კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკის სანაცვლოდ „დაზალოგებული“ ნივთები 12 წლის განმავლობაში ძებნილ გოჩა ყოჩიშვილის მფლობელობაში


ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის გოჩა ყოჩიშვილს 28 წლით პატიმრობა მიესაჯა. მის მიერ ჩადენილი მკვლელობები ერთმანეთზე შემზარავია. ჩადენილისთვის თავდაპირველად, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ საბოლოო ინსტანციამ დაინდო – სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. ეს იმიტომ, რომ დამნაშავედ მხოლოდ საქართველოში ჩადენილი ერთი ადამიანის მკვლელობაში ცნეს. სამი მკვლელობა, რომელიც მას რუსეთში ჰქონდა ჩადენილი, უტყუარად ვერ დაუმტკიცდა.

52 წლის გოჩა ყოჩიშვილი 12 წლის ძებნილობის შემდეგ დააკავეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას გავლენიანი მფარველები ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, ასე სჯერა დაზარალებულს – ასე რომ არ ყოფილიყო, უფრო ადრე დააკავებდნენო. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ საქართველოში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, ყოჩიშვილმა რუსეთში წასვლა და მიმალვა მოახერხა. თუმცა, „კარიერა“ იქაც სასტიკი მკვლელობებით გააგრძელა.

გამოძიების მასალებით, ყოჩიშვილის მოღვაწეობა 1980-იან წლებში ყაზახეთში იწყება. თავდაპირველად, ციხეში ის ნარკოტიკების მოხმარებისთვის მოხვდა, რის გამოც ერთი წელი მიესაჯა. ამის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ყაჩაღობისთვის კიდევ 3 წლით ჩასვეს. ამჯერად გაუმართლა – სასჯელი ეგრეთ წოდებული მიმაგრებით შეუცვალეს და როსტოვის ერთ-ერთ ოლქში უკრეს თავი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ნარკოტიკების გამო ყოჩიშვილმა ცოლ-ქმარი დანით დაჭრა, რომლებიც სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. უფრო ზუსტად, წამლის გაყოფაზე ყოჩიშვილს მეგობართან კამათი მოუვიდა, მას ცოლი გამოესარჩლა და ყოჩიშვილმა ქმართან ერთად, ცოლიც დაჭრა...

ყოჩიშვილს რუსეთში აღარ დაედგომებოდა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ წარსულის გამო, ყოფილ პატიმარს თავს ყველა არიდებდა. ყოჩიშვილი ამას თავადაც ხვდებოდა და როგორც ჩანს, სწორედ გაბოროტების გამო მოკლა მისთვის სრულიად უცნობი 31 წლის გელა ჯიბღაძე.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ყოჩიშვილის თანასოფლელები, გვარად ჟურულები ახალმოსახლეობას აღნიშნავდნენ. ყოჩიშვილი სუფრაზე არავის დაუპატიჟებია, მაგრამ მთვრალი მივიდა და იქ მყოფებს აუხირდა – ქედმაღლური ტონით საქმეს ურჩევდა. მასპინძლების ჩარევით სიტუაცია განიმუხტა, დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში წავიდა, უკან კი დანით დაბრუნდა. მოქეიფეებმა კვლავ სთხოვეს დაწყნარებულიყო, მაგრამ ყოჩიშვილმა დანის ტრიალი დაიწყო. მასპინძელმა ხელი უტაცა. მას სხვებიც მიეხმარნენ, მოძალადე წააქციეს, მაგრამ ყოჩიშვილმა მაინც მოახერხა ერთი ადამიანის მსუბუქად დაჭრა. შეშინებულმა ბიჭებმა თავი დაანებეს. სწორედ ამით ისარგებლა ყოჩიშვილმა და ნახევრად წამომდგარმა, სრულიად უმიზეზოდ, სუფრაზე სტუმრად მყოფი გელა ჯიბღაძე დაჭრა, რის შედეგად ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა...

მკვლელობები რუსეთში

მიუხედავად იმისა, რომ ყოჩიშვილის დაკავება რეალურად ძნელი არ იყო, თითქოს ცამ ჩაყლაპაო, პოლიციამ მის კვალს ვერსად მიაგნო. თუმცა, 12 წლის მერე გაირკვა, რომ დანაშაულის შემდეგ ის კვლავ რუსეთს აფარებდა თავს.

საინტერესო დეტალი: რუსეთში ის „გარი შევჩენკოს“ ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. მეტიც, როგორც ამბობენ, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ისე შეიცვალა, მისმა საყვარელმაც ვერ იცნო. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მისი საყვარელი რუსი ქალბატონი – უფრო სწორად „ნარკობარონესა“ მარტა იყო, რომელიც ყოჩიშვილსა და მის ძმაკაცებს წამლით ამარაგებდა. ყოჩიშვილი მარტას ჯერ როგორც კლიენტი ისე დაუახლოვდა, შემდეგ მისი საყვარელი გახდა.

გამოძიების მასალებით ყოჩიშვილი ჯერ ლენინგრადში, შემდეგ კი ლვოვში ცხოვრობდა. იქ მან რუსი ქალბატონისგან ოროთახიანი ბინა იქირავა და დიასახლისიც, შვილიშვილთან ერთად, იქ ცხოვრობდნენ. რაც შეეხება საქმიანობას, გამოძიება ამბობს, რომ ყოჩიშვილი იმ კრიმინალური ბანდის წევრი იყო, რომელიც რუსეთის ქალაქებში ანტიკვარების კოლექციონერთა ოჯახებს ძარცვავდა. როგორც ყოჩიშვილი, ასევე მისი ბანდის ყველა წევრი ნარკომანი იყო და „კაიფისთვის“ ისინიც მარტას აკითხავდნენ. სხვათა შორის, მარტა მეგობრებს ყოჩიშვილმა გააცნო, მაგრამ ის კი დაუმალა, ქალი მისი საყვარელიც რომ იყო.

საქმის მასალების თანახმად, რაღაც პერიოდში ყოჩიშვილის ორ რუს ნარკომან მეგობარს წამლის ფული შემოაკლდა. ვინაიდან მარტას ისინიც კარგად იცნობდნენ, ერთ დღეს ნარკოტიკის საფასურად მას „ტელეფონი“ და „ტელევიზორი“ დაუტოვეს. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, 11 ოქტომბერს, ბიჭები ყოჩიშვილის ბინაში „კაიფობდნენ“ და უცებ გაოცდნენ – მარტასთან წამლის საფასურად დატოვებული ტელეფონი და ტელევიზორი ყოჩიშვილის სახლში დახვდათ. ამაზე განაწყენებულმა ძმაკაცებმა ყოჩიშვილს „საქმე გაურჩიეს“. საბოლოოდ, ისიც წამლის „ბარიგად“ შერაცხეს და ნივთები წაართვეს.

ამ ამბიდან ორ დღეში, 13 ოქტომბერს, ყოჩიშვილი თავის ნაქირავებ ბინაში იყო. სახლში იყო ბინის დიასახლისიც და მისი შვილიშვილიც. ამ დროს მასთან საქმის გასარჩევად ისევ მივიდნენ განაწყენებული ძმაკაცები. თუმცა, ყოჩიშვილთან ორნი ავიდნენ. ერთ-ერთი, ვინმე საშა მანქანაში დარჩა. სტუმრები ყოჩიშვილმა ოთახში შეიყვანა და მას შემდეგ, რაც ბინიდან წაღებულ ნივთებსა და ნარკოტიკებზე ისევ იდავეს, ყოჩიშვილმა ორივე მოკლა. ერთს სამჯერ, მეორეს ორჯერ ესროლა და ჯერ კიდევ ცოცხლები, დაჩეხა – დანით ხორხი გადაუჭრა...

მანქანაში დარჩენილი საშა ბინაში ასულ მეგობრებს ამაოდ ელოდა. როგორც რუს სამართალდამცველებს ჩვენებაში აუხსნა, ძმაკაცებს დიდხანს ელოდა, ბოლოს კი დაეჭვდა, რადგან გაახსენდა, რომ მათ ქართველ ნაცნობს შინ იარაღი ჰქონდა. ამიტომ, მანქანა სადარბაზოსთან მიაყენა და დაასიგნალა. ჩვენების თანახმად, ყოჩიშვილმა მას ფანჯრიდან გამოხედა – მანდ იყავი, მალე გამოვალთო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ დიდხანს იცადა, არავინ ჩანდა. ამიტომ, ყოჩიშვილს ბინაში დაურეკა, მაგრამ დიასახლისმა უთხრა – გარი შინ არ არისო. მეორედ დარეკვისას კი უკვე ბავშვმა უპასუხა – გარი აქ აღარ ცხოვრობსო. საშას თქმით, შემდეგ ფანჯრებთან მივიდა, მაგრამ შეეშინდა და იქაურობა დატოვა. მოგვიანებით კი, ამბის გასაგებად უკან დაბრუნდა, მაგრამ სახლში პოლიცია დახვდა – ყოჩიშვილის ბინაში ორი გვამი იყო... როგორც მან დიასახლისისგან გაიგო, მკვლელობის შემდეგ ყოჩიშვილი მასთან სისხლიანი პირსახოცით გასულა ოთახში – ყველაფერი კარგადააო და აბაზანაში შესულა. გამოსვლის შემდეგ კი უთქვამს, მძარცველებისგან თავს ვიცავდიო, ჩემოდანი ჩაულაგებია და დიასახლისისთვის დაუბარებია – პოლიცია მოგვიანებით გამოიძახე თორემ შენც და შენს შვილიშვილსაც მოგკლავთო.

გარი შევჩენკოს ვინაობაზე პირველი ჩვენება პოლიციას სწორედ საშამ მისცა. თუმცა, თავის მხრივ, პოლიციისთვის არც დიასახლისს დაუმალავს, რომ მის ბინაში მცხოვრებ მდგმურს პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ქალაქში ვერ გადიოდა. დიასახლისისგან შეიტყვეს ისიც, რომ მისი მდგმური რომელიღაც ბანდაში იყო და სავარაუდოდ, იარაღიც ჰქონდა.

მკვლელობების შემდეგ ყოჩიშვილის კვალი რუსეთშიც გაქრა. ამ წლების განმავლობაში რუსმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებს სამძებრო დავალებით ორჯერ მიმართეს, რომ ორი ადამიანის მკვლელობისთვის „გარი შევჩენკო“ იძებნებოდა, რომელიც სავარაუდოდ, ყოჩიშვილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ქართველი სამართალდამცველებისგან პასუხად მიიღეს, რომ ასეთი საქართველოში არავინ იყო, ყოჩიშვილს კი თავადაც ეძებდნენ.

არადა, გამოძიების მასალებით, რუსეთში ჩადენილი მკვლელობებისთანავე ყოჩიშვილი, შევჩენკოს გვარით, საქართველოში დაბრუნდა და თბილისში, (ნახალოვკაში) ასევე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

სხვათა შორის, რომ არა ერთი გარემოება, არავინ იცი, დღეს ყოჩიშვილი ციხეში იქნებოდა თუ არა. საქმე ისაა, რომ ისევ ისე და ისევ „კაიფის“ გამო, ამჯერად სხვები „გადააგდო“. უფრო ზუსტად, ნაქირავებში, სადაც ყოჩიშვილი „გიას“ სახელით ცხოვრობდა, გამოძიებისთვის დღემდე უცნობ ნარკომან მამუკას დაუახლოვდა. როგორც ყოჩიშვილი ამბობს, მამუკა მის დაქირავებულ ბინას წამლის გასაკეთებლად იყენებდა, მაგრამ ისე, რომ მამუკას და მის მეგობრებს „წამლის წილში“ ყოჩიშვილიც გაჰყავდათ. საბოლოოდ კი, ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც მოსალოდნელი იყო – ყოჩიშვილმა ძმაკაცებს „წამლის“ ფული „მოუტეხა“. ბიჭები წამლის გარეშე დატოვა და ნაქირავებიდანაც გაქრა, მაგრამ, ნარკომანებმა მის კვალს მიაგნეს, სასიკვდილოდ სცემეს და ქუჩაში დააგდეს. მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, ყოჩიშვილმა მიმალვა მაინც შეძლო, მაგრამ, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ ნარკომანები ცოცხალს მაინც არ დატოვებდნენ, პოლიციას თვითონ ჩაბარდა, რითაც „ბრალი შეიმსუბუქა“.

სასამართლო პროცესზე ყოჩიშვილის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული გაერთიანდა, მაგრამ რეალურად, მისი მომჩივანი მხოლოდ ჯიბღაძეები იყვნენ, რაშიც დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა: „სუფრაზე მასპინძელმა უხეშად მითხრა – დაუპატიჟებლად მოხვედი, საჭმელი უკვე ჭამე, ოჯახიც ადღეგრძელე, აქ შენი ყოფნა არავის სიამოვნებს, წადი რა, აქედანო. სუფრის წევრებიც ჩაერივნენ – თუ არ წახვალ, გცემთო. წამოვედი, მაგრამ მობილური ტელეფონის გამო შევტრიალდი. სუფრის წევრებმა კიდევ შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომ ავიღე დანა. გონს რომ მოვედი, ნაცემი ვეგდე. შინ წავედი და დავიძინე. თუმცა, მეზობლისგან შევიტყვე, რომ ჟურულების ოჯახში ბიჭი მოუკლავთ და სახლიდან წავედი...“

ცხადია, მისი თავის მართლება სასამართლომ არ გაიზიარა. ამასთან, სასამართლოს ჰქონდა რუსეთიდან გამოგზავნილი საქმე და ყოჩიშვილს, როგორც ძალიან საშიშ დამნაშავეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საბოლოო ინსტანციამ კი სასჯელი 28-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. ამის მიზეზი სწორედ რუსეთიდან გამოგზავნილი საქმე გახდა – სასამართლომ ჩათვალა, რომ რუსეთში ყოჩიშვილის მიერ ჩადენილი მკვლელობების საქმე სრულყოფილად არ იყო გამოძიებული, რის გამოც რუსეთის ფედერაციას ხელახლა გამოსაძიებლად საქმე უკან დაუბრუნდა...


скачать dle 11.3