კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი დიზაინერი იყო გერმანული სამხედრო ფორმების დიზაინერი და რატომ გაიტაცა კახა ალანია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ნივთების შეგროვებამ


საქართველოს შვიდკაცა რაგბის მწვრთნელი, კახა ალანია, უკვე მეოთხე წელია, რაც საკმაოდ იშვიათ (თუ არა უცნაურ) კოლექციას აგროვებს – ეს არის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული საბრძოლო ატრიბუტიკა. როგორც კახა ამბობს, მას ეს ნივთები იზიდავს წმინდა დიზაინერული თვალსაზრისით და, თუ კოლექციას დავათვალიერებთ, ამის დაჯერება დიდ სირთულეს სულაც არ წარმოადგენს. თუ რომელი ცნობილი დიზაინერის შექმნილია გერმანელთა სამხედრო ფორმები, ვინ არიან ჩვენი რესპონდენტის ფავორიტი გენერლები და რატომ აგროვებს იგი ამ ნივთებს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

კახა ალანია: ამ კოლექციის შეგროვება დავიწყე სპონტანურად. როგორც ყველა მამაკაცს, მეც მომწონდა ხანჯლები, დანები და ასე შემდეგ. თავდაპირველად მეგობარმა მაჩუქა გერმანული „ვერმახტის“ დაშნა, რომელიც ძალიან მომეწონა სუფთა ვიზუალური თვალსაზრისით. დავინტერესდი, ვიკითხე და გავიგე, რომ გერმანელებს ბევრნაირი დაშნა ჰქონდათ – გერმანული არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფს – თავ-თავისი. ამის შემდეგ, ერთი-ორჯერ მშრალ ხიდთან გავიარე, რამდენიმე ნივთს წავაწყდი და შევიძინე. პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ამიტომ, ქვეყნის გარეთაც მეძლევა ხოლმე ჩემთვის საინტერესო ნივთების შეძენის საშუალება. ასე, ნელ-ნელა შევყევი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრმა ნივთმა მოიყარა თავი. მართალი რომ გითხრათ, თავი კოლექციონერად არ მიმაჩნია, უბრალოდ, რაც მომწონს, ის მაქვს და, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ნივთი დამიგროვდა.

– დღეისათვის დაახლოებით რამდენი ნივთი გაქვთ?

– 146 ნივთი მაქვს. მათ შორისაა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული მედლები, ქუდები, ჩაფხუტები, დაშნები და ასე შემდეგ.

– რატომ მაინცდამაინც ნაცისტურ-გერმანული წარმოშობის ნივთები?

– საქვეყნოდ ცნობილია გერმანული ხარისხი. მინახავს იმ პერიოდის ამერიკული, ინგლისური, საბჭოთა ნივთებიც, რომლებიც საკმაოდ ხარისხიანია, მაგრამ უპირატესობას მაინც გერმანულ სამხედრო ნივთებსა და აქსესუარებს ვანიჭებ.

– როგორც ვიცი, მათ საკმაოდ ცნობილი და სახელოვანი დიზაინერი ჰყავდათ.

– გერმანული სამხედრო, „ესესის“, ფორმების დიზაინერი არის ჰუგო ბოსი. მომწონს მათი ჩაფხუტის დიზაინიც. თანამედროვე სამხედრო ჩაფხუტებიც, ჩემი აზრით, გერმანული ჩაფხუტების ბაზაზეა შექმნილი. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს გერმანელებმა ყურებთან ჩამოწეული ჩაფხუტის მოხმარება.

დროთა განმავლობაში ამ ნივთების ისტორიამაც დამაინტერესა. პარალელურად, ჩემთვის აქამდე უცნობი, საინტერესო ბევრი ფაქტი აღმოვაჩინე. როდესაც სპეციალურ ლიტერატურას გავეცანი, უამრავი სიახლე შევიტყვე და გამიჩნდა ჩემი „ფავორიტი“ გენერლები – ვინ უფრო ძლიერი სტრატეგი იყო და ასე შემდეგ. ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის თემა განსაკუთრებით საინტერესოა. დღემდე გამოსაკვლევია ძალიან ბევრი ფაქტი. რამდენი იმპერია ყოფილა, რამდენი ბრძოლა, მაგრამ, ასეთი მასშტაბური ომი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია, უამრავი არაადამიანური ფაქტი მოხდა ამ ომში როგორც საბჭოთა, ისე გერმანელთა მხრიდან, ძალიან ბევრი სამხედრო დანაშაული, მაგრამ, გარდა ამისა, ძალიან ბევრ გმირობასაც ჰქონდა ადგილი. ერთი სიტყვით, ამ ყველაფრის გაცნობა ძალიან საინტერესოა – ჩემს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოყვარულის და არა მეცნიერულ დონეზე. ჩემი ნივთებიც ბევრ კონკრეტულ სიტუაციას ან ისტორიას მახსენებს.

– მაგალითად?

– მაგალითად, ვიცით, რომ ტუნისში, განლაგებული იყო გერმანელების აფრიკის კორპუსი. იქაურ ბაზრობაზე, სადაც ძველი ნივთები იყიდება, წავაწყდი ერთ ჩაფხუტს, მედალს და საკმაოდ იაფად შევიძინე. სადაც ჩავდივარ და შესაძლებლად მიმაჩნია, რომ იქ ჩემთვის საინტერესო ნივთი აღმოვაჩინო, ყველგან ვეძებ. მოსკოვში მაქვს რამდენიმე ნივთი შეძენილი, ასევე, საფრანგეთში, პოლონეთში, ინგლისში. ერთი ჩაფხუტი ჩემმა ფრანგმა მეგობარმა გამომიგზავნა. მყავს ესტონელი მეგობარიც, რომელიც მიგზავნის ხოლმე სხვადასხვა საინტერესო ნივთს. ეს ჩაფხუტი კავკასიაშია ნაპოვნი. ერთი დაშნა სერბეთში შევიძინე, ერთი უკრაინიდან ჩამომიტანეს – მოკლედ, ჩემი კოლექცია გეოგრაფიულადაც საკმაოდ მდიდარია.

– საჩუქრებით თუ მდიდრდება კოლექცია?

– კოლექციის დიდ ნაწილს მეგობრების ნაჩუქარი ნივთები შეადგენს. როდესაც შეიტყვეს ჩემი გატაცება, ვისაც რა ნივთზე მიუწვდებოდა ხელი, ის მაჩუქა.

– ეს ფორმა როგორ მოიპოვეთ?

– ფორმა ამერიკიდან გამომიგზავნეს. ეს გერმანელთა აფრიკის კორპუსის ფორმაა, რომელიც შექმნილია კინოგადაღებისთვის. მე დავაკერე ორიგინალური აქსესუარები და დავუახლოვე რეალურ ვარიანტს. რაც შეეხება ჩაფხუტებს, ამ კოლექციაში წარმოდგენილი ყველა ჩაფხუტი ორიგინალია. მაქვს „ესესის“ რამდენიმე ნივთიც.

ცნობილია, რომ გერმანელებს ჩრდილოკავკასიელები საკმაოდ ხელგაშლილები შეხვდნენ, ვინაიდან ისინი ისტორიულად ვერ იტანდნენ რუსეთის უღელს. როდესაც გერმანელები განდევნეს იქიდან, მათი ძალიან ბევრი მიმდევარი – აბრაგი გახდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ახმად კუჩმაროვი. კავკასიელთათვის სპეციალური მედალი დააწესეს გერმანელებმა და ეს მედალი მეც მაქვს. ქართველებიც იბრძოდნენ გერმანელების მხარეს. ერთ თამაშზე არგენტინაში ჩვენს საგულშემატკივროდ ქართველი მოვიდა, რომელიც „ვერმახტის“ ქართულ ლეგიონში იბრძოდა. ცნობილია, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა შეაფარა თავი ამ ომის შემდეგ სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას.

– გენერლები ვახსენეთ. ვინ არიან თქვენი ფავორიტი გენერლები?

– ჩემი აზრით, ამერიკელების საუკეთესო გენერალი იყო პატონი, გერმანელების – რომელი, საბჭოთა კავშირის – რაკასოვსკი. პატონი უხეში, მედგარი მებრძოლი იყო, რომელიც უკან არასდროს არ იხევდა. მას სისხლისმღვრელი ბრძოლები აქვს გადატანილი და, ფაქტობრივად, არც ერთი არ წაუგია. როდესაც უკვე აფრიკაში საჰაერო დაზღვევა არ ჰყავდათ, მცირერიცხოვანი არმიებით ისეთ სამხედრო ოპერაციებს გეგმავდა, რომ ინგლისელებისა და ამერიკელების მრავალრიცხოვან ჯარებს უმკლავდებოდა, ის დიდი სტრატეგი იყო. რაკასოვსკი საბჭოთა პერიოდისთვის ძალიან საინტერესო ფიგურა იყო. ერთი პერიოდი დაპატიმრებულიც კი იყო. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში. რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი გამორჩეული პიროვნება იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ ამ სამ გენერალს ჩემს ფავორიტებად მოვიხსენიებ.

– რამდენი წელია, რაც კოლექცია გროვდება?

– უკვე მეოთხე წელია.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს ნივთები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მახსენებს ჩემს მოგზაურობას, მეგობრებს და, გარდა ამისა, იმ ისტორიის ნაწილია, რომელიც აღარასდროს განმეორდება.


скачать dle 11.3