან, როგორც მამაკაცი?

– დიახ. ასეა. ნეკნის ამბავი, უფრო მითია. მაგრამ იყოს ეგეც, ვის რას უშლის (იცინის).

– როგორ არ უშლის. მამაკაცები სულ მაგას გვაყვედრიან, თქვენ გამო ფერდი გვტკივაო...

– კარგია, რომ სტკივათ. ეგ მაინც სტკიოდეთ (იცინის). არც სამოთხესთან დაკავშირებით მიგვიძღვის ბრალი. თვითონ რატომ შეჭამა, რატომ არ გამოიჩინა ხასიათის სიმტკიცე. რატომ აჰყვა ქალს ცუდ საქმეში?! მაგრამ, ეტყობა, მასაც ასე უნდოდა. ჯოჯოხეთში ცხოვრება ერჩივნა, უქალოდ ყოფნას. ამიტომ, ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებენ.

– როგორი კაცია ქალისთვის აუტანელი?

– ჩემთვის აუტანელი უგემოვნო, მდაბიო და უინტელექტო კაცია. საშინელებაა ასეთი მამაკაცი და მე რომ კაცი ვყოფილიყავი, არაფრით ვიქნებოდი ასეთი. ყველა სხვა უარყოფითი თვისება კაცისა, სწორედ ინტელექტის ნაკლებობიდან მომდინარეობს.

– არ შემიძლია, არ გკითხოთ, რა იყო ის მთავარი ღირსება, რითიც ბატონმა ვახუშტიმ მოგხიბლათ?

– ვახუშტი საერთოდ განსაკუთრებული იყო. ყველაფერი ჰქონდა, რაც შეიძლება, ქალს კაცში მოეწონოს. კარგი გარეგნობა, ნიჭი, წარმომავლობა... მეტისმეტად ამაღლებული ადამიანი იყო. საოცარი უნარი ჰქონდა, მოესმინა და გაეგო ყველასთვის.

შეუძლებელი იყო, მას ვინმესთვის არ გაეგო.

– იყო ის კედელი და საიმედო დასაყრდენი, რომელსაც ეძებს ყველა ქალი?

– რა თქმა უნდა. ამაზე არც არის ლაპარაკი. მე არ მინახავს მეორე ისეთი ადამიანი, რომელსაც შეგეძლო ისე დაყრდნობოდი, როგორც ვახუშტის. არაჩვეულებრივი მეგობარი მყავდა გვერდით, დიდი და მყარი. ყველაფერი შემეძლო მისთვის მეთქვა. ნებისმიერ თემაზე შეგეძლო გესაუბრა მასთან და დარწმუნებული ყოფილიყავი, რომ ყველაფერს გაგიგებდა.

– ანუ, ბატონი ვახუშტი იყო ჭეშმარიტი ადამი.

– კი. ნამდვილად იყო და რაც მთავარია, ის არ დაბერდა. ისევ ახალგაზრდა იყო. უბრალოდ, გარეგნულად შეიცვალა – გაჭაღარავდა, თორემ მასში ისევ ჭარბად იყო შინაგანი ენერგია და მისთვის სიყვარულიც არ ყოფილა ჩარჩოებში გამომწყვდეული. ჩვენი ურთიერთობის დეტალებზე საუბარი ალბათ არ არის საჭირო, მაგრამ ერთს ვიტყვი, მისთვის ურთიერთობის მთავარი განმსაზღვრელი იყო სიყვარული.

– ალბათ, ძნელად მოიძებნება მამაკაცი, რომელიც შეძლებს თქვენ ახლა თავი მოგაწონოთ?

– გეთანხმებით. აბსოლუტურად გამორიცხულად მიმაჩნია. მართალია, ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ მე მქონდა ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი და ვიქნები კი ვინმესთვის კიდევ ის, რაც ვახუშტისთვის ვიყავი?! მე რასაც მისგან მივეჩვიე, მეეჭვება, ის კიდევ ვინმესგან მივიღო. როცა ცოლ-ქმარი შორდება ერთმანეთს და თითოეული თავიდან იწყებს ახალ ცხოვრებას, ამ შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ ახალ სიყვარულს. მაგრამ, მე და ვახუშტი ხომ არ დავშორებივართ ერთმანეთს, ჩვენ გარდაცვალებამ დაგვაშორა. ამიტომ, ჩვენი სიყვარული ისევ გრძელდება.


скачать dle 11.3