კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30-34(452)



ტყვეები გაკოჭილები, დაბღვერილები უმზერდნენ მათეს, რომელიც მოთმინებით ელოდა პასუხს და თვალს არ აშორებდა მათ. ბოლოს ერთ-ერთმა, რომელსაც მარცხენა ყურზე ოქროს საყურე ეკეთა, ამოიხვნეშა და მათეს უთხრა:

– ამათი არ ვიცი, მაგრამ მე აღარ მსურს უკან დაბრუნება. დავალება ვერ შევასრულე, ჩავვარდი და არავინ მაცოცხლებს. ამიტომ მირჩევნია, თქვენ გემსახუროთ, თუკი რამეში გამოგადგებით.

– პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ემსახურო, – უთხრა მათემ საყურიანს, – იმედია, რომ სისულელის ჩადენაზე არც იფიქრებ.

– რა სისულელეზე? – გაუკვირდა საყურიანს, – თქვენს ხელში ვარ, თანაც გაკოჭილი.

– მე ვგულისხმობ, მაშინ, როცა გაგათავისუფლებ, – უთხრა მათემ.

– ალბათ, გათავისუფლების სანაცვლოდ რაღაც უნდა გავაკეთო.

– ბევრი არაფერი. ახლა შენ კამერის წინ დაწვრილებით მოყვები, თუ ვინ და რატომ გამოგგზავნა აქ. ჩემი ვინაობის დასახელება არაა საჭირო და იტყვი, რომ პირადად მანგუსტმა გამოგგზავნა, რომ რუსეთიდან ემიგრირებული, ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანი მოგეკლა. შენ კი ეს არ ისურვე, ყველაფერს პრესას უმხელ და იმალები, რომ სამაგიერო არ გადაგიხადონ. გააკეთებ ასეთ რამეს?

– სხვა რა გზა მაქვს?! – მხრები აიჩეჩა საყურიანმა, – მე მზად ვარ, დავიწყოთ.

მათეს დანარჩენებმაც სთხოვეს მფარველობა და გადაღებაზე დათანხმდნენ, რადგან კარგად ესმოდათ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდათ.

– კეთილი, – გაეცინა მათეს, – ვხედავ, რომ ჭკვიანი ხალხი ხართ და ყველანაირად შევეცდები თქვენი უსაფრთხოების დაცვას. ახლა კი საქმეს მივხედოთ.

მათეს ერთ-ერთმა ხელქვეითმა ციფრული ვიდეოკამერა ჩართო და ქილერებმა დაწვრილებით მოუთხრეს, თუ ვინ, როდის და რატომ გამოაგზავნა ისინი ნიუ-ორლეანში. მათეს ვინაობა არც ერთს არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, მანგუსტზე აკეთებდნენ ხაზგასმულ აქცენტს და, გადაღება რომ დასრულდა, რუსეთის მაყურებელმა ცერი თითი ზევით ასწია და ქილერებს უთხრა:

– ყოჩაღ, კარგია. ამ საღამოსვე ყველანი ტელევარსკვლავები გახდებით, მაგრამ თქვენი სახალხოდ გამოჩენა უკვე აღარ შეიძლება. ერთი მხრივ, ფედერალები დაიწყებენ თქვენს ძებნას, რათა ჩვენებები ჩამოგართვან. მეორე მხრივ კი, თქვენი ყოფილი უწყება შეუდგება თქვენზე ნადირობას, ამიტომ, დროებით ფსკერზე უნდა დაწვეთ, მერე კი თქვენი მომავალი ბედი ერთად გადავწყვიტოთ. ფული და დროსტარება არ მოგაკლდებათ და, თუკი თქვენი სურვილი იქნება, გარეგნობებსაც შეგიცვლით. რას იტყვით ამ შემოთავაზებაზე?

– მე მგონი, კარგია, – თქვა საყურიანმა და კოლეგებს გადახედა, – თქვენ რას იტყვით?

– კარგია, გვაწყობს, – დაადასტურეს დანარჩენებმაც.

– ჰოდა, თუ გაწყობთ, მაშინ ახლავე ნიუ-იორკში გადაგიყვანენ და დროებით იქ დაიმალებით. ერთი თვის შემდეგ კი, როცა აჟიოტაჟი ჩაცხრება, თქვენს მომავალზე ვისაუბროთ.

ოთხივე ქილერი იმავე დღეს ნიუ-იორკში გადაიყვანეს და ერთ-ერთ საიმედო კონსპირაციულ ბინაში დამალეს, ორსაათიანი ვიდეოჩანაწერის ოცი ასლი კი ამერიკის უმსხვილეს ტელეკომპანიებს გაუგზავნეს და მანგუსტის მიერ გამოგზავნილი ქილერების ვიდეოაღსარება მთელმა ამერიკამ ნახა და მოისმინა. ინფორმაცია, მანგუსტმაც მიიღო და როდესაც ქილერების ჩვენებები მოისმინა, უშიშროების შეფს პირადად დაურეკა:

– შენი დედაც, გენერალო! რაც მოხდა, ყველაფერზე პირადად აგებ პასუხს! – შემდეგ ტელეფონის ყურმილი აპარატზე დაახეთქა და დაამტვრია.

მანგუსტის ზარის შემდეგ გენერალი ერთხანს გაუნძრევლად იჯდა სავარძელში და საკუთარ ოჯახზე ფიქრობდა. შემდეგ ქაღალდი დაიდო წინ და ორი წერილი დაწერა. ერთი წერილი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა, მეორე თავის თანაშემწეს მისცა და უთხრა:

– ახლავე წადი და ეს ჩემს ცოლს გადაეცი.

თანაშემწემ გენერალს წერილი გამოართვა და წავიდა. კარი რომ გაიხურა, უშიშროების შეფმა იარაღი ამოაცურა და გადატენა, შემდეგ სავარძელში ჩაჯდა, ლულა პირში ჩაიდო და სასხლეტს თითი გამოჰკრა...

***

ქილერების აღიარებითი ჩვენების ტელეტრანსლაციამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია ამერიკაში და, როგორც მათე ვარაუდობდა, მათ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაუწყო ძებნა. ეს ამბავი არც პოლკოვნიკ სმიტს გამორჩენია და ჰამოს, რომელიც უკვე მესამე დღე, მასთან იყო სტუმრად, უთხრა:

– ხედავ, რას სჩადის მანგუსტი? პირადად გზავნის ქილერებს პირადი მტრების დასახოცად. საინტერესო კი არის, ვის მოკვლას ცდილობდნენ ისინი.

ჰამოს გაეღიმა და მასპინძელს უთხრა:

– ვის მოკვლასაც ცდილობდნენ, აშკარაა, მაგრამ რომ ვერ მოკლეს, მანგუსტს მაგრად ჩაუსვარეს.

– თავს დავდებ, რომ მანგუსტის მტერი ამერიკაში გადმოხვეწილი რომელიმე რუსი მაფიოზი იქნება.

პოლკოვნიკის ასეთ ზუსტ პროგნოზზე ჰამო შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და მიუგო:

– ეშმაკმა უწყის მაგათი თავი. რუსეთში ახლა ისეთ არეულობაა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. არაა გამორიცხული, რომ მართალს ამბობდეთ.

– გამორიცხული კი არა, ზუსტად ვიცი, – არ ცხრებოდა სმიტი, – მანგუსტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსულ მაფიასთან და ისინი მას არჩევნებში ეხმარებოდნენ. მაგრამ, ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მათი ქუსლის ქვეშ მოქცევა მოინდომა და, რომ არ გამოუვიდა, მათ დევნა-რეპრესიებს მიჰყო ხელი.

– რაღაც მსგავსი მეც მსმენია.

– მსმენია კი არა, სპეციალური საიდუმლო მოხსენება მაქვს მოსმენილი ჩვენს კომიტეტში, რომელიც „ფებეერის“ მაღალჩინოსანმა გაგვაცნო, – ამაყად თქვა სმიტმა, – ჩვენი სპეცსამსახურები სპეციალურად იყვნენ ამ ამბით დაკავებულები და ყველაფერს დაწვრილებით იკვლევდნენ.

– ძალიან საინტერესოა, – გაიღიმა ჰამომ, რომელიც სულმოუთქმელად ელოდა თხრობის გაგრძელებას და დარწმუნებული იყო, რომ ლაყბობის მოყვარული შემთვრალი კონგრესმენისგან საყურადღებო ინფორმაციებს შეიტყობდა.

– მე კი ვფიქრობდი, რომ ზრდილობის გამო მისმენდი, – თქვა სმიტმა, მორიგი ჭიქა ვისკი გადაკრა და სტუმარს გაუღიმა, – შენისთანა ვაჟს ან სიძეს ვინატრებდი. მაგრამ, ჯერ კიდევ არაა გვიან. აი, შვილს გავაკეთებ, ჩემი ცოლი ბიჭს გააჩენს, შენ მონათლავ და, მე თუ ვერ მოვესწარი მის დავაჟკაცებას, კაცობას შენ ასწავლი.

– მოესწრებით, პოლკოვნიკო, – ზურგზე ხელი მოუთათუნა მასპინძელს ჰამომ, – რაც შეეხება თქვენს მონათხრობს, ძალიან საინტერესოა და, თუ ლაპარაკი არ გეზარებათ სიამოვნებით მოგისმენთ.

– ჰოდა, ჩემო ჰამო, საქმე ისაა, რომ მანგუსტი რუსული მაფიის შეფს გადაემტერა და ციხეში გამოამწყვდია. თუმცა, მან გაქცევა მოახერხა და როგორც ბოლო ინფორმაციებიდანაა ცნობილი, ის ამჟამად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იმალება. დარწმუნებული ვარ, მანგუსტმა სწორედ მის მოსაკლავად გამოგზავნა ეს „ტელევარსკვლავები“.

– ამერიკაში იმალება?

– ჰო, ამერიკაში – ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ გავიგეთ – სად. თუმცა, დიდი ეჭვია, რომ რუსული მაფიის შეფი სწორედ ჩვენს ქალაქში იმალებოდეს.

– ნიუ-ორლეანში?

– სწორედ აქ. მით უმეტეს, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში აქ უამრავი ცვლილება მოხდა განგსტერულ სამყაროში და ფედერალები ამ ყოველივეს სწორედ რუსული მაფიის გააქტიურებას უკავშირებენ.

– იციან, რომ აქაა და არ აპატიმრებენ? – მხრები აიჩეჩა ჰამომ, რომელსაც მიღებული ინფორმაციისგან გულისცემა აუჩქარდა.

– ჯერ ერთი, არ იციან, სად იმალება რუსი ბოსი კონკრეტულად, მაგრამ, რომც იცოდნენ, მაინც არ დააპატიმრებენ.

– არ დააპატიმრებენ?

– სწორედ ასეა. უბრალოდ, თვალთვალს დაუწყებენ და ისევ მანგუსტის წინააღმდეგ გამოიყენებენ. სხვათა შორის, ფედერალებმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს მათეს ხელში ჩასაგდებად, უფრო სწორად – აღმოსაჩენად და საკონტროლებლად. ამიტომ, ადრე თუ გვიან, ის „ფებეერის“ ბადეში მოხვდება, ზუსტად ისევე, როგორც მაფიოზთა ბევრი წარმომადგენელი. ერთი სიტყვით, ჩემო კარგო, ვისაც „ფებეერი“ აზის კუდზე, ის, ადრე თუ გვიან, იშიფრება და მათი, ესე იგი, ფედერალების მსხვერპლი ხდება, – თქვა პოლკოვნიკმა. შემდეგ ვისკით სავსე ჭიქა ასწია და, სანამ გადაკრავდა, ჰამოს ჭიქას მიუჭახუნა, – ჩვენს საუკუნო ძმობას გაუმარჯოს!

მათეს სახელის ხსენებამ და პოლკოვნიკის მონათხრობმა მთაწმინდელი შეაშფოთა. ამიტომ, გადაწყვიტა, ყველაფერი პირადად მათესთვის მოეყოლა და პოლკოვნიკს კიდევ ორი ჭიქა დაალევინა, დააძინა და ვილიდან გავიდა. გასვლის წინ კი მისის სმიტს უთხრა:

– ძილის წინ ოკეანის პირას გავისეირნებ. პოლკოვნიკს კი ჩაეძინა და ტახტზე წევს.

ჰამომ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოკეანის გაჩახჩახებული სანაპიროს სკვერში, შემდეგ მათეს დაურეკა ქუჩის ტელეფონიდან და იქ მყოფ მარკსს უთხრა:

– მანდ მოსვლა მინდა!

– რა ხანია, გელოდებით, – მიუგო მარკსმა, – გითვალთვალებდით და ახლა ვაპირებდით შენთან კაცის გამოგზავნას.

ჰამომ კიდევ ორი საკონტროლო მანევრი გააკეთა და რომ დარწმუნდა, არავინ უთვალთვალებდა, მათეს კონსპირაციულ ვილაში შევიდა და რუსეთის მაყურებელს ეახლა.

– მოხდა რამე, ჰამო? – ჰკითხა მათემ მთაწმინდელს.

– „ფებეერი“ გაზის კუდზე.

– „ფებეერი“?

– ჰო, – თავი დააქნია ჰამომ, – რაღაც სპეციალური პროგრამა შეუმუშავებიათ შენს აღმოსაჩენად და გეძებენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ შენ ნიუ-ორლეანში ხარ.

– საიდან გაიგე?

– პოლკოვნიკმა სმიტმა მითხრა სმის დროს. სმიტი თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა და ვიღაც ბობოლა „ფებეერელის“ მოხსენება მოუსმენია. მოკლედ, შენი სახელიც იციან და შენი და მანგუსტის ურთიერთობის ამბებიც. სმიტმა შენზე თქვა, რომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაებმება მახეში და კუდზე დაასხდებიანო.

– ესე იგი, ჩემი დაჭერა არ უნდათ?

– არა, – თავი გააქნია ჰამომ, – სმიტმა თქვა, მანგუსტის წინააღმდეგ შეეცდებიან მის გამოყენებასო.

მათეს ჩაეცინა, სამი თითის კომბინაცია უჩვენა ჰამოს და თქვა:

– აი, ჩემს გამოყენებას შეეცდებიან! ისე კი კარგია, თუ ჩემს დაჭერას არ აპირებენ. კი ბატონო, ჩაგვინერგონ „ფებეერელი“. ჩვენ იქით გამოვიყენებთ მას და, თანაც, ძალიან აქტიურად.

– ეს არცთუ ისე ადვილი საქმეა, მათე, – თავი გააქნია მარკსმა, – „ფებეერი“ ისეთი უწყებაა, რომ მათი გაცურება ძალიან ძნელია.

– მერედა, ვინ თქვა, რომ ადვილია მათი გაცურება? – მხრები აიჩეჩა მათემ, – ადვილი არც ღომის ჭამაა და, წესი თუ არ იცი, პირს დაიწვავ. მაგრამ, იმიტომ გვაქვს ამხელა თავები, რომ ვიაზროვნოთ.

– ღომი რა არის? – ჰკითხა მარკსმა მათეს.

– ძალიან გემრიელი საჭმელია. ქართული კერძია და ოდესმე აუცილებლად გაგასინჯებ, – უთხრა მათემ მარკსს, შემდეგ კი ჰამოს მიუბრუნდა, – შენ რას აპირებ, როდის მიემგზავრები უკან?

– მე გუშინვე გავფრინდებოდი, მაგრამ სმიტი არ მიშვებს და კიდევ სამ დღეს დავრჩები აქ. ბილეთი უკვე წინასწარ შემიკვეთა და უნდა, რომ მაიამიში მაგულაოს.

– ძალიან კარგი, ნუ აწყენინებ მოხუცს. საჭირო კაცია და შეიძლება, ძალიან გამოგვადგეს.

– მოხუცი კი არა, ბიჭის გაკეთებას გეგმავს და მე უნდა მომანათვლინოს, – გაეცინა ჰამოს, – თვითმფრინავში დავადებინე პირობა და ამბობს, უნდა შევასრულოო.

– მით უმეტეს, – თქვა მათემ, ჰამოს მხარზე მოუთათუნა ხელი და კარამდე მიაცილა, – მაგ პოლკოვნიკს მაგრად ჩაავლე ხელი.

– კარგი, მათე, მასე ვიზამ. ახლა კი ნახვამდის, ხვალ მაიამიში მივემგზავრებით და საქართველოში იქიდან დავბრუნდები. კარგად იყავი, თავს გაუფრთხილდი, – უთხრა ჰამომ რუსეთის მაყურებელს და გადაეხვია, შემდეგ რომაშკას, ხლაპუშკასა და მარკსს გამოემშვიდობა და კონსპირაციული ვილა შეუმჩნევლად დატოვა. პოლკოვნიკის ვილაში რომ დაბრუნდა, სმიტს უკვე საკუთარ საძინებელში ეძინა და ჰამოც დასაძინებლად დაწვა...

***

პოლკოვნიკი სმიტი უთენია წამოადგა თავზე ჰამოს და უთხრა:

– გათენდა, ჩემო მეგობარო, ადექი! ვისაუზმოთ და გავემგზავროთ, წინ საოცარი დროსტარება გველოდება!

ჰამო საწოლზე წამოჯდა და პოლკოვნიკს ჰკითხა:

– როგორ ბრძანდებით, პოლკოვნიკო?

– მშვენივრად, ჩემო მეგობარო. უკეთესს ვერც ინატრებს ჩემი ასაკის კაცი. თანაც, შენისთანა სტუმარი მყავს და ცუდად როგორ ვიქნები? ბიჭზე ვმუშაობ, ჩემო კარგო, ბიჭზე და მომავალ ამ დროს უკვე მასთან ერთად დავისვენებთ, – თქვა პოლკოვნიკმა, შემდეგ გაიცინა და დაამატა, – თუმცა, იმ დროისთვის შენც ვაჟკაცი გეყოლება და, რა თქმა უნდა, ცოლშვილიანად მეწვევი. ახლა კი ადექი, ერთ საათში გავდივართ!

ჰამო წამოდგა. ერთი საათის შემდეგ კი პოლკოვნიკ სმიტის ფეშენებელური იახტა ლაჟვარდოვან ტალღებს მიაპობდა.

– რა მშვენიერი ამინდია, – უთხრა საჭესთან მდგომ სმიტს ჰამომ და ჰორიზონტისკენ თითი გაიშვირა, – ასეთი სილამაზე მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს. – მაიამიში უკეთესი ადგილებია, ამინდი კი ამ მიდამოებში ძალიან მატყუარაა და ახლა რომ მზე და უქარო ამინდია, მეორე წუთში შეიძლება, ისეთი ქარიშხალი ამოვარდეს, რომ ცა დაგვემხოს თავზე, – უთხრა პოლკოვნიკმა ჰამოს და, თითქოს ბუნებამაც გაიგონა მისი სიტყვებიო, უცებ ისეთი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომ მშვიდი ტალღები ცათამბჯენებივით ააზვირთა.

– მგონი, ბუნება განვარისხე, – თქვა ჰამომ შეშფოთებით, – ეს რა საშინელი ამინდი დადგა!

– ხომ გითხარი, ჩემო მეგობარო, – უპასუხა პოლკოვნიკმა, – ახლა როგორმე ნაპირს უნდა მივაღწიოთ და მოვიცდით.

– რომელ ნაპირს?

– სულ ერთია. მთავარია, მექსიკის ყურის რომელიმე ნაპირამდე მიგვაღწევინა და სამშვიდობოზე ვართ, – თქვა პოლკოვნიკმა, შემდეგ სანავიგაციო ხელსაწყოს დახედა და განაგრძო, – უახლოეს ნაპირამდე 25 მილია, ეს ძალიან შორსაა და S0S-ის სიგნალი უნდა გავგზავნო. გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე სამხედრო გემი ან წყალქვეშა ნავი პატრულირებდეს ამ მიდამოებში და ჩვენს საშველად მოვლენ. მე, როგორც კონგრესის წევრს, საგანგებო კოდი მაქვს და SOS-ს რომ გავგზავნი, ახლო მყოფი სამხედროები მოვალენი არიან, მოვიდნენ.

პოლკოვნიკმა სიგნალი გაგზავნა და იახტის დამორჩილებას შეეცადა, რომელიც თანდათან კარგავდა კოორდინაციას და ოკეანის ტალღებზე ნაფოტივით ირწეოდა. წყალი დიდი რაოდენობით ისხმებოდა გემბანზე და სულ მალე იქ მყოფებს ოკეანის უფსკრულში გადაისროდა. ჰამომ დაინახა, თუ როგორ აღიმართა წყლის უზარმაზარი ზვირთი მათი იახტის წინ. ამიტომ, პოლკოვნიკს წელში ჩაავლო ორივე ხელი და, სანამ ტალღა მათ გემბანიდან ჩარეცხავდა, დაუყვირა:

– გამაგრგდით, პოლკოვნიკო, მგონი, წყალში ვვარდებით!

ტალღამ ცელივით მოსხიპა ორივე და წყალში გადაყარა, მაგრამ ჰამოს კვლავ მაგრად ჰქონდა ჩავლებული ორივე ხელი პოლკოვნიკისთვის წელზე და მაშინაც კი არ გაუშვი, როდესაც წყლის მორევმა ორივე დაატრიალა. ისინი ჯერ ფსკერისკენ წავიდნენ, შემდეგ წყალმა ზემოთ ამოაგდო და ათიოდე მეტრის სიმაღლიდან სილიან ნაპირზე დაახეთქა. პოლკოვნიკი უგონოდ დაეცა და გახეთქილი შუბლიდან სისხლი სდიოდა, ჰამოს კი თვალთ დაუბნელდა, თუმცა, მთელი ძალები მოიკრიბა და წამოჯდა. ბოლოს, პოლკოვნიკს მკვლავებში ჩასჭიდა ხელები და ნაპირზე გამოიყვანა, რომ ტალღებს კვლავ ოკეანეში არ ჩაეთრია.

მთაწმინდელმა ორმოციოდე მეტრი ათრია სმიტი ქვიშიან პლაჟზე, მერე დასვა და ზურგით კლდეზე მიაყუდა. შემდეგ გატეხილი შუბლიდან სისხლი მოსწმინდა ცხვირსახოცით, ბოლოს კი შეუხვია და რამდენჯერმე შემოჰკრა ლოყაში მსუბუქად, რომ მოესულიერებინა.

– თვალი გაახილეთ, პოლკოვნიკო, გადავრჩით! – უთხრა ჰამომ სმიტს და ყვრიმალები დაუზილა.

პოლკოვნიკმა ნელ-ნელა გაახილა თვალი და ოკეანეს გახედა, შემდეგ ჰამოს შეავლო მზერა და ჰკითხა:

– როგორ ხარ, ჩემო მეგობარო?

– მე რა მიჭირს, თქვენ?

– ცოტა არ იყოს, თავი მტკივა, მაგრამ არა უშავს, გამივლის. საკვირველია, როგორ გადავრჩით...

– ღმერთმა გადაგვარჩინა.

– ღმერთმაც და შენმა ხელებმაც – თქვა პოლკოვნიკმა, – შენ რომ არ ჩაგევლო ჩემთვის წელში, ახლა უკვე ოკეანის ფსკერზე ვიქნებოდი წყლით გაბერილი.

– რაც მთავარია, გადავრჩით. ახლა კი იმაზე ვიზრუნოთ, როგორ გავაღწიოთ აქიდან.

– ეს არცთუ ისე იოლი საქმეა, – თქვა პოლკოვნიკმა და ფეხზე წამოდგა. შემდეგ ჰორიზონტს გახედა და ჰამოს უთხრა, – მით უმეტეს, თუ იქ ვიმყოფებით, სადაც ეჭვი მაქვს.

– რა ეჭვი, პოლკოვნიკო?

– რა, ჩემო მეგობარო და, ის, რომ ამ სიბერეშიც ვერ ვისწავლე ჭკუა. მინდოდა, შენთვის ლამაზი ექსკურსია მომეწყო და მაიამის სამხრეთიდან მივდგომოდით, სადაც თვალწარმტაცი ბუნებაა. ამიტომ კურსს გადავუხვიე და ნეიტრალური წყლების ზოლს გავუყევი. ქარიშხალმა კი, როგორც ეტყობა, უფრო სამხრეთით გაგვიტაცა და ახლა ჩვენ დაწყევლილი კუნძულების ზოლში – კუბის ნაპირებთან ვართ.

– დაწყევლილი კუნძულების?

– ჰო, – თავი დააქნია პოლკოვნიკმა, – ასე უწოდებენ იმ პატარ-პატარა კუნძულებს, სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეში კარიბის ზღვის მეკობრეები თავიანთ ნადავლს ინახავდნენ და ბაზები ჰქონდათ.

– ახლა რა ხდება იქ?

– როგორც ვიცი, იქ ახლა კუბელები და რუსები ჩარხავენ ბნელ-ბნელ საქმეებს და, კარგა ხანია, ჩვენს სამხედროებს ხელები ექავებათ. თუმცა, სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად პრეზიდენტის ბრძანებაა საჭირო, ის კი ნებართვას არ იძლევა.

– რატომ?

– რუსებს ერიდება.

– ისევ და ისევ რუსები, – თავი გააქნია ჰამომ, – მთელ მსოფლიოში კვახის ბარდებივით არიან მოდებული.

– მასეა, მასე... – თავი დააქნია სმიტმა, – ეს ჩვენი ეპოქის შავი ჭირია და აუცილებლად უნდა მოვიცილოთ.

ქარიშხალი ნელ-ნელა ჩადგა და ამინდი იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე დილით იყო. ჰამომ კვლავ ჰორიზონტს გახედა და სმიტს უთხრა:

– აღარც კი მინდა ამინდის შექება იმის შიშით, რომ ისევ არ აირიოს.

– თამამად შეაქე, – გაეცინა პოლკოვნიკს, – 24 საათის განმავლობაში აქ მშვენიერი ამინდი იქნება. ყოველთვის ასეა და, შეგიძლია, თამამად შეასხა ხოტბა. თუმცა, ეს ჩვენ არად გვარგებს და იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უკაცრიელ ადგილს.

– მოდი, პოლკოვნიკო, აქაურობა დავათვალიეროთ, – უთხრა ჰამომ სმიტს, – თუ, რა თქმა უნდა, შეუძლოდ არ ხართ.

– მოდი, დავათვალიეროთ, – თქვა პოლკოვნიკმა, მაგრამ შეჩერდა, კლდეს ამოეფარა, ჰამოს სახელოზე მოქაჩა და უთხრა, – ფრთხილად, ჰამო, მე მგონი, მართალი ვიყავი. დაწყევლილ კუნძულებზე ვიმყოფებით და სტუმრები გვყავს.

ჰამო და სმიტი კლდეს იყვნენ ამოფარებულები და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს ნაპირზე მომდგარ სამხედრო კატარღის წევრებს, რომლებიც გემიდან ყუთებით ეზიდებოდნენ რაღაცას.

– ვინ არიან, პოლკოვნიკო?

– მე მგონი, რუსები.

– რას ეზიდებიან?

– წარმოდგენა არ მაქვს, – თავი გააქნია სმიტმა, – არა მგონია, რომ იარაღი იყოს ან ნარკოტიკები. აქ სხვა რაღაცაში უნდა იყოს საქმე.

– მაინც, რაში?

– ჩუ, – ტუჩებზე თითი მიიდო სმიტმა და ჰამოსთან ერთად უზარმაზარ ლოდს ამოეფარა, რომ ნაპირზე გადმოსულებს ისინი არ შეემჩნიათ.

გემიდან გადმოსული ხალხი ყუთებიანად მოძრაობდნენ დამალულების გასწვრივ და ტვირთს გამოქვაბულში აწყობდნენ, რომელიც ოციოდე მეტრში მდებარეობდა. სულ ოცდაათნი იყვნენ, სამოქალაქო სამოსი ეცვათ და მხარზე ავტომატები ეკიდათ. ძირითადად, უხმოდ მოძრაობდნენ, მაგრამ ერთმანეთს რუსულად მიმართავდნენ.

– რუსული გესმით? – ჰკითხა ჰამომ პოლკოვნიკს.

– არა.

– იცით, რას ამბობენ?

– რას?

– რას და ამერიკელებმა რომ იცოდნენ, რას ვაპირებთ, ამ კუნძულს ჩაძირავდნენო.

– ესე იგი, სერიოზულ რაღაცას აპირებენ და ჩვენი დოყლაპია „ცეერუ“ კი არაფრის საქმის კურსში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩვენ ცხვირწინ ხდება.

გემიდან გამოქვაბულში ყუთების ზიდვა სამ საათს გაგრძელდა და სამასამდე ყუთი შეიტანეს. ამასობაში დაღამდა. რუსები იქვე, ლოდებთან დასხდნენ და ვახშამს შეუდგნენ, თან არაყს სვამდნენ და ამერიკელებს ხმამაღლა აგინებდნენ.

– პოლკოვნიკო, სამხედრო გემის მართვას შეძლებთ? – ჰკითხა ჰამომ სმიტს.

– შენ რა, რუსების გემის გატაცება გინდა?

– რატომაც არა! თუმცა, მე გემის წაყვანა არ ვიცი.

– რატომაც არა! – გაიმეორა სმიტმა – ვიცი, როგორ არ ვიცი. მაგრამ გემზე ასვლა და საჭესთან მისვლა გაგვიჭირდება. თან იქ, ალბათ, დაცვა იქნება.

– დაცვა არა მგონია, რომ იყოს და არც ასვლა უნდა გაგვიჭირდეს. ესენი ახლა სულ მალე ღორებივით დათვრებიან და ამით უნდა ვისარგებლოთ.

– კარგი, თანახმა ვარ.

რუსებმა, რომლებსაც საკმაო არაყი აღმოაჩნდათ, სმას უმატეს და, როგორც ჰამომ ივარაუდა, ერთ საათში საკმაოდ გამოთვრნენ, სიმღერასა და ამერიკელების გინებას უმატეს.

– მოემზადეთ, პოლკოვნიკო, დროა! ხელსაყრელი მომენტი დაგვიდგა და მსხვერპლი პირდაპირ ჩვენს ხახაში მოემართება, – უთხრა ჰამომ სმიტს და მოსაშარდავად გამოსული ავტომატმომარჯვებული რუსის შესახვედრად მოემზადა. ჰამომ რუსს კეფაში იდაყვი ჩასცხო და ძირს დააგდო. შემდეგ ავტომატი აართვა, ყბაში კონდახი დააყოლა და პოლკოვნიკს უთხრა, – ფრთხილად, წავედით!

ჰამო და პოლკოვნიკი შემოვლითი გზით მივიდნენ სამხედრო კატარღასთან და გემბანზე აიპარნენ. შემდეგ ძალიან ფრთხილად დაათვალიერეს იქაურობა და, რომ დარწმუნდნენ, არავინ იყო, ჰამომ სმიტს უთხრა:

– მე ავტომატით დაზღვევაზე დავდგები, თქვენ კი ძრავა ჩართეთ და აქედან მოვუსვათ!

სმიტმა კატარღის ხელსაწყოებს დახედა და გემი აამუშავა, ჰამო კი ავტომატმომარჯვებული უყურებდა ნაპირზე მყოფ გალეშილ რუსებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ჰიმნს მღეროდნენ. თუმცა, გემის ძრავის ხმაზე თითქოს გამოფხიზლდნენ – ყველანი წამოცვივდნენ, ავტომატები მოიმარჯვეს და კატარღისკენ გაიქცნენ.

– სწრაფად, პოლკოვნიკო, თორემ მოდიან! – დაუყვირა ჰამომ სმიტს და ნაპირის მიმართულებით საკონტროლო ცეცხლი გახსნა, რომ რუსები შეეჩერებინა.

რუსებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და გემის იერიშით აღება სცადეს, მაგრამ ვიეტნამის ომის ვეტერანმა პოლკოვნიკმა კატარღა ადგილიდან დაძრა და ოკეანეში შეცურდა...

ნაპირზე დარჩენილმა გამწარებულმა რუსებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს გატაცებულ კატარღას, მაგრამ ის უკვე მიუწვდომელი იყო – მთელი სისწრაფით მიაპობდა ტალღებს.

– ბრავო, პოლკოვნიკო, თქვენ ნამდვილი კარიბის ზღვის მეკობრე ხართ! – უთხრა ჰამომ სმიტს, – ასეთი ოსტატური გატაცება მხოლოდ ჰოლივუდურ ბოევიკებში მინახავს!

– ვიეტნამში უფრო სახიფათო საქმეებს ვასრულებდით, – მიუგო სმიტმა ჰამოს, შემდეგ სანავიგაციო ხელსაწყოებს შეხედა და თქვა, – ამერიკის ნაპირამდე 40 მილია. მთავარია, რუსულ-კუბური სასაზღვრო ბადრაგი არ გადაგვეყაროს. თუმცა, ჩვენებს უკვე გადავეცი ჩვენი კოორდინატები და, მე მგონი, ხიფათი არ გვემუქრება.

ღამის 2 საათი სრულდებოდა, როცა გამტაცებლები ნეიტრალურ წყლებში შევიდნენ. უცებ მათ წინ ამერიკული წყალქვეშა ნავი აღიმართა, რომელიც წყლიდან შეუმჩნევლად ამოცურდა და კატარღა შეაჩერა.

– მისტერ სმიტ, ღამის სეირნობა მოაწყვეთ? – ჰკითხა პოლკოვნიკს სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა პირმა, რომელიც წყალქვეშა ნავის კიჩოზე იდგა და იღიმებოდა.

– თქვენ აქ რას აკეთებთ? – ჰკითხა სმიტმა კიჩოზე მდგომს, – რუსები თქვენ ცხვირწინ რაღაცეებს ხლართავენ, თქვენ კი პირები დაგიღიათ!

– ნუ ცხარობთ, კონგრესმენო, – გაიღიმა კიჩოზე მდგომმა, – ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვართ და ოპერაცია „ფოიერვერკი“ სულ რაღაც სამ წუთში დაიწყება. კიდევ კარგი, რომ თქვენ თვითონვე უშველეთ თავს, თორემ ვერაფრით დაგეხმარებოდით.

– მაინც, რას გულისხმობთ, ჯექსონ? – ჰკითხა პოლკოვნიკმა კიჩოზე მდგომს, შემდეგ კი ჰამოს მიუბრუნდა და უთხრა: – ეს პოლკოვნიკი ჯექსონია. „ცეერუს“ სპეცოპერაციების ოფიცერი.

ჯექსონმა გაიღიმა და სმიტს უპასუხა:

– იმას, მისტერ სმიტ, რომ კუნძულზე რუსები საიდუმლო სალოკაციო სადგურს აშენებენ და ჩვენ მათ უკვე ერთი თვეა, ვუთვალთვალებთ. დღეს მათ ყველაფერი გადაზიდეს კუნძულზე, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდება, უსმინეთ...

ჰაერში საშინელი აფეთქებების ხმები გაისმა, რომელიც სულ რაღაც ერთ წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი ისევე მოულოდნელად მიწყნარდა, როგორც დაიწყო. ჯექსონმა კი კვლავ გაიღიმა და სმიტს უთხრა:

– მორჩა. კუბელების კუთვნილ კუნძულზე გადაზიდული 200 მილიონის ღირებულების მოწყობილობები განადგურებულია და იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩა. ჩვენი ბომბდამშენები კი ბაზაზე ბრუნდებიან. ოპერაცია „ფოიერვერკი“ დასრულებულია.

– და თქვენ გინდათ, თქვათ, ჩვენ რომ არ გამოვქცეულიყავით, კუნძულზე ჩვენივე თვითმფრინავების ბომბებს შევეწირებოდით? – ჰკითხა პოლკოვნიკმა ჯექსონს.

– სამწუხაროდ, ასეა, სერ! – ხელები გაშალა ჯექსონმა, – ასეა, ქვეყნის უსაფრთხოება მსხვერპლს მოითხოვს!

სმიტმა ჰამოს გადახედა. შემდეგ ჯექსონი თითით მოიხმო და, ეს უკანასკნელი რომ მიუახლოვდა, უთხრა:

– თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მსხვერპლს მოითხოვს?

– დიახ, სერ, – დაეთანხმა ჯექსონი, მაგრამ სმიტმა მოულოდნელად ისეთი სილა გააწნა, რომ ძირს დასცა და დამცინავად მიუგო:

– ჯენტლმენური მორალი მაიძულებს, რომ თქვენისთანა გაუთლელი თავხედი თავის ადგილზე დავსვა და, მგონი, ეს კარგად შევძელი. ახლა შეგიძლიათ, წამოდგეთ, ჯექსონ, უკანალი არ გაგიცივდეთ!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3