კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშიშროებას გვიქადის უხარისხოდ აშენებული სახლები


იმის გათვალისწინებით, რომ კავკასიის რეგიონი სეისმურად აქტიურ ზონას მიეკუთვნება, მიწისძვრების ალბათობაც გაცილებით დიდია, მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიძგები საკმაოდ გახშირდა. მოგვარებულია თუ არა ჩვენი შენობა-ნაგებობების მდგრადობის საკითხი და რამდენბალიან მიწისძვრას გაუძლებს თბილისი, ამის შესახებ გვესაუბრება ასოციაცია – „საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს“ თავმჯდომარე, ბატონი ანზორ საკანდელიძე.


ანზორ საკანდელიძე: მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი თბილისი, დგას ორი დიდი საშიშროების წინაშე, ამიტომაც, მის აღმოსაფხვრელად აუცილებლად უნდა ამუშავდეს სეისმოუსაფრთხოებისა და სამშენებლო-სარემონტო მასალებისგან ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია. ყველაფერი იქნება გაწერილი, თუ რა მდგომარეობაა მშენებლობის მხრივ, რა პრაქტიკა არსებობს უცხოეთის ქვეყნებში და ჩვენ რამდენად ვართ ჩამორჩენილები მათთან შედარებით. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პრობლემის მიმართ აბსოლუტურ ინერტულობას ვიჩენთ, რაც, საბოლოოდ, აუცილებლად მიგვიყვანს კატასტროფამდე.

– რას გულისხმობთ, ბატონო ანზორ?

– რაღაც განგების ძალით, ჩვენ მივდივართ თვითმკვლელობამდე, თუ ასეთი უდარდელობა შენარჩუნდა ხელისუფლების მხრიდან, როცა განუკითხაობაა და ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული, მალე სახლები თავზე დაგვენგრევა. ამას წინათ ერთი კაცი იყო უკრაინიდან ჩამოსული და, აქაური შენობები რომ დაათვალიერა, გაოგნებული დარჩა. მართლაც წარმოუდგენელია ამდენი დაუმთავრებელი შენობის არსებობა, თანაც, რა სტადიაშია გაჩერებული თითოეული მათგანი, კაცმა არ იცის, რადგან არავითარი საკონსერვაციო სამუშაოები არაა ჩატარებული. შენობების ასე ხანგრძლივი დროით გაჩერება არ შეიძლება, ვიდრე მას საკონსერვაციო სამუშაოს არ ჩაუტარებ და არ მიიყვან იმ დონემდე, სანამ მისი მდგრადობა არ იქნება შენარჩუნებული, თორემ, ის ნელ-ნელა დაინგრევა. ახლახან ქარმა რომ ჩამოანგრია ერთი კედელი, ზუსტად იმის ბრალი იყო, რომ ელემენტარული საკონსერვაციო სამუშაოები არ ჰქონდა ჩატარებული.

– იქნებ, განმარტოთ, რას ითვალისწინებს საკონსერვაციო სამუშაოს ჩატარება?

– მაგალითად, როცა მშენებლობას აჩერებ გარკვეული დროის განმავლობაში, აუცილებელია კონსერვაციის ჩატარება, რომ შემდეგ საექსპლუატაციოდ მისი განახლება მოხდეს, რომ შენობა არ გამოვიდეს მწყობრიდან. საუბედუროდ, ისეა შენობები მწყობრიდან გამოსული, რომ ვერ წარმოიდგენთ. თუ მასზე არაა ხსენებული სამუშაოები ჩატარებული, მისი პარამეტრები მცირდება, უარესდება შენობის სიმტკიცე, მდგრადობა, სეისმომაჩვენებელი. ხსენებული სამუშაოების ჩასატარებლად თანხებია საჭირო, ამიტომაც, ეკონომიის მიზნით, თავს ზედმეტად არავინ იწუხებს, რითაც საკუთარ სიცოცხლეს ვიგდებთ დიდი საფრთხის ქვეშ.

– ბატონო ანზორ, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, აქამდე აშენებული შენობები გათვლილი იყო 8-ბალიან მიწისძვრაზე, ახლად აშენებულმა შენობებმა კი 9-ბალიან მიწისძვრას უნდა გაუძლოს. ეს ხომ არ მოხდა გახშირებული მიწისძვრების გამო?

– 2010 წლის 1 იანვრიდან თბილისში დაკანონდა 8-ბალიანი მშენებლობა. ადრე თბილისის სახლები გათვლილი იყო 7-ბალიან მიწისძვრაზე, მერე, 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ, გადავიდა 8-ბალიან მშენებლობაზე. ახლა კანონი გავალდებულებს, რომ ააშენო 8-ბალიანი შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში ამოჰყოფ თავს. ეს ნორმები იმიტომ გამკაცრდა, რომ თბილისში სავსებით დასაშვებია 8-ბალიანი მიწისძვრა, რადგან მიწისძვრები მსოფლიოშიც გახშირდა, ჩვენ კი ვიმყოფებით სეისმურად აქტიურ ზონაში. მიწისძვრის შემთხვევაში, ჩვენ არაფრით მზად არ ვართ. ღმერთმა არ ქნას და, თბილისში 8-ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, წარმომიდგენია, რა უბედურება დატრიალდება, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრა მონაგონი გახდება. ცალსახად შემიძლია, განვაცხადო, რომ მრავალსართულიანი შენობები, ანუ, ისეთები, რომლებმაც, წესით, 8-ბალიან მიწისძვრას უნდა გაუძლონ, თბილისში ჯერ არ აშენებულა. ამგვარი შენობები ნახევრად ამორტიზებულია, მათი მდგრადობაც შემცირებული, ბალიანობა კი, შესაბამისად, მომატებული კი არა, დაკლებული იქნება. 1991 წლიდან უნდა აშენებულიყო 8-ბალიანი შენობა, მაგრამ ასე არ მომხდარა. ადრე, კომუნისტების დროს, შერჩევით მაინც ამოწმებდნენ ამორტიზებულ სახლებს და უკვეთდნენ სამშენებლო კომპანიებს მის შემოწმებას, ახლა კი მსგავსი რამ არ ხდება. 1991 წლიდან დღემდე არავის მოუთხოვია ჩემი სამსახურისთვის, შეგვემოწმებინა ესა თუ ის შენობა. მათ იმის ეშინიათ, არ გაირკვეს, რომ კონკრეტული შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ადრე, მშენებლობის დაწყებამდე, მის არქიტექტურაზე მთელი ჯგუფი მუშაობდა, ახლა კი სულ რამდენიმე კაცია ამ საქმით დაკავებული, არ ხდება კონტროლი, თავად ჭრიან და კერავენ როგორც უნდათ და იმიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად.

– ანუ, გინდათ, თქვათ, რომ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური თავის ფუნქციას არ ასრულებს?

– აბსოლუტურად აღარ ასრულებს თავის მოვალეობას ეს სამსახური, რომლის გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში მშენებლობა. წესით, მან უნდა გაარკვიოს, როგორი სამშენებლო მასალით შენდება სახლები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ აქტიურად იყენებენ მშენებლები დაჟანგულ არმატურას, რომელსაც დროთა განმავლობაში ჟანგი უფრო ეკიდება და იშლება, ხდება მისი ზომაში შემცირება, თხელდება და, 20-მილიმეტრიანი არმატურა ჯერ 10-12-მილიმეტრიანი ხდება, მერე კი საერთოდ ქრება. ამგვარი არმატურით აშენებული სახლები 10-15 წელიწადში ისე დაინგრევა, მიწისძვრაც აღარ დასჭირდება. იცით ალბათ, ცემენტს მშენებლობის პულსს უწოდებენ. ქართული ცემენტი მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს ხარისხიანობის ნორმებს, რასაც ვერ ვიტყვით სომხურზე, რომელიც თავისი შემადგენლობით მომწამვლელია, რეაქციაში შედის ჟანგიან არმატურასთან და კოროზიას იწვევს. თურქული ცემენტი კი გაცილებით უფრო საშიშია. ეს ცემენტი რუსეთმა და ბულგარეთმა თავიანთი ქვეყნებიდან გამოაძევა, რადგან, მასში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევები აღმოჩნდა, ამიტომაც აკრძალეს მისი გამოყენება. საბჭოთა კავშირის დროსაც კი აკრძალული იყო ამგვარი უხარისხო ცემენტის გამოყენება, სამაგიეროდ, ახლა ასაღებენ ჩვენზე. რაც შეეხება ეკოლოგიურ მდგომარეობას, აქაც კატასტროფაა. სამშენებლო-სარემონტო მასალები, როგორც ჩანს, საბაჟოს გვერდის ავლით შემოდის, აბსოლუტურად არ ხდება მისი შემოწმება, აპარატურაც კი არ აქვთ, რომ შემოწმდეს რადიაციაზე, ტოქსიკურ გამონაბოლქვზე. მსგავსი განუკითხაობა გვაიძულებს, რომ ჩვენი ასოციაცია გააქტიურდეს და, ფინანსური სახსრების მოპოვების შემდეგ, საქართველოშიც დავნერგოთ ბინების შემოწმება ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ, ნებსით თუ უნებლით, მომავალ თაობას, შვილებს, შვილიშვილებს, ვაცხოვრებთ მომწამვლელ ეკოლოგიურ გარემოში, რომელიც იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, მწვავე ალერგიებს, ლეიკოზების მომატებას, სისხლის გათეთრებას. დროთა განმავლობაში მომწამვლავი აირები, გამონაბოლქვი იმატებს, რაც შენობაშია დაგროვილი, იმას ვსუნთქავთ და ეს იწვევს თეთრ სიკვდილს. საუბედუროდ, მთელი საქართველო ამ დღეში ვართ და კაციშვილი არაა შემმოწმებელი. ახლახან მოსკოვში ოცდახუთსართულიანი ხუთი შენობა დაანგრიეს, იმის გამო, რომ მისი ეკოლოგიური ნორმები არ იყო დაცული, თორემ, მდგრადობით გამართული იყო.

– საშუალოდ, შენობას რამდენ ხანს აქვს ექსპლუატაციის ვადა?

– ეს ინდივიდუალური საკითხია, ყველა შენობის ნორმატიული გამძლეობა დროის სხვადასხვა ხანგრძლივობას მოიცავს. როგორც წესი, რკინა-ბეტონს უნდა ჰქონდეს 10-წლიანი ნორმატიული ხარჯთგამძლეობა. სხვათა შორის, როცა კაცი ყიდულობს ბინას, მას ხელშეკრულებაში უნდა ჩაუწერონ, რამდენწლიანი იქნება ბინის, სახლის ხარჯთგამძლეობა.

– ახალ მშენებლობებს, რომლებიც ქალაქში მასობრივად მიმდინარეობს, გარეგნულად მართლაც კარგი იერსახე აქვს. სანდო თუა მათი მდგრადობის ხარისხი?

– როცა მოსახლეობა ძველი სახლებიდან ახლებში მიჰყავთ, ეს, შეიძლება, წამახალისებელიც იყოს მათთვის, თუმცა, მე ამ სახლებს დავარქვი „თბილისის, კორპუსები, რომლებიც ზეზეულად კვდებიან“, რადგან, არ ხდება მათი ვარგისიანობის შემოწმება. სანამ მერია შეიყვანს იმ ხალხს ახალ საცხოვრებელ კორპუსში, მანამდე ხომ უნდა შეამოწმოს? ჯერ პროექტი უნდა ინახოს და მისი ექსპერტიზა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განუკითხაობით, ჩვენ თვითმკვლელობას ვუწყობთ ხელს. ყველა პრობლემას დროულად უნდა მიხედვა, თორემ, თუ მოხდა მიწისძვრა და დაგვენგრა თავზე სახლ-კარი, მერე ჩვენი შველა გვიანი იქნება!


скачать dle 11.3