კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ქექავს მუდმივად ნიკო გომელაური იდუმალსა და ამოუცნობ სიკვდილს


მეშინია, იმ ადამიანებს არ დავემსგავსო, რომლებიც, სხვადასხვა პოპულარული ვებ-გვერდების მეშვეობით, ნიკო გომელაურისთვის საოცრად ეპითეტებს წერენ, უძღვნიან ლექსებს და მისი სიყვარულით „გაჟღენთილები“ მაღალფარდოვანი სიტყვებით აბსოლუტურად შეუსაბამო წინადადებებს ადგენენ. მე, უბრალოდ, მიყვარს ნიკო გომელაური, საოცარი ემოციებითა და სევდით, რომელიც მის ლექსებშია.


ნიკო გომელაური: გამოდის ჩემი ლექსების ახალი კრებული, „ახალი ლექსი“. რას ვამბობ ამ წიგნით, ასე კონკრეტულად, არ ვიცი, საერთოდ ასე ერთი სათქმელი მგონია, რომ კრებულებს არ აქვთ, ეს ხომ არ არის ერთი რომანი?! ეს ლექსების კრებულია და ყველა ლექსში თავისი სათქმელია. ხელწერაა ახალი-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, რადგან, თუ ჩვენი კონსტიტუციასავით ნახევარ წელიწადში ერთხელ გაქვს ხელწერა შესაცვლელი, ვის რაში სჭირდება ეგეთი ხელწერა. არის ამ ლექსებში ახალი მომენტები, რომელიც შესაძლოა, ადრე ჩემს პოეზიაში შემჩნეული არ ჰქონდათ. მოდი, ეს მაინც მკითხველს მივანდოთ. ეს ხომ იცით, როგორი ფრაზაა, მკითხველს მივანდოთ! მსმენელს, მაყურებელს მივანდოთ! (იცინის).

– მკითხველისთვის წერთ?

– არა, მაგრამ, როდესაც ვწერ, ყოველთვის მკითხველის ადგილას ვაყენებ საკუთარ თავს. გასაგები იქნება მკითხველისთვის თუ არა ის, რისი გადმოცემაც ემოციურად სიტყვაში მინდა. ზოგჯერ შეიძლება, ემოციურად, ასოციაციურად რაღაც აზრი დაწერო, რომელიც შენთვის იყოს გასაგები, სხვისთვის კი მხოლოდ ლამაზ, ზოგჯერ უაზრო ფრაზებად ან ბოდვად დარჩეს და სხვას არაფერი გააგებინოს. ამიტომ, ეს ყოველთვის უნდა აკონტროლოს ავტორმა. მერე რომ არ დასჭირდეს თავის გამართლება, იცი, მათ არ ესმით, რადგან ვისაც არ ესმის, გოიმია, მე კი – ძალიან მაგარი. პოეზია მარტო გასაგები კი არა, ყველას სათქმელს უნდა გამოხატავდეს. შეიძლება, ეს ქალისთვის ახსნილი სიყვარული იყოს, მაგრამ ის ქალისთვისაც უნდა იყოს გასაგები და მის სათქმელსაც უნდა გამოხატავდეს კაცისადმი.

– თქვენი სათქმელი არ შეიცვალა?

– არა მგონია. ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც ვარჩევდით ლექსებს კრებულისთვის, ეს არის რჩეული, სადაც 1988 წლიდან 2004 წლამდე გამოცემული კრებულებიდან შევიდა ამოკრეფილი ლექსები და ამ წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. 1988 წელი თითქოს რა შორს არის არა?! იმ დროსაც იგივე საფიქრალი მქონდა, იგივე სევდა იყო ჩემს ლექსებში. 1988 წელს პირველ-მეორე კურსზე ვიყავი, მიტინგებზე დავდიოდი. ერთი სიტყვით სწავლის გარდა ყველაფერს ვაკეთებდი. მერე ლენინგრადში წავედი. მაშინ როგორც ყველა თვრამეტი-ცხრამეტი წლის ბიჭი ვლაღობდი, ვხალისობდი, ლექსებიც ლაღი გახლდათ, თუმცა, როგორც გითხარით, როცა ლექსებს ვარჩევდი, აღმოვაჩინე, რომ მაშინაც უზარმაზარი სევდა იყო. სევდა ქვეყნის, ადამიანების მიმართ.

– ეს სევდა ცხრამეტი წლის ბიჭს გაცნობიერებული ჰქონდა?

– როგორ გითხრათ?! ჩამოყალიბებული, როგორც დღეს, ოცდაცხრამეტი წლის ასაკშია, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. მაგრამ, იქ იყო პასუხების ძიება. რატომ? სევდაა თუ დარდია, რატომ არის, საიდან მოდის, რა არის მიზეზი? ასე ადვილად ვერ ყალიბდები და ვერ ერკვევი ამ ყველაფერში, კი აღიქვამ სევდას, როგორც ერთ მთლიანს, მაგრამ გამოსავლის გზებს ვეღარ პოულობ. იმისთვის, რომ გზა იპოვო, მიზეზი უნდა იცოდე, მიზეზი კი ჩემთვის უცნობი იყო. ზუსტად მაშინ დაიწყო ეს ძიება. როდესაც გამოდიხარ ვიღაცეებისთვის რაღაცეების დამტკიცების ასაკიდან, როგორი მაგარი ხარ, მერე ნელ-ნელა უკვე საკუთარ თავთან რჩები მარტო და არკვევ – რა, როგორ და საიდან მოდის. შენ თავთან გარკვეული, მერე საზოგადოც ხდება, მერე ლექსიც, აზრიც იცვლება. მუდმივი ზრდა არსებობს და როგორც კი ზრდას დაასრულებ, ესე იგი შენი შემოქმედება დასრულდა. ამაშიც ცუდი არაფერია. დამთავრდა – დამთავრდა! ადექი და სხვა რაღაც გააკეთე. ამიტომ, არასდროს ვამბობ, სცენაზე უნდა მოვკვდე, სცენიდან უნდა გამიტანონ. სულ პირიქით. ძალიან მეუხერხულება, უცებ სცენაზე რომ მოვკვდე, ყოველგვარი მეტიჩრობის გარეშე ვამბობ ამას. რა უბედურებაა, კაცო, მოვიდა ადამიანი, ათი თუ თხუთმეტი ლარი ბილეთში გადაიხადა და შუა სპექტაკლის დროს მსახიობი კვდება. ბილეთსაც უკან ვერ ჩააბარებ. რა იდიოტობაა, რატომ მაყურებინებ შენ სიკვდილს, წადი რა, სახლში მოკვდი, ოჯახურ წრეში, ისიც ოჯახურ ვიწრო წრეში. ვაიმე, ხალხნო ვკვდები – რომ დაიყვირებ სცენიდან... ჩემი თხუთმეტი ლარი მომეცი, ჩაგაკვდა ძაღლი სულში... (იცინის), რატომ უნდა გინდოდეს ეს სისულელე. ასე რომ, შეიძლება, ხვალ მივხვდე, სცენამ როგორ დამღალა და ვთქვა, მორჩა აღარ მაინტერესებს ეს საქმე. ვმეორდები და არაფერ საინტერესოს აღარ ვაკეთებ. მორჩა, დავანებებ ამ საქმეს თავს. ვაიმე, თეატრი ეს ჩემი ცხოვრებაა, თეატრი „ხრამია“, მის გარეშე ვერ ვიარსებებ – სრული სისულელეა. უბრალოდ, ეს არის საქმე, რომელიც მაინტერესებს, რომელიც, მგონია, ასე თუ ისე, კარგად გამომდის. როგორც კი მივხვდები, რომ გავჩერდი, თავს დავანებებ, მაგრამ, საქმე ისაა მივხვდები რომ?! ან საერთოდ, ხვდება ხოლმე ამას ადამიანი? ეს არის გასარკვევი.

– ესე იგი მოვლენების დრამატიზება არ გიყვართ. არადა, ყველა იმაზე საუბრობს, ნიკოს ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვს, მაგრამ ის ისეთი შემართებით არის...

– არა, რა სისულელეა. ძალიან ბევრჯერ მითქვამს უარი თამაშზე იმის გამო, რომ ცუდად ვარ. კარგად ვარ, მივდივარ თეატრში. იმიტომ კი არ ვთამაშობ, რომ აი, მე ცუდად ვარ, მაგრამ მაინც სცენაზე ვდგავარ. ვის რაში სჭირდება ცუდად მყოფის ნათამაშები?! ეს ყველაფერი მითები და ლეგენდებია. თუ ადრე ძველი საბერძნეთის იყო, ახლა ის ახალი საქართველოს მითებია.

– ამ ახალ საქართველოში რატომ მოსწონთ ადამიანებს ასეთი ისტორიების მოგონება?

– კარგია, როცა სხვა ცუდად არის, უჭირს. ესე იგი, მე კარგად ვარ, არ მიჭირს. უიმე, რა კარგია, რომ ადამიანი კარგად არის, ამას ხომ არასდროს არ ვამბობთ. იცით ცუდად იყო, მოკვდა, გუშინ მოკვდა... გარდაიცვალა ბებია ელპიტე. ეს კარგია, რადგან ადამიანები საქმეში არიან, რაღაც გაჭირვების თანამონაწილენი ხდებიან და ამით მათ კარგად ყოფნას ესმევა ხაზი. და თუ ვინმე კარგად არის, მისი შურთ.

– გარდა ამისა, მოგვწონს, როდესაც ცნობილ, ყველასთვის საყვარელ ადამიანს ზეადამიანის თვისებებს ვაწებებთ და მოვითხოვთ, რომ მაინცდამაინც სცენაზე უნდოდეს სიკვდილი. არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ ჩვეულებრივია. თუნდაც, ბატონი გოგი ცაბაძე გავიხსენოთ.

– თაობები იცვლებიან და მომავალში მხოლოდ შემოქმედებით ფასდება ადამიანი და არა იმ ინტრიგებითა და ჭორებით, რომელიც მის ცხოვრებაში იყო. გოგი ცაბაძესაც, რეზო ლაღიძესაც და უამრავ დიდ ქართველს ცხოვრებაში ძალიან ბევრი არასასიამოვნო მომენტი, ჭორები და ქილიკი ჰქონდათ. მაგრამ, როგორ შეიძლება, რეზო ლაღიძის მუსიკამ არ ჩამორეცხოს ნებისმიერი ტალახი. რომელი ჭორი თუ სასიყვარულო ინტრიგა გაახსენდება ადამიანს. რაც შეეხება გაიდეალიზებას – ის გმირია, ის არაჩვეულებრივია, ჩვენზე მაგარია – ეს უკვე კულტურის, ცალკეული ადამიანის კულტურის და გემოვნების საკითხია. როგორ გამოვასწორო ადამიანი, რომელიც ვთქვათ, ჩემს საიტზე რაღაცეებს წერს. ისე ვუყვარვარ, გადარეულია, მას სიყვარულის გარდა ჩემს მიმართ სხვა არაფერი ამოძრავებს. მაგრამ, რა ენითაც წერს, როგორც წერს, რა დალოცვები და სურვილებიც აქვს ჩემს მიმართ, ეს მიუღებელია კი არა, ამაზრზენიც კია. მაგრამ, სიყვარულით აკეთებს და რა ვქნა, მის აღზრდაში, გემოვნებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში როგორ მივიღო მონაწილეობა?! ეს შეუძლებელია.

– რამე შეიცვალა 1988 წლიდან? როგორია ცხოვრება დღეს?

– იცი რა, როგორც ვხვდები, არაფერი იცვლება. იცვლება დრო, სახელმწიფო წყობა, მთავრობა, მიდის რაღაცეები ხან უკეთესობისკენ, ხან – პირიქით. ვითარდება კაცობრიობა, მაგრამ თითოეული ადამიანისთვის, პრინციპში, არაფერი იცვლება. პრინციპში ვამბობ, თორემ იქ ათი ლარით მომემატება ხელფასი თუ ოცით, ეს არაფერია. ხუთჯერ მეტ ხორცს ვიყიდი და, რა მერე?! ადამიანისთვის არაფერი იცვლება. უღმერთობა არის ყველაზე ცუდი. უღმერთოები თუ გავხდით, ამდენმა ინფორმაციამ, ნანოტექნოლოგიებმა თუ დაგვავიწყა ღმერთი, არა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური, ერთი ღმერთი, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. იმისთვის, რომ არ გახდე უღმერთო, გქონდეს რაღაც შინაგანი აკრძალვები, რიდი, მორალი, სულაც არ არის საჭირო, რომ მორწმუნე იყო. შინაგანად უნდა გქონდეს იმის შეზღუდვა, რომ კაცი არ მოკლა, არ მოიპარო. ეს არ უნდა დეგრადირებდეს, თორემ დანარჩენი არაფერი იცვლება.

– ოცდაცხრამეტი წლის ნიკო უკეთ ხედავს ადამიანს, ვიდრე ეს ოცი წლის წინ შეეძლო?

– არ მგონია, რომ უკეთ ხედავდეს. მგონია, რომ ისევ იგივე შეცდომებს ვუშვებ ადამიანებთან მიმართებაში. ძალიან მიმნდობი ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანი, როდესაც რაღაცას მიყვება, მატყუებს, ვერ ვუშვებ ამას, ალბათ იმიტომ რომ არასდროს ვიტყუები. ვერ ვხვდები, ამის მიზანს. უბრალოდ, უფრო მეტი ანალიზის უნარი მაქვს ახლა და გამოცდილება, რა თქმა უნდა. თუმცა, გამოცდილება ხშირად არ არის კარგი მეგობარი, უფრო სწორად, სულაც არ არის მეგობარი, რადგან შეიძლება, ეს გამოცდილება გქონდეს და კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოგადგეს, შეგაცდინოს და ეს კიდევ ახალი გამოცდილება იყოს ადამიანისთვის.

– რაშია ბედნიერება?

– ბედნიერება მაინც მგონია, რომ სიკეთის კეთებაშია. არ შეიძლება, ამაზე მეტად რამემ გაგაბედნიეროს, თუნდაც მაშინ, როდესაც იცი, რომ ეს სიკეთე სადღაც ჩაგეთვლება. ის კი არა, რომ ანგარებით გააკეთე, უბრალოდ, გაგიხარდება თუ ამას ვინმე დაინახავს. მერე რა?! მთავარია, სიკეთე გაკეთდეს, რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობდი იმ დროს. იქვე ბოროტებას ნუ გააკეთებ, რომელსაც მერე წახვალ და მოინანიებ, შემდეგ კი ისევ ბოროტებას ჩაიდენ. ეკლესიური ხომ ხარ და მარხვას იცავ, ჩაიდინე ბოროტება, ხვალ ხომ მოინანიებ, შეგინდობ. ჩემთვის ასეთ ეკლესიურობას და რწმენას აზრი არ აქვს. მხოლოდ მაშინ რომ ახსენდებათ პირჯვარის გადაწერა, ეკლესიის გუმბათს რომ დაინახავენ, მანქანით თუ ჩაივლიან განსაკუთრებით მაშინ. ძველი თბილისისკენ არ უნდა გაიარო, თორემ ტაქსისტმა შეიძლება, დაგამტვრიოს, სულ პირჯვარს იწერს. მოიცა, მიმიყვანე და მერე გააკეთე, რაც გინდა. მერე წავა და უცხოელ მგზავრს გაძარცვავს. იცის, რომ ინფორმაცია არ აქვს და იმაში რაც ორი ლარი ღირს, მას ორას ლარს გამოსძალავს. მერე იწეროს პირჯვარი და იყოს.

– ამას წინათ ახსენეთ, რომ ჭორებმა ძალიან ცუდად იმოქმედა თქვენზე და თქვენს ოჯახზე.

– ჩემზე არა, სიცილით შევხვდი ამ ამბავს. აბა, მოკვდაო რომ გეუბნებიან და შენ ცოცხალი ხარ, როგორ შეიძლება, არ გაგეცინოს. ცრურწმენები არ მახასიათებს. ჩემზე თქვეს რომ მოვკვდი? ესე იგი მოვკვდები ან კიდევ – პირიქით. მერე თავის დამამშვიდებელი ცრურწმენაც ხომ მოიფიქრეს – ესე იგი, ასი წელი ვიცხოვრებ. იდიოტობაა აბსოლუტური. გამეცინა, მაგრამ მერე, როდესაც გაირკვა, რომ ჩემს შვილს ურეკავენ, გაფითრებულმა ხატვის მასწავლებელმა კი არ იცის, როგორ უთხრას ეს ჩემს შვილს. სანამ ის ამას გაიგებს, როგორ იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ?! კარგია, რომ დედაჩემს არ დაურეკეს. ითქვა, რომ ჩემი ძმა ამის გამო გარდაიცვალა. ამას ზუსტად ვერ ვიტყვი და ვერავის დავაბრალებ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთს ძალიან ცუდად დაემთხვა. ეს ამბავი უთხრეს, ინსულტი დაემართა და მერე ერთ კვირაში ინფარქტი გაუმეორდა, მაგრამ, ხელს, რა თქმა უნდა, ვერავის დავადებ. ასეთი ჭორი მარაზმია.

– ესეც, ალბათ, იმ დრამატული სპექტაკლის ნაწილია, რომელზეც ვსაუბრობდით.

– რა თქმა უნდა. ერთადერთი, რითაც შემიძლია, ყველა დავამშვიდო ისაა, რომ როდესაც ეს დღე დადგება, ბევრი წლის შემდეგ, ასე ადვილად, მხოლოდ ჭორების გავრცელებით, არ გადაურჩებიან ამ ამბავს. (იცინის) უფრო მეტი რეზონანსი და გამოხმაურება მოჰყვება ამას, უფრო ოფიციალური სახე ექნება ყველაფერს.

– და, რატომ ლაპარაკობთ ამაზე ასე ღიმილით?

– აბა, სერიოზულად როგორ ვილაპარაკო?! ადამიანები ვიბადებით და ვიცით, რომ უნდა მოვკვდეთ. ამაში ახალი არაფერია. ყოველდღიურად საკუთარ სიკვდილზე კი არ უნდა იფიქრო, შენ საერთოდ უნდა იფიქრო ამ ფენომენზე. ცხოვრება რომ წყდება, ეს ხომ ძალიან საინტერესოა და ყველა დროში, ყველა ხელოვანთან ეს მომენტი არსებობდა. რაც უფრო საინტერესო, იდუმალი და უხილავია, მასში ქექვა უფრო მიმზიდველია. სიკვდილ-სიცოცხლის თემა ყოველთვის იყო ჩემს ლექსებშიც. ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს. თუ გვჯერა და თავს ვიდებთ მორწმუნოებაზე, უკეთეს სამყაროში მივდივართ და არა უარესში. თუ არ გვჯერა, მაშინ ნუღარ ვთვალთმაქცობთ.

– და, თუ არ მივდივართ?

– მაშინ კიდევ ათასჯერ მეტი კეთილი საქმის გაკეთება მოგვიწევს, რადგან შენს შთამომავლობას, შემდეგ თაობებს უფრო მეტი მადლი დაუტოვო. ყოველი დღე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. არ შეიძლება, დღე, წამი უმნიშვნელო იყოს, მაშინ მას კარგავ.

სასწაულები ხდება წამებში!

– ჩვენ კი ყოველ წამს ვეძებთ დასაწუნს...

ყველას დავცინით ზურგის არეში...

და წუთში ვკარგავთ სამოც სასწაულს...

ვფიქრობთ – ამაღლდა ჩვენი პერსონა,

როცა ტალახი ვინმეს ესროლა...…

ჩათვალე, რომ არ გაქვს, დაკარგულია. ესეც არასწორი და გოიმური დამოკიდებულებით აღიქმება. მას შემდეგ, რაც წელიწად-ნახევრის წინ სიმსივნის დიაგნოზი დამიდგინეს, დაიწყეს საუბარი, რომ შევიცვალე, რაღაც სხვანაირი გავხდი. ზუსტად ისეთი მსახიობი ვიყავი, ისეთივე ლექსებს ვწერდი, როგორსაც ახლა ვწერ და ისეთივე ადამიანი, როგორიც ახლა ვარ. არაფერი შეცვლილა, მაგრამ, უნდათ, რომ ასე დაინახონ. ჩემთვის პირადად, ამაზრზენია ასეთი ადამიანისთვის თვალებში ყურება. რატომ გაუჩნდა ყველას ამხელა ინტერესი და ასეთი სიყვარული ჩემ მიმართ ახლა, ვერაფრით ვიგებ. ლექსს დავწერ და ამბობენ, ოჰ, როგორ განიცდის. მოდი, ჯერ წაიკითხე რა, რა წერია. ფორუმზე ერთი ჩემი ძველისძველი ლექსი იდო, რომელიც ასე მთავრდება „მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას, არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას“. ამ ლექსს ასეთი კომენტარი ჰქონდა – „ეჰ, როგორ უნდა, რომ დამალოს თავის სევდა, როგორი ოპტიმისტურია, მაგრამ მაინც ვერ მალავს...“ თუ რაღაც ასეთი. ამ დროს ლექსი 1997 წელსაა დაწერილი.

– როგორც ჩანს, უკვირთ, რომ ამისგან ტრაგედიას არ ქმნით, ვერ ეგუებიან ამას.

– უკულტურობას კულტურა უნდა დაუპირისპირო, რის გაკეთებასაც ვცდილობ გინდა ჩემი თეატრში ყოფნით, სცენაზე დგომით, ჩემი ლექსებით, ჩანაწერებით. მაგრამ, ეს მეცადინეობა იმდენად მცირეა, მარტო ჩემი არა – რამდენიმე ადამიანის, რომ ვერ ვერევით. ერთი ორ-სამ კაცს თუ გადმოვიბირებთ, მერე ის ექვსს გადმოიბირებს და მერე იქნებ, ურთიერთობის კულტურა ამაღლდეს.

– ახალი სპექტაკლი დაიდგა თქვენი მონაწილეობით.

– კარგი დრამატურგიაა, თბილი და საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. ეს არის სპექტაკლი ძალიან დიდ სიყვარულზე, სოფელზე, სადაც ყველას ყველა უყვარს. ასეთი ბედნიერი სოფელია. ისე უყვართ ერთმანეთი, რომ ამ სიყვარულზე ყველა ლაპარაკობს, საფრთხობელა, ქანდაკება და ბუნებრივია, ადამიანებიც. ეს სოფელი სადღაც სხვაგან, სხვა გალაქტიკაში კი არ არის, საქართველოშია, ჩვენთან და ჩვენც შეგვიძლია, ასევე გვიყვარდეს ერთმანეთი, თუ მოვინდომებთ.

– ამბობენ, მარადიული სიყვარული არ არსებობსო, მაგრამ ხომ არიან წყვილები, სიცოცხლის ბოლომდე რომ უყვართ ერთმანეთი.

– რა თქმა უნდა, არსებობენ, თანაც ძალიან ბევრი. იმათაც ვინც შორდება, იმის პოტენციალი ჰქონდათ, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად ყოფილიყვნენ. ყველას თავისი მიზეზი აქვს, რის გამოც ოჯახები ინგრევა. მაგრამ, ძირითადი მიზეზი მაინც ისაა, რომ დამთმობები არ ვართ. ვცდილობთ, ერთმანეთი გადავაკეთოთ და საკუთარ თავს დავიმსგავსოთ. არადა, ხომ იმიტომ გავყევი ცოლად, რომ ის უნიკალურია, განუმეორებელი, ერთადერთია ასეთი და ამიტომაა ჩემიანი. რატომ იწყებ მის გადაკეთებას? ეს ჭიდილი ღუპავს ყველაფერს.

– ცდილობდნენ თქვენს გადაკეთებას?

– როგორ არა. ჩემ გადაკეთებას დღემდე ცდილობენ. ამასაც ღიმილით ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ შეუძლებელია.


скачать dle 11.3