კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ჩამოყვანა დაუჯდა კახა ბუხრაშვილს კლიპის ბიუჯეტის მესამედი და ვინ ემორჩილებოდა მის ბრძანებებს უსიტყვოდ


წარმატებული რეჟისორის, კახა ბუხრაშვილის, იგივე ბუხოს ტელემოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. 18 წლის წინ ის ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ მოყვარულ ოპერატორად, საკუთარი კამერით მივიდა. გავიდა დრო და, წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მისი დოსიე საკმაოდ მრავალფეროვანია. ის დღეს საკმაოდ პოპულარულ რეჟისორად ითვლება. როგორ იქცა მოყვარული ოპერატორი სხვადასხვა პოპულარული პროექტის, კლიპებისა და გადაცემების რეჟისორად, თავად კახა გიამბობთ.


კახა ბუხრაშვილი: ჩემი სატელევიზიო სკოლა „იბერვიზიაში“ დაიწყო. იქ ყველა გამოუცდელი ვიყავით და, ფაქტობრივად, „იბერვიზიაში“ ვისწავლეთ ტელევიზიის ანი-ბანი. ოპერატორობა სკოლის ასაკიდან მინდოდა. იმ პერიოდში საოპერატორო ფაკულტეტზე ოთხ წელიწადში ერთხელ იყო მიღება. სკოლა რომ დავამთავრე, ჯგუფი წინა წელს ჰყავდათ აყვანილი, რის გამოც სამი წელი უნდა მეცადა, ამიტომ, სხვა ხერხს მივმართე: ჩემმა ძმამ ძალიან სერიოზული ვიდეოკამერა მიყიდა და მეც საკუთარი აღჭურვილობით მივედი „იბერვიზიაში.“ იმ დროს ტელევიზიასაც კი არ ჰქონდა ასეთი კამერა. მაშინვე მიმიღეს.

– მას შემდეგ 18 წელი გავიდა. მუშაობდი სხვადასხვა სატელევიზიო არხზე. დღეს უკვე ოპერატორი კი არა, ძალიან პოპულარული რეჟისორი ხარ.

– ეს 18 წელი ადვილი არ იყო, ფაქტობრივად, სულ შრომა, შრომა და შრომა. ალბათ, წარმატებასაც იმიტომ მივაღწიე, რომ ძალიან ბევრს ვშრომობ. თან, ტელევიზია ისეთი რამ არის, რაღაცას რომ გავაკეთებ, ვიცი, ის მეორე დღეს არავის ემახსოვრება. მთავარია, მეორე დღეს რას გააკეთებ. ამიტომ, არასდროს ვტკბები იმით, რაც გავაკეთე, სულ ვამბობ, რომ ეს უკვე გუშინ იყო. მთავარია, ხვალ რას გააკეთებ.

– რამდენიმე წლის წინ საკუთარი სარეკლამო სააგენტო „საყვირი“ ჩამოაყალიბე. გადაღებული გაქვს ძალიან ბევრი სარეკლამო რგოლი...

– წლების განმავლობაში, „ყაზბეგს“ მე ვუკეთებდი სხვადასხვა რეკლამას. „ტევე ლოტოს,“ „ელიტ-ელექტრონიქსის,“ „კიდობანის“ ძველი რეკლამები ჩემი გადაღებულია, ასევე, ლუდი „თბილისის“, სხვადასხვა ბანკისა და ასე შემდეგ რეკლამები. ძალიან ბევრი სარეკლამო რგოლი მაქვს დამზადებული. რეკლამა მზესუმზირასავით არის.

– შენი პირველი მუსიკალური კლიპი – „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი,“ – ძალიან პოპულარული იყო ეთერში გასვლის დღიდან. ვინ მიანდო სარეკლამო რგოლების რეჟისორს, ასეთ საპასუხისმგებლო სიმღერაზე კლიპის გადაღება?

– ალბათ, გახსოვთ პატრიოტული სიმღერის ფესტივალი „პატრინოტი,“ რომელიც ტელეკომპანია „მზეში“ კეთდებოდა. „პატრინოტი 3-ისა“ და „პატრინოტი 4-ის“ რეჟისორი ვიყავი. ეს ფესტივალი კულტურის სამინისტროს ეგიდით კეთდებოდა, რომლის პროდიუსერი პაპუნა დავითაია იყო. ზუმბას სიმღერამ რომ გაიმარჯვა, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, მასზე კლიპი გადაღებულიყო. გამოცხადდა კონკურსი, სადაც ყველაზე მეტად ჩემი სცენარი მოეწონათ და, ამიტომ, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება მე მომანდეს.

– ეს კლიპი შენთვის, როგორც რეჟისორისთვის, ფეხბედნიერი აღმოჩნდა?

– დიახ, მაგრამ მაგის მერე ბევრი არ გადამიღია.

– ჯობია, ცოტა აკეთო, მაგრამ ხარისხიანი.

– ბევრსაც და ხარისხიანსაც გავაკეთებ, პრობლემა არ არის. თუმცა, ახლა იმდენ რამეს ვაკეთებ, მართლა ჯობია, ცოტა და ხარისხიანად ვაკეთო.

– „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ ძალიან მასშტაბური კლიპია, რომელშიც ბევრი მომღერალია დაკავებული. არ იყო რთული ამდენი ხალხის თავმოყრა? მაგალითად, დიანა ღურწკაია, როგორც ვიცი, ამ კლიპისთვის სპეციალურად ჩამოიყვანე მოსკოვიდან.

– როცა ასეთ კლიპზე მუშაობ, ყველა მონდომებულია. მიუხედავად ამისა, მათი შეკრება ფიზიკურად იყო ძნელი, რადგან კლიპს აგვისტოში ვიღებდით და გაფანტულები იყვნენ. კლიპის გადაღებისას მოსკოვიდან მოგვიწია დიანა ღურწკაიას ჩამოყვანა, რამაც კლიპის ბიუჯეტის მესამედი წაიღო.

– ამის მერე გადაიღე კლიპი „დავაი ტანკ ნაზად!“ რომელიც ძირითადად „სუხიშვილების“ ცეკვით არის გაფორმებული.

– ეს ილიკო სუხიშვილის კომპოზიციაა და სახელიც თავად დაარქვა. კლიპი მართლაც რეკორდულ დროში დამზადდა – გადაღებიან-მონტაჟიანად, შვიდ დღეში გაკეთდა. მისი გადაღება 30 ივლისს გადაწყდა, 1 აგვისტოს დავიწყეთ და 8-ში მზად იყო. მგონი, ძალიან წარმატებული გამოვიდა.

– შენი კლიპებიდან საკმაოდ დიდი ემოცია მოდის და შენი ხელწერა ყოველთვის ეტყობა. თანმიმდევრულად თუ მივყვებით, მესამე იყო სოფო ნიჟარაძის კლიპი – „ბათუმს ქათქათას.“

– ო, ეს საკმაოდ რთული გადაღებები იყო. დავიწყოთ იმით, რომ ბათუმზე ზაფხულის კლიპი ოქტომბერში გადავიღე. წარმოიდგინე, ქართველები ზაფხულში დადიან შავ სამოსში და ოქტომბერში რა იქნებოდა! ამიტომ, ფერადი კლიპის გადაღება ცოტა გაგვიჭირდა, დროშიც შეზღუდულები ვიყავით. თან, 20 ოქტომბერს ბავშვს ველოდებოდი, პირველში უკვე ბათუმში გვქონდა გადაღება დაგეგმილი. ჩემი შვილი მოულოდნელად, 1-ში ღამით გაჩნდა. გადაღებაზე ისე წავედი, ბავშვი ნანახი არ მყავდა. ცოლ-შვილი მხოლოდ 10 დღის შემდეგ ვნახე, მაგრამ, რას იზამ, საქმე საქმეა.

– ახლახან ტელეარხებზე გამოჩნდა შენი გადაღებული კიდევ ერთი კლიპი „პოლიცია ჯე.“ შენს ბოლო ნამუშევარზე რას იტყვი, ადვილია პატრულთან მუშაობა?

– შენ წარმოიდგინე, პატრულთან მუშაობა ძალიან ადვილი ყოფილა, რადგან ბრძანებებს ემორჩილებიან. გადასაღებ მოედანზე მათთვის რეჟისორიც მე ვიყავი და მინისტრიც. საკმარისი იყო ბრძანების გაცემა, რომ წამებში სრულდებოდა. როცა რეჟისორის ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებენ, ძალიან კარგია. მეგონა, კლიპის გადაღებას ცხრა დღეში დავამთავრებდით, მაგრამ, თვრამეტ დღეს გაგრძელდა. დაახლოებით 45 ადგილი გადავიღეთ. ასეთი მობილიზებულები რომ არ ყოფილიყვნენ და ბრძანებები უსიტყვოდ არ შეესრულებინათ, გადაღებები გაცილებით მეტხანს გაგრძელდებოდა.

– ახლა რაზე მუშაობ?

– ახლახან გადავიღე კლიპი ფილმ „ქუჩის დღეების“ საუნდთრეკზე, რომელსაც ნატო მეტონიძე და ნიაზ დიასამიძე მღერიან.

– ხარ „მაფიის ღამის“ რეჟისორი, ასევე, მუშაობდი „ნანუკას შოუზე...“

– „ნანუკას შოუს“ რამდენიმე გადაცემის რეჟისორი ვიყავი, მაგრამ, იმდენად შრომატევადი გადაცემაა, ფაქტობრივად, სულ იქ უნდა ვყოფილიყავი, დრო კი ამის საშუალებას არ მაძლევდა.

– „მაფიის ღამეს“ რაც შეეხება?

– „მაფიის ღამის“ მონაწილეები მართლა აზარტში შედიან და ძალიან მოსწონთ. კარგი გადაცემაა, კარგად მონტაჟდება და, თან, იაფი ჯდება. მთავარია, თამაში წავიდეს კარგად. ჩაწერის დროს ჩვენ თვითონაც აზარტში შევდივართ ხოლმე.

– მკაცრი რეჟისორი ხარ?

– არ ვიცი... ალბათ ცოტა კი.

– ძვირად ღირებული რეჟისორია კახა ბუხრაშვილი?

– ძვირად ღირებული რეჟისორი არ ვარ. ყოველთვის მიჭირს თანხაზე ლაპარაკი, რაც მერე ჩემი პრობლემა ხდება. ხშირად გაცილებით მეტი გაუთვალისწინებელი გადაღება ინიშნება, რის გამოც ბიუჯეტში ვეღარ ვეტევით. ალბათ, იმიტომაც მაძლევენ შეკვეთებს, რომ კლიპებს ძვირად არ ვიღებ, მაგრამ, ხარისხიანად – კი.

– როგორც რეჟისორს, ყველაზე მეტად ვისი კლიპის გადაღება გინდა?

– „მგზავრების“ კლიპის გადაღება მართლა მინდა. პატრიოტები არიან, უყვართ თავისი სამშობლო, უყვართ, რასაც აკეთებენ, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან და მდიდარი რეპერტუარი აქვთ.


скачать dle 11.3