კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სენატორს ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიაში ქეთევან აბუთიძე

ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც წილად ხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ და გამორჩეულ პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლის ბედნიერება. თუმცა, ქეთევან აბუთიძესთან საუბრის შემდეგ, დარწმუნდები, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. გაწონასწორებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, მშვიდი და უზომოდ განათლებული ქეთო პენსილვანიის კედლებში იღრმავებს ცოდნას, რომ შემდეგ თავისი გამოცდილება საქართველოს მოახმაროს. თბილისში ერთი კვირით ჩამოსულ ქეთევან აბუთიძესთან შტატებში სწავლის სირთულეებზე ვისაუბრეთ. 

ქეთევან აბუთიძე: ყველაფერი თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარებით დაიწყო. მეორე კურსზე ყოფნისას გადავწყვიტე წავსულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში და იქიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვეტდი, სად გავაგრძელებდი სწავლას. მამაჩემი უკვე მრავალი წელია, რაც შტატებში ცხოვრობს და ოჯახში ბავშვობიდანვე იყო იმაზე საუბარი, რომ უმაღლესი განათლება იქ უნდა მიმეღო. ცოტა ხანში, მეც შეერთებული შტატების მოქალაქე ვხდები და ჩემი იქ ჩასვლა პრობლემა არ იყო. ჰარვარდიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდა, რომ მესამე კურსის დაწყებისთვის უნდა ჩამებარებინა ან ჰარვარდში ან პენსილვანიის უნივერსიტეტში. ეს უკანასკნელი იქ ყოფნის პერიოდში მოვინახულე. ორივე ძალიან ცნობილი უნივერსიტეტია, უდიდესი ტრადიციებით. უამრავი ცნობილი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელიც არა მხოლოდ ჩემს სფეროში, სხვა პროფესიებშიც ძალიან წარმატებულები არიან. 
– რატომ მაინცდამაინც ეს სფერო?
– მთელი ჩემი ბავშვობა დაკავშირებული იყო სცენასთან. ვმღეროდი, ვიყავი „ბასტი-ბუბუს“ პირველ თაობაში, დავდიოდი თეატრ-სტუდია „ბერიკებში“. დღესაც უნივერსიტეტის აკაპელაში ვმღერი. ეს ის სფეროა, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მერვე-მეცხრე კლასში გადავედი, ოჯახში დაისვა სერიოზული საკითხი, თუ რა პროფესია უნდა ამერჩია. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის ყველა წევრი, ექიმია, მამაჩემის გარდა – ის იურისტია, ლოგიკური იყო მეც ამ მიმართულებით წავსულიყავი. თუმცა, ბავშვობიდან ის სფერო მაინტერესებდა, სადაც მამა იყო. სულ ვიქექებოდი დეტექტივებში, საბუთებში, ქეისებში. ახლა კი ჩემი სპეციალობა ასე თუ ისე უკავშირდება იურისპრუდენციას. ჩემს გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია დედამ. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარდა სცენა, ვიყავი საოცრად კონტაქტური, მომწონდა ადამიანებთან ურთიერთობა, დედამ მითხრა, რასაკვირველია, ექიმის პროფესია ძალიან კარგია, მაგრამ ვფიქრობ, შენი ხასიათი გაძლევს საშუალებას, ისეთი პროფესია აირჩიო, რაც უფრო მეტად მოგცემს ფართო აუდიტორიასთან კონტაქტისა და მასშტაბური საქმის კეთების საშუალებასო. ასე მივედი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტამდე. მანამდე ნამდვილად არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო. 
– როდის გადაწყვიტე ამერიკაში ხანგრძლივი დროით წასვლა? 
– მესამე კურსის დასაწყისში. პირველი ექვსი თვე დავუთმე იმას, რომ მომემზადებინა სააპლიკაციო ფორმა, მოვმზადებულიყავი გამოცდებისთვის, რომელიც მართლა ურთულესია. პირველი ეტაპი ეს იყო ძირითადი აპლიკაცია, რომელიც ხუთ, საკმაოდ დიდი მოცულობის ესეებს მოიცავდა. ესეებით საგამოცდო კომიტეტს უამბობდი შენს შესახებ, შენი ინტერესების, ამბიციების, პროფესიული მისწრაფებების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სკოლა სწორედ ის სკოლაა, რომელმაც არაერთი პრეზიდენტის კარიერას ჩაუყარა საფუძველი, ძალიან კრიტიკულად უყურებენ ყველა ადამიანს, რომელიც კონკრეტულად ამ სფეროში ცდილობს მოხვედრას. ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებელი იყო ბენჯამინ ფრანკლინი. ჩვენს უნივერსიტეტთან ასოცირდება ჯორჯ ვაშინგტონი, ალექსანდერ ჰამილტონისა და უილიამ ჰენრი ჰარისონის სახელები. ფაქტობრივად დამფუძნებელი მამებიდან არაერთი ადამიანი ქმნიდა უნივერსიტეტის კედლებში ამერიკის დეკლარაციას. სწორედ პენსილვანიის უნივერსიტეტი იყო შტატების პირველი უმაღლესი სკოლა. საკმაოდ რთულია ჩემთვის ის მომენტიც, რომ პირველი ქართველი სტუდენტი ვარ, რომელიც ამ სკოლაში ბაკალავრიატის ბაზაზე სწავლობს. როგორც წესი, უნივერსიტეტი ტრადიციულად გაცნობს შენი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ იქ. ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა.
– ამის შემდეგ შენ დახვდები სხვებს.
– აუცილებლად და ეს ორმაგი პასუხისმგებლობაც არის. გამოცდების შემდეგი ეტაპი იყო, მათთვის უნდა წარმედგინა გამოცდილება. ეს ვიცოდი და ამიტომ, პირველი ექვსი თვე, სანამ აპლიკაციას ვამზადებდი, განაცხადი შევიტანე პენსილვანიის შტატის სენატორის ინტერნატურაზე. უხეშად, რომ ვთქვათ, რამდენიმე ათასი კანდიდატიდან უნდა არჩეულიყო ორი მსურველი, რომელსაც სენატორი პირად ინტერნად აიყვანდა. პროფესიული გამოცდილება, ანუ ინტერნატურა აუცილებელია იმისთვის, რომ შენ უბრალოდ, განგიხილონ, როგორც უნივერსიტეტში სწავლის კანდიდატი. ამიტომაც, შევიტანე საბუთები ამ კონკურსზე.
– და რატომ ფიქრობდი, რომ პენსილვანიის შტატის სენატორი არჩევანს ქართველ სტუდენტზე გააკეთებდა?
– ნამდვილად არ ვფიქრობდი და არანაირი იმედიც არ მქონია. უბრალოდ, სურვილი მქონდა ძალიან დიდი. საერთოდ, ეს მახასიათებს, თუ რაღაც ძალიან მინდა, მიზნისკენ ურჩად, ჯიუტად მივიწევ და მაქსიმალურად ვახდენ ჩემი ძალების ინვესტირებას. თუ ამას ექნება შედეგი და ჯერჯერობით, შედეგი მოაქვს, ეს ცდა და ხასიათიც გამართლებულია. ერთი სიტყვით, გავიარე ორეტაპიანი კონკურსი. მეორე ეტაპისთვის, ანუ ინტერვიუსთვის განსაზღვრულია ათი წუთი. ჩემს შემთხვევაში კი ის ორმოც წუთამდე გაიზარდა. ქართველი მათთვის ძალიან უცხო ხილი იყო. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ისტორიაზე, კონფლიქტებზე, ამა თუ იმ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე. ანუ, მთელი ჩემი „ბექგრაუნდი“ საქართველოს ისტორიის ფონზე იყო წარმოდგენილი, რამაც მათზე დიდი გავლენა იქონია. გააკეთო კონფლიქტების სწორი ანალიზი ოცი წლის ასაკში, ეს ნიშნავს, რომ შენში რაღაც პოტენციალი ნამდვილად არის. მოკლედ, ამ პროგრამაში გავიმარჯვე და გავხდი პენსილვანიის შტატის პირადი საკანონმდებლო ინტერნი. ეს იყო პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ჩემი იქ ყოფნის პერიოდი არჩევნებს დაემთხვა, რაც ყველაზე ცხელი თემა იყო როგორც შტატის ცხოვრებაში, ისე – მედიაში. ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღე საარჩევნო კამპანიაში. სენატორს, ენტონი ჰარდი უილიამსს უამრავ შეხვედრაზე ვახლდი. ის იყო დემოკრატი კანდიდატი, რომელიც დღემდე სენატორია. ჩემი პირადი კურატორი ქენიადა ჯონსონი, დღესდღეობით სენატში შტატის წარმომადგენელია. ძალიან დახვეწილი საარჩევნო კამპანია იყო, მართლა გაოცებული ვიყავი. ყველა შესაძლო ნიუანსი, მოულოდნელიც კი, წინასწარ არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ ადეკვატური პასუხი გაეცეს. იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ინტერნი ვიყავი, ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი საარჩევნო პლატფორმის შემუშავებაში. საარჩევნო დაპირებები, რომელსაც სენატორი ამომრჩევლებს აღუთქვამს, საარჩევნო პროგრამა. იმავდროულად, ვეხებოდი შტატის მომავალი ცხოვრების განვითარებასაც, იქნებოდა ეს შტატის ეკონომიკური განვითარება, საკანონმდებლო ბილი. უამრავ პროექტზე ვიმუშავეთ. 
– და გაიმარჯვეთ.
– კი და ამ გამარჯვებას უდიდესი ემოციები მოჰყვა. გაიმართა გრანდიოზული მიღება. დღემდე საკმაოდ აქტიური ურთიერთობა მაქვს მათთან. როდესაც ქენიადა შტატის წარმომადგენელი ხდებოდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მიღებას დავესწარი, სადაც მან ჩემს უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად დამპატიჟა და გვითხრა, გაგვეთვალისწინებინა ყველაფერი, რადგან ეს თქვენი მომავალი ცხოვრებააო. მოხდება თუ არა ასე მომავლის საქმეა.
– ამის შემდეგ კი იყო უნივერსიტეტი.
– დიახ. მივიღე სარეკომენდაციო წერილი ჰარდისგან, აპლიკაციაც დამუშავებული მქონდა და შევიტანე განაცხადი. არავინ იცოდა, კონკრეტულად როდის შევიტანე განაცხადი. საინტერესოა, რომ ყველა რამდენიმე უნივერსიტეტში აკეთებს განაცხადს, იმის გამო, რომ არ იცი, რამდენისგან მოგივა უარი. მე კი ჩუმად მხოლოდ პენსილვანიის უნივერსიტეტი ჩავწერე, უარის შემთხვევაში, საქართველოში დავბრუნდებოდი. სხვა უნივერსიტეტი არ იყო ჩემთვის ის გარემო, რისთვისაც თბილისის დატოვება მიღირდა. ეს საშინლად რთული იყო ჩემთვის. ქალაქის და ქვეყნის დატოვება ძალიან მტკივნეულია დღემდე. ამ შემთხვევაშიც ინტერვიუ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც კანდიდატები, როგორც მერე გავიგე, წინასწარ ემზადებიან. არსებობს სპეციალური კითხვარები, ტესტები, მაგრამ მათ შესახებ არაფერი ვიცოდი და პირდაპირ, იმ განცდით და ემოციით, რაც იმ წუთში მქონდა, წარვდექი კომისიის წინაშე. თავისთავად, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ჩემს წარმომავლობაზე. მახსოვს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, ძალიან მოგვეწონა შენი ცხოვრების ისტორიაო. ეს არის პატარა გოგოს ამბავი, რომელსაც შესაძლოა, უცხო მიწაზე დიდი მომავალი აქვსო. 
– ძვირი ღირს სწავლა?
– ძალიან ძვირი. წელიწადში დაახლოებით, ორმოცდახუთი ათასი დოლარი ჯდება. პლუს ამას კიდევ ბორდინგი, რომელიც 15-20 ათასი დოლარი ღირს და წიგნების ხარჯი. ძალიან დიდ თანხას აღწევს. პირველ წელს დაფინანსებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მხოლოდ მეორე კურსიდან შეგიძლია, შენი რეიტინგის მიხედვით დაფინანსების მიღება. მანამდე ან ოჯახს უნდა ჰქონდეს ეს თანხა ან სტუდენტური სესხი აიღო. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის ფისკალური ბიუჯეტი 5 მილიონი ამერიკული დოლარია, რამდენიმე სტუდენტის დაფინანსება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ, ისინი ელოდებიან რომ ღირსეულები გამოავლინონ. მესამე კურსზე ვარ და დღემდე ასპროცენტიანი დაფინანსება მაქვს. 
– ალბათ, ძალიან საინტერესოა სწავლის პროცესი.
– რა თქმა უნდა. ყველა ლექტორი, რომელიც კი გვასწავლის, ძალიან წარმატებული დიპლომატია ან მეცნიერების სხვა დარგის წარმომადგენელი. წელს, მაგალითად, უამრავი ლექცია გვქონდა ჩვენს გუბერნატორ რენდოლთან. იგი ჩვენი ხშირი სტუმარი იყო, სამთავრობო ადმინისტრირებას გვასწავლიდა. ყოველწლიურად არის „სფრინგ ფლინგის“ პერიოდი, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში ყველა ფაკულტეტის სტუდენტს იმ სფეროში წარმატებული ადამიანი ხვდება. ვთქვათ თუ, მუსიკას ავიღებთ – სტუდენტები ხვდებიან როგორც საოპერო ხელოვნების წარმომადგენლებს, ასევე სხვა ვარსკვლავებს. მაგალითად, შარშან გაიმართა კონცერტი, რომელზეც ფაფ დედიმ, კენი ვესტიმ და სხვებმა იმღერეს. ჩვენ შემთხვევაში, პირველ კურსზე ჩამოსული იყო ბილ კლინტონი, რომელმაც როგორც თავისი საპრეზიდენტო, ისე მეცნიერული გამოცდილება გაგვიზიარა და ჩვენი თხოვნით საქსოფონზეც დაუკრა. მომდევნო წელს იყო კონდოლიზა რაისი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრები განსაზღვრულია და მოკლე დროით ხდება – გვეკრძალება ფოტო, ვიდეოგადაღება, მაინც ძალიან დიდი შედეგი მოაქვს, ძალიან საინტერესოა. წელს ჯერ არ ვიცი, ვის შევხვდებით. სხვათა შორის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენც ვიყავით და კიდევ ერთხელ შევხვდით როგორც რაისს, ისე სხვა წარმომადგენლებს. ჩემმა მეგობრებმა კონტრაქტიც კი გააფორმეს დეპარტამენტთან, სადაც ერთწლიან სტაჟირებას გადიან, რის შემდეგაც მისი სრულფასოვანი თანამშრომლები გახდებიან, იქნება ეს საიდუმლო განყოფილება თუ უშუალოდ დიპლომატია. მე ჯერ არ ვიცი, საით გადაიხრება ჩემი ინტერესთა სფერო. ალბათ, მაინც დიპლომატიას ვარჩევ. დღესდღეობით, ხუთ ენაზე მოლაპარაკე დიპლომატი წარმატებულად მიიჩნევა. ოთხი ენა ვიცი, მეხუთეს ძალიან აქტიურად ვსწავლობ. ინფორმაციულ საუკუნეში დიპლომატიას გარდა მოლაპარაკებების წარმართვის მექანიკისა, კიდევ ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ძალიან დიდი ინტელექტი უნდა გქონდეს, დღევანდელი ეტიკეტი ძალიან ბევრ რამეს მოითხოვს.
– თავისუფალი დრო თუ გრჩება?
– თავისუფალი დროც თითქოს დღიური გეგმის ნაწილია. ხუთშაბათ საღამოს ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვატარებ. სკოლის ტრადიციაა, რომ ხუთშაბათ საღამოს სტუდენტები რომელიმე კლუბს, დიდ რესტორანს ხურავენ და დახურულ წვეულებებს აწყობენ. დავდივართ კულტურულ ღონისძიებებზე. ამ საღამოებზე მხოლოდ კი არ ერთობი და დროს ატარებ, ეცნობი ახალ ადამიანებს, კონტაქტებს და კავშირებს ამყარებ, რომელიც შენთვის მომავალში შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ასე რომ, გართობასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. კავშირები ყველაზე დიდი იარაღია. ხშირად მეგობარ გოგონებთან ერთად დავდივარ კონცერტებზე, მოდის ჩვენებებზე. ჩემს მეგობრებს, მათ ოჯახებს მოდის სფეროში მეგობრები ჰყავთ და აქედან გამომდინარე, მაგალითად, შარშან ვიყავი „დონა კარანის“ ჩვენებაზე და შემდეგ „ავთარ ფართიზე“. ამას გარდა, აქტიურად ვვარჯიშობ, რათა ასე თუ ისე დავაბალანსო ჩემი გონებრივი დატვირთვა. დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი არა, მაგრამ ოცდაერთი საათი მაინც სრული დატვირთვით მუშაობს ჩემი ტვინი. ერთი კვირით ვარ თბილისში და ისევ უნდა ჩავება უნივერსიტეტის ცხოვრებაში. 

скачать dle 11.3