კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააარსა გიორგი გურჯიევმა პირველად საქართველოში მსოფლიოში აღიარებული ინსტიტუტი და როგორ აჰიპნოზებდა ის ადამიანებს


ფილოსოფოსი გიორგი გურჯიევი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ არის აღიარებული. მას დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს. გურჯიევი ერთი პერიოდის განმავლობაში საქართველოში, კერძოდ, თბილისში მოღვაწეობდა. ამის შესახებ გვესაუბრება ისტორიკოსი მანანა ხომერიკი.


– სანამ უშუალოდ გურჯიევზე დავიწყებდე საუბარს, მინდა, აღვნიშნო, რომ მე მასზე საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით ვისაუბრებ, ხოლო მისი მოძღვრების გადმოცემა ფილოსოფოსებისთვის მიმინდვია. გიორგი გურჯიევი განიცდიდა სუფიზმის, ბუდიზმისა და ქრისტიანობის გავლენას, ის თანამოაზრეებთან ერთად ბევრს მოგზაურობდა – იმყოფებოდა: თურქეთში, მონღოლეთში, თურქმენეთში, ეგვიპტეში, პაკისტანში, წლობით ცხოვრობდა ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში, სადაც დიდი მონდომებით ეძებდა და ეწაფებოდა აღმოსავლეთის ეზოთერულ (ფარულ, ხალხის ფართო მასებისთვის მიუწვდომელ) მოძღვრებებს. შემდეგ მან აღმოსავლეთში მიღებული ცოდნა მისაწვდომი გახადა ევროპელებისთვისა და ამერიკელებისთვის, რომლებსაც სულიერ მასწავლებლად მოევლინა. გურჯიევი სწავლობდა უძველეს ადათ-წესებს, ნაშთებს, წარწერებს, რელიგიურ რიტუალებსა და ცეკვებს, რომელთა ფარული მნიშვნელობის ამოკითხვა უნდოდა. გურჯიევი, როგორც არაერთხელ აღნიშნეს ინდოელმა ნათელმხილველებმა, ყველა სხვა ადამიანზე უკეთ ფლობდა სპირიტულ ძალებს, ის დალაი-ლამას მრჩეველიც იყო. როგორც ამბობენ, მიხეილ ბულგაკოვის რომანის „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟის – ეშმაკი ვოლანდის პროტოტიპი გურჯიევი ყოფილა, მას ტიბეტელი ლამები „თეთრ ეშმაკს“ ეძახდნენ. გურჯიევის ერთ-ერთ ვარჯიშს ეწოდებოდა „სტოპ“ – ამ სიტყვის გაგონებაზე მისი მოსწავლეები იმ პოზაში უნდა გაშეშებულიყვნენ, რომელშიც იმ მომენტში იმყოფებოდნენ. გურჯიევი ქმნიდა თავის კოსმოლოგიას, იკვლევდა სამყაროში მოქმედ კანონებსა და კანონზომიერებებს. ჟაკ ბერჟიე და ლუი პოველი „მოგვთა დილაში“ აღნიშნავდნენ, რომ არსებობს გარკვეული მსგავსება გურჯიევის „ბელზებელის მონათხრობსა“ და ჰანს გორბიგერის კოსმოლოგიას შორის. გორბიგერი ფართო გზას უხსნიდა შთაგონებულ ცოდნას, ხედვას, ირაციონალურ აზროვნებას, მას ჰიტლერი მფარველობდა. გორბიგერის თეორიებმა დაარწმუნა ჰიტლერი, რომ სწორედ დასავლური მეცნიერების შეზღუდულობამ დაასუსტა ადამიანის სული და სხეული, მოწამლა გერმანელი ერის მესიანიზმი. გორბიგერიანობის მეშვეობით, ნაციზმი ახდენდა უძველესი მაგიის არა როგორც რიტუალის, არამედ, როგორც უძვირფასესი დინამიკური ძალის აღორძინებას. გორბიგერი ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთ წინასწარმეტყველად იქცა. „მოგვთა დილის“ ავტორები სვამენ კითხვას: „მაგრამ გურჯიევს ვითომ გორბიგერის იდეები შთააგონებდა, გორბიგერის, რომელსაც პირადად იცნობდა? თუ – თეოსოფი წყაროებით სარგებლობდა, რომელიც შემთხვევით გამოიყენა თავისი ფსევდომეცნიერული აღმოჩენისთვის“? – ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. პირადად მე, ასეთ კავშირს ვერ ვხედავ, მაგრამ მე მხოლოდ გურჯიევის ნაშრომებს ვეყრდნობი, ხსენებული ავტორები კი – გურჯიევის ერთ-ერთი მოსწავლის გამონათქვამებს.

გურჯიევის მიმართ ყველაზე არაკეთილგანწყობილი ავტორი – ც. კინი, მის შესახებ წერდა: „ის იყო ახალგაზრდა დალაი-ლამას მრჩეველი და, იმავდროულად ცარისტული მთავრობის აგენტი; სამსახურს უწევდა ინგლისელებს და ემორჩილებოდა ფრანგებს, ფლობდა ჰიპნოზისტის არაჩვეულებრივ ნიჭს და იყო მოხერხებული „სულებზე მონადირე“. თვით ტიბეტშიც, სადაც დღემდე ცოცხლობს აღმოსავლური ეზოთერული ტრადიცია, გურჯიევს მიწიერი მიზნებისთვის არ უღალატია. მკვლევარი ლუის პაუელსი თავის წიგნში – „გურჯიევის ფენომენი“ – წერს: „იგი ათი წლის განმავლობაში რუსეთის საიდუმლო აგენტი იყო ტიბეტში, რაც კიპლინგმაც აღნიშნა. ტიბეტის მთავრობამ გურჯიევს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა – მას უნდა მოეგვარებინა ქვეყნის ფინანსური საკითხები და უნდა ეხელმძღვანელა არმიის შეიარაღებისთვის, ამდენად, მას შეეძლო, პოლიტიკური როლი შეესრულებინა ტიბეტში“. როდესაც ტიბეტში ინგლისელები შეიჭრნენ, 1904 წელს გურჯიევი დალაი-ლამასთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

– ქალბატონო მანანა, ხშირად გურჯიევს ქართველად მიიჩნევდნენ. რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან და ქართველობასთან?

– გიორგი გურჯიევი თავისი გვარის გამო ხშირად ქართველად იყო მიჩნეული. საქართველოში დღესაც ძალიან ბევრი გურჯიევი ცხოვრობს, მაგრამ მათ სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ. ზოგი მათგანი მართლაც ქართველია. 1813 წლის ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში ვინმე ისმალი გურჯი-ოღლი ყვება ძალიან სევდიან ამბავს თავის ბაბუაზე, რომელიც დაუტყვევებიათ და შემდეგ ძალით გაუქრისტიანებიათ. თავად ისმაილს კი მოუხერხებია სპარსეთში ტყვეობისგან თავის დაღწევა და ახლა საქართველოში ცხოვრობს და გაქრისტიანებას ითხოვდა. ხოლო პროფესორი იაკობ ახუაშვილი იმოწმებს მაგალითს, როდესაც თურქეთში ზოგ ქართველს „გურჯიევის“ გვარი თურქულენოვანმა ბერძნებმა მისცეს. თავისი მოგონებების წიგნში „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ გურჯიევი წერს, რომ მამამისი, ივანე გურჯიევი, ბერძნული ოჯახიდან იყო. მისი წინაპრები ბიზანტიის დატოვების შემდეგ, თურქეთში დასახლდნენ, მოგვიანებით კი – საქართველოში. ოჯახს საქონლის დიდი ჯოგები ჰყავდა. საქართველოში ძმები გაიყვნენ, ივანე სომხეთში წავიდა და ალექსანდროპოლში დასახლდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ყარსში გადავიდა საცხოვრებლად თავის ოჯახთან ერთად. გურჯიევი არც თარიღებს აკონკრეტებს და არც იმ ადგილს, სადაც საქართველოში მისი ოჯახი ცხოვრობდა. ის აგრეთვე გაურბის თავისი დედის, ბიძებისა და ოჯახის სხვა წევრების სახელების ხსენებას. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მამამისს ივანე ერქვა. მე შევაჯერე საქართველოს საისტორიო არქივსა და ერევნის ცენტრალურ არქივში მოძიებული დოკუმენტები, აგრეთვე, ჩავედი ქალაქ გიუმრში, ყოფილ ალექსანდროპოლში, სადაც გურჯიევი დაიბადა. ვნახე სახლი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა. საინტერესო აღმოჩნდა გურჯიევის მამის საფლავის მონახულება. 1970-იან წლებში, როგორც ჩანს, უცხოეთიდან ჩამოსულ გურჯიევის მოსწავლეებს მისი სურვილი აუსრულებიათ და მამამისის საფლავზე დაუდევთ ქვა მისტიკური წარწერით: „მე – ვარ შენ, შენ – ხარ მე, ის – ჩვენია, ჩვენ ორივე – მისი ვართ, ამიტომ, დაე, ყველაფერი იყოს ჩვენი მოყვასისთვის“. თანამედროვე დმანისის რაიონში 1829-1830 წლებში ბევრი გურჯი-ოღლი აღმოჩნდა დაფიქსირებული. ალექსანდროპოლში ძიებული გვარის წარმომადგენლები 1870-იანი წლებამდე არ ჩანან, ხოლო შემდეგი პერიოდის საარქივო დოკუმენტებში დაფიქსირებულია ორი მათგანი: ივანე ივანეს ძე და ვასილი ივანეს ძე. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში გურჯიევის ოჯახი სოფელ ეკეპადში ცხოვრობდა. ამ სოფლის მცხოვრებლები შეტანილნი არიან ქეივან-ბულღასონის სამეტრიკო წიგნებში. 1867 წლის ნოემბერში ეკეპადის მცხოვრებმა ვასილ ივანეს ძე კურჯ-ოღლიმ, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იქორწინა ალექსანდროპოლის მცხოვრებლის ასულთან პოლიტიმიასთან. დაქორწინების შემდეგ ვასილი ალექსანდროპოლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც შეეძინა ვაჟი.

გურჯიევის მამა თავის ძმას სომხეთში გაჰყვა. დოკუმენტების თანახმად, 1871 წლის ნოემბერში ალექსანდროპოლის მცხოვრებმა ივანე ივანეს ძე კურჩ-ოღლიმ, მართლმადიდებელმა, 23 წლისამ, იქორწინა ევდოკიაზე, ელიფთერ ელეფთეროვის ასულზე, მართლმადიდებელზე, 18 წლისაზე. ელეფთეროვი ბერძნული ელეფთერიადის რუსიფიცირებული ფორმაა. ამდენად, გურჯიევის დედა, ევდოკია, ბერძენი ყოფილა. შესაბამისად, არ გამართლდა სადღეისოდ აღიარებული ვერსია, რომ გურჯიევის დედა ეროვნებით სომეხი იყო. 1875 წელს ალექსანდროპოლის მცხოვრებს, ივანე ივანეს ძე გურჯიევს და მის ცოლს – ევდოკია ელეფთერის ასულს, მართლმადიდებლებს, შეეძინათ ქალიშვილი – მალანია. ამ დროისთვის ივანეს უკვე „გურჯიევად“ გადაუკეთებია თავისი გვარი. ალექსანდროპოლის 1886 წლის კამერულ აღწერაში, რომელშიც ყოველი პიროვნება დაფიქსირებულია თავისი საკუთარი სახელითა და მამის სახელით, ჩვენ ვხედავთ ერთ გამონაკლისს: ვანო გურჯი-ოღლი შეყვანილია მამის სახელის გარეშე. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ მის შესახებ მოყვანილი ცნობები სანდო არ უნდა იყოს. სახელი ვანო ივანეს ქართული ფორმაა. ვანო გატარებულია, როგორც მდგმური და შავი მუშა. 1907 წლის ერთ დოკუმენტზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ალექსანდროპოლში მხოლოდ ერთი ივანე გეორჯიევი ცხოვრობდა, ისიც ივანეს ძე და, იმ დროისთვის ის მდგმური აღარ იყო. იმავე წლის მეორე დოკუმენტი წარმოადგენს ივანე ივანეს ძე გურჯიევის, დურგლის ოჯახის წევრების ნუსხას. როგორც გურჯიევის მოგონებიდან ვიცით, მამამისი დურგალი იყო. ნუსხაში ჩამოთვლილი არიან: ივანე ივანეს ძე გურჯიევი – დაბადებული 1847 წელს, მისი ცოლი – ევა (უთუოდ სახელ ევდოკიას შემოკლებული ფორმაა); ვაჟები: გიორგი – დაბადებული 1880 წელს, დიმიტრი – 1883 წელს, ქალიშვილი – სოფია. აქვე აღნიშნულია, რომ წლები მითითებულია არა დოკუმენტების, არამედ გარეგნული შესახედაობის მიხედვით. ამ მიზეზის გამო, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გურჯიევი, შესაძლოა, უფრო ადრე იყო დაბადებული. მის პასპორტში ხომ 1877 წელი იყო მითითებული.

– საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ასევე მოსაზრება, თითქოს გიორგი გურჯიევი თავად მუხრანსკის დისშვილი იყო. ეს სიმართლეს თუ შეეფერება?

– ეს მცდარი ინფორმაცია ემყარება გურჯიევის „ბელზებელის საუბრებს თავის შვილიშვილთან“. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გურჯიევი ყვება, თუ როგორ ეძახდნენ მას სხვები: „ის, ვისაც ბავშვობაში ეძახდნენ „ტატახს“, სიყმაწვილეში – შავგვრემანს, მოგვიანებით – შავ ბერძენს“, შუა ხნის ასაკში – თურქისტანის ვეფხვს, ახლა მესიე ან მისტერ გურჯიევს, ან „თავად მუხრანსკის დისშვილს და, ბოლოს, უბრალოდ – ცეკვის მასწავლებელს“. გურჯიევს არასდროს განუცხადებია, რომ ის ნადვილად იყო თავად მუხრანსკის დისშვილი. უფრო მეტიც, ნიუ-იორკში 1924 წელს მან თქვა, რომ უსაქმურები ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოსდა მის ინსტიტუტს ფინანსურ დახმარებას უწევდა ლეგენდარული ქართველი თავადი მუხრანსკი.

როდესაც გურჯიევი თბილისში ჩამოდიოდა, ის დიდუბეში ქირაობდა ოთახს და ფულს ხელოსნობითა და ვაჭრობით შოულობდა. ის რამდენჯერმე ახსენებს თბილისს: „მე დავბრუნდი ტფილისში, პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ შემეძლო ნებისმიერი წიგნის შოვნა, რომელსაც მოვისურვებდი. ამ ქალაქში, იმ დროსაც, როდესაც მე იქ გავჩერდი და შემდეგაც, ძალიან ადვილი იყო ნებისმიერ ენაზე, განსაკუთრებით – სომხურ, ქართულ, არაბულ ენაზე მეშოვა წიგნები. როდესაც ტფილისში ჩამოვედი, საცხოვრებლად წავედი რაიონში, რომელსაც ჰქვია – დიდუბე“. იმ დროს თბილისის ბაზრებში დიდი გასავალი ჰქონდა ვინმე იტალიელის ნახელავ თაბაშირის ფიგურებს. ბერძენი ქუჩის გამყიდველებისგან გურჯიევმა გაიგო, რომ იტალიელი საგულდაგულოდ მალავდა ამ ფიგურების დამზადების საიდუმლოს. როგორც თვითონ გურჯიევი წერს, ბერძენ გამყიდველს მან ჯერ „პატრიოტიზმის გრძნობა“ გაუღვიძა (ამ სიტყვებიდანაც ჩანს მისი ნამდვილი ეროვნება), შემდეგ მასთან მივიდა და სამუშაო სთხოვა. დიდი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა, მაგრამ თავი მოისულელა, რის შემდეგაც იტალიელი მას აღარ ერიდებოდა და თავისი ხელობის საიდუმლოს აღარ უმალავდა. გურჯიევმა ყოველივე არათუ აითვისა, არამედ გააუმჯობესა კიდეც. თვე-ნახევარში ბაზარზე მისი საკუთარი ნახელავი გაჩნდა. „არ მგონია, რომ ტფილისში იმხანად თუნდაც ერთი სახლი მაინც დარჩენილიყო, რომელშიც არ იქნებოდა ჩემი ერთ-ერთი ყულაბა,“ – წერს გურჯიევი, რომელმაც თავად გახსნა სახელოსნო. პროფესორმა სერგი ავალიანმა გადმოგვცა თვითმხილველის, მწერალ შალვა ალხაზიშვილის ნაამბობი: მას, სრულიად ახალგაზრდას, უნახავს მუშტაიდის ბაღთან ერთად მოსეირნე რობაქიძე და გურჯიევი. „შენ რა შეგიძლია“? – უკითხავს რობაქიძეს გურჯიევისთვის. ამ რეპლიკის საპასუხოდ, თავისი ძალის საჩვენებლად, გურჯიევმა ის მუშტაიდის ბაღში შეიყვანა და იქ მყოფ ახალგაზრდებს დაჟინებით დაუწყო ყურება. შედეგმაც არ დააყოვნა: ახალგაზრდებმა ერთმანეთს ჩხუბი აუტეხეს. ცნობილია, რომ გურჯიევი დიდ ტელეპათიურ ძალას ფლობდა.

– ხშირად იმასაც ამბობენ, რომ გურჯიევი სტალინთან ერთად სწავლობდა თბილისის სემინარიაში. ეს თუ შეეფერება სინამდვილეს?

– 1894 წელს სტალინმა დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1899 წელს კი ის გამორიცხეს, როგორც მარქსიზმის პროპაგანდისტი. მე გადავსინჯე შესაბამისი საკლასო ჟურნალები. იოსებ ჟუღაშვილი შეყვანილია I განყოფილების მეხუთე კლასში, აქვეა ჩანაწერი მისი გარიცხვის შესახებ. რაც შეეხება გურჯიევს, ის სიებში არ აღმოჩნდა. ამრიგად, იგი სტალინის თანაკლასელი არ ყოფილა, მაგრამ, არ შეგვიძლია, გადაჭრით ვთქვათ, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. 1904 წელს სტალინი გაიქცა გადასახლებიდან და ჩავიდა ბათუმში, რათა ორგანიზება გაეკეთებინა არალეგალური მოძრაობისთვის. გურიის გლეხობაც ემზადებოდა 1 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად. სხვადასხვა სოფლიდან წამოსული დემონსტრანტები ერთად აპირებდნენ თავშეყრას, მაგრამ, რუსეთის მთავრობის ბრძანებით, მათ პოლიციამ და კაზაკებმა შეუტიეს. ზოგი დემონსტრანტი დაიჭრა, ორი მათგანი გარდაიცვალა. გურჯიევი მოგვითხრობს, რომ 1904 წელს ის შემთხვევით დაიჭრა ბრმა ტყვიით ჭიათურის გვირაბთან, გურულებსა და კაზაკებს შორის ამტყდარი სროლის დროს. იქ რა ესაქმებოდა? თანაც, ჭიათურა ხომ გურიაში არ არის. ამ ამბის დასასრული უფრო საკვირველია: გურჯიევს ორი ხევსური დაეხმარა, რომლებმაც ის ჯორებით მიიყვანეს გამოქვაბულში, სადაც გურჯიევმა ათობით მუმიფიცირებული ხევსური ნახა. მისი აღწერის მიხედვით, შეგვიძლია, დავადგინოთ, რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული „ანატორის აკლდამები“, მდებარე ხევსურეთში, კავკასიონის მაღალ მთებში. გამოჯანმრთელებისთანავე გურჯიევმა იქიდან გაცლა იჩქარა, ვინაიდან იქ დაყოვნება მისთვის საშიში იყო, მაგრამ გურჯიევი ნათლად არ გვეუბნება, კაზაკების ეშინოდა თუ რევოლუციონერების. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ის როგორღაც დაკავშირებული იყო სტალინთან.

– როგორც ცნობილია, მან თავისი ცნობილი „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“ სწორედ თბილისში გახსნა.

– თავისი მისტიკურ-რელიგიური სალონი გურჯიევმა პირველად 1912 წელს მოსკოვში ჩამოაყალიბა, მას „კავკასიელ სასწაულმოქმედს“ უწოდებდნენ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ის თავის მოწაფეებთან ერთად ჯერ ესენტუკში ჩადის, სადაც მათ ალექსანდროპოლიდან წამოსული ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. საბოლოოდ ამ ჯგუფმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩამოსვლა მოახერხა და სწორედ აქ გახსნა მან თავისი „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“. საისტორიო არქივში ინახება ჟანა ზალცმან-მატინიონის, მედიცინის დოქტორ შერნვალის, პროფესორ ჰარტმანისა და სახელმწიფო თეატრის მხატვრის – ზალცმანის თხოვნა, მიმართული განათლების მინისტრისადმი, რომლებიც ითხოვდნენ თბილისში გურჯიევის სისტემით ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის გახსნის უფლებას. იქვე იყო აღნიშნული, რომ ბატონი გურჯიევი დათანხმდა ინსტიტუტის ხელმძღვანელობაზე. ინსტიტუტი 1919 წლის მიწურულს გაიხსნა. ის მდებარეობდა ნიკოლოზის ქუჩა ¹22-ში (დღევანდელი მისამართია ივანე ჯავახიშვილის ქუჩა ¹22). კარგი იქნება, თუ იქ მემორიალური დაფა განთავსდება. გურჯიევი ლექციებს კითხულობდა რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების საკითხებზე ეზოთერიზმის კუთხით. მთავარი ყურადღება ექცეოდა სისტემებს, რომლებიც სწავლობდნენ ადამიანს, ისევე, როგორც ზეკაცის ცნებებს აღმოსავლურ სწავლებებში. 1919 წლის ზაფხულში სახელმწიფო-საოპერო თეატრში გურჯიევმა ჟანა ზალმაცმან-მატინიონთან თანამშრომლობით დადგა სცენები თავისი ბალეტიდან „ჯადოქართა ბრძოლა“ და მისტერიიდან „გადასახლება“. როგორც ცნობილია, გურჯიევმა თავისი ბალეტისთვის ლიბრეტო მოსკოვში დაწერა, მუსიკა კი თომას დე ჰარტმანმა თბილისში შექმნა, მაგრამ მე ჩვენს არქივებსა და მუზეუმებში გურჯიევის ლიბრეტოს ვერ მივაკვლიე. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ოკუპირებულ იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ, გურჯიევმა დახურა თავისი ინსტიტუტი და 1921 წელს დატოვა საქართველო, 1922 წელს კი საფრანგეთში, ფონტენებლოში, კვლავ გახსნა თავისი ინსტიტუტი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამ ინსტიტუტის თეზისები გამოსცა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ეს არის იმ დოკუმენტის ვარიანტი, რომელიც პირველად თბილისში ჩაიწერა და რომელიც დღემდე ინახება ჩვენს საისტორიო მუზეუმში. სხვათა შორის, მე ვიმყოფებოდი ფონტენებლოში, თუმცა, ექსკურსიის პროგრამაში მხოლოდ ფონტენებლოს სასახლის ნახვა შედიოდა.


скачать dle 11.3