კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილი ვაკელის ნაგინები „გამზრდელი“, გალაკტიონ ტაბიძის წვერზე მოკიდებული ცეცხლი, შვილობილისგან გაბრაზებული ეროსი მანჯგალაძე, პარიკდაკარგული კომისარი და იარაღით შერცხვენილი თამადა


მსახიობი და კომენტატორი ბატონი ნუგზარ ჯუღელი ის პიროვნებაა, რომელსაც თბილისელი კოლორიტი ადამიანების გვერდით, თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მას უამრავი ძმაკაცი, ახლობელი და გულშემატკივარი ჰყავს. დღესაც ეამაყება თავისი თბილისელობა და ყოველთვის ღიმილით იხსენებს განვლილ წლებს, რომელიც არაერთ ცნობილ ადამიანთან აკავშირებს.


გალაკტიონის მიერ ტროლეიბუსში წაკითხული „მერი“

ადრე, რუსთაველის გამზირზე ტრამვაი დადიოდა. მაშინ, თბილისი ძალიან პატარა იყო, დაახლოებით, 250 ათასი მოსახლე იქნებოდა. ჩვენი ოჯახი მარჯანიშვილის თეატრთან ცხოვრობდა. ამ ტრანსპორტით ხშირად ვსარგებლობდით. აუყვებოდა ნელი სვლით ტრამვაი და ძნელაძის ქუჩიდან ამოდიოდა სასტუმრო „ივერიამდე“, გაივლიდა „კაზარიანცის“ სახლს და მიდიოდა ვაკეში. ვის არ ნახავდით ამ ტრანსპორტში. სახეზე იცნობდი ჯიბის ქურდებს. ამოვიდოდა სამი ტიპი, რომ შეგეხედათ პროფესორებს ჰგავდნენ. ერთს გაზეთი ეჭირა, მეორეს – ქუდი, მესამე სერიოზული იმიჯით იდგა. შეიგულებდნენ რომელიმე მგზავრს, ერთი წინ დაუდგებოდა და ელაპარაკებოდა, მეორე გაზეთს ააფარებდა მსხვერპლს, თითქოს კითხულობდა, მესამე კი ფულს ამოაძრობდა. ერთი სიტყვით, ისე კარგად და შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, რომ იაღლიში არ მოსვლიათ. ბევრმა იცოდა მათი ამბავი, მაგრამ მაინც აბამდნენ მახეში და კარგ ფულსაც აკეთებდნენ. ერთ დღეს, მე და დედა ჩავსხედით ტროლეიბუსში. გავიხედე, ჩვენს წინ ზის წვერებიანი, ნასვამი კაცი. რომ მობრუნდა, მერეღა ვიცანი, რომ გალაკტიონ ტაბიძე იყო. უცბად, დედას ჰკითხა, რა გქვიათ ქალბატონოო. დედამ უპასუხა, მერიო. გალაკტიონი დაფიქრდა და ამოიოხრა: ო, მერი, მერი, და დაიწყო თავისი ცნობილი ლექსის „მერის“ გამოთქმით და მთელი გრძნობით კითხვა. იმ წუთას არ მესიამოვნა. ვიფიქრე, ეს კაცი დედაჩემს რას ეფლირტავება, ვერ ხედავს, მის გვერდით რომ ვდგავარ-მეთქი. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემს აზრს უსიტყვოდ, თავადაც მიმხვდარა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ამის შემდეგ, რამდენიმე ხანი გავიდა და გავიხედე, თავის სახლის წინ, მთვრალი, სკვერში წევს და სძინავს. ბავშვები ახლოს მიდიან მძინარე გალაკტიონთან და ემაიმუნებიან. ერთმა მოიფიქრა, აანთო ასანთი და წვერზე მოუკიდა. გავიქეცი და გადავეფარე გალაკტიონს. ჩავუქრე წვერზე მოკიდებული ცეცხლი. გამოეღვიძა ნამთვრალევს, დამაკვირდა, გამიღიმა და მითხრა, იმ ფლირტის შემდეგ, მაინც მიშველე ბიჭოო.

შიშველი ქალიშვილით გულწასული ნუგზარ ჯუღელი და ქალად აღქმული ლომონოსოვი

ჩემს ეზოში ცხოვრობდა სანდრო ჟორჟოლიანი. ძალიან მკაცრი კაცი იყო და არავის ესაუბრებოდა. მისი ქალიშვილი დინარა, ულამაზესი გოგონა იყო. ის რომ პლეხანოვზე გაივლიდა, სანამ თვალს არ მიეფარებოდა, ბიჭები თვალს არ აცილებდნენ. ახალი ფილმი შემოვიდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალი ველოსიპედით დადიოდა. გავიხედეთ და დინარამაც არ იყიდა, ორთვლიანი, დიდი ველოსიპედი? შემოაჯდებოდა და დაჰქროდა თბილისის ქუჩებში, თან უსტვენდა, სულ გადაირივნენ ბიჭები. აეკიდებოდნენ და მისდევდნენ. მაშინ, სახლში ტელეფონი მხოლოდ დამსახურებულ ადამიანებს ჰქონდათ. მე პირველ სართულზე ვცხოვრობდი, ჟორჟოლიანები კი – მეორეზე. მათ ჰქონდათ ტელეფონი და თუ დამჭირდებოდა, მათთან ავდიოდი და ვსარგებლობდი. ერთ მშვენიერ დღეს, დამჭირდა ტელეფონზე დარეკვა. ავედი დინარასთან, დავაკაკუნე, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მივაწექი კარს და გაიღო, შევედი, არავინ არის. ოთახში შევიხედე და რას ვხედავ? დინარა სულ შიშველი არ დგას? ისეთი ლამაზი იყო, გული წამივიდა და დავეცი. გონს რომ მოვედი, დინარა უკვე ჩაცმული მედგა თავზე და მასულიერებდა. აზრზე რომ მომიყვანა, მითხრა, წადი ახლა სახლში და დამშვიდდიო. სად ნახავდით მაშინ შიშველი ქალის სხეულს? ვერსად. ოცნებაში თუ წარმოიდგენდი. მერე ვხუმრობდი, ეს რა მომივიდა, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო, პირველად ვნახე შიშველი ქალი, ისიც ულამაზესი დინარა. მანამდე წიგნებში გრძელთმიანი ლომონოსოვის სურათს რომ ვუყურებდით ბიჭები, ის გვეგონა ქალი და ძლივს არ მეღირსა ნამდვილი ქალის ნახვა-მეთქი.

ეროსი მანჯგალაძის შვილობილობით უფასოდ დალეული ღვინო

ეროსი მანჯგალაძესთან ვმეგობრობდი. იმ პერიოდში, ხმით ეროსის ვბაძავდი. ამბობდნენ კიდეც, ხმით ჰგავხართ ერთმანეთსო. მოკლედ, ერთ დღეს, შევაგროვეთ ფული და საქეიფოდ რესტორანში წავედით – მე, კახი კავსაძე, სოსო ლაღიძე და რეზო ჩხაიძე. სუფრასთან ვბჭობთ, რა ავიღოთ. არადა, ფული ცოტა გვაქვს. ან მწვადი უნდა ავიღოთ, ან ღვინო, ორივე ერთად არ მოგვდის და ვართ გაწამაწიაში. თან ხმამაღლა ვლაპარაკობთ. უცებ, გაიღო კარი და ოფიციანტს წამოკიდებული აქვს ზურგზე ერთი ყუთი ღვინო. გაგვიკვირდა. დადო ყუთი და გვითხრა, ეს ეროსი მანჯგალაძეს გამოუგზავნეს გვერდითა კუპიდანო. გავისუსეთ, მადლობა გადავუხადეთ. დავიწყეთ სმა, შევედით ქეიფის ეშხში. გავიხედეთ, იღება კარი და შემოდიან ნასვამი კაცები. ერთ-ერთი ამბობს, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, მე გამოვუგზავნე ეროსის ღვინო, მისი ხმა ისმოდა ჩვენთან, აბა, სად არისო. რაღას ვიზამდით, ვაღიარეთ, ეროსი არ არის აქ. თან, რომ არ „გავყიდულიყავით“ ვთქვით, ვითომ მე ვიყავი მისი შვილი და ამიტომაც ვგავდი ხმით. ჯერ დაიბნა ის კაცი, მერე გონს მოვიდა, იფიქრა ძმაკაცებთან არ შევრცხვეო და როხროხით დაიწყო: თქვენი ჭირიმე ბიჭებო, შენ ეროსის ბიჭი არ ხარ, შენ კი გენაცვალე, მოდი აქ შვილო, რამდენჯერ ამ კისერზე მჯდარხარ და ჩაგიფსია ჩემთვის ზურგში. შენ არ გახსოვს, მაგრამ, მე რა დამავიწყებსო. ეს ამბავი გახმაურდა. გავიხედე, ეროსი შემხვდა თეატრში. მივესალმე, გამარჯობა ბატონო ეროსი-მეთქი. ხელი ჩაიქნია, გადი აქედანო. ვიფიქრე, ეს რა ვქენი, ხომ არ ვაწყენინე-მეთქი. გავიდა ხანი, გავიხედე, ეროსი მეძახის და მაწვდის „მარლბოროს“ მთლიან შეკვრას, აჰა, ჩემო შვილოო. გავიდოდა რაღაც პერიოდი და კიდევ რაღაცას მაჩუქებდა, თან ირონიით დააყოლებდა, ხომ იცი, შენ ჩემი შვილი ხარ, არ დაგავიწყდესო. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ მივესალმებოდი, გამარჯობა ეროსი-მეთქი, თუ გაახსენდებოდა ის ქეიფი, მოაყოლებდა, გამარჯობა კი არა, წადი შენიო. არადა, ღმერთმა ყველას მისცეს ისეთი მამობილი, მე რომ მყავდა ეროსის სახით.

ქართველი კალათბურთელების გამარჯვების გამო უთმოდ დარჩენილი კომისარი

რიგის გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო გადასული. თბილისის „დინამო“ ხვდებოდა მას და იყო ერთი ციებ-ცხელება. დახურულ დარბაზში ხალხი ღელავს, გადაჭედილია ტრიბუნები. ბოლო წამია და ინგრევა იქაურობა. რასაკვირველია, რიგელები დარწმუნებულები არიან, რომ იგებენ, არადა, ჩვენ ორი ქულით ვაგებთ. ჩვენი ბიჭების ბოლო შეტევაა, წამი იწურება და შორიდან ტყორცნით არ ჩააგდო ერთ-ერთმა „დინამოელმა“ კალათში სამქულიანი ბურთი. მსაჯმაც დაუსტვინა და წესის მიხედვით, თამაში დამთავრდა. რა დამთავრდაო? აი, მაშინ დაიწყო ბრძოლა თუ დაიწყო. წამოხტნენ რიგელების გულშემატკივრები, დალეწეს იქაურობა, თამაშის კომისარი ძირს გაიგდეს, ვის სკამი ხვდებოდა თავში და ვის ხელ-ფეხი, კაცმა არ იცის. გავიხედე, ამ თამაშის კომისარი დაფორთხავს მოედანზე და გაფაციცებით რაღაცას ეძებს, თან ყვირის, ხალხნო თმა მომეცით, დამიბრუნეთ ჩემი თავი, რას მიშვრებით, გინდათ, ქოსა წავიდე აქედანო. ვუყურებ ამ კაცს, თავზე თმა არ აქვს, არადა, თამაშის დაწყებამდე ქოჩორი ჰქონდა. ვიფიქრე, კი მაგრამ ისე როგორ დააგლიჯეს გამწარებულმა გულშემატკივრებმა ის ჯაგარი, ერთი ღერიც რომ არ დარჩა თავზე-მეთქი. თურმე იმ საწყალს პარიკი ეკეთა და ამ გაწევ-გამოწევაში, როდის ააგლიჯეს და სად გადააგდეს, ვერც კი გაიგო.

ბუნებრივი მოთხოვნილების გამო სუფრასთან შერცხვენილი თამადა

საქართველოში ბევრი განთქმული თამადა იყო, რომელთა საქციელზეც ლეგენდები დადიოდა თბილისში. მათ შორის იყო სიმონიკა სხირტლაძე. ერთხელ, სიმონიკა სუფრაზე მიიპატიჟეს და რასაკვირველია, თამადად დააყენეს. არადა, ქართული სუფრა ხომ მოგეხსენებათ, დილით რომ დაიწყება და მეორე დღის დილამდე გრძელდება, თამადას კი ამ დროს არ აქვს უფლება „პოსტი“ დატოვოს. მოკლედ, გახურდა ქეიფი. სიმონიკა ამბობს სადღეგრძელოს, სვამს, ჯდება... ადგება, დალევს, დაჯდება. ადამიანია და ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა. გაბერა ღვინომ და მუცელში ჰაერი დაუგროვდა, ლამის გასკდეს შუაზე. თან ვერც გადის, განთქმულ სახელს ხომ არ შესწირავს ბუნებრივ მოთხოვნილებას? და, მოიფიქრა. ადგა, ამოიღო ჯიბიდან იარაღი. იფიქრა, ამას გავისვრი, დიდი ხმა ექნება და ჩემი ჰაერის დაცლის ხმას აქ ვინ გაიგებსო. ასწია იარაღი, გამოსდო მარყუჟს ხელი... ჰაერი კი გაუშვა, მაგრამ იარაღმა უმტყუნა და არ გავარდა. შერცხვა კაცი. ეს ამბავი დაიმალებოდა? მოკლედ, გავიდა წლები. ისევ სუფრასთან მოხვდა სიმონიკა სხირტლაძე. ვიღაც კაცი უზის გვერდით. დაინტერესდა სიმონიკა მისი ვინაობით და გამოჰკითხა, რა გქვია და რა გვარის ხარო. იმანაც უპასუხა. სიმონიკა კიდევ უფრო ჩაუღრმავდა უცნობს და ჰკითხა, რომელ წელს ხართ დაბადებულიო. იმანაც, არ დააყოვნა და უპასუხა, არ ვიცი, ბიძაჩემო, რომელი წელი იყო რომ დავიბადე, მაგრამ ის კი ვიცი სიმონიკა სხირტლაძემ რომ იარაღის გასროლა დააპირა და ჰაერი გაუშვა, ე, ზუსტად ეგ წელი რომ იყო, ჩემო ბატონოო.


скачать dle 11.3