კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-11(481)

ხერხმომარჯვებული პითონი სააბაზანოში შევიდა. მკვდარი ელბრუსის თავი აბაზანის კიდეს დააყრდნო და სულ რაღაც წუთ-ნახევარში მოახერხა. შემდეგ ცელოფანჩაფენილ ჩანთაში ჩადო, ოთახში გამოვიდა და დანარჩენებს მიმართა:

– ახლა თქვენ გააგრძელეთ და ოც-ოც სანტიმეტრიან ნაწილებად დახერხეთ! მიდით, მალე ქენით!

ქურდები რიგრიგობით შეუდგნენ ცხედრის ხერხვას.

– როგორ ხარ, მახო? – ჰკითხა მათემ პითონს და არყით სავსე ჭიქა მიაწოდა.

– სწორედ რომ დროული იყო, მადლობა. ელბრუსის, ხსოვნა იყოს, ღმერთმა აცხონოს, – თქვა პითონმა არყით სავსე ჩაის ჭიქა სულმოუთქმელად გამოსცალა და მათეს მიუბრუნდა, – რაღა მე და, რაღა – მანიაკი. როდისმე ვიფიქრებდი, რომ ადამიანს მოვაჭრიდი თავს, მით უმეტეს – ჩვენს ძმას?!

– რას იზამ, მახოჯან, – მხრები აიჩეჩა მათემ, – დღეს ასე სჭირდება საქმეს და ელბრუსის სული გვაპატიებს.

– რა საშინელებაა ადამიანისთვის თავის მოხერხვა! – ხელები გაასავსავა ლუდამ, – შეიძლება, ჭკუიდან შეიშალოს კაცი.

– გეთანხმები, ველურობაა, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს, ჩემო გოგონა, – თავზე ხელი გადაუსვა მათემ ლუდას, – თავი ხელში აიყვანე და საქმე არ ჩაგვიშალო. ელბრუსი შენ და ჰამომ უნდა დამარხოთ და ნერვებს ნუ აჰყვები.

– ელბრუსი უნდა დავმარხოთ თუ მისი ნარჩენები? – არ ცხრებოდა ლუდა.

სასტუმრო ოთახში ერთ-ერთი ქურდი შემოვიდა და პითონს უთხრა:

– ყველაფერი მზადაა. ცხონებული ელბრუსი ორ ჩანთაში ჩავალაგეთ და შეიძლება, დავმარხოთ.

პითონმა უხმოდ დაუქნია თავი კოლეგას. შემდეგ ქალ-ვაჟს მიუბრუნდა და უთხრა:

– დრო არ ითმენს. ელბრუსი უნდა დაიმარხოს. აბა, თქვენ იცით, წავედით!

მათე და პითონი, ქალ-ვაჟთან ერთად, დერეფანში გავიდნენ, სადაც ელბრუსის დანაწევრებული სხეულის ნაწილებით სავსე ორი ჩანთა ელაგა.

– აი, ყველაფერი მზადაა, – თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქურდმა, რომელსაც პერანგზე სისხლის წვეთები ჰქონდა მისხმული, – შეგიძლიათ, დამარხოთ. ლუდა, თქვენ აი, ეს ჩანთა აიღეთ, უფრო მსუბუქია.

ლუდას სული შეეხუთა და თავბრუ დაეხვა, თან გულისრევა მოეძალა. თუმცა, ბოლო მომენტში გრძნობები მოთოკა, მითითებული ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ჰამოს უთხრა:

– აიღე და წავედით, დრო არ ითმენს!

ჰამომ მეორე ჩანთა გადაიკიდა. შემდეგ წყვილი ქურდებს გამოემშვიდობა და კონსპირაციული ბინიდან გავიდნენ...

***

ქალ-ვაჟმა მშვიდობიანად მიაღწია „ჯიპამდე“. დანაწევრებული გვამის ნაწილებით სავსე ჩანთები საბარგულში ჩაალაგეს და ქალაქგარეთ გაემართნენ. ჰამომ ერთ-ერთ საეკლესიო მაღაზიასთან შეაჩერა მანქანა და მხოლოდ მას მერე გააგრძელა გზა, როდესაც ლუდამ სანთელი, ნახშირი და საკმეველი იყიდა.

– სად დავმარხოთ ეს საწყალი? – ჰკითხა ჰამომ ლუდას და „ჯიპი“ გზაჯვარედინთან შეაჩერა, სადაც რამდენიმე გზატკეცილი იწყებოდა.

– სამხრეთისკენ დააწექი, ყველაზე უდაბური ადგილები იქაა და ტყეში დავმარხოთ.

ჰამომ სვლა განაგრძო. „ჯიპმა“ ორი რეიდი ყოველგვარი პრობლემების გარეშე გაიარა, ბოლოს ტყეში შევიდნენ და მანქანა ხშირ ნაძვნარში გააჩერეს.

– აქვე დავმარხოთ, მაგრამ, მანამდე უნდა დავზვეროთ და დავრწმუნდეთ, რომ არავინ გვითვალთვალებს, – თქვა ჰამომ, მანქანიდან გადავიდა და ასი მეტრის რადიუსში ყურადღებით დაათვალიერა მიდამო. როცა დარწმუნდა, რომ იქაურობა სუფთა იყო, ლუდას უთხრა, – ყველაფერი რიგზეა, შეგვიძლია, დავიწყოთ.

– ჩანთიანად დავმარხოთ? – იკითხა შეძრწუნებულმა გოგონამ.

– არა, ლუდაჩკა, რა ჩანთიანად, მანიაკები ხომ არ ვართ, – თავი გააქნია ჰამომ და საფლავის თხრას შეუდგა.

ლუდამ ნახშირი გააღვივა, საკმეველი დაანთო და ლოცვას შეუდგა. ჰამო გამალებით მუშაობდა და ნახევარი საათის მერე საფლავი მზად იყო.

– მორჩა, შეგვიძლია, დავმარხოთ, – უთხრა ჰამომ ლუდას. ორმოდან ამოვიდა და მანქანისკენ გაემართა, რომ საბარგულიდან ჩანთები ამოეღო, მაგრამ ლუდამ მას ხელი დაუქნია და უთხრა:

– მე მგონი, ვიღაც მოდის, რაღაც ხმებია...

გოგონა არ შემცდარა – ტყეში სამი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებიც პირდაპირ ქალ-ვაჟისკენ მიემართებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც წინ მოდიოდა, გამხდარი, საშუალო სიმაღლის და წითური იყო. მის უკან მომავალთაგან ერთი ძალიან დაბალი და მელოტი, მეორე კი ცალთვალა იყო, რომელსაც მარცხენა თვალი შავი ფერის ლენტით ჰქონდა ახვეული.

– ეს რა ხილი ამოსულა ჩვენს სამფლობელოში? – ხმამაღლა იკითხა წითურმა და მეგობრებს მიუბრუნდა, – ხედავთ, ძმებო, ჩვენს კუნძულზე უცხო ელემენტები გამორიყა დინებამ.

– უცხო ეს სუბიექტია, – თითი გაიშვირა ჯუჯამ ჰამოსკენ და შემდეგ ლუდაზე გადაიტანა მზერა და თქვა, – ეს კი ჩვენიანია.

– გულივერი მართალია, – თქვა ცალთვალამ, – ჩვენიანია.

– თქვენიანი რატომ? რა, ცალთვალა ვარ, რიჟა თუ ჯუჯა? – პასუხი არ დააყოვნა ლუდამ და ჰამოს შეხედა, რომელიც უკვე მომავალი ჩხუბის კომბინაციებს გეგმავდა.

ცალთვალასა და წითურს ირონიულად გაეცინათ, ჯუჯა მელოტმა კი უკიდურესად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და კბილებში გამოსცრა:

– შემეშალა. ჩვენიანი კი არა, ჩვენი ხარ.

– მართლა, გულივერ? – განსაკუთრებული ირონიით თქვა ლუდამ, – ნიჭიერი ნათლია გყოლია და სახელი ზუსტად შეურჩევია – მართლაც გულივერი ხარ, მაღალი, ტანადი, მოხდენილი, ლამაზი...

ჯუჯა მელოტი ისე გამწარდა, რომ არა მარტო სახე, არამედ ლაპლაპა თავიც წამოეჭარხლა და ლუდას საშინელი მზერა ესროლა, თან გული ყელში ისე მოებჯინა, რომ პასუხის გაცემის ნაცვლად სასაცილო ქშენა აღმოხდა.

– რა ორთქლმავალივით ქშინავ, გულივერჩიკ, ენა ჩაგივარდა? – თქვა ლუდამ. შემდეგ კოპები შეკრა და კბილებში გამოსცრა: – ახლავე აქედან აიბარგეთ, თქვე ნაბოზრებო, თორემ მეორე თვალსაც გამოგთხრით, უფრო რიჟას გაგხდით და ისე დაგაპატარავებთ, რომ ნეხვის ჭია დინოზავრად მოგეჩვენებათ!

– დაგვცინის ეს ჩათლაშკა! – წამოიძახა წითურმა.

– ახლა მიხვდი, შე ცეცხლწაკიდებულო? – გაეცინა ლუდას, – მანამდე სად უკანალში იყავი?

– რა ვქნათ, ძმებო? – არ ცხრებოდა წითური.

– თვალები დავთხაროთ! – მიუგო ცალთვალამ, – მერე კი ვიხმაროთ და აი, ამ ორმოში ჩავყაროთ.

– მოიცა, მოიცა! – გააჩერა ჯუჯამ მეგობრები და ქალ-ვაჟს მიუბრუნდა, – აქ რაღაცაშია საქმე. ეს ორმო რისთვის გათხარეთ?

– თქვენთვის, გულივერჩიკ, ვიცოდი, რომ სამი ნაბოზარი გვეწვეოდა და საფლავი მოვამზადეთ.

– რამდენს უთმენ ამ ნაბოზარს, გულივერ?! – წამოენთო წითური, – მოდი, დავტკეპნოთ!

ჯუჯამ ცალთვალა ხელის მოძრაობით გააჩერა და თქვა:

– ამათ დატკეპნას დიდი ჭკუა არ სჭირდება და ყოველთვის მოვასწრებთ. მე მაინტერესებს, ესენი ამ უდაბურ ადგილას რამ მოიყვანა და აუცილებლად გავიგებ.

– რაში გაინტერესებს? მოდი, ჯერ დავტკეპნოთ, მერე ვიხმაროთ და ესენი თავის გზაზე წავლენ, ჩვენ კი – ჩვენსაზე, – თქვა ცალთვალამ.

– ჯერ მოიცადე! – თვალები დაუბრიალა ჯუჯამ ცალთვალას და ისევ წყვილს მიუბრუნდა: – აქ რატომ მოხვედით, ან ეს ორმო რას ნიშნავს?

ლუდამ პირი დააღო საპასუხოდ, მაგრამ „ჯიპთან“ მისულმა წითურმა წამოიძახა:

– აქ ორი დიდი ჩანთაა!

– რა არის ჩანთებში? – იკითხა ჯუჯამ.

– წადით, ძმებო, მშვიდობიანად გაეცალეთ აქაურობას. დავივიწყოთ, რომ ერთმანეთს შევხვდით, – უთხრა ჰამომ ჯუჯა მელოტს.

– ლაპარაკი გცოდნია. მე კი მუნჯი მეგონე, – ჩაეცინა ჯუჯას, – რა არის ჩანთებში?

– გახსენით და ნახეთ, – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – მაგრამ გული არ გაგისკდეთ.

– ვნახავთ კიდეც, – თავი დააქნია ჯუჯამ და წითურს გასძახა: – ერთი, გაჩითე, რა დევს მანდ!

წითურმა ჩანთა გახსნა და ჩაიხედა, მაგრამ გველნაკბენივით შეხტა, წამოიკივლა და შიშისგან მიწაზე დაეცა. ჩანთა საბარგულიდან გადმოვარდა, მიწაზე დაეცა, ელბრუსის გაგორებული თავი კი წითურს დაეჯახა მხარზე და გაჩერდა...

– მანიაკები ყოფილან, ძმებო! ჩანთაში „ტრუპები“ აქვთ. თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლიათ! – იღრიალა ცალთვალამ და სპრინტერივით მოსწყდა ადგილს, მაგრამ ლუდამ მას ფეხი დაუდო, ქეჩოში სწვდა და ორმოში ჩააგდო.

წითურმა წამოდგომა სცადა, მაგრამ ცხვირი მოკვეთილ თავს წამოსდო და გული წაუვიდა. ხეირი არც ჯუჯას დაადგა: მანაც გაქცევა სცადა და თავისი მოკლე ფეხები ისე სწრაფად აამოძრავა, რომ ჰამომ მას თხუთმეტი მეტრი სდია და წამოათრია, ორმოს წინ დააყენა და წიხლის კვირით ჩააგდო. ბოლოს კი გულწასული წითურიც ორმოში ჩააგდეს და ზემოდან წამოადგნენ.

– უნდა დაგვხოცოთ? – აკანკალებული ხმით იკითხა ცალთვალამ.

– ცოცხლად უნდა დაგმარხოთ, – კბილებში გამოსცრა კოპებშეკრულმა ლუდამ, რომელიც აცახცახებულების დანახვაზე ძლივს იკავებდა სიცილს.

– ცოცხლად? – გაიმეორა ჯუჯამ.

– რა, არ ხართ ღირსები? – ჰკითხა ლუდამ, – თქვენ არ გვიპირებდით გაჟიმვას და დატკეპნას?

– გვაპატიე, ძვირფასო, გაგვიშვი და, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ, რაც აქ ვნახეთ, სამუდამოდ დავივიწყებთ, – ატირდა ცალთვალა.

– გაპატიოთ? – ბოხი ხმით წარმოთქვა ლუდამ და ისე დააბრიალა თვალები, რომ წითურს მეორედ წაუვიდა გული.

– გვაპატიეთ, რა... – იმეორებდა ცალთვალა, რომელმაც ჯუჯას ჩაავლო ხელი მაჯაში და ხვეწნა დაუწყო, – უთხარი, რა, შენ უთხარი, გულივერ, რომ გვაპატიონ, არ მინდა სიკვდილი!..

– არ იცი, ფედკა, რომ მანიაკები არასოდეს პატიობენ და მოწმეებს ანადგურებენ?! ჩვენ კი მოწმეები ვართ, – უთხრა ცალთვალას ჯუჯამ და ჯერ მწარედ ჩაეცინა, მერე კი აქვითინდა, თან თავს აქეთ-იქით იქნევდა და იმეორებდა, – ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, აქ რამ წამომიყვანა! წუხელ ხომ პოლინა ბებია დამესიზმრა და გამაფრთხილა, დღეს სახლიდან არ გახვიდეო. ღმერთო, ღმერთო, პოლინა ბებიას არც სიცოცხლეში ვუჯერებდი და სიზმარში მაინც დამეჯერებინა...

– მორჩი ქვითინს! – ხმას აუწია ლუდამ, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს და ჯუჯას საქციელმა ძალიან გაამხიარულა, – ჩვენ კეთილი მანიაკები ვართ და, თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება, გაგირიგდეთ კიდეც.

– გაგვირიგდეთ? – გაუხარდა ჯუჯას.

– ჰო, – თავი დააქნია ლუდამ, – მაგრამ, კარგად უნდა მოიქცეთ და დაგვიჯეროთ.

– რა უნდა გავაკეთოთ?

– პირველ ყოვლისა, ჩვენი სახეები, მანქანის მარკა და ნომერი უნდა დაივიწყოთ. აგრეთვე, ისიც, რაც აქ ნახეთ!

– დავივიწყებთ, დავივიწყებთ! – ერთდროულად თქვეს ცალთვალამ და ჯუჯამ.

– მოიცადეთ, ჯერ არ დამისრულებია!

– გისმენთ, ბრძანეთ!

– ჩვენ ახლა აქედან წავალთ. თქვენ კი სამი საათის განმავლობაში აქ უნდა ისხდეთ და მხოლოდ ამ დროის გავლის მერე გაეცალოთ აქაურობას. გაწყობთ?

– გვაწყობს, გვაწყობს!

– მაშ, კარგი, ჩვენ წავედით, – თქვა ლუდამ და მას მერე, რაც ელბრუსის თავი ჩანთაში დააბრუნეს და ჩანთასთან ერთად ნიჩაბიც „ჯიპში“ ჩადეს, ქალ-ვაჟი იქაურობას გაეცალა.

ჰამოს უხმოდ მიჰყავდა მანქანა და მხოლოდ მას მერე ალაპარაკდა, როდესაც ლუდას ჰომერული ხარხარი აუტყდა.

– რა გაცინებს, ლუდა, გაგიჟდი?

– საბრალო ჯუჯა გამახსენდა, რომ კანკალებდა და რომ ჩაიფსა...

ლუდას სიტყვებზე ჰამოც ახარხარდა, მაგრამ უმალვე დაცხრა, რადგან მათ ავტოინსპექციის მანქანა წამოეწია, რომლის მძღოლიც ჰამოს ანიშნებდა, გაჩერდიო.

– ახლა კი მთელი გონება და ნებისყოფა უნდა მოვიკრიბოთ, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ, – უთხრა ჰამომ ლუდას, – არც ისე სასაცილოები ყოფილან ეს ნაბოზრები.

– ვინ?

– ვინ და, ორმოში რომ დავტოვეთ. გაიშნიკების მანქანაში სხედან და, როგორც ეტყობა, ჩვენზე უამბეს ყველაფერი, – უთხრა ჰამომ ლუდას და მარცხნივ, ავტოინსპექტორების მანქანისკენ გაიშვირა ხელი.

ავტოინსპექტორების მანქანაში წითურის, ჯუჯასა და ცალთვალას გარდა, ორი ავტოინსპექტორიც იჯდა. ერთ-ერთი მათგანი საჭეს მართავდა, მეორეს კი პისტოლეტი ჰქონდა გადმოყოფილი და ჰამოს უმიზნებდა.

– მართლა იმ ორმოში უნდა ჩაგვეკლა ეს ნაბოზრები. გააჩერე და მაცადე, ყველაფერს მე მოვაგვარებ! – უბრძანა ჰამოს ლუდამ და „ჯიპიდან“ გადავიდა, პისტოლეტმომარჯვებულ ავტოინსპექტორთან მივიდა:

– რაშია საქმე, კაპიტანო, ვინმეში გეშლებით?

– ხელები მაღლა, „კაპოტთან“ მიდი და არ გაინძრე! – მკაცრად უთხრა ლუდას კაპიტანმა.

– იქნებ, ფეხების აწევა სჯობდეს და „კაპოტზე“ ჟიმაობა?! რას იტყვი კაპიტანო, არ გაწყობს? – უთხრა ლუდამ.

– ხელები მაღლა, შე ძუკნავ! – გაიმეორა მეორე მილიციელმა, რომელსაც ასევე კაპიტნის „პაგონები“ ეკეთა მხრებზე და პისტოლეტი ჰამოსთვის ჰქონდა მიშვერილი.

– ეგ ძუკნა კი არა, მანიაკია, – უთხრა წითურმა მილიციელს, – ჩანთაში მოჭრილი თავი უდევთ.

– გავარკვევთ! – თქვა მილიციელმა და ლუდას მიუბრუნდა, – ჩანთები გვაჩვენეთ, სწრაფად!

– კაპიტნებო, – ირონიულად წარმოთქვა ლუდამ, – ჯერ, იქნებ, ჩემი საბუთები გენახათ და მერე გვესაუბრა?

– მანიაკის საბუთები გაქვთ? – დამცინავად თქვა მეორე კაპიტანმა.

– არ გირჩევთ, მილიციელო, რომ „ეფესბეს“ ოფიცრებს მანიაკები უწოდოთ, თორემ, ისეთ უსიამოვნებებს გადაეყრებით, რომ მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდებათ!

„ეფესბეს“ ხსენებაზე მეორე კაპიტანმა უკან დაიხია და პისტოლეტიც კი დაუშვა, მაგრამ კოლეგას პირველი კაპიტანი ამოუდგა გვერდით, პისტოლეტი გოგონას მიუშვირა და უთხრა:

– აბა, მანახე ერთი, ეგ შენი „ეფესბეს“ ქსივა!

ლუდამ „ეფესბეს“ წიგნაკი მიაწოდა მეორე კაპიტანს, რომელმაც საბუთი გაშალა, ჩახედა და ირონიულად თქვა:

– როგორც ვფიქრობდი, ისეა – ლიპა ქსივაა. ახლა სხვანაირები დაურიგეს ჩეკისტებს. ჩქარა, საბარგული გახსენით და ჩანთები გვიჩვენეთ!

– ლიპა შენ თვითონ ხარ, შე პეტუხო! – უთხრა ლუდამ მეორე კაპიტანს, – ძველი ქსივაა და ჯერ არ გამომიცვლია. ახლავე დამიბრუნე და აქედან დაახვიეთ, თორემ უკანალით კაკლებს გამტვრევინებთ!

მეორე მილიციელი ლუდასთან მიიჭრა და იარაღის ტარი მოუქნია, მაგრამ, მედვედევამ მას იარაღი წაართვა, ძირს დააგდო და შუბლზე ლულა დაადო. იგივე გაიმეორა ჰამომაც და ორივე ავტოინსპექტორი სულ რაღაც ხუთი წამის მერე აბსოლუტურად უმწეონი იყვნენ... ეს რომ წითურმა, ჯუჯამ და ცალთვალამ დაინახეს, ადგილზე გაქვავდნენ და გაფითრდნენ. წითური კი მიწაზე გაგორდა და თვალები დახუჭა.

– ადექი, შე ნაბოზარო და ამ მანიაკებს პასუხი გაეცი! – აღრიალდა ჯუჯა, წითურთან მიიჭრა, ქეჩოში ხელი ჩაავლო, თავი ააწევინა და მილიციის მანქანაზე არტყმევინა, თან იმეორებდა: – შენი ბრალია ყველაფერი! არ ჯობდა, რომ იმ ორმოში ვმსხდარიყავით სამი საათი, ასეთ დღეში ხომ არ აღმოვჩნდებოდით?! ახლა კი მანიაკების ხელში ვართ და მეორედ უკვე აღარ გვაპატიებენ!

ჯუჯას ცალთვალამ აუბა მხარი და წითურს წიხლები დაუშინა, რომელიც თავჩაღუნული იჯდა მიწაზე და თავზე ხელები ჰქონდა აფარებული. ავტოინსპექტორები კი ისე იყვნენ გაოგნებულები ამ სცენით, რომ სიტყვას ვერ ძრავდნენ.

ლუდამ მხრები აიჩეჩა, გაეცინა და პირველ კაპიტანს უთხრა:

– კაპიტანო, ეს გიჟები სად იპოვეთ?

– გზაზე გადმოგვიხტნენ და გვითხრეს, რომ მანიაკები დაგვესხნენ თავს, რომლებსაც მანქანაში ადამიანის მოკვეთილი თავი უდევთო, – სხაპასხუპით თქვა მილიციელმა.

– და თქვენც დაიჯერეთ, ხომ?

– ჰო, რა ვიცი, – უხერხულად აიჩეჩა მხრები პირველმა კაპიტანმა.

– თქვენი განყოფილების უფროსის გვარი მითხარით, – შეუბღვირა ლუდამ პირველ კაპიტანს.

– პოლკოვნიკი ფროლოვი, – კვლავ სხაპასხუპით თქვა პირველმა კაპიტანმა.

– კეთილი. ხმაზე თუ ცნობ?

– რა თქმა უნდა, ხან რაციით ვესაუბრები და ხან – მობილურით.

– ნომერი მითხარი.

კაპიტანმა ლუდას ფროლოვის მობილურის ნომერი მისცა. გოგონამ კი თავისი მობილური გაშალა, დარეკა და თქვა:

– ჟენია, ეს ნომერი ჩაიწერე, შენი სახელით დარეკე და უთხარი, გადმომირეკოს. მორჩა, მეტი არაფერი მინდა. მამაჩემი მოიკითხე.

ლუდამ ტელეფონი დაკეცა და პისტოლეტი კაპიტანს მიაწოდა, რომელმაც არ იცოდა, შეენახა იარაღი თუ კვლავ ლუდასთვის მიეშვირა.

იგივე გაიმეორა ჰამომაც და პისტოლეტი მეორე კაპიტანს დაუბრუნა. თუმცა მან კვლავ ქალ-ვაჟს მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:

– ხელები მაღლა!

ლუდამ თავი გააქნია, ჩაეცინა და პირველ კაპიტანს უთხრა:

– შენს კოლეგას ერთ ადგილზე ერთი რამ აქვს გაჭედილი და, თუ არ მოისვენებს, უფრო ღრმად გავუჭედავთ!

– ვიტია, მოისვენე! იარაღი შეინახე! – უთხრა მეორეს პირველმა კაპიტანმა, რომ ამ დროს ლუდას ტელეფონმა დარეკა და მედვედევამ უპასუხა:

– დიახ, გისმენთ, მოიცა, ახლავე, – თქვა ლუდამ, ტელეფონს ხმა აუწია, ხმამაღალზე ჩართო და მეორე კაპიტანს გადასცა, რომელსაც ჯერ კიდევ ხელში ეკავა პისტოლეტი.

– გისმენთ! – თქვა მეორე კაპიტანმა.

– პეტროვ, შენ ხარ? – მოესმა მეორე კაპიტანს მამაკაცის ბოხი ხმა.

– ამხანაგო პოლკოვნიკო, თქვენ ხართ?

– მე ვარ, მე, შე სირო, ნაბოზარო და, რაც მთავარია, კრეტინო! ზახაროვი შენთან ერთადაა?

– დიახ.

– ახლავე დამალაპარაკე!

– პოლკოვნიკი ფროლოვია, – უთხრა მეორე კაპიტანმა პირველ კაპიტანს და ტელეფონი მიაწოდა, თუმცა პირველმა კაპიტანმა მშვენივრად მოისმინა განრისხებული პოლკოვნიკ ფროლოვის სიტყვები და, ტელეფონი რომ გამოართვა, შეშინებულმა უპასუხა:

– გისმენთ, ამხანაგო პოლკოვნიკო!

– ზახაროვ! – ღრიალებდა პოლკოვნიკი, – პეტროვი რომ ასოსთავაა, მთელმა განყოფილებამ იცის, მაგრამ შენ რამ გამოგასირა და მინისტრის ქალიშვილი, თანაც, „ეფესბეს“ ოფიცერი, რამ გაგაჩერებინა?

– მოქალაქეები შეგვხვდნენ გზაზე და გვითხრეს, რომ მანიაკებს გვანახებდნენ, რომლებიც „მერსედესის ჯიპით“ გადაადგილდებიან და მანქანაში მოკვეთილი თავი უდევთო. ხომ იცით, რომ ჩვენს კვადრატში მართლაც მანიაკს ვეძებთ და, ვიფიქრეთ, რომ...

ფროლოვს, რომელიც უხმოდ ისმენდა ზახაროვის პასუხს, მოთმინების ფიალა აევსო და მთელი ძალით უღრიალა მას:

– კრეტინო! ახლავე გაუშვით ეგ ხალხი, ბოდიში მოუხადეთ და, რასაც გიბრძანებენ, ის გააკეთეთ! ისინი კი, ვინც მანიაკების ნაკოლი მოგცათ, საგიჟეთში წაიყვანეთ, ალბათ, გამოქცეულები არიან!

– გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო, – თქვა ზახაროვმა, მაგრამ მას ლუდამ გამოართვა ტელეფონი და ფროლოვს უთხრა:

– არაა საჭირო ასეთი სიმკაცრე, პოლკოვნიკო, ესენი უკვე დაისაჯნენ. გიჟებს კი ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩვენ მივიყვანთ, ნახვამდის, – ლუდამ ტელეფონი დაკეცა და კაპიტნებს მიუბრუნდა, – ბრძანება გაუქმებულია. შეგიძლიათ, მშვიდად განაგრძოთ მორიგეობა, ამათ კი ჩვენ მივხედავთ.

კაპიტნები სასწრაფოდ ჩახტნენ მანქანაში, ქალ-ვაჟს გამოემშვიდობნენ და უმალვე მოშორდნენ იქაურობას, ლუდა კი ჯუჯას მიუბრუნდა:

– არ გრცხვენია, გულივერ? ესაა შენი კაცური სიტყვა?

– გვაპატიე, ძვირფასო, გვაპატიე, – მუხლებში ჩაუვარდნენ ლუდას ცალთვალა და ჯუჯა, – ამ ნაბოზარმა შეგვაცდინა, შემოგვიჩნდა, მანიაკები არიან, საზოგადოებისთვის საშიშები, ხალხს თავებს აჭრიან და დავაჭერინოთო.

– ვინ ხალხს, რა თავს, ხომ არ შეიშალეთ? მართლა გიჟები ხომ არ ხართ და საგიჟეთში ხომ არ გაგაქანოთ? – მხრები აიჩეჩა ლუდამ, – სად ნახეთ მოჭრილი თავი, ან რომელ მანიაკებს ჩვენ ვგავართ?

– არანაირი მოკვეთილი თავი არ გვინახავს და თქვენც პირველად გხედავთ, – იღრიალა ნაცემმა წითურმა, რომელიც მარდად წამოხტა ფეხზე, ლუდას მუხლებში ჩაუვარდა და ატირდა: – გაუგებრობაა, ნამდვილი გაუგებრობა... გვაპატიეთ, ნუ დაგვხოცავთ...

– არც ვაპირებდი, – მხრები აიჩეჩა ლუდამ, – უბრალოდ, ერთი პირობა მაქვს და, თუ არ შეასრულებთ, აუცილებლად საგიჟეთში გაგაქანებთ.

– რა პირობა? ბრძანეთ, ყველაფერს შევასრულებთ! – იმეორებდა წითური და მიწაზე ხოხავდა.

– გაჩერდი და მომისმინე!

წითური მუხლებზე დადგა და ლუდას მიაჩერდა, თან მლიქვნელური სახით უთხრა:

– გისმენთ, ჩემო მბრძანებელო!

ჯუჯა და ცალთვალა თვალს არ აცილებდნენ მფორთხავ წითურს. ლუდას კი გაეცინა და თქვა:

– აი, იმ მაღალ ნაძვზე აძვრებით და სამი საათი იქ იქნებით. იცოდეთ, გამოვივლით, შეგამოწმებთ და, ადგილზე რომ არ დაგვხვდეთ, მიწიდან ამოგიღებთ. გაიგეთ?

– სულ ესაა? – იკითხა წითურმა.

– სულ ესაა, – თავი დააქნია ლუდამ.

წითური წამოხტა, მინიშნებული ნაძვისკენ გაიქცა და სულ რაღაც სამიოდე წუთში მაიმუნივით აცოცდა კენწეროზე. იგივე გაიმეორეს ჯუჯამ და ცალთვალამ და სამივემ ხელის ქნევით გააცილა მანქანაში მსხდომი ქალ-ვაჟი.

– ცირკია ეს ცხოვრება, ცირკი, – ახარხარდა ჰამო, – დაინახე, რა ცირკი ჩაატარა იმ რიჟა ნაბოზარმა?!

– ცირკია, ცირკი და დროზე მოვრჩეთ ეს მართლაც ცირკი, – უთხრა ლუდამ ჰამოს, – კიდევ ხუთიოდე კილომეტრი გავიაროთ და სადმე ტყეში გააჩერე.

– მერედა, მანიაკის არ გეშინია? – გაეცინა ჰამოს, – ვერ გაიგონე, რა უთხრა კაპიტანმა თავის უფროსს, ჩვენს კვადრატში მანიაკს ვეძებთო? თანაც, უკვე ბინდდება და მანიაკს არ შევეჩეხოთ.

– ისე დამაჯერებლად ლაპარაკობ, ჰამო, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მართალს ამბობს-მეთქი.

– ვინ იცის, ვინ იცის... – გაეცინა ჰამოს, ტყეში შეუხვია, ორმოცდაათიოდე მეტრი გაიარა და „ჯიპი“ გააჩერა. შემდეგ იქაურობა ყურადღებით დაათვალიერა და რომ დარწმუნდა ასი მეტრის რადიუსში არავინ იყო, მიწის თხრას შეუდგა.

ამჯერად ჰამოს 45 წუთი დასჭირდა ორმოს გასათხრელად. რომ დაასრულა, საბარგულიდან ჩანთები გადმოიღო, ორმოსთან მიიტანა და ელბრუსის დანაწევრებული ნაწილები ჩაალაგა. შემდეგ ამოვიდა და მიწის დაყრას შეუდგა.

ლუდა, რომელსაც საკმეველი და სანთელი ჰქონდა ანთებული, ლოცვებს კითხულობდა. ჰამო კი მიწის მიყრას განაგრძობდა. რომ დაასრულა, იქაურობა კარგად მოასწორა, დატკეპნა და ჩანთები და ნიჩაბი „ჯიპის“ საბარგულში ჩაალაგა. ბოლოს კი ლუდას მიუბრუნდა:

– დავასრულე, წავედით!

– ახლავე. სულის საცხონებელ ლოცვას დავასრულებ და წავიდეთ.

ჰამომ შებინდებულ ზეცას ახედა, ლუდას ამოუდგა გვერდით და ლოცვის კითხვას შეუდგა.

ქალ-ვაჟმა ერთდროულად დაასრულა ლოცვა და წასვლა დააპირეს, რომ უცებ მამაკაცის ცივი ხმა მოესმათ:

– არ შემოტრიალდეთ, წინ იარეთ, თორემ, გაუფრთხილებლად გესვრით! თან, ხელები ასწიეთ მაღლა!..

ჰამო და ლუდა ნელი ნაბიჯებით წავიდნენ წინ და ფიჭვთან შეჩერდნენ.

– ახლა კი შეგიძლიათ, შემობრუნდეთ, – მოესმა ქალ-ვაჟს და რომ შეტრიალდნენ, საშუალო სიმაღლის, 35-37 წლის მამაკაცი დაინახეს, რომელსაც მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა მარცხენა ხელში.

– ეს ვინღაა? – თქვა ლუდამ და მაყუჩიანი აათვალიერ-ჩაათვალიერა.

უცნობმა, რომელსაც თხელი ტყავისგან შეკერილი შავი ხელთათმანები ეცვა, ორი ცალი ხელბორკილი გადაუგდო და უთხრა:

– ერთმანეთს გადაებით, მაგრამ ისე, რომ ხეზე იყოთ შემობმულები. სწრაფად, თორემ ტყვიები გამოვუშვი!

ლუდამ და ჰამომ ბრძანება შეასრულეს და ისე გადაებნენ ერთმანეთზე, რომ ფიჭვის ხეზე იყვნენ შემოხვეულები. პისტოლეტიანმა კი ხეს შემოუარა, პირადად დარწმუნდა, რომ ბორკილები საიმედოდ იყო ჩაკეტილი და თქვა:

– სწორედ რომ ბედზე შემხვდით. ერთი საათი გითვალთვალეთ, სანამ ტრუპი დამარხეთ და ლოცვებს უკითხავდით. გამიმართლა, ნამდვილად გამიმართლა! ასეთი მსუყე ქალი ჯერ არ შემხვედრია. ცოტა სულს მოვითქვამ და დავიწყებ. ვგრძნობ, რომ უნეტარესი წამები მელოდება. ოო, რა ხორცის მასაა, რა კარგი, ლამაზი, სექსუალური... – ჩურჩულზე გადავიდა უცნობი. ლუდას მიუახლოვდა, მაყუჩიანი პისტოლეტი მკერდზე მიაჭირა და უთხრა: – ახლა გულს გაგიხვრეტ ტყვიით და იქიდან გადმოხეთქილი სისხლით დავტკბები.

ლუდამ კოპები შეკრა და გაბრაზებულმა ჰკითხა:

– გიჟი ხარ, ვამპირი თუ კანიბალი?

– სიყვარულმოწყურებული, – ჩაიჩურჩულა პისტოლეტიანმა და თვალები სისხლით აევსო.

– თუ ასეა, მაშინ, რას მერჩი, რატომ მკლავ?

– შენს სილამაზეს ვაქვავებ, მარადისობაში გადამყავხარ, რომ შენს სიყვარულში ვერავინ შემიშალოს ხელი, თავად შენც კი, – ჩაიჩურჩულა უცნაურმა უცნობმა.

– ვინ ხარ? – ჰკითხა შეშინებულმა ლუდამ.

– რას ვერ ხვდები, ლუდაჩკა, სექსუალური მანიაკია, თანაც – ნეკროფილი. არ გახსოვს მილიციელებმა რომ თქვეს, მანიაკს ვეძებთო? – უთხრა ჰამომ ლუდას.

– რა ნეკროფილი?

– რა და, მკვდრებს რომ ჟიმავს.

– მკვდრებს? – გაიმეორა ლუდამ და პისტოლეტიანს მიუბრუნდა, – რაღა მკვდრებს ჟიმავ, ლამაზო, აქ არ ვარ, ცოცხალი და საღსალამათი? მოდი და, რამდენიც გინდა და როგორც გინდა, მჟიმე და მჟიმე!

– ცოცხლებს ვერ ვიტან, ხელს მიშლიან ფანტაზიებში, – თავი გააქნია მანიაკმა.

– მე არ შეგიშლი. იფანტაზიორე, რამდენიც გინდა, ოღონდ, როცა მოგბეზრდები, გაგვიშვი.

– გამორიცხულია. ცოცხალ ნაშებს ვერ ვიტან!

– აბა, მკვდარში რა მოგწონს? იქნებ, გამონაკლისი დაუშვა?

– გაჩუმდი და მოემზადე, – ჩურჩულზე გადავიდა მანიაკი, ლუდას პისტოლეტი მიადო გულზე და უთხრა: – ჯერ შენ მოგკლავ წამების გარეშე და, სანამ გაცივდები, შენი კავალერის წამებით გავერთობი.

– არ გიდგება, ხომ, შე პეტუხო, და შენი უძლურების კომპენსაციას მკვლელობით და წამებით ცდილობ?! – გასძახა ჰამომ მანიაკს, რომელსაც უკვე სასხლეტი უნდა გამოეკრა.

მანიაკი შეცბა, ლუდას მოსცილდა და ჰამოს წინ დადგა, შემდეგ პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა:

– ერთ გამონაკლისს დავუშვებ და პირველს შენ მოგკლავ!

მანიაკმა, რომელიც ჰამოსგან ერთი ნაბიჯის მოშორებით იდგა, პისტოლეტი მიუშვირა და სასხლეტს თითი დაადო, მაგრამ მთაწმინდელმა წარმოუდგენლად მოქნილი და სხარტი მოძრაობით თვალის დახამხამებაში ამოჰკრა მანიაკს მარცხენა ფეხი და იარაღი გააგდებინა, მარჯვენა კი ყბაში სთხლიშა და უგონოდ დასცა... ლუდამ, რომელიც ამ ეპიზოდს ვერ ხედავდა, დაიძახა:

– რა მოხდა?

– ეს ნაბოზარი გავთიშე და ძირს გდია, – მიუგო ჰამომ.

– მერე, რას ვდგავართ, აქედან ავახვიოთ.

– როგორ? ხელბორკილების გასაღები მაქვს თუ ჰარი გუდინი გგონივარ, რომ ხელბორკილები მოვიხსნა?

– ჰამო, ძვირფასო, ქენი რამე, თორემ, ეგ ნაბოზარი მანიაკი გამოფხიზლდება და ორივეს წამებით ამოგვხდის სულს!

– რა უნდა ვქნა, ლუდაჩკა, ხომ ხედავ, რომ დაბმული ვარ!

– ჰამო, საყვარელო, – სხაპასხუპით მიაყარა შეშინებულმა ლუდამ, რომელსაც წამებით სიკვდილი და საკუთარი გვამის გაუპატიურება არანაირად არ ხიბლადა, – ხომ გახსოვს, ჩემს სახლში, ძველ არბატზე რომ დაგაბით და ხელბორკილები გაიხსენი?

– მაშინ სკრეპი მქონდა, ლუდაჩკა, ახლა სად ვიპოვო მსგავსი რამ?

– „ნევიძიმკა“, თმის სამაგრი არ გამოდგება?

– გამოდგება.

– ჰოდა, თმაში მაქვს და თავი მანამდე უხახუნა ფიჭვის ხეს, სანამ ფოლადის თმის სამაგრი მიწაზე არ დავარდა.

ჰამომ და ლუდამ ფიჭვს დაბმულებმა გარს შემოუარეს და ადგილები გაცვალეს. მთაწმინდელი ძლივძლივობით დასწვდა თმის სამაგრს და მარცხენა ხელის თითებით შეუდგა „ატმიჩკის“ კეთებას.

გათიშული მანიაკი ლუდას წინ ეგდო და გოგონა დაძაბული უთვალთვალებდა და ლოცულობდა, რომ არ გამოფხიზლებულიყო.

– იჩქარე, ჰამო, თორემ ეს არანორმალური აზრზე მოვა. აი, უკვე შეინძრა, ჩქარა საყვარელო! მგონი, ფხიზლდება, – შიშნარევი ხმით თქვა ლუდამ.

ჰამოს არაფერი უპასუხია და „ატმიჩკის“ კეთებას განაგრძობდა. მანიაკი კი ჯერ შეინძრა. შემდეგ, მიწაზე წამოჯდა და თავი გააქნია, ხეზე მიბმულ ლუდას შეხედა და ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა:

– ჩემი პისტოლეტი სადაა?

– ჩქარა, ჰამო, ეს გიჟი აზრზე მოვიდა! – იკივლა შეშინებულმა ლუდამ, რომელსაც მსგავსი შიში პირველად დაეუფლა, რადგან დაბმული იყო და წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ჰქონდა.

მანიაკმა მიმოიხედა და პისტოლეტი რომ ვერ დაინახა, დანა ამოაცურა და ლუდასკენ დაიძრა, თან შეშლილივით იმეორებდა:

– არ მიყვარს ცოცხალი ნაშები, ისინი ჩემს სექსუალურ ფანტაზიებს ზღუდავენ...

– მიშველე, ჰამო! – მთელი ხმით იკივლა დანამომარჯვებული მანიაკისგან უკიდურესად შეშინებულმა, სასოწარკვეთილმა ლუდამ, რომელსაც უმწეობისგან თავშეკავების ნატამალიც აღარ შერჩენოდა.

თვალებჩასისხლიანებული მანიაკი, რომელიც ჰამოს მოძრაობას ვერ ხედავდა, ლუდას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და დანა წინ გაიშვირა, რომ გოგონასთვის გულში გაეყარა, მაგრამ ჰამომ ბორკილების გახსნა მოასწრო, ლუდა დაქაჩა და ხეს მოაშორა. მანიაკის მოქნეული დანა კი ფიჭვს შეერჭო.

– ახლავე მოგათავებთ ორივეს, – ჩაისისინა მანიაკმა და ჯერ ხიდან გამოაძრო დანა, მერე კი ცალი ბორკილით გადაბმული წყვილისკენ დაიძრა.

ლუდა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის ახერხებდა ნებისყოფისა და ძალების მოკრებას, რაც მას კრიტიკული სიტუაციების დაძლევაში შველოდა, ისე იყო მანიაკისგან შეშინებული და დათრგუნული, რომ კივილით მოწყდა ადგილს და ჰამოც წააქცია.

– საით? მე ვერსად გამექცევი... – სისინებდა მანიაკი და ლუდას წამოეწია, დანა მოუქნია, მაგრამ ჰამომ მას ფეხი წამოსდო, წააქცია და საკუთარ დანაზე წამოაგო...

მანიაკმა, რომელსაც დანა ტარამდე ჰქონდა გულში შერჭობილი, ადგილზევე დალია სული, მაგრამ ლუდა ისე იყო შეშინებული, რომ ამას ვერ ხედავდა და კივილს განაგრძობდა.

– დამშვიდდი, ლუდაჩკა. ჩაძაღლდა ეს გიჟი, – უთხრა ჰამომ გოგონას, წამოდგა და თავზე ხელი გადაუსვა. ლუდამ კი მკვდარ მანიაკს რომ დახედა, გულიდან დანა ამოაძრო და გაშმაგებით დაუწყო ჩეხვა, თან გამწარებული იმეორებდა:

– გიჟო, არანორმალურო, მანიაკო...

ჰამომ გოგონას დანა გამოართვა და ჯერ მანიაკის პერანგს შეაწმინდა, შემდეგ თითის ანაბეჭდები წაშალა და იქვე დააგდო. მეორე ხელბორკილიც გახსნა, ისიც გაწმინდა და იქვე დააგდო და გოგონასთან ერთად სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

ლუდა, რომელიც ჰამოს გვერდით იყო მოკალათებული და სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა, კიდევ კარგა ხანს იყო აღგზნებული და მხოლოდ მას მერე დამშვიდდა, როდესაც ისინი მოსკოვის ცენტრისკენ გაემართნენ. ლუდამ სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან გადააგდო და ჰამოს უთხრა:

– ძველ არბატზე დავაწვეთ. ახლა მხოლოდ ჟიმაობა დამაბრუნებს ნორმალურ კალაპოტში...

***

წყვილმა ბობოქარი ღამე გაატარა ძველ არბატზე და, როგორც ყოველთვის, გამთენიისას აპირებდნენ დაძინებას, რომ შუადღემდე სძინებოდათ. ის-ის იყო მთაწმინდელმა ბალიშზე დადო თავი და თვალები დახუჭა, რომ მისმა ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა ჰამომ, რომელიც თვალებდახუჭული დაწვდა მობილურს.

– ჩემი სახელი არ ახსენო, თუ მიცანი, მოესმა ჰამოს პეტიკოს ხმა, რომელიც მას ქართულად ელაპარაკებოდა.

– მოსკოვში ხარ?

– ჰო, და, შენი ნახვა მინდა.

– სად მოვიდე?

– სადგურზე ვარ, საიდანაც ადრე თბილისის მატარებლები გადიოდა.

– მივხვდი. „ემელით“ მოვალ სადგურის წინ და თვითონ მომძებნე.

– კარგი. მაქსიმუმ, ნახევარ საათში გელოდები. მოასწრებ მოსვლას?

– ოც წუთში მანდ ვარ, – თქვა ჰამომ და კედლის საათს შეხედა, უკვე დილის ექვსის ნახევარი იყო.

– ვინ იყო? – ჰკითხა ლუდამ ჰამოს.

– პეტიკო. კურსკის ვაგზალზეა და უნდა მოვიყვანო, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნები, – უთხრა ჰამომ ლუდას და თვალის დახამხამებაში ჩაიცვა.

– მეც მოვდივარ, – თქვა ლუდამ, საწოლიდან წამოხტა და ორიოდე წუთში უკვე მზად იყო. ექვსს ათი წუთი აკლდა, რომ კურსკის ვაგზლის წინ გაჩერდნენ.

– სადაა? რაღაც, არ ჩანს შენი ცოლის ძმა, – თქვა ლუდამ და დაცარიელებული სადგურის მოედანს გახედა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3