კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მიხეილ სააკაშვილის ემიგრაცია რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილების გზა და როდის არის მოსკოვისთვის ყველაზე ხელსაყრელი საქართველოში შემოჭრა


რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი 2010 წელს არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს, სომხეთ-აზერბაიჯანის ომსაც პროგნოზირებს. მართალია, იმედი გვაქვს, რომ მისი პროგნოზი 2008 წლისგან განსხვავებით და 2009 წლის მსგავსად, არც 2010-ში ახდება, მაგრამ მაინც ვერ გავუშვით ხელიდან მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.


– პაველ, ჩვენი ბოლო საუბრისას, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ეხებოდა, მითხარით, რომ მოსკოვში ნინოს ელოდნენო. ბურჯანაძე უკვე შეხვდა პუტინს. გაამართლა მოლოდინი?

– საკმაოდ, თუ რუსეთის ხელისუფლების რეაქციით ვიმსჯელებთ.

– და როგორი რეაქცია ჰქონდა რფ-ის ხელისუფლებას?

– ის შეხვდა არა მხოლოდ პუტინს, არამედ ლავროვსაც, მირონოვსაც, ის მაღალ დონეზე მიიღეს.

– რატომ დახვდნენ ასეთ მაღალ დონეზე ბურჯანაძეს და არა ნოღაიდელს?

– ამის შესახებ ითქვა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ: ჩვენ ნაცვლად ავადმყოფი პარანოიკებისა ჯანსაღ ძალებთან ვეძებთ ურთიერთობასო. ოფიციალური შეფასებაა, რომ საქართველოს მართავენ პარანოიკები.

– რას გულისხმობს თქვენი ხელისუფლება „ჯანსაღ ძალებში“? რატომ არის ბურჯანაძე მათთვის ჯანსაღად მოაზროვნე და სააკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, არა?

– გულისხმობენ ისეთივე ჯანსაღ ძალებს, როგორებიც, მაგალითად, უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდნენ, რომლებიც გაატარებენ პრორუსულ პოლიტიკას.

– ბურჯანაძე თქვენც პრორუსული ძალა გგონიათ, თუ ეს ამ სვლას ძალაუფლების მისაღებად აკეთებს?

– ყოველ შემთხვევაში, თუ მის მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებებს გადავხედავთ, ისინი ზუსტად ემთხვევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს: რომ საქართველო იზოლირებულია არა მხოლოდ მოსკოვისგან, არამედ დასავლეთისგანაც, რომ სააკაშვილი სახიფათოა და მისი შეჩერება აუცილებელია. ცხადია, ბურჯანაძე ამბობს, რომ არ არის პრორუსული ორიენტაციის და არც რუსეთის აგენტია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჟამად ის კოორდინირებას უკეთებს თავის განცხადებებსა და ქმედებებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებთან.

– მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ოფიციალური განცხადებები ხშირად არ გამოხატავს გულწრფელ დამოკიდებულებებს. თქვენი აზრით, ემთხვევა ნინო ბურჯანაძის რეალური დამოკიდებულება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს?

– ჩვენ ვმსჯელობთ განცხადებებით, რადგან ნინო ბურჯანაძე არ არის ოფიციალური პირი.

– იმ შემთხვევაში კი, თუ ნინო ბურჯანაძე პრორუსული ძალაა, მას განცხადებების დონეზეც კი არ შეუძლია, აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი? რას მოელის რუსეთი ქართველი პრორუსი პოლიტიკოსებისგან?

– მოსკოვის პოზიცია ასეთია: ჩვენ უკვე ვიპოვეთ ჯანსაღი ძალები ნოღაიდელისა და ბურჯანაძის სახით. ახლა მათ ერთმანეთთან მოუწევთ კონკურენცია იმის გამოსავლენად, ვინ უფრო პრორუსია, მაგრამ მათგან არავინ ელის, რომ ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ ხელისუფლების სათავეში მოსვლას.

– ანუ მათ დაეხმარებიან?

– ოფიციალურად ყოველთვის ითქმება, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანია, მაგრამ, თუ ომი იქნა, რუსეთი, ალბათ, დაეხმარება.

– ვერაფრით ვიგებ, როგორ შეძლებს, მით უმეტეს, ომის შემთხვევაში, დაეხმაროს ვინმეს რუსეთი, რომელმაც აღიარა ჩვენი ორი რეგიონი და არ აპირებს თავისი აღიარებების უკან წაღებას?!

– რა თქმა უნდა, არავინ წაიღებს უკან თავის აღიარებებს, მაგრამ საქართველოსგანაც არავინ მოითხოვს, რომ აღიარონ იმ რეგიონების დამოუკიდებლობა. ისინი ითხოვენ ერთს: საქართველოში იყოს სააკაშვილის რეჟიმის ალტერნატივა, რადგან აუცილებელია სააკაშვილის იზოლაცია. ბურჯანაძეც ამბობს, რომ აუცილებელია სააკაშვილის დასავლეთისგან იზოლირება. შემდეგ კი საჭიროა სააკაშვილის რაღაცნაირად ჩამოცილება ხელისუფლებისგან და ჯანსაღი ძალების მოსვლა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება დაელაპარაკება. პრობლემა ის კი არ არის, ვინ ვის რაზე დაელაპარაკება, არამედ ის, თუ რა პოლიტიკას გაატარებს საქართველო და იგულისხმება არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასია, სადაც რუსეთისთვის დღეს ძალიან საშიში ვითარებაა შექმნილი. მით უმეტეს, რომ თვალშისაცემია სიტუაციის გამწვავება მთიან ყარაბაღში და, თუკი იქ ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდება, რუსეთი საკმაოდ ბრიყვულ სიტუაციაში აღმოჩნდება, იმიტომ, რომ არ არსებობს სახმელეთო გზა საქართველოდან სომხეთისკენ სამხედრო ტრანზიტისთვის. იქ არ არის ბევრი ჯარისკაცი, სულ რაღაც, 5 000-ია, მაგრამ არის უამრავი სამხედრო ტექნიკა, დაახლოებით, 25 000 სამხედროზე გათვლილი. აუცილებელია ამ ტექნიკის შეცვლა, ახალი ბრიგადის შექმნა ძველი მოტომსროლელი პოლკების ნაცვლად. საჰაერო გზით კი ამის გაკეთება შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რომ დაიწყოს, როგორ შევძლებთ სამშვიდობო მისიის შესრულებას?! საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს სამხედრო ტრანზიტის შესახებ 2005 წლის შეთანხმება, მაგრამ ის არ მუშაობს და გრიგოლ ვაშაძემ ზემო ლარსის გახსნის შემდეგ ოფიციალურად განუცხადა ბაქოს, რომ ერთ ტყვიასაც კი არ გაატარებს საქართველო სომხეთისკენ.

– რამე თუ დაიწყო, ჰკითხავს რუსეთი ქართველ მებაჟეებს, რას გადაიტანს საქართველოს გავლით სომხეთისკენ?

– მაგრამ აუცილებელი იქნება გარღვევა და ეს სულ სხვა შემთხვევაა. ანუ ამიერკავკასიაში ჩვენთვის არასახარბიელო სიტუაციაა. ახლა ჩვენი გავლენა ამიერკავკასიაში გავცვალეთ ყოვლად უსარგებლო ორ ნაგლეჯ მიწაში. „იუჟნაია ოსეტიაში“ საერთოდ კოშმარი ხდება. იქ თითქმის აღარ დარჩა მოსახლეობა და ყველა ის საუბარი 2008-ის სექტემბერში, რომ აპირებენ ახალი გვირაბის აშენებას, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთელი წლის განმავლობაში, საუბრებადვე დარჩა და ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. მართალია, ცხინვალიდან ახალგორისკენ გზა დააგეს, მაგრამ ის უკვე დაინგრა. გამოდის, რომ უბრალოდ ფულს ყრიან „იუჟნაია ოსეტიაში“ და რეალურად იქ არაფერიც ხდება. მალე, ალბათ, იქ არავინ დარჩება, ჩვენი ჯარისკაცების გარდა.

– ეს სწორედ ისაა, რაც სჭირდება რუსეთის ხელისუფლებას და მას ნაკლებად ადარდებს, იცხოვრებენ თუ არა ოსები ბედნიერად.

– არა, რუსეთს სჭირდება უფრო სამხრეთით გადანაცვლება, რომ აზერბაიჯანს გადაუკეტოს გამოსასვლელი და კასპიის ზღვიდანვე გააკონტროლოს გზები და მილსადენები. ამის შემდეგ სომხეთიც სხვაგვარად მოიქცევა და აზერბაიჯანიც. იმას, რასაც დღეს მივაღწიეთ, სტრატეგიული თვალსაზრისით არ აქვს აზრი. წელიწად-ნახევარია იქ ვსხედვართ და ჯარების სრულფასოვანი განთავსებაც არ მომხდარა. პირადი შემადგენლობის ნახევარი ვლადიკავკაზშია, ნახევარი – ცხინვალში, რადგან იქ არ არის არც საცხოვრებელი პირობები და არც საჭმელი. იმ ბრიგადის ნახევარი, რომელიც შეიქმნა ვლადიკავკაზის მე-19 დივიზიის ბაზაზე და ცხინვალში განთავსდა, მსახურობს ცხინვალსა და ახალგორში, ნახევარი კი – ვლადიკავკაზშია და ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება მათი შეცვლა. ბრიგადის ტექნიკაც ვლადიკავკაზშია, რაც ამცირებს მათ ბრძოლისუნარიანობას. იგივე ხდება აფხაზეთშიც. იქ დისლოცირებულია მაიკოპის ბრიგადა. შესაბამისად, ნახევარი პირადი შემადგენლობა მაიკოპშია, ნახევარი – აფხაზეთში. იმიტომ, რომ არც იქ არის საცხოვრებელი პირობები და საჭმელი.

– რთული დასაჯერებელია, რომ აფხაზეთში არ არის საცხოვრებელი პირობები და საჭმელი?!

– თუ ზამთარში კარვებში იცხოვრებ, ეს არ არის კარგი პირობები. მართალია, „იუჟნაია ოსეტიაში“ ააშენეს სამხედრო ქალაქი, მაგრამ არ არის საკმარისი ადგილები. სამხედრო თვალსაზრისითაც საშიშია, რადგან, როდესაც ტექნიკა ერთ ადგილას გყავს და ჯარისკაცები – მეორე ადგილას, ეს აქვეითებს მის ბრძოლისუნარიანობას. ისინი ერთად უნდა იყვნენ. ასეთი ორმაგი ბაზირების ფუფუნების საშუალება მხოლოდ ამერიკელებს აქვთ. ასე რომ, შექმნილი ვითარება არანორმალური და უპერსპექტივოა.

– როგორი რეაქცია ჰქონდათ მოსკოვში მოდელირებული „ქრონიკის“ შემდეგ. ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდით დაპანიკებულები?

– ამან აჩვენა, რომ საქართველო არ არის მზად სამხედრო მოქმედებისთვის. არ ვიცი, როგორ მზადყოფნაში არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები, მაგრამ საზოგადოება ომისთვის არც ფიზიკურადაა მზად და არც ფსიქოლოგიურად. ეს კი დამატებითი არგუმენტი გახდა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია საქართველოს პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა. მოსკოვში გაკეთდა განცხადებები, გამოკითხვებიც ჩატარდა. მაგალითად, გლებ პავლოვსკიმ თქვა, რატომ უნდა შევიჭრათ, თუ სააკაშვილი უკვე მოკლესო. ისიც თქვა, რომ იმ მომენტში ეთერი ჰქონდა და ძალიან შეეშინდა. თუმცა, ყველა კარგად რომ დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ მარტში ეს ვერ მოხდებოდა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს სისულელეა და აპრილამდე არაფერიც არ იქნება. ამიტომ აპრილამდე მშვიდად ვარ და ამაზე არ ვნერვიულობ. აქ თქვეს, ქართველებმა ისევ აჩვენეს, რომ არაფრად ვარგიან და პანიკაში არიანო. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. შემდეგ დაიწყო პროპაგანდისტული კამპანია, რომ სააკაშვილი გიჟია, ყველა მისი წინააღმდეგია და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ცუდად გამოვიდა. მეორე მხრივ, ეს სცენარიც შესაძლებელია, თუმცა რეალურად ყველაფერი სხვანაირად იქნება.

– მაინც როგორ?

– ჯერ ერთი, თბილისისკენ გარღვევას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება და, სავარაუდოდ, მცხეთის მისადგომებთან თავდაცვის ზღუდეები იქნება. როგორც ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება, თუკი აგვისტოში არ იყო მზად, ახლა მოემზადა. ოღონდ, თუ ქართული ჯარი მთლიანად არ გადავა მოწინააღმდეგის მხარეზე.

– ამას მე გამოვრიცხავ.

– მე მგონია, რომ ოფიცრების მოსყიდვა შეიძლება.

– აღშფოთებული ვარ, რომ არ იომა ჩემმა ჯარმა, მაგრამ მათ შეიძლება, ყველაფერი დავაბრალოთ, გარდა იმისა, რომ მტრის მხარეს გადავლენ. ან საერთოდ, რაღად გვინდა ან ქვეყანა, ან თავდაცვა, ან თავდასხმა, თუ ჩვენი ჯარი მტრის მხარეს გადავიდა?! ესე იგი, მოვკვდით და უნდა გაგვასვენონ!

– ყოველ შემთხვევაში, მოსკოვი ამას ეცდება.

– ესე იგი, მოსკოვმა ჩვენივე დახმარებით მიიღო რაღაც გაკვეთილები ჩვენი ქვეყნის სუსტი წერტილების შესახებ?

– მოსკოვმა დაინახა სუსტი წერტილები. ეს იმდენად გაკვეთილი არ არის, რამდენადაც არგუმენტები მათთვის, ვინც მაშინაც ფიქრობდა, რომ არ უნდა შევჩერებულიყავით. პირადად მე, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, დაველოდებოდი ირანთან ომის დაწყებას.

– მაგრამ შესაძლოა, ირანთან ომი საერთოდ არ დაიწყოს.

– ეს პრობლემაა, მაგრამ, თუ დაიწყება, მაშინ არავინ მიაქცევს ყურადღებას საქართველოსთან ომს. ოღონდ ჩვენთან არ უნდათ მოცდა, თუმცა, ტაქტიკის თვალსაზრისით, ეს საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა: გამოგვეყენებინა სპარსეთის ყურეში შექმნილი პრობლემა იმისთვის, რომ მოგვემთავრებინა საქართველოსთან საქმე. თუ მოვიცდით, შესაძლოა, გამწვავდეს ვითარება მთიან ყარაბაღში. თუ დღემდე არავის არანაირი სურვილი, არ ჰქონდა რომ რაიმე სერიოზული სამხედრო ავანტიურა წამოეწყო, ახლა უკვე ბაქოს გაუჩნდა სერიოზული მიზანი: მათთვის მნიშვნელოვანია, არ დაუშვან ჟენევის პროტოკოლის რატიფიკაცია. ამისთვის კი საჭიროა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება და ამის მიზანი არ იქნება ყარაბაღის დაბრუნება.

– გასაგებია, მიზანი იქნება თურქეთისა და სომხეთის მოლაპარაკებების ჩაშლა.

– ჩემი აზრით, აზერბაიჯანის არმია არ არის მზად, იბრძოლოს ყარაბაღისთვის, მაგრამ მზადაა იმისთვის, გაამწვავოს ურთიერთობა. ეს მათთვის ადვილად მისაღწევი მიზანია.

– როგორც ჩანს, სომხეთიც იმავეს ცდილობს, თორემ, აბა, რა საჭირო იყო გენოციდის თემის წამოწევა?

– ყარაბაღში ადრეც იყო ცეცხლის გახსნის შემთხვევები, მაგრამ არც ერთ მხარეს არ ჰქონდა გამწვავების სურვილი. ახლა, როგორც ჩანს, ასეთი ინტერესები გაჩნდა.

– ორივე მხარეს გაუჩნდა.

– მაგრამ ასეთ შემთხვევაში ერთი მხარის სურვილიც საკმარისია (იცინის). სომხეთშიც არიან ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩააგდონ თურქეთთან მოლაპარაკება. ამ ადამიანებსაც აქვთ გავლენა ყარაბაღში, სამხედროებს შორისაც. ანუ იქ სიტუაცია სახიფათოა, ეს პირდაპირაა დაკავშირებული რუსულ-ქართულ კონფლიქტთან და ყველაფერი რეალური ომისკენ მიდის.

– თქვენი პროგნოზით, რომელი დაასწრებს: ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თუ ჩვენსა და თქვენს ქვეყნებს შორის?

– არ ვიცი. ამას მე არ ვწყვეტ და არ მინდა მკითხაობა, მაგრამ ეს ორი კონფლიქტი ერთმანეთს აძლიერებს და ძალიან სახიფათოა, ამიტომაც ამ სეზონზე ომის ალბათობა შარშანდელზე გაცილებით მეტია. უკვე ჩატარდა სამხედრო-საზღვაო წვრთნები. გასულ კვირას გამოაცხადეს, რომ მე-7 დივიზიის მედესანტეები ხომალდებიდან დესანტის გადასხმა-გადმოსხმის წვრთნებს ატარებდნენ და ეს ზუსტად ისე მოხდა, როგორც 2008 წლის აგვისტოში. რაღაც ძალიან ადრე დაიწყეს წვრთნები. ეს ძალიან არასასიამოვნოა და შესაძლოა, ნიშნავდეს საომარი მოქმედებების ზაფხულამდე დაწყებას.

– ითქვა, რომ მოდელირებული „ქრონიკის“ გამო ცხინვალში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში ვითარება დაიძაბა. ადასტურებთ?

– არ ვიცი, მაგრამ არ მგონია. იქ, წესით, დიდი ყურადღებით არ უნდა უსმენდნენ, რა გადმოსცა საქართველოს ტელევიზიამ. ბოლოს და ბოლოს, ამის გასაგებად აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.

– ოსებმა იციან და უთარგმნიდნენ.

– ოსებმა იციან, მაგრამ ისინი არ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. მოსკოვიდან კი ასეთი ბრძანება არ მოსულა, ხოლო ჩვენთან ბრძანების გარეშე არავინ არაფერს აკეთებს, მით უმეტეს, არ ხდება საომარ მზადყოფნაში სამხედრო ნაწილების მოყვანა. ასეთ დროს ვლადიკავკაზში მყოფი ჯარისკაცები მაშინვე უნდა ჩაესვათ სატვირთო ავტომანქანებში და ცხინვალისკენ გადმოესროლათ, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.

– ვითომ ზემო ლარსის გახსნამ სულ არ შეამცირა დაძაბულობა?

– ეს არაფერს ცვლის, თუმცა გასულ თვეში პარიზში ვიყავი და იქ ექსპერტებმა მითხრეს, რომ ზემო ლარსის გახსნის შემდეგ ელოდებოდნენ, გაუხმაურებლად გადაწყდებოდა სამხედრო ტრანზიტის პრობლემაც.

– მაინც ფიქრობთ, რომ ეს საკითხი არაოფიციალურადაც არ გადაწყვეტილა?

– არანაირად არ არის გადაწყვეტილი. თუმცა დასავლეთში იმედოვნებდნენ, რომ თბილისმა და მოსკოვმა მოიგონეს ეშმაკური სვლა და ამ ყველაფერს ჩუმად გააკეთებდნენ. მათ უნდათ, რომ როგორმე ქართველებმა და რუსებმა მშვიდად იცხოვრონ და დასავლეთმა თავის პრობლემებს მიხედოს.

– ესე იგი, დასავლეთისთვის ხელსაყრელა, როდესაც ბურჯანაძე და ნოღაიდელი ხვდებიან პუტინს.

– პრინციპში, დასავლეთს უნდა, რომ რამენაირად გაიყინოს ეს რუსულ-ქართული კონფლიქტი, მაგრამ მათ ფეხებზე ჰკიდიათ, ვინ აკონტროლებს ცხინვალსა და ახალგორს, როგორ ცხოვრობენ ქართველი დევნილები და ასე შემდეგ.

– სააკაშვილმა ხომ იცის, რომ დასავლეთს უნდა ამ პრობლემის გაყინვა? რატომ არ იქცევა დიპლომატიურად?

– თქვენ გინახავთ, რომ სააკაშვილი 5 წუთზე მეტხანს მოიქცეს დიპლომატიურად?! (იცინის) თავიდანვე წყნარად რომ მჯდარიყო, ვითარება გაცილებით უკეთესად იქნებოდა. მაგალითად, ჩეხები ჯერ გერმანულ ოკუპაციას შეეგუვნენ, შემდეგ საბჭოთას და სანამ მტრული იმპერიები თავისით არ დაინგრა, ისხდნენ და ლუდს სვამდნენ, მაგრამ ქართველები ჩეხები არ არიან.

– მხოლოდ სააკაშვილის ხასიათით ხსნით ამ გამწვავებას?

– მე ვერ ვკითხულობ სხვის აზრებს, მაგრამ სწორედ ამას სთავაზობდნენ სააკაშვილს ვარდების რევოლუციის შემდეგ. მოსკოვი მაშინ იმედოვნებდა, რომ საქართველოში ჯანსაღი ძალები მოვიდნენ.

– შესაძლოა, დღეს რომ ჯანსაღი ჰგონიათ, ისინიც არაჯანსაღები აღმოჩნდნენ. ესე იგი, ორი ფრონტის ალბათობაა?

– დიახ, სამწუხაროდ, აპრილიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ გამწვავებას.

– გამოდის, რომ ჩვენ და აზერბაიჯანი ერთი მხარე ვიქნებით, რადგან სომხეთი რუსეთის მოკავშირეა?

– საქართველოს აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ ორივესთვის ტრანზიტი საქართველოზე გადის, მაგრამ ბაქოსა და ერევანზე ეს ქართული გავლენა მაშინვე გაქრება, როგორც კი დაიკარგება მონოპოლია ტრანზიტზე, როდესაც ტრანზიტი რუსების ხელში გადავა.

– ამიტომ ამის საშუალება არ უნდა მისცეს მათ ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ჯანსაღმაც და არაჯანსაღმაც.

– სიმართლე ისაა, რომ უნდა ვისხდეთ წყნარად და დაველოდოთ, რა მოხდება. დღეს საქართველოს არ აქვს აქტიური მოქმედების საშუალება. შესაძლოა, ეს არის ერთადერთი გონივრული მიდგომა. სააკაშვილისადმი კი ისეთი დამოკიდებულებაა, რომ მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი ემიგრაცია წყვეტს პრობლემას.

– ანუ?

– რუსეთისთვის ეს იქნება სვლა სწორი მიმართულებით. ამის შემდეგ ის დაიწყებს მოქმედებას და თავისი პრობლემების გადაჭრას შეუდგება. რუსეთისთვის მისაღებია მხოლოდ მკვდარი სააკაშვილი, ან ემიგრაციაში წასული, ან ციხეში მყოფი.

– რის თქმა გინდათ, რომ ჩვენი პროდასავლური ორიენტაცია წარსულის მოგონებად იქცევა?

– რუსეთი არ აპირებს, ამას შეეგუოს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს მთელი ამიერკავკასიის დაკარგვას.

– მე არ მაქვს უფლება, ვილაპარაკო ყველას სახელით, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ, შევეგუოთ რუსულ იმპერიაში დაბრუნებას.

– მე მიჭირს ავხსნა ისეთი არაგონივრული პოლიტიკა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ატარებს, მე არ ვეთანხმები ამ პოლიტიკას, უბრალოდ ვაანალიზებ მოვლენებს.


скачать dle 11.3