კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლის რა მოცულობის დანაკარგია სიცოცხლისათვის სახიფათო და როგორ უნდა შევაჩეროთ სისხლდენა სწრაფად და რაც შეიძლება მარტივად

ორგანიზმის სისხლით მომარაგების ნებისმიერი დარღვევა იწვევს მისი ფუნქციონირების გარკვეულ მოშლას. მიზეზთაგან სისხლდენა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა და გამოირჩევა ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით. ნებისმიერი ტიპის სისხლდენა ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა ხარისხის ცვლილებას. რაც უფრო გამოხატულია სისხლის დანაკარგი, მით უფრო მკვეთრია ეს ცვლილებები. დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვისას მცირდება ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება. ყველაზე ცუდად უჟანგბადობას თავის ტვინი იტანს და ხანგრძლივი დეფიციტის შემთხვევაში შეუქცევადი დარღვევები ვითარდება, რის გამოც აუცილებელი ხდება რადიკალური გადაწყვეტილებების მომენტალური მიღება, რაც დაფუძნებული უნდა იყოს ჩვენს ცოდნაზე საკითხის მიმართ. ჟანგბადის დეფიციტისადმი არანაკლებ მგრძნობიარეა გულის კუნთიც და ერთგვარად იქმნება მანკიერი წრე. ჩვენი ქმედებების მიუხედავად დაგვიანებული დახმარების გამო დაზიანებული გული ვეღარ ახორციელებს სრულყოფილად თავის ფუნქციას და ღრმავდება ქსოვილების იშემია. ტრავმები და პათოლოგიები, რომლებიც სისხლდენის განვითარებას იწვევენ, საკმაოდ ხშირია. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლდენის დროს პირველადი დახმარების პრინციპების ცოდნა. ჩვენ უკვე განვიხილეთ სისხლდენის შეჩერების რამდენიმე მეთოდი, მაგალითად, ლახტის დადება. ამჯერად განვიხილავთ კიდევ ორ მეთოდს, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია და უფრო ადეკვატურია ნაკლები ინვაზიურობის თვალსაზრისით, ანუ ჩვენი ქმედებების არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

სახსარში მოხრის მეთოდი

კიდურებიდან სისხლდენის შესაჩერებლად უნდა გამოვიყენოთ ძვლების სახსარში მაქსიმალური მოხრის მეთოდი. ყველაზე ხშირად ეს მეთოდი გამოიყენება ხელის სისხლძარღვებიდან სისხლდენისას – სხვებთან შედარებით ეს უკეთესია მასიური სისხლდენისას. კიდურს მაქსიმალურად ხრიან ჭრილობის ზემოთ მდებარე სახსარში და მარლით აფიქსირებენ ამ პოზაში. მაგალითად, წინა მხრისა და მტევნის ზედაპირიდან, სისხლდენის შესაჩერებლად იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე უნდა დავადოთ სახელდახელოდ გაკეთებული მარლის ბურთულა, შემდეგ ხელს მაქსიმალურად ვხრით სახსარში, მანამ, სანამ გასინჯვისას არ შეწყდება პულსი მაჯაზე და არ შეწყდება სისხლდენა. ასეთ მდგომარეობაში კიდურს ვაფიქსირებთ მარლით, ექსტრემალურ პირობებში კი – ქამრით ან სხვა რამე საშუალებით, ბურთულის გასაკეთებლად კი შეგვიძლია, ცხვირსახოცი ან ნებისმიერი სხვა ქსოვილი გამოვიყენოთ. მხრის სისხლძარღვებიდან სისხლდენისას, ხელი გადააქვთ ზურგს უკან მაქსიმალურად სიღრმეში და აფიქსირებენ მას ნახვევით. ნახვევი ამ შემთხვევაშიც მჭიდრო უნდა იყოს, რათა არტერია ორივე მხრიდან შევიწროვდეს. ქვემო კიდურიდან სისხლდენისას, მნიშვნელობა არ აქვს, დაზიანებულია ბარძაყი თუ ტერფი, მოხრას ახორციელებენ მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში ერთდროულად. ამ მეთოდის გამოყენებისას, ისევე, როგორც ლახტის მეშვეობით სისხლდენის შეჩერებისას იქმნება ქსოვილების ნეკროზის საფრთხე, ამასთან, მას ვერ გამოვიყენებთ, თუ სისხლდენას თან ერთვის ძვლების მოტეხილობა, რადგან უფრო დიდია დაზიანების მიყენების რისკი. სამწუხაროდ, ყოველთვის არ ხერხდება სასურველი შედეგის მიღწევა, ამიტომ, თუ სისხლდენა მოცულობითია და ვერ ვადგენთ მის წყაროს, ექიმი კიდევ უფრო სწრაფად უნდა გამოვიძახოთ, ვიდრე ზემოთ აღწერილ შემთხვევებში.

სისხლდენა ორგანოებიდან

თუ კბილის ამოღების შემდეგ სისხლდენა ძლიერია და ნაკადი არ წყდება, ღრძილზე უნდა დავიდოთ რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლა და ზედა და ქვედა ყბა მივაბჯინოთ ერთმანეთს. ყურიდან სისხლდენისას სასმენი მილის ტამპონირება არ შეიძლება. ამ დროს სასწრაფოდ უნდა გავიგოთ სისხლდენის მიზეზი. თუ მისი წყარო არ არის ზედაპირული დაზიანება, აუცილებელია, გადაუდებლად გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, რადგან ყურიდან სისხლდენა შეიძლება იყოს თავის ქალის ან ტვინის მძიმე დაზიანების შედეგი. ეს ეჭვი მაშინ ძლიერდება, თუ სისხლში გამოერევა განსხვავებული ფერისა და კონსისტენციის სითხე, ეს თავ-ზურგ ტვინის სითხეა. ჭრილობის ზედაპირის კიდეები უნდა დავამუშავოთ იოდით ან სხვა რამე ხსნარით და დავხუროთ სტერილური ნახვევით. ფილტვებიდან სისხლდენა ვითარდება მისი სისხლძარღვების ტრავმის ან დაავადების შედეგად დაზიანების გამო. სისხლდენა განსაკუთრებით ხშირია ტუბერკულოზისა და სიმსივნის დროს. სისხლი ავადმყოფს ძირითადად ხველისას გამოეყოფა. აუცილებელია, რომ ის ვამყოფოთ მოხერხებულ, კომფორტულ მდგომარეობაში და გულმკერდზე დავადოთ ყინულით ან ცივი წყლით სავსე ჭურჭელი. ამ შემთხვევაშიც სასწრაფოდ უნდა ჩავრიოთ ექიმი. განსაკუთრებით მრავალფეროვანია საჭმლის მომნელებელ გზებში განვითარებული სისხლდენის მიზეზები. ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები. სისხლდენა ხშირ შემთხვევაში ამ დაავადებების პირველი სიმპტომია, ანუ მანამდე პაციენტებს არაფერი აწუხებდა. შესაძლოა, სისხლდენა მოჰყვეს მწვავე გასტრიტს ან კუჭის კიბოს. ღვიძლის ციროზმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება და გასკდომა. კუჭიდან სისხლდენა ხშირად გამოვლინდება სისხლის ღებინებით ან სისხლიანი განავლით. შინაგანი სისხლდენის დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა ძალიან რთულია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვისთვის. სისხლდენის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. შინაგანი სისხლდენისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. განსაკუთრებით სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თუ ეჭვი გვაქვს მუცლის ღრუში სისხლდენაზე, რადგან ამ დროს მისი დამოუკიდებლად შეჩერება ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება, მაშინაც კი, თუ სისხლდენა წვრილი სისხლძარღვებიდანაა. ასეთი სისხლდენა თანდათანობით მიგვიყვანს მნიშვნელოვან სისხლნაკლებობამდე. დეფექტური პროცესების კორექცია მხოლოდ ოპერაციით არის შესაძლებელი. მუცლის სერიოზული ტრავმებისას აუცილებლად უნდა გავესინჯოთ ექიმს შინაგანი სისხლდენის ნიშნების გამოჩენამდე, რომლებიც შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდეს. როდესაც საქმე გვაქვს საჭმლის მომნელებელი გზებიდან სისხლდენასთან, ექიმის მოსვლამდე უნდა უზრუნველვყოთ პაციენტის სრული სიმშვიდე, მუცლის ზემო ნაწილზე დავადოთ ყინულებიანი ტომსიკა ან ბოთლი ცივი წყლით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სათბურის დადება. ავადმყოფს არ უნდა მისცეთ არც საჭმელი, არც სასმელი.

სისხლდენის შესაჩერებლად ასევე გამოიყენება თითის მიჭერა სისხლძარღვზე ტიპურ ადგილას. საუკეთესო შედეგს მივიღებთ ამ ქმედებით, თუ სისხლძარღვის ქვეშ ძვალი იქნება. სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლდენისას, როდესაც სისხლის ნაკადი საკმაოდ ძლიერია და ვერ ვიყენებთ მომჭერს, ჭრილობა უნდა ამოვავსოთ მარლით და ამის შემდეგ უნდა დავაჭიროთ თითი. არტერიული სისხლდენისას სისხლძარღვზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ დაზიანების ზემო არეში, ხოლო ვენიდან სისხლდენისას ჭრილობის – ქვემოთ. თავიდან, სახიდან და ენიდან სისხლდენისას ვახორციელებთ საძილე არტერიაზე ზეწოლას კისრის წინა ზედაპირზე, რომლის ქვემოთ ხერხემლის მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის დახმარებისათვის.

სისხლდენის ნებისმიერი შემთხვევისას, იქმნება მრავალმხრივი პოსტტრავმული საფრთხე, იქნება ეს ინფექცია, ანემია თუ სხვა პათოლოგია, ექიმის კონსულტაცია ყველა შემთხვევაში აუცილებელია.

ერეკლე ასპანიძე

скачать dle 11.3