კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როდის სჩადის სისულელეებს მახო ქვრივიშვილი და რატომ არის სულ ბედნიერი ნუკი კოშკელიშვილი


ისინი ერთად, სხვადასხვა გადაცემებით „იმედის“ რეიტინგს ქმნიან. ასაკში დიდი სხვაობისა და განსხვავებული პროფესიების მიუხედავად, ნუკი კოშკელიშვილს და მახო ქვრივიშვილს ბევრი საერთო აღმოაჩნდათ და უამრავ საკითხზეც ერთნაირი შეხედულება აქვთ. ნუკიმ მახოსგან ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მახო ქვრივიშვილი

– დაგვიანებით გილოცავ დედის დღეს, ქალთა დღეს. ესე იგი, ყველა დღე ხომ თქვენია, მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენიც არის. თქვენ რომ გიხარიათ, ჩვენც გვიხარია და ბედნიერები ვართ. ერთმანეთს ყოველთვის ზეიმი უნდა მოვუწყოთ. (იცინიან) დღეს როგორ განწყობაზე ხარ?

– არაჩვეულებრივზე. „დილა მშვიდობისა, გათენდა დილა ნუკისთან და გოგიჩასთან ერთად“ – აი ასე დაიწყო და მთელი დღე გადასარევ ხასიათზე ვარ. მიხარია, რომ მზე და გაზაფხულია.

– გაზაფხულზე ადრენალინი იმატებს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ასევე, კატებშიც. (იცინიან) ხომ იცი, „ლომი“ და „კატა“ ვარ ჰოროსკოპით. შენ?

– „ცხენი“ და „ტყუპი“. გოგონი, თქვენ იპოდრომთან ცხოვრობთ?! (იცინიან) რაც შეეხება გაზაფხულს, ჯერჯერობით დიდად ვერ ვგრძნობ მის მოსვლას. მართალია, თხელი და მოკლე სახელოებიანი მაისურები მაცვია, მაგრამ ასე ზამთარშიც დავდივარ და ეს არ ნიშნავს, რომ ჩემთან გაზაფხული დადგა. მაგრამ, მზე მახარებს, კარგ ხასიათზე ვარ. ისე, სულ ბედნიერი და კარგ ხასიათზე ვარ, მოწყენილს ვერ მნახავ.

– შენი ბედნიერება როდის დაიბადა?

– 1990 წელს.

– როგორ ახერხებ, რომ სულ ბედნიერი იყო?

– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ნებისმიერ მოვლენაში ვცდილობ, დადებითი დავინახო და არ ვაძლევ წვრილმანებს უფლებას, ცუდ ხასიათზე დავდგე.

– მეც ასე ვარ. ნეტავ ზოდიაქოს მიხედვით როგორ ვეწყობით ერთმანეთს?!

– შენ რომელ წელს დაიბადე?

– 1963 წელს. ჩემი ძმაკაცი ათი წლის წინ გახდა ბაბუა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, თავს რამდენი წლისად გრძნობ.

– მართლა ძალიან გამიკვირდა. სულ არ გეტყობა.

– რომც მეტყობოდეს, ეს საკითხი აბსოლუტურად არ მადარდებს. დასასვენებლად სად დადიხარ ხოლმე?

– უფრო ზღვაზე. ისე გააჩნია დასვენებას. შეიძლება, დაქალთან მივიდე სახლში და იქაც გადასარევად დავისვენო. მიხარია ზღვაც, მთაც. გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ. შესაძლოა, ზამთარში ზღვაზე და ზაფხულში კი მთაში წავიდე – არაადეკვატურად მოვიქცე. მთაც მიყვარს, ცხენიც. ადრე მყავდა კიდეც ცხენი, რომელსაც მომვლელი ჰყავდა.

– ზაფხული უფრო გიყვარს თუ ზამთარი, შემოდგომა თუ...

– ცხოვრება. ცხოვრება მიყვარს ძალიან. რა მნიშვნელობა აქვს დროს. ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს. მთავარია, განწყობა გქონდეს კარგი. ზაფხულში შეიძლება, ისე ცხელოდეს ან ზამთარში ისე ციოდეს, რომ ძალიან ცუდად იგრძნო თავი, მაგრამ, იმ ზამთარშიც კი, როდესაც გარეთ ძალიან ცივა, ბუხართან მოკალათდე, კარგი წიგნით ხელში და თავი ყველაზე მაგრად იგრძნო.

– დამაკმაყოფილა პასუხმა. (იცინიან) ძალიან ცოტა რამ ვიცი შენი ცხოვრების შესახებ. მომიყევი როგორ მოხვედი აქამდე, რა დაამთავრე, მსახიობი ხარ განათლებით?

– ჯერჯერობით არ დამიმთავრებია. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე.

– მაგრამ მსახიობის ნიჭი ხომ გაქვს?

– იმედი მაქვს (იცინიან).

– ხომ არ ფიქრობ...

– ვფიქრობ. ძალიან მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი. ბატონ გოგა პიპინაშვილთან და გიორგი სიხარულიძესთან სტუდიაში ვსწავლობდი ცოტა ხნით. თუმანიშვილში ერთ სპექტაკლში მითამაშია კიდეც. ძალიან მინდოდა ბატონ ნუკრი ქანთარიასთან ჩამებარებინა, ისე ვიყავი მოხიბლული. თუმცა ჯერ კიდევ ცოცხლობს ეს იდეა და დარწმუნებული ვარ, ამისთვის მოვიცლი. მგონია, ორი პროფესიის შეთავსება არ გამიჭირდება. ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ ახლა მეორე პროფესიას დავეუფლო. მომავალში აუცილებლად ვისწავლი.

– ხედავ როგორი გოგო ხარ?! თან მუშაობ, სწავლობ, კიდევ გინდა სწავლა, ლამაზი ხარ... შეყვარებული გყავს?

– კი.

– გათხოვილი ხარ?

– არა.

– გილოცავ, რადგან ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გიყვარს და უყვარხარ. რამდენად თავისუფალი ადამიანი ხარ?

– ძალიან. სიყვარულიც თავისუფლებაა ჩემთვის. საერთოდ რა არის სიყვარული? – ადამიანებს, შეიძლება ადამიანს და საგანს შორის, ურთიერთობა და დამოკიდებულება, რომელიც გამორიცხულია თავისუფლების გარეშე. ნებისმიერი ადამიანი უბედურია თავისუფლების გარეშე. შესაბამისად, როგორ შეიძლება, იყოს სიყვარული ამის გარეშე.

– შეუზღუდავთ შენი თავისუფლება?

– კი, რასაკვირველია. როდესაც თხუთმეტი წლის ხარ, თავში ქარი გიქრის და სურვილი გაგიჩნდება შუაღამისას, სახლის სახურავზე ახვიდე ძაღლებთან ერთად საყმუვლად, რა თქმა უნდა, ამის უფლებას მშობლები არ მოგცემენ. ხომ არ გაგიფრენია შვილოო, გეტყვიან და იგივეს ვეტყვი მე ჩემს შვილს. მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისკენ არის. ცუდს ყოველთვის მოჰყვება კარგი, ამის მჯერა.

– როდის აპირებ გათხოვებას?

– არა, ჯერჯერობით არ ვაპირებ. ყველა საქმეს, რასაც ვაკეთებ, მომწონს, მიყვარს და მინდა საფუძვლიანად შევისწავლო, რომ არ დავრჩე დილეტანტის დონეზე. ჟურნალისტიკაც მიზიდავს, ფსიქოლოგიაც, ბევრი რამ.

– იცი, მე ჟურნალისტადაც გხედავ, მსახიობადაც. სხვათა შორის, ექიმსაც ვხედავ შენში, მაგრამ არა „კლინიკიდან“ გამომდინარე. თეთრი ხალათი მოგიხდებოდა. მითხარი, რა გიხარია, რა განიჭებს სიამოვნებას?

– იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ, ამაში არ ვგულისხმობ მუდმივად უაზრო ღიმილს, თითქმის ყველაფერი მიხარია. შეიძლება ცოტა გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ცუდიც კი რაღაც მხრივ მიხარია, თუ, რა თქმა უნდა, კატასტროფა არ მოხდა. შეცდომა, ცუდი შემთხვევა გამოცდილებას გძენს და ცხოვრებას ამდიდრებს. თუ სულ კარგი ხდება, შედარების საშუალებაც არ გაქვს და ვერ ხვდები, როდის ხარ ბედნიერი, როდის – არა.

– რა მაგარია, როდესაც ადამიანი შენნაირად აზროვნებს. დიპლომატი ვარო მითხარი, არა? პოლიტიკოსსაც ვხედავ ახლა შენში.

– (იცინიან) ეს არის ჩემი პროფესია. არ ვიცი, რას გადავწყვეტ – პოლიტიკაში მოვალ თუ არა, მაგრამ, რაღაც დოზით ალბათ, მეც ვხედავ ამას საკუთარ თავში, რადგან ამ გზით წავედი.

– არსებობს ასეთი აზრი, რომ ლამაზი ქალი ჭკვიანი არ არის, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები...

– არადა, მამაკაცებს მოსწონთ ლამაზი და სულელი ქალები.

– არ ვიცი, ვის რა მოსწონს, მაგრამ მათ კატეგორიაში არ შევდივარ. ნორმალურ მამაკაცებს ეს არ მოსწონთ, თამამად შემიძლია, ვთქვა.

– არსებობს მოსაზრება, რომ ქერა ქალი ჭკვიანი არ არის, ამაზე ანეკდოტებიც დადის. ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ლამაზ ქალს რაღაცის დასამტკიცებლად ბრძოლა არ უწევს, ყველაფერი მარტივად მოსდის და ეს აზარმაცებს. დამიჯერეთ, ყველაფერი პირიქით არის. თუმცა, არიან ლამაზი და არცთუ ისე ლამაზი ქალებიც, რომლებსაც არ აქვთ ჯანსაღი ამბიცია რამეს მიაღწიონ. მაგრამ, თუ ლამაზ ქალს ცხოვრებაში რამეზე პრეტენზია აქვს, ამის მიღწევა გაცილებით რთულია მისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ქალისთვის. უფრო რთულია ლამაზი ქალისთვის ცხოვრება. უფრო მეტს გთხოვენ, უფრო მეტი ეჭვი აქვთ შენზე. არ იფიქრო, რომ საკუთარ თავზე ვსაუბრობ, რადგან მიმაჩნია, უფრო ქარიზმატული ვარ, ვიდრე ლამაზი, მაგრამ როდესაც ლამაზი ხარ, „კუკლა“, ლივ ტაილერი ხარ, შენთვის ცხოვრება რთულია. შეიძლება მამაკაცთანაც გქონდეს პრობლემები. უამრავი მამაკაცი იფიქრებს, რაში მჭირდება ასეთი ლამაზი გოგო ცოლად, ის აუცილებლად ვინმეში გამცვლის.

– თავდაცვის მექანიზმი ირთვება, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი კომპლექსია. რატომ უნდა გაგცვალოს ვინმეში ქალმა, რომელსაც უყვარხარ და გიყვარს.

– რატომ აქვთ მამაკაცებს ეს კომპლექსი ვერ ვხვდები. ძალიან ლამაზი დაქალები მყავს და ბევრს მოუყოლია შეყვარებულმა მითხრა, შენ ჩემთვის ზედმეტად ლამაზი და კარგი ხარო. მშვენივრად ვხვდები, რომ აქ ქვეტექსტი სხვანაირია – ბოდიში, სხვა მომწონს და კარგად ბრძანდებოდეო.

– ალბათ. გარწმუნებ, რომ ეს არ ეხება ყველას. ალბათ, არის რაღაც ჯგუფი, რომელთა ქცევასაც, მე ვერ ვიგებ. ჩემს საძმაკაცოში არ მინახავს, ვინმეს არ უნდოდეს ლამაზი ქალი გვერდით, მაგრამ მხოლოდ ლამაზი არა, ის ჭკვიანიც უნდა იყოს. ქალი უნდა იყოს როგორც ცოლი, ისე მეგობარი, საყვარელი და ყველაფერი ერთად. მე ასე მესმის. როდესაც ურთიერთობაში ნდობის ფაქტორია, ერთგულებაა, იქ არ შეიძლება საუბარი იმაზე, ცოლი ჩვეულებრივი მყავდეს და ლამაზ გოგოებში ვერთობოდეო. თქვენსკენ როგორ არის ეს ყველაფერი, არ ვიცი, რადგან ლამაზი კაცი რას ნიშნავს, არ ვიცი. კაცი უ

ნდა იყოს მამაკაცური, ვაჟკაცური თვისებებით.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი



– მაშინ ამით დავიწყოთ, შენ გესმის ქალების?

– ყოველ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ შემესწავლა და გამეგო ქალისთვის. ქალთან თბილი ვყოფილიყავი, ლოიალური, ყურადღებიანი, მოსიყვარულე და მკაცრიც. როგორ გამომდის, ეს უკვე მე აღარ უნდა მკითხოთ.

– როგორ წარუდგენდი თავს ახალგაცნობილ ადამიანს? მოაწონე, ვთქვათ, შენს ყოფილ მეუღლეს თავი?

– იცი რა, წარდგენა და თავის მოწონება არ ვიცი როგორ ხდება. ჩემთვის, უპირველესი არის გრძნობა, ემოცია. ჩემშია ეს გრძნობა, რომელიც იმ ადამიანისკენ მიდის შემდეგ, რომელიც მომეწონება. ამას მაშინვე ვგრძნობ. როგორც კი ვინმე მომეწონება, ჩემში იწყება გარდაქმნა, სისხლის მიმოქცევა იცვლება, ჩქარდება და ეს გარეთაც გამოდის. არ არსებობს ეს შენი მოწონების ობიექტმა არ იგრძნოს. როდესაც შინაგანად რაღაც იცვლება, მერე იმ ადამიანს გაიცნობ და თუ ამ ყველაფერთან ერთად, ის შენი მეგობარიც გახდა, გაუგეთ ერთმანეთს, მიხვდებით, რომ ის შენიანია. უბრალოდ არ ვუყურებ ქალს, ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყოველი ის წუთი, რომელიც ამა თუ იმ ურთიერთობას უკავშირდება ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სულ ვფიქრობ ამ საკითხზე, მათთან დამოკიდებულებაზე. იმიტომ კი არა, თავს ვაწონებ, უბრალოდ მაინტერესებს ისინი. ბევრი რამ არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიცი. როგორც ხელოვნებაზე ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და რეალურად არაფერიც არ იციან. როგორც ხელოვნებას, ისე ქალს სიცოცხლის ბოლომდე სწავლობ. სულ აღმოჩენებში ხარ, რომელიც შენს ემოციებს უკავშირდება.

– მგონია, რომ მამაკაცები, რომლებიც ბევრს ფიქრობენ ქალთან ურთიერთობისას, ცდილობენ ყველაფერში ჩაეძიონ მას, ვფიქრობ, რომ თამაშობენ. მირჩევნია, ისეთ მამაკაცთან მქონდეს ურთიერთობა, რომელიც ბუნებრივი იქნება, თუნდაც თავისი მამაკაცური თვისებებით, რომელიც ბევრ ქალს აღიზიანებს, მაგრამ, სამაგიეროდ, მეცოდინება, რომ გულწრფელია და შემიყვარდება ისეთი, როგორიც არის.

– სწავლაში და ფიქრში „შებმას“ არ ვგულისხმობ. შეიძლება, უკვე ცხოვრობ იმ ადამიანთან ერთად, გიყვართ ერთმანეთი, მაგრამ თუ ყველაფერი მიუშვი, აღარ იზრუნე და არ გაუფრთხილდი ურთიერთობას, ის აუცილებლად გაფუჭდება.

– ამაში გეთანხმები.

– რამდენიმე ეტაპი არსებობს ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში. პირველი ეს არის დანახვა, გაცნობა, შეგრძნება. მერე მოდის გახსნა, ურთიერთობა და შემდეგ უკვე მისი მოფრთხილება. ძალიან ბევრი ნიუანსია ურთიერთობაში, უამრავი სირთულე სდევს ორი ადამიანის, ორი ხასიათის შერწყმას თან. ორი ინდივიდია, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. შეიძლება, ერთი იყოს „ურაგანი“, მეორე – ვულკანი, ან პირიქით, მშვიდი ზღვა და მოხდეს საოცრება. უნდა იყო გულწრფელი, მართალი საკუთარ თავთან და დარწმუნებული შენს გრძნობებში. ნორმალური წყვილის შემთხვევაში დაშორების მიზეზი მხოლოდ ერთი მხარე არასდროსაა. ამბობენ ხოლმე, მომატყუა, მიღალატა. რეალურად კი შეიძლება, მიზეზი სულ სხვა იყოს. კი არ მოატყუა, შეუყვარდა და მერე ეს ისეთ ამბავში გადაიზარდა, რომ ურთიერთობა დამთავრდა.

– ამ საუბრიდან გამომდინარე ძალიან ერუდირებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვე. თავი ჭკვიან ადამიანად მიგაჩნია?

– ჭკვიანი ძალიან პირობითი ცნებაა. არ ვიცი, როგორ ვთქვა. ხანდახან მგონია, რომ ჭკვიანურად მოვიქეცი, ამა თუ იმ სიტუაციაში, ხანდახან პირიქით, მგონია, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი. არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც გგონია, რომ ძალიან ჭკვიანურად მოიქეცი, მაგრამ დრო გადის და ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში ეს ყველაზე სულელური საქციელი იყო.

– საკმაოდ წარმატებული მსახიობი ხარ და კმაყოფილი ხარ, რომ ეს პროფესია აირჩიე?

– კი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.

– ნიჭიერი ხარ?

– არ ვიცი, ნიჭიერი ვარ თუ არა. არაფერს ვაკეთებ ნიჭიერებისთვის ან იმისთვის ვინმემ რომ თქვას, რა ნიჭიერიაო. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს. შემდეგ როგორ მიიღებენ ამას, ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. თუ ხალხს მოეწონა, რაც გავაკეთე, მერე მეც მიყვარს ის პროდუქტი. მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახდინე. ჯერ არაფერი გამიკეთებია. ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უნდა გამეკეთებინა ან უნდა გავაკეთო.

– შენი პოპულარობა თეატრს უკავშირდება თუ ტელევიზიას?

– პროფესიას. საერთოდ, ეს არის საქმე, რომელიც მეტწილად გამართლებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, უცებ ვიღაცამ დაგინახოს, სხვა თვალით შემოგხედოს და შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს. მანამდე კი ძალიან ბევრი უნდა იშრომო, შენი თავი უნდა გადადო ამ პროფესიისთვის. ოცდასამი წელი, თითქმის მთელი ცხოვრება, თეატრში გავატარე. რთულია ეს ყველაფერი, როცა ოჯახი გაქვს, შენ კი დილიდან საღამომდე და ღამემდე თეატრში ხარ. სხვა რამეს ვერც აკეთებ.

– როგორ ათავსებ ამ ყველაფერს?

– ახლა, ასე თუ ისე ვათავსებ, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც თეატრის რეპერტუარის ყველა სპექტაკლში ვიყავი. ახლა არის სპექტაკლები, სადაც ვარ ან არ ვარ. ბედი მწყალობს, თუ რა დავარქვა ამას, არ ვიცი. საერთოდ, არ უყვართ როდესაც თეატრის მსახიობი ტელევიზიაში მიდის და როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, პრინციპში, ბეწვის ხიდზე გავიარე. ძალიან დიდი რისკი იყო, რომ მხოლოდ სერიალებსა და, ტელევიზიაში დავრჩენილიყავი. თეატრში კი აღარც დავეკავებინე როლზე. თეატრში სულ სხვა ატმოსფეროა, ცოცხალი ორგანიზმია. ყველა ჩვენგანის ოცნება იყო რუსთაველის თეატრში მოხვედრა, დიდ მაესტროსთან და ეს ოცნება მე ამიხდა.

– მაგრამ დამეთანხმები, რომ კინოში კიდევ უფრო მეტად ჩანს სიყალბე.

– ვერ დაგეთანხმები, რადგან სიყალბე ჩანს ყველგან. მსახიობი ყველგან ხუთი თითივით ჩანს. რენტგენში გატარებენ, ვერავის ვერაფერს გამოაპარებ. შენი ინტელექტი, შენი ცხოვრება, ტიპაჟი ჩანს, მიუხედავად იმისა, უარყოფით როლს ასრულებ თუ დადებითს.

– ვინ არის შენი ყველაზე სასურველი პარტნიორი?

– ძალიან მომწონს ნანუკა ხუსკივაძესთან, ნინო კასრაძესთან, ია სუხიტაშვილთან ერთად მუშაობა. ასევე მარინა კახიანთან, ზაზა პაპუაშვილთან, ლევან ბერიკაშვილთან. ძალიან მომენატრა და მინდა, ვიმუშაო დათო ბახტაძესთან, სცენაზე ან კინოში, მნიშვნელობა არ აქვს. მოდი, ბოლოს ისევ მე გკითხავ. როგორ ფიქრობ, სხვა ცხოვრებაში იცხოვრებდი? უფრო ძველ პერიოდში იქნებოდი თუ დღევანდელი ცხოვრებით ხარ კმაყოფილი?

– ამაზე ალბათ, ბავშვობაში მიფიქრია. ცხოვრება, საზოგადოება არ იცვლება, იცვლება მოწოდების ფორმები. ერთადერთი ძველ დროში ცხოვრება შეიძლება, იმის გამო მომდომებოდა, რომ დიდი და ფუშფუშა კაბები მცმოდა. სხვა ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მაგალითად ავტომობილით პირველ ბოძამდე მივდივარ, უფრო შორს ვერა. ასე რომ, კარეტა იქნებოდა თუ ავტომობილი, მაინც პირველ ბოძამდე მივიდოდი (იცინიან).

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3