კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იპოვეს გოდერძი მახარაშვილის როლის შემსრულებელი და რატომ წაართვეს მას მთავარი როლი „დიდოსტატის მარჯვენაში“


„ვი ნე ვიდელი მოი სინ, ტაკოი ვისოკი, კრასივი, გოდერძი, მახარაშვილი“... – ყველას ახსოვს გიორგი მახარაშვილის სიტყვები ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“.

ეპიზოდურ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავ როლში, ფინალურ კადრში, რამდენიმე წუთით ჩნდება მომაკვდავი გოდერძი მახარაშვილი, რომლის როლშიც რეზო ჩხეიძემ თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი, საკმაოდ სიმპათიური ბიჭი, გიორგი კობახიძე ათამაშა. მას ახლობლები და მეგობრები „გიჟუას“ ეძახდნენ. ის სამი წლის წინ, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამიტომ მის როლზე თუ კადრმიღმა ცხოვრებაზე მისი ოჯახის წევრებმა ისაუბრეს.


– ბატონო ვიტალი, მოგვიყევით, როგორ მოხვდა თქვენი ძმა ფილმში „ჯარისკაცის მამა“?

– გია თეატრალურში სამსახიობოზე სწავლობდა, მეორე კურსზე იყო, რეზო ჩხეიძემ რომ აიყვანა ამ ფილმზე. ბევრი სინჯი ჰქონდა, რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა კანდიდატურებიც, მაგრამ ბოლოს გიას უთხრეს, ნუ ნერვიულობ, დამტკიცებული ხარ ამ როლზეო. ეს მისი პირველი ფილმი იყო, მაშინ 23 წლის გახლდათ. ფილმს რუსეთში იღებდნენ და, ცხადია, გიაც იქ იყო. თუმცა, ვინაიდან ეპიზოდური როლი ჰქონდა, დიდხანს არ დაუკავებიათ. ყველამ კარგად იცით, სერგო ზაქარიაძე როგორი მსახიობიც იყო და როგორ თამაშობს ფილმში. გიას არ უყვარდა ლაპარაკი, მაგრამ, მახსოვს, თქვა: ისეთი განცდები ჰქონდა ზაქარიაძეს, ხელს რომ მკიდებდა, ვიმუხტებოდი, თითქოს ჩემზე გადმოდიოდა მთელი მისი ნიჭიო.

– როგორც ვიცი, ამ ფილმის შემდეგ გია ინსტიტუტიდან გარიცხეს. რატომ?

– ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ გიას განსაკუთრებულად ჰქონდა სამშობლოს სიყვარული. ვინმეს ოდნავ, რომ ეთქვა რამე გადაკრულად, ვერ ითმენდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. კობახიძეები ცოტა ვერ ვართ დალაგებული ხალხი, არავის არაფერს ვპატიობთ. ერთხელ გია ვიღაცეებმა გააბრაზეს და ჩხუბი მოუვიდა. ამის გამო მეორე კურსიდან გარიცხეს. ლექტორიც რომ ყოფილიყო, არ დაუთმობდა. მერე მე და დედაჩემი შევედით რექტორთან. აკაკი ფაღავამ რომ დამინახა, თქვა: კაცო, ერთი კობახიძე მოვიშორე და ახლა მეორე მოვიდა? ეს ინსტიტუტი ჭკვიანმა ხალხმა დაამთავრა და თქვენ რამ გადაგრიათო. გიას არ უყვარდა პირფერობა, აფერისტობა. გულში, ალბათ, ბევრ რამეს განიცდიდა, მაგრამ არაფერზე ლაპარაკობდა. ძალიან გულჩათხრობილი და თავმდაბალი ადამიანი იყო. კაცს რომ სცემდა, მერე ძალიან განიცდიდა. ამბობდა: ხომ ვიცოდი, რომ მოვერეოდი, რატომ გავაკეთეო.

– „გიჟუას“ ამიტომ ეძახდნენ?

– დიახ, თუმცა მე მასზე უარესი დამრტყმელი ვიყავი. მახსოვს, უკვე დამტკიცებული იყო როლზე და წასვლას აპირებდა, რომ თორმეტი კაცი ვცემეთ მე და გიამ. სოფელში ვიყავით, მგონი, ვიღაცის ქორწილში. თორმეტივემ გვიჩივლა. წაგვიყვანეს მილიციაში. მაშინ გერმანე გიორგაძე გახლდათ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი. ის და ჩემი ბიძაშვილი, მწერალი გივი მაღლაკელიძე ჩამოვიდნენ, ჩემი ძმა გამოიყვანეს და მაშინვე გაუშვეს რუსეთში გადაღებებზე, მე კი დამტოვეს. მერე გიგა ლორთქიფანიძე, მედეა ჯაფარიძე, ქეთინო კიკნაძე ჩამოვიდნენ და გამომიყვანეს.

გიგამ წაიყვანა ფილმზე „წიგნი ფიცისა“. გიას ყველა პატივს სცემდა. როცა თავისუფალი დღე იყო, რესტორანში იჯდა მეორე რეჟისორთან, ოპერატორებთან, მსახიობებთან ერთად. გაგიჟდა გიგა – ხალხი გამილოთაო. ამის გამო შეკამათდნენ, გიამაც მიატოვა გადაღება და წამოვიდა. ვეჩხუბე: წადი, როგორ შეიძლება, ნახევარ ფილმში გადაღებული ხარ, თავიდან ხომ არ დაიწყებს კაცი გადაღებას-მეთქი. არ წავიდა. მერე გიგამ „დათა თუთაშხია“ რომ გადაიღო, მითხრა: არ გეწყინოს, ვიტალი, ვერ წავიყვანე, იმიტომ რომ, იქ იმდენი ხალხი იყო, ისევ ნერვებს ამიშლიდაო.

გრიგოლ ტაბლიაშვილმა „დიდოსტატის მარჯვენაში“ ეპიზოდური როლი მისცა, თუმცა თავიდან, არსაკიძის როლში უნდოდა, გადაეღო, მაგრამ იქ მერე რაღაც მოხდა და ტაბლიაშვილი აიძულეს, სხვა აეყვანა. ბოლოს თენგიზ არჩვაძეს მისცა ის როლი. მიუხედავად იმისა, რომ თენგიზი და გია მეგობრები იყვნენ, გიამ მიატოვა გადაღებები და წამოვიდა, უარი თქვა ეპიზოდურ როლზე.

– ამბობენ, გია კობახიძე მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლ „ოთარაანთ ქვრივში“ გიორგის როლში განუმეორებელი იყოო.

– ერთ დღეს ტაბლიაშვილმა დააგვიანა რეპეტიციაზე. ჩემმა პედაგოგმა და მთავარმა რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა, მითხრა: სანამ ტაბლიაშვილი მოვა, ჩადი და რეპეტიცია დაიწყეო. შევედი დარბაზში. ვხედავ, ჩემი ძმა და ვერიკო სხედან – დედა-შვილის სცენას გადიან. რომ დამინახა, გაჩერდა, ვერაფრით ვეღარ გააგრძელა, იუხერხულა. გადი, ჩვენ თვითონ გავივლით რეპეტიციასო, – მითხრა. მერე ჩუმად ვუყურებდი.

– მისი ცხოვრებიდან რას გაიხსენებდით?

– ერთხელ, თეატრიდან გამოვედი, გიას კინოსტუდიაში უნდა შევხვედროდი. ამ დროს ვხედავ, ზურა ქაფიანიძე და გიაც გამოვიდნენ თეატრიდან, ცოტა ხანში მათ მსახიობი ვანიჩკა საყვარელიძე გამოჰყვა. ვანიჩკამ ერთად რომ დაგვინახა, გადაირია – კარგი ღვინო მაქვს ოცდაორლიტრიანში და ჩემთან წავიდეთო. სხვათა შორის, კარგი მონადირე იყო და მეც, როგორც მოყვარული მონადირე, ხშირად მივდიოდი მასთან სახლში, მაგრამ სიდედრი ჰყავდა ისეთი საშინელება, იქ შესვლას ყველაფერი მერჩივნა. შენს სიდედრს საღორეში თუ დაამწყვდევ, ამოვალთ-მეთქი. მარჯანიშვილზე ერთი, სამუჟუჟე იყო და თქვა: კარგი, იქ მიდით და მე ღვინოს წამოვიღებო. დავსხედით და მივირთმევთ ვანიჩკას ღვინოს. ე ბიჭო, ხომ ხედავ, არ გვეყო და წადი, კიდევ ჩამოიტანეო, – ვუთხარით. წავიდა და კიდევ ათლიტრიანი ჩამოიტანა, მაინც არ გვეყო. გვინდოდა გვეთქვა, კიდევ მოიტანეო, გავიხედეთ და – სადღაა შენი ვანიჩკა! – ეტყობა, იფიქრა, ვინ არიან ეს გიჟებიო და გაიპარა.

თამუნა (გია კობახიძის ქალიშვილი):

– მართალია, „ჯარისკაცის მამა“ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ფილმია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ფილმებში „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, ძალიან საინტერესო იყო დოკუმენტურ ფილმშიც „სულხან-საბა“. ინსტიტუტის შემდეგ ორი წელიწადი იყო მარჯანიშვილის თეატრში და ტაბლიაშვილმა „ოთარაანთ ქვრივში“ ათამაშა. შემდეგ იყო რუსთაველის თეატრი. ხუთასამდე ფილმი აქვს გახმოვანებული საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მერე, მისი პროფესია გამოუყენებელი რომ გახდა, ქვეყანა აირია და ფილმების გადაღება შეწყდა, იჯდა და ლექსებს წერდა. არ იყო ისეთი კაცი, ადვილად რომ იცვლიან პროფესიას და ვაჭრობაში გადადიან.

– თქვენთან თუ ლაპარაკობდა რამეზე?

– სულ იმას ამბობდა, ბედნიერი კაცი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ასეთ ძვირფას ხალხთან მქონდა საქმეო, იხსენებდა გადაღებებს. „ჯარისკაცის მამის“ გადაღების დროს რეზო მიხსნიდა – რომ კვდები, თვალები არ დახუჭო, ასე ბევრად შთამბეჭდავი იქნებაო. ბოლოს რომ ამბობს: „მამი“... – სულ მგონია, რომ ის მამაჩემის ხმა არ არის, დადებულია, იმიტომ რომ, მამას ცოტა დაბალი ტემბრი ჰქონდა. შეიძლება, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და სხვანაირი ხმა ჰქონდა. თუმცა, რომ ვკითხე, რატომ უძახი რაღაცნაირი ხმით-მეთქი, მიპასუხა: ამ ხმაში ერთად უნდა გადმომეცა სიხარულიც, სევდაც, ტკივილიც, რომ მამას სიკვდილის წინ მაინც შევხვდიო. ერთხელ, ერთ ფილმში გადაღებაზე, ცხენიდან გადმოვვარდი, და, ვხედავ, ცხენი ზედ მეცემა, უეჭველად გულ-მკერდს ჩამინგრევს. უცებ ცხენმა ფეხები გაშალა, რომ არ დამცემოდა და დაიმტვრა. რამდენი ადამიანი არ დაგინდობს და, ცხენმა რა გააკეთა, არასოდეს დამავიწყდებაო. მსახიობი იყო, მაგრამ ცხოვრებაში არ შეეძლო თამაში. რასაც შინაგანად არ ეთანხმებოდა, იმას არ გააკეთებდა არაფრის გამო. ამის გამო ზოგჯერ გაბრაზებულს მითქვამს კიდეც, რანაირი მსახიობი ხარ-მეთქი. არის რაღაცეები, რაზეც თვალი უნდა დახუჭო ან ხმამაღლა არ უნდა გამოხატო შენი დამოკიდებულება.

ზვიადი (გია კობახიძის სიძე): მიმაჩნია, რომ ტრაგიკული პიროვნება იყო. ეს ადამიანი სხვა დროში მოხვდა, სადაც თავისი ნიჭის გამოვლენა ვერ შეძლო. ტრაგიკულად წავიდა ამ ქვეყნიდან, რაღაცას განიცდიდა, ნერვიულობდა. ამპარტავნობა კი არ ჰქონდა, უბრალოდ, ჩაკეტილ სივრცეში იყო და ამას ვერ ეგუებოდა. ისე წავიდა, არავისზე ცუდი არ უთქვამს. ღრმა ადამიანი იყო. ერთ-ერთი გადაღებიდან და გაოცებული დაბრუნდა – ჩემი თვალით ვნახე, როგორ გახლიჩა შუაზე მეხმა მუხაო. როცა ამ ოჯახში შემოვედი, ხომ ვიცოდი, რომ „ჯარისკაცის მამაში“ თამაშობდა, ერთი სურათი ვერ ვნახე კედელზე ჩამოკიდებული ან სადმე დადებული, იმდენად თავმდაბალი ადამიანი იყო, თუმცა, თავისი გარეგნობიდან და საუბრიდან გამომდინარე, სხვანაირი ჩანდა.


скачать dle 11.3