კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოხიბლა ესპანელი სიძე თემო რცხილაძემ და რატომ ვერ გახდა ის სუპერ-კუპერ ადამიანი


მომღერალი თემო რცხილაძე მარტში 50 წლის შესრულდა. მართალია, ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ თემოს უკვე ნახევარი საუკუნე შეუსრულდა. მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, გეგმავს ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელსაც საკმაოდ ორიგინალური სახელწოდება ექნება. რაც შეეხება ოჯახურ სიახლეებს, ქალიშვილი გაუთხოვდა და უკვე სიმამრის ამპლუაშიც აღმოჩნდა.


– თემო უკვე ნახევარი საუკუნე შეგისრულდათ.

– ეს მხოლოდ ციფრებია, მეტი არაფერი.

– სად აღნიშნეთ დაბადების დღე?

– „ვერე გარდენში,“ სადაც ყოველ შაბათს ვიმღერებ. ვისაც ჩემი მოსმენის სურვილი ექნება, მოვიდეს. დაბადების დღე ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად აღვნიშნე. იაკო იყო, ჩემი საყვარელი მომღერალი, ზურიკელა დოიჯაშვილი, რომა, თავისი ბენდის ულამაზეს მუსიკოსებთან ერთად. მამუკა ონაშვილს რიცხვი აერია და მეორე დღეს დამირეკა, შენთან მოვდივარო.

– ამ გადმოსახედიდან როგორია თემო რცხილაძისთვის განვლილი წლები?

– ჩემი განვლილი წლები იმდენად ლამაზი და ფანტასტიკურია, რომ ბევრს შეშურდება. მაგალითად, ჩემს მეგობრებს კეთილი შურით შურთ.

– როგორ ინარჩუნებთ ფორმას? ბევრს არც კი სჯერა, რომ 50 წლის ხართ.

– მთავარია, ბოღმა არ იყო, თორემ ცხოვრების ისეთი წესი მაქვს, 50-ის კი არა, 160 წლის ადამიანივით მაინც უნდა გამოვიყურებოდე. ნორმალური გრაფიკი მე არ მაქვს. შუაღამისას ჭამა მიყვარს. ძალიან გვიან ვიძინებ და ამიტომ დილით ადრე გაღვიძებას ვერ ვიტან.

– შემოქმედებით ასპარეზზე რა ხდება?

– მაქვს ერთი ძალიან კარგი პროექტი. ვაყალიბებ ჯგუფს, რომელიც 5 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. ჯერჯერობით ორნი ვართ – მე და ლევან ქემულარია. მართალია, ჩემი მუსიკა იქნება, მხოლოდ სულ სხვა ჟღერადობის.

– ჯგუფის სახელი მოიფიქრეთ?

– კი. ჯგუფის სახელზე საავტორო უფლება აღებული მაქვს და პირველად შენთან ვამბობ. ჩვენს ჯგუფს „995“ ერქმევა. უკვე ოთხი წელია, კონცერტებს ვატარებ გერმანიაში, ჰოლანდიასა და ესპანეთში. ამიტომ, როცა ახალი ჯგუფი წარდგება უცხოელი მაყურებლის წინაშე, აღარ დაგვჭირდება იმის ახსნა, თუ სადაურები ვართ. ყველამ იცის, რომ 995 საქართველოს კოდია.

– ვისი იდეაა?

– პირადად, მე მოვიფიქრე.

– როგორ ფიქრობ, „995“ წარმატებული ჯგუფი იქნება?

– წარმატებული რომ იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება.

– ალბათ, გეგმები ძალიან დიდი გაქვთ, როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ.

– ვინ გითხრა, რომ საქართველოში მაქვს გეგმები? საქართველოში რა გეგმა შეიძლება, მქონდეს მე, ადამიანს, რომელიც ვერ იტანს პოლიტიკას და არც პოზიციის და არც ოპოზიციის დანახვა არ უნდა. ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, მაგათზეა ნათქვამი, ისე უხდებიან ერთმანეთს. აქ რომ რამე გავაკეთო, მაშინ დროშა უნდა დავიჭირო ხელში და აქეთ-იქით ვირბინო. მე კი კარის მომღერალი არასდროს გავხდები. რაღა დროს ჩემი კარის მომღერლობაა. იმ პერიოდში კი, როცა ადამიანს ბევრი ფული გინდა, მაშინ არ მიფიქრია ამაზე, ახლა მით უმეტეს, ამ სიბერის დროს. იმ ხალხს, რომლებსაც ამდენი წელი ჩემი დაწერილი სიმღერებით თავს ვაყვარებდი, რატომ უნდა ვათქმევინო, ფუ შენიო.

– ხომ არ არის ეს ყველაფერი იმის მინიშნება, რომ საქართველოდან გეგმავ წასვლას?

– წასვლას არ ვაპირებ. რომ ვიყო 21 წლის, წასვლას კი არ დავაპირებდი, უკვე გაქცეული ვიქნებოდი. ამ ასაკში კი საქართველოდან მუდმივად წასვლა სისულელედ მიმაჩნია.

– საქართველოში ოჯახის წევრებიდან მხოლოდ თქვენ და თქვენი მეუღლე ხართ. ორივე შვილი უცხოეთში მოღვაწეობს.

– თამუნა უკვე ესპანეთის მოქალაქე გახდა. გათხოვდა და ძალიან კარგი ესპანელი სიძე მყავს. ესპანეთში, ქერა ესპანელის ნახვა ძალიან რთულია, რადგან ყველა შავგვრემანია. ჩემმა შვილმა სად იპოვა ქერა, მაღალი ესპანელი ბიჭი, არ ვიცი. ბიჭი, რომელიც სიგარეტს არ ეწევა, არ უყვარს სმა, არ მოსწონს საყურიანი და თმაშეღებილი ბიჭები. იმდენად სხვანაირი ბიჭია, რომ ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, ქართველი ხომ არ არის შემთხვევით, უნდა გამოვიკვლიო-მეთქი.

– თქვენი გაცნობა როგორ მოხდა?

– ენრიკე ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა მეგობრობდნენ. ბარსელონაში, თამუნასთან ერთად, ბარში ვიყავი და იქ გამაცნო. ეტყობოდა, შინაგანად ძალიან ნერვიულობდა. ნახევარი საათის ურთიერთობის შემდეგ, თამუნას უთხრა, მამაშენს გარეგნობით რომ ჰგავხარ, ხასიათითაც დამსგავსებოდი, რა კარგი იქნებოდაო. რომ ვკითხე, რა იყო, შენთან „სტერვობს“-მეთქი, დამეთანხმა, – კი, ძალიანო. მერე რატომ არ ეჩხუბები ამის გამო-მეთქი? ძალიან მიყვარს და იმიტომო. ერთმანეთი ძალიან უყვართ.

– როგორი იყო მისი რეაქცია, როცა ასეთი ახალგაზრდა სასიმამრო გაიცნო?

– როგორიც დანარჩენი ყველასი. მე და თამუნას, და-ძმას უფრო გვადარებენ, ვიდრე მამა-შვილს. ეს ფრაზა კიკემაც თქვა.

– როგორია სიმამრის ამპლუაში ყოფნა?

– ფანტასტიკური.

– პროფესიით ვინ არის?

– დამთავრებული აქვს პოლიციის აკადემია. ესპანეთში ერთ რაიონში სამი ვაკანსია რომ გათავისუფლდება, დაახლოებით 3 000-მდე მსურველი მიდის გასაუბრებაზე. ის თუ გაიარა, მერე მუშაობასაც დაიწყებს პროფილით. დღესდღეობით კი რომელიღაც იაპონური მანქანების ცენტრში მუშაობს. სხვათა შორის, ჩემს სიძეს სამი მანქანა თავის ხელით აქვს აწყობილი, ოქროს ხელები აქვს. ქორწილიც გადაიხადეს ესპანეთში, სადაც ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი ჩასული – გოგი ბურჭულაძესთან და მის მეუღლესთან ერთად.

– თამუნა რას საქმიანობს ამჟამად ესპანეთში?

– ორი წელი ჩოგბურთის მწვრთნელად იმუშავა. კრიზისის დროს კორტები დაიხურა და ახლა ინგლისელების ძალიან დიდი, ოთხსართულიანი მაღაზიის მთავარი მენეჯერია. საახალწლოდ საქართველოში გეგმავდა ჩამოსვლას, მაგრამ იმ დროს დაურეკეს, მოგვეწონე და გვინდა, ჩვენთან იმუშაოო. ძალიან კარგი კონტრაქტი გაუფორმეს.

– ნიკუშას რაც შეეხება?

– ნიკუშა ნიუ-იორკში, სამსახიობო ფაკულტეტზე მესამე წელია სწავლობს. სხვათა შორის, მოკლემეტრაჟიან ფილმში უნდა გადაიღონ, დაამტკიცეს როლზე. ნიკუშა იმდენად მიზანდასახულია და იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ ვინც კი გაიცნო, ყველას თავი შეაყვარა. ძალიან ნათელი აურა აქვს. ჩემი შვილის მიზანდასახულობის 5 პროცენტიც რომ მქონდეს, ახლა ალბათ სუპერ-კუპერ-რაღაცა ვიქნებოდი.

– როგორ ფიქრობ, რატომ არ გეყოთ ნებისყოფა სუპერ-კუპერ-რაღაცამდე მისაღწევად?

– იმიტომ რომ, ჰოროსკოპით „თევზი“ ვარ. უფრო რომანტიკოსი ვარ. მირჩევნია რამდენიმე დღით სადმე გავიპარო, ლამაზად გავატარო და მერე კარგად გავიხსენო, ვიდრე საქმისთვის გავაკეთო ის, რაც საჭიროა.

– დღემდე შემოგრჩათ ეს თვისება? ანუ გაპარვის და მერე ამ დღეების კარგად გახსენების.

– აბა რა. ტყუილად კი არ ვამბობ 50 წელი ჩემთვის მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი-მეთქი. ბევრი ადამიანი მინახავს, სკოლის ასაკშივე უკვე კაცია. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ბოღმა არ იყო. ძნელია ჩემი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ თუ ეს მოხდა, ძალიან საშინელება ვხდები. მიუხედავად ამისა, 15-20 წუთში საერთოდ გამივლის, ხოლმე. უბრალოდ, მეცოდინება, რომ იმ ადამიანთან არანაირი ურთიერთობა აღარ უნდა მქონდეს. ბოღმას გულში არ დავიტოვებ, თავში ქვა უხლია იმას, ვინც წყობიდან გამომიყვანს.

– რას შეუძლია, თქვენი წყობიდან გამოყვანა?

– ღალატს და ტყუილს.

– ვიცი, რომ ძალიან კარგად ხატავთ. გამოფენის მოწყობას არ გეგმავთ?

– ვზივარ ჩემთვის სახლში და ვხატავ. ჩემი ნამუშევრები ბევრს მოსწონს. ერთხელ „ერტეერის“ შეფის შვილმა, იანა ნიკალაევამ მითხრა, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, შენ თუ ხატავდი, თან ასე კარგადო. გასულ წელს, ფრანკფურტში, ოთხი ქართველი მწერლის წიგნის პრეზენტაცია იყო. მოინდომეს, რომ პრეზენტაცია მუსიკალურად მე გამეფორმებინა და საქსოფონზე ოთხი თემა შემესრულებინა. ბარემ შენი ნახატებიც წამოიღე და ჩამოვკიდებთ დარბაზშიო. ჩემს ნახატებს, პრინციპში, ფონი უნდა შეექმნა, მაგრამ შენ წარმოიდგინე, უმეტესობა გაიყიდა. რაც დარჩა ჰოლანდიაში წავიღე, სადაც კონცერტი მქონდა და მეგობრის სახლში დავტოვე. შიგადაშიგ მირეკავს, ნახატები გაიყიდაო და ფულს მიგზავნის.

– სარფიანად იყიდება?

– კი, მშვენიერ ფასად იყიდება, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. ერთი შემიძლია გითხრა, რომ ამ ფასად ხატვა ნამდვილად ღირს. სახლში ვზივარ, თან ვმღერი და თან ვხატავ. რაც დახატული მაქვს, იქიდან ნახევარზე მეტი აღარ მაქვს, გაყიდულია.


скачать dle 11.3