კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თემურ ყვითელაშვილი: „ვარ ადამიანი, რომელიც ყველა დროში ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდი. იცვლებოდა დრო, იცვლებოდა ყველაფერი ჩემ გარშემო, მაგრამ მე – არა“


საუბარი თემურ ყვითელაშვილის ნიჭზე ძალიან რთულია. უკვე დიდი ხანია, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თვითმყოფადი, საინტერესო, გენიალური გიტარისტია. ბატონი თემური ახლაც საქართველოში იმყოფება, ამბობს, რომ აქედან არც არასდროს წასულა და უცხოეთში გატარებული დრო მუსიკოსის ჩვეულებრივი ცხოვრება, გასტროლები და კონცერტებია.


თემურ ყვითელაშვილი: არასდროს არ წავსულვარ და არც წავალ საქართველოდან, ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ვცხოვრობ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. მუსიკოსისთვის ბუნებრივია გრძელვადიანი გასვლები, გასტროლები – ეს არტისტის ცხოვრების ნორმალური, სწორი და ლოგიკური მიმდინარეობაა. ჩემ მიმართ ასეთი აზრის გაჩენის მიზეზი, ალბათ, ისიც გახდა, რომ არასდროს ვაშუქებ და აფიშირებას არ ვუკეთებ ჩემს ან გამგზავრებას ან დაბრუნებას. რატომ უნდა გავაკეთო აქცენტი იმაზე, რომ ჩამოვედი ან წავედი, როდესაც ეს ნორმალურია და არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის?!

– საქართველოს მსგავსად კიდევ რომელ ქვეყანაში უყვარხართ?

– ასე გამორჩეულად ვერ გეტყვით. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, თან, არაერთხელ, დამიკრავს და ხალხისგან უდიდესი სითბო მიგრძნია, ამიტომ, ასე განსაკუთრებით ვერ გამოვყოფ. გარდა კონცერტებისა, ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩემთან გაკვეთილების, მასტერკლასებისა და რჩევის მისაღებად ჩამოდიან. ეს ხდება თბილისშიც და ასეთი სიტუაცია იყო მოსკოვშიც, როდესაც სხვა ქალაქებიდან, რესპუბლიკებიდან ხანდახან მხოლოდ ჩემს გასაცნობად ან კონსულტაციის მისაღებად ჩამოდიოდნენ.

– ვიცი, რომ თქვენი ახალი დისკი გამოვიდა.

– დიახ, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კომპანია „მაგთის“ და ბატონ გია ჯოხთაბერიძეს, რომლებმაც იანვარში დააფინანსეს ჩემი რიგით მეექვსე სოლო კონცერტი, შემდეგ კი უკვე, ალბომი, რომელსაც ასევე ჰქვია – „მეიდ ინ ჯორჯია“ – „დამზადებულია საქართველოში“. ალბომში შესულია როგორც ჩემი საკუთარი, ასევე, იმ კლასიკოსების კომპოზიციები, რომელთა არაგიტარული კომპოზიციების გიტარაზე დაკვრა სწორედ მე დავიწყე. ჩაიწერა „სანო სტუდიაში“, ცოცხალი ორკესტრის თანხლებით. ყველა წამყვანი მუსიკოსი, რომელიც კი საქართველოშია: თემურ მაისაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი, გიორგი მამულაშვილი, მერაბ სანოძე, ნოდარ ექვთიმიშვილი, გია სალაღიშვილი, ანსამბლი „ქსოვრელები“ და ჯანსუღ კახიძის კამერული შემადგენლობა. ალბომში რვა კომპოზიცია შევიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დედაჩემის ხსოვნას მიეძღვნა. დისკის მასტერინგი კალიფორნიაში, ქალაქ ბერკლიში, სტუდია „ფანტაზიში“, ჯორჯ ჰორნის მიერ გაკეთდა. ეს არის სტუდია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, უმაღლესი დონისაა.

– დედა ახსენეთ, ბატონო თემურ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახს თქვენს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში?

– რა თქმა უნდა, მხოლოდ ნიჭი ვერაფერს იზამს, თუ ეს ნიჭი შენმა მშობლებმა, შენმა ოჯახმა არ აღმოაჩინა შენში და ხელი არ შეგიწყო. მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა და, ფაქტობრივად, უმამოდ გავიზარდე. მთელი დატვირთვა, ოჯახის სიმძიმე – დედის მხრებზე იყო. ის საოცრად ხარობდა ჩემი წარმატებებით. რომ არა დედა, ბევრი რაღაცის მიღწევა გაცილებით გამიჭირდებოდა. ალბათ, იცით, რომ თვითნასწავლი მუსიკოსი გახლავარ – არც ათწლედი, არც შვიდწლედი დამთავრებული არ მაქვს. თვითონ ვისწავლე, თვითონ დავიყენე ხელი. ჩემი ხედვა მაქვს, თავად ვისწავლე ყველა კონცეფცია, ბევრი რაღაც ამ სფეროში ჩემი მოგონილია, რასაც ახლა წარმატებით იყენებენ სხვა მუსიკოსები. თავიდან ბოლომდე ჩემი შრომაა ჩადებული იმაში, რასაც „ჩემი მუსიკა“ ჰქვია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ცხოვრების განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდით, რომლებსაც ყოველთვის ვუხდი მადლობებს ჩემს ალბომებში.

– მუსიკით ცოცხლობთ, თუმცა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრჯერ იყო ისეთი პერიოდები, როდესაც მუსიკა არავის არ სჭირდებოდა, უფრო სწორად, არ ეცალა. ამ დროს რით სუნთქავდით?

– ისევ მუსიკით. ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მაინც ვარ საქართველოში, რომელსაც მუსიკის გარდა სხვა არასდროს არაფერი უკეთებია. არ მინდა არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მართლა არაფერია ცუდი იმაში, რომ, როდესაც ძალიან გიჭირს, დროებით მაინც სხვა საქმე გააკეთო, მაგრამ ეს არ შემიძლია. სწორედ იმ გაჭირვების დროსაც მუსიკით ვცხოვრობდი. მიჭირდა, ალბათ, სხვაზე გაცილებით მეტად, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა იყო და არავინ არასდროს ამით არ შემიწუხებია, ხელი არ ჩამიქნევია. რადგან ამ თემას შევეხეთ, გეტყვით, რომ, ვარ ადამიანი, რომელიც ყველა დროში ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდი. იცვლებოდა დრო, იცვლებოდა ყველაფერი ჩემ გარშემო, მაგრამ არ იცვლებოდა ჩემი ცხოვრების წესი. არასდროს მოვრგებივარ სხვადასხვა დროს.

– და, რით ცხოვრობდით?

– ეს ჩემი პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, „ოღონდ დავუკრა და ყველგან დავუკრავ“ – ასე არ ვყოფილვარ არასდროს. ის ადამიანი ვარ, ვისთანაც ყველა ვერ მოვა, ყველასთან არ მივალ, ყველგან არ ვუკრავ. ყველასთვის კარგი ადამიანი ვერ ვიქნები და არც არის საჭირო. მაქვს პრინციპები, რომლებსაც არასდროს ვღალატობ და ამიტომაც ვცხოვრობ ასე მოკრძალებულად. თორემ, ყველა დროს რომ მოვრგებოდი, ყველასთვის გამეღიმა, კოჭი გამეგორებინა, ყველაფრიდან ფული გამეკეთებინა, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი. ახლა, რომ მკითხოთ, შევცვლიდი თუ არა რამეს ცხოვრებაში, არავითარ შემთხვევაში-მეთქი, გიპასუხებთ. არაფერმა არ უნდა გაგაგიჟოს და, არ არსებობს, შენი ნიჭი და შრომა არ დაფასდეს. სამაგიეროდ, მოვიარე მთელი მსოფლიო, გამოვედი ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ დარბაზებში, რაზეც კი შეიძლება მუსიკოსმა იოცნებოს; ყველა ტიტული, რაც კი შეიძლება, მუსიკოსს მიენიჭოს, მიღებული მაქვს; ოთხი ბრენდის სახე ვარ და, როგორც ჩემს ქვეყანაში ისე უცხოეთში, ხალხისგან უდიდეს სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. ამაზე მეტი სიმდიდრე არსებობს?! ყველა კორიფესგან, ვინც კი ამ სფეროში მოღვაწეობს, აღფრთოვანება და საოცარი შეფასებები მიმიღია. ჩემი შემოქმედება უყვარს უწმიდესსა და უნეტარესს – ამაზე დიდი რა უნდა ინატრო?!

– ვისგან მიგიღიათ განსაკუთრებული შეფასებები?

– უამრავი ადამიანისგან, ძნელია ასე ჩამოთვლა: ალან ჰოლდსფორდი, ჯორჯ ბენსონი, სკოტ ჰენდერსონი, ფრენკ გამბალე, ვსტისლავ როსტროპოვიჩი – არ არის საკმარისი?! თან ეს არ არის სრული ჩამონათვალი. ისეთ დარბაზებში მქონდა კონცერტები, რომ საბჭოთა კავშირიდან იქ არც ერთ მუსიკოსს ფეხიც არ აქვს შედგმული. ბევრი რაღაც მაქვს ისეთი, რითაც ვამაყობ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამ ყველაფერს ჩემი შრომითა და პატიოსნებით მივაღწიე – ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შოუ-ბიზნესი ფულია, რაც არასდროს მქონია.

მადლობა ღმერთს, ჩემი შრომა და ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩა. გამიმართლა, რადგან ყველა ის ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა და რომლის ახდენასაც ყველაზე თამამ სიზმრებშიც ვერ წარმოვიდგენდი, ამიხდა. რადგან არაფერმა შემაცდინა, ცდუნებებმა არ წამძლია და არ ავყევი არაფერ ცუდს, ამიტომ ღმერთისგან სწორედ ეს მივიღე ჯილდოდ. ყველა იმ დარბაზში დავუკარი, რომლებზეც ენციკლოპედიებში ვკითხულობდი. ხალხი მქუხარე ტაშით, ფეხზე ადგომით მხვდებოდა.

– რა გრძნობა იყო, როდესაც ბავშვობაში ნაოცნებარ დარბაზში პირველად შეხვედით?

– ჯერ, რომ შედიხარ, უბრალოდ, კედლებს ჰკიდებ ხელს, რომ დარწმუნდე, მართლა შენ ხარ იქ თუ გესიზმრება. ავიღოთ, მაგალითად, ბერლენდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს დარბაზი მდებარეობს ტაიმ სკვერის ორმოცდამეოთხე ქუჩაზე და ასოცირდება ჩარლი პარკერთან, რადგან სწორედ ჩარლი პარკერს აქვს ნათქვამი, რომ ბერლენდი – ეს მსოფლიო ჯაზის კუთხეაო. ამ დარბაზში მოხვედრაზე მსოფლიოს ყველა მუსიკოსი ოცნებობს და იქ სოლო კონცერტი მქონდა. შეგიძლიათ, ვებ-გვერდზე ნახოთ ვინ ვართ ამ დარბაზის აფიშაზე – ჩემ გარდა არიან: ოსკარ პიტერსონი, ენდი ბეი, სტივ ქანი, ჯო ლოვანოი, დიუკ ელინგტონის ორკესტრი... ეს ხომ ოცნების დონეზეც კი წარმოუდგენელია და ეს მოხდა. მათ გვერდით იყო ერთი ჩვეულებრივი, უბრალო თბილისელი ბიჭის გვარიც, რომელიც ძალიან მოკრძალებულად გაიზარდა და, დღესაც ასე ცხოვრობს. სამაგიეროდ, ამ ბიჭმა, რომელიც ქუჩაში არც განსაკუთრებული ჩაცმით, არ უახლესი ავტომობილით არ გამოირჩეოდა და დღემდე ოცდათხუთმეტ კვადრატულ მეტრ ბინაში ცხოვრობს, გამოვიდა და იქ დაუკრა. იმის თქმა მინდა, რომ, მთელი ეს წარმატება ჩემს ცხოვრებაში ხალასი და უბრალო ცხოვრების წესის შედეგად მოვიდა.

– ალბათ უკვე დიდი იყავით, როდესაც ამ დარბაზში დაუკარით.

– დიახ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ადრიანად დაიწყო: 19 წლის ასაკში საბჭოთა კავშირი ორჯერ მქონდა მოვლილი, ახლა კი შტატებში უკვე მეცხრამეტედ ვიყავი ჩასული. სამართალმა პური უნდა ჭამოს და ჩემს შემთხვევაში ბევრჯერ სწორედ ასე მოხდა. თუნდაც ბოლო კონცერტი ავიღოთ, იცით, რა სცენა მქონდა ან რა დონეზე იყო ყველაფერი ორგანიზებული და გაფორმებული?! გვერდში დგომა „მაგთიკომის“ მხრიდან. ალბათ, ესეც არ მოდის ჰაერზე, დამსახურება უნდა, რაც ჩემ მიერ გავლილი გზით შევძელი.

– მუსიკოსის ცხოვრების გზა ძალიან რთულია. მაშინ, როდესაც დაკვრა თქვენთვის სიამოვნებაა, თქვენი ოჯახის წევრებისთვის ესაა სამსახურში გატარებული დრო. არ ყოფილა მეუღლისგან ან ოჯახის სხვა წევრებისგან გიტარაზე ეჭვიანობის მომენტი, როდესაც თქვენი „მთავარი შეყვარებული“ სწორედ ისაა?

– მთავარი შეყვარებული გიტარაა, მაგრამ, ყოველთვის ყველას ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ეს სტანდარტული სამსახური არ იყო. საქმე ისაა, რომ ჩემი დაკვრით არასდროს არავინ არ შემიწუხებია. სრულიად გაცნობიერებული მაქვს, რომ, როცა რაღაცაზე ვმუშაობ, შეიძლება, ვიღაცას ამა თუ იმ კომპოზიციის მოსმენა ერთხელ ესიამოვნოს, მაგრამ არა ათჯერ, თხუთმეტჯერ თუ ოცდაათჯერ, როდესაც იქ რაღაც ელემენტების დახვეწას ვცდილობ. ამიტომ, არც ოჯახის წევრები, არც მეზობლები ან სხვები, ჩემი პრობლემებით არ შემიწუხებია. ყოველთვის ვპოულობდი ხუთ კვადრატულ მეტრ ფართობს იმისთვის, რომ განვმარტოებულიყავი. რაც შეეხება მეუღლეს, მან იცოდა, ვის მიჰყვებოდა ცოლად და აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა მუსიკოსის ცოლობის მთელი სირთულე. ისე, მეგობრებთან ამ თემაზე ხშირად ვხუმრობთ ხოლმე – ის ამბობს, რომ თემურისთვის ყველაზე ძვირფასი გიტარააო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ, ის თვითონაც ხელოვანია და გადასარევად ესმის ჩემი. მან იცის, რომ ეს ჩემი პროფესია კი არა, ცხოვრებაა, მოწოდებაა, რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენლად მიმაჩნია.


скачать dle 11.3