კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაურბოდნენ ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილეს მუსლიმანი მამაკაცები და რა ჩვეულება ვერ მოიშალა მან სახლში

ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე გენდერულ ფრონტზე წარმატებით „გამოდის“ – 32 წლის მარიკა ვალიშვილი, რომელიც ძალიან კომუნიკაბელური, აქტიური და ხალისიანი ადამიანია, მამაკაცებს ტოლს არც მოლაპარაკების მაგიდასთან უდებს, არც ტეხასის ტრამალებზე და არც მილსადენების გათხრილ ტრანშეებთან. მარიკა მხოლოდ წარმატებული საქმიანი ქალი არ არის, პირველი ენერგეტიკოსი მეოჯახის ამპლუასაც მშვენივრად ართმევს თავს – ის ოთხი შვილის დედაა, თავისუფალ დროს კი საკუთარ აივანზე „მოწყობილ“ ბოსტანში კიტრსა და პომიდორსაც კი უვლის... მარიკა ვალიშვილი: პროფესიით ენერგეტიკოსი არ ვარ, თუმცა ამ სფეროსთან იყო დაკავშირებული ჩემი ოჯახი. მამაჩემიც ენერგეტიკოსია და ჩემი ძმაც. მე სხვა გატაცებები მქონდა, მაგრამ სამუშაო პრაქტიკის წყალობით, მეც აქ მოვხვდი. ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ფაკულტეტზე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ბაბუამ, რომელიც ფოტორეპორტიორი იყო, ფეხბურთის მატჩზე წამიყვანა. ჩვენთან ახლოს ისხდნენ ამერიკელები. ისინი ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობდნენ. ერთმანეთს გავესაუბრეთ და მკითხეს, ვმუშაობდი თუ არა. მერე შემომთავაზეს, მათ ოფისში, სასტუმრო „მეტეხში“ მივსულიყავი. თუმცა, იმ პერიოდმა ჩემს კარიერაზე განსაკუთრებული კვალი დატოვა – უცხოელებთან ურთიერთობამ დაამსხვრია ჩემი ოცნებები კომპიუტერულ სამყაროსთან დაკავშირებით და მეც აღმოვჩნდი ენერგეტიკაში (იცინის). ამერიკელებთან ოთხი წელი ვიმუშავე, შემდეგ სამუშაოდ „თელასში“ გადავედი. ამის შემდეგ ჩემს კარიერაში იყო ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სადაც კომერციულ დირექტორად ვმუშაობდი. ჩართული ვიყავი თითქმის ყველა პროექტში, რომელიც ენერგეტიკასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა. ასევე, ვმუშაობდი სამშენებლო კომპანიაში გენერალურ დირექტორად. სამინისტროში ალეკო ხეთაგურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მოვედი. ალეკო არის ჩემი ჯგუფელი. – ქალისთვის ენერგეტიკა საინტერესო სფეროა? – ეს ზოგადად არის საინტერესო სფერო. მამაჩემის პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მესმოდა ენერგეტიკული ტერმინები. მამას მასალებს ხშირად ვუბეჭდავდი და ენერგეტიკულ საკითხებში, ჩემდაუნებურად გავერკვიე. უკვე მეც სულით ენერგეტიკოსი ვარ (იცინის). ადრე არ მესმოდა, რატომ იქცეოდა მამა ასე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ენერგეტიკოსების პროფესიული ჩვევაა, როგორც კი სახლში შევდივარ, მოვირბენ ხოლმე ოთახებს და თუ სადმე ზედმეტად ნათურა ანთია, აუცილებლად ვაქრობ. ვერ ვიტან სახლში უმიზნოდ ჩართულ ტელევიზორს და სხვა მოწყობილობებს, რომლებსაც ელექტროენერგია სჭირდება. ეს კომპლექსი მამისგან გამომყვა (იცინის). მას ძალიან დიდი დამსახურება აქვს ამ დარგის წინაშე. მამა დღემდე რჩება ჩემს კომპეტენტურ მრჩევლად, თუმცა ხშირად ჩემი პროფესიული რჩევები მასაც სჭირდება. როდესაც მე და მამა ერთმანეთს ვხვდებით, როგორც წესი, ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ. – რა სფეროები შედის თქვენს კომპეტენციაში? – როდესაც მინისტრი საქართველოში არ არის, მე მის მოვალეობას ვასრულებ. ჩემი კომპეტენცია ძირითადად ინვესტიციები, საერთაშორისო ურთიერთობებია. ტექნიკურ საკითხებშიც ისე ვერკვევი, რომ თუ საჭირო გახდა, შევალ ღრმა დისკუსიებში პროფესიონალ ენერგეტიკოსებთან. მინისტრის მოადგილეებიდან ქალები ორნი ვართ, რის გამოც ადრე მამაკაცი მოადგილეები უმცირესობაში იყვნენ, ახლა ბალანსი დაცულია. მე და ნინო ენუქიძეს გვეძახიან „ენერგეტიკის ქალებს“, როდესაც ორივე ერთად „დაწყობილები“ მივდივართ მთავრობის სხდომაზე: მოვიდნენ „ენერგეტიკის ქალებიო“, ხუმრობენ ხოლმე. იმის გამო, რომ ქალი ვარ, მცირე პრობლემებიც მქონდა (იცინის). გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობის დროს, მილსადენის მშენებლობისას ჩვენი კონტრაქტორი იყო აზერბაიჯანული კომპანია. კონტრაქტთან დაკავშირებით უამრავი დეტალი გვქონდა მოსალაპარაკებელი, მაგრამ იმ კომპანიის ხელმძღვანელი ჩემთან შეხვედრას პრინციპულად გაურბოდა. ცოცხალი თავით არ მოდიოდა ჩემთან. ავდექი და მე თვითონ მივედი მასთან ოფისში. ბოლოს გამომიტყდა: ჩვენთან სხვა სიტუაციაა და ვერ წარმოვიდგენდი, მოლაპარაკების მაგიდასთან ქალთან როგორ უნდა დავმჯდარიყავიო? თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი თურქმენეთშიც. ამიტომ, აღმოსავლური სამყარო მთლიანად ალეკოს გადავაბარე. სამაგიეროდ, სიამოვნებით მივდივარ დასავლეთში (იცინის). ახლაც ორი კვირა ვიყავი ამერიკაში. ფეხით შემოვიარე მთელი ამერიკა, მინდორ-მინდორ დავდიოდით ტეხასის შტატში, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკის ცენტრად ითვლება. ამერიკული მინდვრების დალაშქვრა რთული სულაც არ იყო. მე მიყვარს აქტიურობა და ასეთ რეჟიმს იოლად ვეგუები. ერთადერთი რამაც პრობლემა შემიქმნა, ის იყო, რომ მოვიმატე ექვსი კილო. რადგან ჩვენს მასპინძელ, ტეხასელ კოვბოებს, თითქმის ისეთივე მასპინძლობა სცოდნიათ, როგორიც ქართველებმა ვიცით. – თქვენს ჯგუფელს ხშირად ვხედავთ სხვადასხვა ობიექტებზე ჩაფხუტით. თქვენც გიწევთ ჰესებზე ჩაფხუტის მორგება?– მეც მაქვს ჩემი ჩაფხუტები. თუმცა, მე არ დავყვები მინისტრს ჰესებზე. მინდობს, როგორც მრავალშვილიან დედას (იცინის). ჩემი ასპარეზი ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთაა, თუმცა საქართველოშიც ხშირად დავდივარ სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტზე. გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობისას, სამშენებლო პროექტებს ვკურირებდი და ხშირად 7-8 თვის ორსული დავდიოდი გათხრილ ტრანშეებთან (იცინის). – ასეთი სამუშაო რეჟიმში ოთხი შვილის გაჩენა როგორ მოახერხეთ?– მოვახერხე... მეუღლემაც ამიბა მხარი. ბევრი დამხმარე გვყავს გარშემო – დედაჩემი, ჩემი მეუღლის მშობლები. მქონდა წელიწადნახევრიანი პაუზა, როცა არ ვმუშაობდი და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. როდესაც გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მივედი ალეკოსთან და მან მუშაობა შემომთავაზა, მე ვუთხარი: ორსულად ვარ, ახლა დამეწყება პრეტენზიების პერიოდი და როგორ შევძლებ აქ მუშაობას-მეთქი? სამივე ორსულობის დროს აქტიური იყავი და რაღა ახლა შეგექმნება პრობლემებიო, მითხრა ალეკომ და ახალ სამსახურზე იოლად დამითანხმა. – თქვენი მეუღლე როგორ ეგუება თქვენს ასეთ რეჟიმს? თუ მეუღლის სამსახურებრივი რეგალია მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.– საქმიანი ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეუღლის თანადგომა. იმის მიუხედავად, რომ მეუღლე ჩემს სფეროსთან არ არის დაკავშირებული და მასაც საკმაოდ რთული სამუშაო რეჟიმი აქვს, მაინც ძალიან მიწყობს ხელს. ჩემი მეუღლე არის რეანიმატოლოგი-ანესთეზიოლოგი და მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში წამყვან სპეციალისტად. მე ღამე მაინც ვახერხებ სახლში მისვლას, ჩემს მეუღლეს კი ხშირად ამის ფუფუნებაც არ აქვს. ასე რომ, სახლში მინისტრის მოადგილის სტატუსით ნამდვილად არ ვსარგებლობ და არც ზედმეტ პრობლემებს ვიქმნით (იცინის). მე მაქვს ერთი თვისება, რომელიც მომწონს – საკმაოდ იოლად ვეგუები ყველაფერს, მათ შორის ცუდ სიტუაციებსაც. არ მაქვს პრობლემური ხასიათი, ლაღ ადამიანად მიცნობენ. თუმცა, იმასაც ამბობენ, ცოტა კაპასიაო (იცინის). – წლების განმავლობაში თქვენ ცხინვალში ცხოვრობდით, რა გაკავშირებთ დღეს ამ ქალაქთან? – მე თბილისში დავიბადე, როცა მამა სამხრეთ ოსეთის ენერგოქსელების დირექტორად გადაიყვანეს, ჩვენც ცხინვალში გადავედით საცხოვრებლად. რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ იქ. ვსწავლობდი მეოთხე საშუალო სკოლაში, რომელიც დღეს აღარ არსებობს. როდესაც ცხინვალში ჩავედით, იქ უკვე ისე იყო არეული სიტუაცია, თითქმის ჩაკეტილი ცხოვრების წესი გვქონდა. იზოლირებული რეჟიმით ვცხოვრობდით. ის წლები საკმაოდ მტკივნეულია ჩემთვის, რადგან იქიდან ისე წამოვედით, ბავშვობის სურათებიც კი არ დამრჩა – რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი ცხინვალში დავტოვეთ. მერე ჩვენი ოჯახი გაიყო. მამა ქარელის რაიონში ცხოვრობდა, ახლოს რომ ყოფილიყო იქაურობასთან, მე თბილისში ბებია მზრდიდა, ჩემი ძმა ვანში ცხოვრობდა და ასე გახლეჩილები ვიყავით საკმაოდ დიდხანს. მერე გადმოვედით თბილისში და ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. ჩემი მშობლები ახლაც სოფელში ცხოვრობენ. სოფლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მიყვარს მიწა, სოფლის სურნელი. როცა დრო მქონდა, ბოსტანში კარტოფილიც კი მომყავდა. ისე მოწადინებული ვარ, თბილისში, სახლის აივანზეც მაქვს პატარა „ბოსტანი,“ სადაც მწვანილიც მომყავს, კიტრიც და პომიდორიც (იცინის). მჭადებსაც ვაცხობ კეცებზე. სახლში მაქვს ბუხარიც და კეცებიც. სტუმრებს ნატურალური პროდუქტითა და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული სადილებით ხშირად ვუმასპინძლდები. ეს როლიც მშვენივრად მეხერხება. – მინისტრთან თათბირზე რომ აგვიანებთ, ალბათ, როგორც ოთხი შვილის დედას, შეღავათები გეკუთვნით? – არასდროს ვაგვიანებ სამსახურში. უნდა ვაღიარო, რომ, რაც არ უნდა ხდებოდეს, სამსახური ჩემთვის პირველ ადგილზეა. შემიძლია, დავტოვო სახლში ყველაფერი და გამოვიქცე სამსახურში, თუ კი გამომიძახეს. მაგალითად, ამერიკიდან რომ ჩამოვედი, მქონდა ნერვის ანთება, მაგრამ როგორც კი შემატყობინეს, სამსახურში მისვლა იყო საჭირო, მაშინვე დავურეკე ჩემს ქმარს და ვთხოვე, მოსულიყო. ნემსი გამიკეთა, რომ შეხვედრაზე ორი საათი მაინც გამეძლო. ბავშვებთან ურთიერთობისთვის მე მეკუთვნის ღამე, რადგან ჩემ გარეშე არ იძინებენ. ღამით ვინაზღაურებთ იმ დანაკლისს, რისი დეფიციტიც გვაქვს. როგორც კი დროს გამოვნახავ, ბავშვები გამყავს სახლიდან – ან პარკში მივდივართ, ან სადმე ქალაქგარეთ. ბუნებასთან ურთიერთობა ძალიან მოსწონთ. შაბათ-კვირას თითქმის სულ ერთად ვატარებთ, რაიონშიც კი მიმყავს ხოლმე ობიექტების გახსნაზე. მათთვის ძალიან საინტერესოა ერთად თავმოყრილი ბევრი ხალხი, რომლებიც მექანიზმებზე მუშაობენ. ამით ოთხივე ბავშვი მშვენივრად ერთობა (იცინის). скачать dle 11.3