კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

არის თუ არა მილიარდერი რინატ ახმეტოვი „დონეცკური კლანის“ ლიდერი და რა სამსახური შესთავაზა მან უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს


უკრაინის „პარტია რეგიონების“ ერთ-ერთი ლიდერი, საფეხბურთო კლუბ დონეცკის „შახტარის“ პრეზიდენტი, უკრაინის რადის დეპუტატი, „დონეცკური კლანის“ არაფორმალური ლიდერი და მილიარდერი – რინატ ახმეტოვი საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აქტიურად ჩაერთო უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მის სახელს უკავშირდება ვიქტორ იანუკოვიჩის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება. ასევე ის იყო ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის პოლონეთთან ერთად თანამასპინძლობის ერთ-ერთი ინიციატორი. „ფორბსის“ 2009 წლის მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში უკრაინელ ოლიგარქს, 1,8 მილიარდი დოლარით, 397-ე ადგილი უკავია და უკრაინელ მილიარდერებს შორის ის მეორეა ვიქტორ პინჩუკის შემდეგ.

რინატ ლეონიდის ძე ახმეტოვი 1966 წელს ყირიმელი თათრების ოჯახში დაიბადა დონეცკში, სადაც მამამისი მეშახტედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახმეტოვმა დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაამთავრა. არსებობს ვერსია, რომ კარიერის დასაწყისში ახმეტოვი ბანქოს პროფესიონალი მოთამაშე იყო ეგრეთ წოდებული „კატალა“, რომელიც მოსკოვში „გასტროლების“ დროს, დღეში 20-30 ათას საბჭოთა რუბლს იგებდა. 1988 წელს ახმეტოვი დონეცკის ოლქში ძვირფასი ბეწვეულითა და ტყავით მოვაჭრე ვინმე ლისენკოზე თავდასხმის საქმეში ფიგურირებდა. ძიების მასალების თანახმად, ხუთი ადამიანისგან შემდგარი ბანდა, რომელთა შორის მილიციელების ფორმაში გადაცმული ძმები რინატ და იგორ ახმეტოვები იყვნენ, თავს დაესხა ლისენკოს. მათ აწამეს ის, გამოსძალეს 50 ათასი რუბლი და შემდეგ მოკლეს. საქმე გაურკვეველ ვითარებაში დაიხურა.

80-იანი წლების ბოლოს ახმეტოვი დონეცკის ¹41 მაღაზიაში ექსპედიტორად მუშაობდა. მაღაზიის დირექტორი ახატ ბრაგინი, სამართალდამცავი ორგანოებისთვის კარგად ცნობილი სახე, მეტსახელებით: ალიკ გრეკი ან ალექსანდრ სერგეევიჩ ბრაგინი – დონეცკელი მეწარმე, ფირმა „ლიუქსის“ დამფუძნებელი, საფეხბურთო კლუბ დონეცკის „შახტარის“ პრეზიდენტი და გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ბრაგინის მაღაზია დონეცკის საცალო-საბითუმო სავაჭრო ბაზა „უკრტექსტილტორგის“ სტრუქტურაში შედიოდა. დეფიციტური საქონელი ბაზიდან ფასის დამატებით ბრაგინის მაღაზიაში იგზავნებოდა, მაგრამ ვიტრინებიდან მხოლოდ საქონლის მცირე რაოდენობა იყიდებოდა, დანარჩენი „სპეკულანტების“ ხელით დონეცკის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში საღდებოდა. ამ „სპეკულანტებთან“ ურთიერთობას კურირებდა ახმეტოვი. 90-იანი წლების დასაწყისში ახმეტოვმა ლეგალურ ბიზნესს მოჰკიდა ხელი და დონეცკის საქალაქო ბანკის „დონგორბანკის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და აქციონერი გახდა. უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა ბანკირის ბანკი დონეცკის რეგიონის სამეწარმეო ობიექტების აქციების ძირითადი მფლობელი იყო. იმავე პერიოდში გავრცელებული ვერსიის თანახმად ახმეტოვი ბრაგინის „ბოევიკების“ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

1995 წლის შემოდგომაზე ალიკ ბრაგინი და კიდევ რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი სტადიონზე, საფეხბურთო მატჩის დროს აფეთქების შედეგად იქნენ ლიკვიდირებული, რის შემდეგაც ახმეტოვი მისი საქმეების გამგრძელებელი და არაოფიციალური მემკვიდრე გახდა.

1997 წელს ახმეტოვის უშუალო ჩარევის შედეგად დონეცკის ოლქის გუბერნატორად სერგეი პოლიაკოვის ნაცვლად, მისი პირველი მოადგილე ვიქტორ იანუკოვიჩი დაინიშნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათი თანამშრომლობა როგორც ბიზნესში ისე პოლიტიკაში. იმ პერიოდში ახმეტოვი აქტიურად არ ერეოდა პოლიტიკაში და მისი ინტერვიუების ძირითადი თემა „შახტარი“ და ფეხბურთი იყო. 1999 წელს იანუკოვიჩის და ახმეტოვის ტანდემმა დიდი როლი ითამაშა ლეონიდ კუჩმას გაპრეზიდენტებაში. 2000 წელს ახმეტოვმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა და გააერთიანა თავისი ბიზნესი ერთ ფინანსურ იმპერიად და დაარეგისტრირა კომპანია „სისტემ კეპიტალ მენეჯმენტი“, რომლის აქციების 90 პროცენტის მფლობელი თვითონ, ხოლო 10 პროცენტის მისი მეუღლე ლილია სმირნოვა გახდა. ბოლო მონაცემებით ახმეტოვის კუთვნილი კომპანია აკონტროლებს 90-მდე სამეწარმეო ობიექტს. ახმეტოვის კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 160 ათას ადამიანს შეადგენს.

რინატ ახმეტოვის გატაცებებიდან აღსანიშნავია სპორტი. ის არის ფეხბურთის, კრივის და უშუს მოყვარული. უკრავს გიტარაზე და სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ თავისუფალ დროს მუსიკასაც წერს. კერძოდ, მისი შექმნილი კომპოზიცია დონეცკელი მომღერლის ანასტასია ფედორენკოს ალბომშია შესული. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, რინატს ორი ვაჟიშვილი – დამირი და ოლმირი ჰყავს, ხოლო მეუღლე ლილიას კომპანიაში სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელის პოსტი უკავია. აღსანიშნავია, რომ ახმეტოვთან შეხვედრამდე ლილია დონეცკის რეზინის ქარხანაში მოტორისტად მუშაობდა.

P.S. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რინატ ახმეტოვმა, ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის მთავარმა დამფინანსებელმა და საფეხბურთო კლუბ, დონეცკის „შახტარის“ მფლობელმა, უკრაინის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს სამუშაო შესთავაზა თავისი კლუბის ადმინისტრაციაში. „მე მინდა, მადლობა გადავუხადო ვიქტორს, გაწეული მუშაობისთვის და მზად ვარ შევთავაზო თანამდებობა ჩემს კლუბში“, – ასეთი კომენტარით შემოიფარგლა „დონეცკური კლანის“ ლიდერი რინატ ახმეტოვი.


скачать dle 11.3