კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბავშვის დასჯის როგორი მეთოდებია გაუმართლებელი და როგორ მოვიქცეთ ცალკეულ სიტუაციებში


ყოველი მშობლის მიზანია აღზარდოს სრულფასოვანი და ღირსეული შვილი, განსხვავება ოჯახებს შორის, მხოლოდ აღზრდის მეთოდებშია. სულ უფრო თვალსაჩინო ხდება აზრთა სხვადასხვაობა ბავშვის დასჯის ადეკვატურობასთან დაკავშირებით. დასჯის ცნებაც ინდივიდუალურად, სხვადასხვა კრიტერიუმით აღიქმება და ფასდება სხვადასხვა მშობლის მიერ. მიზანშეწონილია თუ არა დასჯის გამოყენება ბავშვის აღზრდისას, გვესაუბრება ფსიქოლოგი გიორგი ხახვიაშვილი.


– როდიდან ჩნდება მშობლებში ბავშვის დასჯის სურვილის ალბათობა?

– 8-9 თვის ბავშვი, რომელიც იწყებს ცოცვას და გარშემო ყურადღებით აკვირდება ყველაფერს, მშობლების მაქსიმალური სიფრთხილის მიუხედავად, უკვე გაუანალიზებელი საფრთხის მატარებელია საკუთარი თავის მიმართ. მაგალითად, ფეხსაცმლით თამაში, სანამ მის დამალვას მოასწრებენ; ან სავარძელზე აცოცება მისი ნაკლებად განვითარებული ორიენტაციის ფონზე. ამგვარად, დგება დრო იმისა, რომ ბავშვს ვასწავლოთ პირველი „არ შეიძლება“. აღზრდის სიმკაცრის საკითხი ყოველთვის აფიქრებთ მშობლებს.

– რა განაპირობებს დასჯის სურვილს?

– დასჯას აქვს ორი მიზანი. უპირველესად, ამით მშობელი ცდილობს თავიდან აირიდოს არასასურველი შედეგი, მეორე მიზეზი კი მშობლის ქვეცნობიერი სურვილია იმისა, რომ ბავშვს გააგებინოს უფროსის უპირატესობა – პატარამ პატივი სცეს მის გადაწყვეტილებებს და პიროვნებას.

მშობლების უმრავლესობისთვის, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას და პიროვნულ განვითარებას. სწორედ ამ სურვილით ხელმძღვანელობისას, უნებურად და შეუმჩნევლად მოქმედებენ საკუთარი მიზნის საწინააღმდეგოდ. ბავშვებთან ჰუმანური დამოკიდებულება მოითხოვს მათი ინდივიდუალური სურვილების პატივისცემას, სრულიად უარყოფს ბავშვზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და დასჯის გამოყენებას. ასეთი მშობლები მუდმივად ცდილობენ თავიდან აირიდონ ბავშვთან კონფლიქტი, ყოველ არასასურველ ფაქტს კი საკუთარ თავს, ან სხვა ნათესავებს აბრალებენ. უდავოდ, ასეთ ბავშვს უფრო მშვიდი ცხოვრება აქვს და მისი დისკომფორტი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაუკმაყოფილებლობაში გამოიხატება. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი დამოკიდებულება მუდმივად არ გრძელდება. არც ერთ მშობელს არ აქვს რკინის ნერვები. ამ შემთხვევაში, რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვილი დასჯის სურვილი ერთბაშად ახსენდებათ და საკმაოდ მკაცრად რეაგირებენ ბავშვის ქმედებაზე, თავად პატარა კი დიდ გაუგებრობაში გრძნობს თავს, მისთვის უდიდესი ტრაგედიაა, რომ იმის გამო, რაც ჩვეულებრივ „შეიძლება“ – ესოდენ დიდი უსიამოვნება შეხვდა. დადგენილია, რომ თუ ბავშვი არ გრძნობს მშობლის მტკიცე ხასიათს, ის ნაკლებად თვითდაჯერებულია. ბავშვს არ შეუძლია, გადაწყვეტილებების მიღება, ვერ არჩევს ერთმანეთისაგან კარგს და ცუდს. ამ დროს კი, ფაქტობრივად, თავისი უმოქმედობით მშობელი არ ეხმარება შვილს ჩამოყალიბებაში.

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი რაიმეს არასწორად აკეთებს?

– ერთი შეხედვით, მარტივი და ადეკვატურია, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს აკრძალვის არსი, მაგრამ, ყველაფერი რთულდება, როდესაც პრაქტიკულ ცხოვრებაში ვიყენებთ აკრძალვას. ბავშვი ფაქტობრივად, ვერ იგებს რა შეიძლება რომ გააკეთოს, რადგან მას ყველაფერს უკრძალავენ – არ შეიძლება სწრაფად სირბილი და ხმამაღლა ყვირილი, სადილობისას ლაპარაკი, უფროსისთვის საუბრის გაწყვეტა, რაიმე საგნის პირში ჩადება, სათამაშოების მიმოყრა, ტანსაცმლის დასვრა... აკრძალვების ჩამონათვალი მართლაც რომ უსასრულოა. თუ ვეცდებით ბავშვის სრულ დამორჩილებას, ხშირად ჩავერევით მის სურვილებში, თუ ნაადრევად მოვთხოვთ დამოუკიდებლობას, შესაძლებელია, მასში პროტესტის გრძნობა აღვძრათ. ამ დროს აუცილებელია, შეიცვალოს ბავშვთან საუბრის ტონი, მოიხსნას ზედმეტი კონტროლი და მოთხოვნები. სანამ მშობელი ბავშვზე გაბრაზდება, უნდა გაიხსენოს, რომ ბავშვს ამოძრავებს ბავშვური ხასიათი და ცნობისმოყვარეობა და არა ბოროტების გაკეთების სურვილი. ნებისმიერი მოთხოვნილება, თუნდაც ეს გაუჩერებელი სირბილის სურვილი იყოს, მონაწილეობს ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში.

– უჭირს თუ არა ბავშვს დადგენილი წესების გაანალიზება?

– წესები და შეზღუდვები არ უნდა გვქონდეს მეტისმეტად ბევრი და ისინი მაქსიმალურად ლმობიერი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი შესაძლებელია, უინიციატივო გაიზარდოს. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ანარცხებს ჭიქას იატაკზე. გაისმა მსხვრევის ხმა და შუშის ჭურჭელი გაფუჭდა. ცნობისმოყვარე ბავშვი იბნევა, შეშინებული, გაკვირვებული და იმედგაცრუებულია, მაგრამ, დედა, რომელსაც არ ესმის შვილის მდგომარეობა, იწყებს ჩხუბს, ცდილობს დაანახვოს ბავშვს, რომ დამნაშავეა. დანაშაულის შეგრძნება კი არა მარტო ბავშვს, არამედ ზრდასრულ ადამიანსაც კი უშლის ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, ბავშვს ავუხსნათ რაც მოხდა და რომ ეს კიდევ გამეორდება მისი ასეთივე მოქცევის შემთხვევაში. მსგავსი დამოკიდებულება ბავშვს ასწავლის მოვლენების წინასწარ განსაზღვრას. არ ინერვიულოთ იმაზე, მიხვდება თუ არა თქვენს ნათქვამს. იმის ლოდინი, რომ ბავშვი წამოიზრდება და მერე აუხსნით, სულელური გადაწყვეტილება იქნება.

– როდის იქმნება დასჯის აუცილებლობა?

– ბავშვი უნდა დავსაჯოთ მხოლოდ ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც გაანალიზებულად ახდენს დაუმორჩილებლობის დემონსტრირებას. თუ აუცილებელი ხდება დასჯა, ეს უმალვე უნდა მოჰყვეს საქციელს, რადგან ბავშვის მახსოვრობა სუსტია და დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლებელია, ვერც კი მიხვდეს რისთვის გაუბრაზდით. მაშინ წყენის გარდა, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.

– რა აზრის ბრძანდებით ფიზიკური დასჯის შესახებ?

– საკმაოდ ხშირია ბავშვის ფიზიკური დასჯა. მშობლები ასეთ ქმედებას მიმართავენ ბავშვის იძულების მიზნით. ბავშვი კი ქმედების ინტერპრეტირებას თავისებურად ახდენს. უფროსების კვალდაკვალ, ბავშვები თავად მიმართავენ ძალადობას მიზნის მისაღწევად, მაგრამ, ისინი ასე ბევრად უფრო სუსტებთან იქცევიან, მაგალითად, უმცროსი დის ან ძმის მიმართ. თუ ბავშვი ხანგრძლივად იმყოფება მსგავს მდგომარეობაში, მას აგრესიული ხასიათი უვითარდება. თუ მშობელი სცემს შვილს, ეს იმის ნიშანია, რომ მათ შორის არანაირი ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება და სიყვარული არ არსებობს. მსგავსი ქმედება დადებით შედეგს ვერასდროს გამოიღებს. ტკივილის შიშით შეპყრობილი ბავშვი სწავლობს ტყუილის თქმას და საქციელის დამალვას. შეურაცხყოფილი ბავშვი რისხვას გამოხატავს უფრო სუსტ ბავშვებზე ან შინაურ ცხოველებზე.

– რა არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფიზიკურ დასჯას?

– ასეთი დასჯის ფსიქოლოგიური შედეგები ძალზე მრავალფეროვანია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია რისკი, რომ სისტემატური ცემის შედეგად, ბავშვს განუვითარდეს ფსიქოლოგიური დარღვევები, გაიზარდოს სტრესული ადამიანი. იმის გამო, რომ ბავშვმა არ იცის, როდის ელოდება შემდეგი დასჯა, უვითარდება სტრესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: მოუსვენრობა, თავის ტკივილი, ფსიქოსომატური დარღვევები. ბავშვი მუდმივად შეშფოთებულია, ზედმეტად აღგზნებულია, მუდმივად მზადაა თავდასხმისთვის. ამიტომ, ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება სკოლაში, ან თამაშის დროს. ნაცემ პატარა ბავშვებს აღენიშნებათ ჭირვეულობა, ადვილად ტირიან, დამწუხრებული სახე აქვთ, პასიურობენ – ბავშვი ეგუება თავის ბედს. დღის განმავლობაში განცდილი ემოციები ხშირად გადაიქცევა ღამის ბოროტ სიზმრებად. ამიტომ, ბავშვები ცდილობენ მაქსიმალურად გვიან დაიძინონ.

– რას ურჩევთ მშობლებს ბავშვის დასჯასთან დაკავშირებით?

– არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდი – ბუნებრივი შედეგების მეთოდი, რომლის მიხედვითაც ბავშვი ცხოვრებისეული მოვლენების წყალობით სწავლობს სწორად ქცევას. ამის მაგალითია, ცხელ ჭიქაზე ხელის მოკიდება, ან ნემსზე ხელის დატაცებით ჩხვლეტის შეგრძნება. ასეთი გამოცდილება ბავშვს ეხმარება დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანაში. დაახლოებით, იგივე ეფექტის მქონეა ბავშვისთვის ულტიმატუმის წაყენება. მაგალითად, თუ ის არ დაალაგებს სათამაშოებს, არ გაუშვებთ მეგობრებთან ერთად. მშობლები შეცდომას უშვებენ მაშინ, თუ აკრძალვა სასიცოცხლო მოთხოვნილებას ეხება, მაგალითად, უსადილოდ დარჩენა. ზოგჯერ ბავშვს უბრალოდ აშინებენ, რომ უცხო ადამიანი წაიყვანს, თუ არ დაიძინებს. ამ ნათქვამს დიდი დატვირთვა აქვს, ბავშვი შეშინდება თუ როგორ შეუძლიათ, მშობლებს მისი თავის დათმობა ვიღაც უცხო ადამიანისთვის, მშობლების ნდობა თანდათან შესუსტდება. უდავოა, რომ მუდმივად ვერ ავირიდებთ თავიდან დასჯის აუცილებლობას. თუ მაინც მოგვიხდა მისი გამოყენება, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი წესი – თქვენი უკმაყოფილება უნდა გამოხატოთ ბავშვისგან განცალკევებით და არა ბავშვზე. უმჯობესია, ბავშვი დასაჯოთ მისთვის კარგის წართმევით, ვიდრე ცუდის მიცემით. თუ ბავშვს მიაჩვევთ ძილის წინ ზღაპრის კითხვას, მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს დასჯის აუცილებლობისას უყურადღებობა ძილის წინ. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ საუკეთესო აღზრდის მეთოდია აღზრდა საკუთარ მაგალითზე. თუ მშობელი თავად არ იქცევა ისე, როგორ საქციელსაც შვილისაგან მოითხოვს, ეს მასში პროტესტის გრძნობას იწვევს.


скачать dle 11.3